ქართული თეატრის ელექტრონული არქივის „შემოქმედებითი საქართველოს“ და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა ქართული თეატრების კვლევა, რომელიც 2018-2020 წლების პერიოდს მოიცავს.
კვლევის მიზანია აჩვენოს ქართული თეატრების შემოქმედებითი ინდუსტრიების კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალის, არსებული მდგომარეობის, რესურსებისა და გამოწვევების შესწავლა შავი ზღვის აუზის სათეატრო ქალაქების მაგალითზე.
- განსხვავებები რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მაგალითზე
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების თეატრების მოდელი, ფაქტობრივად, თანამედროვე ქართული თეატრის მართვის მოდელის იდენტურია, „რასაც ვერ ვტყვით, მაგალითად, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მაგალითზე, რადგან სტამბოლის, ტრაპიზონის, ვარნის, ბურგასისა და კონტანცის თეატრები და სათეატრო ფესტივალები მძლავრი შემოქმედებითი ინდუსტრიები არიან, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თეატრების დიდი უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თითოეული შემოქმედებითი ინდუსტრია ცდილობს მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვას. შემუშავებული აქვთ გარკვეული პოლიტიკა, რომელიც თეატრს და ფესტივალს აქცევს არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ კომერციულ ინსტიტუტად, რომელიც ერთდროულად ემსახურება ტურიზმის, სულიერი კულტურის, ფასეულობებისა და ღირებულებების განვითარებას, საზოგადოებრივი აზრის შექმნას და ცნობიერების ამაღლებას,“- ნათქვამია კვლევაში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ უცხოური თეატრები, მათ შორის, საოპეროც, ორიენტირებულნი არიან ფართო სპექტრის მაყურებლის მოზიდვაზე, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი მოზარდებს უკავია.
„ერთი მხრივ, მოზარდებისთვის შექმნილი პროდუქტი კარგად იყიდება, ხოლო მეორე მხრივ, საბავშვო რეპერტუარი მომავალში მაყურებლის სტაბილურობის გარანტიაა. თეატრები ამ გზით ახერხებენ მაყურებლის მუდმივად შენარჩუნებას. გარდა ამისა, უცხოურ თეატრებს აქვთ შემოსვლის წყაროების გაზრდის ისეთი პრაქტიკული საშუალებები დანერგილი, რაც ქართული თეატრისთვის თითქმის უცხოა,“- წერია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და ქალაქების თეატრები მულტიფუნქციური და მრავალმიმართულებიანი ინდუსტრიები არიან. ბილეთებისა და არენდის გაქირავების გარდა ისინი მაყურებელს სთავაზობენ სხვადასხვა სერვისს, მათ შორის – მუზეუმს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ფოიეს ღონისძიებებისთვის, კოსტიუმების გაქირავების სერვისს, ყვავილებისა და წიგნების მაღაზიებს, რესტორნებისა და კაფეების ფართო სპექტრს, სივრცეს კერძო სადღესასწაულო და საჯარო კულტურული ღონისძიებებისთვის. შავი ზღვის აუზის ქვეყნებში თეატრები მრავალფუნქციური ინდუსტრიაა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ თეატრებზე.
კვლევა შეეხო თეატრების რეპერტუარსაც, სადაც ნათქვამია, რომ „ფოთისა და ბათუმის თეატრების რეპერტუარი არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით“, რაც გულისხმობს სხვადასხვა ფორმის, სახეობის პროდუქტის შექმნას, რომელიც გათვლილი იქნება მიზნობრივი აუდიტორიისთვის. „მიზნობრივი აუდიტორია კი არის: ბავშვები, მოზარდები, ტურისტები, ადგილობრივი მაყურებელი“.
ბათუმისა და ფოთის თეატრები საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობენ საერთაშორისო ფესტივალებთან, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე პრობლემები აქვთ რადგან, „გაყიდული ბილეთების და დამსწრე მაყურებლის რაოდენობა დარბაზების 30%-ს ვერ ფარავს. ამის მიზეზი, როგორც ირკვევა, პროდუქტის ერთფეროვნებაცაა“.
- თეატრი და სახელმწიფო პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ აჭარის განათლებისა და კულტურის საინისტროს გააჩნია გარკვეული პოლიტიკა და სტრატეგია, კვლევამ აჩვენა, რომ ეს მაინც არ არის საკმარისი საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებისთვის.
კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი მიღებული აქვს ბათუმის მერიასაც, რომელიც 2019-2021 წლებზეა გაწერილი,
„თუმცა 2018-2020 წლებში მერიამ მხოლოდ 3 პროექტი დააფინანსა მიზერული თანხით. ეს ფაქტი, დაფინანსების პოლიტიკა, მიუთითებს კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის ფორმალურ მნიშვნელობაზე, ვინაიდან სტრატეგიის დოკუმენტში გაწერილი მიზნები სათეატრო ხელოვნების მიმართულებით შესრულებული არ არის,“- ნათქვამია კვლევაში.
ამავე კვლევაში საუბარია იმაზე, რომ ბათუმისგან განსხვავებით, მაგალითად, ფოთის მერიას ფორმალურადაც კი არ აქვს სტრატეგიის დოკუმენტი მიღებული და სათეატრო ხელოვნების მიმართულებით მხოლოდ ერთ პროექტს – რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს აფინანსებს.
კვლევამ აჩვენა, რომ სათეატრო ფესტივალები არ არიან ორიენტირებული კომერციალიზაციაზე, რადგან დასწრება ყველა ფესტივალზე თავისუფალია:
„სამაგიეროდ, წარმატება შეინიშნება ინტერნაციონალიზაციაში, ვინაიდან იზრდება ფესტივალებში ჩართული უცხოური დასების რიცხვი, თუმცა ინტერნაციონალიზაციის პროცესი პირდაპირ კავშირშია ფესტივალის ბიუჯეტთან“.
ფესტივალების დაფინანსების კლებასთან ერთად იკლებს უცხოური დასების მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში:
„ეს ტენდენცია რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ინტერნაციონალიზაციის პროცესში შეინიშნება, რასაც ვერ ვიტყვით ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის შემთხვევაში, რადგანაც 2018-2019 წლებში ფესტივალის საერთო ბიუჯეტი 40 000 ლარს შეადგენდა და მასში 4 უცხოელი მონაწილეობდა, ხოლო 2020 წელს, როცა ფესტივალის ბიუჯეტი ფაქტობრივად განახევრდა, მონაწილე უცხოელი არტისტების რიცხვი 2-ჯერ გაიზარდა.
ვფიქრობთ, ამის მიზეზი პანდემიაა, რომელმაც დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანა შემოქმედებითი ინდუსტრიები, საშუალება მისცა ფესტივალს მინიმალური ფინანსური რესურსით მეტი უცხოელის ჩასართავად ფესტივალში“.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018-2020 წლებში შავიზღვისპირა ქალაქების თეატრების დაფინანსება აჭარის რეგიონის მაგალითზე ცვალებადია. ამ წლებში ბათუმის დრამატული თეატრის ბიუჯეტში მატებაა ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსებისა და ჩატარების ხარჯზე, ხოლო 2020 წელს – კლება, რაც პანდემიით არის გამოწვეული. „ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაგალითზე კი აღნიშნულ წლებში სამინისტროს მიერ თეატრის დაფინანსება იკლებს.
იგივე ტენდენცია იკვეთება ფოთის დრამატული თეატრის მაგალითზეც.
შავიზღვისპირა სამ თეატრს შორის ფოთის დრამატული თეატრი ლიდერია ადგილობრივ გრანტების მობილიზებაში. 2018-2020 წლებში ფოთის დრამატულმა თეატრმა 85 000 ლარის მოპოვება შეძლო ადგილობრივი გრანტების სახით, ბათუმის ორივე თეატრის მიერ მოპოვებული გრანტების ციფრი კი 0.00 ლარია.“
- გასტროლები და საერთაშორისო ურთიერთობები უცხოეთში
კვლევის მიხედვით, ფოთისა და ბათუმის დრამატული თეატრები ამ მხრივ ლიდერები არიან, ვინაიდან ფოთის თეატრმა 2018-2020 წლებში 17 საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა (მათ შორის, 11 – უცხოეთში, ხოლო 6 – საქართველოში), ბათუმის დრამატულმა თეატრმა 2018-2020 წლებში მონაწილეობა მიიღო 8 საერთაშორისო ფესტივალში, მათგან 3 უცხოეთში, ხოლო 5 – საქართველოში. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრმა კი ბოლო 3 წლის განმავლობაში 3 საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათგან ორი ადგილობრივი ფესტივალია, ხოლო 1 უცხოური (უკრაინა).
ქართული თეატრების კვლევის პროექტში ჩართული იყვნენ საერთაშორისო კონსულტანტები ბრიტანეთიდან: ტომ ფლემინგი და თრეისი გრეგორი, მათთან თანამშრომლობით მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი. „საერთაშორისო გამოცდილება და ექსპერტთა მოსაზრებები გახდება ერთგვარი მეგზური არა მხოლოდ ფოთისა და ბათუმის, არამედ ზოგადად საქართველოში არსებული საშემსრულებლო ხელოვნების სექტორისთვის,“- ნათქვამია დასკვნაში.
კვლევაში მონაწილეობდა შავიზღვისპირა ქალაქების თეატრები: ბათუმის დრამატული; თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა, ასევე ფოთის დრამატული თეატრები. კვლევის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო შავი ზღვის აუზის სათეატრო ქალაქების მაგალითზე თეატრების გამოცდილების გაცნობა.
_________________
ფოტოზე: ბათუმის დრამატული თეატრი