საგადასახადო შე­თან­ხმე­ბაზე შემოსავლების სამსახურს ელექტრონულადაც მიმართავთ

სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ობ­ა­ზე გა­და­სა­ხა­დის გადამხდელს შეუძლია შემოსავლების სამსახურს მიმართოს როგორც წე­რი­ლო­ბი­თი, ასევე ელექტრონული ფორმითაც.

შესაბამისი ცვლილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში მთავრობამ 2021 წლის 7 ივნისს შეიტანა.

დადგენილების მიხედვით „ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“

ახალი დადგენილება 2021 წლის 8 ივნისიდან ამოქმედდა, თუმცა, ამავე დადგენილებით, მის ამოქმედებამდე ანუ 8 ივნისამდე „გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადება საგადასა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბის გაფორ­მე­ბის თა­ობ­ა­ზე ჩაითვლება კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილად“.


გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც დავალიანებაზე ერიცხებათ ჯარიმა-საურავები, შესაძლებლობა აქვთ არ გადაიხადონ ჯარიმა, თუ პირველ აგვისტომდე მიმართავენ შემოსავლების სამსახურს და გააფორმებენ შესაბამის შეთანხმებას. შეთანხმება გულისხმობს გადასახადის [ძირითადი] თანხის გადახდას 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

მეწარმეებს შეეძლოთ შემოსავლების სამსახურისთვის 18 მაისიდან მიემართათ ასეთი შეთანხმების გასაფორმებლად, თუმცა ამისთვის ისინი ფიზიკურად უნდა მისულიყვნენ შემოსავლების სამსახურში და განცხადება წერილობით უნდა წარედგინათ.

8 ივნისიდან გადამხდელებს უკვე შეუძლიათ ასეთი შეთანხმების გასაფორმებლად შემოსავლების სამსახურს განცხადება ელექტრონულად, ადგილზე მიუსვლელადაც წარუდგინონ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა -საურავები.

8 ივნისის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 1404 განაცხადი დარეგისტრირდა.

„ინიციატივა შეეხება ყველა გადასახადის გადამხდელს, მათ შორის იმ გადამხდელებსაც, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროსა და  სასამართლოს სისტემაში. საგადასახადო შეთანხმების განცხადების დაკმაყოფილება ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 

თუ კოვიდი მაქვს და არ ვიცი, საშიშია თუ არა აცრა? – ექიმის განმარტება

უკვე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანებს კოვიდზე პირველი დოზით ვაქცინის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ. გაჩნდა კითხვა:

საშიშია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება მაშინ, როცა კოვიდი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია?

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ კოვიდით ინფიცირების დროს აცრა საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

„ხუთი-ექვსი შემთხვევა გვაქვს უკვე, როცა აიცრა ადამიანი და მეორე ან მესამე დღეს დაუდასტურდა კოვიდი. ეს იმას ნიშნავს, რომ აცრის დროს უკვე იყო ადამიანი ინფიცირებული, თუმცა არ იყო გამოვლენილი.

ასეთ შემთხვევაში აცრა არანაირ გართულებას არ გამოიწვევს“, – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე.

კითხვაზე, თუ კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და ამის შესახებ არ იცოდა დაავადებულმა, აცრის შემდეგ რატომ მიიჩნია ტესტირება საჭიროდ? – ჯუმბერ ბოლქვაძე პასუხობს, რომ ტესტის ჩატარების მიზეზი გახდა, მაგალითად, ის, რომ პაციენტის ახლობელს დაუდასტურდა კოვიდი და ამის გამო დაიტესტა ან მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.

სხეულის მომატებული ტემპერატურა აცრის გვერდითი მოვლენაა, შესაბამისად, მხოლოდ ეს სიმპტომი როგორ შეიძლება გახდეს ტესტირების საფუძველი?

„ამ სიმპტომებს ვერ განვასხვავებთ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ვლინდება ხველა, ტემპერატურა იწევს, ადამიანი არის კონტაქტში მყოფი სხვა ინფიცირებულთან – ასეთ დრო ხდება დატესტვა.

არც ერთი გარდაცვალება, არც ერთი გართულება არ გვქონია კოვიდის დროს ვაქცინირებულ პაციენტებში,“ – ამბობს ექიმი.

პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი აქვს გადატანილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში არ ცრიან კოვიდზე, რადგან მიიჩნევა, რომ მას ამ პერიოდში ანტისხეულები აქვს.

„ბევრს მაშინაც აქვს ანტისხეული, როცა ვაქცინას იკეთებს. კოვიდი თვითონ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ამიტომ ვაქცინაცია ხელს არაფერში უშლის და არც მის ეფექტურობას ამცირებს“, – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე.

დღეის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსზე აცრილია 178 738 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია 51 248 პირი.

ფოტოზე: ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე 

ამავე თემაზე: 

გამყრელიძე: ვემზადებით მასობრივი ვაქცინაციისთვის, იქნება ცოცხალი რიგები

 

კოვიდით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მე-13 ადგილზე ვართ მსოფლიოში – გამყრელიძე

რატომ გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა ქვეყანაში? გასული წლის დეკემბერში, მაშინ, როცა დღეში კოვიდის 4000 და მეტი ახალი შემთხვევა იყო, 50-მდე პაციენტის გარდაცვალება ფიქსირდებოდა და ახლა, როცა დღეში 1000-1500 შემთხვევა გვაქვს, დღეში 17-დან 30-მდე პაციენტის კოვიდით გარდაცვალების შემთხვევაა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ  კლინიკური ჯგუფი ამ ანალიზს  პირველივე დღეებიდან აკეთებს.

„ლეტალობის მაჩვენებელი ოდნავ მომატებულია, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა.  1.3 მეათედი პროცენტი გვქონდა საერთო მაჩვენებელი, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით არ არის მაღალი, თუ შევხედავთ ევროპის რეგიონს ან სხვა ქვეყნების მაჩვენებელს“, – ამბობს თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აღიარებს, რომ ლეტალობის მაჩვენებელი გაზრდილია ქვეყანაში, თუმცა ამავე დროს დასძენს, რომ ზოგადად მთელ მსოფლიოში გაიზარდა წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

„მსოფლიოში ბოლო 6 თვეში იმდენი ადამიანი გარდაიცვალა, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში.  თუმცა გარდაცვალების მაჩვენებლით 100 ათას ადამიანზე 36-ე ადგილზე ვართ მსოფლიოში და ყოველდღიური მაჩვენებლით – მე-13 ადგილზე. გლობალური მაჩვენებელი სიკვდილიანობის წელს 2,1-ია, ჩვენ გვაქვს 1,4 “, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

კითხვაზე, ხომ უკავშირდება სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა სამედიცინო გადაცდომებს, გამყრელიძე ამბობს, რომ ამის ანალიზიც მიმდინარეობს  ორი უწყების – დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ:

„ამ მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ არის გამოვლენილი, თუმცა კოვიდის სხვადასხვა შტამის ცირკულაციის და დაგვიანებული მიმართვიანობის გამო შესაძლოა იყოს გაზრდილი. ამას სჭირდება ჩაღრმავებული კვლევა კიდევ.“

ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდი ადამიანების გარდაცვალების მეორე მიზეზია მსოფლიოში, საქართველოში კი – მესამე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს შემდეგ.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 2021 წლის 8 ივნისამდე, საქართველოში 4951 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

გამყრელიძე: ვემზადებით მასობრივი ვაქცინაციისთვის, იქნება ცოცხალი რიგები

„ივლისიდან მივიღებთ 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზა ვაქცინას, ჩვენ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება შეგვეძლება,“ – განაცხადა დღეს, 8 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ივლისიდან ონლაინჯავშნის გარდა მოქალაქეები ცოცხალი რიგითაც შეძლებენ აცრის გაკეთებას.

„ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოეწყობა დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში 3 ან 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო.

მაგალითად, თბილისში ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ჰუალინგ ცენტრთან“ მათი ფართობების გამოყენებასთან დაკავშირებით,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, ცოცხალი რიგით აცრის შესაძლებლობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 ათასი ადამიანი იცრება ყოველდღიურად. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი დღეში 25 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

„ამისთვის ბრიგადების რაოდენობა უნდა გაიზარდოს 400-მდე. დღეს გვაქვს 250 ბრიგადა,“ – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

 

გამყრელიძე კომენდანტის საათის მოხსნაზე: დავაკვირდებით 10-14 დღე ეპიდსიტუაციას

დღეს, 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, იგეგმება თუ არა ტურისტულ სეზონზე ღამე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა.

„იყო მსჯელობა და მიღებულია გადაწყვეტილება, დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, 2 კვირა ეპიდსიტუაციას და მერე ვიმსჯელოთ რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან მოქმედებს. 17 მაისიდან გადაადგილება 23:00 საათიდანაა შეზღუდული.

თიბისის პროექტი – სტარტაპ დეკრეტი იწყება

უკვე მესამედ, თიბისი თანამშრომლებს უპრეცედენტო შესაძლებლობას სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პროექტში – სტარტაპ დეკრეტი და 6 თვიანი, სრულად ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი ბიზნესიდეის განვითარებას მოახმარონ.

პროექტში მონაწილეობის მსურველი თიბისელებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. სტარტაპ დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი ტურის შემდეგ კი, ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს სექტემბერში გამოავლენს. სტარტაპ-დეკრეტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა ტექნოლოგიური/ინოვაციური უნდა იყოს.

სტარტაპ დეკრეტის ფარგლებში, გამარჯვებული თიბისელები ბიზნესიდეის განვითარებისა და მის რეალობად ქცევისთვის, სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით ისარგებლებენ. გარდა ამისა, გამარჯვებულები ავტომატურად ჩაერთვებიან თიბისის პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

სტარტაპ დეკრეტი თიბისის ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა, როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად.

მერია კვლავ ითხოვს ცნობის მიტანას ახალი ნომრის აღებისას, თუ არა – დაჯარიმდებით

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ახალი სანომრე ნიშნის აღებისას გადახდილი პარკირების საფასური ძველ სანომრე ნიშანზე რჩება.

„შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ცნობა უნდა წარმოადგინოთ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“, რათა მოხდეს ინფორმაციის ბაზაში შეყვანა და პარკირების საფასურის გადმოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით,“ – აღნიშნულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რატომ ვერ იღებს ამ მონაცემებს მერია ავტომატურ რეჟიმში და რატომ ითხოვს მოქალაქეების ფიზიკურად მისვლას ოფისში, მით უფრო პანდემიის პირობებში? – „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესცენტრში პასუხს დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე იგი არ მიგვიღია.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციაა.

ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის 10 თებერვალს წერდა. მაშინ მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პარკირების საფასური გადახდილი ჰქონდათ, მაგრამ მაინც დააჯარიმეს სანომრე ნიშნის განახლების შემდეგ.

მოქალაქეების თქმით, მათ შსს-დან დამატებითი  ცნობის აღება დამატებით 5 ლარი დაუჯდათ, აღებული ცნობა კი, ფიზიკურად მიიტანეს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ოფისში.

თებერვალში შსს-ში გვითხრეს, რომ შესაბამისი ბაზების გაცვლის მოთხოვნით მერიას არ მიუმართავს და ბაზის გაზიარება არ არის პრობლემა, ხოლო „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განმარტეს, რომ შესაბამისი პაკეტი მზადდება.

მონაცემთა ბაზის შსს-თვის მოთხოვნის ნაცვლად, როგორც ჩანს, „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ისევ მოქალაქეებისთვის არჩია პასუხისმგებლობის დაკისრება, რომლებიც მაინც დაჯარიმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ პარკირების საფასური გადახდილი აქვთ, მაგრამ შესაბამისი ცნობა სანომრე ნიშნის განახლებაზე მერიას არ ჩააბარეს.

ოთხი დღეა აჭარაში მაშველები 2 ადამიანს ეძებენ ზღვაში

აჭარის ზღვის სანაპიროზე მაშველები ოთხი დღეა  2 ადამიანს ეძებენ.

საუბარია ორ სხვადასხვა შემთხვევაზე. მაშველები მუშაობენ ქობულეთისა და კვარიათის სანაპიროებზე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით.

აჭარაში კოვიდის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 8 ივნისი

8 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 317 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 222 ინფიცირებული.

დადასტურდა კოვიდის 1023 ახალი შემთხვევა, 17 პაციენტი გარდაიცვალა

8 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1023 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3 333 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 731 მძიმე პაციენტია.

7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.92%.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 8 ივნისის 21 საათიდან 9 ივნისის  21 საათამდე  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 10-11 ივნისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აშშ-ში დაამტკიცეს ალცჰაიმერის სამკურნალო პირველი პრეპარატი

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [FDA] ალცჰაიმერისა და სიბერით გამოწვეული დემენციის სამკურნალოდ დაამტკიცა პრეპარატი „ადუკანუმაბი“, სავაჭრო სახელწოდებით -„ადუჰელმი“.

პრეპარატი კომპანია „ბიოგენმა“ შექმნა და იგი გამოიყენება უშუალოდ ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევ მიზეზების და არა სიმპტომების სამკურნალოდ.

„ადუკანუმაბი“ ადამიანის თავის ტვინში ანადგურებს ამილოიდს, რომელიც ტვინის უჯრედებს აზიანებს და იწვევს მეხსიერებისა და აზროვნების პრობლემებს.

პრეპარატის ეფექტურობას 3482 პაციენტზე აკვირდებოდნენ.

პრეპარატი გამოიყენება 80 წელს ქვემოთ პაციენტებში, ალცჰაიმერის დაავადების საწყის სტადიაზე.

მსოფლიოში ალცჰაიმერის დაავადება აქვს ათეულობით მილიონს ადამიანს.

ალცჰაიმერის დაავადებას ახასიათებს თანდათანობითი დასაწყისი, ვითარდება 45 წლის შემდეგ, ხოლო უხშირესად 65 წელს გადაცილებულებში, მიმდინარეობს პროგრესულად და შეუქცევადია, უფრო ხშირად აღინიშნება ქალებში, ვიდრე კაცებში.

ამავე თემაზე: 

როგორია ალცჰაიმერის სიმპტომები და რა არის ცნობილი პრევენციაზე

თურქეთიდან დიდი ოდენობით მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად მის სარგებლობაში არსებული სატვირთო ავტომობილით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თურქული წარმოების მედიკამენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თურქული წარმოების მედიკამენტების საბაჟო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

წყლის მილის დაზიანების გამო გორგილაძის ქუჩა გადაიკეტა

წყლის მილის დაზიანების გამო ბათუმში, გორგილაძის ქუჩა მელიქიშვილის ქუჩასთან, ამ დროისთვის [10:40 სთ] გადაკეტილია. გორგილაძის ქუჩაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი სვლას მელიქიშვილის ქუჩით აგრძელებს.

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, ავარიული დაზიანების გამო დღეს, 8 ივნისს, 8:00 საათიდან, წყალმომარაგება შეწყდა შემდეგ მისამართზე: გორგილაძის ქუჩა – ჰაიდარ აბაშიძის კვეთიდან, პეტრე მელიქიშვილის კვეთამდე.

კომპანიის განცხადებით, წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და დღის 4 საათზე აბონენტებს წყალი მიეწოდება.

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა / 8.06.2021

ვისთვის არის მგზავრობა უფასო საქალაქო ავტობუსებით და რა დოკუმენტებია საჭირო

მგზავრები, რომლებიც ბათუმში საქალაქო ავტობუსებით უფასოდ მგზავრობენ, ვალდებულნი არიან თან იქონიონ სპეციალური ელექტრონული ბარათები.

„ბარათები ყველა კატეგორიას სჭირდება და ამასთან, სამგზავრო ბარათის გატარება სავალდებულოა. ბანკისთვის ინფორმაცია გადაგზავნილია და ავტომატიურ რეჟიმზე გადაყვანა მოხდება იმ მოქალაქეების, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური შეღავათით. მათ ახალი ბარათების დამზადება არ დასჭირდებათ“, – განაცხადეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ შეღავათიანი ტარიფით, მაგრამ ახლა  უფასოდ იმგზავრებენ, მოუწევთ შესაბამისი სამგზავრო ბარათების დამზადება. კონკრეტული დეტალები, როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

„ახალი ბენეფიციარებისთვის საჭიროა ახალი ბარათის დამზადება საქართველოს ბანკის ფილიალში და საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასოა მათთვის, ვინც ადრე შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდა. შესაბამისი დადგენილება ქალაქის საკრებულომ 2021 წლის 31 მაისს მიიღო და ის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა.

ამასთან, საკრებულოს დადგენილებით, „ნულოვანი ელექტრონული ბარათით მოსარგებლე პირებმა თან უნდა იქონიონ შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები ან/და დოკუმენტები“.

საკრებულოს დადგენილებით, ბათუმის საქალაქო ავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ:
  • „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირის-ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგან­მანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტ­რი­რებულნი არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლებების პროფესიული სტუდენტები;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულე­ბით გადაადგილებული პირები;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული „სახელმ­წიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს;
  • საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიუ­ლი პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრი­რებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ ზოგად­საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები;
  • სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმა­რების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრი;
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები“.

ამასთან, უფასოდ მგზავრობის უფლება შეუნარჩუნდა ყველა იმ კატეგორიის მგზავრს, რომლებიც საკრებულოს აღნიშნულ დადგენილებამდეც უფასოდ მგზავრობდნენ [შშმ პირები, მოსწავლეები, 0-70 ათასი ქულის მქონე ბენეფიციარები და სხვ.].

ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა ორი თვით.

შეზღუდვის პარალელურად ცვლილებები განხორციელდა მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: №1; №1ა;№2; №4; №7; №7ა; № 12; №12ა; №16.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

აღმაშენებლის წრიულზე მოძრაობა შეიზღუდა – ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა

 

ფინეთის პრემიერი საუზმისთვის ბიუჯეტიდან გადახდილ ფულს უკან აბრუნებს

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახის საუზმისთვის თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება.

ინფორმაცია სანა მარინის საუზმის ხარჯების შესახებ ფინურმა გაზეთმა „Iltalehti“-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ პრემიერ-მინისტრის კანცელარია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ქვეყნის პირველი პირისა და მისი ოჯახის საუზმისთვის და ამისათვის თვეში 850 ევრო იხარჯება ბიუჯეტიდან.

სანა მარინმა განაცხადა, რომ ეს წინა პრემიერ-მინისტრების მუშაობის დროს დადგენილი პრაქტიკა იყო და მას არ მიუღია მონაწილეობა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

ფინური მედიის ცნობით, პოლიციამ აღნიშნულზე მოკვლევა დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ამ დროისათვის არ არის კანონდარღვევაში ეჭვმიტანილი, განაცხადა, რომ ის უკვე თავად გადაიხდის მისი ოჯახის საუზმის ფულს.

„რადგან არსებობს კითხვები კვებასთან დაკავშირებით, საკუთარ ხარჯებს მე გადავიხდი“ – დაწერა სანა მარინმა ტვიტერზე, ხოლო მოგვიანებით, ტელეკომპანია MTV3 – თან საუბრისას დასძინა, რომ არ აპირებს მომავალში კვების ამ პრაქტიკის გაგრძელებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დადგენილი იქნება პროტოკოლით.

მან ასევე განაცხადა, რომ დააბრუნებს ქვეყნის ბიუჯეტში 14 ათას ევროს, რაც მისი პრემიერობის პერიოდში მისი ოჯახის საუზმისთვის დაიხარჯა.

___________

ფოტო: worldakkam.com

ბსუ-ს კანცლერი თავის იმპიჩმენტზე – პროკურატურას გადავეცი მასალები

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ალექსანდრე მითაიშვილი დღეს, 7 ივნისს, თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარის, დავით ბარათაშვილის განცხადებით, კანცლერმა ამ დრომდე არ წარადგინა გასული წლის ბიუჯეტის ხარჯვის და მიმდინარე წლის ანგარიშები.

მისი გადაყენების ოფიციალური მიზეზი სწორედ ეს ორი საკითხია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ალექსანდრე მითაიშვილს. ის დღეს არ დასწრებია საბჭოს სხდომას, რომელიც მისი იმპიჩმენტით დასრულდა. ყოფილი კანცლერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის არ ეთანხმება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. „ჩემს უფლებებს დავიცავ ბოლომდე. დღეს მივმართე პროკურატურას და გადავეცი შესაბამისი დოკუმენტაცია, ვაპირებ მივმართო სასამართლოსაც“, – ამბობს მითაიშვილი.

კითხვაზე, თუ რა დოკუმენტები გადასცა პროკურატურას და თუ დარღვევები არსებობდა უნივერსიტეტში, რატომ აქამდე არ ჰქონდა მას რეაქცია, მითაიშვილი ამბობს, რომ ჯერ საავადმყოფო ფურცელზეა და მიზებზე ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ ისაუბრებს საჯაროდ.

„ჯერ იმაზე უნდა მიპასუხონ, რამდენად ჰქონდათ ჩემი გათავისუფლების უფლება, რადგან საავადმყოფო ფურცელზე ვარ. გავეცანი ჩემი გადაყენების მიზეზებს და არც ერთს არ ვეთანხმები“, – ამბობს ის.

დავით ბარათაშვილი თავის მხრივ აცხადებს, რომ ყოფილ კანცლერს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საავადმყოფო ფურცელი უნივერსიტეტისთვის არ წარუდგენია და მან მხოლოდ სიტყვიარად მიაწოდა უნივერსიტეტს ამის შესახებ ინფორმაცია.

ყოფილ კანცლერს ვკითხეთ, თუ რატომ არ წარადგინა ბიუჯეტის ფინანსური ანგარიში, რაზეც მითაიშვილმა გვიპასუხა, რომ „ბიუჯეტის წარდგენას შეზღუდული ვადები არ აქვს. მე არ მახსოვს, რომ რექტორს წარედგინა მისი ანგარიში და მასაც უპირებენ გადაყენებას?“

ასევე გავრცელდა ინფორმაცია უნივერსიტეტის შიდა აუდიტის დასკვნაზე, სადაც საუბარია, რომ ალექსანდრე მითაიშვილმა პანდემიის პერიოდში 4 ათას ლიტრზე მეტი საწვავი დახარჯა. ასევე, ავტომანქანის რემონტისთვის დახარჯული თანხა აღემატება ავტომანქანის თვითღირებულებას.

ალექსანდრე მითაიშვილი არც ამ ბრალდებას ეთანხმება და ამბობს, რომ სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებს: „სრული სიყალბეა ეს. აუდიტის დასკვნაში ნახსენები იყო წლიური ლიმიტი. მე ამ წლიური ლიმიტიდან ერთი წლის განმავლობაში დახარჯული მაქვს 159 ლიტრი საწვავი და აუცილებლად გავასაჯაროვებ ამ დასკვნას. სარემონტო ხარჯებს რაც შეეხება, ამაზე მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.“

ალექსანდრე მითაიშვილი უნივერსიტეტის კანცლერად 2019 წელს აირჩიეს. მანამდე ის ბათუმის ვიცე-მერი იყო.

_______________

ამავე თემაზე:

რატომ მოუწყეს იმპიჩმენტი ბსუ-ს კანცლერს – უნივერსიტეტის განმარტება

რატომ მოუწყეს იმპიჩმენტი ბსუ-ს კანცლერს – უნივერსიტეტის განმარტება

დღეს, 7 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ალექსანდრე მითაიშვილი თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გაათავისუფლეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კანცლერის გათავისუფლების ორ მიზეზს ასახელებს – ყოფილმა კანცლერმა არ წარადგინა გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში და  2021 წლის ბიუჯეტი.

უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საბჭოს თავმჯდომარე, სპიკერი, დავით ბარათაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მასთან შევიდა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების მიერ ინიცირებული „სამსახურების ბარათი“, 16 კაცის ხელმოწერით. ისინი რიგგარეშე სხდომის გამართვის ითხოვდნენ.

ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამდებობის პირები კანცლერ ალექსანდრე მითაიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ.

„ანალოგიური მოთხოვნით მომმართა უნივერსიტეტის რექტორის ყველა მოადგილემ,  ფაკულტეტის დეკანებმა [ერთი დეკანის გარდა], დეკანის მოადგილეებმა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსებმა. პრინციპში, 61 ხელმოწერა შემოვიდა და ისინი იზიარებდნენ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის ბარათის შინაარს“, – ამბობს დავით ბარათაშვილი.

მისი თქმით, მითაიშვილის მისამართით სხვადასხვა ბრალდება იყო გაჟღერებული.

„ამის გამო არ გაგვითავისუფლებია ის თანამდებობიდან, ბრალდებების ნაწილი, შესაბამისი უწყებების გამოსაკვლევია.

უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი იყო ის, რომ მითაიშვილმა არ წარმოადგინა გასული წლის ბიუჯეტის ხარჯვის ანგარიში, რომელიც პირველ აპრილამდე უნდა წარმოედგინა. ასევე არ ჰქონდა წარმოდგენილი 2021 ბიუჯეტი. რეგლამენტში წერია, რომ ეს არის კანცლერის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი“, – ამბობს დავით ბარათაშვილი.

მისი თქმით, ალექსანდრე მითაიშვილი სამსახურში 29 მაისს გამოცხადდა, თუმცა როცა იმპიჩმენტის შესახებ გაიგო, სასწრაფოდ დაწერა განცხადება შვებულებაზე, რასაც რექტორმა ხელი არ მოუწერა.

„მითაიშვილი მაინც გავიდა შვებულებაში სხვა გზებით. საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა, გურამ გვარიშვილმა მოუწერა ხელი შვებულებაზე. შემდეგ, ანუ დღეს, იმავე პირმა გაუუქმა შვებულება.

მიზეზი ბევრი იყო – მთელი უნივერსიტეტი ფაქტობრივად დაუპირისპირდა, უძრაობის პერიოდი დადგა უნივერსიტეტში, ვეღარ მუშაობდა, პროექტები გაჩერდა. პრორექტორები, რექტორი, დეკანები ყველა დაუპირისპირდა კანცლერს“, – ამბობს ბარათაშვილი.

ის დაპირისპირების კიდევ ერთ მიზეზად ინდოელი სტუდენტების სწავლის საფასურის საკითხსაც ასახელებს.

„ეს იყო სკანდალი. შუამავალ ფირმას სტუდენტებმა ჩაურიცხეს ფული, იმან კი უნივერსიტეტს ნაწილი ჩაურიცხა, ნაწილი არა და მიიმალა. თუმცა, სტუდენტები რა შუაში იყვნენ.

კანცლერი ითხოვდა, რომ არ გაგვეთავისუფლებინა სტუდენტები სწავლის საფასურისგან. ჩვენ შევქმენით კომისია, 2 ივნისს ჩავატარეთ სხდომა. ფაქტობრივად ამაში ჩართული იყო განათლების სამინისტროც, ინდოეთის საელჩოც, უკვე სკანდალის დონეზე ვიყავით მისული. სტუდენტები ითხოვდნენ დიპლომებს“, – გვეუბნება დავით ბარათაშვილი.

ალექსანდრე მითაიშვილს ფინანსური კუთხითაც ედავებიან. ბსუ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, ეს ბრალდებები პირდაპირ არის ჩამოთვლილი შიდა აუდიტის ანგარიშში, სადაც საუბარია პანდემიის პერიოდში ბიუჯეტის გადახარჯვაზე.

„თუმცა აუდიტის დასკვნაში ჩაშლილად არ იყო ეს თანხები – მთლიანი თანხები ეწერა. საწვავის ხარჯვა იყო ერთ მანქანაზე 2 400 ლიტრა, მეორე მანქანაზე 2000 ლიტრა, რაც ძალიან ბევრი გამოჩნდა. მაშინ როცა, სხვა სამსახურები ექსპედიციებს ატარებენ და გაცილებით ნაკლები აქვთ დახარჯული. ავტომანქანის რემონტზეა დახარჯული ასევე დიდი თანხები.

ამავე დასკვნაში ეწერა, რომ კანცლერმა უნივერსიტეტის ანგარიშები „საქართველოს ბანკში“ გადაიტანა, სადაც  მას პირადი ინტერესები ჰქონდა. ბანკის დიდი ვალი აქვს აღებული და ამაზე იყო საუბარი, მაგრამ რადგან ეს გამოძიების საგანია, ჩვენ ამაზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით. ყოფილ კანცლერს ვუთხარით, რომ ამაზეც არის საუბარი“, – გვეუბნება დავით ბარათაშვილი.

მას ვკითხეთ,  კიდევ რა იყო ფაკულტეტის დეკანებსა და კანცლერს შორის დაპირისპირების მიზეზი, რაზეც დავით ბარათაშვილი ამბობს, რომ „ბევრი გარემოებაა, რაც შეუთავსებელია საუნივერსიტეტო საქმიანობასთან“.

„ეს ყველაფერი საგამოძიებო ორგანოების გასარკვევია, ჩვენ მხოლოდ აღნიშნული ორი მიზეზით გავათავისუფლეთ ის თანამდებობიდან. კანცლერი ფინანსურ საკითხებში მთავარი ფიგურაა, ფულის გადარიცხვები მასზეა დამოკიდებული. მან კი, ფაქტობრივად, გააჩერა უნივერსიტეტი“, – ამბობს ბარათაშვილი.

დავით ბარათაშვილის თქმით, საბჭომ ბსუ-ს რექტორს დაავალა სათანადოდ შეისწავლოს ყველა ბრალდება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დოკუმენტაცია მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს.

„ეს რექტორის გადასაწყვეტია“, – ამბობს დავით ბარათაშვილი.

სხდომას, სადაც ალექსანდრე მითაიშვილის თანამდებობიდან გადაყენება იყო დაგეგმილი, ყოფილი კანცლერი არ დასწრებია. ბარათაშვილის თქმით, მას დოკუმენტაცია ფოსტით გაუგზავნეს. ამის საპირწონედ მითაიშვილმა უნივერსიტეტს შეატყობინა, რომ საავადმყოფოს ფურცელზე იმყოფებოდა და სხდომას ვერ დაესწრებოდა, „თუმცა საავადმყოფოს ფურცელი არ წარმოიდგენია“, – ამბობს ბარათაშვილი.

ალექსანდრე მითაიშვილი კანცლერის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.

___________________

ამავე თემაზე:

ბსუ-ს კანცლერი თავის იმპიჩმენტზე – პროკურატურას გადავეცი მასალები

სტამბოლში, ზღვის სანაპიროზე, ლორწოვანი საფარი გამოჩნდა | ფოტო

თურქეთში, სტამბოლის სანაპიროზე, მარმარილოს ზღვაში, ლორწოვანი საფარი გამოჩნდა და საფრთხეს უქმნის გარემოსა და თევზჭერას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი გლობალური დათბობაა. კერძოდ, ლორწო წარმოიქმნება ზღვაში ფიტოპლანქტონის გამრავლების შედეგად, რისი მთავარი მიზეზიც ის არის, რომ მარმარილოს ზღვაში წყლის ტემპერატურა 2,5 გრადუსით აღემატება ბოლო 40 წლის საშუალო მაჩვენებელს.

ფოტოები 6 ივნისსაა გადაღებული, დრონის საშუალებით.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN

 

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN

რატომ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა ბავშვის მე-6 კბილს – სტომატოლოგის რჩევები

პირის ღრუზე ზრუნვა პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა დაიწყოს, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ბავშვთა სტომატოლოგის, ნათია ქოქოლაძის თქმით, ამის გამო უკვე  2-3 წლის ასაკში ბავშვებს ხშირად კარიესით აქვთ დაზიანებული კბილები.

როგორია ბავშვის პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, რომელი კბილის პასტა არ შეიძლება პატარებისთვის და როგორ ავაცილოთ კარიესი ბავშვებს – “ბათუმელების” კითხვებს ნათია ქოქოლაძე პასუხობს.

  • რა არის ბავშვებში კარიესის განვითარების მიზეზი?

ძალიან ხშირია 2 წლის ასაკიდან მომართვიანობა ე.წ. ბოთლის კარიესით. ამის მიზეზი არის ძირითადად დატკბილული სითხეები, კომპოტები, რომლებსაც ბავშვებს ხშირად ძილის წინ, დასამშვიდებლად აძლევენ ბოთლით. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, არც ძირითად კვებას შორის უნდა მივცეთ ბოთლით კომპოტები და არც დასამშვიდებლად, განსაკუთრებით ძილის წინ, ანუ საღამოს საათებში. ეს არის განსაკუთრებით გასათვალისწინებელი.

გარდა ამისა, აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი ექვს თვეში ერთხელ, რათა ინდივიდუალურად დაინიშნოს კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა.

თუ მშობელი არ არის ჩართული ბავშვის კბილების წმენდის პროცესში, ამ შემთხვევაში აუცილებელია ამ პროცესის კონტროლი, რომ ბავშვმა კბილები გაიხეხოს მინიმუმ ორჯერ დღეში – დილით და საღამოს.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის კბილის პასტის შერჩევა ინდივიდუალურად?

პატარებს, 3-4 წლამდე ასაკის ბავშვებში, არ არის რეკომენდებული ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენება. მის შესაცვლელად კბილის პასტაში არის სპეციალური დანამატი – ქსილიტოლი, რომელიც ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

ხშირად ბავშვები იყენებენ მშობლების კბილის პასტებს, რომლებშიც ფტორი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა და  ასეთი კბილის პასტის უნებლიე ყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს არაკარიესული დაზიანება უკვე მუდმივ კბილებში, რაც თეთრი ლაქის სახით ვლინდება.

  • როგორ ავიცილოთ ბავშვებში კარიესი?

კარიესის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რისთვისაც საჭიროა ხელშეწყობა, კონტროლი და სტომატოლოგთან პერიოდული ვიზიტი. კარიესის თავიდან აცილება კვებით უნდა დავიწყოთ. ტკბილეულის შეზღუდვის პარალელურად უნდა შევზღუდოთ ხილის ფრეშები. სასურველია ბავშვმა ხილი კარგად გაწმენდილი, გასუფთავებული მიიღოს, ვიდრე ის ფრეშის სახით დალიოს. ეს, პირადად ჩემი რეკომენდაციაა მშობლებისთვის.

უმჯობესია ფრეშების ნაცვლად ბავშვმა ხილი მიირთვას ჩვეულებრივად – დაკბიჩოს, დაღეჭოს, რათა სახის კუნთები განუვითარდეს, კბილის  ქსოვილიც მყარი იყოს და ასე შემდეგ.  ცხადია, არ იგულისხმება წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ხილს ფიზიკურად ვერ ჭამენ მყარი ფორმით. რეკომენდაცია ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც უკვე იწყებენ ღეჭვას.

კიდევ ერთი რჩევა, ერთი წლის ასაკიდან აუცილებლად გადავიყვანოთ ბავშვი ჭიქაზე, რომ თავიდან ავიცილოთ “ბოთლის კარიესები”, რაც ზემოთ ვახსენე. როცა ბავშვებს ბოთლით აძლევენ დასამშვიდებლად ტკბილ კომპოტებს.

როგორც კი პატარა კარიესულ ღრუს შენიშნავს მშობელი, აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი. თუმცა უმჯობესია, სანამ კარიესული ღრუ გაჩნდება, სტომატოლოგთან ვიზიტი მანამ დაიგეგმოს, რათა მივცეთ სწორი მითითებები, რეკომენდაციები, დავუნიშნოთ კბილის პასტა, ჯაგრისი და ა.შ.

  • კბილის ამოღება სახლის პირობებში რამდენად დასაშვებია?

წინა კბილი მარტივად ძვრება და დიდი ტრაგედია არ არის, თუ ეს სახლში მოხდება. თუმცა ეს ეხება წინა ფრონტალურ კბილებს.

არის კბილების კატეგორია, მაგალითად, საღეჭი კბილები, რომელთაც სახლის პირობებში ვერ ამოუღებთ ბავშვს და ექიმი სტომატოლოგის დახმარება აუცილებელია.

თან მიდგომაც განსხვავებული გვაქვს, ბავშვი სპეციალისტთან კბილის ამოღების შემდეგ მხიარულად გადის კლინიკიდან, ვიდრე სახლში ამოღების დროს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სტომატოლოგის დახმარება წინა კბილების ამოღების დროსაც ხდება საჭირო.

ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მისთვის კომფორტული გარემო შევქმნათ, რათა არ დაისტრესოს და საბოლოოდ ეს ყველაფერი მის ფსიქიკაზე არ აისახოს. მისთვის ეს გამოცდილება (კბილის ამოღება) არ უნდა იყოს ტრაგიკული პროცესი. მათთვის ეს სიახლეა, ვერ ხვდება რასთან აქვს საქმე, ამიტომ დღეს უკვე ხშირად მიმართავენ სტომატოლოგს კბილის ამოღებისთვის.

  • მე-6 კბილთან დაკავშირებით სხვადასხვა მითი არსებობს, რატომ?

საქმე ის არის, 5-6 წლის ასაკიდან უკვე იწყება სარძევე კბილების (ადამიანის კბილების პირველი კომპლექტი) მოცვლა და ახალი (მუდმივი) კბილების ამოჭრა.

მოზარდები სარძევე კბილების საბოლოო ცვლას უკვე 12 წლის ასაკში ასრულებს, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. 6 წლიდან იწყება პირველი ე.წ. მუდმივი კბილების ამოჭრა, მათ შორის პირველი ამოიჭრება ცენტრალური და მე-6 კბილები. ხშირად მე-6 კბილი ერევათ სარძევე კბილში, ამიტომაც ძალიან საყურადღებოა მე-6 კბილის ამოჭრის პროცესი.

მინდა მშობლებს ვურჩიო, ყურადღებით იყვნენ  მე-6 კბილების ამოჭრის დროს, რაც ბავშვებს ეწყებათ სადღაც 5-6 წლის ასაკიდან. ეს კბილები ამოეჭრებათ სხვა კბილებისგან დამოუკიდებლად სარძევე კბილების, საღეჭი კბილების უკან. ხშირად ესეც სარძევე კბილი ჰგონიათ და ყურადღებას არ აქცევენ, ჰგონიათ, რომ მოსაცვლელია, არ ხდება მისი სრულფასოვანი წმენდა და ასე შემდეგ. შედეგად უკვე 10 წლის ასაკში სერიოზული დაზიანებებით მოდიან  ბავშვები, რის გამოც ხშირად გვიწევს ასეთ კბილებში ნერვის მოკვლა.

რა შედეგი მოიტანა მეგობრის მერიაში მონიტორად დანიშვნამ – არჩილ ჩიქოვანის პასუხი

რა შეცვალა ბათუმის მერიის მუშაობაში მონიტორმა, რომელიც წინა წლებში საერთოდ არ გვყავდა. ეს განყოფილება წელს შექმნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მის უფროსად თავისი კლასელი და მეგობარი გიორგი ხარაზი დანიშნა. ამ თემაზე არჩილ ჩიქოვანს დღეს, 7 ივნისს, ვკითხეთ, როცა ის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ავსტრიული კუთხის გახსნას დაესწრო ავსტრიის ელჩთან ერთად.

„ბათუმის მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო პოლიტიკას… მონიტორინგის კონკრეტული ჯგუფის დავალებები არის არსებული საბიუჯეტო რესურსების და საბიუჯეტო ღონისძიებების კონტროლის განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება ბათუმის მერიის ხელმძღვანელი პირებისათვის. აქედან გამომდინარე, საჭიროებები და აუცილებლობები განისაზღვრება საბიუჯეტო ორგანიზაციის წლის ბიუჯეტის შესაბამისად,“ – გვიპასუხა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

არჩილ ჩიქოვანს დაკონკრეტება ვთხოვეთ: რა შედეგი მოიტანა იმან, რომ მერიის ხელმძღვანელებს მონიტორინგის ჯგუფი სამსახურების მუშაობის შესახებ ინფორმაციას აწვდის?

„შედეგს ვერ ხედავთ თქვენ ქალაქში?“ – კითხვა დაგვიბრუნა არჩილ ჩიქოვანმა.

აკონტროლებს თუ არა მონიტორინგის ჯგუფი მერიის თანამშრომლების ფეისბუქპოსტებს, რას გააზიარებს ან არ გააზიარებს საჯარო მოხელე? – მოვალეობის შემსრულებელს ეს კითხვაც დავუსვით.

„ეს სასაცილო კომენტარია,“ – მოკლედ გვიპასუხა არჩილ ჩიქოვანმა და გვირჩია დამატებით მოვიკვლიოთ, ვინ რა საქმითაა დაკავებული მერიაში.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, მიზნობრივი პროგრამების ეფექტურად განხორციელება არის მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის შედეგი. თუმცა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვერ დაგვიზუსტა, რით გაზომეს ეს ეფექტურობა ან ეფექტურობაზე  მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის გავლენა.

„შედეგების და არსებული სიტუაციის შესახებ მგონი ჩვენი თანამოქალაქეები თვალნათლივ ხედავენ და დანარჩენი თუ რამე კონკრეტული კითხვები გექნებათ, მოგვმართეთ… მიზნობრივი პროგრამების ეფექტიანობა არის გაზრდილი-თქო გეუბნებით,“ – თქვა არჩილ ჩიქოვანმა.

რაში გამოიხატება, რომ გაზრდილია ეფექტურობა? – ვკითხეთ ქალაქის პირველ პირს.

„კარგით, მადლობა,“ – დაგვემშვიდობა არჩილ ჩიქოვანი.

„65 წლის გავხდი და ნოტარიუსად აღარ მამუშავეს“ – ქალი პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივის

„ძალიან აქტიური ქალი ვარ, არც გონებრივი სამუშაო მიჭირს, არც ფიზიკური, ახლაც ბოსტანში ვარ და ვმუშაობ,“ – გვიყვება 66 წლის მედეა გვაზავა. მუშაობის 23-წლიანი გამოცდილების შემდეგ ის ნოტარიუსად იმიტომ ვეღარ მუშაობს, რომ 65 წლის გახდა – კანონი ნოტარიუსებისთვის ასაკობრივ ზღვარს აწესებს. ყოფილი ნოტარიუსი მიიჩნევს, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულია.

„გასული წლის პირველ ნოემბერს გავხდი 65 წლის. მას შემდეგ სამსახურში არ მივსულვარ,“ – განსაკუთრებული ემოციით უსვამს ხაზს მედეა გვაზავა წინა დაბადების დღეს, რომლის შემდეგაც სამსახურში არ ყოფილა და რომლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტს ასეთი კანონის მიღებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა.

„ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოს ჩემი სარჩელის განხილვაც კი არ დაუწყია, ესაა სამართალი?“ – კითხულობს მედეა გვაზავა.

მას შემდეგ, რაც ნოტარიუსად თბილისში ვეღარ მუშაობს, მედეა გვაზავა ლანჩხუთში, სოფელ ჩოლობარგში ამუშავებს ბოსტანს.

„ტყუილ-უბრალოდ გაჩერება არ შემეძლო, ეს ჩემი მეუღლის სოფელია, წამოვედი და აქ ვამუშავებ ბოსტანს. აბა, სად უნდა მიმიღონ აწი? 23 წელი ისე ვიმუშავე ნოტარიუსად, ერთი გადაცდომაც კი არ მქონია, არ დააფასეს… კანონით შესაძლებელია 5 წლით გახანგრძლივება და 70 წლამდე მუშაობა, თუკი მინისტრი ამის უფლებას დაგრთავს, მაგრამ მე ეს უფლებაც არ მომცეს. ჩემი აზრით, ზედა ზღვარიც, ანუ 70 წელიც არაკონსტიტუციურია,“ – კატეგორიულია მედეა გვაზავა.

ყოფილი ნოტარიუსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ასაკობრივი შეზღუდვა ლოგიკურია ისეთ პროფესიებზე, რაც ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება. მედეა გვაზავა აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ ზოგიერთ პროფესიაში, სადაც ასევე არის ასაკობრივი ზღვარი და არ არის კავშირში ფიზიკურ აქტივობასთან, განსხვავებულ პენსიას იღებენ.

„მაგალითად, მოსამართლე, პროკურორი, მათ აქვთ განსხვავებული და ღირსეული პენსია, ჩვენ კი 240 ლარი,“ – დასძინა მედეა გვაზავამ.

მედეა გვაზავასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში მოქმედი ნოტარიუსი – ჯულიეტა არჩვაძეც დავობს. ის 69 წლისაა და რამდენიმე თვეში შეუწყდება მუშაობის უფლება, როცა 70 წლის გახდება.

ჯულიეტა კანონის მიღების დროისთვის ანუ 2017 წელს უკვე 66 წლის იყო და მასზე გარდამავალი დებულება გავრცელდა – უფლებამოსილების ვადა 70 წლის ასაკის მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაუთვალეს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ამგვარი მიდგომით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლის თანახმადაც: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.”

„გაურკვეველია სახელმწიფოს მიერ ნოტარიუსებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის მიზნობრიობა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, საჯარო მოხელეებთან მიმართებაში საპენსიო ასაკი აღარ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

ნოტარიუსების სარჩელების დასაშვებად ცნობის საკითხიც კი, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული არ აქვს. მოსარჩელეების ინტერესებს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამართლის კლინიკის იურისტი მარი კაპანაძე იცავს. მარი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვისთვის 9 თვე აქვს განსაზღვრული და არ არის დაკონკრეტებული, რა ვადაში უნდა დაიწყოს არსებითი განხილვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევის განხილვა მოუწევთ, სადაც ასევე ასაკობრივ შეზღუდვას მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, მაგალითად, ეკა ჩერქეზიშვილი იმის გამო გაუშვეს ჯარიდან, რომ ის 45 წლის გახდა. ეკა სამხედრო ოფიცერია.

საკონსტიტუციოში დავობს მეხანძრე-მაშველიც, რომელიც უსამსახუროდ მას შემდეგ დარჩა, რაც მას 55 წელი შეუსრულდა.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, საკონსტიტუციო სასამართლომ ასაკობრივი დისკრიმინაცია დაადგინა სასამართლოს მანდატურების საქმეზე – მათ 50 წლის ასაკის შემდეგ აღარ შეეძლოთ მანდატურად მუშაობა. სასამართლომ დისკრიმინაციულად მიიჩნია ასევე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობისთვის ზღვრული ასაკის დადგენა, რაც 70 წელი იყო.

თიბისის სტარტაპერი ფესტივალის „გაუსინჯე თბილისს გემო” – ს მხარდამჭერია

5 და 6 ივნისს მუშთაიდის პარკი კერძების სურნელით აივსო. ფესტივალის „Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო“ ორგანიზატორების მიერ შერჩეული კვების ობიექტებისა თუ ახლადგახნილი რესტორნების მზარეულებმა იქ მისულ ადამიანებს ე.წ. „სტრიტ ფუდის“ განსაკუთრებული გემო შესთავაზეს.

ფესტივალში სხვა კომპანიებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პროგრამა სტარტაპერის მონაწილე რესტორნები, კაფეები და სხვა სახის კვების ობიექტები; ასევე, ხელნაკეტი ნივთების მწარმოებელი სტარტაპები. ამ ნაბიჯით თიბისიმ მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივ ბიზნესს, სტარტაპებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფესტივალ „Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო“ -ს.

თიბისი როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით ფესტივალის მონაწილეებს უნაღდო ანაგარიშწორებას სთავაზობდა.

ფესტივალის მთავარი მიზანი ახალი გემოების აღმოჩენა გრძელდება, თბილისისთვის გემოს გასინჯვა მომდევნო შაბათ-კვირასაც შეგეძლებათ.

აღმაშენებლის წრიულზე მოძრაობა შეიზღუდა – ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა

ბათუმში, ტბელ-აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა ორი თვით.

მერიის ცნობით, შეზღუდვის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შემდეგი სქემის მიხედვით ხორციელდება:

[checklist]

  • ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან აეროპორტის გზატკეცილისკენ მიმავალი ნაკადი იმოძრავებს შეუფერხებლად, თუმცა შეხვევას ვერ მოახერხებს კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების მიმართულებით;
  • აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება და აღმაშენებლის ქუჩიდან მომავალი ნაკადი ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გადავა, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩებით;
  • აეროპორტის გზატკეცილიდან მომავალი ნაკადი ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე გადავა ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩებით;
  • კობალაძის ქუჩიდან მომავალი ნაკადი შეიზღუდება ნაწილობრივ, კობალაძის ქუჩიდან აღმაშენებლისკენ მომავალი ნაკადი გადავა აეროპორტის გზატკეცილისა და ხახულის ქუჩაზე; 
  • მოძრაობა ასევე შეიზღუდება გენერალ ასლან აბაშიძისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთში.

[/checklist]

შეზღუდვის მიზეზი წყალარინების კოლექტორის მოწყობის სამუშაოებია, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება

შეზღუდვის პარალელურად ცვლილებები განხორციელდა მუნიციპალური ტრანსპორტის შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: №1; №1ა;№2; №4; №7; №7ა; № 12; №12ა; №16.

კერძოდ:

№1  – აღმაშენებლის ქ,ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, რუსთაველის ქ, გოგებაშვილის ქ, ბაქოს ქ, შავშეთის ქ, მაიაკოვსკის ქ, სვიშევსკის ქ, შინდისის ქ. ნონეშვილის ქ.  უკუმიმართულება: ნონეშვილის ქ, შინდისის ქ, სვიშევსის ქ,  მაიაკოვსკის ქ, წერეთლის ქ, ჭავჭავაძის ქ, თავდადებულის ქ, ბაგრატიონის ქ ვ.ფშაველა ქ, ჩოლოყაშვილის ქ, მელიქიშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ლეონიძის ქ, აღმაშენებლის ქ.

№1ა – აღმაშენებლის ქ, ლეონიძის ქ, ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, ბაგრატიონის ქ, თავდადებული ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ, სვიშევსკი ქ, შინდისის ქ, ნონეშვილის ქ. უკუმიმართულება: ნონეშვილის ქ, სვიშევსკის ქ,შინდისის ქ, მაიაკოვსკის ქ, შავშეთის ქ, ბაქოს ქ, გოგებაშვილის ქ, რუსთაველის ქ, შარტავას ქ, ბაგრატიონის ქ, აღმაშენებლის ქ.

№2 – ადლიის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბაგრატიონის ქ,  შარტავას ქ, აბუსერიძის ქ, ჭავჭავაძის ქ, ბაქოს ქ, შავშეთის ქ, მაიაკოვსკის ქ,დადიანის ქ, გოგოლის ქ, მესხის ქ, თაბუკაშვილის ქ, ნიჟარაძის ქ, ახალშენის ცენტრი. უკუმიმართულება: ახალშენის ცენტრი, ნიჟარაძის ქ, თაბუკაშვილის ქ, მესხის ქ, გოგოლის ქ, მაიაკოვსკის ქ, შავშეთის ქ, ბაქოს ქ, ჭავჭავაძის ქ, აბუსერიძის ქ, შარტავას ქ, ფიროსმანის ქ, ინასარიძის ქ, კობალაძის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ადლიის ქ.

№2ა – ადლიის ქ, ლორთქიფანიძის ქ, კაჩინსკების ქ, ხიმშიაშვილის ქ, კობალაძის ქ, ინასარიძის ქ, შარტავას ქ, აბუსერიძის ქ, ჭავჭავაძის ქ, ბაქოს ქ, შავშეთის ქ, მაიაკოვსკის ქ, მესხის ქ, თაბუკაშვილის ქ, ნიჟარაძის ქ, ახალშენის ცენტრი. უკუმიმართულება: ახალშენის ცენტრი, ნიჟარაძის ქ, თაბუკაშვილის ქ, მესხის ქ, მაიაკოვსკის ქ, შავშეთის ქ, ბაქოს ქ, ჭავჭავაძის ქ, აბუსერიძის ქ, შარტავას ქ, ფიროსმანის ქ, ინასარიძის ქ, კობალაძის ქ, ხიმშიაშვილის ქ, კაჩინსკების ქ, ზღვისპირის ქ, ლორთქიფანიძის ქ, აფხაზის ქ, ადლიის ქ

№4 – აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, ფიროსმანის ქ, გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ, სვიშევსკის ქ. უკუმიმართულება: სვიშევსკის ქ, მაიაკოვსკის ქ, შავშეთის ქ, ბაქოს ქ, ჭავჭავაძის ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, ფიროსმანის ქ, შარტავას ქ, ბაგრატიონის ქ, აღმაშენებლის ქ, ტაბიძის ქ, რურუას ქ, აღმაშენებლის ქ.

№7 – მ. ვარშანიძის ქ, ხახულის ქ, აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ,  აბუსერიძის ქ, გრიბოედოვის ქ, რუსთაველის ქ, თავდადებულის ქ, გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, წერეთლის ქ, იმედაშვილის ქ, სულაბერიძის ქ, მ. ვარშანიძის ქ.

№7ა – ვარშანიძის ქ, სულაბერიძის ქ, იმედაშვილის ქ,  წერეთლის ქ,  ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, თავდადებულის ქ, რუსთაველის ქ, გრიბოედოვის ქ, აბუსერიძის ქ,  შარტავას ქ, ბაგრატიონის ქ, აღმაშენებლის ქ. ხახულის ქ, ვარშანიძის ქ.

№12 – ხელვაჩაური, ხალვაშის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, აბუსერიძის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ. უკუმიმართულება: მაიაკოვსკის ქ, წერეთლის ქ,  ჭავჭავაძის ქ, აბუსერიძის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ხალვაშის ქ, ხელვაჩაური

№12ა – მაიაკოვსკის ქ (ბონის კულტურის სახლი), წერეთლის ქ,  ჭავჭავაძის ქ, აბუსერიძის ქ, აეროპორტის გზ, ხალვაშის ქ, მახოს ხიდი. უკუმიმართულება: მახოს ხიდი,ხალვაშის ქ, აეროპორტის გზ, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, აბუსერიძის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ. (ბონის კულტურის სახლი).

№16 – მაიაკოვსკის ქ. (ბონის კულტურის სახლი), წერეთლის ქ,  ჭავჭავაძის ქ, აბუსერიძის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, აფსაროსის ქ, ანდრია პირველწოდებულის ქ, სარფი. უკუმიმართულება: სარფი, ანდრია პირველწოდებულის ქ, აფსაროსის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, აბუსერიძის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ  (ბონის კულტურის სახლი).

„ავტოტრანსპორტის“ ცნობით, ცვლილებები იმოქმედებს საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე,  2 თვის განმავლობაში.

სმენის დარღვევის მქონე 18 წლის ტერეზას საქმეზე ომბუდსმენმა გამოცდების ცენტრს მიმართა

სმენის დარღვევის მქონე 18 წლის ტერეზა გალსტიანის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს. ტერეზა წელს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას აპირებს. როგორც ტერეზამ „ბათუმელებს“ უთხრა, ის ითხოვს ინგლისური ენის გამოცდის ტესტებში შეტანილი მოსასმენი ნაწილის შეცვლას – ტერეზას თქმით, მას სმენის დარღვევა აქვს და მოსასმენ ნაწილს ვერ შეასრულებს.

თუ მის მოთხოვნას გამოცდების ცენტრი არ დააკმაყოფილებს, ის 18 ქულას დაკარგავს, რის გამოც შესაძლოა სახელმწიფო გრანტიც დაკარგოს.

„ცენტრი ვალდებულია გაითვალისწინოს კონკრეტული აბიტურიენტის ინდივიდუალური საჭიროება“, – აცხადებს ქეთი შუბაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი.  ის ამბობს, რომ ტერეზას ამბით სახალხო დამცველი უკვე დაინტერესდა და საქმის მოკვლევა დაიწყო.

„ჩვენ დავუკავშირდით ტერეზა გალსტიანს და შევთავაზეთ საქმის შესწავლა. ამ ეტაპზე ინფორმაცია გამოთხოვილი გვაქვს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან და ველოდებით პასუხებს.

დავაკვირდებით, ამ პროცესში აღმოიფხვრება თუ არა პრობლემა, რომელზეც ტერეზა საუბრობს. მიეცემა თუ არა მას საშუალება, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გარემოში ჩააბაროს ეროვნული გამოცდები“, – ამბობს ქეთი შუბაშვილი.

მისი თქმით, გამოცდების ცენტრს შესაძლოა რაღაც ღონისძიებები ჰქონდეს გატარებული სმენის პრობლემის მქონე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით, მაგრამ ეს ღონისძიება რომელიმე კონკრეტული აბიტურიენტის, კონკრეტული შეზღუდვის მქონე პირის საჭიროებას ვერ პასუხობდეს.

„ამიტომ, მნიშვნელოვანია ის, რომ გარემო იყოს ინდივიდუალურად ტერეზას საჭიროებებზე მორგებული, რადგან გონივრული მისადაგების პრინციპი (რა სავარაუდო პრობლემაც საქმეში გვაქვს) გულისხმობს იმას, რომ ღონისძიება გატარდეს უშუალოდ ამ ადამიანის (ტერეზა გალსტიანის) საჭიროებებთან მიმართებით“, – ამბობს შუბაშვილი.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისმა გამოცდების ცენტრს კონკრეტული კითხვებით მიმართა და ელოდებიან პასუხს. „ჩვენთვის მოწოდებული პასუხების შესაბამისად შევაფასებთ მთლიანად პროცესს. საქმის წარმოების მასალები რაც იქნება, ამაზე დაყრდნობით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – ამბობს ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა იქნება შემდეგი ეტაპი, თუკი დადასტურდება დისკრიმინაცია? – ქეთი შუბაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველი გამოცდების ცენტრს რეკომენდაციით მიმართავს.

__________________

ამავე თემაზე:

სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტი ტესტებიდან მოსასმენი ნაწილის ამოღებას ითხოვს

შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუა დააპატიმრეს

10 წლამდე შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სავარაუდო პედოფილიის შემთხვევა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა.

გამოძიება 60 წლამდე ბაბუას გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება. მას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ხელვაჩაურის სასამართლოში 5 ივნისს გაიმართა.

უფლებადამცველ ბაია პატარაიას ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ პოლიციას მოზარდის დედამ მიმართა.

„ძლივს გაბედა დედამ ჩივილი, ძალიან ეშინოდა, რადგან მასზეც ძალადობდნენ ოჯახში. ვიმუშავეთ ბათუმის პოლიციასთან და პროკურატურასთან,“ – წერს ფეისბუქში ბაია პატარაია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბაბუას 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

15 ივნისიდან იმოძრავებს მატარებელი ერევანი-თბილისი-ბათუმი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, განახლდა სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა საქართველოსა და სომხეთს შორის.

„15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი თბილისის გავლით დაიძრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ტრადიციულად ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, თბილისი-ერევანი-თბილისის მატარებელი ყოველდღე იმოძრავებს.

აჭარაში 2021 წლის ზაფხულის სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება.

სინოფარმით და სინოვაკით აცრილ ტურისტებს ესპანეთში შესვლა შეუძლიათ

დღეიდან, 7 ივნისიდან, ესპანეთი ღიაა უცხო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარადგენენ კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო ესპანეთში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს [ფაიზერი, მოდერნა, j&j/იანსენი, ასტრაზენეკა] ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ [სინოფარმი, სინოვაკი].

____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Salas

თურქეთში კომენდანტის საათი საღამოს 10-ზე დაიწყება, კარანტინი კი მხოლოდ კვირას იქნება

თურქეთში კვლავ შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები.

თურქული მედიის ცნობით, 7 ივნისიდან, ორშაბათიდან, თურქეთში კომენდანტის საათი იმოქმედებს 22 საათიდან დილის 5 საათამდე, კვირაობით კი ქვეყანაში სრული კარანტინი იქნება ივლისამდე.

აქამდე კომენდანტის საათი თურქეთში 21 საათიდან იწყებოდა და დილის 5 საათამდე გრძელდებოდა, შაბათ-კვირას კი სრული კარანტინი იყო გამოცხადებული.

ოფიციალური მონაცემებით თურქეთში 30, 69 მილიონი ადამიანია აცრილი კორონავირუსზე, მათგან 13,1 – სრულად, ორივე დოზით აიცრა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში 5 287 980 ადამიანი ინფიცირდა კოვიდით და 48 164 გარდაიცვალა.

საქართველოში ზაფხულში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი.

სპეციალისტები ზაფხულის სეზონის განმავლობაში,  ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40; მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი.

სააგენტოს ცნობით, ატმოსფერული ნალექის რაოდენობა სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე – ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.

საქართველოს ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე არის +21, +23 გრადუსს; მთაში – +19, +21 გრადუსს; მაღალ მთაში +15, +17 გრადუსს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – +21 +23 გრადუსს; მთაში – +17, +19 გრადუსს; მაღალ მთაში კი – +14, +16 გრადუსს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი ექსპერტების მიერ კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-23) მომზადებული 2021 წლის ზაფხულის სეზონის ამინდის პროგნოზი გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს ეყრდნობა.

აჭარაში კოვიდის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 7 ივნისი

7 ივნისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 328 პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში ბოლო მონაცემებით იმყოფება 220 ინფიცირებული.

24 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 307 ახალი შემთხვევა

7 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 117 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 24  ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში 3 428 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 752  მძიმე პაციენტია.

6 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%.

 

„მაუგლის მეთოდი“ ჩვილი ბავშვის დაზიანების მაღალ რისკს შეიცავს – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების თვითნებური ე.წ. „მაუგლის მეთოდით“ მკურნალობის საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის ცნობით, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ ადრეულ ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს. აღნიშნული მეთოდის განმახორციელებელ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

„აღსანიშნავია, რომ პედიატრიის საექიმო სპეციალობის ექსპერტის შეფასებით, ე.წ. „მაუგლის ვარჯიშების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია არსად არ მოიპოვება. უცნობია, თუ რას ემყარება ეს მეთოდი, არის თუ არა სადმე აღწერილი და აქვს თუ არა მას რაიმე თეორიული თუ პრაქტიკული საფუძველი.

ის კადრები, რაც ინტერნეტსივრცეში და სატელევიზიო გადაცემებში ვრცელდება, მიუთითებს, რომ ეს არის ძალზე აგრესიული მოძრაობების ნაკრები, რომელიც ხორციელდება ახალშობილობის ასაკიდან და რომელიც ბავშვის თავის ტვინის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.

ექსპერტის თქმით, თავის ტვინის ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა. თავის ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მცირე სივრცეა, შენჯღრევა იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მისი შეშუპება და სიკვდილიც კი (შემთხვევათა 13-23%-ში). გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რამაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ჩარევებს და არ შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე.

„მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მუდმივი მონიტორინგი ანხორციელოს, მსგავსი პრაქტიკების გავრცელების პრევენციისა და შემთხვევებზე დროული რეაგირების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/life/41659/

8 ექიმს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 8 ექიმს შეუჩერა.

2 ივნისს გამართულ შეხვედრაზე საბჭომ 28 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა. 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, 2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, პროფესიული განვითარების საბჭომ 66 საკითხი განიხილა და 121 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა.

აჭარაში მაშველები ზღვაში 2 ადამიანს ეძებენ

აჭარის ზღვის სანაპიროზე მაშველები უკვე მეორე დღეა ეძებენ 2 ადამიანს.

საუბარია ორ სხვადასხვა შემთხვევაზე. მაშველები ქობულეთისა და კვარიათის სანაპიროებზე მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში 42 მაშველი მონაწილეობს,  მათგან 8 მყვინთავია.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ორი კატარღა, 2 წყალზე მცურავი საშუალება,  2 დრონი და კვადროციკლები სანაპირო ზოლის მონიტორინგისთვის.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, სამაშველო სამსახური ასევე იყენებს სასაზღვრო პოლიციის ფსკერის სკანირების სპეციალურ ხელსაწყოს.

როგორ დატროლეს პანდემია ბათუმელმა მუსიკოსებმა და რა არის CLAPPER-ი

„ქლაფერი“ Clapper მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც პანდემიის პერიოდში იმ მიზნით დაარსდა, რომ მუსიკის მოყვარულ ადამიანებს სოციალური დისტანცირებისა და ჩაკეტილობის პირობებში ონლაინ ემოგზაურათ საინტერესო ადგილებში და პირდაპირ, Live რეჟიმში მოესმინათ ელექტრონული მუსიკისთვის.

„ქლაფერის“ ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული არტისტები, რეგიონში, სხვადასხვა ადგილას უკრავენ ელექტრონულ მუსიკას, რომელსაც მაყურებელი ფეისბუქის პირდაპირი ჩართვის მეშვეობით, მიმდინარე დროში ესწრება. „ქლაფერი“ მალე ერთი წლის ხდება, პროექტის ფარგლებში სულ 7 ღონისძიება გაიმართა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სოფელი შრომის მუნიციპალური თეატრის ძველ შენობაში, მწვანე კონცხზე და სულ მალე მუსიკოსები ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონიდანაც ჩაერთვებიან.

„ქლაფერი“ ირაკლი ჯაფარიძისა და დავით ახმაევის წამოწყებაა, ორივე მათგანი აუდიო-ვიზუალურ კონტენტს ქმნის სხვადასხვა პროექტისთვის. 

  • რა არის „ქლაფერი“ და ვისთვის არის ის?
დავით ახმაევი

დავითი: „ქლაფერი“ სივრცეა, რომელიც მაუწყებლობს ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუქის საშუალებით. მისი იდეა, პირველ რიგში, ადგილობრივი არტისტების ხელშეწყობა და მსმენელთათვის, დისტანცირებული ურთიერთობის პირობებში, მუსიკის ტალღების მიწოდებაა. ასევე მაყურებელს ახლებურად ვაცნობთ სხვადასხვა უცნობ, ახალ ლოკაციებს, ჩვენებური რეჟისორული ხედვით.

ამ პროექტს ბევრი ანალოგი აქვს მსოფლიოში, არაერთი ლეიბლი აკეთებს იმავე საქმეს საზღვრებს მიღმა, ამ მხრივ პირველები ნამდვილად არ ვართ.

ირაკლი: სიმართლე რომ ითქვას, ამ პროექტის იდეა ასე პირდაპირ არ გაჩენილა. კონცეფცია თავიდანვე გააზრებული არ იყო. რაღაცების კეთება დავიწყეთ და ამ მოძრაობებმა მოგვიყვანა აქამდე. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი სხვადასხვა რამის სინთეზით შეიქმნა „ქლაფერი“ და ამ შემადგენლობის ცენტრში, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, მეგობრობაა.

  • ვინ აკეთებს ქლაფერს?

დავითი: ჩვენი “არაოფიციალური” ხმის ინჟინერია ჩვენი მეგობარი დემე დარჩია, რომელიც თითქმის ყველა ლაივსტრიმზე ჩვენთანაა და ხმის ხარისხზე ზრუნავს.

ირაკლი: იდეების შეჯამება და კონცეფციის ჩამოყალიბება ქლაფერის წამყვანის, რატი რატიანის საქმეა. ის შესავალში ყოველთვის ეხმაურება ხოლმე აქტუალურ თემებს და რეალურ პრობლემებთან თუ მოცემულობებთან ახდენს დალინკვას ამა თუ იმ ლოკაციისა და ივენთის, თუნდაც ბულვარში უკანონო მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას რომ დაემთხვა ჩვენი ივენთი, იქაც თქვა, რომ ასეთი ადგილები უნდა შევინარჩუნოთ … ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

ირაკლი ჯაფარიძე
  • ადგილებს როგორ არჩევთ?

ირაკლი: მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო, ჯერჯერობით მხოლოდ ლაივპოდკასტის ფორმატი გვაქვს.

საბოლოო ჯამში იდეა ისაა, რომ „ქლაფერის“ სივრცე მაქსიმალურად სახალხო გახდეს.

შეზღუდვები როცა მოიხსნება და ხელ-ფეხი გაგვეხსნება ბევრი ადამიანი შეძლებს ჩვენთან ერთად ოფლაინ დასვენებას. ახლა, სანამ მაყურებელი ვერ გვესწრება, არის საშუალება ისეთი ლოკაციებიდან ჩავერთოთ, როგორიც, მაგალითად, ხელოვნების მუზეუმი ან ბათუმის სტადიონია.

მაყურებელთან ერთად ალბათ უფრო სხვა რამეებზე გაკეთდება აქცენტი, კერძოდ იმაზე, რომ იყოს უსაფრთხო საცეკვაო სივრცე ბევრისთვის.

თუმცა, გპირდებით, საინტერესო ლოკაციების იდეას არ ვუღალატებთ. მუსიკალურ ღონისძიებებს ისევ გამორჩეულ ადგილებზე გავმართავთ, ოღონდ მხოლოდ ლაივი აღარ იქნება, აქ უკვე ადამიანები შეძლებენ მოსვლას, მუსიკის მოსმენას, ერთმანეთის ნახვას და გართობას.

იყო შემთხვევა, როცა პანდემია „დავტროლეთ“.

ფორსმაჟორის გამო, ლაივსტრიმის მოწყობა მეგობრის ბინაში მოგვიწია, აივნიდან მთელს ევროპის მოედანზე ისმოდა მუსიკა, რომელსაც ყველაზე დიდი ინტერაქცია ჰქონდა სოციალურ ქსელებში.

იდეაში სახლში ვიყავით, ხმის გამაძლიერებელი აივანზე გვედგა – პანდემიის გამო ხალხი ვერ გვესწრებოდა ოფლაინ, მაგრამ თან გვესწრებოდა, თან სტრიმზეც ვიყავით.

სწორედ ამ ლაივის შემდეგ შეგვეხმიანა აჭარის მუზეუმების გაერთიანება და შემოგვთავაზა მათი სივრცე. ბოლო ივენთი ხელოვნების მუზეუმში გვქონდა, სადაც მომნუსხველ ექსპერიმენტებს ანუშკა ჩხეიძე ატარებდა.

ლოკაციის მთავარი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილი, ახლებურად დავანახვოთ ის.

პირადად ჩემი ფავორიტი ლოკაცია იყო ოზურგეთში, სოფელ შრომაში კულტურის სახლი, სადაც ადგილობრივი არტისტი DJ Astrobee გვყავდა. აქვე ვიტყვი, რომ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს, ამაში ვთანხმდებით ყველა წევრი.

რაც შეეხება ლოკაციას, 50-იან წლებში აშენებულ მუნიციპალურ თეატრში ვიყავით. შენობის ინტერიერზე ძალიან ლამაზი ნახატები იყო შრომის გმირების. მართალია, იმდენი ხანია მიტოვებულია, ლამის ჩამოშლილია გამოსახულებები, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი გამოვიდა.

განათების დიდი დამსახურებაა ამ ლაივის გამოსვლა, რომლის მოწყობაშიც „ფართიპლანერი“ სრულიად უსასყიდლოდ დაგვეხმარა. ეს თეატრი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს, ამ ივენთზე გაცოცხლდა და სხვათა შორის ბევრიც დაინტერესდა – სად არის ეს თეატრი და რატომ არის ასეთ მდგომარეობაში…

დავითი: ადგილის შერჩევისას ყურადღებას ვაქცევთ კონტექსტებსა და ხალხის განწყობას ამ სივრცესთან მიმართებაში და ამასთან ერთად 4G უნდა იჭერდეს ძალიან კარგად.

გვინდა ვუთხრათ ყველას, არტისტს, საინტერესო ლოკაციებს და უბრალოდ საინტერესო ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დახურული სამეგობრო, პირიქით, ძალიან გახსნილები ვართ და გვინდა მოვუწოდო მოგვწერონ, გავერთიანდეთ.

  • ვის შეუძლია მოხვდეს „ქლაფერში“?

ირაკლი: სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება ბევრს მიეცეს ამის საშუალება, სპეციფიკური ნიუანსებია გასათვალისწინებელი.

შეიძლება ვიღაც არტისტი გვყავდეს, რომელიც გამოგვეხმაურა და გვითხრა, რომ დიდი სურვილით ჩაერთვებოდა ამ პროექტში. გვიგზავნის თავის ნაშრომებს, რომელიც არის შესანიშნავი, მაგრამ იმ ლოკაციას არ ერგება, რაც ხელთ გვაქვს, ადგილის ხასიათი ვერ მიდის მუსიკის ჟანრთან…

მაგრამ ყველა გვახსოვს ვინც შეგვეხმიანა და ღია ვართ, უბრალოდ დროის ამბავია.

ლოკაციის ხასიათის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი არსებობს. ჩვენი მთავარი პლატფორმა არის ფეისბუქი, რომელსაც მკაცრი პოლიტიკა აქვს საავტორო უფლებებთან მიმართებაში. არსებობენ არტისტები, რომლებიც უკრავენ შესანიშნავ მუსიკას, მაგრამ ფეისბუქი საავტორო უფლებების გამო ლაივსტრიმს შეგვიწყვეტს, რაც ძალიან უსიამოვნო მომენტია. ბევრი დიჯეია, ვინც ეს ტექნიკა კარგად იცის, მაგრამ ტრეკები აქვთ, რომელზეც საავტორო უფლებებია საჭირო. ცოცხალი მუსიკის ავტორებთან მსგავსი პრობლემები არ შეგვექნება, რაც უკვე კარგია.

დავითი: აქამდე შვიდი ივენთი გვქონდა და აქედან ექვსზე ადგილობრივი არტისტი გვყავდა და რაც მთავარია, მალე ელექტრონულ ჟანრსა გავცდებით, როგორც კი ტექნიკურად ამის შესაძლებლობა გვექნება.

ძალიან გაგვიხარდება ადგილობრივი და არა მხოლოდ მუსიკოსების ჩაწერა, რომლებიც „ქლაფერის“ მრავალფეროვან სცენაზე თავიანთ განსხვავებულ ხედვას, განსხვავებული ჟანრიდან აჩვენებენ.

ერთ-ერთი მთავარი იდეა ადგილობრივი არტისტების პოპულარიზაციაა, ჩვენი ჩანაწერები შეიძლება მათი პორტფოლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს, როცა რაღაც პროექტში გადაწყვეტენ მონაწილეობას, შეუძლია აჩვენოს თავისი სეტი მშვენიერი ვიზუალიზაციით. თუმცა მთავარი იდეა მაინც მსმენელისთვის/მაყურებლისთვის საინტერესო ღონისძიების ჩატარებაა.

  • მაყურებლისთვის ბოლო სიახლე რა გაქვთ?

ირაკლი: თავიდან თვეში ორი ივენთი გვქონდა ჩაფიქრებული, ვაკეთებდით კიდეც, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა ტექნიკურ ნიუანსს წავაწყდით და ორთვიანი პაუზა ავიღეთ, მაგრამ ამ დროში ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ტექნიკური შესაძლებლობები გაგვეუმჯობესებინა. ახლა 6 ივნისს ვბრუნდებით ორთვიანი პაუზის შემდეგ გაძლიერებული ტექნიკური შესაძლებლობებით და უკვე თვეში ორი ივენთით, სტაბილურად. იმის მიუხედავად, ხალხი ფიზიკურად დაგვესწრება თუ ჯერ ისევ ვერ.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ საკმაოდ ეფექტური დაბრუნება გვექნება. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა ბათუმს გვეღირსა სტადიონი, ამ სივრცის მიმართ განწყობაც ძალიან პოზიტიურია ყველგან, ქომაგებიც ძალიან აქტიურები არიან, ვიზუალურადაც ძალიან კარგი სივრცეა, სწორედ ამიტომ მომდევნო სტრიმისთვის სტადიონი შევარჩიეთ.

დავითი: არტისტი – გიორგი ჯინჭარაძე იქნება, სასცენო სახელია – Generali Minerali. ეს პროდიუსერი დიჯეია, რომელიც საავტორო მუსიკით ჩამოდის. იქნება ერთსაათიანი სეტი.

ეს, ფაქტობრივად, კოლაბორაციული სტრიმია, რადგან ამავე ივენთზე, ამ მუსიკოსთან ერთად ჩამოდის ვიზუალური არტისტი – „მასტერსკი“, რომელიც სტრიმის დროს ვიზუალურ მხარეს გააფორმებს განათებით. ძირითადად „ბრეიქბიტია“, ცოტა სწრაფი, აქტიური მუსიკაა, უფრო მასშტაბური, არა დახურული სივრცისთვის, ისეთი, რომელიც შეიძლება „დინამომაც“ ვერ დაიტიოს.

როგორ და რა მოხდება, ვნახავთ და მოვუსმენთ 6 ივნისს, ჩვენც ველოდებით ამ თარიღს.

Exit mobile version