განათლება,მთავარი,სიახლეები

სმენის დარღვევის მქონე 18 წლის ტერეზას საქმეზე ომბუდსმენმა გამოცდების ცენტრს მიმართა

07.06.2021
სმენის დარღვევის მქონე 18 წლის ტერეზას საქმეზე ომბუდსმენმა გამოცდების ცენტრს მიმართა

სმენის დარღვევის მქონე 18 წლის ტერეზა გალსტიანის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს. ტერეზა წელს ეროვნული გამოცდების ჩაბარებას აპირებს. როგორც ტერეზამ „ბათუმელებს“ უთხრა, ის ითხოვს ინგლისური ენის გამოცდის ტესტებში შეტანილი მოსასმენი ნაწილის შეცვლას – ტერეზას თქმით, მას სმენის დარღვევა აქვს და მოსასმენ ნაწილს ვერ შეასრულებს.

თუ მის მოთხოვნას გამოცდების ცენტრი არ დააკმაყოფილებს, ის 18 ქულას დაკარგავს, რის გამოც შესაძლოა სახელმწიფო გრანტიც დაკარგოს.

„ცენტრი ვალდებულია გაითვალისწინოს კონკრეტული აბიტურიენტის ინდივიდუალური საჭიროება“, – აცხადებს ქეთი შუბაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი.  ის ამბობს, რომ ტერეზას ამბით სახალხო დამცველი უკვე დაინტერესდა და საქმის მოკვლევა დაიწყო.

„ჩვენ დავუკავშირდით ტერეზა გალსტიანს და შევთავაზეთ საქმის შესწავლა. ამ ეტაპზე ინფორმაცია გამოთხოვილი გვაქვს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან და ველოდებით პასუხებს.

დავაკვირდებით, ამ პროცესში აღმოიფხვრება თუ არა პრობლემა, რომელზეც ტერეზა საუბრობს. მიეცემა თუ არა მას საშუალება, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გარემოში ჩააბაროს ეროვნული გამოცდები“, – ამბობს ქეთი შუბაშვილი.

მისი თქმით, გამოცდების ცენტრს შესაძლოა რაღაც ღონისძიებები ჰქონდეს გატარებული სმენის პრობლემის მქონე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით, მაგრამ ეს ღონისძიება რომელიმე კონკრეტული აბიტურიენტის, კონკრეტული შეზღუდვის მქონე პირის საჭიროებას ვერ პასუხობდეს.

„ამიტომ, მნიშვნელოვანია ის, რომ გარემო იყოს ინდივიდუალურად ტერეზას საჭიროებებზე მორგებული, რადგან გონივრული მისადაგების პრინციპი (რა სავარაუდო პრობლემაც საქმეში გვაქვს) გულისხმობს იმას, რომ ღონისძიება გატარდეს უშუალოდ ამ ადამიანის (ტერეზა გალსტიანის) საჭიროებებთან მიმართებით“, – ამბობს შუბაშვილი.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისმა გამოცდების ცენტრს კონკრეტული კითხვებით მიმართა და ელოდებიან პასუხს. „ჩვენთვის მოწოდებული პასუხების შესაბამისად შევაფასებთ მთლიანად პროცესს. საქმის წარმოების მასალები რაც იქნება, ამაზე დაყრდნობით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, – ამბობს ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა იქნება შემდეგი ეტაპი, თუკი დადასტურდება დისკრიმინაცია? – ქეთი შუბაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველი გამოცდების ცენტრს რეკომენდაციით მიმართავს.

__________________

ამავე თემაზე:

სმენის დარღვევის მქონე აბიტურიენტი ტესტებიდან მოსასმენი ნაწილის ამოღებას ითხოვს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: