მთავარი,სიახლეები

რა შედეგი მოიტანა მეგობრის მერიაში მონიტორად დანიშვნამ – არჩილ ჩიქოვანის პასუხი

07.06.2021
რა შედეგი მოიტანა მეგობრის მერიაში მონიტორად დანიშვნამ – არჩილ ჩიქოვანის პასუხი

რა შეცვალა ბათუმის მერიის მუშაობაში მონიტორმა, რომელიც წინა წლებში საერთოდ არ გვყავდა. ეს განყოფილება წელს შექმნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და მის უფროსად თავისი კლასელი და მეგობარი გიორგი ხარაზი დანიშნა. ამ თემაზე არჩილ ჩიქოვანს დღეს, 7 ივნისს, ვკითხეთ, როცა ის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ავსტრიული კუთხის გახსნას დაესწრო ავსტრიის ელჩთან ერთად.

„ბათუმის მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო პოლიტიკას… მონიტორინგის კონკრეტული ჯგუფის დავალებები არის არსებული საბიუჯეტო რესურსების და საბიუჯეტო ღონისძიებების კონტროლის განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება ბათუმის მერიის ხელმძღვანელი პირებისათვის. აქედან გამომდინარე, საჭიროებები და აუცილებლობები განისაზღვრება საბიუჯეტო ორგანიზაციის წლის ბიუჯეტის შესაბამისად,“ – გვიპასუხა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

არჩილ ჩიქოვანს დაკონკრეტება ვთხოვეთ: რა შედეგი მოიტანა იმან, რომ მერიის ხელმძღვანელებს მონიტორინგის ჯგუფი სამსახურების მუშაობის შესახებ ინფორმაციას აწვდის?

„შედეგს ვერ ხედავთ თქვენ ქალაქში?“ – კითხვა დაგვიბრუნა არჩილ ჩიქოვანმა.

აკონტროლებს თუ არა მონიტორინგის ჯგუფი მერიის თანამშრომლების ფეისბუქპოსტებს, რას გააზიარებს ან არ გააზიარებს საჯარო მოხელე? – მოვალეობის შემსრულებელს ეს კითხვაც დავუსვით.

„ეს სასაცილო კომენტარია,“ – მოკლედ გვიპასუხა არჩილ ჩიქოვანმა და გვირჩია დამატებით მოვიკვლიოთ, ვინ რა საქმითაა დაკავებული მერიაში.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, მიზნობრივი პროგრამების ეფექტურად განხორციელება არის მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის შედეგი. თუმცა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვერ დაგვიზუსტა, რით გაზომეს ეს ეფექტურობა ან ეფექტურობაზე  მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის გავლენა.

„შედეგების და არსებული სიტუაციის შესახებ მგონი ჩვენი თანამოქალაქეები თვალნათლივ ხედავენ და დანარჩენი თუ რამე კონკრეტული კითხვები გექნებათ, მოგვმართეთ… მიზნობრივი პროგრამების ეფექტიანობა არის გაზრდილი-თქო გეუბნებით,“ – თქვა არჩილ ჩიქოვანმა.

რაში გამოიხატება, რომ გაზრდილია ეფექტურობა? – ვკითხეთ ქალაქის პირველ პირს.

„კარგით, მადლობა,“ – დაგვემშვიდობა არჩილ ჩიქოვანი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: