მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა ბავშვის მე-6 კბილს – სტომატოლოგის რჩევები

07.06.2021 • 3537
რატომ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა ბავშვის მე-6 კბილს – სტომატოლოგის რჩევები

პირის ღრუზე ზრუნვა პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა დაიწყოს, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ბავშვთა სტომატოლოგის, ნათია ქოქოლაძის თქმით, ამის გამო უკვე  2-3 წლის ასაკში ბავშვებს ხშირად კარიესით აქვთ დაზიანებული კბილები.

როგორია ბავშვის პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, რომელი კბილის პასტა არ შეიძლება პატარებისთვის და როგორ ავაცილოთ კარიესი ბავშვებს – “ბათუმელების” კითხვებს ნათია ქოქოლაძე პასუხობს.

  • რა არის ბავშვებში კარიესის განვითარების მიზეზი?

ძალიან ხშირია 2 წლის ასაკიდან მომართვიანობა ე.წ. ბოთლის კარიესით. ამის მიზეზი არის ძირითადად დატკბილული სითხეები, კომპოტები, რომლებსაც ბავშვებს ხშირად ძილის წინ, დასამშვიდებლად აძლევენ ბოთლით. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, არც ძირითად კვებას შორის უნდა მივცეთ ბოთლით კომპოტები და არც დასამშვიდებლად, განსაკუთრებით ძილის წინ, ანუ საღამოს საათებში. ეს არის განსაკუთრებით გასათვალისწინებელი.

გარდა ამისა, აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი ექვს თვეში ერთხელ, რათა ინდივიდუალურად დაინიშნოს კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა.

თუ მშობელი არ არის ჩართული ბავშვის კბილების წმენდის პროცესში, ამ შემთხვევაში აუცილებელია ამ პროცესის კონტროლი, რომ ბავშვმა კბილები გაიხეხოს მინიმუმ ორჯერ დღეში – დილით და საღამოს.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის კბილის პასტის შერჩევა ინდივიდუალურად?

პატარებს, 3-4 წლამდე ასაკის ბავშვებში, არ არის რეკომენდებული ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენება. მის შესაცვლელად კბილის პასტაში არის სპეციალური დანამატი – ქსილიტოლი, რომელიც ხელს უშლის კარიესის განვითარებას.

ხშირად ბავშვები იყენებენ მშობლების კბილის პასტებს, რომლებშიც ფტორი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა და  ასეთი კბილის პასტის უნებლიე ყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს არაკარიესული დაზიანება უკვე მუდმივ კბილებში, რაც თეთრი ლაქის სახით ვლინდება.

  • როგორ ავიცილოთ ბავშვებში კარიესი?

კარიესის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რისთვისაც საჭიროა ხელშეწყობა, კონტროლი და სტომატოლოგთან პერიოდული ვიზიტი. კარიესის თავიდან აცილება კვებით უნდა დავიწყოთ. ტკბილეულის შეზღუდვის პარალელურად უნდა შევზღუდოთ ხილის ფრეშები. სასურველია ბავშვმა ხილი კარგად გაწმენდილი, გასუფთავებული მიიღოს, ვიდრე ის ფრეშის სახით დალიოს. ეს, პირადად ჩემი რეკომენდაციაა მშობლებისთვის.

უმჯობესია ფრეშების ნაცვლად ბავშვმა ხილი მიირთვას ჩვეულებრივად – დაკბიჩოს, დაღეჭოს, რათა სახის კუნთები განუვითარდეს, კბილის  ქსოვილიც მყარი იყოს და ასე შემდეგ.  ცხადია, არ იგულისხმება წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ხილს ფიზიკურად ვერ ჭამენ მყარი ფორმით. რეკომენდაცია ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც უკვე იწყებენ ღეჭვას.

კიდევ ერთი რჩევა, ერთი წლის ასაკიდან აუცილებლად გადავიყვანოთ ბავშვი ჭიქაზე, რომ თავიდან ავიცილოთ “ბოთლის კარიესები”, რაც ზემოთ ვახსენე. როცა ბავშვებს ბოთლით აძლევენ დასამშვიდებლად ტკბილ კომპოტებს.

როგორც კი პატარა კარიესულ ღრუს შენიშნავს მშობელი, აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი. თუმცა უმჯობესია, სანამ კარიესული ღრუ გაჩნდება, სტომატოლოგთან ვიზიტი მანამ დაიგეგმოს, რათა მივცეთ სწორი მითითებები, რეკომენდაციები, დავუნიშნოთ კბილის პასტა, ჯაგრისი და ა.შ.

  • კბილის ამოღება სახლის პირობებში რამდენად დასაშვებია?

წინა კბილი მარტივად ძვრება და დიდი ტრაგედია არ არის, თუ ეს სახლში მოხდება. თუმცა ეს ეხება წინა ფრონტალურ კბილებს.

არის კბილების კატეგორია, მაგალითად, საღეჭი კბილები, რომელთაც სახლის პირობებში ვერ ამოუღებთ ბავშვს და ექიმი სტომატოლოგის დახმარება აუცილებელია.

თან მიდგომაც განსხვავებული გვაქვს, ბავშვი სპეციალისტთან კბილის ამოღების შემდეგ მხიარულად გადის კლინიკიდან, ვიდრე სახლში ამოღების დროს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სტომატოლოგის დახმარება წინა კბილების ამოღების დროსაც ხდება საჭირო.

ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მისთვის კომფორტული გარემო შევქმნათ, რათა არ დაისტრესოს და საბოლოოდ ეს ყველაფერი მის ფსიქიკაზე არ აისახოს. მისთვის ეს გამოცდილება (კბილის ამოღება) არ უნდა იყოს ტრაგიკული პროცესი. მათთვის ეს სიახლეა, ვერ ხვდება რასთან აქვს საქმე, ამიტომ დღეს უკვე ხშირად მიმართავენ სტომატოლოგს კბილის ამოღებისთვის.

  • მე-6 კბილთან დაკავშირებით სხვადასხვა მითი არსებობს, რატომ?

საქმე ის არის, 5-6 წლის ასაკიდან უკვე იწყება სარძევე კბილების (ადამიანის კბილების პირველი კომპლექტი) მოცვლა და ახალი (მუდმივი) კბილების ამოჭრა.

მოზარდები სარძევე კბილების საბოლოო ცვლას უკვე 12 წლის ასაკში ასრულებს, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. 6 წლიდან იწყება პირველი ე.წ. მუდმივი კბილების ამოჭრა, მათ შორის პირველი ამოიჭრება ცენტრალური და მე-6 კბილები. ხშირად მე-6 კბილი ერევათ სარძევე კბილში, ამიტომაც ძალიან საყურადღებოა მე-6 კბილის ამოჭრის პროცესი.

მინდა მშობლებს ვურჩიო, ყურადღებით იყვნენ  მე-6 კბილების ამოჭრის დროს, რაც ბავშვებს ეწყებათ სადღაც 5-6 წლის ასაკიდან. ეს კბილები ამოეჭრებათ სხვა კბილებისგან დამოუკიდებლად სარძევე კბილების, საღეჭი კბილების უკან. ხშირად ესეც სარძევე კბილი ჰგონიათ და ყურადღებას არ აქცევენ, ჰგონიათ, რომ მოსაცვლელია, არ ხდება მისი სრულფასოვანი წმენდა და ასე შემდეგ. შედეგად უკვე 10 წლის ასაკში სერიოზული დაზიანებებით მოდიან  ბავშვები, რის გამოც ხშირად გვიწევს ასეთ კბილებში ნერვის მოკვლა.

გადაბეჭდვის წესი