სიახლეები

ფინეთის პრემიერი საუზმისთვის ბიუჯეტიდან გადახდილ ფულს უკან აბრუნებს

07.06.2021
ფინეთის პრემიერი საუზმისთვის ბიუჯეტიდან გადახდილ ფულს უკან აბრუნებს

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახის საუზმისთვის თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება.

ინფორმაცია სანა მარინის საუზმის ხარჯების შესახებ ფინურმა გაზეთმა „Iltalehti“-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ პრემიერ-მინისტრის კანცელარია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ქვეყნის პირველი პირისა და მისი ოჯახის საუზმისთვის და ამისათვის თვეში 850 ევრო იხარჯება ბიუჯეტიდან.

სანა მარინმა განაცხადა, რომ ეს წინა პრემიერ-მინისტრების მუშაობის დროს დადგენილი პრაქტიკა იყო და მას არ მიუღია მონაწილეობა ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

ფინური მედიის ცნობით, პოლიციამ აღნიშნულზე მოკვლევა დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ამ დროისათვის არ არის კანონდარღვევაში ეჭვმიტანილი, განაცხადა, რომ ის უკვე თავად გადაიხდის მისი ოჯახის საუზმის ფულს.

„რადგან არსებობს კითხვები კვებასთან დაკავშირებით, საკუთარ ხარჯებს მე გადავიხდი“ – დაწერა სანა მარინმა ტვიტერზე, ხოლო მოგვიანებით, ტელეკომპანია MTV3 – თან საუბრისას დასძინა, რომ არ აპირებს მომავალში კვების ამ პრაქტიკის გაგრძელებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დადგენილი იქნება პროტოკოლით.

მან ასევე განაცხადა, რომ დააბრუნებს ქვეყნის ბიუჯეტში 14 ათას ევროს, რაც მისი პრემიერობის პერიოდში მისი ოჯახის საუზმისთვის დაიხარჯა.

___________

ფოტო: worldakkam.com

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: