გართობა,კულტურა,მთავარი,სიახლეები

როგორ დატროლეს პანდემია ბათუმელმა მუსიკოსებმა და რა არის CLAPPER-ი

06.06.2021 • 2375
როგორ დატროლეს პანდემია ბათუმელმა მუსიკოსებმა და რა არის CLAPPER-ი

„ქლაფერი“ Clapper მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც პანდემიის პერიოდში იმ მიზნით დაარსდა, რომ მუსიკის მოყვარულ ადამიანებს სოციალური დისტანცირებისა და ჩაკეტილობის პირობებში ონლაინ ემოგზაურათ საინტერესო ადგილებში და პირდაპირ, Live რეჟიმში მოესმინათ ელექტრონული მუსიკისთვის.

„ქლაფერის“ ფარგლებში ადგილობრივი და მოწვეული არტისტები, რეგიონში, სხვადასხვა ადგილას უკრავენ ელექტრონულ მუსიკას, რომელსაც მაყურებელი ფეისბუქის პირდაპირი ჩართვის მეშვეობით, მიმდინარე დროში ესწრება. „ქლაფერი“ მალე ერთი წლის ხდება, პროექტის ფარგლებში სულ 7 ღონისძიება გაიმართა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, სოფელი შრომის მუნიციპალური თეატრის ძველ შენობაში, მწვანე კონცხზე და სულ მალე მუსიკოსები ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონიდანაც ჩაერთვებიან.

„ქლაფერი“ ირაკლი ჯაფარიძისა და დავით ახმაევის წამოწყებაა, ორივე მათგანი აუდიო-ვიზუალურ კონტენტს ქმნის სხვადასხვა პროექტისთვის. 

  • რა არის „ქლაფერი“ და ვისთვის არის ის?

დავით ახმაევი

დავითი: „ქლაფერი“ სივრცეა, რომელიც მაუწყებლობს ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუქის საშუალებით. მისი იდეა, პირველ რიგში, ადგილობრივი არტისტების ხელშეწყობა და მსმენელთათვის, დისტანცირებული ურთიერთობის პირობებში, მუსიკის ტალღების მიწოდებაა. ასევე მაყურებელს ახლებურად ვაცნობთ სხვადასხვა უცნობ, ახალ ლოკაციებს, ჩვენებური რეჟისორული ხედვით.

ამ პროექტს ბევრი ანალოგი აქვს მსოფლიოში, არაერთი ლეიბლი აკეთებს იმავე საქმეს საზღვრებს მიღმა, ამ მხრივ პირველები ნამდვილად არ ვართ.

ირაკლი: სიმართლე რომ ითქვას, ამ პროექტის იდეა ასე პირდაპირ არ გაჩენილა. კონცეფცია თავიდანვე გააზრებული არ იყო. რაღაცების კეთება დავიწყეთ და ამ მოძრაობებმა მოგვიყვანა აქამდე. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი სხვადასხვა რამის სინთეზით შეიქმნა „ქლაფერი“ და ამ შემადგენლობის ცენტრში, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, მეგობრობაა.

  • ვინ აკეთებს ქლაფერს?

დავითი: ჩვენი “არაოფიციალური” ხმის ინჟინერია ჩვენი მეგობარი დემე დარჩია, რომელიც თითქმის ყველა ლაივსტრიმზე ჩვენთანაა და ხმის ხარისხზე ზრუნავს.

ირაკლი: იდეების შეჯამება და კონცეფციის ჩამოყალიბება ქლაფერის წამყვანის, რატი რატიანის საქმეა. ის შესავალში ყოველთვის ეხმაურება ხოლმე აქტუალურ თემებს და რეალურ პრობლემებთან თუ მოცემულობებთან ახდენს დალინკვას ამა თუ იმ ლოკაციისა და ივენთის, თუნდაც ბულვარში უკანონო მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას რომ დაემთხვა ჩვენი ივენთი, იქაც თქვა, რომ ასეთი ადგილები უნდა შევინარჩუნოთ … ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

ირაკლი ჯაფარიძე

  • ადგილებს როგორ არჩევთ?

ირაკლი: მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო, ჯერჯერობით მხოლოდ ლაივპოდკასტის ფორმატი გვაქვს.

საბოლოო ჯამში იდეა ისაა, რომ „ქლაფერის“ სივრცე მაქსიმალურად სახალხო გახდეს.

შეზღუდვები როცა მოიხსნება და ხელ-ფეხი გაგვეხსნება ბევრი ადამიანი შეძლებს ჩვენთან ერთად ოფლაინ დასვენებას. ახლა, სანამ მაყურებელი ვერ გვესწრება, არის საშუალება ისეთი ლოკაციებიდან ჩავერთოთ, როგორიც, მაგალითად, ხელოვნების მუზეუმი ან ბათუმის სტადიონია.

მაყურებელთან ერთად ალბათ უფრო სხვა რამეებზე გაკეთდება აქცენტი, კერძოდ იმაზე, რომ იყოს უსაფრთხო საცეკვაო სივრცე ბევრისთვის.

თუმცა, გპირდებით, საინტერესო ლოკაციების იდეას არ ვუღალატებთ. მუსიკალურ ღონისძიებებს ისევ გამორჩეულ ადგილებზე გავმართავთ, ოღონდ მხოლოდ ლაივი აღარ იქნება, აქ უკვე ადამიანები შეძლებენ მოსვლას, მუსიკის მოსმენას, ერთმანეთის ნახვას და გართობას.

იყო შემთხვევა, როცა პანდემია „დავტროლეთ“.

ფორსმაჟორის გამო, ლაივსტრიმის მოწყობა მეგობრის ბინაში მოგვიწია, აივნიდან მთელს ევროპის მოედანზე ისმოდა მუსიკა, რომელსაც ყველაზე დიდი ინტერაქცია ჰქონდა სოციალურ ქსელებში.

იდეაში სახლში ვიყავით, ხმის გამაძლიერებელი აივანზე გვედგა – პანდემიის გამო ხალხი ვერ გვესწრებოდა ოფლაინ, მაგრამ თან გვესწრებოდა, თან სტრიმზეც ვიყავით.

სწორედ ამ ლაივის შემდეგ შეგვეხმიანა აჭარის მუზეუმების გაერთიანება და შემოგვთავაზა მათი სივრცე. ბოლო ივენთი ხელოვნების მუზეუმში გვქონდა, სადაც მომნუსხველ ექსპერიმენტებს ანუშკა ჩხეიძე ატარებდა.

ლოკაციის მთავარი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილი, ახლებურად დავანახვოთ ის.

პირადად ჩემი ფავორიტი ლოკაცია იყო ოზურგეთში, სოფელ შრომაში კულტურის სახლი, სადაც ადგილობრივი არტისტი DJ Astrobee გვყავდა. აქვე ვიტყვი, რომ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს, ამაში ვთანხმდებით ყველა წევრი.

რაც შეეხება ლოკაციას, 50-იან წლებში აშენებულ მუნიციპალურ თეატრში ვიყავით. შენობის ინტერიერზე ძალიან ლამაზი ნახატები იყო შრომის გმირების. მართალია, იმდენი ხანია მიტოვებულია, ლამის ჩამოშლილია გამოსახულებები, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი გამოვიდა.

განათების დიდი დამსახურებაა ამ ლაივის გამოსვლა, რომლის მოწყობაშიც „ფართიპლანერი“ სრულიად უსასყიდლოდ დაგვეხმარა. ეს თეატრი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს, ამ ივენთზე გაცოცხლდა და სხვათა შორის ბევრიც დაინტერესდა – სად არის ეს თეატრი და რატომ არის ასეთ მდგომარეობაში…

დავითი: ადგილის შერჩევისას ყურადღებას ვაქცევთ კონტექსტებსა და ხალხის განწყობას ამ სივრცესთან მიმართებაში და ამასთან ერთად 4G უნდა იჭერდეს ძალიან კარგად.

გვინდა ვუთხრათ ყველას, არტისტს, საინტერესო ლოკაციებს და უბრალოდ საინტერესო ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ დახურული სამეგობრო, პირიქით, ძალიან გახსნილები ვართ და გვინდა მოვუწოდო მოგვწერონ, გავერთიანდეთ.

  • ვის შეუძლია მოხვდეს „ქლაფერში“?

ირაკლი: სურვილი გვაქვს, რომ რაც შეიძლება ბევრს მიეცეს ამის საშუალება, სპეციფიკური ნიუანსებია გასათვალისწინებელი.

შეიძლება ვიღაც არტისტი გვყავდეს, რომელიც გამოგვეხმაურა და გვითხრა, რომ დიდი სურვილით ჩაერთვებოდა ამ პროექტში. გვიგზავნის თავის ნაშრომებს, რომელიც არის შესანიშნავი, მაგრამ იმ ლოკაციას არ ერგება, რაც ხელთ გვაქვს, ადგილის ხასიათი ვერ მიდის მუსიკის ჟანრთან…

მაგრამ ყველა გვახსოვს ვინც შეგვეხმიანა და ღია ვართ, უბრალოდ დროის ამბავია.

ლოკაციის ხასიათის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი არსებობს. ჩვენი მთავარი პლატფორმა არის ფეისბუქი, რომელსაც მკაცრი პოლიტიკა აქვს საავტორო უფლებებთან მიმართებაში. არსებობენ არტისტები, რომლებიც უკრავენ შესანიშნავ მუსიკას, მაგრამ ფეისბუქი საავტორო უფლებების გამო ლაივსტრიმს შეგვიწყვეტს, რაც ძალიან უსიამოვნო მომენტია. ბევრი დიჯეია, ვინც ეს ტექნიკა კარგად იცის, მაგრამ ტრეკები აქვთ, რომელზეც საავტორო უფლებებია საჭირო. ცოცხალი მუსიკის ავტორებთან მსგავსი პრობლემები არ შეგვექნება, რაც უკვე კარგია.

დავითი: აქამდე შვიდი ივენთი გვქონდა და აქედან ექვსზე ადგილობრივი არტისტი გვყავდა და რაც მთავარია, მალე ელექტრონულ ჟანრსა გავცდებით, როგორც კი ტექნიკურად ამის შესაძლებლობა გვექნება.

ძალიან გაგვიხარდება ადგილობრივი და არა მხოლოდ მუსიკოსების ჩაწერა, რომლებიც „ქლაფერის“ მრავალფეროვან სცენაზე თავიანთ განსხვავებულ ხედვას, განსხვავებული ჟანრიდან აჩვენებენ.

ერთ-ერთი მთავარი იდეა ადგილობრივი არტისტების პოპულარიზაციაა, ჩვენი ჩანაწერები შეიძლება მათი პორტფოლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს, როცა რაღაც პროექტში გადაწყვეტენ მონაწილეობას, შეუძლია აჩვენოს თავისი სეტი მშვენიერი ვიზუალიზაციით. თუმცა მთავარი იდეა მაინც მსმენელისთვის/მაყურებლისთვის საინტერესო ღონისძიების ჩატარებაა.

  • მაყურებლისთვის ბოლო სიახლე რა გაქვთ?

ირაკლი: თავიდან თვეში ორი ივენთი გვქონდა ჩაფიქრებული, ვაკეთებდით კიდეც, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა ტექნიკურ ნიუანსს წავაწყდით და ორთვიანი პაუზა ავიღეთ, მაგრამ ამ დროში ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ტექნიკური შესაძლებლობები გაგვეუმჯობესებინა. ახლა 6 ივნისს ვბრუნდებით ორთვიანი პაუზის შემდეგ გაძლიერებული ტექნიკური შესაძლებლობებით და უკვე თვეში ორი ივენთით, სტაბილურად. იმის მიუხედავად, ხალხი ფიზიკურად დაგვესწრება თუ ჯერ ისევ ვერ.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ საკმაოდ ეფექტური დაბრუნება გვექნება. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა ბათუმს გვეღირსა სტადიონი, ამ სივრცის მიმართ განწყობაც ძალიან პოზიტიურია ყველგან, ქომაგებიც ძალიან აქტიურები არიან, ვიზუალურადაც ძალიან კარგი სივრცეა, სწორედ ამიტომ მომდევნო სტრიმისთვის სტადიონი შევარჩიეთ.

დავითი: არტისტი – გიორგი ჯინჭარაძე იქნება, სასცენო სახელია – Generali Minerali. ეს პროდიუსერი დიჯეია, რომელიც საავტორო მუსიკით ჩამოდის. იქნება ერთსაათიანი სეტი.

ეს, ფაქტობრივად, კოლაბორაციული სტრიმია, რადგან ამავე ივენთზე, ამ მუსიკოსთან ერთად ჩამოდის ვიზუალური არტისტი – „მასტერსკი“, რომელიც სტრიმის დროს ვიზუალურ მხარეს გააფორმებს განათებით. ძირითადად „ბრეიქბიტია“, ცოტა სწრაფი, აქტიური მუსიკაა, უფრო მასშტაბური, არა დახურული სივრცისთვის, ისეთი, რომელიც შეიძლება „დინამომაც“ ვერ დაიტიოს.

როგორ და რა მოხდება, ვნახავთ და მოვუსმენთ 6 ივნისს, ჩვენც ველოდებით ამ თარიღს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: