მთავარი,სიახლეები

„65 წლის გავხდი და ნოტარიუსად აღარ მამუშავეს“ – ქალი პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივის

07.06.2021 • 1923
„65 წლის გავხდი და ნოტარიუსად აღარ მამუშავეს“ – ქალი პარლამენტს საკონსტიტუციოში უჩივის

„ძალიან აქტიური ქალი ვარ, არც გონებრივი სამუშაო მიჭირს, არც ფიზიკური, ახლაც ბოსტანში ვარ და ვმუშაობ,“ – გვიყვება 66 წლის მედეა გვაზავა. მუშაობის 23-წლიანი გამოცდილების შემდეგ ის ნოტარიუსად იმიტომ ვეღარ მუშაობს, რომ 65 წლის გახდა – კანონი ნოტარიუსებისთვის ასაკობრივ ზღვარს აწესებს. ყოფილი ნოტარიუსი მიიჩნევს, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულია.

„გასული წლის პირველ ნოემბერს გავხდი 65 წლის. მას შემდეგ სამსახურში არ მივსულვარ,“ – განსაკუთრებული ემოციით უსვამს ხაზს მედეა გვაზავა წინა დაბადების დღეს, რომლის შემდეგაც სამსახურში არ ყოფილა და რომლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე პარლამენტს ასეთი კანონის მიღებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა.

„ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოს ჩემი სარჩელის განხილვაც კი არ დაუწყია, ესაა სამართალი?“ – კითხულობს მედეა გვაზავა.

მას შემდეგ, რაც ნოტარიუსად თბილისში ვეღარ მუშაობს, მედეა გვაზავა ლანჩხუთში, სოფელ ჩოლობარგში ამუშავებს ბოსტანს.

„ტყუილ-უბრალოდ გაჩერება არ შემეძლო, ეს ჩემი მეუღლის სოფელია, წამოვედი და აქ ვამუშავებ ბოსტანს. აბა, სად უნდა მიმიღონ აწი? 23 წელი ისე ვიმუშავე ნოტარიუსად, ერთი გადაცდომაც კი არ მქონია, არ დააფასეს… კანონით შესაძლებელია 5 წლით გახანგრძლივება და 70 წლამდე მუშაობა, თუკი მინისტრი ამის უფლებას დაგრთავს, მაგრამ მე ეს უფლებაც არ მომცეს. ჩემი აზრით, ზედა ზღვარიც, ანუ 70 წელიც არაკონსტიტუციურია,“ – კატეგორიულია მედეა გვაზავა.

ყოფილი ნოტარიუსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ასაკობრივი შეზღუდვა ლოგიკურია ისეთ პროფესიებზე, რაც ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება. მედეა გვაზავა აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ ზოგიერთ პროფესიაში, სადაც ასევე არის ასაკობრივი ზღვარი და არ არის კავშირში ფიზიკურ აქტივობასთან, განსხვავებულ პენსიას იღებენ.

„მაგალითად, მოსამართლე, პროკურორი, მათ აქვთ განსხვავებული და ღირსეული პენსია, ჩვენ კი 240 ლარი,“ – დასძინა მედეა გვაზავამ.

მედეა გვაზავასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში მოქმედი ნოტარიუსი – ჯულიეტა არჩვაძეც დავობს. ის 69 წლისაა და რამდენიმე თვეში შეუწყდება მუშაობის უფლება, როცა 70 წლის გახდება.

ჯულიეტა კანონის მიღების დროისთვის ანუ 2017 წელს უკვე 66 წლის იყო და მასზე გარდამავალი დებულება გავრცელდა – უფლებამოსილების ვადა 70 წლის ასაკის მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაუთვალეს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ამგვარი მიდგომით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლის თანახმადაც: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.”

„გაურკვეველია სახელმწიფოს მიერ ნოტარიუსებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის მიზნობრიობა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, საჯარო მოხელეებთან მიმართებაში საპენსიო ასაკი აღარ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

ნოტარიუსების სარჩელების დასაშვებად ცნობის საკითხიც კი, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული არ აქვს. მოსარჩელეების ინტერესებს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამართლის კლინიკის იურისტი მარი კაპანაძე იცავს. მარი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვისთვის 9 თვე აქვს განსაზღვრული და არ არის დაკონკრეტებული, რა ვადაში უნდა დაიწყოს არსებითი განხილვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კიდევ რამდენიმე მსგავსი შემთხვევის განხილვა მოუწევთ, სადაც ასევე ასაკობრივ შეზღუდვას მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, მაგალითად, ეკა ჩერქეზიშვილი იმის გამო გაუშვეს ჯარიდან, რომ ის 45 წლის გახდა. ეკა სამხედრო ოფიცერია.

საკონსტიტუციოში დავობს მეხანძრე-მაშველიც, რომელიც უსამსახუროდ მას შემდეგ დარჩა, რაც მას 55 წელი შეუსრულდა.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, საკონსტიტუციო სასამართლომ ასაკობრივი დისკრიმინაცია დაადგინა სასამართლოს მანდატურების საქმეზე – მათ 50 წლის ასაკის შემდეგ აღარ შეეძლოთ მანდატურად მუშაობა. სასამართლომ დისკრიმინაციულად მიიჩნია ასევე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობისთვის ზღვრული ასაკის დადგენა, რაც 70 წელი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: