მთავარი,სიახლეები

რას ცვლის სააკაშვილის ჩამოსვლა – პოლიტიკური პროგნოზი

28.09.2021 • 3535
რას ცვლის სააკაშვილის ჩამოსვლა – პოლიტიკური პროგნოზი

„სააკაშვილი არ ჩამოვა ისე, რომ დააკავონ. მას სხვა გათვლა აქვს,“ – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია საქართველოს მესამე პრეზიდენტის 2 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებაზე. პოლიტოლოგები სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ, თუ როგორ შეცვლის პოლიტიკურ ამინდს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ფიზიკურად ჩამოსვლა და თუნდაც გისოსებს მიღმა აღმოჩენა. პოლიტიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ სააკაშვილის დაბრუნება ახალი ეტაპის დასაწყისია ქართულ პოლიტიკაში.

რა იცვლება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებით? – „ბათუმელები“ ორ პოლიტოლოგს ესაუბრა: გია ნოდიას და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსს, ნინო სამხარაძეს.

  • რატომ მოფრინავს მიხეილ სააკაშვილი საღამოს რეისით? 

„ვფიქრობ, შემთხვევითი არაა ის, რომ მან არჩევნების დღეს საღამოს რეისზე აიღო ბილეთი,“ – საკუთარ ვერსიას გვიზიარებს პოლიტოლოგი გია ნოდია სააკაშვილის ბილეთზე. – „ის ჩამოდის არჩევნების დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, როცა ამომრჩევლები გადაწყვეტილებას მიიღებენ და მას ექნება წინასწარი შედეგები. სხვაგვარად ვერ ავხსნით, რატომ აიღო ბილეთი საღამოს რეისზე…

ვფიქრობ, სწორედ ეგზიტპოლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, სააკაშვილი წამოვა თუ არა საქართველოში. თუ ოპოზიციური განწყობა ფიქსირდება საზოგადოებაში, ამ განწყობის ფონზე ხელისუფლება ვერ გაბედავს მის დაკავებას, ან მისი მომხრეები ამის საშუალებას არ მისცემენ,“ – გვითხრა გია ნოდიამ.

გია ნოდია, პოლიტოლოგი

„ჩანს უკვე ანონსით, როგორი გავლენა მოახდინა პროცესზე,“ – საუბრის დასაწყისშივე სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას პოლიტიკის ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე. ის ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ ლიდერების რეაქციას, სადაც ჩანს შიშიც, თუკი სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება.

პოლიტოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ბევრად უფრო რადიკალური გახდება და ბიპოლარულიც  მას შემდეგ, როცა სააკაშვილმა ფრენის ბილეთი დადო სოციალურ ქსელში.

„ვფიქრობ, 2 ოქტომბერი აირჩია იმიტომ, რომ ამ გზით უფრო ეფექტურად ცდილობს ამომრჩევლის მობილიზებას. მათ შორის, ზოგადად, საზოგადოების ოპოზიციური ნაწილის, რომლებიც ორჭოფობენ და ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, არჩევნებზე წავიდნენ თუ არა…

თუ ის არ ჩამოვა საქართველოში, ეს საზიანო იქნება როგორც მისთვის, ასევე მისი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმ ხარისხით, რა ხარისხის რეაქციას და მობილიზებაც ახლა შეიმჩნევა საზოგადოებაში. ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს პარტიის ნდობის რეიტინგზეც,“ – აღნიშნა ნინო სამხარაძემ „ბათუმელებთან“.

„ახლა, როცა ბილეთი გამოაქვეყნა, კონკრეტული დღე და საათი ცნობილია, ძალიან სერიოზული არგუმენტი უნდა თქვას, რომ აღარ მოდის. თუ ასე მოხდა, ეს დაასუსტებს სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს და, ბუნებრივია, ეს აისახება „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან ამ პარტიაში ცენტრალური ფიგურა ისევ სააკაშვილია.

ვფიქრობ, რომ არ ჩამოვა ისე, რომ დააკავონ,“ – ამბობს გია ნოდია.

  • რა შემთხვევაში შეიძლება ვერ დააკავონ სააკაშვილი? 

მიხეილ სააკაშვილი კანონის მიხედვით უნდა დააკავონ, რადგან ის რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული. „ოცნების“ ლიდერებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი ციხეში წავა, თუმცა პოლიტიკის ექსპერტები არ გამორიცხავენ სცენარის სხვაგვარად განვითარების შესაძლებლობას.

გია ნოდია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლას იხსენებს 2017 წელს.

„ქართული ოცნება“ შეეცდება მის დაპატიმრებას, რადგან სხვა შემთხვევაში ის პოლიტიკურ სახეს დაკარგავს, თუმცა გააჩნია, როგორია საზოგადოების განწყობა. თუ მომხრეები იქნებიან მობილიზებული და, მეორე მხრივ, აშკარად გამოჩნდება ოპოზიციური განწყობა, საკმაოდ რთული და მწვავე სიტუაცია შეიძლება შეიქმნას.

ჩვენ ვნახეთ, როგორ შევიდა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში. ოპოზიციური განწყობის ფონზე ხელისუფლება ვერ გაბედავს მის დაკავებას…

სააკაშვილი ციხეში გაზრდის პროტესტის ინტენსივობას, თუმცა რამდენად, ეს რთული სათქმელია. გასაგებია, რომ სააკაშვილის აქ ყოფნა და ერთგვარი მსხვერპლშეწირვა გაზრდის ტემპერატურას, მაგრამ ასეთი პროტესტის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ხალხი დაიღლება და დაიშლება, მაგრამ შესაძლოა ეს პროტესტი დიდი და ხანგრძლივი იყოს ბევრად, ვიდრე წინა შემთხვევებში იყო,“ – ვარაუდობს გია ნოდია.

„ამ შემთხვევაში პრაქტიკულად გადამწყვეტია, გადალახავს თუ არა „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან ბარიერს,“ – მიიჩნევს ნინო სამხარაძე. ის აქცენტს ე.წ. მიშელის დოკუმენტზე აკეთებს, სადაც „ოცნებამ“ პირობა დადო, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, თუკი მმართველი პოლიტიკური ძალა 43 პროცენტზე ნაკლებს აიღებს.

ნინო სამხარაძე

„კვლევების მიხედვით, რეალური შანსია ახლა, რომ „ოცნებამ“ ვერ აიღოს ეს 43 პროცენტი. ეს შეთანხმება გაუქმებულია, მაგრამ სიმბოლურად ციფრი  – 43 პროცენტი არსებობს და ოპოზიციურ სპექტრს ბევრად მეტი ლეგიტიმაცია ექნება მასობრივი პროტესტი ისევ ქუჩაში გადაიტანოს. ცალკე საკითხია, რამდენად ხისტი იქნება ამ შემთხვევაში ხელისუფლების რეაქცია, რომელიც აქამდე საპროტესტო აქციებს მეტ-ნაკლებად არ ეხებოდა. უნდა ველოდოთ იმასაც, რომ აქციებს ამჯერად უფრო ხისტად დაუდგებიან, რაც კრიზისულ პროცესს გაამწვავებს,“ – გვითხრა ნინო სამხარაძემ.

  • რა შეიძლება მოხდეს, თუკი სააკაშვილი დაბრუნდა? 

მმართველი პარტიის თუ ოპოზიციის დღევანდელი რიტორიკიდან გამომდინარე, ნინო სამხარაძისთვის მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი გზა სამოქალაქო დაპირისპირებაა. პოლიტოლოგი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ თუკი სააკაშვილი ვერ დააკავეს, ეს „ოცნების“ დასასრულს ნიშნავს.

„თუ ფიზიკურად ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, პოლიტიკურ ელიტებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო პოლარიზებული, ხისტი და აგრესიული გახდება. ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რისი ნიშნებიც უკვე იკვეთება, ეს საზოგადოებრივი დაპირისპირებაა. დღეს ჩვენ ორივე დიდი პარტიის ლიდერების მხრიდან ვისმენთ განცხადებებს მხარდამჭერების მობილიზებაზე. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა, ნაკლებად გვქონდეს ვარაუდი, რომ ამ ტიპის დაპირისპირებას თავიდან ავიცილებთ,“ – ამბობს ნინო სამხარაძე.

პოლიტიკის ანალიტიკოსის აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში მისი მხარდამჭერების რაოდენობას არ გაზრდის და ბალანსი არ შეიცვლება, მაგრამ „ამ პროცესში კიდევ უფრო ჩაიკარგებიან სხვა ოპოზიციური პარტიები, ასევე სააკაშვილის საქართველოში ყოფნა შეაფხიზლებს როგორც მის ამომრჩეველს, ასევე მის მოწინააღმდეგეებსაც“, – დასძინა ნინო სამხარაძემ.

რამდენად გახდება ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი საგარეო კურსი და დასავლეთთან დაშორება? – პოლიტოლოგი გია ნოდია ამ ნაწილში ფიქრობს, რომ შესაძლოა სააკაშვილის და, ზოგადად, ოპოზიციის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდოს. თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ სააკაშვილის პერსონის გამო ამ დრომდე „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ ახლა პირიქით – მმართველი პოლიტიკური ძალის მხარეს დადგეს.

„ხელისუფლება ელის იმას, რომ თუკი იქნება პროტესტი, ისიც განელდება, როგორც ეს ვნახეთ გასულ წელს. ირაკლი კობახიძემ გვითხრა კიდეც, როგორც გამოხვალთ ქუჩებში, ისე შეხვალთ სახლებშიო.

თუ სააკაშვილი ვერ დააკავეს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესები „ოცნებისთვის“ არასასურველად ვითარდება და ეს პრაქტიკულად ნიშნავს მათ პოლიტიკურ დასასრულს. თუ ვერ დააკავეს, გამოდის, რომ ოპოზიციის მხარეს არის ინიციატივა,“ – აცხადებს გია ნოდია.

„გამოსავალი ისევ პოლიტიკურ ელიტებზეა დამოკიდებული,“ – გვიყვება პოლიტოლოგი ნინო სამხარაძე. – „თუკი ისინი სახელმწიფოებრივ ინტერესებს წინ დააყენებენ და მოხერხდება ინტერპარტიული დიალოგი. მაგრამ დღეს რაც ჩანს, ამის შესაძლებლობა უფრო და უფრო მცირდება… ვისურვებდი, რომ ეს პროცესი გადაიზარდოს დიალოგში, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა, თუმცა ახლა ამის მოლოდინი ნაკლებია“.

ნინო სამხარაძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესში განსაკუთრებულ წონას დასავლელი პარტნიორები შეიძენენ, რადგან „ქართული ოცნება“ თუკი ხელისუფლებაში დარჩენას აპირებს, მაშინ მას დასავლეთის მხარდაჭერა, პოლიტიკური და ფინანსურიც, სჭირდება და „რადიკალური გადახვევების ფუფუნება არ ექნებათ“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, „ოცნება“ უნდა ელოდოს იმას, რომ მისი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც მისი მოწინააღმდეგე გახდება, ეს საკითხი ფართო საზოგადოებრივი თანხმობის საგანია,“ – დასძინა პოლიტიკის ანალიტიკოსმა.

  • არსებობს კოალიციური ხელისუფლების რესურსი? – რა იცვლება პოლიტიკის შინაარსში?

კოალიციურობა და პოლიტიკური პლურალიზმი რომ რეალურად შეცვლის ქართული პოლიტიკის შინაარსს, ამაზე აქცენტს მიხეილ სააკაშვილიც აკეთებს ვიდეოგზავნილებში, რომლებსაც ბოლო პერიოდში ავრცელებს. ბევრისთვის ეს სარწმუნო არ არის.

„ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია,“ – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც დღეს, 28 სექტემბერს, ისევ აღმოჩნდა მისივე პოლიტიკური გუნდის პირისპირ.

პოლიტიკის ანალიტიკოსებს ვკითხეთ, რამდენად არსებობს მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის კოალიციური თანამშრომლობის რესურსი ან მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მუდმივად ედავებოდნენ ერთპიროვნულ მმართველობაში, რამდენად შეიცვალა?

„კოალიციური მმართველობა დღევანდელ სიტუაციაში უკვე პათეტიკურადაც ჟღერს..,“ – გვიყვება ნინო სამხარაძე. – „საბოლოო ჯამში, ეს მაინც პროცენტულ მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული. ფაქტია ისიც, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი, „ოცნებას“ საკმაოდ დიდი პროცენტული მხარდაჭერა აქვს და მასთან ყველას მოუწევს კოალიციაში შესვლა, მაგრამ ის იმდენად ანტაგონისტურადაა განწყობილი ყველა დიდ ოპოზიციურ ძალასთან, რომ ამის რესურსს ვერ ვხედავ, როგორი კეთილი ნებაც არ უნდა არსებობს.“

„არა მგონია, სააკაშვილი შეცვლილიყო,“ – კოალიციის რესურსზე საუბრის დროს აღნიშნა გია ნოდიამ. თუმცა მისი დაკვირვებით, მიხეილ სააკაშვილი პრაგმატიკოსი პოლიტიკოსია და არ გამორიცხავს, მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერიც პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად მოიქცეს.

„სააკაშვილის ტემპერამენტი შესაძლოა არ იყოს მორგებული კოალიციურ მმართველობას, მაგრამ ის ამავდროულად პრაგმატული მოთამაშეა და საჭიროებას თუ დაინახავს, მოერგება მას.

თუმცა, ჩემი აზრით, მთავარია არა სააკაშვილის შეცვლა, არამედ პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლოა ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს ისევ ერთპიროვნული მმართველი, მაგრამ ძნელია დღეს მოიპოვოს ისეთმა პოლიტიკურმა პარტიამ უმრავლესობა, რომელსაც ერთპარტიულობა სურს,“ – გვითხრა გია ნოდიამ.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY DOLZHENKO

გადაბეჭდვის წესი


ასევე: