მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როცა მშობელს მიჯაჭვული ბავშვი სკოლაში მიდის – ფსიქოლოგის რჩევები

28.09.2021 • 1316
როცა მშობელს მიჯაჭვული ბავშვი სკოლაში მიდის – ფსიქოლოგის რჩევები

პირველ კლასში წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მომენტია ბავშვისთვის. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, რის გამოც ბავშვებმა ბაღში სიარული და თანატოლებთან სოციალიზაცია ვერ მოახერხეს, ეს პროცესი უფრო დაამძიმა.

როგორ უნდა დავეხმაროთ სკოლასთან დაკავშირებული შფოთვების მოგვარებაში მშობელს მიჯაჭვულ ბავშვებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ირმა ფეიქრიშვილი საუბრობს. 

  • ქალბატონო ირმა, რატომ ეშინიათ ბავშვებს სკოლის?

საერთოდ, ბავშვმა სკოლამდე უნდა გაიაროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში თავისი პირველი სეპარაცია მშობელთან. ანუ მშობელს უნდა მოსწყდეს პირველად და წავიდეს საბავშვო ბაღში. პირველი ნაბიჯი ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობის დაძლევისკენ სწორედ ეს არის – როდესაც ბავშვი ხდება 3 წლის, მიდის ბაღში და აღმოჩნდება თანატოლების გარემოცვაში. 

ხშირად ხდება ხოლმე, როცა 14-15 წლის მოზარდი მოჰყავს მშობელს და გაცნობისას, მუდმივად იმეორებს ფრაზას, „ჩვენ დავდივართ სკოლაში, ჩვენ გვყავს მეგობრები, ჩვენ, ჩვენ…“ ამ დროს ვთხოვ ხოლმე, რომ თქვას „ის დადის სკოლაში, მას მეგობრები ჰყავს“ იმიტომ, რომ „თქვენ“ აღარ ხართ, მოზარდი უკვე არის პიროვნება, რომელსაც თავისუფლება სჭირდება. მშობლის ასეთი ფორმულირებები კი იმის ნიშანია, რომ სეპარაცია არ მომხდარა და ბავშვი ჯერ კიდევ „ჭიპლარით დაჰყავს“, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა იგულისხმება.

თუ რაიმე მიზეზით ბავშვს არ ეძლევა საბავშვო ბაღში, თანატოლებთან ყოფნის და შესაბამისად, სოციალური უნარების განვითარების შესაძლებლობა, მაშინ გამოსავალი სამეზობლოს ბავშვების მიკროსოციუმი შეიძლება იყოს.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მდგომარეობა პანდემიის გამო რადიკალურად შეიცვალა და ბავშვებს საბავშვო ბაღში სიარულის საშუალება არ მიეცათ, ფაქტობრივად, ორი წელია ჩვენი ბავშვები “შიდაპატიმრობაში” იმყოფებიან, სახლიდან გარეთ ვერ გადიან, საბავშვო ბაღში მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება არ აქვთ. რა თქმა უნდა, ისინი სრულიად მიეჯაჭვნენ მშობლებს. მშობელი უკვე აღიქმება როგორც მისი ნაწილი და მასთან განშორება ძალიან რთული ხდება. 

  • როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მშობელთან მიჯაჭვულობის დაძლევაში?

ზოგადად, ყველა მშობელს მინდა ვთხოვო, როგორმე გამოძებნონ გამოსავალი და ბავშვების თანატოლებთან ურთიერთობას შეუწყონ ხელი. შეგვიძლია მეგობრებს, ახლობლებს ვთხოვოთ, რომ რამდენიმე ბავშვი მაინც ერთად გაიყვანონ სათამაშო მოედანზე, ცხადია, რეგულაციების დაცვით. გავუკეთოთ პირბადე, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, მაგრამ ბავშვებს მივცეთ ურთიერთობის საშუალება, ერთმანეთთან გასაუბრების, თუნდაც სათამაშოს გაყოფაზე წაკინკლავების – ამის გარეშე ჩვენი ბავშვები სოციუმის წევრები ვერ ხდებიან, სოციალური უნარები არ უყალიბდებათ. 

ხშირად იმის გამო, რომ ბავშვმა მშობელს, რომელიც სახლიდან მუშაობს, ხელი არ შეუშალოს, მშობელი იძულებული ხდება ყველანაირ დათმობაზე წავიდეს, როცა საამისოდ გარკვეული სტრატეგიებია აუცილებელი.

ბავშვებს რომ სკოლაში წასვლა აშინებთ, ნორმალურია. ისინი ვერ ხვდებიან სად მიდიან, როგორ უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი ამხელა სივრცეში, რადგან აქამდე ისინი იყვნენ დაცულ მიკროსივრცეში, სადაც, ფაქტობრივად, ისევე გრძნობდნენ თავს, როგორც მუცლადყოფნის პერიოდში ემბრიონი გრძნობს თავს.

არასოდეს უთხრათ ბავშვს – „ნუ გეშინია“, „რისი გეშინია“, „რა არის საშიში“…. ჩვენ ამით მის გრძნობებს ვაუფასურებთ, ამ დროს კონტაქტი წყდება, ჩვენ მიმართ უნდობლობა უჩნდება ბავშვს, გრძნობს, რომ ჩვენ მისი არ გვესმის. ამიტომ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, რომ გვესმის მისი, ვუთხრათ – „ვიცი, რომ გეშინია, შემიძლია წარმოვიდგინო რას გრძნობ ახლა, მაგრამ მე შენთან ერთად ვარ, ყველაფერში გვერდში დაგიდგები და ჩვენ ერთად გავივლით ამ გზას“. 

აუცილებლად მიიყვანეთ სკოლაში წინასწარ, სანამ სასწავლო წელი დაიწყება, აჩვენეთ სკოლის შენობა, სთხოვეთ მასწავლებელს, ადაპტაციის გამარტივების მიზნით, დაგათვალიერებინოთ გარემო, მიიყვანეთ ბავშვი რომელიმე მერხთან, რათა გარემო, სადაც მივა სკოლის დაწყების დღეს, არ იყოს მისთვის ძალიან უცხო, საშიში და აუთვისებელი. ამის შემდგომი ეტაპი ბევრად მარტივი იქნება, მხოლოდ მეგობრების გაცნობა და მათთან ადაპტირება მოუწევს, რადგან პედაგოგი და გარემო მისთვის უკვე ნაცნობი იქნება.

პირველი ნერვიულობა, განცდები ადაპტაციისას ნორმალურია. აუცილებლად უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ამ პერიოდში ბავშვს არ დაერღვეს ღამის ძილი, არ მოიმატოს ძილში შფოთვამ. თუ კი ასე ხდება, უნდა შევეცადოთ, რომ ეს წინა პერიოდი ბავშვისთვის იყოს ძალიან მშვიდი. ვეთამაშოთ, ძერწოს, ხატოს, ემოციები ჩადოს ამაში. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი ძალიან შფოთავს ღამით და რაღაც პანიკური შიშები უჩნდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

  • თუ ბავშვს უჭირს მეგობრების გაჩენა დამოუკიდებლად, რა დოზით უნდა ჩაერთონ მშობლები ამ პროცესში?

საერთოდ მშობლები მაქსიმალურად განზე უნდა დარჩნენ ბავშვების ურთიერთობის დალაგების დროს, მთავარია ბავშვს თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მივცეთ და თვითონ შეარჩიოს ის მეგობარი, რომელიც მას ყველაზე კარგად მოერგება და გაუგებს, შეარჩიოს ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც მოსახერხებელი იქნება მისთვის.

ვუთხრათ ჩვენი მაგალითი – „აი მე მყავს მეგობრები, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ერთმანეთის არ მოგვწონს, შეუძლებელიც კია ყველაფერი მოგვწონდეს ერთმანეთის, მაგრამ ის ჩემი მეგობარია – ხან მე ვაპატიებ, ხან ის მაპატიებს რაღაც შეცდომას, სამაგიეროდ ბევრ რამეს ერთად ვაკეთებთ, ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს“. 

სკოლიდან მოსულ ბავშვს უნდა მისცეთ საკუთარ ემოციებზე საუბრის საშუალება. გვიამბოს, ვინ გაიცნო, როგორ გაიცნო, რა დამოკიდებულება აქვს, რა ემოცია აქვს.

ძალიან ხშირად ბავშვები თავს არიდებენ თავიანთი გრძნობების ჩვენებას, ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ კი მათთან უფრო ახლოს მივალთ, ხატვის საშუალებით გავაკეთებინებთ ამას. მივცეთ ფურცლები, ფანქრები და ვთხოვოთ დაგვიხატოს რა მოხდა დღეს კლასში, მასთან რომელი მეგობარი იჯდა, რა გააკეთეს დასვენებაზე. პროცესში ბავშვები უკეთ იაზრებენ დღის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას, ემოციებს და ბევრად უფრო უმარტივდებათ კომუნიკაცია მშობლებთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: