მთავარი,სიახლეები

როცა ზურგში სუსის სუნთქვა გესმის – ოპოზიცია და არჩევნები აჭარაში

28.09.2021 • 1348
როცა ზურგში სუსის სუნთქვა გესმის – ოპოზიცია და არჩევნები აჭარაში

„სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ. იმედია, სამომავლოდ იტყვიან სიმართლეს“, – ეს ფრაზა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ახსენა, როცა მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ვკითხეთ პრობლემებზე, რასაც ისინი წინასაარჩევნო პერიოდში აწყდებიან. ბათუმის მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები ცდილობენ იმის გამოკვეთას, რომ სიმშვიდე მოჩვენებითია და მის უკან ასობით ადამიანის დაშინება, მუქარა და მოსყიდვა იმალება.

„კარდაკარ სიარულის დროს მივხვდი – გაჩნდა განცდა, რომ არავინ არის დაცული,“ – საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი. მისთვის ეს წინასაარჩევნო პერიოდი ყველაზე მეტად ე.წ. სუსის ფაილებთან ასოცირდება.

„ორმაგი ეფექტი ჰქონდა ამ ფაილებს. ერთი მხრივ, გააღრმავა პროტესტი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველას გვისმენს უკანონოდ და მეორეა ის, რომ მოქალაქეს გაუჩინა განცდა – ვინ დამიცავს? ამომრჩეველი შესაძლოა გისმენდეს, მაგრამ პოზიციების ღიად დაფიქსირების ეშინიათ,“ – გვიყვება ვახტანგ კალოიანი.

დაშინება – პოლიტიკური ოპოზიცია ბათუმში დღეს ყველაზე ხშირად ამ პრობლემას ახსენებს. ოპოზიცია ასევე საუბრობს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, პლაკატებზე „ოცნების“ პლაკატების გადაკვრის ფაქტებზე, მოსყიდვის მცდელობებზე, იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებში ე.წ. ნეიტრალური წევრები ისევ „ოცნების“ აქტივისტები არიან, ან იმაზე, რომ გადასატანი ყუთის სიები მაქსიმალურად და ხელოვნურად ივსება.

გიორგი კირთაძე – „ოცნების“ საარჩევნო შტაბს ბათუმში სუსი და გალდავა ხელმძღვანელობენ“

ტიტე აროშიძე კი არ ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს, როგორც ეს ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ და თავად ბატონ ტიტეს ჰგონია. არამედ შტაბს სუსი და [ავთანდილ] გალდავა ხელმძღვანელობენ,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, „ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი. მას ვკითხეთ, რის საფუძველზე ვარაუდობს ასე. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ წელს „ოცნება“ ყველა მიმართულებით დაშინებაზე მუშაობს, რადგან რთულად აქვთ საქმე.

გიორგი კირთაძე ყურადღებას ამახვილებს, მაგალითად, ფინანსურ შემოწირულობებზე – ბიზნესმენების უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აფინანსებს.

„ფინანსური შეწირულობის ნაწილში სუსია ჩართული, რომ რომელიმე ბიზნესმენმა არ გაბედოს რომელიმე ოპოზიციის დაფინანსება. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჩვენთან ვინც მუშაობს, მოხალისებრივ საწყისებზეა ჩართული… პლაკატები და ბანერებიც ასობით არის გამოკრული არჩილ ჩიქოვანის ქალაქში, უხერხულიც კია, რა თავისუფალი ადგილი დარჩა, იქ სიძულვილის გამომხატველი ბანერი გააკრეს…

ამას გარდა, პრობლემაა ისევ საარჩევნო ადმინისტრაციები, რადგან 103 საარჩევნო უბანზე ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ წესით და კანონით ნეიტრალურები, არიან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები, პირდაპირ „ოცნების“ შტაბიდან გამოგზავნილი ხალხი შეარჩიეს“, – გვიყვება გიორგი კირთაძე.

„ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის მერობის კანდიდატის დაკვირვებით, ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი ამ არჩევნებზე საჯარო მოხელეების დაშინებაა. მას ამის მაგალითად საბავშვო ბაღის აღმზრდელები მოჰყავს.

გიორგი კირთაძემ, „ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი

„პირდაპირ სიებს ადგენენ, ვინ არის მხარდამჭერი. ვინც უარს ამბობს მხარდაჭერაზე, მას ემუქრებიან გაშვებით. ამას ჩვენთან პირად საუბრებში არაერთი თანამშრომელი ადასტურებს, მაგრამ ღიად საუბარს ვერავინ ბედავს… თენგიზ აფხაზავა უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში, რომელიც ახლა შვებულებაშია… იგივე ხდება საჯარო სტრუქტურებში, ააიპ-ებში, მათ გადაუნაწილეს საარჩევნო უბნები და დაავალეს მხარდამჭერების სიების შეგროვება,“ – აცხადებს გიორგი კირთაძე.

მას ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაბურულშუშებიან მანქანებს ნახავს, სადაც ადამიანებს ფულს დაურიგებენ და ამომრჩევლების მოსყიდვას შეეცდებიან.

„ტემპერატურა აუცილებლად აიწევა… მე გაჩვენებთ ადამიანებს 2 ოქტომბერს, რომლებსაც 100-ლარიანი კუპიურები ექნებათ ხელში. ამას ჩემთვის და თქვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანები გააკეთებენ, რადგან სუსი უფრო ენდობა მაგათ,“ – დასძინა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“.

„გადასატანი ყუთების სიებს ხელოვნურად ზრდიან“ – ვაჟა დარჩია, „ლელო“ 

„გადასატანი ყუთების სიებს ხელოვნურად ზრდიან, რომ შემდეგ იოლად მოახერხონ ამომრჩეველზე ზეწოლა“, – ირწმუნება ვაჟა დარჩია, „ლელოს“ ბათუმის საკრებულოს სიის მე-2 ნომერი. მან ბათუმში 22 უბანი დაგვისახელა, სადაც გადასატანი ყუთების სიები თითქმის შევსებულია.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თითოეულ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების მხოლოდ 3 პროცენტი შეიძლება იყოს გადასატანი ყუთის სიაში. ეს სია წინასწარ უნდა შედგეს და იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ შეძლებენ.

„ბათუმელებმა“ ერთ-ერთ უბანზე – 91-ე უბანზე სცადა მონაცემის გადამოწმება, რასაც „ლელო“ ასახელებს“. აღმოჩნდა, რომ აქ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაა 1451, გადასატანი ყუთის სიაშია – 39. ამ უბანზე მაქსიმუმ 43 ამომრჩევლის დარეგისტრირება შეიძლება გადასატანი ყუთის სიაში.

„მოგეხსენებათ, კიდევ რამდენიმეს დამატება შეგვიძლია და გვაქვს კიდეც ამის საჭიროება, ჯერ არ მოუმართავთ,“ – გვიპასუხა 91-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე გულნაზ ნაგერვაძემ. – „მე თვითონ გონიოში ვცხოვრობ და ვიცი, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ გადასატანი ყუთი…თუ რამე უზუსტობა იქნება, შეგვიძლია სიის კორექტირება,“ – გვიპასუხა მან.

ამ თემაზე გასულ კვირას „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონდა ბრიფინგი. ამ პარტიის წარმომადგენელმა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში – ირმა ხოროიშვილმა მოგვაწოდა ბათუმის 61-ე უბანზე გადაღებული არაოფიციალური დოკუმენტაცია, სადაც ამომრჩევლების გასწვრივ ნახავთ გრაფას „პარტიული კუთვნილება“. აქ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების გასწვრივ მითითებულია – 41.

„ჩემი ინფორმაციით, ეს არის „ქართული ოცნების“ შტაბიდან უბანზე შესული სია. შტაბიდანაც შეიძლება სთხოვონ უბანს კონკრეტული ამომრჩევლის გადასატანი ყუთის სიაში შეტანა, მაგრამ არა ამ ფორმით, ეს არაოფიციალური დოკუმენტია, რომელიც კომისიამ სარეგისტრაციო ჟურნალშიც გაატარა. ეს არის დარღვევა. ფოტო ჩვენმა წარმომადგენელმა გადაიღო ამ უბანზე. ვაპირებთ, საჩივარი დავწეროთ. ჯერ არ დამიწერია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირმა ხოროიშვილი.

არაოფიციალური დოკუმენტი ბათუმის 61-ე უბანზე, რომლის მიხედვითაც გადასატანი ყუთის სიის ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას

„არ ვიცი, რა სიაზეა საუბარი, ეს გასარკვევია, მე აპოლიტიკური ვარ… გადასატანი ყუთის სიაში, როგორც მახსოვს, მხოლოდ 5 კაცია,“ – გვითხრა დავით მიქელაძემ, ბათუმის 61-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ.

გადასატანი ყუთების სიების გარდა, „ლელოდან“ ბათუმის საკრებულოს კანდიდატი ვაჟა დარჩია კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს – რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამოყენება წინასაარჩევნოდ.

„გასულ წელსაც იმუშავა ამ მეთოდმა. წელს, მაგალითად, ჭაობის დასახლებაში ჩვენ ვიცით სამი ფაქტის შესახებ. როცა ადამიანები დაკავებული არიან ნარკოდანაშაულის გამო, ხოლო მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, საძმაკაცოს ეუბნებიან, რომ გათავისუფლდება პატიმარი იმ შემთხვევაში, თუკი „ოცნებას“ დაუჭერენ მხარს… სამწუხაროდ, სახელს და გვარს ვერ დაგისახელებთ,“ – გვითხრა ვაჟა დარჩიამ.

„ბანერების ადგილიც წინასწარ აითვისეს“ – კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს ვაჟა დარჩია, „ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დაჯავშნა ისეთი ადგილები, სადაც ხალხმრავლობაა.

ვაჟა დარჩია, „ლელოს“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი

„ჩვენ გვაქვს მხოლოდ სამი ბანერი. ერთ-ერთი ბანერის გვერდით, ის ძალადობის გამომხატველი ბანერი გამოგვიკრეს… პლაკატებზე კი, „ოცნების“ პლაკატები გადააკრეს,“ – გვიყვება ვაჟა დარჩია. მან  ბაგრატიონის და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში გადაღებული ვიდეო გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც „ლელოს“ პლაკატების ნაწილი რეკლამისთვის განკუთვნილ დაფებზე ჩამოხეულია, ნაწილზე კი, „ოცნების“ კანდიდატების პლაკატია გადაკრული.

„ხელისუფლებას მოუწია ფიზიკურ დაპირისპირებაზე უარის თქმა,“ – ვახტანგ კალოიანი 

რუსთავსა თუ დმანისში ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილს აქვს განცდა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე „ქართულ ოცნებას“ უარის თქმა მოუწევს და ეს ძირითადად საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის დამსახურებაა.

„საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით ხელისუფლებას მოუწია ფიზიკურ დაპირისპირებაზე უარის თქმა… თქვენ ნახეთ ევროკავშირის საელჩოსთან დაპირისპირებაც, როცა „ოცნებამ“ საკუთარი აქტივისტების მობილიზება მოახდინა, მაგრამ მათი გადამალვა მალევე მოუწია.

დასავლეთის ინსტიტუტების ჩართულობის დამსახურებაა ისიც, რომ ხელისუფლება ცდილობს, ფორმალურად კანონი არ დაარღვიოს, ასეთი ფონის შექმნას ცდილობს,“ – მიიჩნევს ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველოს“ წევრი და „ოპოზიციური ერთობის“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

ვახტანგ კალოიანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, „ოპოზიციური ერთობა“

ვახტანგ კალოიანის დაკვირვებით, ხელისუფლება ძირითადად ცდილობს ადმინისტრაციული რესურსის აქტიურად გამოყენებით გავიდეს ფონს.

„ალბათ, აქვთ ამ ადამიანების შვებულებები და ფორმალური მხარე შესაძლოა მოწესრიგებულია, მაგრამ აქტიურად ვხედავთ საჯარო მოხელეებს კანდიდატებთან შეხვედრების დროს… გარდა ამისა, ოპოზიციის საერთო პრობლემაა დაფინანსებაც. წელს ბიზნესი ვეღარ ბედავს რომელიმე ოპოზიციური პარტიის დაფინანსებას. ფინანსები რომ არ გვაქვს, მგონი, ეს ცალსახად ჩანს,“ – დასძინა ვახტანგ კალოიანმა.

„ოპოზიციას რომ დაუჭირეთ მხარი, ოპოზიციამ გააკეთოს ახლა სანიაღვრეო“ – ბექა დიასამიძე 

„ძირითადად სანათესაო მუშაობს, რთულია ფაქტების მოძიება,“ – ამბობს ბექა დიასამიძე, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი. ის იზიარებს სხვა ოპოზიციური ძალების შეფასებას, რომ ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ბექა დიასამიძე თვლის, რომ „დღეის მდგომარეობით მდგომარეობა ნორმალურია“.

„ზოგადად, დაშინებულია ხალხი, აგიტაციასაც ვატარებთ, მაგრამ როცა იგებენ, რომ ოპოზიციიდან ვართ, თავს გვარიდებენ, ეშინიათ სამსახურების დაკარგვის, დასმენის და ასე შემდეგ… ადამიანების ნაწილს ისევ აშინებთ საჯაროდ პოზიციების დაფიქსირების. ჩვენი მიზანია, რომ რეალურად ბევრ ადამიანთან მივიდეთ და ავუხსნათ, რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ. მაგალითად, ურეხის დასახლებაში ერთ-ერთ უბანზე სადაც წინა არჩევნებზე „ოცნებამ“ წააგო, ეუბნებიან თურმე მოსახლეობას, ოპოზიციამ მოაგვარეს სანიაღვრეს პრობლემაო, ამომრჩეველი გვიყვება ამას. მეორე უბანში, სადაც „ოცნებას“ მისცეს ხმა, მოაგვარეს პრობლემა და აღარ გვინდა საუბარიო. ვაპირებ ამ საკითხზე განცხადებით მივმართო მერიას,“ – გვითხრა ბექა დიასამიძემ.

ბექა დიასამიძე, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი.

„ახლობელს ვერ ჩაწერ, რთულია ფაქტების მოძიება“ – აკაკი გვიანიძე 

„ძირითადად ასე ხდება: მიდის კანდიდატთან ოჯახის წევრი, ახლობელი, მეზობელი და ეუბნება, რომ კანდიდატურა უნდა მოხსნას. ახლობელს ვერ ჩაწერ, რთულია ფაქტების მოძიება,“ – მიზეზებს განმარტავს აკაკი გვიანიძე, რის გამოც ექსპრემიერის – გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიიდან ადამიანები კანდიდატობის პოზიციებს ტოვებენ, თუმცა თავად ამის შესახებ არც კი საუბრობენ. აკაკი გვიანიძე „გახარია – საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიის მეორე ნომერია.

ეს პოლიტიკური ძალა ათეულობით შემთხვევაზე საუბრობს, როგორ დაატოვებინეს ადამიანებს საჯარო სამსახური იმის გამო, რომ „საქართველოსთვის“ მხარდამჭერი გახდნენ, ან შემდეგ როგორ ათქმევინეს კანდიდატობაზე უარი. აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ, მაგალითად, უცნობია პარტიისთვის, რა მოხდა ხულოს ორი მაჟორიტარი კანდიდატის შემთხვევაში.

აკაკი გვიანიძე – „გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატი

„არის შემთხვევები, როცა იყო ზეწოლა, მაგრამ კანდიდატებმა ზეწოლას გაუძლეს და ისინი ისევ ჩვენი კანდიდატები არიან… სხვები კი, ვინც კანდიდატობაზე უარი ათქმევინეს, იმედია, მალე მოვა დრო და ამ ყველაფერზე ღიად ისაუბრებენ. ჩვენ არ ვბრაზობთ მათზე, პირიქით, თანავუგრძნობთ… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს პოლარიზების შემცირებას და სამართლიანი არჩევნების აღქმას,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ აკაკი გვიანიძემ.

აკაკი გვიანიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე:

„უზარმაზარი ფინანსები იხარჯება „ოცნების“ სასარგებლოდ და ამას ყველა ვხედავთ. უამრავი აგიტატორი აიყვანეს, კოორდინატორი, უსამართლო გარემოა… ჩვენ ვუყურებთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასაც, რაზეც „ბათუმელებიც“ წერდა.

ერთადერთი სროლა არ არის, თუმცა ამის გამო მადლობას არ უნდა ვუხდიდეთ, მგონი, მთავრობას,“ – გვითხრა აკაკი გვიანიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: