რატომ ავადობენ ხშირად ბავშვები – ექიმის რჩევები

რატომ ავადობენ ხშირად ბავშვები, როდის უნდა გამოვიკვლიოთ  და როგორ უნდა დავიწყოთ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხა ირინა ქოქოლაძემ, მეცნიერებათა დოქტორმა, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ პედიატრმა.

ბავშვის ხშირად ავადობა როდის შეიძლება მივიჩნიოთ ნორმად?

თუ ბავშვი 1 წლის განმავლობაში ავად ხდება რესპირატორული ინფექციებით ყოველთვიურად, ამასთან სჭირდება მედიკამენტოზური, განსაკუთრებით ანტიბიოტიკოთერაპია, ის ითვლება ხშირად მოავადედ და უნდა ვეძებოთ მიზეზი. ყოველთვიურად თუ დაგყავთ პედიატრთან ერთი და იმავე პრობლემით, აძლევთ ერთსა და იმავე მედიკამენტებს სხვადასხვა დასახელებით, უნდა გადაიხედოს რაშია პრობლემა, რა არის მიზეზი.

რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი?

ხშირად ეს არის სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვი, რომელსაც პრობლემა ჰქონდა მუცლადყოფნის პერიოდიდან ან „ცუდად მოვლილი“ ბავშვი, რომელსაც საკვები არ აქვს სწორად შერჩეული, ან არ იმყოფება სუფთა ჰაერზე საკმარისად, აქვს რაქიტი – დე ვიტამინის დეფიციტი, აქვს ალერგია, აქვს ორგანოთა განვითარების მანკი.

უფრო დაზუსტებით რომ გვითხრათ, რა კავშირი აქვს მუცლადყოფნის პერიოდთან ბავშვის დაბადების შემდგომ პრობლემებს?

ბავშვის ჯანმრთელობა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება, ჩასახვის დღიდან, მნიშვნელობა აქვს მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მავნე ჩვევებს (მწეველობა, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მიღება) ქრონიკული ინფექციების არსებობას (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ცხვირ-ხახის ქრონიკული ინფექციები) სომატურ დაავადებებს (ქრონიკული სხვადასხვა სისტემის დაავადებები) მემკვიდრულ წინასწარგანწყობას (ალერგიული რინიტი, ასთმა, ატოპური დერმატიტი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა). თუ მშობელი ბავშვის ჩასახვამდე ყურადღებას აქცევს აღნიშნულ მდგომარეობებს, მას მართავს, ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს, შესაბამისად ნაყოფის განვითარებაც ჯანსაღია.

ასევე, მინდა აღვნიშნო დედის განსაკუთრებული როლი, სასურველი ორსულობა, დედის მზაობა ორსულობისათვის. ორსულობა არ არის პათოლოგიური მდგომარეობა, სწორად მართული ორსულობა, სწორი კვება, ძილის რეჟიმი, პოზიტიური გარემო, მავნე ჩვევების უარყოფა, ნაკლები მედიკამენტების მიღება, ყოველთვის მთავრდება ჯანსაღი ახალშობილის დაბადებით.

თუმცა არის შემთხვევები, როცა ორსულობა მიდის პათოლოგიის გარეშე, მაგრამ ბავშვს დაბადების შემდეგ მაინც აქვს პრობლემები, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს?

ზოგჯერ არის მდგომარეობები, როცა ორსულობა მიდის კარგად ბოლო ტრიმესტრამდე, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით (ინფექციები, ტრავმები) ხდება ნაყოფის ნაადრევი დაბადება ან  ნაყოფის განვითარების შეფერხება ბოლო ტრიმესტრში, როცა ხდება ნაყოფში მაღალდიფერენცირებული უჯრედების მომწიფება პროლიფერაცია-გამრავლება და დიფერენციაცია, როგორიცაა: იმუნური უჯრედები, ნერვული უჯრედები, კუჭ-ნაწლავის ეპითელიუმი. შესაბამისად ბავშვის დაბადების შემდეგ ერთი შეხედვით უხილავი პრობლემები, ბავშვის ზრდა-განვითარების პერიოდში, ეტაპობრივად იჩენს თავს. აღნიშნულ დარღვევებს თუ თან ერთვის გენეტიკური წინასწარგანწყობა, დასაშვებია ჩამოყალიბდეს დაავადება, რომელიც ადრეულ ასაკში მიიღებს უკვე ქრონიკულ მიმდინარეობას. მაგალითად, ალერგიული დაავადებები, ბრონქული ასთმა, რინო-სინუსიტები, ქრონიკული გასტროდუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება, სხვადასხვა სახის ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა.

შესაძლებელია თუ არა თავიდან ავირიდოთ გართულებები და რა არის ამისთვის საჭირო ?

პრობლემის სწორი გააზრებით, ბავშვის მოვლით, დასაშვებია ბევრი გართულების თავიდან არიდება. მაგალითად, 1 წლამდე ბავშვის სწორი მოვლისა და სწორად შერჩეული კვების შემთხვევაში შესაძლებელია გენეტიკურად წინასწარგანწყობილი დაავადებების თავიდან აცილება და მართვა.

კვება უნდა იყოს ბალანსირებული, ძუძუთი კვება ჩვილობის ასაკში შეუცვლელია, თუ რაიმე მიზეზის გამო მოხდა ჩანაცვლება ხელოვნური რძის ნარევით, ის უნდა იყოს შერჩეული სწორად, უკვე გამოცდილი და მაღალი ხარისხის, შემადგენლობა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული დედის რძესთან და არა კომერციული თვალსაზრისით – იაფი ან ძვირადღირებული, როგორც ხდება შერჩევა ხშირ შემთხვევაში ჩვენს რეალობაში. დამატებითი კვება უნდა იყოს დაწყებული დროულად, ექიმთან შეთანხმებით, ეტაპობრივად, აუცილებელია ალერგიული წინასწარგანწყობის გათვალისწინება, თუ მშობლებს აქვთ ალერგია ან ბავშვს დამატებითი კვების დაწყებამდე გამოუვლინდა ალერგიული რეაქციები კანის, კუჭ-ნაწლავისა და/ან რესპირატორული სისტემების მხრიდან, დამატებითი კვება და ხელოვნული ნარევი უნდა იყოს აუცილებლად ჰიპოალერგიული, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. მოზრდილი ბავშვის საკვები უნდა იყოს ბალანსირებული – ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, არა ერთფეროვანი და არა ჭარბი რაოდენობით. კატეგორიულად არ შეიძლება რაფინირებული საკვების გამოყენება (კარამელიზებული ტკბილეული, ცხიმიანი ძნელად მოსანელებელი საკვები, საღებავებისა და კონსერვანტების შემცველი საკვები).

და ბოლოს რომ გვირჩიოთ, რა არის მნიშვნელოვანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

ბავშვის მოვლა ადვილია, მას სჭირდება სუფთა ჰაერი, ყოველდღიური ჰიგიენა, კვება და მშობლებთან ყოფნა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, რათა ის გაიზარდოს ჯანსაღი, სრულფასოვანი და ბედნიერი. როცა ბავშვი ჩნდება, ოჯახი უნდა გადაეწყოს ბავშვის რეჟიმზე, ყოველგვარი ხმაური (ტელევოზორის ჩათვლით), ხალხმრავლობა და ტრადიციული სუფრები, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება ოჯახში ბავშვის თანდასწრებით ყოვლად დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა და ჩვენს ყველა ქმედებას აქვს თავისი შედეგი!

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 538 ახალი შემთხვევა | 16 აგვისტო

16 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა.

აჭარის კოვიდკლინიკებში 920 პაციენტს მკურნალობენ, კოვიდსასტუმროში 1532 ადამიანია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 2676 ახალი შემთხვევა

16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 25 730 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 30 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა – 538, იმერეთში – 319, ქვემო ქართლში – 115, შიდა ქართლში – 80, გურიაში – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 161, კახეთში – 297, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

დღეის მონაცემებით, საქართველოში 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით.

15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.09%.

ენმ-მა აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2 ოქტომბერს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნებისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა.

ქობულეთის მერობის კანდიდატი ენმ-იდან ბონდო თედორაძე იქნება. ხელვაჩაურის მერობისთვის მიშა ბოლქვაძე იბრძოლებს, ხოლო ქედაში მერობის კანდიდატად რამინ ბერიძე დასახელდა. შუახევის მერობის კანდიდატად როინ ზოიძე დაასახელეს, ხოლო ხულოს მერობის კანდიდატი გოგიტა სოლომონიძე იქნება.

რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში როგორც ენმ-ის, ისე გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე იქნება.

ქობულეთში ენმ-ის მერობის კანდიდატი ბონდო თედორაძე იქნება
ქედის მერობის კანდიდატი ენმ-ის ქედის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამინ ბერიძე იქნება
შუახევის მერობის კანდიდატად ენმ-მა როინ ზოიძე დაასახელა
ხულოს მერობის კანდიდატი გოგიტა სოლომონიძე იქნება

წიგნი, როგორც მასალა აზროვნებისთვის | საბა სუთიძე

ავტორი: საბა სუთიძე, რელიგიის მკვლევარი

__________

იმას, თუ როგორ ვუყურებთ გარესამყაროს, საკუთარ ადგილს მასში და როგორ წარმოგვიდგენია სხვა ადამიანებთან, სხვა კულტურებთან ურთიერთობა, ალბათ, ბევრი რამ განსაზღვრავს.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი ის იდეები და ინფორმაციაა, რომელთაც წიგნების მეშვეობით ვეცნობით. ეს იდეები და ინფორმაცია აფართოებს ჩვენს თვალსაწიერს, გვაფიქრებს ისეთ რამეებზე, რაზაც მანამდე არ გვიფიქრია და შეიძლებოდა, ვერც ვერასოდეს გვეფიქრა, რომ არა წიგნი. ეს იდეები და ინფორმაცია სწორედ ის მასალაა, რომელიც აზროვნებისთვის ისე გვჭირდება, როგორც წყალი – ფიზიკური სიცოცხლისთვის.

ნებისმიერი საზოგადოების (მსოფლიო საზოგადოების ჩათვლით) მშვიდობიანი, ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის აუცილებელია საერთო სააზროვნო სივრცის არსებობა, რომელიც საზოგადოების წევრებს, ჩვენ, შესაძლებლობას მოგვცემს და გაგვიადვილებს, ერთმანეთთან საერთო ენა გამოვნახოთ, ერთმანეთს თანავუგრძნოთ და ურთიერთგაუცხოება დავძლიოთ.

ასეთი სივრცის შექმნისთვის კი აუცილებელია, საზოგადოების თითოეულ წევრს შეეძლოს, გაეცნოს კაცობრიობის ინტელექტუალური შრომის ნაყოფს; ყველასთვის იყოს ცნობილი ის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ჰუმანიტარული თუ საბუნებისმეტყველო მიღწევები, რომლებსაც თითოეულის ცხოვრებაშიც უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლიათ; ვიცნობდეთ სხვა კულტურების, ეთნოსების, რელიგიებისა თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული იდენტობების წარმომადგენლების პერსპექტივებს, ცხოვრების წესს, ტრადიციებსა და ისტორიას.

ამ თვალსაზრისით, პროექტი „მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომელიც მაღალმთიანი აჭარის ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას ისახავს მიზნად, არამხოლოდ რეგიონული მნიშვნელობისაა ან თუნდაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ცალკეული ადამიანების ინტელექტუალური ინტერესების დაკმაყოფილებას მოიტანს შედეგად, არამედ იქნება საერთო საზოგადოებრივი მნიშვნელობის ნაბიჯი, გადადგმული სწორედ იმ საერთო სააზროვნო სივრცის შექმნისაკენ, რომელიც ჰაერივით სჭირდება ჩვენს, მძიმე უახლესი წარსულისა და აწმყოს მქონე საზოგადოებას, რათა მისმა წევრებმა შევძლოთ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე საუბარი, ერთმანეთის მდგომარეობის განცდა და ისეთი საერთო ღირებულებითი საფუძვლის შექმნა, რომელზეც, მტრული, მტაცებლური და მჩაგვრელი წარმონაქმნის ნაცვლად, სოლიდარული და თანასწორი საზოგადოება აშენდება.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გიორგი კირთაძე ბათუმის მერობის კანდიდატი იქნება ენმ-დან

ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე იქნება.

ინფორმაცია „ბათუმელებს“თავად გიორგი კირთაძემ დაუდასტურა.

ენმ მერობის კანდიდატების ოფიციალურ წარდგენას დღეს, 21:00 საათზე გეგმავს.

გიორგი კირთაძე ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2010-2013 წლებში ის ასევე იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

მერობის კანდიდატი უკვე დასახელებული ჰყავს მმართველ პარტიას. “ქართული ოცნების” სახელით ბათუმის მერობისთვის არჩილ ჩიქოვანი იბრძოლებს.

რა ელის ყინულის არენად დაწყებულ მშენებლობას ბათუმში

ახალი ყინულის არენის მშენებლობის დასასრულებლად საჭირო პროექტს აჭარის მთავრობა კონკურსით შეისყიდის, მანამდე კი, ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა აღარ დასრულებულა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა, 2018 წლისთვის ვერ ესწრებოდა 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება [ლეონიძის ქუჩაზე], რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი.

გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმ დროს იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ.

პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავდა, 19 990 002 აშშ დოლარი იყო. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ [ამჟამად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“] კანადურ კომპანია Westincor Limited-თან მაშინ ტენდერის გარეშე გააფორმა.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 2018 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და იმავე წლის 6 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

ახალი ყინულის არენის მშენებლობა კი, 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული ყინულის სასახლე დაეშალათ.

მშენებლობის პროცესი ჯერ დროში გაიწელა, შემდეგ კი, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს.

კონკრეტულად რამდენი დაიხარჯა იმისთვის, რაც აშენდა – „ბათუმელებისთვის“ ამ ეტაპზე უცნობია.

ყინულის არენა ბათუმში, რომლის მშენებლობაც დასასრულებელია – დღეს არსებული მდგომარეობა / აგვისტო, 2021 / ფოტო: აჭარის პროექტების მართვის კომპანია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეირჩევა ახალი კომპანია, რომელიც პროექტს დაასრულებს, თუმცა მანამდე „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ ამჯერად მშენებლობის დასასრულებლად საჭირო დეტალურ პროექტს და ხარჯთაღრიცხვას შეისყიდის.

კონკურსის გამოცხადებამდე, აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს იკვლევს, საჭირო დოკუმენტაციის შესასყიდად ფასი რომ დაადგინოს.

ყინულის არენა ბათუმში, რომლის მშენებლობაც დასასრულებელია – დღეს არსებული მდგომარეობა / აგვისტო, 2021 / ფოტო: აჭარის პროექტების მართვის კომპანია

დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი წინადადებები [თუ რა ფასად მოამზადებენ შესასყიდ დოკუმენტაციას] აჭარის პროექტების მართვის კომპანიას 2021 წლის 19 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

შესასყიდია:

„ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 24 563 კვ.მ] დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის [1 500 მაყურებელზე გათვლილი, რომელშიც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საციგურაო სპორტული საერთაშორისო და ეროვნული შეჯიბრების ჩატარება] სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის [ტრიბუნებით 800 ადგილზე] მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტი [პირველი ეტაპი – კონცეფცია [კონკურსი]; მე-2 ეტაპი – გამარჯვებული კონკურსანტის მიერ კონცეფციის შესაბამისად, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება]“.

ამავე თემაზე:

რა ბედი ეწია „ყინულის სასახლის“ 20-მილიონიან პროექტს

ბათუმში დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება – პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 15 აგვისტოს 21 საათიდან 16 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:

ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • ღამით 17-22, დღისით 23-28 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • ღამით 8-13, დღისით 18-23 გრადუსი სითბო

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით და დილით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 7-12დმ (2-3ბალი),
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსი.

მომდევნო 2 დღეს, 17 და 18 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 91 954 დოზა გაკეთდა

15 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 91 954 დოზა გაკეთდა.

ბოლო 24 საათში 2 636 მოქალაქე აიცრა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი 4 ტიპის ვაქცინაა შემოტანილი: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, საქართველოში შემოტანილი ყველა ვაქცინა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვისაა გათვლილი.

Pfizer-ით აცრა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან.

ასევე ფაიზერით ვაქცინაცია რეკომენდებულია როგორც ორსულობის, ასევე მეძუძურობის დროს. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქალებს ურჩევს, თუკი ისინი დაორსულებას გეგმავენ, წინასწარ აიცრან ფაიზერით, რადგან ორსული მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.

„სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრა საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან შეუძლიათ.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე: 1522.

ასევე დღეს, 15 აგვსიტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სივრცე, სადაც ვაქცინის გაკეთება რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო “აჭარაში 91 954 ადამიანი აიცრა”. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით გაკეთებულია ვაქცინის 91 954 დოზა, რაც მოიცავს როგორც ერთი დოზით, ისე სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დეტალური მონაცემები  თუ რამდენი ადამიანი აიცრა ერთი დოზით და რამდენი სრულად, ხვალ, 15 აგვისტოს გამოქვეყნდება. 

აჭარაში კორონავირუსის 772 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 772 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 1 ადამიანი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი 329 ადამიანმა დაამარცხა.

15 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 903 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე. აქედან 146 ინფიცირებული მძიმე პაციენტად ითვლება. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 15 პაციენტი იმყოფება.

გარდა საავადმყოფოებისა, 1 298 პირი კოვიდსასტუმროში მკურნალობს.

15 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 314 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 35 ადამიანი.

დადასტურდა კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 35 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 314 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცავალა  35 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 პირი ემსხვერპლა.

დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 519 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 421 532-მდე გაიზარდა.

14 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.38% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.03%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა – 772, იმერეთი – 618, ქვემო ქართლი – 202შიდა ქართლი – 175, გურია – 129სამეგრელო – ზემო სვანეთი – 247, კახეთი – 317მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614 საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 110, აჭარაში – 903იმერეთში – 973.

 

ბელეტაჟების ნგრევა გრძელდება – ახალი მშენებლობები ბათუმში

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში საინფორმაციო ბანერი გამოფინეს. ამ ბანერის მიხედვით, ბრწყინვალეს, ხიმშიაშვილის, პუშკინისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორიისთვის დაინტერესებული პირი, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, განაშენიანების დეტალურ გეგმას ამზადებს.

რომელი კომპანია გეგმავს აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას? ამ კითხვაზე პასუხს ბათუმის მერიიდან 2 დღის განმავლობაში ველოდით, თუმცა უშედეგოდ. მერია მშენებლობის ნებართვის მაძიებლის ვინაობას მოცემულ ეტაპზე ასაიდუმლოებს. ინფორმაცია 12 აგვისტოს ოფიციალურადაც გამოვითხოვეთ, ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

კვარტალში, რომლის ათვისებასაც მშენებელი გეგმავს, ერთსართულიანი ბათუმური ბელეტაჟებია განთავსებული. დიდი ალბათობით ნებართვის მიღების შემთხვევაში მშენებელი ამ სახლებს დაანგრევს.

ღობეზე გამოფენილ ბანერზე მშენებლობის მსურველის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული. საინფორმაციო ბანერზე მხოლოდ ის წერია, რომ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების ინიციატორი ბათუმის მერიაა „კერძო ინიციატივის საფუძველზე.“

ბანერზე მითითებულია ისიც, რომ პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულმა პირებმა მოსაზრებები 2021 წლის 31 აგვისტომდე უნდა დააფიქსირონ, თუმცა ვისთან? – ეს არ ვიცით,  და რაზე? – არც ესაა ცნობილი.  ისევე როგორც უცნობია კონკრეტულად რა გეგმა აქვს აქ მშენებლობის ნებართვის მიღების მსურველს.

ბანერზე ასევე აღნიშნულია, რომ დამატებითი ინფორმაციის მიღება ბათუმის მერიის ვებგვერდზე: batumi.ge – ზეა შესაძლებელი. აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია. 13 აგვისტოს მდგომარეობით batumi.ge- ზე ამ პროექტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ არის ატვირთული.

სხვათა შორის, უნდა ითქვას ისიც, რომ მერიის ვებგვერდზე მსგავსი პროექტების გრაფაში ბოლოს ატვირთული დოკუმენტი 2019 წლის 12 დეკემბრით თარიღდება. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ მერიაში საერთოდ დაავიწყდათ, პროექტების საჯაროდ განხილვის ვალდებულება რომ აქვთ.

ბათუმი. ფოტო: მარიამ მუთიძე

ბათუმში ერთსართულიანი ბელეტაჟები კიდევ ერთი ქუჩიდან გაქრება.  26 მაისის ქუჩაზე ბელეტაჟების ათვისების ხარჯზე  მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს  შპს „ჯევერს ბლოკ ბ“. კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს. გამოკრულია ახალი პროექტის ბანერიც.

 

როგორ შეიძლება წიგნმა გაფანტოს რუხი რეალობა | დავით კლდიაშვილი

ავტორი: დავით კლდიაშვილი, იურისტი

___

თბილისის ვაგზლის სადგურში, ცივი დეკემბრის დღეს ერთი სულ მაქვს როდის ჩართავს მძღოლი ძრავს და ქუთაისში წავალთ. ძალიან მცივა და მომშივდა კიდეც. ერთ -ერთი იმ რამდენიმე დღეთაგანაა, თბილისში რომ მიწევდა ჩამოსვლა “რესპუბლიკურ ტურში” მონაწილეობისათვის, ამჯერად ბიოლოგიაში.

“წიგნები ლარად” შემოყო თავი სამგზავრო ავტობუსში დიდი ჩანთით კაცმა.

როცა ჩემი მთელი კვირის “ბიუჯეტი” 3 ლარია, ცოტა რთულია ლარის გადახდა. მაგრამ მგონია არასდროს არ არის რთული თუ მას წიგნში იხდი. როცა ამით ახალ სამყაროს და ამბებს იძენ. ამ შემთხვევაში ეს სამყარო “ოსტატი და მარგარიტა” იყო. Mასტერის და Wოლანდის სარკისებური სიმეტრია, იეშუა და პონტოელი, დარბაისლურად თავხედი კატა ბეჰემოტი და მეჯლისი.

რა თქმა უნდა, ეს წიგნის რეცენზია არ არის, უბრალოდ ამბავია, როგორ შეიძლება წიგნმა გაფანტოს რუხი რეალობა და სხვა ჰორიზონტები გახსნას.

როცა წიგნის თითოეული გვერდის წაკითხვის შემდეგ ძველი, თავსმოხვეული აზროვნების სვეტები ინგრევა და რჩება მხოლოდ ადგილი, რომელზეც ახალი, შენი და უფრო ძლიერი აზროვნება, ფიქრი, უნდა აშენდეს.

კითხვა არ არის ცალმხრივი პროცესი, ან უბრალოდ მხოლოდ მწერლის და მკითხველის ურთიერთობა. თითოეული პერსონაჟის მიმართ პერსონალური დამოკიდებულება გიჩნდება, ამბები, გმირები და მათი თავგადასავლები შენი მრჩეველი ხდება.

როცა დილით უნივერსიტეტში წასვლა მეზარებოდა ხოლმე, ვიხსენებდი რომ რას იზამდა დ’არტეზი ჩემს ადგილას და რას – ლუსიენ შარდონი, ბალზაკის “გამქრალი ოცნებებიდან”, და მერე მათ ქმედებებს რა შედეგები ჰქონდა, მრჩევლები იყვნენ.

ისევ ერთ ლარად აღმოჩენილ ახალ სამყაროს რომ დავუბრუნდე. იმაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, რომ წიგნების გაზიარებით ეს სამყაროები აღმოვაჩენინოთ ერთმანეთს და ვინ იცის, იქნება ლარად შეძენილი ან სხვის მიერ ნაჩუქარი წიგნით, თავად მკითხველმა მომავალში ახალი სამყარო, წიგნი შექმნას. ვინ იცის არა, აუცილებლად ასე იქნება.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ბიზნესმენებმა ბათუმიდან „ოცნებას“ უკვე 1 მილიონი შესწირეს – არჩევნები 2021 

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, 10 აგვისტოს მდგომარეობით, „ოცნებას“ მილიონზე  მეტი ლარი შეუგროვეს  შემწირველებმა აჭარიდან.

შემწირველებს ოფიციალურ დოკუმენტში „ფიზიკურ პირებად“ მოიხსენიებენ, რეალურად, ისინი ბიზნესმენები არიან, თუმცა კომპანიის სახელით არ რიცხავენ თანხას. აჭარიდან „ოცნების“ მხოლოდ რამდენიმე შემწირველია ინდმეწარმე ან არ ირკვევა მათი საქმიანობის შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ამ დრომდე ბათუმიდან მმართველ პოლიტიკურ პარტიას 32-მა ბიზნესმენმა ჯამში 1 მილიონ 53 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ბათუმელი ბიზნესმენების შემოწირულობებიდან მინიმალური 5 ათასი ლარია, მაქსიმალური კი – 60 ათასი ლარი.

10 აგვისტოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ შემწირველები ბათუმიდან არიან ბიზნესმენები:

  1. ბესარიონ ბაჯელიძე – ის სამშენებლო კომპანია „ლაიქ ჰაუსის“ დირექტორია. მან 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ბესარიონ ბაჯელიძე 2016 წლიდან არის „ოცნების“ შემწირველი. თავდაპირველად ბიზნესმენი 30 ათას ლარს ურიცხავდა მმართველ პოლიტიკურ ძალას, გასული წლის არჩევნებიდან კი მან გადაწყვიტა მმართველ პარტიას 60 ათასი ლარით დახმარებოდა. ბიზნესმენს აქტიურობა დაუფასეს – 2019 წელს მან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში 110-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა მიიღო.
  2. გიორგი ჭყონია – 60 ათასი ლარი. ის კომპანია „გზაში“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. გიორგი ჭყონია მმართველ პოლიტიკურ პარტიას ყველა არჩევნებზე ურიცხავს 60 ათას ლარს. მან 60 ათასი ლარი ჩაურიცხა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიასთან „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულ მოძრაობას – „საქართველო არ იყიდება“. ჭყონიას კომპანიას წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც არაერთი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული.
  3. მალხაზ დუმბაძე – 25 ათასი ლარი. ის შპს „გზის“ დირექტორია და 2016 წლიდან დღემდე უკვე 85 ათასი ლარი აქვს გადარიცხული „ოცნებისთვის“. მალხაზ დუმბაძე ეხმარებოდა წინა მთავრობასაც. გიორგი ჭყონიას მსგავსად, მან მოძრაობას „საქართველო არ იყიდება“ 2012 წელს 15 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  4. ტარიელ ავჯიშვილი – 20 ათასი ლარი. ის შპს „ტარიელის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. 2020 წელსაც ტარიელ ავჯიშვილი 20 ათასით დაეხმარა „ქართულ ოცნებას“. შემოწირულობით ეს ბიზნესმენი წინა ხელისუფლებასაც ეხმარებოდა – 2012 წელს ავჯიშვილმა „საქართველო არ იყიდებას“ ასევე 20 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  5. ლევან მჟავანაძე  კომპანია „ბიოპაკეტების“ 51-პროცენტიანი წილის მფლობელია და დირექტორი. მან „ქართულ ოცნებას“ 20 ათასი ლარი ჩაურიცხა. 2017 წლიდან ამ დრომდე მჟავანაძემ „ოცნებას“ 100 ათასი ლარი შესწირა.
  6. რომან გუნდაძე – ის რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, მათ შორის, შპს „ალუზიტის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. 2012 წლიდან ამ დრომდე მას „ოცნებისთვის“ ჯამში 30 ათასი ლარი აქვს შეწირული. წელს მან მმართველ პოლიტიკურ ძალას 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  7. სულიკო ჭყონიამ 60 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“. ის რამდენიმე ბიზნესკომპანიაში ფლობს წილებს: „გზა 1“, „ყავის სახლი“, „ტექნიკ სერვისი“, „Five minutes“. 2017 წლიდან მას „ოცნებისთვის“ სულ 140 ათასი ლარი აქვს შეწირული.
  8. ლევან მჟავანაძე სამშენებელო კომპანია „ლაიქ ჰაუსში“ წილების 51 პროცენტს ფლობს, ხოლო კომპანია „ბი ლე კაპიტალში“ – 50 პროცენტს. წელს და წინა წლის არჩევნებზეც მან 60-60 ათასი ლარი შესწირა „ოცნებას“.
  9. ირაკლი მახარაძე კომპანია „ბ.ს.პ.“-ს 100-პროცენტიანი წილის მფლობელია და სასტუმრო აქვს ანგისის დასახლებაში. მან 50 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ირაკლი მახარაძე 2020 წელს გახდა „ოცნების“ შემწირველი. მან გასულ წელს ორჯერ შესწირა თანხა მმართველ პარტიას, ერთხელ – 25 ათასი, მეორედ – 30 ათასი.
  10. ელდარ ნარაკიძე კომპანია „Neptun N“-ში 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. მან, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც 30 ათასი ლარი შესწირა „ოცნებას“.
  11. თემურ მამულაძე კომპანია „ბი ლე კაპიტალის“ წილების 50-პროცენტის მფლობელია, მან 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“.
  12. ჯუმბერ ზოიძე  სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში ფლობს წილებს. მაგალითად, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში – „რეალ პალასში“ ჯუმბერ ზოიძე 34%-ს ფლობს წილებიდან. წინა არჩევნებზე და ახლაც მან 50 ათასი ლარით დააფინანსა მმართველი პოლიტიკური პარტია.
  13. ზურაბ სტამბოლიშვილი კომპანიაში „თრეიდ სოლიშენს“ წილების 50 პროცენტს ფლობს. ზურაბ სტამბოლიშვილს სასტუმრო აქვს ქობულეთის ფიჭვნარში. 2019 წელს მან 9 ათასი ლარი შესწირა „ოცნებას“, 2020 წელს კი – 12 ათასი ლარი. წელსაც სტამბოლიშვილმა 12 ათასი ლარი ჩაურიცხა „ოცნებას“.
  14. ავთანდილ დიასამიძე კომპანია „საბადურის“ 100 პროცენტი წილის მფლობელია და დირექტორი. მან 20 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
  15. ზურაბ დუმბაძემ 15 ათასი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“, ის კომპანია „ტექნიკ სერვისში“ წილების 35 პროცენტს ფლობს.
  16. ვაჟა დავითაძე ინდმეწარმეა და სასტუმრო „მარანის“ მფლობელი. ის 2017 წლიდან 5-5 ათასი ლარით ეხმარებოდა მმართველ პოლიტიკურ პარტიას, ამჯერად კი შემოწირულობა 2 ათასი ლარით გაზარდა, მან 7 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
  17. ლაშა ბალაძე რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, მათ შორის, კომპანია „გუმბათი აპარტი კვარიათში“ ის წილების 100 პროცენტს ფლობს. ლაშა ბალაძემ „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  18. არჩილ ბასილაძემ 7 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“. ის კომპანიაში – „ხარისხის გარანტი“ წილების 50 პროცენტს ფლობს, ასევე დირექტორია კომპანიაში „გოლდ ბათუმი“. 2017 წლიდან მას ჯამში 37 ათასი ლარი აქვს ჩარიცხული „ოცნების“ ანგარიშზე.
  19. რეზო დავითაძე  სხვადასხვა კომპანიაში ფლობს წილებს, მათ შორის, სამშენებლო კომპანია „სამთა ჯგუფის“ 33 პროცენტი წილის მფლობელია. მას 2017 წლიდან 65 ათასი ლარი აქვს ჩარიცხული მმართველი პარტიისთვის. 2021 წელს მან 25 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
  20. ვალერი ადონიამ  15 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“, შპს „კლოტოიდა“-ში ის წილების 50 პროცენტს ფლობს.
  21. მალხაზ ქარცივაძემ – 15 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
  22. ლერი ბოლქვაძე სამშენებლო კომპანია „ელიტ კონსტრაქშენის“ დირექტორია. 2017 წელს მან „ქართულ ოცნებას“ 5 ათასი ლარი ჩაურიცხა. ამჯერად ლერი ბოლქვაძემ 7 ათასი ლარი ჩაურიცხა მმართველ პოლიტიკურ ძალას.
  23. ხათუნა ნაკაშიძე ინდივიდუალური მეწარმეა, მან 60 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
  24. ჯემალ ჭყონია – 45 ათასი ლარი. ის შპს „მათეში“ 100 პროცენტს ფლობს. 2017 და 2018 წლებშიც ჯემალ ჭყონია ეხმარებოდა ხელისუფლებას, თუმცა მხოლოდ 5-5 ათასი ლარით.
  25. რუსლან ბაჯელიძე – 15 ათასი ლარი. ის კომპანიაში „განათება ბაჯო“ 100 პროცენტ წილს ფლობს. 2020 წლის არჩევნებზე რუსლან ბაჯელიძე 40 ათასი ლარით დაეხმარა „ქართულ ოცნებას“.
  26. გიორგი ბოლქვაძეს 2017 წლიდან ამ დრომდე მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის სულ 80 ათასი ლარი აქვს შეწირული. ამჯერად მან „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  27. ბესიკ დავითაძე – 15 ათასი ლარი – ის კომპანია „ივერია ბათუსში“ წილების 100 პროცენტს ფლობს. 2016 წლიდან ამ დრომდე ბიზნესმენს „ქართული ოცნებისთვის“ 80 ათასი ლარი აქვს ჩარიცხული.
  28. ლევან ბერიძე – 45 ათასი ლარი, ის ინდივიდუალური მეწარმეა.
  29. ზვიად ტაკიძე – 60 ათასი ლარი, ის კომპანიაში „ბალა +“ 22 პროცენტს ფლობს.
  30. კარენ აკოპიანი – 5 ათასი ლარი,  იგი კომპანიაში „ჯტკ“ წილების 100 პროცენტს წილს ფლობს.
  31. დალი ჯიჯავაძე – 60 ათასი ლარი – „ნიუ ბოლდერ ჯგუფში“ 22 პროცენტის მფლობელი. მან „ოცნებისთვის“ ფულის შეწირვა გასულ წელს დაიწყო. დალი ჯიჯავაძემ მმართველ პარტიას 2020 წელს ორჯერ ჩაურიცხა ფული, ერთხელ – 35 ათასი, მეორედ – 25 ათასი.
  32. გია ქათამაძე – 60 ათასი – „შატო კვირიკეს“ დირექტორია. ის 2017 წლიდან არის „ოცნების“ შემწირველი, თუმცა მაშინ და მომდევნო წელსაც ბიზნესმენი მმართველ პოლიტიკურ ძალას 5-5 ათასი ლარით ეხმარებოდა, 2020 წელს კი ბიზნესმენმა ორი სხვადასხვა ჩარიცხვით ჯამში 50 ათასი ჩაურიცხა „ოცნებას“.

შემოწირულობების მიღება გრძელდება.

აჭარის მთავრობის სხდომაზე ქობულეთში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს

13 აგვისტოს, ქობულეთში აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბური ბიუჯეტი და ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება. ქობულეთის ბიუჯეტი 14 100 885 მლნ ლარით გაიზარდა და 51 962 000 მლნ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტი 80 მლნ ლარია.

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

,,უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში, გაიზარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სატრანსფერო დაფინანსება და ჯამში, მხოლოდ ქობულეთის ბიუჯეტი შეადგენს შეადგენს 51 მილიონ ლარზე მეტს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი, ჯამში არის 80 მლნ ლარზე მეტი. ეს არის საშუალება, რომ მუნიციპალიტეტში განხორციელდეს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი და გაიზარდოს როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების მოცულობა.

ტურიზმი არის ქობულეთში შემოსავლის ძირითადი წყარო. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მთელი რიგი ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება. კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ უფრო მოიზიდავს ვიზიტორებს, ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას.

განსაკუთრებით მისასალმებელია ქობულეთის 3 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. სრულად განახლდა ბულვარი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოეწყო სასეირნო ზოლი, სპორტული მოედნები. რისთვისაც 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეს პროექტი კიდევ უფრო განვითარდება, დაემატება ახალი ბულვარი და შემდეგი წლების განმავლობაში, უდნა შევძლოთ, რომ მთლიანად კეთილმოვაწყოთ ქობულეთის ბულვარი“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა

თორნიკე რიჟვაძემ სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

მუნიციპალიტეტში ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა. დაიწყება სპორტული კომპლექსის მშენებლობა. პროექტი მოიცავს სპორტული კომპლექსის, რეკრეაციული სივრცის და 2 საფეხბურთო მოედნის მშენებლობას. ჩაქვში დაიწყო თანამედროვე სტანდარტების ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 4 406 083 ლარია.

,,ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში რჩებოდა მოუგვარებელი გახლავთ ქობულეთის სპორტული კომპლექსი. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ უკვე შეისყიდა შესაბამისი პროექტი. ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ, რომ 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯოს და ჯანსაღი ცხოვრების წესს ქობულეთში კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს’’ – განაცხადა რეგიონის თავმჯდომარემ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში 13 664 000 ლარის სამუშაოებს განახორციელებს.

მხარს ვუჭერთ საქართველოს გეოსტრატეგიული როლის გაძლიერებას – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან

იმამურა აკირა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ გასულ თვეში ჩაწერა.
რას ფიქრობს ახალი ელჩი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, როგორ ესახება საქართველო-იაპონიის თანამშრომლობა ტურიზმის კუთხით, რა მომავალი აქვს ქართულ პროდუქციას იაპონურ ბაზარზე, რა როლი ითამაშა ტოჩინოშინმა იაპონიაში საქართველოს პოპულარიზაციაში და როგორ ეხმარება იაპონია საქართველოს – ეს არის ის თემები რომელზეც ელჩმა ისაუბრა.
  • ბატონო ელჩო, ხშირია საუბარი საქართველოს, როგორც „შუა კორიდორის“ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებზე. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, რა ადგილი უკავია საქართველოს იაპონიის საგარეო პოლიტიკაში?

შუა კორიდორი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ხშირად ვუწოდებთ ამ ტიპის ინფრასტრუქტურას „დაკავშირებულობას“; ჩვენ მხარს ვუჭერთ მაღალი ხარისხის მდგრად დაკავშირებულობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით – აზიაში, აფრიკაში. ასევე დაინტერესებული ვართ, მხარი დავუჭიროთ დაკავშირებულობას კავკასიაში.

საქართველოს დამაკავშირებელი როლი აზიასა და ევროპულ კონტინენტებს შორის უნდა გაძლიერდეს. ჩვენი მხარდაჭერა ამ მიმართულებით მოიცავს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის დაფინანსებას. მაგრამ ჩვენ ასევე გვაინტერესებს ენერგოსექტორი, იმიტომ, რომ თქვენ აწარმოებთ დიდ ჰიდროსიმძლავრეს, რაც შესაძლოა საინტერესო იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის – მათ შორის ევროკავშირში. თქვენ გაქვთ კორიდორის ფუნქცია ასევე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან ევროკავშირში.

ჩვენ ვართ BTC ნავთობსადენის მონაწილე: იაპონური კომპანია ფლობს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან წილს მასში და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ეს ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იაპონური კომპანიები ეძებენ უფრო სწრაფი ტრანსპორტირების გზებს ევროპისკენ.

ისინი ამჟამად საზღვაო გზებს იყენებენ, რაც უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე შუა კორიდორი (თუ მოხდება მისი ეფექტური გამოყენება). მაგრამ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის დანაკლისი, კორიდორის გარკვეულ ნაწილებში კავშირის რღვევა – ამ მიზეზების გამო შუა კორიდორი არ არის სრულყოფილად ათვისებული და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში განვითარდება მაღალი ხარისხის მდგრადი ინფრასტრუქტურა.

იმამურა აკირა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
  • იაპონიასა და საქართველოს აერთიანებს მნიშვნელოვანი მსგავსება – რუსეთის მიერ უკანონო ოკუპაცია ჩვენი სახელმწიფოების მიწების (იაპონიაში – ჩრდილოეთ კუნძულები, ხოლო საქართველოში – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი). როგორ გესახებათ საქართველო-იაპონიის თანამშრომლობა ამ მხრივ,  საერთაშორისო არენაზე მეტი პროგრესის მისაღწევად?

ჩვენი ურყევი პოზიციაა, რა თქმა უნდა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ გვსურს ეს კონფლიქტი გადაიჭრას მშვიდობიანად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული წესრიგი, განსაკუთრებით საერთაშორისო სამართალში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ იდეებს როგორც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ისევე კავკასიაში და კერძოდ საქართველოში; ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის საკვანძო ნაწილია.

ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველაზე საბაზისო ნაწილი, რაც მთელ მსოფლიოს მოიცავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები – ჩვენ ძალიან ვწუხვართ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით? ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციების ინიცირებაში – ჩვენ მრავალი მათგანის თანაინიციატორიც კი ვართ და რა თქმა უნდა, ყოველ ინციდენტს ვეხმიანებით საელჩოს მეშვეობით, ოფიციალური განცხადებებით.

მაგალითად, როდესაც ცხინვალში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ჩვენ საჯაროდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია საელჩოს მეშვეობით. მართალია, ჩვენ არ ვართ ჟენევის მოლაპარაკებების ნაწილი, თუმცა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გაზარდოს ცნობიერება და მოიპოვოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა.

თქვენ ახსენეთ ჩვენი ჩრდილოეთ ტერიტორიები – რომლებიც ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება – მათ მოახდინეს ამ ოთხი კუნძულის ოკუპირება 1945 წლის აგვისტო-სექტემბერში და მას შემდეგ ჩვენ ჩართული ვართ მოლაპარაკებებში – ჯერ საბჭოთა კავშირთან, შემდგომ კი რუსეთთან – უკვე 70 წელია.

დაახლოებით 70 000 იაპონელს იძულებით დაატოვებინეს მათი სახლები. ასე რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განვაგრძოთ მოლაპარაკებები – სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისგან განსხვავებით, ჩვენ არ განვიხილავთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს გაეროს ფორმატში, მაგრამ ორივე საკითხი ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას. ასე რომ, ორივე საკითხი კავშირშია და იმედი გვაქვს წარმატებას მივაღწევთ უახლოეს მომავალში.

იაპონიის ელჩი გეოპოლიტიკაზე, ოკუპაციაზე, ტოჩინოშინსა და ანიმეებზე - ინტერვიუ

  • რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მთავრობას და  კერძო სექტორს, რათა მოიზიდონ მეტი იაპონური ინვესტიცია და ტურისტები საქართველოში?

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება: საქართველოს მთავრობა მართავს სხვადასხვა საინვესტიციო სემინარს იაპონიაში – ზოგი მათგანი იმართება ონლაინ, ზოგი კი პირისპირ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რათა გავზარდოთ ჩვენს ბიზნესსაზოგადოებაში ინფორმირებულობა. ახლა გადავდივართ განვითარების ახალ საფეხურზე, როდესაც უკვე შეგვიძლია გავმართოთ თემატური სემინარები, კონფერენციები – რათა იაპონიის სხვადასხვა ბიზნესწრეები დაინტერესდნენ საქართველოთი.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სასამართლო რეფორმა. თქვენ უკვე ძალიან კარგი ბიზნესგარემო გაქვთ, მაგრამ საჭიროა მეტი პროგრესი. საკვანძო მნიშვნელობა სწორედ სასამართლო რეფორმას აქვს – იმიტომ, რომ თუ საქართველოში წარმოიშობა დავა უცხოელი ინვესტორის მონაწილეობით, მნიშვნელოვანია არსებობდეს მისი სამართლებრივად გადაჭრის შესაძლებლობა, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაყრდნობით. ევროკავშირი კვლავაც ასახელებს გარკვეულ გამოწვევებს საქართველოს სასამართლო სისტემაში.

მესამე, როდესაც იაპონური ბიზნესი ფიქრობს საქართველოში ინვესტირებაზე, რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს დავასაქმოთ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ ამის შესაძლებლობას ვხედავთ, თუმცა, მნიშვნელოვანია მათი უნარ-ჩვევების კიდევ უფრო გაძლიერება, რომ არსებული მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის რაც მნიშვნელოვანია მეტი ინვესტიციის მოსაზიდად.

ტურიზმის მხრივ პირდაპირ ფრენებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ეს კვერცხის და ქათმის მდგომარეობაა: თუ არ იქნება საკმარისი ტურისტი, ფრენები არ იქნება მომგებიანი.

ასე რომ, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება. ჩემი რჩევაა ტურიზმის სააგენტოსთვის, გამართონ მსგავსი სემინარები არა მხოლოდ იაპონელი ბიზნესმენებისთვის, არამედ იაპონური ტურ-ოპერატორებისთვისაც: მათგან ბევრია დაინტერესებული კავკასიით. თუ მათ მოიწვევთ და შესთავაზებთ ინფორმაციას, რაც მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს იაპონელი ტურისტებისთვის – ისინი ბუნებრივად მოაწყობენ ტურებს და გაზრდიან საქართველოში იაპონელი ტურისტების ნაკადს.

ვფიქრობ, საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითაროთ ტურიზმი: დავიწყოთ ჩარტერული რეისებით, შემდგომში კი, როდესაც დაგროვდება გამოცდილება, შეგვიძლია დავიწყოთ რეგულარული ფრენების შესახებ საუბარი.

ასევე, იაპონელი ტურისტების მოსაზიდად, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ არა მხოლოდ საქართველო – იაპონიას შორის ფრენებზე, არამედ შესთავაზოთ იაპონელებს კომპლექსური ტურები, რა დროსაც ისინი საქართველოში გაჩერდებიან, შემდგომ კი განაგრძობენ ტურს სხვა ქვეყნებში: მაგალითად, ევროპაში, თურქეთში – შედარებით დაბალ ფასად. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა.

  •  ნახევარ წელზე მეტია რაც საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნეთ. როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას ამ პერიოდში?

საქართველოში დავბრუნდი ჩემი პირველი ვიზიტიდან 20 წლის შემდეგ (პირველად საქართველოს 1999 წელს ვესტუმრე). ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროგრესმა, რასაც 20 წლის განმავლობაში მიაღწიეთ. მეორე მხრივ, ადამიანების სითბო და სტუმართმოყვარეობა არ შეცვლილა. ასე რომ, მე ვიხილე როგორც ცვლილებები, ისე უცვლელი – ადამიანები, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ადამიანებთან, ვისაც ვხვდები, მთავრობა, პარლამენტი, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები – ყველასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა მაქვს – საკმაოდ წარმატებული. ამის მთავარი სიმბოლოა – ჩემი ჩამოსვლიდან მალევე, იანვარში, ორი მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა: ინვესტიციების მხარდაჭერისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებები.

რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ საერთო ბრძოლაში კოვიდის წინააღმდეგ. ჩემი ელჩობის პერიოდში რამდენიმე პროექტის ინიცირებაც მოვახდინეთ. ძალიან ვაფასებ მთავრობის ძალისხმევას პანდემიის საპასუხოდ.

კიდევ ერთი რამ, რაც დამამახსოვრდა, არის დაპირისპირება მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. მივესალმებით შეთანხმებას ორ მხარეს შორის – ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც ხელს მოაწერს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას (ინტერვიუ ჩაწერილია  შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლამდე [რედ.]).

იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმებაში ნახსენები რეფორმები წარმატებით განხორციელდება – განსაკუთრებით, სასამართლოს რეფორმის კუთხით, თანამშრომლობის სულისკვეთებით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს დადებით გავლენას მოახდენს საგარეო ინვესტიციებზე და პროგრესში დაგეხმარებათ, რადგანაც სასამართლო რეფორმა კარგი ნიშანია უცხოელი ინვესტორებისთვის.

ხშირად ვხვდები სტუდენტებს – ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში და შთაგონებული ვარ ახალგაზრდების სულისკვეთებით – მათ აქვთ მოწინავე აზროვნება, კარგად საუბრობენ ინგლისურად: მიხარია, რომ ეს არის მომავალი თაობა, ვინც გაუძღვება ქვეყნის განვითარებას. ასე, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს საზოგადოების მომავალს.

  • იაპონიას საქართველოსადმი აქვს ოფიციალური მხარდაჭერის პროგრამები. რა კონცეფციას ეფუძნება იაპონური დაფინანსების პროგრამები? რამდენადაა მორგებული რეგიონების და ქვეყნის საჭიროებებს?

ჩვენი ოფიციალური მხარდაჭერა მიმართულია „თვითდახმარებაზე“. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საკუთრების გრძნობას დახმარების მიმღებ თითოეულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. საქართველოში ჩვენ ვხედავთ მზაობას, რომ თავად აიღონ ხელში ქვეყნის განვითარება – ეს ძალიან გვიადვილებს ოფიციალურ მხარდაჭერას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდანვე, 1991 წლიდან, მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს მშენებლობაში, ეკონომიკასა და მრავალი სხვა დარგის განვითარებაში.

ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი სფეროა “დაკავშირებულობა”, რაც გულისხმობს საქართველოს ბუნებრივი, გეოსტრატეგიული როლის გაძლიერებას. ეს როლია აზიისა და ევროპის დაკავშირება. თქვენ მდებარეობთ ორ კონტინენტს შორის და ჩვენთვის ყველასთვის – იაპონიისთვის, ევროკავშირისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ მნიშვნელოვანი როლის განმტკიცებას. ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია იენის (იაპონური ვალუტის) სესხი აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის ასაშენებლად, რომელიც ფარავს ქუთაისის შემოვლით გზას. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ამ მშენებლობის ნაწილი.

ჩვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი სფეროა მცირე გრანტების პროექტი, რომელიც ეფუძნება ადამიანის უსაფრთხოების კონცეფციას – ჩვენი მხარდაჭერის ძირითად კონცეფციას, რადგანაც უსაფრთხოება ვერ იქნება წარმატებული, თუ თითოეული ადამიანი არ იქნება დაცული. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ინდივიდი იყოს დაცული და გაძლიერებული.

ასე რომ, ეს ადამიანის უსაფრთხოების კონცეფცია – ამით ვხელმძღვანელობთ საქართველოშიც. ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან სხვადასხვა რეგიონში – ჩვენი მხარდაჭერა მცირე მოცულობისაა, მაგრამ ის მოიცავს კრიტიკულ სფეროებს, როგორიცაა: განათლება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და კრიზისების მართვა. ეს არის საქართველოში ჩვენი ოფიციალური მხარდაჭერის მოკლე მიმოხილვა.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ინტერვიუს ჩაწერის დროს “ბათუმელების” რედაქციაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
  • რა ტიპის მხარდაჭერა აღმოუჩინა იაპონიამ საქართველოს კოვიდთან ბრძოლაში? ხომ არ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვესაუბროთ ამის შესახებ?

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ვავითარებთ უნივერსალური ჯანდაცვისა და საბაზისო ჯანდაცვის კონცეფციას. ჩვენ ვმსჯელობთ თქვენს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჯანდაცვის მინისტრთან – თუ როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ ამ პროცესში. ჩვენ ვცდილობთ, კოვიდის საპასუხო გადაუდებელი დახმარება აღმოვუჩინოთ საქართველოს. ამავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში ვცდილობთ ორი მიმართულებით გავაძლიეროთ  საქართველოს ჯანდაცვის სისტემა –   ჯანდაცვა იყოს საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი.

განვახორციელეთ მრავალი პროექტი, ერთ-ერთი მათგანი გასულ ზაფხულს, როდესაც შევთანხმდით, რომ იაპონია გამოყოფდა 3 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობას. გასული წლის ბოლოს კი, აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით, იაპონიის მთავრობამ სრულად დააფინანსა კოვიდის, როგორც კრიზისის საპასუხო პროექტი – 2.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით.

ამჟამად ამ პროექტის განხორციელების პროცესში ვართ – კერძოდ, მიმდინარეობს შესყიდვის პროცესი (რაც მოიცავს როგორც პირად დამცავ საშუალებებს, ისე აღჭურვას ჰოსპიტლებისათვის).

ბოლოს, ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვეობით მხარს ვუჭერთ კოვაქსის პლატფორმას და დიდ დაფინანსებას გამოვყოფთ, რათა განვითარებად ქვეყნებს თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი ვაქცინაციაზე – მათ შორის საქართველოსაც. ვიცი, რომ გარკვეული შეყოვნებები იყო ამ მიმართულებით – წელს, 2 ივნისს, ჩვენ მოვიწვიეთ კოვაქსის სამიტი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი და სხვა დონორების მხარდაჭერით, ვაქცინაციების მიწოდება დაჩქარდება თქვენთან და სხვა სახელმწიფოებთან.

  • მინდა გკითხოთ ქართველებზე, რომლებიც იაპონურ სპორტში არიან. მაგალითად, რა გავლენა ჰქონდა ტოჩინოშინის ეფექტს ქართულ-იაპონურ ურთიერთობებზე?

ტოჩინოშინის გავლენა უდიდესია… ტოჩინოშინი ძალიან პოპულარულია იაპონიაში – რა თქმა უნდა, სუმო ჩვენი ეროვნული სპორტია და იაპონიაში 2-3 ყველაზე პოპულარულ სპორტს შორისაა. ტოჩინოშინი ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველია იაპონიაში – ის ერთგვარი ელჩია სპორტის სფეროში. მისი ცნობადობის შედეგად უფრო მეტმა იაპონელმა გაიცნო საქართველო და სურვილი გაუჩინა მეტი გაეგოთ. ასე, რომ მისმა ცნობადობამ გააცნო საქართველო ბევრ იაპონელს.

მაგალითისთვის, გასულ წელს, ერთ-ერთი იაპონური რესტორნის ქსელში გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძის დაგემოვნება, მათ შორის სტუმრებს გაასინჯეს შქმერული. ხმის მიცემის შედეგად სწორედ შქმერულმა დააგროვა ყველაზე მეტი ხმა და შედეგად, რესტორნის ქსელმა გადაწყვიტა შქმერული მუდმივ მენიუში დაემატებინათ  იანვრიდან. ვფიქრობ, ტოჩინოშინს დიდი გავლენა ჰქონდა სტუმრების ამ არჩევანზე.

სწრაფი მომზადების შქმერულის წვნიანი იაპონიის ერთ-ერთი მსხვილი მარკეტების ქსელში. ფოტო: იაპონიაში საქართველოს საელჩოს ფეისბუქ გვერდიდან

გარდა ამისა, ვიცი, რომ უამრავი ქართველი ადევნებს თვალს სუმოს ტელევიზიით თუ ინტერნეტით – რაც შთააგონებს საქართველოში ახალგაზრდობას, თავადაც ჩაერთონ სუმოში.

ტოჩინოშინის წინამორბედი – კოკაი (რაც შავ ზღვას ნიშნავს) – პირველი ქართველია, ვინც მონაწილეობას იღებდა იაპონიის სუმოს ტურნირებში.

საქართველოში დაბრუნების შემდგომ მან განაგრძო მოღვაწეობა საქართველოს სუმოს ფედერაციაში და შემოიკრიბა ყველა ნიჭიერი სუმოს მოჭიდავე. მე ვესტუმრე მათ სავარჯიშო ბანაკს ზუგდიდში, მაისის თვეში და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა. ბატონ კოკაის სურს გააგზავნოს სუმოს შემდეგი თაობა იაპონიაში. მართალია, ეს არ არის ოლიმპიური სპორტი – ასე რომ დიდი ყურადღება არ ეთმობა საქართველოდან, თუმცა მინდა ხელი შევუწყო მას ამ პროექტში.

  • ბევრი ქართველი ახალგაზრდა იაპონური ანიმეს დიდი მოყვარულია – რას ურჩევთ მათ, რომ იაპონიის შესახებ მეტი შეიმეცნონ?

იაპონიის მთავრობა და საელჩო ხელს ვუწყობთ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე კულტურის განვითარებას საქართველოში. გვიხარია, რომ ტრადიციულ კულტურასთან ერთად, ანიმეც პოპულარულია საქართველოში.

არსებობს ანიმეს მრავალი ჟანრი, მაგრამ მათი დიდი ნაწილი, წიგნებივით და ლიტერატურასავით არის,  ღრმად გაფიქრებს ადამიანების ცხოვრებასა და გარშემო სამყაროზე. ანიმე მხოლოდ გართობა არ არის, სწავლის ნაწილიც არის, რათა დაეხმაროს მაყურებელს გზა გაიკვალოს ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში. შედეგად ვხედავთ, რომ ანიმეთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს სურვილი უჩნდებათ გაეცნონ იაპონურ კულტურას და ენას – ან თუნდაც გაემგზავრონ სასწავლებლად იაპონიაში.  ამ ახალგაზრდებს ვურჩევდი ესტუმრონ ჩვენს საიტს, სადაც განთავსებულია ინფორმაცია იაპონიაში სწავლის შესახებ, ასევე დაფინანსებისა და უნივერსიტეტების შესახებ.

ასევე, ვისაც იაპონური ენის სწავლა სურს, შეუძლია მოიძიოს ონლაინრესურსები. შეგიძლიათ ენა ისწავლოთ საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტში – ასეთი ბევრი არ არის, მაგრამ არსებობს. ასევე არსებობს ონლაინ ენის კურსები. თუ გექნებათ კითხვები შეგიძლიათ ესტუმროთ საელჩოს საიტს ან მოგვმართოთ და მოგაწვდით ინფორმაციას.

ანიმეს რომ მივუბრუნდეთ, ჩვენ არა მხოლოდ წარმოვაჩენთ საკუთარ წარმატებას ამ სფეროში, არამედ ასევე ვიწვევთ ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ ანიმეს შექმნაში – რამდენიმე ქართველმა მათ შორის ძალიან საინტერესო ანიმაცია შექმნა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა ქართველი ანიმატორი ქალი, რომელიც მუშაობს თბილისის ხელების ჩრდილის თეატრში – ის მსახიობია, რომელმაც შესანიშნავი ანიმაციური ფილმი შექმნა და სწორედ ამისთვის გადაეცა მას იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ჯილდო.

  • მომავალი წლის აგვისტოში შესრულდება 30 წელი მას შემდეგ, რაც საქართველომ და იაპონიამ დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა. როგორ შეაფასებდით ამ განვლილ 30 წელს? რაიმე ფორმით აღნიშვნას ხომ არ აპირებთ?   

დიდი მადლობა ამ კითხვის დასმისთვის – დიახ, მომავალ წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. ეს იქნება მნიშვნელოვანი წელი ჩვენი ქვეყნებისთვის, რადგანაც შესაძლებლობას მოგვცემს დავფიქრდეთ 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე.

ვფიქრობ, როგორც დასაწყისში ვთქვი, დიდ პროგრესს მიაღწიეთ ამ ბოლო 30 წლის მანძილზე. ეს წარმატება აღინიშნება ყველა სფეროში – ეკონომიკა, დემოკრატიზაცია, ხალხის კეთილდღეობა.

რა თქმა უნდა, გამოწვევები კიდევ ბევრია – მათ შორის, რუსეთის ოკუპაცია, მაგრამ თქვენი წარმატებული ძალისხმევა ნამდვილად კარგ შედეგს იღებს. ჩვენ ვამაყობთ რომ გვქონდა შესაძლებლობა თქვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდანვე ვყოფილიყავით თქვენი სახელმწიფოს განვითარების ნაწილი, თავიდანვე მხარს ვუჭერდით  საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის ძალიან რთულ წლებში.

ვიტყოდი, რომ ეს 30 წელი ერთად გავიარეთ. ძალიან ვამაყობთ, რომ ამის ნაწილი ვიყავით. გვაქვს საფუძველი ერთად აღვნიშნოთ მიღწევები, ვიფიქროთ გამოწვევებზე, რათა ეს წელი აღმოჩნდეს საფეხური ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, რათა საფუძველი ჩავუყაროთ შემდგომ 20-30 წლის თანამშრომლობას და აღვნიშნოთ ჩვენი ურთიერთობების 50, 60 და მეტი წელი. ჩვენ მოვაწყობთ მრავალ კულტურულ ღონისძიებას, გაცვლას წლის განმავლობაში, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს თარიღი, რაც გამოხატავს ჩვენს ურთიერთმხარდაჭერას და თანამშრომლობას ამ 30 წლის მანძილზე.

  • ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი აჭარაში, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები – რას ესტუმრეთ და რა ნახეთ? რა პროექტები გაქვთ აჭარაში? როგორ ეხმარებით ადგილობრივ ხელისუფლებას?

ეს ჩემი პირველი ვიზიტია ბათუმში, აჭარაში, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი საქართველოში ყოფნის ადრეულ პერიოდშივე შევძელი აქ სტუმრობა. ბათუმი ცოცხალი ქალაქია და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა – ვფიქრობ, აჭარას დიდი პოტენციალი აქვს როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში.

აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიასთან განვიხილეთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი თქვენი ულამაზესი რეგიონის პოტენციალის განხორციელებას. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა დაკავშირებულობის გაზრდა. მე დავესწარი ბათუმის პორტში სასუქების ახალი ტერმინალის გახსნას – ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაკავშირებულობის ზრდას ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და დასავლეთ სამყაროს შორის.

მართალია, ამჯერად ჩვენი ინვესტიციებით არ მიგვიღია მონაწილეობა სასუქების ტერმინალის გახსნაში, თუმცა წარმოების ადგილას – განსაკუთრებით კი თურქმენეთში, პროდუქციის დამუშავებისას გამოიყენება იაპონური ტექნოლოგიები. ძალიან გვიხარია, რომ აღნიშნული პროდუქცია ბათუმის ტერმინალის მეშვეობით ევროპაში გაიგზავნება.

ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში: მათ შორის სოფლის მეურნეობა, განათლება, კრიზისების მართვა და ა.შ. მონაწილეობა მივიღე ასევე მეხანძრეთა დღის აღნიშვნაში: ჩვენი პროექტის ფარგლებში ბათუმს გადაეცა სახანძრო – სამაშველო ტექნიკა. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგანაც 2017 წელს მაღალსართულიან შენობაში გაჩენილმა ხანძარმა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. ეს სახანძრო მანქანა წარმოებულია იაპონიაში და აქვს შესაძლებლობა, მისწვდეს მაღალსართულიან შენობებს.

ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს თანამშრომლობას კულტურის სფეროში: წარსულში გვაქვს დაფინანსებული ოქროს საგანძურის ოთახი არქეოლოგიურ მუზეუმში.

შემდეგ ვფიქრობთ მხარი დავუჭიროთ ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებას ბათუმში. იმიტომ, რომ ეს არის საგანძური: ჩვენ მოვიკვლიეთ და აღმოვაჩინეთ, რომ შესაძლოა ეს იყოს უძველესი იაპონური ბაღი ევრაზიის კონტინენტზე.

თუმცა 1912 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც ის შეიქმნა, ბაღი მივიწყებული იყო. თუ აღმოვაჩენთ, რომ ბაღი კვლავაც კარგ მდგომარეობაშია – ეს დიდი აღმოჩენა იქნება იაპონელი ხალხისთვის.

ასევე ძალიან გვაინტერესებს იაპონელი მებაღე კანაიამას ბედი, რომელიც ბაღის დაარსებიდან – 1912 წლიდან უვლიდა ბაღს. ჩვენი ჩანაწერების თანახმად, ის გარდაიცვალა 1937 წელს,  თუმცა  არ ვიცით მიზეზი. შესაძლოა ეს დიდი ტერორის ნაწილი ყოფილიყო – ჩვენ ვცდილობთ მოვიკვლიოთ მასალები ეროვნულ არქივში.

ასევე გავიგეთ, რომ ის დაოჯახდა ბათუმშივე, რამდენიმე ადამიანს აღმოაჩნდა მისი ნივთები/სუვენირები – მებაღის ნიჩაბი მაგალითად. რამდენიმეს ახსოვდა კიდეც მებაღე კანაიამა. ჩვენ გვინდა თხოვნით მივმართოთ ნეტგაზეთის მკითხველს – თუ თქვენს ბაბუებს ან ბებიებს ახსოვთ მებაღე კანაიამა, ან მოგეპოვებათ მასთან დაკავშირებული ცნობები, ნივთები ან ნებისმიერი ინფორმაცია – გთხოვთ, მოგვაწოდოთ საელჩოში.

“ვაქცინა გვიცავს, აიცერი” – დინამო ბათუმის ფეხბურთელები COVID-19-ზე აიცრნენ

საფეხბურთო კლუბ “დინამო ბათუმის” ფეხბურთელები აიცრნენ.

COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესის ამსახველი ფოტოები საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა”, – წერია დინამო ბათუმის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

#ვაქცინაგვიცავს #აიცერი – მოუწოდებენ ფეხბურთელები მოქალაქეებს.

ფეხბურთელები COVID-19-ზე  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ბოლო 24 საათში აჭარაში 3 283 მოქალაქე აიცრა სხვადასხვა ვაქცინით. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე აჭარაში სულ 89 318 ადამიანია ვაქცინირებული.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 746 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი – 14 აგვისტო

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 746 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა სამი ადამიანი, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 344 პაციენტი.

14 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 913 ადამიანი მკურნალობს ვირუსზე. აქედან 139 ინფიცირებული მძიმე პაციენტად ითვლება. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 19 პაციენტია მიერთებული.

რაც შეეხება კოვიდ სასტუმროებს აჭარაში კოვიდსასტუმროში 1 298 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.

14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 579 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 50 ადამიანი.

ბათუმში ვაქცინაციის ცენტრებისკენ სპეციალური ტრანსპორტი იმოძრავებს – ნახეთ განრიგი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება.

ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის მსურველთათვის, გონიოდან, მახინჯაურიდან და ხელვაჩაურიდან ბათუმის მიმართულებით დაინიშნა სპეციალური ტრანსპორტი.

ავტობუსები  მთელი დღის განმავლობაში ერთ საათიანი ინტერვალით იმოძრავებენ და ვაქცინაციის ცენტრებამდე მიიიყვანენ მოქალაქეებს.

ავტობუსების განრიგი:

[checklist]

  • გონიო – ახალსოფლის ცენტრი – მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი – რესპუბლიკური საავადმყოფო – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი მახინჯაური
  • ბენზე -საბაგირო – რესპუბლიკური საავადმყოფო –  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი
  • ხელვაჩაური –  სოფელი შარაბიძეები – მეჯინისწყალი – მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი – რესპუბლიკური საავადმყოფო – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი

[/checklist]

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების  გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის გამო 12 აგვისტოს მიიღო.

აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 50 ადამიანი – 14 აგვისტო

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 579 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცავალა  50 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 371 პირი ემსხვერპლა.  დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 417 013-მდე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 580 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 517 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 063 PCR ტესტით.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს.

14 აგვისტოს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 355 შემთხვევა, აჭარა – 746, იმერეთი – 667, ქვემო ქართლი – 281, შიდა ქართლი – 345, გურია – 133, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 364, კახეთი – 418, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი – 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 854 საიდანაც: 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 106, აჭარაში – 913, იმერეთში – 968. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 398 პირი, მათ შორის, თბილისში – 597, აჭარაში – 139, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 192, აჭარაში – 19, იმერეთში – 17. 3 457 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 609 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 43 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტები მთელი თვით

14 და 15 აგვისტოს სილქფესტი დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტების აქციას თავაზობს აბონენტებს.  

კომბინაციით *202# მსურველი 30 დღით ჩაირთავს:

[checklist]

  • 20 GB მოცულობის ინტერნეტს  – 12 ლარად
  • 30 GB მოცულობის ინტერნეტს  – 15 ლარად

[/checklist]

აქცია საშუალებას მისცემს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს უნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

*პაკეტის ვადის ფარგლებში, მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში 1მბ-ის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.

ვინ შეარჩია ცესკომ აჭარაში საოლქო კომისიებში დროებით წევრებად

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] საოლქო კომისიებში დროებითი 3-3 წევრი შეარჩია. კონკურსის რამდენიმე მონაწილესთან გასაუბრებას „ბათუმელები“ ლაივჩართვის საშუალებით აკვირდებოდა. საკონკურსო კომისიის წევრი კითხვების დასმისას განსაკუთრებით სამი საკითხით დაინტერესდა. მისი კითხვები შეეხებოდა გამოცდილებას, საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს და წარმოადგენდნენ თუ არა კონკურსანტები გასულ წლებში, საარჩევნო კომისიებში რომელიმე პარტიას, რამდენჯერმე აქცენტი „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილებაზეც გააკეთეს.

ერთი შეხედვით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კომისია ნეიტრალურ პირებს ეძებდა. ასეც უნდა იყოს. 17-წევრიან კომისიაში კვალიფიციურ პარტიებს თავიანთი თითო წარმომადგენელი ეყოლებათ, [სულ ცხრა] გარდა ამისა ექვსი მუდმივმოქმედი [პროფესიული] წევრია , რომელთაც ირჩევს პარლამენტი 5 წლის ვადით, ხოლო სამ დროებით წევრს ცესკო ყოველი არჩევნებისთვის კონკურსის წესით შეარჩევს. ცესკო ვალდებულია ოლქში ინტერესების დასაბალანსებლად ნეიტრალური, არაპარტიული პირები შეარჩიოს.

გასული წლების პრაქტიკა აჩვენებდა, რომ ცესკოს საოლქო კომისიებში დროებით წევრებად შერჩეული პირები წინა წლებში, კომისიებში, პარტიებს, უფრო ხშირად კი „ოცნებას“ წარმოადგენდნენ.

ერთი შეხედვით თითქოს ეს პრაქტიკა შეცვლილია, თუმცა მხოლოდ აჭარაში შერჩეული პირების სახელებსა და გვარებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ამჯერად  უმეტესად საჯარო მოხელეები ან საოლქო კომისიებში თავმჯდომარეების ყოფილი თანაშემწეები შეარჩიეს. არჩევნებზე მუშაობის გრძელვადიანი გამოცდილება მათგან უმეტესობას ნამდვილად აქვს.

განსაკუთრებით საინტერესო ამ კუთხით ქობულეთის საარჩევნო კომისიაა.

ქობულეთში მანონი შავიშვილი, მამუკა გოგიტიძე და ია ბერიძე შეარჩიეს.

მამუკა გოგიტიძე მოქმედი საჯარო მოხელეა. ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის თანაშემწეა, თავად დავით მჭედლიშვილი „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ისევ წარადგინა.

მამუკა გოგიტიძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ არჩევნებში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ამ დრომდე არასოდეს ყოფილა საუბნო ან საოლქო კომისიის წევრი, თუმცა სერთიფიცირებული საარჩევნო მოხელეა, კურსი გაიარა და სერტიფიკატიც აიღო. ის ამბობს, რომ ობიექტურია და საოლქო კომისიაში მუშაობს არცერთი პარტიის სასარგებლოდ არ აპირებს, მამუკა გოგიტიძე ირწმუნება, რომ მისი უშუალო უფროსი, ქობულეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მის მუშაობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

მანონი შავიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია. 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ის ქობულეთის საარჩევნო კომისიაში აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას [უსკო] წარმოადგენდა, როგორც ცესკოს მიერ არჩეული პირი და რომელიმე პარტიის სახელით მას არჩევნებზე მართლაც არ უმუშავია.

ია ბერიძე ქობულეთის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქობულეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოლქის დროებითი წევრი იყო. ია ბერიძე ცესკოს მიერ შერჩეული წევრი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ის ქობულეთის რკინიგზის სადგურის დირექტორის მეუღლეა.

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიაში დროებით წევრებად ზაალ ზაალიშვილი, სოფიო კახაძე და მზია მჟავანაძე შეარჩიეს.

სოფიო კახაძე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ყოფილი მდივანია, მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში გაუვიდა.

ზაალ ზაალიშვილს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის, ასევე ცესკოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, როგორც ცესკოს დანიშნული წევრი. იყო ცესკოს ტრენერიც.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზაალ ზაალიშვილი ისნის #5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, შემდეგ კი დროებითი წევრი იყო. სწორედ მისი ჩვენება დევს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, 43 წლის თედორე გობეჯიშვილის საქმეში, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს [ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2020 წელს პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს].

ქედის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯემალ ბერიძე, ნაზიბროლა დუმბაძე და მზიური შავაძე შეარჩიეს.

ჯემალ ბერიძეს საარჩევნო გამოცდილება აქვს. ის რამდენიმეჯერ საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ასევე საოლქო კომისიის წევრი იყო. ჯემალ ბერიძე ქედის მერიის თანამშრომელია, მშენებლობის და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს. მან გვითხრა, რომ საოლქო კომისიაში სამუშაოდ სამსახურიდან შვებულებაში გავიდა.

ნაზიბროლა დუმბაძე ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი და სატენდერო კომისიის თავმჯდომარეა. 2016-2020 წლებში მას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იურისტის პოზიციაზე ქედის საოლქო კომისიაშიც უმუშავია. ამჯერად საოლქო კომისიაში სამუშაოდ სამსახურიდან ის შვებულებაში გასვლას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მერია „ქედის ბაღების გაერთიანების“ პირდაპირი ზემდგომია, ნაზიბროლა დუმბაძე მის მუშაობაში ჩარევისა და ზემოქმედების საფრთხეს ვერ ხედავს. ამბობს რომ იურისტია, კანონი კარგად იცის და საოლქო კომისიაში ნეიტრალური პირი იქნება.

მზიური შავაძე პედაგოგია, ის ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის დაა. მზიური შავაძე ამავე ოლქში ცესკოს შერჩეული წევრი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქედის საოლქო კომისიაში ის ცესკოს წარმომადგენელი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

რაც შეეხება თავად ციალა შავაძეს – ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარედ დანიშვნამდე, მის ახლო კავშირებზე სახელისუფლებო პარტიასთან „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

ხელვაჩაურში გოჩა მჟავანაძე, კობა სალუქვაძე და გუგული ქოქოლაძე შეარჩიეს.

გოჩა მჟავანაძე სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეა, თუმცა, საარჩევნო გამოცდილება არ აქვს. სამაგიეროდ აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. 2017-2018 წლებში ის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ამ დროისთვის კი ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილებაში მუშაობს. მისივე ინფორმაციით, საოლქო კომისიაში მუშაობის დროს ის შვებულებას აიღებს. გოჩა მჟავანაძის თმით, ის საოლქო კომისიაში მუშაობისას მიუკერძოებელი იქნება.

კობა სალუქვაძე სხვადასხვა დროს ხელვაჩაურის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ შერჩეული პირი იყო.

შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიაში მადონა ჯაყელი, რომან დარჩიძე და მარინა ტარიელაძე შეარჩიეს.

რომან დარჩიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ცესკოს შერჩეული დროებითი წევრი იყო შუახევის საოლქო კომისიაში. მას აქვს რამდენიმე არჩევნებზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა პარტიის წარმომადგენელი არასოდეს ყოფილა. ამბობს, რომ „ობიექტური და მიუკერძოებელია“.

მადონა ჯაყელი პედაგოგია. ის სხვადასხვა წლებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნის, მოადგილის და თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა. ჩვენთან საუბარში ეს ფაქტი ვერ გაიხსენა, თუმცა ცესკოს მონაცემების მიხედვით ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო კომისიაში „ოცნების“ წარმომადგენელი და კომისიის მდივანი იყო. მადონა ჯაყელი 2018 წელს საუბნო კომისიის წევრად საოლქო კომისიამ შეარჩია და კომისიის თავმჯდომარედაც აირჩიეს. მადონა ჯაყელი ოლქის შერჩეული პირი და საუბნო კომისიის თავმჯდომარე იყო შემდგომ წლებშიც.

მარინა ტარიელაძე 2018 წელს ის საოლქო საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა.

ხულოში გიგლა აბულაძე, რამაზ ხმალაძე და თემურ შამანაძე შეარჩიეს.

გიგლა აბულაძეს როგორც საუბნო, ასევე საოლქო კომისიაში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის ძირითადად ცესკოს ან საოლქო კომისიას წარმოადგენდა, თუმცა, როგორც თვითონ გვითხრა, პარტიასთან თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს და საპარლამენტო არჩევნებზე კომისიაში „ოცნებას“ წარმოადგენდა. ახლა გიგლა აბულაძე ისევ ცესკოს წარმომადგენელია, გვარწმუნებს, რომ ობიექტური იქნება და პარტიასთან თანამშრომლების გამოცდილება ამაში მას ხელს ვერ შეუშლის.

თემურ შამაძე სხვადასხვა არჩევნებზე საოლქო კომისიის წარმომადგენელი იყო.

რამაზ ხმალაძე საოლქო კომისიაში გასულ წელს ხელშეკრულებით ლოჯისტის თანამდებობაზე აიყვანეს, შემდეგ კი ოლქის მუშაობას დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა. ისიც საჯარო მოხელეა და ხულოს მერიის განათლების კულტურისა და სპორტის განყოფილებაში მუშაობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

________________

ფოტოზე: არჩევნები აჭარაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

„ამაზე უკეთესს ბავშვებს ვერაფერს გავუკეთებთ“ | ნინუნა სანადირაძე

ავტორი: ნინუნა სანადირაძე, მოგზაური

___

მჯერა და საკუთარ თავზეც გამომიცდია, რომ მოგზაურობა ოთახიდან გაუსვლელადაც შეიძლება.

ეს მოგზაურობა დაუსრულებელი და ამოუწურავია, ზოგი კეთილია, ზოგი საშიში, ზოგი კარგად მთავრდება და ზოგიც ცუდად.  და ეს დაუსრულებელი და ამოუწურავი მოგზაურობა და თავგადასავალი წიგნია. ზოგი წიგნი  და მოგზაურობა ადამიანია, ზოგი ცხოველი, ზოგი უბრალოდ ამბავი და ზოგიც – ქვეყანა.

როდესაც ზაფხულობით დეიდა და ავადობის ჟამს დედა და ბებია ენის მოტეხვამდე გვიკითხავდნენ წიგნებს, მახსოვს ჩემი საწოლის ქვეშ ლილიპუტები და დევები ცხოვრობდნენ, ვილა „ყიყლიყოს“ წლები დავეძებდი და კაცი ამფიბია ყველაზე დიდი მისტიკა მეგონა.

ენები კი შეუხორცდათ უფროსებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ღამე, როდესაც ყველას ეძინა და გარშემო სიმშვიდე იყო, განმარტოებით კითხვაზე ინტიმური არაფერი ყოფილა. ვრჩებოდი მარტო გმირებთან ერთად ყველაფერი უფრო ბუნებრივი, ნამდვილი და დაუვიწყარი იყო.

სრულიად შოკისმომგვრელი იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ზოგი ავტორი გასულ საუკუნეებში კი არ ცხოვრობდა, ჩემი თანამედროვეები და ცოცხლები ყოფილან. ამან კიდევ უფრო შემაყვარა წიგნი და დამაჯერა ამ თავგადასავლების ნამდვილობა. იქ მოგონილი არაფერია, ყველაფერი ნამდვილი და ცოცხალი ადამიანების ფიქრი, ოცნება და განცდაა და ჩვენ ამის თანამონაწილეები გაგვხადეს.

დღეს თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, უკანმოუხედავად წავყვებოდი ყველას ამ  მოგზაურობაში.

წიგნი ისეთი მდინარე და მოგზაურობა აღმოჩნდა, სადაც შეიძლება 100-ჯერაც შეხვიდე – ყდა და სათაური იგივე დაგხვდება, მაგრამ იქ სხვა ადამიანებს ვიპოვით. იმიტომ კი არა რომ ვინმემ გადაწერა ან რამე შეცვალა, წლებია შენ სახლში, თაროზე აწყვია ეს წიგნები, უბრალოდ ჩვენ გავიზარდეთ და ამ წიგნებმა გაგვზარდა წაკითხვიდან წაკითხვამდე.

იგივე გმირი და მოგზაურობა შეიძლება სხვანაირი აღმოჩნდეს; კეთილი აღმოჩნდეს ბოროტი, მოკეთე – მტერი, ლამაზი – მახინჯი, სასაცილო – სატირალი ანდა სულაც პირიქით. ამ წიგნებმა და გმირებმა მოგვცა ცოდნა და გაგვიჩინა ბევრი საფიქრალი, შესაფასებელი და გადასაფასებელი ცხოვრებაში და ამ განცდებისთვის ღირს წიგნთან ერთად მოგზაურობა მთელი ცხოვრება.

წიგნი საფიქრალის, ფანტაზიის და ჟინის ასრულების ცეცხლზე დასხმული ნავთი მგონია. და ეს ის ჟინი და ოცნებაა, რომლის გარეშეც ვერც ბიძია ბაბუა გაფრინდებოდა ცაში და ვერც ელონ მასკი მარსზე და „გალსტუკიან პეპლებად“ დარჩებოდნენ.

მადლობა „ბათუმელებს“ ამ შესაძლებლობისათვის. მთელი გულით ვუერთდები ამ ძალიან ფასეულ და მნიშვნელოვან წამოწყებას, ამაზე უკეთესს ბავშვებს ვერაფერს გავუკეთებთ. მინდა ვინატრო, როგორც ამ 65 სკოლის ბიბლიოთეკა აივსება, ისე აივსოს ყველა სკოლის ბიბლიოთეკა და ყველა ბავშვის გული. ერთმა ბავშვმაც რომ მიაგნოს თავის გმირს და მოწოდებას ამ წიგნებში, მიზანი მიღწეული იქნება.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

იტალიაში, რომიდან 40 კილომეტრში მდებარე ნაკრძალში, ხანძარია

იტალიაში, რომის გარეუბან ტივოლის მახლობლად, მონტე კატილიოს ნაკრძალში ხანძარია. ხანძრის გამო ახლომდებარე დასახლებებიდან 25 ოჯახია ევაკუირებული.

ხანძარი კატილიოს ნაკრძალში, ტივოლთან ახლოს. ხანძარს სამოქალაქო თავდაცვის და კარაბინიერების ვერტმფრენების საშუალებით აქრობდნენ. ფოტო: მასიმო პერკოსი/ევროპის პრესფოტო სააგენტო

სამხრეთ იტალიაში ტყის ხანძარი ბოლო კვირას გაჩნდა. „როიტერსის“ თანახმად ცეცხლმა გაანადგურა ტყეები კალაბრიაში, ასევე კუნძულებზე – სარდინიასა და სიცილიაში.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხუთშაბათ ღამით ხანძარი ასევე გაჩნდა ქალაქ ოტრანტოს მახლობლად. ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ძლიერი კვამლის გამო საზღვაო კურორტიდან მოსახლეობა გაიყვანეს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პირობა დადო, რომ ხანძრით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება. ასევე შეიმუშავებენ გადამწვარი ტყეების აღდგენის გეგმასაც.

როგორი იქნება გმირთა ხეივანი ბათუმში

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე, გმირთა ხეივანი „მწვანე დერეფნის“ მოწყობის მიზნით შემოღობეს.

რა კეთდება ამ ადგილზე? – რენდერის მიხედვით, შარტავას ქუჩაზე გამწვანებასთან ერთად ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი ხიდებიც აშენდება. ამ ხიდების საშუალებით კი, ქვეითებს ავტომანქანების სავალი ნაწილის გადაკვეთა აღარ მოუწევთ. ხიდი ასევე ერთმანეთთან დააკავშირებს ხეივნის სხვადასხვა ნაწილს.

რენდერი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა გამოაქვეყნა

პროექტის განსახორციელებლად ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „საბა კონსტრაქშენთან“ მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2021 წლის 16 ივნისს გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 20 მილიონი ლარია, თუმცა ფონდმა ელექტრონული ტენდერი „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, აუქციონის გარეშე, პრეისკურანტით გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ განსაზღვრულია თითოეული ობიექტის რეაბილიტაციისთვის საჭირო კონკრეტული სამუშაოების ზღვრული ღირებულებები. ანუ ტენდერში მონაწილემ ამა თუ იმ სამუშაოს ღირებულება ფონდს პრეისკურანტის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს.

პროექტი შარტავას ქუჩაზე – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან [იუსტიციის სახლი] ბაგრატიონის ქუჩამდე მონაკვეთში უნდა განხორციელდეს.

შარტავას გამზირი ბაგრატიონის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე. გამზირის შუა ზოლში პროექტი „მწვანე დერეფანი“ განხორციელდება / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ტენდერის მიხედვით, სამუშაოები 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

კომპანია „საბა კონსტარქშენში“ რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ, ხეივნის იმ ნაწილში, რომელიც ამჟამად შემოღობილია, სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოები კი ამ ზოლში [ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით] პარალელურად გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

რატომ შემოღობეს ბათუმში გმირთა ხეივანი

ტიკარაძე: სასწრაფოს ჯგუფები მუშაობენ განუწყვეტლივ, საკმაოდ ბევრი პაციენტი ელოდება რიგს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ეპიდვითარება საქართველოში კრიტიკულია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით ახერხებს გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს:

„მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საწოლფონდი იყო თითქმის განულებული და ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი გამოძახება, ჩვენ შევძელით და ყველა პაციენტი, რომელსაც ესაჭიროებოდა საავადმყოფოში მკურნალობა, განვათავსეთ შესაბამის განყოფილებებში“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 13 აგვისტოს, „რუსთავი 2“-თან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია მძიმეა აჭარაშიც:

„კრიტიკულია ასევე სიტუაცია ბათუმში, აქაც გვაქვს რესურსი დღეს დადასტურებული საკმაოდ მაღალი რიცხვის მიუხედავად ყველა პაციენტს მივაწოდოთ ის სამკურნალო სერვისები, რაც მათ ესაჭიროებათ.

მდგომარეობის დამძიმებას ჯერჯერობით ველოდებით, თუმცა არის სრული მზაობა სექტორში და ჰოსპიტალური სექტორი შეძლებს განაგრძოს საჭირო მომსახურების გაწევა და არც ერთი პაციენტი არ დარჩება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე“.

მან ასევე განაცხადა, რომ აჭარაში ჰოსპიტალური სექტორი უკეთაა განვითარებული, ვიდრე დანარჩენ საქართველოში და აქედან გამომდინარე აჭარა უკეთესად უმკლავდება კოვიდის გამოწვევებს.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მუშაობენ განუწყვეტლივ და თითოეული საწოლი, რომელიც თავისუფლდება, ავტომატურად ხდება მისი დაკავება, რადგან გვაქვს საკმაოდ ვრცელი მოლოდინის რიცხვი პაციენტების, რომლებიც განთავსებულნი არიან ემერჯენსის განყოფილებაში და პრიორიტეტულ ზარებში არიან.

მე ზუსტად ვიცი, არც ერთი ექიმი არ დაეცემა ამ ბრძოლის ველზე და ზუსტად ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს. ეს არ არის ზედმეტად პოზიციური განცხადება, მე ვაკვირდები როგორი ფსიქო-ემოციური მზაობა აქვთ ექიმებს, როგორი ბრძოლის განწყობა აქვთ, როგორი ერთობაა და ეს მაძლევს საფუძველს ეს მესიჯი საზოგადოებაში გავავრცელო“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს, 13 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რთული ეპიდვითარების გამო ხვალიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება.

ქობულეთში კაცი დანით დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

ქობულეთში ახალგაზრდა კაცის დანით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნაცნობი – 1996 წელს დაბადებული ბ.მ. ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილობრივების თქმით, ნაცემი და დაჭრილი კაცი დილით იპოვეს. ის ჯერ კიდევ კლინიკაშია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის.

სარფის საბაჟოდან ჯანმრთელობისთვის საშიში 52 000 კილოგრამი კარტოფილი უკან დააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო პუნქტზე 52 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის ფარგლებში, იმპორტირებული კარტოფილის შიგთავსიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინე მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“ – იუწყება შემოსავლების სამსახური.

16-17 წლის მოზარდები, რომლებიც კოვიდზე აიცრნენ – „უნდა ავიცრათ, თუ გვინდა გადავრჩეთ“

საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდანაა შესაძლებელი. 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდების აცრა უმნიშვნელოვანესია, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის არადისტანციურ რეჟიმში აღსადგენად.

ქეთი კვიჭიძე, ნინო კიკაბიძე და ნინო ოქროპირიძე 16, 17 წლის მოზარდების მშობლები არიან. მათი შვილები ასაკის შესაბამისი ვაქცინის გამოჩენისთანავე აიცრნენ და არც რთული გვერდითი ეფექტები ჰქონიათ ინექციის შემდეგ.   

ვიკა კიკაბიძე, 16 წლის: „არანაირი გვერდითი ეფექტი არ მქონია, ცოტათი მტკიოდა ნანემსარი და თავი, ვიყავი ოდნავ მოთენთილი. რამდენიმე დღე გავიდა და ახლა კარგად ვარ.

ბევრმა ჩემმა მეგობარმა არ იცოდა, რომ „ფაიზერით“ 16 წლიდან არის ვაქცინაცია შესაძლებელი.

ამის შემდეგ ჩემი რამდენიმე მეგობარიც აიცრა, თანაც უნივერსიტეტში უწევს რამდენიმეს სწავლის გაგრძელება და აუცილებელია.

ვიკა კიკაბიძე

დიდი შიშია გავრცელებული ირგვლივ, ჩაიჩიპებიო – მეუბნებოდნენ ხუმრობით, მაგრამ ასევე, ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ცუდად გახდები, ან უშვილობას გამოიწვევს, რად გინდა თავი დაიღუპოო“ – ამბობს ვიკა.

ნინო კიკაბიძე ვიკას დედაა. ნინო ამბობს, რომ ეცნობა ვაქცინებთან დაკავშირებულ ყველა დადასტურებულ ინფორმაციას და მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა 12 წლიდან საქართველოშიც კეთდებოდეს ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მსგავსად:

„ვიკა აიცრა, მაგრამ ჩემი მეორე შვილი, გიორგი, რომელიც 12 წლისაა, ვერ იცრება. იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი ისევ დისტანციური არ გახდეს, მეექვსე კლასიდან მაინც რომ იყოს აცრის შესაძლებლობა, კარგი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიკა ალერგიულია, ძალიან მარტივად აიცრა, ისე, როგორც სხვა აცრები გადაიტანა პატარაობაში. კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს და ვაქცინა ამ დროს უალტერნატივოა.

ოჯახში ყველას გვქონდა ვირუსი. მე შედარებით მარტივად გადავიტანე, მეუღლის დედამ და ჩემმა მშობლებმა – მძიმედ.

ნინო კიკაბიძე

მამაჩემი 9 დღე იყო რეანიმაციაში, სუნთქვა უჭირდა, დედასაც და მამასაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ და რისკჯგუფში იყვნენ. ერთს დიაბეტი აქვს, მეორე ნაინსულტარია.

ჩემი მშობლები აიცრნენ, როგორც კი „სინოფარმი“ გახდა ხელმისაწვდომი. ახლა შედარებით მშვიდად ვარ, ყველანი ავიცერით 12 წლის გიორგის გარდა“ – ამბობს ნინო.

ქეთი კვიჭიძე გვეუბნება, რომ 17 წლის შვილი დაარეგისტრირა აცრაზე მაშინვე, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდა:

„არსებობდა და არსებობს ისეთი საშინელი დაავადებები, როგორიც იყო წითელა, წითურა და ყვავილი, კლავდა ადამიანებს. მხოლოდ აცრა გვიცავს ამ დაავადებებისგან, მაგრამ ხომ ემართებათ მაინც წითელა და წითურა? ასეა კოვიდვაქცინაც.

ქეთი კვიჭიძე

უნდა გაითავისონ ადამიანებმა, რომ ეს ომია.

ჩემმა შვილმა, ნიკამ თავად გამოთქვა აცრის სურვილი და დავარეგისტრირე. არანაირი გვერდითი ეფექტი არ ჰქონია. აიცრნენ მისი მეგობრებიც, მათაც არ ჰქონიათ გართულებები“ – ამბობს ქეთი.

ქეთის შვილი, ნიკუშა ყალიჩავა ამბობს, რომ მისი ტოლები, მეგობრები და ნაცნობები მის ირგვლივ ყველა ან აცრილია ან ახლა რეგისტრირდება ვაქცინაციაზე:

„ნათესავი მყავს ექიმი და მისგან ვიგებ ყველა ინფორმაციას. მან აგვიხსნა შესაძლო გვერდით მოვლენებზე, ალერგიულობაზე, იმაზე, რომ შეიძლება სიცხე მოგცეს, თავი აგტკივდეს, მაგრამ სიმპტომურ წამლებს დალევ და მორჩა.

ეს გვერდითი მოვლენებიც იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს ვირუსზე.

მასწავლებლებიც უნდა  აიცრან, არამხოლოდ მოზარდები” – ამბობს ნიკუშა.

ლიზა კობახიძე 16 წლისაა, ისიც ფაიზერით აიცრა. გვეუბნება, რომ ინექციის შემდეგ ცოტათი სტკიოდა თავი:

„გუშინ ავიცერი, ოდნავ მაქვს ტკივილი ნანემსართან. მგონია, რომ ყველამ იცის 16 წლიდან რომ არის „ფაიზერით“ აცრა დაშვებული, ინტერნეტში უამრავი სტატიაა ამაზე და მთელი ჩემი თაობა ტელეფონშია.

დედაჩემისგან ყველაფერი ვიცოდი ვაქცინაზე, მეც ვკითხულობდი ბევრს ამ თემაზე, რა კითხვებიც მქონდა, ყველაფერზე არსებობდა პასუხი და ეჭვებიც არ გამჩენია.

რაც ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, იმაზე უარი როგორ უნდა ვთქვათ” – ამბობს ლიზა.

ლიზას დედა, ნინო  ოქროპირიძე მოზარდების მშობლებს მიმართავს, ენდონ მეცნიერებას და ნუ ეშინიათ იმ პირობებში, როცა ყველა ტიპის ვაქცინაზე სრული ინფორმაცია არსებობს.

„როცა ისეთი წამყვანი ქვეყნები, როგორიც ისრაელი, ამერიკა, გერმანია და ბრიტანეთია ცრის თავისი მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს, არ მგონია საკუთარი ერის გენოციდი ჰქონდეთ ჩაფიქრებული და რამე ცუდს უკეთებდნენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს.

ვინ გაბედავს ამ ქვეყნებში გადადგას საკუთარი მოსახლეობისთვის საზიანო ნაბიჯი?! არ მგონია მათზე უკეთესი ვიყოთ.

ჩვეულებრივ ბიოლოგიურ ომში ვართ და უნდა ავიცრათ, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ“ – ამბობს ნინო.

ბათუმის საოლქო კომისიის წევრი კომისიას ადანაშაულებს კონკურსის წესების დარღვევაში

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კახა ჯაიანი კომისიას საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

კახა ჯაიანს ეჭვი აქვს, რომ კომისიამ 12 აგვისტოს სარეგისტრაციო ჟურნალი რამდენიმე საათის დაგვიანებით, მმართველი პარტიის ინტერესების გათვალისწინებით დახურა.

საუბნო-საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად კონკურსი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა. განაცხადის შეტანის ვადა 2021 წლის 12 აგვისტოს 18:00 საათზე უნდა დასრულებულიყო.

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის  განაცხადის სარეკომენდაციო ფორმაც შეიმუშავა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიებშიც უნდა  ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

საუბნო კომისიების წევრებს საოლქო კომისიები არჩევენ.

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ დაგვიდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარეგისტრაციო ჟურნალი მართლაც დაგვიანებით დახურეს.

მისი განმარტებით, საოლქო კომისიამ განაცხადები პანდემიის გათვალისწინებით ძირითადად ონლაინ მიიღო, განცხადებების მიღების ბოლო დღეს კი სისტემის გაჭედვის გამო კონკრეტული ჯგუფის განაცხადი გვიან დაფიქსირდა, თუმცა განმცხადებელს ის მითითებულ ვადაში ჰქონდა გამოგზავნილი და არსებობს ამის დამადასტურებელი სქრინიც.

„რადგან სქრინი აჩვენებს, რომ დროულად გამოაგზავნეს განაცხადი, ჩვენ არ გვქონდა უფლება არ დაგვერეგისტრირებინა,  არაფერ შუაშია აქ „ქართული ოცნება“ – გვითხრა ციალა შავაძემ.

კახა ჯაიანი კი დარწმუნებულია, რომ საოლქო კომისიები საუბნო კომისიების წევრებს მმართველი პარტიის ჩარევით არჩევენ: „უახლოეს მომავალში წინასწარ გეტყვით შერჩეული პირებიდან ვინ გახდება თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი“ – აცხადებს კახა ჯაიანი.

___________

ფოტოზე: კახა ჯაიანი

„ეკონომიკა დუღს, დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში “ეკონომიკა დუღს”.

“ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა  – ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ბევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა დაკარგა შემოსავალი და ის 200-ლარიანი დახმარებები არ იყო საკმარისი ჩვენი მხრიდან. ამიტომ საჭირო იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა.

ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გავუჩინეთ სტაბილურობის განცდა. სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, რომ მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი, სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება.

ასე, რომ ჩვენ დავიწყეთ და შედეგად ჩვენ გვაქვს  უპრეცედენტო ზრდა მსოფლიოში. აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისშიც გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა, დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი. ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა ქვეყანაში. მთელი ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები რომ იტყვიან. ეს ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით მთავრობას შემუშავებული აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდის დახარჯვა იგეგმება.

„ჩვენს გუნდთან ერთად, მთავრობამ შევიმუშავეთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვა, ყველა სექტორის მიმართულებით. იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, რეგიონების განვითარების, ადგილობრივი წარმოების განვითარება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში.

მაგალითად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაიხარჯება დაახლოებით 7 მილიარდი ლარი იმისთვის, რომ სოფელი ერთხელ და სამუდამოდ, ძლიერად დავაყენოთ ფეხზე.

აქ გვესწრება ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი. სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან ბევრი გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. დაწყებული ჯერ კიდევ ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დროს, მის მიერ ინიცირებული პროექტები და პოლიტიკის გაგრძელება, რომლის შედეგიც იყო და არის ის, რომ ათობით და ასობით რეალური საწარმოები დაფინანსდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ათასობით ბენეფიციარი გვყავს დღეს ქვეყანაში, რომელიც სარგებლობენ იაფი აგროკრედიტის, „აწარმოე საქართვლოსი“ პროგრამით, „დანერგე მომავლის“ პროგრამით, რომელიც არის ჩვენი მხრიდან ძალიან ხელშესახები დახმარებაა ჩვენი მოსახლეობისთვის. ახლა  მოვდიოდი და ვუყურებდი, მთელი ნაკვეთები დამუშავებულია აქ. ჩანს, როგორი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ამ მუნიციპალიტეტში. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს. ამიტომ, ამ მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან,  მუნიციპალიტეტისგან, მერისგან და ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს უნდა იყოს,” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აკრძალული ღონისძიების გამართვისას შესაძლოა აპარატურაც დალუქონ – ახალი წესი

მთავრობის ახალი დადგენილებით, შრომის ინსპექციას უკვე უფლება აქვს აკრძალული ღონისძიების გამართვის შემთხვევაში დახუროს მთლიანად ობიექტი ან დროებით აკრძალოს ამ ობიექტზე არსებული კონკრეტული სივრცის ან ისეთი ნივთის გამოყენება, რომელიც „უშუალოდ კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან.“

იზოლაციისა და კარანტინის წესებში აქამდე არსებული ჩანაწერით, თუ სარიტუალო და სხვა მსგავს დარბაზებში აკრძალულ ღონისძიებებს [ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ. მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებას] თან ახლდა ჯანდაცვის მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობაც, შრომის ინსპექციას უფლება ჰქონდა, შსს-თან კოორდინაციით, დროებით დაეხურა ობიექტი.

„იზოლაციის წესებში არსებობდა ზოგადი ჩანაწერი, რომლის ჩაშლაც გახდა საჭირო. მაგალითად, ღია სივრცეს ვერ დალუქავდი, მაგრამ ახლა აპარატურას დალუქავ.

ძალიან კონკრეტულად და ძალიან ნათლად არის გაწერილი, რომ აიკრძალება კონკრეტული ადგილის, ინსტრუმენტის ან სხვა ნებისმიერი საგნის გამოყენება, რაც საჭიროა ასეთი ღონისძიების გამართვისთვის.

ნივთით სარგებლობის უფლება შეიზღუდება მანამდე, ვიდრე არ მოგვმართავს მესაკუთრე და არ დაასაბუთებს, რომ მისი გამოყენება აკრძალული ღონისძიებისთვის არ მოხდება“ – გვითხრეს შრომის ინსპექციაში.

შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში შევიდა, რომლითაც „იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებასთან.“

ახალი ცვლილებით:

თუ ასეთ აკრძალულ ღონისძიებას თან ახლავს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობა, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის გამოყენება [მათ შორის, ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება, რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან].

ამასთან, ზემოთ აღნიშნული დარღვევის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში, შრომის ინსპექცია უკვე უფლებამოსილია „შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულებელყოფა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ,

  • იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას,
  • ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

12 აგვისტოს საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომსრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები“, თუმცა, მასობრივი ღონისძიებები, იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით ამ დრომდეც აკრძალული იყო.

ამავე წესებით აკრძალული იყო ქორწილები, ქელეხები და სხვა მსგავსი ღონისძიებებიც, თუმცა მთავრობამ ასეთი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ 9 აგვისტოს ხელახლა განაცხადა.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების ის პუნქტი, რომლითაც მსგავსი ღონისძიებები იყო აკრძალული, არ შეცვლილა. უბრალოდ აუცილებელია განმარტება/შეხსენება მოსახლეობისთვის, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში ესა და ეს ღონისძიება აკრძალულია. შეიძლება ადრე რაღაც აკრძალვის შესახებ დაანონსდა, მაგრამ მოსახლეობისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომ ჰქონდეს ინფორმაცია დროის კონკრეტულ მონაკვეთში აკრძალული საქმიანობების შესახებ“ – გვითხრეს შრომის ინსპექციაში.

13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 50 939 კვლევა ტესტით. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 42 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამავე თემაზე:

ბათუმში ქორწილებს აკრძალვის მიუხედავად მაინც მართავენ | ფოტო

აჭარაში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ასაკი 65-დან 75 წლამდეა.

13 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში მკურნალობს 860  პაციენტი, მათგან 18 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

13 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა.

თურქეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილია 27 ადამიანი – ბოლო ცნობები

თურქეთში გაიზარდა შავიზღვისპირა პროვინციებში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რაოდენობა – ბოლო ინფორმაციით 27 ადამიანია გარდაცვლილი.

25 ადამიანი დაიღუპა კასტამონუს პროვინციაში, ორი – სინოპში, ხოლო ერთი ადამიანი, 80 წელს გადაცილებული ქალი, რომლის სახლი წყალდიდობამ დაანგრია, დაკარგულია და მას მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ორასამდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი წყალდიდობისგან დაზარალებულ პროვინციებში.

__________

ფოტოზე: სტიქია თურქეთში. ფოტო” ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MEHMET KAMAN

PCR კვლევის ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 17– 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 15-16 აგვისტოს, ბათუმში და  აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

Exit mobile version