ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბიზნესმენებმა ბათუმიდან „ოცნებას“ უკვე 1 მილიონი შესწირეს – არჩევნები 2021 

14.08.2021 • 6564
ბიზნესმენებმა ბათუმიდან „ოცნებას“ უკვე 1 მილიონი შესწირეს – არჩევნები 2021 

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, 10 აგვისტოს მდგომარეობით, „ოცნებას“ მილიონზე  მეტი ლარი შეუგროვეს  შემწირველებმა აჭარიდან.

შემწირველებს ოფიციალურ დოკუმენტში „ფიზიკურ პირებად“ მოიხსენიებენ, რეალურად, ისინი ბიზნესმენები არიან, თუმცა კომპანიის სახელით არ რიცხავენ თანხას. აჭარიდან „ოცნების“ მხოლოდ რამდენიმე შემწირველია ინდმეწარმე ან არ ირკვევა მათი საქმიანობის შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ამ დრომდე ბათუმიდან მმართველ პოლიტიკურ პარტიას 32-მა ბიზნესმენმა ჯამში 1 მილიონ 53 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ბათუმელი ბიზნესმენების შემოწირულობებიდან მინიმალური 5 ათასი ლარია, მაქსიმალური კი – 60 ათასი ლარი.

10 აგვისტოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ შემწირველები ბათუმიდან არიან ბიზნესმენები:

  1. ბესარიონ ბაჯელიძე – ის სამშენებლო კომპანია „ლაიქ ჰაუსის“ დირექტორია. მან 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ბესარიონ ბაჯელიძე 2016 წლიდან არის „ოცნების“ შემწირველი. თავდაპირველად ბიზნესმენი 30 ათას ლარს ურიცხავდა მმართველ პოლიტიკურ ძალას, გასული წლის არჩევნებიდან კი მან გადაწყვიტა მმართველ პარტიას 60 ათასი ლარით დახმარებოდა. ბიზნესმენს აქტიურობა დაუფასეს – 2019 წელს მან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში 110-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა მიიღო.
  2. გიორგი ჭყონია – 60 ათასი ლარი. ის კომპანია „გზაში“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. გიორგი ჭყონია მმართველ პოლიტიკურ პარტიას ყველა არჩევნებზე ურიცხავს 60 ათას ლარს. მან 60 ათასი ლარი ჩაურიცხა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიასთან „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულ მოძრაობას – „საქართველო არ იყიდება“. ჭყონიას კომპანიას წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც არაერთი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული.
  3. მალხაზ დუმბაძე – 25 ათასი ლარი. ის შპს „გზის“ დირექტორია და 2016 წლიდან დღემდე უკვე 85 ათასი ლარი აქვს გადარიცხული „ოცნებისთვის“. მალხაზ დუმბაძე ეხმარებოდა წინა მთავრობასაც. გიორგი ჭყონიას მსგავსად, მან მოძრაობას „საქართველო არ იყიდება“ 2012 წელს 15 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  4. ტარიელ ავჯიშვილი – 20 ათასი ლარი. ის შპს „ტარიელის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. 2020 წელსაც ტარიელ ავჯიშვილი 20 ათასით დაეხმარა „ქართულ ოცნებას“. შემოწირულობით ეს ბიზნესმენი წინა ხელისუფლებასაც ეხმარებოდა – 2012 წელს ავჯიშვილმა „საქართველო არ იყიდებას“ ასევე 20 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  5. ლევან მჟავანაძე  კომპანია „ბიოპაკეტების“ 51-პროცენტიანი წილის მფლობელია და დირექტორი. მან „ქართულ ოცნებას“ 20 ათასი ლარი ჩაურიცხა. 2017 წლიდან ამ დრომდე მჟავანაძემ „ოცნებას“ 100 ათასი ლარი შესწირა.
  6. რომან გუნდაძე – ის რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, მათ შორის, შპს „ალუზიტის“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. 2012 წლიდან ამ დრომდე მას „ოცნებისთვის“ ჯამში 30 ათასი ლარი აქვს შეწირული. წელს მან მმართველ პოლიტიკურ ძალას 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  7. სულიკო ჭყონიამ 60 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“. ის რამდენიმე ბიზნესკომპანიაში ფლობს წილებს: „გზა 1“, „ყავის სახლი“, „ტექნიკ სერვისი“, „Five minutes“. 2017 წლიდან მას „ოცნებისთვის“ სულ 140 ათასი ლარი აქვს შეწირული.
  8. ლევან მჟავანაძე სამშენებელო კომპანია „ლაიქ ჰაუსში“ წილების 51 პროცენტს ფლობს, ხოლო კომპანია „ბი ლე კაპიტალში“ – 50 პროცენტს. წელს და წინა წლის არჩევნებზეც მან 60-60 ათასი ლარი შესწირა „ოცნებას“.
  9. ირაკლი მახარაძე კომპანია „ბ.ს.პ.“-ს 100-პროცენტიანი წილის მფლობელია და სასტუმრო აქვს ანგისის დასახლებაში. მან 50 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ირაკლი მახარაძე 2020 წელს გახდა „ოცნების“ შემწირველი. მან გასულ წელს ორჯერ შესწირა თანხა მმართველ პარტიას, ერთხელ – 25 ათასი, მეორედ – 30 ათასი.
  10. ელდარ ნარაკიძე კომპანია „Neptun N“-ში 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. მან, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც 30 ათასი ლარი შესწირა „ოცნებას“.
  11. თემურ მამულაძე კომპანია „ბი ლე კაპიტალის“ წილების 50-პროცენტის მფლობელია, მან 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“.
  12. ჯუმბერ ზოიძე  სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში ფლობს წილებს. მაგალითად, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში – „რეალ პალასში“ ჯუმბერ ზოიძე 34%-ს ფლობს წილებიდან. წინა არჩევნებზე და ახლაც მან 50 ათასი ლარით დააფინანსა მმართველი პოლიტიკური პარტია.
  13. ზურაბ სტამბოლიშვილი კომპანიაში „თრეიდ სოლიშენს“ წილების 50 პროცენტს ფლობს. ზურაბ სტამბოლიშვილს სასტუმრო აქვს ქობულეთის ფიჭვნარში. 2019 წელს მან 9 ათასი ლარი შესწირა „ოცნებას“, 2020 წელს კი – 12 ათასი ლარი. წელსაც სტამბოლიშვილმა 12 ათასი ლარი ჩაურიცხა „ოცნებას“.
  14. ავთანდილ დიასამიძე კომპანია „საბადურის“ 100 პროცენტი წილის მფლობელია და დირექტორი. მან 20 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
  15. ზურაბ დუმბაძემ 15 ათასი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“, ის კომპანია „ტექნიკ სერვისში“ წილების 35 პროცენტს ფლობს.
  16. ვაჟა დავითაძე ინდმეწარმეა და სასტუმრო „მარანის“ მფლობელი. ის 2017 წლიდან 5-5 ათასი ლარით ეხმარებოდა მმართველ პოლიტიკურ პარტიას, ამჯერად კი შემოწირულობა 2 ათასი ლარით გაზარდა, მან 7 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
  17. ლაშა ბალაძე რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, მათ შორის, კომპანია „გუმბათი აპარტი კვარიათში“ ის წილების 100 პროცენტს ფლობს. ლაშა ბალაძემ „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  18. არჩილ ბასილაძემ 7 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“. ის კომპანიაში – „ხარისხის გარანტი“ წილების 50 პროცენტს ფლობს, ასევე დირექტორია კომპანიაში „გოლდ ბათუმი“. 2017 წლიდან მას ჯამში 37 ათასი ლარი აქვს ჩარიცხული „ოცნების“ ანგარიშზე.
  19. რეზო დავითაძე  სხვადასხვა კომპანიაში ფლობს წილებს, მათ შორის, სამშენებლო კომპანია „სამთა ჯგუფის“ 33 პროცენტი წილის მფლობელია. მას 2017 წლიდან 65 ათასი ლარი აქვს ჩარიცხული მმართველი პარტიისთვის. 2021 წელს მან 25 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
  20. ვალერი ადონიამ  15 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“, შპს „კლოტოიდა“-ში ის წილების 50 პროცენტს ფლობს.
  21. მალხაზ ქარცივაძემ – 15 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
  22. ლერი ბოლქვაძე სამშენებლო კომპანია „ელიტ კონსტრაქშენის“ დირექტორია. 2017 წელს მან „ქართულ ოცნებას“ 5 ათასი ლარი ჩაურიცხა. ამჯერად ლერი ბოლქვაძემ 7 ათასი ლარი ჩაურიცხა მმართველ პოლიტიკურ ძალას.
  23. ხათუნა ნაკაშიძე ინდივიდუალური მეწარმეა, მან 60 ათასი ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
  24. ჯემალ ჭყონია – 45 ათასი ლარი. ის შპს „მათეში“ 100 პროცენტს ფლობს. 2017 და 2018 წლებშიც ჯემალ ჭყონია ეხმარებოდა ხელისუფლებას, თუმცა მხოლოდ 5-5 ათასი ლარით.
  25. რუსლან ბაჯელიძე – 15 ათასი ლარი. ის კომპანიაში „განათება ბაჯო“ 100 პროცენტ წილს ფლობს. 2020 წლის არჩევნებზე რუსლან ბაჯელიძე 40 ათასი ლარით დაეხმარა „ქართულ ოცნებას“.
  26. გიორგი ბოლქვაძეს 2017 წლიდან ამ დრომდე მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის სულ 80 ათასი ლარი აქვს შეწირული. ამჯერად მან „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  27. ბესიკ დავითაძე – 15 ათასი ლარი – ის კომპანია „ივერია ბათუსში“ წილების 100 პროცენტს ფლობს. 2016 წლიდან ამ დრომდე ბიზნესმენს „ქართული ოცნებისთვის“ 80 ათასი ლარი აქვს ჩარიცხული.
  28. ლევან ბერიძე – 45 ათასი ლარი, ის ინდივიდუალური მეწარმეა.
  29. ზვიად ტაკიძე – 60 ათასი ლარი, ის კომპანიაში „ბალა +“ 22 პროცენტს ფლობს.
  30. კარენ აკოპიანი – 5 ათასი ლარი,  იგი კომპანიაში „ჯტკ“ წილების 100 პროცენტს წილს ფლობს.
  31. დალი ჯიჯავაძე – 60 ათასი ლარი – „ნიუ ბოლდერ ჯგუფში“ 22 პროცენტის მფლობელი. მან „ოცნებისთვის“ ფულის შეწირვა გასულ წელს დაიწყო. დალი ჯიჯავაძემ მმართველ პარტიას 2020 წელს ორჯერ ჩაურიცხა ფული, ერთხელ – 35 ათასი, მეორედ – 25 ათასი.
  32. გია ქათამაძე – 60 ათასი – „შატო კვირიკეს“ დირექტორია. ის 2017 წლიდან არის „ოცნების“ შემწირველი, თუმცა მაშინ და მომდევნო წელსაც ბიზნესმენი მმართველ პოლიტიკურ ძალას 5-5 ათასი ლარით ეხმარებოდა, 2020 წელს კი ბიზნესმენმა ორი სხვადასხვა ჩარიცხვით ჯამში 50 ათასი ჩაურიცხა „ოცნებას“.

შემოწირულობების მიღება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: