მთავარი,სიახლეები

მხარს ვუჭერთ საქართველოს გეოსტრატეგიული როლის გაძლიერებას – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან

14.08.2021 • 1542
მხარს ვუჭერთ საქართველოს გეოსტრატეგიული როლის გაძლიერებას – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან
იმამურა აკირა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ გასულ თვეში ჩაწერა.
რას ფიქრობს ახალი ელჩი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, როგორ ესახება საქართველო-იაპონიის თანამშრომლობა ტურიზმის კუთხით, რა მომავალი აქვს ქართულ პროდუქციას იაპონურ ბაზარზე, რა როლი ითამაშა ტოჩინოშინმა იაპონიაში საქართველოს პოპულარიზაციაში და როგორ ეხმარება იაპონია საქართველოს – ეს არის ის თემები რომელზეც ელჩმა ისაუბრა.
  • ბატონო ელჩო, ხშირია საუბარი საქართველოს, როგორც „შუა კორიდორის“ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებზე. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, რა ადგილი უკავია საქართველოს იაპონიის საგარეო პოლიტიკაში?

შუა კორიდორი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ხშირად ვუწოდებთ ამ ტიპის ინფრასტრუქტურას „დაკავშირებულობას“; ჩვენ მხარს ვუჭერთ მაღალი ხარისხის მდგრად დაკავშირებულობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით – აზიაში, აფრიკაში. ასევე დაინტერესებული ვართ, მხარი დავუჭიროთ დაკავშირებულობას კავკასიაში.

საქართველოს დამაკავშირებელი როლი აზიასა და ევროპულ კონტინენტებს შორის უნდა გაძლიერდეს. ჩვენი მხარდაჭერა ამ მიმართულებით მოიცავს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის დაფინანსებას. მაგრამ ჩვენ ასევე გვაინტერესებს ენერგოსექტორი, იმიტომ, რომ თქვენ აწარმოებთ დიდ ჰიდროსიმძლავრეს, რაც შესაძლოა საინტერესო იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის – მათ შორის ევროკავშირში. თქვენ გაქვთ კორიდორის ფუნქცია ასევე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან ევროკავშირში.

ჩვენ ვართ BTC ნავთობსადენის მონაწილე: იაპონური კომპანია ფლობს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან წილს მასში და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ეს ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იაპონური კომპანიები ეძებენ უფრო სწრაფი ტრანსპორტირების გზებს ევროპისკენ.

ისინი ამჟამად საზღვაო გზებს იყენებენ, რაც უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე შუა კორიდორი (თუ მოხდება მისი ეფექტური გამოყენება). მაგრამ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის დანაკლისი, კორიდორის გარკვეულ ნაწილებში კავშირის რღვევა – ამ მიზეზების გამო შუა კორიდორი არ არის სრულყოფილად ათვისებული და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში განვითარდება მაღალი ხარისხის მდგრადი ინფრასტრუქტურა.

იმამურა აკირა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

  • იაპონიასა და საქართველოს აერთიანებს მნიშვნელოვანი მსგავსება – რუსეთის მიერ უკანონო ოკუპაცია ჩვენი სახელმწიფოების მიწების (იაპონიაში – ჩრდილოეთ კუნძულები, ხოლო საქართველოში – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი). როგორ გესახებათ საქართველო-იაპონიის თანამშრომლობა ამ მხრივ,  საერთაშორისო არენაზე მეტი პროგრესის მისაღწევად?

ჩვენი ურყევი პოზიციაა, რა თქმა უნდა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ გვსურს ეს კონფლიქტი გადაიჭრას მშვიდობიანად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული წესრიგი, განსაკუთრებით საერთაშორისო სამართალში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ იდეებს როგორც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ისევე კავკასიაში და კერძოდ საქართველოში; ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის საკვანძო ნაწილია.

ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველაზე საბაზისო ნაწილი, რაც მთელ მსოფლიოს მოიცავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები – ჩვენ ძალიან ვწუხვართ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით? ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციების ინიცირებაში – ჩვენ მრავალი მათგანის თანაინიციატორიც კი ვართ და რა თქმა უნდა, ყოველ ინციდენტს ვეხმიანებით საელჩოს მეშვეობით, ოფიციალური განცხადებებით.

მაგალითად, როდესაც ცხინვალში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ჩვენ საჯაროდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია საელჩოს მეშვეობით. მართალია, ჩვენ არ ვართ ჟენევის მოლაპარაკებების ნაწილი, თუმცა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გაზარდოს ცნობიერება და მოიპოვოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა.

თქვენ ახსენეთ ჩვენი ჩრდილოეთ ტერიტორიები – რომლებიც ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება – მათ მოახდინეს ამ ოთხი კუნძულის ოკუპირება 1945 წლის აგვისტო-სექტემბერში და მას შემდეგ ჩვენ ჩართული ვართ მოლაპარაკებებში – ჯერ საბჭოთა კავშირთან, შემდგომ კი რუსეთთან – უკვე 70 წელია.

დაახლოებით 70 000 იაპონელს იძულებით დაატოვებინეს მათი სახლები. ასე რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განვაგრძოთ მოლაპარაკებები – სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისგან განსხვავებით, ჩვენ არ განვიხილავთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს გაეროს ფორმატში, მაგრამ ორივე საკითხი ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას. ასე რომ, ორივე საკითხი კავშირშია და იმედი გვაქვს წარმატებას მივაღწევთ უახლოეს მომავალში.

  • რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მთავრობას და  კერძო სექტორს, რათა მოიზიდონ მეტი იაპონური ინვესტიცია და ტურისტები საქართველოში?

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება: საქართველოს მთავრობა მართავს სხვადასხვა საინვესტიციო სემინარს იაპონიაში – ზოგი მათგანი იმართება ონლაინ, ზოგი კი პირისპირ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რათა გავზარდოთ ჩვენს ბიზნესსაზოგადოებაში ინფორმირებულობა. ახლა გადავდივართ განვითარების ახალ საფეხურზე, როდესაც უკვე შეგვიძლია გავმართოთ თემატური სემინარები, კონფერენციები – რათა იაპონიის სხვადასხვა ბიზნესწრეები დაინტერესდნენ საქართველოთი.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სასამართლო რეფორმა. თქვენ უკვე ძალიან კარგი ბიზნესგარემო გაქვთ, მაგრამ საჭიროა მეტი პროგრესი. საკვანძო მნიშვნელობა სწორედ სასამართლო რეფორმას აქვს – იმიტომ, რომ თუ საქართველოში წარმოიშობა დავა უცხოელი ინვესტორის მონაწილეობით, მნიშვნელოვანია არსებობდეს მისი სამართლებრივად გადაჭრის შესაძლებლობა, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაყრდნობით. ევროკავშირი კვლავაც ასახელებს გარკვეულ გამოწვევებს საქართველოს სასამართლო სისტემაში.

მესამე, როდესაც იაპონური ბიზნესი ფიქრობს საქართველოში ინვესტირებაზე, რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს დავასაქმოთ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ ამის შესაძლებლობას ვხედავთ, თუმცა, მნიშვნელოვანია მათი უნარ-ჩვევების კიდევ უფრო გაძლიერება, რომ არსებული მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის რაც მნიშვნელოვანია მეტი ინვესტიციის მოსაზიდად.

ტურიზმის მხრივ პირდაპირ ფრენებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ეს კვერცხის და ქათმის მდგომარეობაა: თუ არ იქნება საკმარისი ტურისტი, ფრენები არ იქნება მომგებიანი.

ასე რომ, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება. ჩემი რჩევაა ტურიზმის სააგენტოსთვის, გამართონ მსგავსი სემინარები არა მხოლოდ იაპონელი ბიზნესმენებისთვის, არამედ იაპონური ტურ-ოპერატორებისთვისაც: მათგან ბევრია დაინტერესებული კავკასიით. თუ მათ მოიწვევთ და შესთავაზებთ ინფორმაციას, რაც მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს იაპონელი ტურისტებისთვის – ისინი ბუნებრივად მოაწყობენ ტურებს და გაზრდიან საქართველოში იაპონელი ტურისტების ნაკადს.

ვფიქრობ, საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითაროთ ტურიზმი: დავიწყოთ ჩარტერული რეისებით, შემდგომში კი, როდესაც დაგროვდება გამოცდილება, შეგვიძლია დავიწყოთ რეგულარული ფრენების შესახებ საუბარი.

ასევე, იაპონელი ტურისტების მოსაზიდად, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ არა მხოლოდ საქართველო – იაპონიას შორის ფრენებზე, არამედ შესთავაზოთ იაპონელებს კომპლექსური ტურები, რა დროსაც ისინი საქართველოში გაჩერდებიან, შემდგომ კი განაგრძობენ ტურს სხვა ქვეყნებში: მაგალითად, ევროპაში, თურქეთში – შედარებით დაბალ ფასად. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა.

  •  ნახევარ წელზე მეტია რაც საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნეთ. როგორ შეაფასებდით თქვენს მუშაობას ამ პერიოდში?

საქართველოში დავბრუნდი ჩემი პირველი ვიზიტიდან 20 წლის შემდეგ (პირველად საქართველოს 1999 წელს ვესტუმრე). ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ პროგრესმა, რასაც 20 წლის განმავლობაში მიაღწიეთ. მეორე მხრივ, ადამიანების სითბო და სტუმართმოყვარეობა არ შეცვლილა. ასე რომ, მე ვიხილე როგორც ცვლილებები, ისე უცვლელი – ადამიანები, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ადამიანებთან, ვისაც ვხვდები, მთავრობა, პარლამენტი, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები – ყველასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა მაქვს – საკმაოდ წარმატებული. ამის მთავარი სიმბოლოა – ჩემი ჩამოსვლიდან მალევე, იანვარში, ორი მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა: ინვესტიციების მხარდაჭერისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებები.

რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ საერთო ბრძოლაში კოვიდის წინააღმდეგ. ჩემი ელჩობის პერიოდში რამდენიმე პროექტის ინიცირებაც მოვახდინეთ. ძალიან ვაფასებ მთავრობის ძალისხმევას პანდემიის საპასუხოდ.

კიდევ ერთი რამ, რაც დამამახსოვრდა, არის დაპირისპირება მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. მივესალმებით შეთანხმებას ორ მხარეს შორის – ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც ხელს მოაწერს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას (ინტერვიუ ჩაწერილია  შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლამდე [რედ.]).

იმედი მაქვს, რომ ამ შეთანხმებაში ნახსენები რეფორმები წარმატებით განხორციელდება – განსაკუთრებით, სასამართლოს რეფორმის კუთხით, თანამშრომლობის სულისკვეთებით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს დადებით გავლენას მოახდენს საგარეო ინვესტიციებზე და პროგრესში დაგეხმარებათ, რადგანაც სასამართლო რეფორმა კარგი ნიშანია უცხოელი ინვესტორებისთვის.

ხშირად ვხვდები სტუდენტებს – ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში და შთაგონებული ვარ ახალგაზრდების სულისკვეთებით – მათ აქვთ მოწინავე აზროვნება, კარგად საუბრობენ ინგლისურად: მიხარია, რომ ეს არის მომავალი თაობა, ვინც გაუძღვება ქვეყნის განვითარებას. ასე, რომ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს საზოგადოების მომავალს.

  • იაპონიას საქართველოსადმი აქვს ოფიციალური მხარდაჭერის პროგრამები. რა კონცეფციას ეფუძნება იაპონური დაფინანსების პროგრამები? რამდენადაა მორგებული რეგიონების და ქვეყნის საჭიროებებს?

ჩვენი ოფიციალური მხარდაჭერა მიმართულია „თვითდახმარებაზე“. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საკუთრების გრძნობას დახმარების მიმღებ თითოეულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. საქართველოში ჩვენ ვხედავთ მზაობას, რომ თავად აიღონ ხელში ქვეყნის განვითარება – ეს ძალიან გვიადვილებს ოფიციალურ მხარდაჭერას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდანვე, 1991 წლიდან, მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს მშენებლობაში, ეკონომიკასა და მრავალი სხვა დარგის განვითარებაში.

ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი სფეროა “დაკავშირებულობა”, რაც გულისხმობს საქართველოს ბუნებრივი, გეოსტრატეგიული როლის გაძლიერებას. ეს როლია აზიისა და ევროპის დაკავშირება. თქვენ მდებარეობთ ორ კონტინენტს შორის და ჩვენთვის ყველასთვის – იაპონიისთვის, ევროკავშირისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ მნიშვნელოვანი როლის განმტკიცებას. ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია იენის (იაპონური ვალუტის) სესხი აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის ასაშენებლად, რომელიც ფარავს ქუთაისის შემოვლით გზას. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ამ მშენებლობის ნაწილი.

ჩვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი სფეროა მცირე გრანტების პროექტი, რომელიც ეფუძნება ადამიანის უსაფრთხოების კონცეფციას – ჩვენი მხარდაჭერის ძირითად კონცეფციას, რადგანაც უსაფრთხოება ვერ იქნება წარმატებული, თუ თითოეული ადამიანი არ იქნება დაცული. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ინდივიდი იყოს დაცული და გაძლიერებული.

ასე რომ, ეს ადამიანის უსაფრთხოების კონცეფცია – ამით ვხელმძღვანელობთ საქართველოშიც. ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან სხვადასხვა რეგიონში – ჩვენი მხარდაჭერა მცირე მოცულობისაა, მაგრამ ის მოიცავს კრიტიკულ სფეროებს, როგორიცაა: განათლება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და კრიზისების მართვა. ეს არის საქართველოში ჩვენი ოფიციალური მხარდაჭერის მოკლე მიმოხილვა.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ინტერვიუს ჩაწერის დროს “ბათუმელების” რედაქციაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

  • რა ტიპის მხარდაჭერა აღმოუჩინა იაპონიამ საქართველოს კოვიდთან ბრძოლაში? ხომ არ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვესაუბროთ ამის შესახებ?

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ვავითარებთ უნივერსალური ჯანდაცვისა და საბაზისო ჯანდაცვის კონცეფციას. ჩვენ ვმსჯელობთ თქვენს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჯანდაცვის მინისტრთან – თუ როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ ამ პროცესში. ჩვენ ვცდილობთ, კოვიდის საპასუხო გადაუდებელი დახმარება აღმოვუჩინოთ საქართველოს. ამავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში ვცდილობთ ორი მიმართულებით გავაძლიეროთ  საქართველოს ჯანდაცვის სისტემა –   ჯანდაცვა იყოს საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი.

განვახორციელეთ მრავალი პროექტი, ერთ-ერთი მათგანი გასულ ზაფხულს, როდესაც შევთანხმდით, რომ იაპონია გამოყოფდა 3 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობას. გასული წლის ბოლოს კი, აზიის განვითარების ბანკის მეშვეობით, იაპონიის მთავრობამ სრულად დააფინანსა კოვიდის, როგორც კრიზისის საპასუხო პროექტი – 2.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით.

ამჟამად ამ პროექტის განხორციელების პროცესში ვართ – კერძოდ, მიმდინარეობს შესყიდვის პროცესი (რაც მოიცავს როგორც პირად დამცავ საშუალებებს, ისე აღჭურვას ჰოსპიტლებისათვის).

ბოლოს, ჩვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვეობით მხარს ვუჭერთ კოვაქსის პლატფორმას და დიდ დაფინანსებას გამოვყოფთ, რათა განვითარებად ქვეყნებს თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი ვაქცინაციაზე – მათ შორის საქართველოსაც. ვიცი, რომ გარკვეული შეყოვნებები იყო ამ მიმართულებით – წელს, 2 ივნისს, ჩვენ მოვიწვიეთ კოვაქსის სამიტი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი და სხვა დონორების მხარდაჭერით, ვაქცინაციების მიწოდება დაჩქარდება თქვენთან და სხვა სახელმწიფოებთან.

  • მინდა გკითხოთ ქართველებზე, რომლებიც იაპონურ სპორტში არიან. მაგალითად, რა გავლენა ჰქონდა ტოჩინოშინის ეფექტს ქართულ-იაპონურ ურთიერთობებზე?

ტოჩინოშინის გავლენა უდიდესია… ტოჩინოშინი ძალიან პოპულარულია იაპონიაში – რა თქმა უნდა, სუმო ჩვენი ეროვნული სპორტია და იაპონიაში 2-3 ყველაზე პოპულარულ სპორტს შორისაა. ტოჩინოშინი ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველია იაპონიაში – ის ერთგვარი ელჩია სპორტის სფეროში. მისი ცნობადობის შედეგად უფრო მეტმა იაპონელმა გაიცნო საქართველო და სურვილი გაუჩინა მეტი გაეგოთ. ასე, რომ მისმა ცნობადობამ გააცნო საქართველო ბევრ იაპონელს.

მაგალითისთვის, გასულ წელს, ერთ-ერთი იაპონური რესტორნის ქსელში გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძის დაგემოვნება, მათ შორის სტუმრებს გაასინჯეს შქმერული. ხმის მიცემის შედეგად სწორედ შქმერულმა დააგროვა ყველაზე მეტი ხმა და შედეგად, რესტორნის ქსელმა გადაწყვიტა შქმერული მუდმივ მენიუში დაემატებინათ  იანვრიდან. ვფიქრობ, ტოჩინოშინს დიდი გავლენა ჰქონდა სტუმრების ამ არჩევანზე.

სწრაფი მომზადების შქმერულის წვნიანი იაპონიის ერთ-ერთი მსხვილი მარკეტების ქსელში. ფოტო: იაპონიაში საქართველოს საელჩოს ფეისბუქ გვერდიდან

გარდა ამისა, ვიცი, რომ უამრავი ქართველი ადევნებს თვალს სუმოს ტელევიზიით თუ ინტერნეტით – რაც შთააგონებს საქართველოში ახალგაზრდობას, თავადაც ჩაერთონ სუმოში.

ტოჩინოშინის წინამორბედი – კოკაი (რაც შავ ზღვას ნიშნავს) – პირველი ქართველია, ვინც მონაწილეობას იღებდა იაპონიის სუმოს ტურნირებში.

საქართველოში დაბრუნების შემდგომ მან განაგრძო მოღვაწეობა საქართველოს სუმოს ფედერაციაში და შემოიკრიბა ყველა ნიჭიერი სუმოს მოჭიდავე. მე ვესტუმრე მათ სავარჯიშო ბანაკს ზუგდიდში, მაისის თვეში და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა. ბატონ კოკაის სურს გააგზავნოს სუმოს შემდეგი თაობა იაპონიაში. მართალია, ეს არ არის ოლიმპიური სპორტი – ასე რომ დიდი ყურადღება არ ეთმობა საქართველოდან, თუმცა მინდა ხელი შევუწყო მას ამ პროექტში.

  • ბევრი ქართველი ახალგაზრდა იაპონური ანიმეს დიდი მოყვარულია – რას ურჩევთ მათ, რომ იაპონიის შესახებ მეტი შეიმეცნონ?

იაპონიის მთავრობა და საელჩო ხელს ვუწყობთ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე კულტურის განვითარებას საქართველოში. გვიხარია, რომ ტრადიციულ კულტურასთან ერთად, ანიმეც პოპულარულია საქართველოში.

არსებობს ანიმეს მრავალი ჟანრი, მაგრამ მათი დიდი ნაწილი, წიგნებივით და ლიტერატურასავით არის,  ღრმად გაფიქრებს ადამიანების ცხოვრებასა და გარშემო სამყაროზე. ანიმე მხოლოდ გართობა არ არის, სწავლის ნაწილიც არის, რათა დაეხმაროს მაყურებელს გზა გაიკვალოს ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში. შედეგად ვხედავთ, რომ ანიმეთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს სურვილი უჩნდებათ გაეცნონ იაპონურ კულტურას და ენას – ან თუნდაც გაემგზავრონ სასწავლებლად იაპონიაში.  ამ ახალგაზრდებს ვურჩევდი ესტუმრონ ჩვენს საიტს, სადაც განთავსებულია ინფორმაცია იაპონიაში სწავლის შესახებ, ასევე დაფინანსებისა და უნივერსიტეტების შესახებ.

ასევე, ვისაც იაპონური ენის სწავლა სურს, შეუძლია მოიძიოს ონლაინრესურსები. შეგიძლიათ ენა ისწავლოთ საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტში – ასეთი ბევრი არ არის, მაგრამ არსებობს. ასევე არსებობს ონლაინ ენის კურსები. თუ გექნებათ კითხვები შეგიძლიათ ესტუმროთ საელჩოს საიტს ან მოგვმართოთ და მოგაწვდით ინფორმაციას.

ანიმეს რომ მივუბრუნდეთ, ჩვენ არა მხოლოდ წარმოვაჩენთ საკუთარ წარმატებას ამ სფეროში, არამედ ასევე ვიწვევთ ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ ანიმეს შექმნაში – რამდენიმე ქართველმა მათ შორის ძალიან საინტერესო ანიმაცია შექმნა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააჯილდოვა ქართველი ანიმატორი ქალი, რომელიც მუშაობს თბილისის ხელების ჩრდილის თეატრში – ის მსახიობია, რომელმაც შესანიშნავი ანიმაციური ფილმი შექმნა და სწორედ ამისთვის გადაეცა მას იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ჯილდო.

  • მომავალი წლის აგვისტოში შესრულდება 30 წელი მას შემდეგ, რაც საქართველომ და იაპონიამ დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა. როგორ შეაფასებდით ამ განვლილ 30 წელს? რაიმე ფორმით აღნიშვნას ხომ არ აპირებთ?   

დიდი მადლობა ამ კითხვის დასმისთვის – დიახ, მომავალ წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. ეს იქნება მნიშვნელოვანი წელი ჩვენი ქვეყნებისთვის, რადგანაც შესაძლებლობას მოგვცემს დავფიქრდეთ 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე.

ვფიქრობ, როგორც დასაწყისში ვთქვი, დიდ პროგრესს მიაღწიეთ ამ ბოლო 30 წლის მანძილზე. ეს წარმატება აღინიშნება ყველა სფეროში – ეკონომიკა, დემოკრატიზაცია, ხალხის კეთილდღეობა.

რა თქმა უნდა, გამოწვევები კიდევ ბევრია – მათ შორის, რუსეთის ოკუპაცია, მაგრამ თქვენი წარმატებული ძალისხმევა ნამდვილად კარგ შედეგს იღებს. ჩვენ ვამაყობთ რომ გვქონდა შესაძლებლობა თქვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდანვე ვყოფილიყავით თქვენი სახელმწიფოს განვითარების ნაწილი, თავიდანვე მხარს ვუჭერდით  საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის ძალიან რთულ წლებში.

ვიტყოდი, რომ ეს 30 წელი ერთად გავიარეთ. ძალიან ვამაყობთ, რომ ამის ნაწილი ვიყავით. გვაქვს საფუძველი ერთად აღვნიშნოთ მიღწევები, ვიფიქროთ გამოწვევებზე, რათა ეს წელი აღმოჩნდეს საფეხური ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, რათა საფუძველი ჩავუყაროთ შემდგომ 20-30 წლის თანამშრომლობას და აღვნიშნოთ ჩვენი ურთიერთობების 50, 60 და მეტი წელი. ჩვენ მოვაწყობთ მრავალ კულტურულ ღონისძიებას, გაცვლას წლის განმავლობაში, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს თარიღი, რაც გამოხატავს ჩვენს ურთიერთმხარდაჭერას და თანამშრომლობას ამ 30 წლის მანძილზე.

  • ეს არის თქვენი პირველი ვიზიტი აჭარაში, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები – რას ესტუმრეთ და რა ნახეთ? რა პროექტები გაქვთ აჭარაში? როგორ ეხმარებით ადგილობრივ ხელისუფლებას?

ეს ჩემი პირველი ვიზიტია ბათუმში, აჭარაში, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი საქართველოში ყოფნის ადრეულ პერიოდშივე შევძელი აქ სტუმრობა. ბათუმი ცოცხალი ქალაქია და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა – ვფიქრობ, აჭარას დიდი პოტენციალი აქვს როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში.

აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიასთან განვიხილეთ, თუ როგორ შევუწყოთ ხელი თქვენი ულამაზესი რეგიონის პოტენციალის განხორციელებას. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა დაკავშირებულობის გაზრდა. მე დავესწარი ბათუმის პორტში სასუქების ახალი ტერმინალის გახსნას – ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაკავშირებულობის ზრდას ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და დასავლეთ სამყაროს შორის.

მართალია, ამჯერად ჩვენი ინვესტიციებით არ მიგვიღია მონაწილეობა სასუქების ტერმინალის გახსნაში, თუმცა წარმოების ადგილას – განსაკუთრებით კი თურქმენეთში, პროდუქციის დამუშავებისას გამოიყენება იაპონური ტექნოლოგიები. ძალიან გვიხარია, რომ აღნიშნული პროდუქცია ბათუმის ტერმინალის მეშვეობით ევროპაში გაიგზავნება.

ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში: მათ შორის სოფლის მეურნეობა, განათლება, კრიზისების მართვა და ა.შ. მონაწილეობა მივიღე ასევე მეხანძრეთა დღის აღნიშვნაში: ჩვენი პროექტის ფარგლებში ბათუმს გადაეცა სახანძრო – სამაშველო ტექნიკა. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგანაც 2017 წელს მაღალსართულიან შენობაში გაჩენილმა ხანძარმა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. ეს სახანძრო მანქანა წარმოებულია იაპონიაში და აქვს შესაძლებლობა, მისწვდეს მაღალსართულიან შენობებს.

ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს თანამშრომლობას კულტურის სფეროში: წარსულში გვაქვს დაფინანსებული ოქროს საგანძურის ოთახი არქეოლოგიურ მუზეუმში.

შემდეგ ვფიქრობთ მხარი დავუჭიროთ ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებას ბათუმში. იმიტომ, რომ ეს არის საგანძური: ჩვენ მოვიკვლიეთ და აღმოვაჩინეთ, რომ შესაძლოა ეს იყოს უძველესი იაპონური ბაღი ევრაზიის კონტინენტზე.

თუმცა 1912 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც ის შეიქმნა, ბაღი მივიწყებული იყო. თუ აღმოვაჩენთ, რომ ბაღი კვლავაც კარგ მდგომარეობაშია – ეს დიდი აღმოჩენა იქნება იაპონელი ხალხისთვის.

ასევე ძალიან გვაინტერესებს იაპონელი მებაღე კანაიამას ბედი, რომელიც ბაღის დაარსებიდან – 1912 წლიდან უვლიდა ბაღს. ჩვენი ჩანაწერების თანახმად, ის გარდაიცვალა 1937 წელს,  თუმცა  არ ვიცით მიზეზი. შესაძლოა ეს დიდი ტერორის ნაწილი ყოფილიყო – ჩვენ ვცდილობთ მოვიკვლიოთ მასალები ეროვნულ არქივში.

ასევე გავიგეთ, რომ ის დაოჯახდა ბათუმშივე, რამდენიმე ადამიანს აღმოაჩნდა მისი ნივთები/სუვენირები – მებაღის ნიჩაბი მაგალითად. რამდენიმეს ახსოვდა კიდეც მებაღე კანაიამა. ჩვენ გვინდა თხოვნით მივმართოთ ნეტგაზეთის მკითხველს – თუ თქვენს ბაბუებს ან ბებიებს ახსოვთ მებაღე კანაიამა, ან მოგეპოვებათ მასთან დაკავშირებული ცნობები, ნივთები ან ნებისმიერი ინფორმაცია – გთხოვთ, მოგვაწოდოთ საელჩოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: