განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წიგნი, როგორც მასალა აზროვნებისთვის | საბა სუთიძე

15.08.2021 • 2079
წიგნი, როგორც მასალა აზროვნებისთვის | საბა სუთიძე

ავტორი: საბა სუთიძე, რელიგიის მკვლევარი

__________

იმას, თუ როგორ ვუყურებთ გარესამყაროს, საკუთარ ადგილს მასში და როგორ წარმოგვიდგენია სხვა ადამიანებთან, სხვა კულტურებთან ურთიერთობა, ალბათ, ბევრი რამ განსაზღვრავს.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი ის იდეები და ინფორმაციაა, რომელთაც წიგნების მეშვეობით ვეცნობით. ეს იდეები და ინფორმაცია აფართოებს ჩვენს თვალსაწიერს, გვაფიქრებს ისეთ რამეებზე, რაზაც მანამდე არ გვიფიქრია და შეიძლებოდა, ვერც ვერასოდეს გვეფიქრა, რომ არა წიგნი. ეს იდეები და ინფორმაცია სწორედ ის მასალაა, რომელიც აზროვნებისთვის ისე გვჭირდება, როგორც წყალი – ფიზიკური სიცოცხლისთვის.

ნებისმიერი საზოგადოების (მსოფლიო საზოგადოების ჩათვლით) მშვიდობიანი, ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის აუცილებელია საერთო სააზროვნო სივრცის არსებობა, რომელიც საზოგადოების წევრებს, ჩვენ, შესაძლებლობას მოგვცემს და გაგვიადვილებს, ერთმანეთთან საერთო ენა გამოვნახოთ, ერთმანეთს თანავუგრძნოთ და ურთიერთგაუცხოება დავძლიოთ.

ასეთი სივრცის შექმნისთვის კი აუცილებელია, საზოგადოების თითოეულ წევრს შეეძლოს, გაეცნოს კაცობრიობის ინტელექტუალური შრომის ნაყოფს; ყველასთვის იყოს ცნობილი ის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ჰუმანიტარული თუ საბუნებისმეტყველო მიღწევები, რომლებსაც თითოეულის ცხოვრებაშიც უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლიათ; ვიცნობდეთ სხვა კულტურების, ეთნოსების, რელიგიებისა თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული იდენტობების წარმომადგენლების პერსპექტივებს, ცხოვრების წესს, ტრადიციებსა და ისტორიას.

ამ თვალსაზრისით, პროექტი „მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომელიც მაღალმთიანი აჭარის ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას ისახავს მიზნად, არამხოლოდ რეგიონული მნიშვნელობისაა ან თუნდაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ცალკეული ადამიანების ინტელექტუალური ინტერესების დაკმაყოფილებას მოიტანს შედეგად, არამედ იქნება საერთო საზოგადოებრივი მნიშვნელობის ნაბიჯი, გადადგმული სწორედ იმ საერთო სააზროვნო სივრცის შექმნისაკენ, რომელიც ჰაერივით სჭირდება ჩვენს, მძიმე უახლესი წარსულისა და აწმყოს მქონე საზოგადოებას, რათა მისმა წევრებმა შევძლოთ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე საუბარი, ერთმანეთის მდგომარეობის განცდა და ისეთი საერთო ღირებულებითი საფუძვლის შექმნა, რომელზეც, მტრული, მტაცებლური და მჩაგვრელი წარმონაქმნის ნაცვლად, სოლიდარული და თანასწორი საზოგადოება აშენდება.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: