მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რატომ ავადობენ ხშირად ბავშვები – ექიმის რჩევები

16.08.2021 • 2930
რატომ ავადობენ ხშირად ბავშვები – ექიმის რჩევები

რატომ ავადობენ ხშირად ბავშვები, როდის უნდა გამოვიკვლიოთ  და როგორ უნდა დავიწყოთ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხა ირინა ქოქოლაძემ, მეცნიერებათა დოქტორმა, მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ „მედცენტრის“ პედიატრმა.

ბავშვის ხშირად ავადობა როდის შეიძლება მივიჩნიოთ ნორმად?

თუ ბავშვი 1 წლის განმავლობაში ავად ხდება რესპირატორული ინფექციებით ყოველთვიურად, ამასთან სჭირდება მედიკამენტოზური, განსაკუთრებით ანტიბიოტიკოთერაპია, ის ითვლება ხშირად მოავადედ და უნდა ვეძებოთ მიზეზი. ყოველთვიურად თუ დაგყავთ პედიატრთან ერთი და იმავე პრობლემით, აძლევთ ერთსა და იმავე მედიკამენტებს სხვადასხვა დასახელებით, უნდა გადაიხედოს რაშია პრობლემა, რა არის მიზეზი.

რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი?

ხშირად ეს არის სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვი, რომელსაც პრობლემა ჰქონდა მუცლადყოფნის პერიოდიდან ან „ცუდად მოვლილი“ ბავშვი, რომელსაც საკვები არ აქვს სწორად შერჩეული, ან არ იმყოფება სუფთა ჰაერზე საკმარისად, აქვს რაქიტი – დე ვიტამინის დეფიციტი, აქვს ალერგია, აქვს ორგანოთა განვითარების მანკი.

უფრო დაზუსტებით რომ გვითხრათ, რა კავშირი აქვს მუცლადყოფნის პერიოდთან ბავშვის დაბადების შემდგომ პრობლემებს?

ბავშვის ჯანმრთელობა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება, ჩასახვის დღიდან, მნიშვნელობა აქვს მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მავნე ჩვევებს (მწეველობა, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მიღება) ქრონიკული ინფექციების არსებობას (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ცხვირ-ხახის ქრონიკული ინფექციები) სომატურ დაავადებებს (ქრონიკული სხვადასხვა სისტემის დაავადებები) მემკვიდრულ წინასწარგანწყობას (ალერგიული რინიტი, ასთმა, ატოპური დერმატიტი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა). თუ მშობელი ბავშვის ჩასახვამდე ყურადღებას აქცევს აღნიშნულ მდგომარეობებს, მას მართავს, ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს, შესაბამისად ნაყოფის განვითარებაც ჯანსაღია.

ასევე, მინდა აღვნიშნო დედის განსაკუთრებული როლი, სასურველი ორსულობა, დედის მზაობა ორსულობისათვის. ორსულობა არ არის პათოლოგიური მდგომარეობა, სწორად მართული ორსულობა, სწორი კვება, ძილის რეჟიმი, პოზიტიური გარემო, მავნე ჩვევების უარყოფა, ნაკლები მედიკამენტების მიღება, ყოველთვის მთავრდება ჯანსაღი ახალშობილის დაბადებით.

თუმცა არის შემთხვევები, როცა ორსულობა მიდის პათოლოგიის გარეშე, მაგრამ ბავშვს დაბადების შემდეგ მაინც აქვს პრობლემები, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს?

ზოგჯერ არის მდგომარეობები, როცა ორსულობა მიდის კარგად ბოლო ტრიმესტრამდე, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით (ინფექციები, ტრავმები) ხდება ნაყოფის ნაადრევი დაბადება ან  ნაყოფის განვითარების შეფერხება ბოლო ტრიმესტრში, როცა ხდება ნაყოფში მაღალდიფერენცირებული უჯრედების მომწიფება პროლიფერაცია-გამრავლება და დიფერენციაცია, როგორიცაა: იმუნური უჯრედები, ნერვული უჯრედები, კუჭ-ნაწლავის ეპითელიუმი. შესაბამისად ბავშვის დაბადების შემდეგ ერთი შეხედვით უხილავი პრობლემები, ბავშვის ზრდა-განვითარების პერიოდში, ეტაპობრივად იჩენს თავს. აღნიშნულ დარღვევებს თუ თან ერთვის გენეტიკური წინასწარგანწყობა, დასაშვებია ჩამოყალიბდეს დაავადება, რომელიც ადრეულ ასაკში მიიღებს უკვე ქრონიკულ მიმდინარეობას. მაგალითად, ალერგიული დაავადებები, ბრონქული ასთმა, რინო-სინუსიტები, ქრონიკული გასტროდუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება, სხვადასხვა სახის ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა.

შესაძლებელია თუ არა თავიდან ავირიდოთ გართულებები და რა არის ამისთვის საჭირო ?

პრობლემის სწორი გააზრებით, ბავშვის მოვლით, დასაშვებია ბევრი გართულების თავიდან არიდება. მაგალითად, 1 წლამდე ბავშვის სწორი მოვლისა და სწორად შერჩეული კვების შემთხვევაში შესაძლებელია გენეტიკურად წინასწარგანწყობილი დაავადებების თავიდან აცილება და მართვა.

კვება უნდა იყოს ბალანსირებული, ძუძუთი კვება ჩვილობის ასაკში შეუცვლელია, თუ რაიმე მიზეზის გამო მოხდა ჩანაცვლება ხელოვნური რძის ნარევით, ის უნდა იყოს შერჩეული სწორად, უკვე გამოცდილი და მაღალი ხარისხის, შემადგენლობა მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული დედის რძესთან და არა კომერციული თვალსაზრისით – იაფი ან ძვირადღირებული, როგორც ხდება შერჩევა ხშირ შემთხვევაში ჩვენს რეალობაში. დამატებითი კვება უნდა იყოს დაწყებული დროულად, ექიმთან შეთანხმებით, ეტაპობრივად, აუცილებელია ალერგიული წინასწარგანწყობის გათვალისწინება, თუ მშობლებს აქვთ ალერგია ან ბავშვს დამატებითი კვების დაწყებამდე გამოუვლინდა ალერგიული რეაქციები კანის, კუჭ-ნაწლავისა და/ან რესპირატორული სისტემების მხრიდან, დამატებითი კვება და ხელოვნული ნარევი უნდა იყოს აუცილებლად ჰიპოალერგიული, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ექიმმა. მოზრდილი ბავშვის საკვები უნდა იყოს ბალანსირებული – ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, არა ერთფეროვანი და არა ჭარბი რაოდენობით. კატეგორიულად არ შეიძლება რაფინირებული საკვების გამოყენება (კარამელიზებული ტკბილეული, ცხიმიანი ძნელად მოსანელებელი საკვები, საღებავებისა და კონსერვანტების შემცველი საკვები).

და ბოლოს რომ გვირჩიოთ, რა არის მნიშვნელოვანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

ბავშვის მოვლა ადვილია, მას სჭირდება სუფთა ჰაერი, ყოველდღიური ჰიგიენა, კვება და მშობლებთან ყოფნა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, რათა ის გაიზარდოს ჯანსაღი, სრულფასოვანი და ბედნიერი. როცა ბავშვი ჩნდება, ოჯახი უნდა გადაეწყოს ბავშვის რეჟიმზე, ყოველგვარი ხმაური (ტელევოზორის ჩათვლით), ხალხმრავლობა და ტრადიციული სუფრები, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება ოჯახში ბავშვის თანდასწრებით ყოვლად დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა და ჩვენს ყველა ქმედებას აქვს თავისი შედეგი!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: