მთავარი,სიახლეები

ბათუმის საოლქო კომისიის წევრი კომისიას ადანაშაულებს კონკურსის წესების დარღვევაში

13.08.2021 • 1444
ბათუმის საოლქო კომისიის წევრი კომისიას ადანაშაულებს კონკურსის წესების დარღვევაში

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კახა ჯაიანი კომისიას საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.

კახა ჯაიანს ეჭვი აქვს, რომ კომისიამ 12 აგვისტოს სარეგისტრაციო ჟურნალი რამდენიმე საათის დაგვიანებით, მმართველი პარტიის ინტერესების გათვალისწინებით დახურა.

საუბნო-საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად კონკურსი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა. განაცხადის შეტანის ვადა 2021 წლის 12 აგვისტოს 18:00 საათზე უნდა დასრულებულიყო.

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის  განაცხადის სარეკომენდაციო ფორმაც შეიმუშავა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიებშიც უნდა  ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

საუბნო კომისიების წევრებს საოლქო კომისიები არჩევენ.

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ დაგვიდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარეგისტრაციო ჟურნალი მართლაც დაგვიანებით დახურეს.

მისი განმარტებით, საოლქო კომისიამ განაცხადები პანდემიის გათვალისწინებით ძირითადად ონლაინ მიიღო, განცხადებების მიღების ბოლო დღეს კი სისტემის გაჭედვის გამო კონკრეტული ჯგუფის განაცხადი გვიან დაფიქსირდა, თუმცა განმცხადებელს ის მითითებულ ვადაში ჰქონდა გამოგზავნილი და არსებობს ამის დამადასტურებელი სქრინიც.

„რადგან სქრინი აჩვენებს, რომ დროულად გამოაგზავნეს განაცხადი, ჩვენ არ გვქონდა უფლება არ დაგვერეგისტრირებინა,  არაფერ შუაშია აქ „ქართული ოცნება“ – გვითხრა ციალა შავაძემ.

კახა ჯაიანი კი დარწმუნებულია, რომ საოლქო კომისიები საუბნო კომისიების წევრებს მმართველი პარტიის ჩარევით არჩევენ: „უახლოეს მომავალში წინასწარ გეტყვით შერჩეული პირებიდან ვინ გახდება თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი“ – აცხადებს კახა ჯაიანი.

___________

ფოტოზე: კახა ჯაიანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: