განათლება,მთავარი,მოსაზრება

„ამაზე უკეთესს ბავშვებს ვერაფერს გავუკეთებთ“ | ნინუნა სანადირაძე

13.08.2021 • 2420
„ამაზე უკეთესს ბავშვებს ვერაფერს გავუკეთებთ“ | ნინუნა სანადირაძე

ავტორი: ნინუნა სანადირაძე, მოგზაური

___

მჯერა და საკუთარ თავზეც გამომიცდია, რომ მოგზაურობა ოთახიდან გაუსვლელადაც შეიძლება.

ეს მოგზაურობა დაუსრულებელი და ამოუწურავია, ზოგი კეთილია, ზოგი საშიში, ზოგი კარგად მთავრდება და ზოგიც ცუდად.  და ეს დაუსრულებელი და ამოუწურავი მოგზაურობა და თავგადასავალი წიგნია. ზოგი წიგნი  და მოგზაურობა ადამიანია, ზოგი ცხოველი, ზოგი უბრალოდ ამბავი და ზოგიც – ქვეყანა.

როდესაც ზაფხულობით დეიდა და ავადობის ჟამს დედა და ბებია ენის მოტეხვამდე გვიკითხავდნენ წიგნებს, მახსოვს ჩემი საწოლის ქვეშ ლილიპუტები და დევები ცხოვრობდნენ, ვილა „ყიყლიყოს“ წლები დავეძებდი და კაცი ამფიბია ყველაზე დიდი მისტიკა მეგონა.

ენები კი შეუხორცდათ უფროსებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ღამე, როდესაც ყველას ეძინა და გარშემო სიმშვიდე იყო, განმარტოებით კითხვაზე ინტიმური არაფერი ყოფილა. ვრჩებოდი მარტო გმირებთან ერთად ყველაფერი უფრო ბუნებრივი, ნამდვილი და დაუვიწყარი იყო.

სრულიად შოკისმომგვრელი იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ზოგი ავტორი გასულ საუკუნეებში კი არ ცხოვრობდა, ჩემი თანამედროვეები და ცოცხლები ყოფილან. ამან კიდევ უფრო შემაყვარა წიგნი და დამაჯერა ამ თავგადასავლების ნამდვილობა. იქ მოგონილი არაფერია, ყველაფერი ნამდვილი და ცოცხალი ადამიანების ფიქრი, ოცნება და განცდაა და ჩვენ ამის თანამონაწილეები გაგვხადეს.

დღეს თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, უკანმოუხედავად წავყვებოდი ყველას ამ  მოგზაურობაში.

წიგნი ისეთი მდინარე და მოგზაურობა აღმოჩნდა, სადაც შეიძლება 100-ჯერაც შეხვიდე – ყდა და სათაური იგივე დაგხვდება, მაგრამ იქ სხვა ადამიანებს ვიპოვით. იმიტომ კი არა რომ ვინმემ გადაწერა ან რამე შეცვალა, წლებია შენ სახლში, თაროზე აწყვია ეს წიგნები, უბრალოდ ჩვენ გავიზარდეთ და ამ წიგნებმა გაგვზარდა წაკითხვიდან წაკითხვამდე.

იგივე გმირი და მოგზაურობა შეიძლება სხვანაირი აღმოჩნდეს; კეთილი აღმოჩნდეს ბოროტი, მოკეთე – მტერი, ლამაზი – მახინჯი, სასაცილო – სატირალი ანდა სულაც პირიქით. ამ წიგნებმა და გმირებმა მოგვცა ცოდნა და გაგვიჩინა ბევრი საფიქრალი, შესაფასებელი და გადასაფასებელი ცხოვრებაში და ამ განცდებისთვის ღირს წიგნთან ერთად მოგზაურობა მთელი ცხოვრება.

წიგნი საფიქრალის, ფანტაზიის და ჟინის ასრულების ცეცხლზე დასხმული ნავთი მგონია. და ეს ის ჟინი და ოცნებაა, რომლის გარეშეც ვერც ბიძია ბაბუა გაფრინდებოდა ცაში და ვერც ელონ მასკი მარსზე და „გალსტუკიან პეპლებად“ დარჩებოდნენ.

მადლობა „ბათუმელებს“ ამ შესაძლებლობისათვის. მთელი გულით ვუერთდები ამ ძალიან ფასეულ და მნიშვნელოვან წამოწყებას, ამაზე უკეთესს ბავშვებს ვერაფერს გავუკეთებთ. მინდა ვინატრო, როგორც ამ 65 სკოლის ბიბლიოთეკა აივსება, ისე აივსოს ყველა სკოლის ბიბლიოთეკა და ყველა ბავშვის გული. ერთმა ბავშვმაც რომ მიაგნოს თავის გმირს და მოწოდებას ამ წიგნებში, მიზანი მიღწეული იქნება.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: