მთავარი,სიახლეები

ტიკარაძე: სასწრაფოს ჯგუფები მუშაობენ განუწყვეტლივ, საკმაოდ ბევრი პაციენტი ელოდება რიგს

13.08.2021 • 2117
ტიკარაძე: სასწრაფოს ჯგუფები მუშაობენ განუწყვეტლივ, საკმაოდ ბევრი პაციენტი ელოდება რიგს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ეპიდვითარება საქართველოში კრიტიკულია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით ახერხებს გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს:

„მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საწოლფონდი იყო თითქმის განულებული და ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი გამოძახება, ჩვენ შევძელით და ყველა პაციენტი, რომელსაც ესაჭიროებოდა საავადმყოფოში მკურნალობა, განვათავსეთ შესაბამის განყოფილებებში“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 13 აგვისტოს, „რუსთავი 2“-თან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია მძიმეა აჭარაშიც:

„კრიტიკულია ასევე სიტუაცია ბათუმში, აქაც გვაქვს რესურსი დღეს დადასტურებული საკმაოდ მაღალი რიცხვის მიუხედავად ყველა პაციენტს მივაწოდოთ ის სამკურნალო სერვისები, რაც მათ ესაჭიროებათ.

მდგომარეობის დამძიმებას ჯერჯერობით ველოდებით, თუმცა არის სრული მზაობა სექტორში და ჰოსპიტალური სექტორი შეძლებს განაგრძოს საჭირო მომსახურების გაწევა და არც ერთი პაციენტი არ დარჩება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე“.

მან ასევე განაცხადა, რომ აჭარაში ჰოსპიტალური სექტორი უკეთაა განვითარებული, ვიდრე დანარჩენ საქართველოში და აქედან გამომდინარე აჭარა უკეთესად უმკლავდება კოვიდის გამოწვევებს.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მუშაობენ განუწყვეტლივ და თითოეული საწოლი, რომელიც თავისუფლდება, ავტომატურად ხდება მისი დაკავება, რადგან გვაქვს საკმაოდ ვრცელი მოლოდინის რიცხვი პაციენტების, რომლებიც განთავსებულნი არიან ემერჯენსის განყოფილებაში და პრიორიტეტულ ზარებში არიან.

მე ზუსტად ვიცი, არც ერთი ექიმი არ დაეცემა ამ ბრძოლის ველზე და ზუსტად ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს. ეს არ არის ზედმეტად პოზიციური განცხადება, მე ვაკვირდები როგორი ფსიქო-ემოციური მზაობა აქვთ ექიმებს, როგორი ბრძოლის განწყობა აქვთ, როგორი ერთობაა და ეს მაძლევს საფუძველს ეს მესიჯი საზოგადოებაში გავავრცელო“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს, 13 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რთული ეპიდვითარების გამო ხვალიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: