მთავარი,სიახლეები

ვინ შეარჩია ცესკომ აჭარაში საოლქო კომისიებში დროებით წევრებად

13.08.2021 • 1719
ვინ შეარჩია ცესკომ აჭარაში საოლქო კომისიებში დროებით წევრებად

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] საოლქო კომისიებში დროებითი 3-3 წევრი შეარჩია. კონკურსის რამდენიმე მონაწილესთან გასაუბრებას „ბათუმელები“ ლაივჩართვის საშუალებით აკვირდებოდა. საკონკურსო კომისიის წევრი კითხვების დასმისას განსაკუთრებით სამი საკითხით დაინტერესდა. მისი კითხვები შეეხებოდა გამოცდილებას, საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს და წარმოადგენდნენ თუ არა კონკურსანტები გასულ წლებში, საარჩევნო კომისიებში რომელიმე პარტიას, რამდენჯერმე აქცენტი „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილებაზეც გააკეთეს.

ერთი შეხედვით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კომისია ნეიტრალურ პირებს ეძებდა. ასეც უნდა იყოს. 17-წევრიან კომისიაში კვალიფიციურ პარტიებს თავიანთი თითო წარმომადგენელი ეყოლებათ, [სულ ცხრა] გარდა ამისა ექვსი მუდმივმოქმედი [პროფესიული] წევრია , რომელთაც ირჩევს პარლამენტი 5 წლის ვადით, ხოლო სამ დროებით წევრს ცესკო ყოველი არჩევნებისთვის კონკურსის წესით შეარჩევს. ცესკო ვალდებულია ოლქში ინტერესების დასაბალანსებლად ნეიტრალური, არაპარტიული პირები შეარჩიოს.

გასული წლების პრაქტიკა აჩვენებდა, რომ ცესკოს საოლქო კომისიებში დროებით წევრებად შერჩეული პირები წინა წლებში, კომისიებში, პარტიებს, უფრო ხშირად კი „ოცნებას“ წარმოადგენდნენ.

ერთი შეხედვით თითქოს ეს პრაქტიკა შეცვლილია, თუმცა მხოლოდ აჭარაში შერჩეული პირების სახელებსა და გვარებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ამჯერად  უმეტესად საჯარო მოხელეები ან საოლქო კომისიებში თავმჯდომარეების ყოფილი თანაშემწეები შეარჩიეს. არჩევნებზე მუშაობის გრძელვადიანი გამოცდილება მათგან უმეტესობას ნამდვილად აქვს.

განსაკუთრებით საინტერესო ამ კუთხით ქობულეთის საარჩევნო კომისიაა.

ქობულეთში მანონი შავიშვილი, მამუკა გოგიტიძე და ია ბერიძე შეარჩიეს.

მამუკა გოგიტიძე მოქმედი საჯარო მოხელეა. ის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის თანაშემწეა, თავად დავით მჭედლიშვილი „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ისევ წარადგინა.

მამუკა გოგიტიძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ არჩევნებში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ამ დრომდე არასოდეს ყოფილა საუბნო ან საოლქო კომისიის წევრი, თუმცა სერთიფიცირებული საარჩევნო მოხელეა, კურსი გაიარა და სერტიფიკატიც აიღო. ის ამბობს, რომ ობიექტურია და საოლქო კომისიაში მუშაობს არცერთი პარტიის სასარგებლოდ არ აპირებს, მამუკა გოგიტიძე ირწმუნება, რომ მისი უშუალო უფროსი, ქობულეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მის მუშაობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

მანონი შავიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია. 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ის ქობულეთის საარჩევნო კომისიაში აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას [უსკო] წარმოადგენდა, როგორც ცესკოს მიერ არჩეული პირი და რომელიმე პარტიის სახელით მას არჩევნებზე მართლაც არ უმუშავია.

ია ბერიძე ქობულეთის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქობულეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოლქის დროებითი წევრი იყო. ია ბერიძე ცესკოს მიერ შერჩეული წევრი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ის ქობულეთის რკინიგზის სადგურის დირექტორის მეუღლეა.

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიაში დროებით წევრებად ზაალ ზაალიშვილი, სოფიო კახაძე და მზია მჟავანაძე შეარჩიეს.

სოფიო კახაძე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] ყოფილი მდივანია, მას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში გაუვიდა.

ზაალ ზაალიშვილს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის, ასევე ცესკოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, როგორც ცესკოს დანიშნული წევრი. იყო ცესკოს ტრენერიც.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზაალ ზაალიშვილი ისნის #5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, შემდეგ კი დროებითი წევრი იყო. სწორედ მისი ჩვენება დევს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, 43 წლის თედორე გობეჯიშვილის საქმეში, რომელიც საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს [ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 2020 წელს პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს].

ქედის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯემალ ბერიძე, ნაზიბროლა დუმბაძე და მზიური შავაძე შეარჩიეს.

ჯემალ ბერიძეს საარჩევნო გამოცდილება აქვს. ის რამდენიმეჯერ საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ასევე საოლქო კომისიის წევრი იყო. ჯემალ ბერიძე ქედის მერიის თანამშრომელია, მშენებლობის და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს. მან გვითხრა, რომ საოლქო კომისიაში სამუშაოდ სამსახურიდან შვებულებაში გავიდა.

ნაზიბროლა დუმბაძე ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი და სატენდერო კომისიის თავმჯდომარეა. 2016-2020 წლებში მას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იურისტის პოზიციაზე ქედის საოლქო კომისიაშიც უმუშავია. ამჯერად საოლქო კომისიაში სამუშაოდ სამსახურიდან ის შვებულებაში გასვლას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მერია „ქედის ბაღების გაერთიანების“ პირდაპირი ზემდგომია, ნაზიბროლა დუმბაძე მის მუშაობაში ჩარევისა და ზემოქმედების საფრთხეს ვერ ხედავს. ამბობს რომ იურისტია, კანონი კარგად იცის და საოლქო კომისიაში ნეიტრალური პირი იქნება.

მზიური შავაძე პედაგოგია, ის ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის დაა. მზიური შავაძე ამავე ოლქში ცესკოს შერჩეული წევრი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქედის საოლქო კომისიაში ის ცესკოს წარმომადგენელი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

რაც შეეხება თავად ციალა შავაძეს – ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარედ დანიშვნამდე, მის ახლო კავშირებზე სახელისუფლებო პარტიასთან „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

ხელვაჩაურში გოჩა მჟავანაძე, კობა სალუქვაძე და გუგული ქოქოლაძე შეარჩიეს.

გოჩა მჟავანაძე სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეა, თუმცა, საარჩევნო გამოცდილება არ აქვს. სამაგიეროდ აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება. 2017-2018 წლებში ის ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ამ დროისთვის კი ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილებაში მუშაობს. მისივე ინფორმაციით, საოლქო კომისიაში მუშაობის დროს ის შვებულებას აიღებს. გოჩა მჟავანაძის თმით, ის საოლქო კომისიაში მუშაობისას მიუკერძოებელი იქნება.

კობა სალუქვაძე სხვადასხვა დროს ხელვაჩაურის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ შერჩეული პირი იყო.

შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიაში მადონა ჯაყელი, რომან დარჩიძე და მარინა ტარიელაძე შეარჩიეს.

რომან დარჩიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ცესკოს შერჩეული დროებითი წევრი იყო შუახევის საოლქო კომისიაში. მას აქვს რამდენიმე არჩევნებზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა პარტიის წარმომადგენელი არასოდეს ყოფილა. ამბობს, რომ „ობიექტური და მიუკერძოებელია“.

მადონა ჯაყელი პედაგოგია. ის სხვადასხვა წლებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნის, მოადგილის და თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობდა. ჩვენთან საუბარში ეს ფაქტი ვერ გაიხსენა, თუმცა ცესკოს მონაცემების მიხედვით ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო კომისიაში „ოცნების“ წარმომადგენელი და კომისიის მდივანი იყო. მადონა ჯაყელი 2018 წელს საუბნო კომისიის წევრად საოლქო კომისიამ შეარჩია და კომისიის თავმჯდომარედაც აირჩიეს. მადონა ჯაყელი ოლქის შერჩეული პირი და საუბნო კომისიის თავმჯდომარე იყო შემდგომ წლებშიც.

მარინა ტარიელაძე 2018 წელს ის საოლქო საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა.

ხულოში გიგლა აბულაძე, რამაზ ხმალაძე და თემურ შამანაძე შეარჩიეს.

გიგლა აბულაძეს როგორც საუბნო, ასევე საოლქო კომისიაში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის ძირითადად ცესკოს ან საოლქო კომისიას წარმოადგენდა, თუმცა, როგორც თვითონ გვითხრა, პარტიასთან თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს და საპარლამენტო არჩევნებზე კომისიაში „ოცნებას“ წარმოადგენდა. ახლა გიგლა აბულაძე ისევ ცესკოს წარმომადგენელია, გვარწმუნებს, რომ ობიექტური იქნება და პარტიასთან თანამშრომლების გამოცდილება ამაში მას ხელს ვერ შეუშლის.

თემურ შამაძე სხვადასხვა არჩევნებზე საოლქო კომისიის წარმომადგენელი იყო.

რამაზ ხმალაძე საოლქო კომისიაში გასულ წელს ხელშეკრულებით ლოჯისტის თანამდებობაზე აიყვანეს, შემდეგ კი ოლქის მუშაობას დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა. ისიც საჯარო მოხელეა და ხულოს მერიის განათლების კულტურისა და სპორტის განყოფილებაში მუშაობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

________________

ფოტოზე: არჩევნები აჭარაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: