სიახლეები

ბელეტაჟების ნგრევა გრძელდება – ახალი მშენებლობები ბათუმში

14.08.2021 • 3450
ბელეტაჟების ნგრევა გრძელდება – ახალი მშენებლობები ბათუმში

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში საინფორმაციო ბანერი გამოფინეს. ამ ბანერის მიხედვით, ბრწყინვალეს, ხიმშიაშვილის, პუშკინისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორიისთვის დაინტერესებული პირი, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, განაშენიანების დეტალურ გეგმას ამზადებს.

რომელი კომპანია გეგმავს აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას? ამ კითხვაზე პასუხს ბათუმის მერიიდან 2 დღის განმავლობაში ველოდით, თუმცა უშედეგოდ. მერია მშენებლობის ნებართვის მაძიებლის ვინაობას მოცემულ ეტაპზე ასაიდუმლოებს. ინფორმაცია 12 აგვისტოს ოფიციალურადაც გამოვითხოვეთ, ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

კვარტალში, რომლის ათვისებასაც მშენებელი გეგმავს, ერთსართულიანი ბათუმური ბელეტაჟებია განთავსებული. დიდი ალბათობით ნებართვის მიღების შემთხვევაში მშენებელი ამ სახლებს დაანგრევს.

ღობეზე გამოფენილ ბანერზე მშენებლობის მსურველის შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული. საინფორმაციო ბანერზე მხოლოდ ის წერია, რომ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების ინიციატორი ბათუმის მერიაა „კერძო ინიციატივის საფუძველზე.“

ბანერზე მითითებულია ისიც, რომ პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულმა პირებმა მოსაზრებები 2021 წლის 31 აგვისტომდე უნდა დააფიქსირონ, თუმცა ვისთან? – ეს არ ვიცით,  და რაზე? – არც ესაა ცნობილი.  ისევე როგორც უცნობია კონკრეტულად რა გეგმა აქვს აქ მშენებლობის ნებართვის მიღების მსურველს.

ბანერზე ასევე აღნიშნულია, რომ დამატებითი ინფორმაციის მიღება ბათუმის მერიის ვებგვერდზე: batumi.ge – ზეა შესაძლებელი. აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია. 13 აგვისტოს მდგომარეობით batumi.ge- ზე ამ პროექტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ არის ატვირთული.

სხვათა შორის, უნდა ითქვას ისიც, რომ მერიის ვებგვერდზე მსგავსი პროექტების გრაფაში ბოლოს ატვირთული დოკუმენტი 2019 წლის 12 დეკემბრით თარიღდება. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ მერიაში საერთოდ დაავიწყდათ, პროექტების საჯაროდ განხილვის ვალდებულება რომ აქვთ.

ბათუმი. ფოტო: მარიამ მუთიძე

ბათუმში ერთსართულიანი ბელეტაჟები კიდევ ერთი ქუჩიდან გაქრება.  26 მაისის ქუჩაზე ბელეტაჟების ათვისების ხარჯზე  მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს  შპს „ჯევერს ბლოკ ბ“. კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს. გამოკრულია ახალი პროექტის ბანერიც.

 

გადაბეჭდვის წესი