დააკავეს 7 პირი, 16 საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა საარჩევნო უბანთან დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევებზე სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო გამოძიება.

შსს აცხადებს, რომ 16 საქმეზეა დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებულია 7 ადამიანი.

შსს ამ შემთხვევებზე ავრცელებს ინფორმაციას:

სოფელ ფონიჭალაში მდებარე 30-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით; ყვარლის რაიონულ სამმართველოში – მე-10 საარჩევნო უბანთან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე; ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში 22-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებაზე, გამოძიება დაიწყო კენჭისყრის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის შემთხვევებზე.

მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე 52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფატთან დაკავშირებით დაიწყო ასევე გამოძიება, ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით. აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი უკვე დაკავებულია.

ახალქალაქში, სოფელ კოროვაკანში, მდებარე 50-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შორის მომხდარ სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სენაკში, N7 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სენაკის პოლიციაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, N48 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს N83 საარჩევნო უბანში განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება გარდაბანში, გუშინ საღამოს მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით.

ქალაქ ზუგდიდში, N84 საარჩევნო უბანში მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

კიდევ ერთი გამოძიებაა დაწყებული თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე N24 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.

ასევე, 3 ოქტომბერს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კუთვნილ საარჩევნო-საინფორმაციო ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცულში, N19 საარჩევნო უბანში საარჩევნო ურნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით დაიწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N 48 საარჩევნო უბანში არაერთგზის ხმის მიცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე სეკუნდა მუხლით დაიწყო.

სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს ასევე ლანჩხუთში, სოფელ მამათში მომხდარ ძალადობის ფაქტზე და თბილისში, ნაკადულის ქუჩაზე, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარ ქურდობის ფაქტზე.

შსს ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს პოლიციამ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება.

„საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით – 2000 ლარის ოდენობით.

პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში – 3 პირი, ასპინძაში – 2 პირი, ლანჩხუთში – 1 პირი და თბილისში – 1 პირი.

აჭარაში კოვიდის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში

აჭარაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 353 პაციენტი, მათგან მართვით სუნთქვაზე იმყოფება 8 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდით პაციენტის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

ამავე თემაზე: 

33 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში, დადასტურდა 1164 ახალი შემთხვევა

33 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში, დადასტურდა 1164 ახალი შემთხვევა

3 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 33 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 2 292  ადამიანი.

2 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,27%-ია.

დღეის მონაცემებით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 4 102 ინფიცირებული, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 675 ადამიანი.

3 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარდა 1 813 679 აცრა კორონავირუსზე, დღიურად აცრილთა რაოდენობაა 5 159.

 

4 მუნიციპალიტეტს „ოცნების“ მერი ეყოლება, ორში მეორე ტური ჩატარდება – არჩევნები აჭარაში

2021 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გვაჩვენებს, რომ ამომრჩევლის განწყობა „მმართველი პარტიის“ მიმართ მკვეთრად შეიცვალა და გვაჩვენებს იმასაც, რომ საკრებულოებში პოლიტიკური გადანაწილების ახალი მოცემულობის გათვალისწინებით პროცესი ბევრი კონტექსტით იქნება საინტერესო.

მონაცემები საბოლოო არ არის, თუმცა დიდი ალბათობით ციფრები მკვეთრად აღარ შეიცვლება. ამიტომაც განსაკუთრებით საინტერესოა როგორ იმუშავებს ბათუმის 35-წევრიანი საკრებულო, სადაც ოპოზიციას 19 წევრი ეყოლება. ამ მონაცემებში გიორგი გახარიას გუნდის სამი წევრიც შედის. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ექნება ამ პარტიის წევრების პოზიციებს იმის გასარკვევად, თუ ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს ბათუმის შემდეგი მოწვევის საკრებულოში – ისევ „ოცნება“ თუ ოპოზიცია.

საკრებულოების შეკრებამდე წინ ჯერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება და მეორე ტურია. ამ დროისთვის უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ ბათუმში მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი და „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე.

3 ოქტომბრის 7:20 საათის, მონაცემებით გიორგი კირთაძემ ამომრჩეველთა ხმების – 41,97%  ,არჩილ ჩიქოვანმა კი  -41,8% მიიღო.

გიორგი გახარიას ფაქტორი ამ ბრძოლაშიც  მნიშვნელოვანია. ვის დაუჭერენ მხარს გახარიას პარტიის ამომრჩევლები მეორე ტურში, რა მესიჯებს გააჟღერებს პარტია საკუთარი ამომრჩევლისთვის? – ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი დღეს არ გვაქვს.

ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია ბათუმის საკრებულოში

ამ დროისთვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, პროპორციული წესით ბათუმის საკრებულოში ოთხი პარტიის წარმომადგენლები შევლენ: „ქართული ოცნება“, ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო“.

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 39.42 პროცენტი მიიღო [29 789 ხმა], „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 38.34 პროცენტი [28 970 ხმა], შემდეგ მოდის „გახარია საქართველოსთვის“ – 10.4 პროცენტით [7 587 ხმა], 3.2 მიიღო „ლელომ“ [2447 ხმა].

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ 35-წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს პროპორციული სიით, ამას დაემატება მაჟორიტარები. ამ დროს მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ბათუმის საკრებულოში 4 მაჟორიტარის შეყვანას შეძლებს. გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციული სიით 12 წევრი შეჰყავს საკრებულოში. იგივე მონაცემების თანახმად,  ოპოზიციას  3 მაჟორიტარი ეყოლება. შესაბამისად, ოპოზიურ პარტიებს ბათუმის საკრებულოში 19 წევრი ეყოლებათ და 16 წევრი კი „ქართულ ოცნებას“.

მუნიციპალიტეტები

წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ხელვაჩაურში, ზაზა დიასამიძემ, ამომრჩეველთა ხმების 42.9% მიიღო, ხოლო „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ – 41.18 %.  შესაბამისად, საბოლოო შედეგი აქაც მეორე ტურმა უნდა გამოავლინოს.

ქობულეთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი – ლევან ზოიძე ლიდერობს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ლევან ზოიძემ ხმების 52.5 პროცენტი მიიღო.

აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში – ქედაში, შუახევსა და ხულოში „ოცნების“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ. ამავე ოლქებში პროპორციული სიის მიხედვით „ოცნება“ იგებს, თუმცა პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ოპოზიცია საკრებულოებში ფრაქციების შექმნას შეძლებს.

ამ დრომდე აჭარაში ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, მაჟორიტარულ ოლქებს უმეტესწილად „ოცნება“ იგებდა, ეს არჩევნები კი განსხვავებული შედეგით დასრულდა.

ქობულეთში 13 მაჟორიტარული ოლქია, აქედან წინასწარი მონაცემებით, ორ ოლქში ოპოზიცია ლიდერობს. ხელვაჩაურის რვა ოლქიდან სამს იგებს ასევე ოპოზიციის კანდიდატი. ქედაში შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან ოპოზიცია მხოლოდ ერთ ოლქში ლიდერობს. ამდენივე ოლქია შუახევში, აქ შვიდივეში „ოცნება“ იგებს, ხულოში კი ოპოზიცია მხოლოდ ერთ უბანზე ლიდერობს.

არჩევნების დღე, დარღვევები, ზეწოლა და მუქარა

კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზეც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. ამას დაემატა ისიც, რომ წელს ისინი განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიმართ.

          „მოგხედავთ“, „ვიმახსოვრებთ სახელებს“ – ბათუმის საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს დაემუქრნენ. 

თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან დააფიქსირეს მოქალაქეები, რომლებიც დიდხანს იდგნენ საარჩევნო უბნებთან და თან ჰქონდათ სიები.

 

„დაგიმტვრევ თავ-ყბას თუ უფლება არ გაქვს და ისე იღებ” – ამ სიტყვებით ბათუმის N44 უბანზე საიას დამკვირვებელს მიმართავს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი.

„დაგიმტვრევ თავ-ყბას“ – საიას დამკვირვებლისთვის ბათუმში ტელეფონის წართმევა სცადეს

2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას „ბათუმელებმა“ ორჯერ მიმართა პოლიციას ჟურნალისტზე მუქარის და საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის გამო.

„ბათუმელებმა“ დღეს ორჯერ მიმართა პოლიციას – მუქარის და ხელისშეშლის ფაქტები

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა საარჩევნო უბანთან, დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევებზე სისხლის სამართლის მუხლით 16 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება. დაკავებულია 7 ადამიანი.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენი პირი დაჯარიმდა საარჩევნო უბანთან 100  მეტრის რადიუსში თავშეყრის აკრძალვის წესის დარღვევის გამო. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

საჩივრები

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის  ინფორმაციით, კომისიაში 41 საჩივარი შევიდა, მათგან უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. მისივე განმარტებით, „ამ დარღვევებიდან უმეტესობა ადგილზევე აღმოფხვრეს კომისიის წევრებმა, ხოლო რაზეც რეაგირება არ მოახდინეს, ამ საჩივრებს კომისია კანონის შესაბამისად განიხილავს.“

ამას ემატება ის საჩივრებიც, რომლებიც ბათუმის საუბნო კომისიებში დაწერეს დამკვირვებლებმა. ციალა შავაძის ინფორმაციით, საოლქო კომისიაში და უბნებზე შესული საჩივრები ძირითადად იდენტური შინაარსისაა.

დღეს, 3 ოქტომბერს, „ლელომ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიცია ბათუმის მე-7 ოლქში, ცამეტივე საარჩევნო უბანზე ხმების ხელმეორედ გადათვლას მოითხოვს.„ლელოს“ განცხადებით, 13-ივე საარჩევნო უბანზე ბათილად არის ცნობილი 925 ბიულეტენი და ხელოვნურად არის შექმნილი დისბალანსი.

გააბათილეს 925 ბიულეტენი, „ოცნების“ კანდიდატს 5 ხმით გაამარჯვებინეს – ოპოზიცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდა. თუმცა, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედეს.

„დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემის რამდენიმე შემთხვევა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩათ ამომრჩეველთა ხელმოწერები. დაფიქსირდა ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა. ხშირი იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და ჰქონდა განგრძობადი ხასიათი.“

_____

შუახევში მერის არჩევნებს „ოცნების“ კანდიდატი იგებს | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ომარ ტაკიძე ლიდერობს.

მან შუახევში ამომრჩეველთა ხმების 57.09 პროცენტი მიიღო – 5313 ხმა.

შუახევის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა როინ ზოიძემ ამომრჩეველთა ხმების 33.03 % მიიღო – 3074 ხმა.

8.41 პროცენტი, 783 ამომრჩევლის ხმა მიიღო შალვა გოგიტიძემ, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ შუახევის მერობის კანდიდატმა, გიორგი ტარიელაძემ 1.46% მიიღო – 136 ხმა.

ცესკოს მონაცემებით, შუახევში 50 უბნიდან 49 უბანია დათვლილი.

ომარ ტაკიძე შუახევის მერი იყო 2 ოქტომბრის არჩევნებამდეც. იგი ერთი წელი მუშაობდა ამ პოზიციაზეა, მანამდე კი მერის მოადგილე იყო.

ცესკოს მონაცემებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე შუახევში ხმა მისცა 9988-მა მოქალაქემ – რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 66.25%-მა.

მერის არჩევნების წინასწარი შედეგები ხელვაჩაურში | მოსალოდნელია II ტური

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ხელვაჩაურში, ზაზა დიასამიძემ, ამომრჩეველთა ხმების 42.9% მიიღო, ხოლო ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ – 41.18 %.

ამ დროისთვის ხელვაჩაურში 47 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 43 უბანი.

ამომრჩეველთა ხმების 15.52% მიიღო ჯუმბერ ბერიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ ქობულეთის მერობის კანდიდატმა.

ამ მონაცემებით, ხელვაჩაურში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან არც ერთ კანდიდატს არ აქვს ამომრჩევლის ხმების 50 პროცენტთან მიახლოებული შედეგი.

მერის არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნება არჩევნების მეორე ტური, სადაც მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება მერის არჩევნებიდან მეოთხე შაბათს.

ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურში ხმა მისცა 25 908-მა მოქალაქემ – რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 58.31%-მა.

ქედის მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ქედის მერობის კანდიდატი, როლანდ ბერიძე ლიდერობს.

მან ქედაში ამომრჩეველთა ხმების 56.66 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, რამინ ბერიძემ 35.1 % მიიღო.

7.83% მიიღო ელგუჯა ნაკაშიძემ, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა.

ქედაში 32 საარჩევნო უბნიდან 30 უბანი დათვლილია.

როლანდ ბერიძე ამ დრომდე ქედის მერის მოადგილეა. მანამდე ბერიძე აჭარის საავტომობილო გზების მართვის დეპარტამენტში, სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებაში მუშაობდა.

ცესკოს მონაცემებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ქედაში ხმა მისცა 11 252-მა მოქალაქემ – რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 71.93%-მა.

ხულოს მერის არჩევნებში ვახტანგ ბერიძე ლიდერობს – 54.3% | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“მერობის კანდიდატმა ხულოში, ვახტანგ ბერიძემ ამომრჩეველთა ხმების 54.3% მიიღო, ხოლო ოპოზიციური ერთობის კანდიდატმა, გოგიტა სოლომონიძემ – 36.47 %.

ამ დროისთვის ხულოში 55 უბნიდან დათვლილია 54 უბანი.

ამ შედეგებით, წინასწარი მონაცემების თანახმად, არჩევნები ხულოში ვახტანგ ბერიძემ მოიგო.

ვახტანგ ბერიძე 2019 წლის 10 ივნისიდან უკვე არის ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, მანამდე ხულოს მერის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსი.

ხულოს მერის არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა: ერთიანი ოპოზიციის, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები.

ხმები ასე გადანაწილდა:

  • ვახტანგ ბერიძე, „ქართული ოცნება“ – 54.3%
  • გოგიტა სოლომონიძე, ერთიანი ოპოზიცია – 36,47 %
  • გია აბულაძე, „გახარია საქართველოსთვის“ – 9,22%

ცესკოს მონაცემებით, ხულოში ხმა მისცა 14 879-მა მოქალაქემ – რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 61.61%-მა.

ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი გიორგი კირთაძე და „ოცნების“ კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ლიდერობენ, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა მცირეა და ვერც ერთ ვერ უახლოვდება 50-პროცენტიან ბარიერს, რაც საჭიროა არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად.

ამ დროსთვის [07:30] არჩილ ჩიქოვანს აქვს ამომრჩეველთა ხმების 41.49%, ხოლო გიორგი კირთაძეს – 42.34%. 

ბოლო მონაცემებით, ბათუმში 105 უბნიდან 34 უბანია დათვლილი.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნება არჩევნების მეორე ტური, სადაც მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება მერის არჩევნებიდან მეოთხე შაბათს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო და თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

გიორგი კირთაძე 42.34% – არჩილ ჩიქოვანი 41.49% | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით,  ბათუმის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი, გიორგი კირთაძე ლიდერობს 42.34% პროცენტით – 8681 ხმა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს ხმების 41.49% აქვს – 8506 ხმა.

ამ დროისთვის ბათუმში 105 უბნიდან 34 უბანია დათვლილი.

მერის არჩევნებში კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდება მიცემულ ხმათა ნახევარზე მეტი – 50 პროცენტს პლუს თუნდაც ერთი ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება  მეორე ტური, სადაც  არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.

ცესკოს მონაცემებით, ბათუმში ხმა მისცა 77 494-მა მოქალაქემ – რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 52.36%-მა.

ამავე თემაზე: 

ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

 

ბიულეტენები კონვერტის გარეშე – რაზე შეთანხმდნენ ბათუმის №56 საარჩევნო უბანზე

ბათუმის #56 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს აღმოჩნდა, რომ სამი ბიულეტენი კონვერტის გარეშეა. სამივე ბიულეტენზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ შემოხაზული.

დამკვირვებელმა ოპოზიციური ერთობიდან ბიულეტენების გადათვლა მოითხოვა, იმის გასარკვევად, ბიულეტენები უკონვერტოდ ჩააგდეს ყუთში თუ ყუთიდან გადმოვარდა.

ამ საკითხის განხილვას უბანზე დაძაბულობა მოჰყვა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომისიას მიმართა, ადგილზე მოვიდა ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში, მირდატ ქამადაძე.

მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ სამივე ბიულეტენი ჩაითვლება, რადგან ვერავინ გაიხსენა ბიულეტენების უკონვერტოდ ყუთში მოთავსების ფაქტი.  შესაბამისად, კონვერტებს უბანზე აღარ გადათვლიან.

არჩევნების შედეგები ბათუმის 3 საარჩევნო უბნიდან | დასათვლელია 103

ბათუმის 106 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმებს ითვლიან. „ბათუმელების“ კორესპონდენტები ქალაქის სხვადასხვა უბანზე ადევნებენ თვალს არჩევნებს. ბევრ ადგილას ხმის დათვლის პროცედურა ჯერ ისევ მიმდინარეობს, რამდენიმე უბანზე კი უკვე ოქმიც მზად აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნების დახურვიდან 8 საათი გავიდა, ცესკოს ვებგვერდზე ამ დრომდე არ ატვირთულა არც ერთი შემაჯამებელი ოქმი ბათუმიდან.

„ბათუმელები“ გთავაზობთ 3 ოქმის მონაცემებს იმ უბნებიდან, სადაც ჩვენი გამოცემის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, ეს არის მხოლოდ 3 უბნის მონაცემები, ბათუმში დასათვლელია კიდევ 103 საარჩევნო უბანი.

ბათუმის #75 საარჩევნო უბანზე ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ მიიღო 282 ხმა, „ოცნების“ კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა – 241. დანარჩენი ხმები მერობის სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა.

ამავე უბანზე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 251 ხმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 271 ხმა, „გახარია – საქართველოსთვის“ – 62 ხმა, „ლელომ“ – 17 ხმა, „ზურაბ გირჩი – ჯაფარიძემ“ – 17 ხმა. დანარჩენი ხმები სხვა პარტიებზე გადანაწილდა.

ამავე უბანზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 141 ხმა მიიღო „მესამე ძალის“ კანდიდატმა ბექა დიასამიძემ, 143 ხმა – ჯემალ ანანიძემ, რომელიც გახარიას პარტიის კანდიდატია და 249 ხმა – „ოცნების“ კანდიდატმა, ლევან დოლიძემ.

ამ უბანზე 668-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ბათუმის #75 საარჩევნო უბანი
ბათუმის #75 საარჩევნო უბნის ოქმი

ბათუმის #23 საარჩევნო უბანზე ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ მიიღო 430 ხმა, „ოცნების“ კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა – 354 ხმა. დანარჩენი ხმები მერობის სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა.

ამავე უბანზე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 339 ხმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 429 ხმა, „გახარია – საქართველოსთვის“ – 94 ხმა, „ლელომ“ – 15 ხმა, „ზურაბ გირჩი – ჯაფარიძემ“ – 10 ხმა. დანარჩენი ხმები სხვა პარტიებზე გადანაწილდა.

ამავე უბანზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 442 ხმა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნუგზარ ფუტკარაძემ, 345 ხმა – „ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა კაკაბაძემ.

ამ უბანზე 943-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ბათუმის #23 საარჩევნო უბნის ოქმი
ბათუმის #23 საარჩევნო უბნის ოქმი

ბათუმის #40 საარჩევნო უბანზე ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ მიიღო 361 ხმა, „ოცნების“ კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა – 339.

ამავე უბანზე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 351 ხმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 334 ხმა, „გახარია – საქართველოსთვის“ – 67 ხმა, „ლელომ“ – 22 ხმა. დანარჩენი ხმები სხვა პარტიებზე გადანაწილდა.

ამავე უბანზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 360 ხმა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნაზი ფუტკარაძემ, 364 ხმა – „ოცნების“ კანდიდატმა, მამული ლომაძემ.

ამ უბანზე 869-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

ბათუმის #40 საარჩევნო უბნის ოქმი
ბათუმის #40 საარჩევნო უბნის ოქმი

შეგახსენებთ, ბათუმში 106 საარჩევნო უბანია. ცესკოს ცნობით წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყება 3 ოქტომბრის დილას.

აჭარაში არჩევნებზე ამომრჩევლის 56.4%-მა მიიღო მონაწილეობა | ცესკო

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, აჭარაში, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა 177 457-მა მოქალაქემ ანუ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 56.4 პროცენტმა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • ბათუმი – ხმა მისცა 77 494-მა მოქალაქემ – 52.36%
  • ქედა – ხმა მისცა 11 252-მა მოქალაქემ – 71.93%
  • ქობულეთი – ხმა მისცა 37 936 მოქალაქემ – 56.34%
  • შუახევი – ხმა მისცა 9988 მოქალაქემ – 66.25%
  • ხელვაჩაური – ხმა მისცა 25 908 მოქალაქემ – 58.31%
  • ხულო – ხმა მისცა 14 879 მოქალაქემ – 61.61%

საარჩევნო უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურა. ამჟამად მიმდინარეობს ხმების დათვლა საარჩევნო უბნებზე.

ბოლო 10 წელში ბათუმში არჩევნებზე ამომრჩევლების აქტიურობას რომ გადავავლოთ თვალი, ყველაზე მაღალი აქტივობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა – 58 პროცენტი. მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა ბათუმში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც – 55.14 პროცენტი.

____________

ფოტოზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში

დამკვირვებლის საჩივარი „საეჭვო“ დამკვირვებლების წინააღმდეგ

ბათუმის მე-15 უბანზე დღეს, 2 ოქტომბერს 3 საჩივარი დაიწერა, მათ შორის ერთი საჩივარი – დამკვირვებლების წინააღმდეგ. საჩივრის ავტორიც დამკვირვებელია.

რამდენიმე დამკვირვებლის წინააღმდეგ საჩივარი უბანზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა, ლიკა გოგაძემ დაწერა. მანამდე მან კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ სხვა დამკვირვებლები რეგისტრატორების მაგიდებთან კანონით დაშვებულზე უფრო ახლოს იდგნენ და ამომრჩეველთა სამაგიდო სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდნენ.

„ასეთი შემთხვევები სხვა უბნებზეც იყო“, – ამბობს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე. ის განმარტავს, რომ კონკრეტული დამკვირვებლები საეჭვოდ ამუშავებდნენ პერსონალურ მონაცემებს.

„საეჭვოდ ხდებოდა ამ მონაცემების დამუშავება… ამ დროს არსებობს რისკი, რომ დამკვირვებელი, რომელიც აფილირებულია რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, პარტიას ამომრჩევლების გამოცხადება-არგამოცხადების შესახებ აწვდიდეს მონაცემებს, ვინ მოვიდა, არ მოვიდა და ასე შემდეგ“- აღნიშნა მირზა მამულაძემ „ბათუმელებთან“.

„დამკვირვებელს აქ დგომას მე ვერ დავუშლიდი, მეტი სივრცე არაა,”- აცხადებს ბათუმის მე-15 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ლია შუბლაძე.

ამ უბანზე კიდევ ორი საჩივარი დაიწერა: ერთის მიხედვით, რეგისტრატორმა სამი ერთნაირი ბიულეტენი მიაწოდა ერთი და იგივე ამომრჩეველს, რაც მან გადაღლილობით ახსნა, ხოლო კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით, ერთ რეგისტრატორთან სამი ამომრჩეველი იყო ერთად.

მე-15 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს დილით კენჭისყრის შენობაზე (ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ფიროსმანის ქუჩა) წარწერა დახვდათ “მიშა ჩამოვიდა”. წარწერა შუადღეზე წაშალეს, თუმცა უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, მას არავისთვის მიუმართავს, რადგან „შენობის გარეთ რა ხდება, ეს მისი საქმე არ არის“.

„ბათუმელებმა“ დღეს ორჯერ მიმართა პოლიციას – მუქარის და ხელისშეშლის ფაქტები

დღეს, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას „ბათუმელებმა“ ორჯერ მიმართა პოლიციას ჟურნალისტზე მუქარის და საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის გამო.

ერთ შემთხვევაში საქმე ეხება „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დიალოგი  #41 საარჩევნო უბანთან. მასალის გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში „ბათუმელებს“ დაუკავშირდა უცნობი პირი, რომელიც გაგვეცნო, როგორც ვიდეოზე ასახული ადამიანის ოჯახის წევრი და კატეგორიულად მოითხოვა მასალის წაშლა. მას შემდეგ, რაც მას ავუხსენით, რომ არჩევნების გაშუქებისას, საჯარო სივრცეში გადაღებული ვიდეო არ წაიშლებოდა, იგი ჟურნალისტს დაემუქრა, რომ სახლში და რედაქციაში „მიუვარდებოდა“ და „ჭკუას ასწავლიდა“.

მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი რამდენჯერმე განმეორდა, რის შემდეგად „ბათუმელებმა“ შსს-ს მიმართა. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა.

პოლიციის გამოძახების მეორე შემთხვევა უკავშირდება #21 საარჩევნო უბანთან კოორდინატორების მობილიზებას.

„ბათუმელების“ ჟურნალისტმა შენიშნა კოორდინატორებით სავსე სამი ავტომობილი უბანთან ახლოს, საარჩევნო კოდექსის თანახმად კი დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

„ბათუმელებს“ ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები, შესაძლოა, თანხას გადასცემდნენ ამომრჩეველს. ჟურნალისტის კითხვებს მანქანიდან გადმოსული ქალი და იქვე მდგომი კაცი პასუხობდნენ აგრესიულად და არ ასახელებდნენ ვინაობას. მოგვიანებით, კაცმა, რომელიც განსაკუთრებით აგრესიულად მიმართავდა ჟურნალისტს, გაიკეთა ცესკოს მოწმობა, რომელზეც აღნიშნული იყო, რომ იგი იყო ვალერი მელნიკოვი, საუბნო საარჩევნო კომისიაში „ოცნების“ წარმომადგენელი.

კადრი ვიდეომასალიდან

„ბათუმელებმა“ ადგილზე გამოიძახა პოლიცია, რომლის მოსვლის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია. ფაქტზე დაიწყო მოკვლევა.

ეს არ არის მხოლოდ ორი შემთხვევა, როცა დღეს „ბათუმელებისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში სცადეს ხელშეშლა.

ბათუმის #64 უბანთან გაჩერებულ მიკროავტობუსში მყოფმა კოორდინატორმა ხელი კრა ჟურნალისტის ჩართულ ტელეფონს და მის შეკითხვებს აგრესიით პასუხობდა.

#95 საარჩევნო უბანთან ახლოს მყოფი მოქალაქეები, რომლებიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში არ ტოვებდნენ პერიმეტრს, ჟურნალისტს დაემუქრნენ – „ვიმახსოვრებთ სახელებს“, „მოგხედავთ“ და აგრესიულად პასუხობდნენ მას.

მთელი დღის განმავლობაში მუშაობისას იგივე პრობლემებს აწყდებოდნენ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები: ზუგდიდში „ფორმულას“ ჟურნალისტზე, სალომე ჩადუნელზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო; ბათუმში, TV პირველის ჟურნალისტის თამთა დოლენჯაშვილის თქმით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ტელევიზიის აპარატურა მიკროავტობუსში ჩაკეტეს; პროფესიული საქმიანობის შესრულებისას TV 25-ის ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ჟურნალისტების ხელისშეშლის ფაქტებზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

ბათუმში უბანზე მარკირებული ამომრჩეველი შეუშვეს

ბათუმში, #12-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც ბათუმის მერვე საჯარო სკოლაშია განთავსებული, სამი საჩივარი დაიწერა. პირველი საჩივარი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა დაწერა, შეეხება საარჩევნო უბნების წინ „ქართული ოცნების“ აგიტატორების მობილიზებას.

როგორც ენმ-ს დამკვირებელი ამბობს, მან საჩივარი დაწერა იმის გამო, რომ უბნის თავმჯდომარემ არ შეატყობინა საოლქოს არსებული სიტუაცია, რათა საოლქოს თავის მხრივ მიემართა შსს-სთვის და  შეეწყვიტათ „ქართული ოცნების“ აგიტატორებს უბანთან მობილიზება.

ამავე უბანზე მეორე საჩივარი დაიწერა იმის გამო, რომ უბანზე ერთ-ერთ მარკირებულ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება მისცეს. „ქალი ამბობდა, რომ სხვა უბანზე შეცდომით შევიდა და ამიტომ ჰქონდა მარკირება“ – ამბობს დამკვირვებელი.

ამ უბანზე მესამე საჩივარიც დაიწერა, რადგან რეგისტრატორმა ამომრჩეველს ერთიან სამაგიდო სიაში ხელი არ მოაწერინა და ისე მისცა საარჩევნო ბიულეტენი.

„მოგხედავთ“, „ვიმახსოვრებთ სახელებს“ – ბათუმის საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს დაემუქრნენ

დღეს, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე „ბათუმელებმა“ ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან ახლოს შენიშნა მოქალაქეები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ტოვებდნენ ტერიტორიას და თან ჰქონდათ სიები.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ბათუმის #95 საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ, სადაც, საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით,  ერთი საათის განმავლობაში ტერიტორიაზე რამდენიმე კაცი იყო, ხელში ფურცლითა და პასტით. ისინი ჯერ მანქანაში ისხდნენ, შემდეგ კი გადმოვიდნენ და საარჩევნო უბანს მიუახლოვდნენ.

კითხვაზე, რატომ იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანთან სიებით და რომელი პარტიის კოორდინატორები იყვნენ, მათ აგრესიით და მუქარით გვიპასუხეს. თქვეს, რომ „მოგვხედავენ“, „დაიმახსოვრებდნენ სახელებსა და გვარებს“, თქვეს, რომ აქვე ცხოვრობდნენ, თუმცა არ დაასახელეს ვინაობა, ხოლო სიებზე გვითხრეს, რომ „ჯოკერის სიაა“.

ბათუმის #95 საარჩევნო უბანში 1591 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 17 საათის მონაცემებით, საჩივარი ამ უბანზე არ დაწერილა.

მთელი დღეა „ბათუმელებს“ უკავშირდებიან მოქალაქეები ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან აგიტატორები სიებით, რომლებიც აგრესიით პასუხობენ ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს.

დღეს, დაახლოებით 17 საათზე „ბათუმელები“ ესაუბრა „ქართული ოცნების“ აგიტატორებს #21 საარჩევნო უბანთან, რომლებმაც აგრესიით უპასუხეს რეპორტიორს და მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს ტერიტორია, როცა ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა.

ამავე თემაზე: 

„დაგიმტვრევ თავ-ყბას“ – საიას დამკვირვებლისთვის ბათუმში ტელეფონის წართმევა სცადეს

 

რა დარღვევებზე საუბრობს „ქართული ოცნება“ ბათუმში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 2 ოქტომბერს, არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ” არაერთი დარღვევა დააფიქსირა, თუმცა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ამასთან, თორნიკე რიჟვაძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს.

„დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა,  როგორც ნაცმოძრაობის, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევენ საარჩევნო კანონმდებლობას. რა თქმა უნდა ეს, ყველაფერი იქნება დაფიქსირებული და გადაეცემა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან წელს, ამ თვითმმართველობის არჩევნებს არაერთი რეპუტაციული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება” – თქვა მან.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ძირითადად საუბარია აგიტაციის წესების დარღვევაზე:

„როგორც მოგეხსენებათ, შესაბამის საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ ასმეტრიან რადიუსზე დაფიქსირდა როგორც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შესაბამისი სიებით. ასევე იყო გარკვეული მცდელობები პროვოკაციის, თუმცა ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ეს პროვოკაცია იქნას განეიტრალებული და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში“.

დღეს დარღვევებზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ წევრმა, ტიტე აროშიძემაც. მისი თქმით, ბათუმში 46-ე, 55-ე და 64-ე უბანთან 5 მეტრის რადიუსში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მათი მხარდამჭერების სიებით დგანან.

„ეს არის კანონდარღვევა, რადგან უბანთან ახლოს დგანან სიებით მათი წარმომადგენლები. ასევე, ისინი ცდილობენ პროვოცირებას და შედიან კონფლიქტი ამომრჩეველთა და კომისიის წევრებთან“.

დარღვევებზე საუბრობს ოპოზიციაც. ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, დღის პირველი საათისთვის პარტიის დამკვირვებლებმა 54 საჩივარი დაწერეს.

დღეს ბათუმში ბრიფინგი გამართა პარტია „ლელომაც“, რომლის განცხადებითაც საღამოს „ქართული ოცნება“ ემზადება კარუსელებისთვის. 

არჩევნებს მთელი დღის განმავლობაში აკვირდება „ბათუმელები“. თითქმის ყველა საარჩევნო უბნის მიმდებარედ შეინიშნება მიკროავტობუსების და მანქანების მობილიზება. კითხვაზე, რას აკეთებენ აქ, მანქანაში მსხდომები ჟურნალისტებს აგრესიით პასუხობენ.

 

აჭარაში 15 საათის მონაცემებით მხოლოდ 35.4%-მა მისცა ხმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მხოლოდ 35.4-მა პროცენტმა მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში საკუთარი ნება რეგიონში 111 529  მოქალაქემ გამოხატა. ბათუმში, ამ დროისთვის ხმა მისცა 49 806 ამომრჩეველმა.

სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • ბათუმში – 33.7 %
  • ხელვაჩაური – 38.4 %
  • ქედა – 43.5 %
  • შუახევი – 42 %
  • ხულო – 37.7 %

საარჩევნო უბნებში ხმის მიცემა 20:00-ის ჩათვლით გაგრძელდება, რვა საათზე კი საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმების დათვლა დაიწყება.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში 314 644  ამომრჩეველია რეგისტრირებული. ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქ ბათუმშია. აქ 106 საარჩევნო უბანია.

“მიშა ჩამოვიდა, მიშა აქაა” – წარწერები ბათუმის ქუჩებში

“მიშა ჩამოვიდა”, “მიშა აქაა”, “თავისუფლება მიშას” – ეს და კიდევ სხვა შინაარსის წარწერები ბათუმის ქუჩებში, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ გაჩნდა.

1-ელი ოქტომბრის დილით, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია.

1-ელი ოქტომბრის საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი უკვე წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთის ბრლადებით, თუმცა ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ უთქვამს, როგორ და სად გადმოკვეთა მან საქართველოს საზღვარი.

ფიროსმანის ქუჩა:

ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა:

26 მაისის ქუჩა:

რუსთაველის ქუჩა:

გორგასლის ქუჩა:

ვაჟა-შაველას ქუჩა:

რუსთაველის ქუჩა:

ბათუმის საარჩევნო უბნებზე 56 საჩივარი დაიწერა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, 13:00 საათისთვის ბათუმის საარჩევნო უბნებზე ჯამში 56 საჩივარი დაიწერა. საარჩევნო დარღვევების შესახებ განცხადება გააკეთა ენმ-ს წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ. მისი თქმით, ბათუმის საარჩევნო უბნებზე გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

  • მე-14 უბანზე მარკირების სითხე უხარისხოა, რის გამოც ფაქტობრივად ვერ ხერხდება მარკირება. პრობლემა საჩივრის დაწერის მიუხედავად აღმოფხვრილი არ არის.
  • 22-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება.
  • 37-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარეს ხათუნა ბერაძეს შსს-ს წარმომადგენელმა მოსთხოვა საათობრივი ინფორმაცია ამომრჩევლის აქტივობის შესახებ. თავმჯდომარე დათანხმდა. ფაქტზე დაიწერა საჩივარი.
  • მე-40, მე-8, 41-ე და 48-ე უბნებზე მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ აგიტატორები, არ იცავენ 100-მეტრიან დისტანციას, აწარმოებენ ამომრჩევლის აღრიცხვას და მათ ნებაზე ზეწოლას.
  • მე-6 და მე-18 საარჩევნო უბნებზე კომისიის თავმჯდომარეები ხელს უშლიან დამკვირვებლებს მუშაობაში, არ აძლევენ ამომრჩევლის სიებში გადამოწმების საშუალებას.
  • მე-5 და 98-ე საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს ხელი მოაწერინეს სხვის ნაცვლად, ერთს კი საერთოდ არ მოაწერინეს. „ამ ფაქტს ეძახიან ტექნიკურ ხარვეზს, თუმცა ჩვენს გვაქვს ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ე.წ კარუსელს“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.
  • 56-ე და მეორე უბნებზე ხმის მიცემას ცდილობდნენ პირები, რომლებიც არ იყვნენ საარჩევნო სიაში. „ეს ფაქტი აღკვეთეს ჩვენმა დამკვირვებლებმა, თუმცა ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა „კარუსელის“ მცდელობას“.
  • ბონი-გოროდიკის მაჟორიტარის, „ელენე ხოშტარია – დროა“ პარტიიდან, დიმიტრი დარჩიას ოფისთან იმყოფებოდნენ სუს-ის წარმომადგენლები, რომლებიც ოფისში შემსვლელ პირებს ფოტოებს უღებდნენ, რაც შეფასდა ამომრჩეველზე ზეწოლად.

აჭარაში ოპოზიციამ ჯამში 97 615 ხმა მიიღო, „ოცნებამ“ კი – 82 687

„ლელო“: ბათუმის 20 საარჩევნო უბანზე „ოცნება“ ემზადება კარუსელებისთვის

„საღამოს საათებში ქართული ოცნების ხელისუფლება ემზადება კარუსელებისთვის“ – აცხადებს ირაკლი კუპრაძე, პარტია„ლელოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში.

„ამისთვის მონიშნულია 20 ძირითადი საარჩევნო უბანი, რომლებიც მამუკა მდინარაძემ დააანონსა წინმსწრებით. ეს არის ის 20 საარჩევნო უბანი, სადაც ოპოზიციური ერთობის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებით, “ქართული ოცნება” სასტიკად მარცხდება ყველა მაჩვენებლის მიხედვით.

ამ 20 უბანზე ჩვენ ველოდებით განსაკუთრებულ დაძაბულობას, რათა შეძლონ შედეგების გაბათილება ან გავლენის მოხდენა, ამას არ დავუშვებთ, რადგან ჩვენი კომისიის წევრები, წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და არიან მზად ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხონ მშვიდობიანად და სამართლებრივად” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებთან მიკროავტობუსებში კოორდინატორების მობილიზება აღინიშნება.

„ფულის გადაცემის პროცესში ჩვენ ვერ მოვახერხეთ გადაღება … და სწორედ “ბათუმელებმა” გააშუქა ის ორი მიკროავტობუსი, საიდანაც ხდებოდა რეალურად თანხების გადაცემა. ამას ადასტურებენ თავად ის ადამიანები, ვინც თავის დროზე ინფორმაცია მოგვაწოდა იქ არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად. რომ ეს დავაფიქსიროთ, თუმცა საქმე ეხება დაბურულმინებიან მიკროავტობუსებს, სადაც არის ათობით კოორდინატორი და თავიანთი სიების მიხედვით არიგებენ ფულს“ – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20-მდე საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლას აპირებს.

მდინარაძის ბრიფინგს ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ მდინარაძემ ან ფაქტები და დოკუმენტები წარმოადგინოს, ან „შეეშვას ჭორაობას“.

აჭარაში ოპოზიციამ ჯამში 97 615 ხმა მიიღო, „ოცნებამ“ კი – 82 687

 

კონფლიქტი საარჩევნო უბანზე ბათუმში – ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

#28 სარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარესა და დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დამკვირვებელმა უბანზე პოლიცია გამოიძახა.

„კომისიის თავმჯდომარე არცერთ დამკვირვებელს არ გვაძლევს უბანზე გადაადგილების უფლებას. არც პირადობის მოწმობების გადამოწმების საშუალებას გვაძლევს, ფაქტობრივად შეგვიზღუდა გადაადგილება. არც ნაკადების რეგულირება ხდება, ერთ რეგისტრატორთან 7-8 ამომრჩეველი დგას“ – ამბობს ირმა ხოროშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში.

მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარე მანანა კახიძეს ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ შტაბიდან ესაუბრა ვინმე დავით ქარცივაძე. „არ ვიცი რა მითითებები მიიღო ამ ადამიანისგან, მაგრამ ჩვენ მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს“ – ამბობს ირმა ხოროშვილი.

„ბათუმელები“ კომისიის თავმჯდომარესაც ესაუბრა და ჰკითხა, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება მასა და დამკვირვებელს შორის. მანანა კახიძე ამბობს, რომ მან მხოლოდ ერთხელ მისცა ხოროშვილს შენიშვნა, რაზეც მას აგრესიული რეაქცია ჰქონდა.

„დილიდან იღებენ ყველაფერს, არანაირი შეზღუდვა არ ჰქონიათ, შენიშვნებსაც ვაძლევდი გონივრულს, რადგან რეგისტრატორის უკან რომ დგანან დამკვირვებლები, რამდენიმემ ტელეფონი ამოიღო რაზეც შენიშვნა მივეცი. ეს გოგო შემომივარდა, გამოიწია ხელით, უკანასკნელი სიტყვებით მომმართა -„ვინ აგდიხარ, იცი რას გიზამ“ და ასე შემდეგ. ვერ გავაჩერეთ“-ამბობს ის დამკვირვებელზე.

უბანზე გამოძახებულია პოლიცია.

__________________________

ფოტოზე: ბათუმის 28-ე საარჩევნო უბანი

აჭარაში ყველაზე მაღალი აქტივობა შუახევშია, ყველაზე დაბალი – ხულოში | 12 საათის მონაცემები

ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით აჭარაში სულ 60 271 ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი ხმა, რაც აჭარის ამომრჩეველთა 19.2%-ია.

რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში შუახევში დაფიქსირდა, სადაც 12 საათისთვის 3 401-მა (22.6%) ამომრჩეველმა მისცა ხმა, შემდეგ მოდის ხელვაჩაური – 9 580 (21.6%), ქედა – 3 285 (21%), ქობულეთი –  13 123 (19.5%), ბათუმი 26 630 (18%) ხმით, სულ ბოლოს კი ხულო, სადაც 4 252 (17.6%) ადამიანმა მისცა ხმა.

საქართველოს მასშტაბით 12 საათისთვის 619 562-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 17.72%-ია.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში 314 644  ამომრჩეველია რეგისტრირებული. ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქ ბათუმშია. აქ 106 საარჩევნო უბანია.

ამომრჩეველთა რაოდენობა აჭარაში მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • ბათუმის №79 ოლქი – 148 011 ამომრჩეველი
  • ქობულეთის №81 ოლქი – 67 338 ამომრჩეველი
  • ხელვაჩაურის №83 ოლქი – 44 428 ამომრჩეველი
  • ხულოს №84 ოლქი – 24 149 ამომრჩეველი
  • ქედის №80 ოლქი – 15 642 ამომრჩეველი
  • შუახევის №82 ოლქი – 15 076 ამომრჩეველი

 

რიგები საარჩევნო უბნებთან ბათუმში | ფოტო

ბათუმში რეგისტრირებული 148 011 ამომრჩევლიდან, ცესკოს ინფორმაციით, 12 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ხმა 26 630-მა ამომრჩეველმა [18-მა პროცენტმა] მისცა.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობა 64 საკრებულოს 2 068 წევრს და 64 მერს, აქედან ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერს ირჩევს.

ეს ფოტოები „ბათუმელებმა“ ბათუმის სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, 12-დან 13 საათამდე გადაიღო.

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #1

 

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #3

 

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #12

 

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #17

 

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #53

 

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #63

 

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #79

 

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #10

 

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #30

 

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #35

 

2021 წლის არჩევნები ბათუმში. საარჩევნო უბანი #64

ამომრჩეველი ხმის მიცემას მართვის მოწმობით აპირებდა – საჩივრები #2 საარჩევნო უბანზე

ბათუმის #2 საარჩევნო უბანზე დღის 14:00 საათისთვის ოთხი საჩივარია დაწერილი.

ოთხივე საჩივარი ენმ-ის წევრებმა დაწერეს საარჩევნო პროცესში აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების გამო.

ორი საჩივარი დილით, უბნის გახსნის დროს დაიწერა.

ერთ-ერთ რეგისტრატორს პირადობის მოწმობა დაავიწყდა და ისე იყო საარჩევნო უბანზე მისული. რეგისტრატორს პირადობა სახლიდან მოუტანეს. მე-2 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, რეგისტრატორს საარჩევნო პროცესში პირადობის მოწმობის მიტანამდე არ მიუღია მონაწილეობა.

მეორე დარღვევა ისევ პირადობის მოწმობის საკითხს ეხება.

ამომრჩეველმა მარკირება მართვის მოწმობით გაიარა, რაც მოგვიანებით რეგისტრატორმა აღმოაჩინა.

მოქალაქე საარჩევნო უბანზე დააყოვნეს და მან ხმა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც სახლიდან პირადობა მიუტანეს.

მე-2 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის გიული დუმბაძის თქმით, სანამ მოქალაქისთვის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის უფლებას მისცემდა, მან საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიარა კონსულტაცია.

„ოლქიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მოქალაქეს შეეძლო ხმის მიცემა თუკი უკვე თან ჰქონდა პირადობის მოწმობა. ჩვენ ამის საშუალება მივეცით იმიტომ, რომ მისი ხმა არ დაკარგულიყო,”- გვითხრა გიული დუმბაძემ.

ამ შემთხვევაზეც ორი საჩივარი დაიწერა.

„დაგიმტვრევ თავ-ყბას“ – საიას დამკვირვებლისთვის ბათუმში ტელეფონის წართმევა სცადეს

„დაგიმტვრევ თავ-ყბას თუ უფლება არ გაქვს და ისე იღებ” – ამ სიტყვებით ბათუმის N44 უბანზე საიას დამკვირვებელს მიმართავს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი.

ვიდეოში, რომელსაც ბათუმის N44 უბანზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თემურ ირემაძე იღებს, ისმის, რომ უბნის გარე პერიმეტრზე გარკვეული მობილიზება შეინიშნება.  ამავდროულად კადრში ჩანს უცხო პირი, რომელიც მას გზას უღობავს, აგრესიულად მიმართავს, შემდეგ კი ართმევს ტელეფონს და N44 უბნის მიმართულებით, კომისიის თავმჯდომარესთან მიდის იმის გასარკვევად, აქვს თუ არა დამკვირვებელს გარე პერიმეტრზე გადაღების უფლება.

უცხო პირი ვიდეოში ამბობს, რომ თავადაც დამკვირვებელია, თუმცა მას დამკვირვებლის ბეიჯი არ უკეთია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, დაიწყო თუ არა მოკვლევა ან გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

დააკავეს მეპატრონე იმ ბინის, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა – შსს

შსს ინფორმაციით, დააკავეს პირი, ვის საცხოვრებელ ბინაშიც იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი თბილისში, დაკავების დროს.

„დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე, 1958 წელს დაბადებული პირი, გამოძიება სსკ-ის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“ – აცხადებს შსს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, პირველ ოქტომბერს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერირორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოები პირველ ოქტომბერს გავრცელდა ფეისბუკის გვერდზე, სადაც ის ამბობდა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფდნენ სააკაშვილის საქართველოში ყოფნას, თუმცა საღამოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა რომ სააკაშვილი დააკავეს. მას რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, რასაც ახალი ბრალდება, – საზღვრის უაკნონო კვეთაც დაემატა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო.“ – აცხადებს შსს.

ბათუმში #64 უბანთან მიკროავტობუსში სიებით სხედან – აგრესია ჟურნალისტის მიმართ

„ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბათუმში, #64 უბანთან გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსიში ამომრჩევლებს თანხას აძლევდნენ. ადგილზე გადასამოწმებლად მისულებს მიკროავტობუსში დაგვხვდნენ სიებით მოქალაქეები, რომლებიც აგრესიულად პასუხობდნენ „ბათუმელების“ ჟურნალისტის კითხვებს.

მიკროავტობუსში სულ ცოტა ხუთი ადამიანი ზის, მათგან ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ჟურნალისტის მიმართ.

ჩართული ტელეფონის დანახვისთანავე კაცი წამოდგა, უხეშად მოუწოდა ჟურნალისტს სივრცის დატოვებისკენ და მობილური ხელიდან დააგდებინა. იგი სახელსა და გვარს არ ასახელებს.

„ჩვენ ვართ საქმეზე გამოსული… ჩემი სიებია“ – ისმის ვიდეოჩანაწერში.

დღეს, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმში არაერთ საარჩევნო უბანთან შეინიშნება სამარშრუტო ტაქსის ან ადამიანთა ჯგუფის მობილიზება.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 85 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

2 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 121 პაციენტი.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 351 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 ადამიანი.

აჭარის კოვიდ სასტუმროში იმყოფება -169 ადამიანი, ონლაინ კლინიკაში – 788.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 826 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 29 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 795 პირი.

 

ბათუმში TV „პირველის“ გადამღებ ჯგუფს აპარატურა სამარშუტო ტაქსიში ჩაუკეტეს

ბათუმის #64 საარჩევნო უბანზე ტვ „პირველის“ ჯგუფის აპარატურა სამარშრუტო ტაქსიში ჩაკეტეს.

ამის შესახებ „პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ის ესაუბრებოდა სამარშრუტო ტაქსიში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ამომრჩევლების მობილიზაციას ახდენდნენ და თან ჰქონდათ ცესკოს სიები. საუბრის დროს სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა დატოვა ადგილი და აპარატურა მანქანაში ჩაკეტილი აღმოჩნდა.

„პირველის“ განცხადებით, სამარშრუტო ტაქსიში „ქართული ოცნების“ აგიტატორები ისხდნენ.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.

____________

კადრი ტვ „პირველის“ პირდაპირი ჩართვიდან

 

 

 

საარჩევნო უბანი ბათუმში „ოცნების“ მერობის კანდიდატის ბანერის ფონზე

ბათუმის #6 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი ხვდება.

ეს საარჩევნო უბანი მეორე საჯარო სკოლაშია გახსნილი. ოთახი, რომელშიც საარჩევნო უბნისათვის არის გამოყოფილი, ქუჩას ესაზღვრება. საარჩევნო უბნიდან ზუსტად ორ მეტრში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე კი “ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის საარჩევნო ბანერებია გაკრული.

რეგისტრატორებთან ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენის მიღების ლოდინი “ქართული ოცნების” ბანერების წინ უწევს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება.

ამ კანონის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ჩანაწერი 25 მეტრიანი დისტანციის შესახებ 2020 წლის ივლისიდან გაჩნდა კოდექსში. 2021 წლის 28 ივნისის ცვლილების შემდეგ კი საბოლოო სახე მიიღო.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია და შიმშილობას აცხადებს – სახალხო დამცველი

მიხეილ სააკაშვილი თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად, აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას –  ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, 1 ოქტომბერს დააკავებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„როგორ შემოვიდა საქართველოში და რა გზებით, მას არ სურს, რომ ვისაუბრო და არ გვისაუბრია,  სიღრმისეულად არ შევეხეთ ამ ფაქტს.

დაკავების დროს იყო მარტო, არ გამოუყენებიათ ძალა დაკავების დროს, თავად გააღო კარი“, — თქვა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

ომბუდსმენი ამბობს, რომ სააკაშვილს არ აღენიშნება რაიმე სახის დაზიანება.


მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბრის დილით ფეისბუკზე გამოაქვეყნა ორი ვიდეო და თქვა, რომ ის ბათუმშია. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია.

ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ უთქვამს, თუ როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი.

არჩევნებს 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს – საქართველოს მოსახლეობა ქალაქის მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევს.

დღეს არჩევნებს 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები.

ყველაზე მეტი დამკვირვებელი დღეს არჩევნებზე ეუთოს [ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი OSCE/ODIHR] ჰყავს. არჩევნებს ეუთოს 516 დამკვირვებელი აკვირდება.

საერთაშორისო დამკვირვებლების სიმრავლით მეორე ადგილზეა აშშ-ის საელჩო საქართველოში. დღეს არჩევნებზე საელჩოს 113 დამკვირვებელია რეგისტრირებული.

61 დამკვირვებელი ჰყავს  „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოებას“ [ISHR].

საერთასორისო ორგანიზაციებთან ერთად დღეს არჩევნებს 88 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მედია აკვირდება.

 

აჭარაში 314 644  ამომრჩეველია

დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. აჭარაში საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში 314 644  ამომრჩეველია რეგისტრირებული. ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ამომრჩეველი ქალაქ ბათუმშია. აქ 106 საარჩევნო უბანია.

ამომრჩეველთა რაოდენობა აჭარაში მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • ბათუმის №79 ოლქი – 148 011 ამომრჩეველი
  • ქობულეთის №81 ოლქი – 67 338 ამომრჩეველი
  • ხელვაჩაურის №83 ოლქი – 44 428 ამომრჩეველი
  • ხულოს №84 ოლქი – 24 149 ამომრჩეველი
  • ქედის №80 ოლქი – 15 642 ამომრჩეველი
  • შუახევის №82 ოლქი – 15 076 ამომრჩეველი

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჯამში 3 497 345 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ამავე თემაზე: 

სად გაიზარდა და შემცირდა აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა

რიგი დილის 8 საათზე ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე | ფოტო

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 8 საათიდან რიგია – ამომრჩევლები ხმის მიცემას ელოდებიან.

ბათუმის #86 საარჩევნო უბანი. დილის 8 საათი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში
ბათუმის #17 საარჩევნო უბანი. დილის 8 საათი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში
ბათუმის #41 საარჩევნო უბანი. დილის 8 საათი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში
ბათუმის #41 საარჩევნო უბანი. დილის 8 საათი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში

 

ბათუმის #90 საარჩევნო უბანი. დილის 8 საათი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში
Exit mobile version