მთავარი,სიახლეები

დამკვირვებლის საჩივარი „საეჭვო“ დამკვირვებლების წინააღმდეგ

02.10.2021
დამკვირვებლის საჩივარი „საეჭვო“ დამკვირვებლების წინააღმდეგ

ბათუმის მე-15 უბანზე დღეს, 2 ოქტომბერს 3 საჩივარი დაიწერა, მათ შორის ერთი საჩივარი – დამკვირვებლების წინააღმდეგ. საჩივრის ავტორიც დამკვირვებელია.

რამდენიმე დამკვირვებლის წინააღმდეგ საჩივარი უბანზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა, ლიკა გოგაძემ დაწერა. მანამდე მან კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ სხვა დამკვირვებლები რეგისტრატორების მაგიდებთან კანონით დაშვებულზე უფრო ახლოს იდგნენ და ამომრჩეველთა სამაგიდო სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდნენ.

„ასეთი შემთხვევები სხვა უბნებზეც იყო“, – ამბობს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე. ის განმარტავს, რომ კონკრეტული დამკვირვებლები საეჭვოდ ამუშავებდნენ პერსონალურ მონაცემებს.

„საეჭვოდ ხდებოდა ამ მონაცემების დამუშავება… ამ დროს არსებობს რისკი, რომ დამკვირვებელი, რომელიც აფილირებულია რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, პარტიას ამომრჩევლების გამოცხადება-არგამოცხადების შესახებ აწვდიდეს მონაცემებს, ვინ მოვიდა, არ მოვიდა და ასე შემდეგ“- აღნიშნა მირზა მამულაძემ „ბათუმელებთან“.

„დამკვირვებელს აქ დგომას მე ვერ დავუშლიდი, მეტი სივრცე არაა,”- აცხადებს ბათუმის მე-15 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ლია შუბლაძე.

ამ უბანზე კიდევ ორი საჩივარი დაიწერა: ერთის მიხედვით, რეგისტრატორმა სამი ერთნაირი ბიულეტენი მიაწოდა ერთი და იგივე ამომრჩეველს, რაც მან გადაღლილობით ახსნა, ხოლო კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით, ერთ რეგისტრატორთან სამი ამომრჩეველი იყო ერთად.

მე-15 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს დილით კენჭისყრის შენობაზე (ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ფიროსმანის ქუჩა) წარწერა დახვდათ “მიშა ჩამოვიდა”. წარწერა შუადღეზე წაშალეს, თუმცა უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, მას არავისთვის მიუმართავს, რადგან „შენობის გარეთ რა ხდება, ეს მისი საქმე არ არის“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: