მთავარი,სიახლეები

4 მუნიციპალიტეტს „ოცნების“ მერი ეყოლება, ორში მეორე ტური ჩატარდება – არჩევნები აჭარაში

03.10.2021 • 1502
4 მუნიციპალიტეტს „ოცნების“ მერი ეყოლება, ორში მეორე ტური ჩატარდება – არჩევნები აჭარაში

2021 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები გვაჩვენებს, რომ ამომრჩევლის განწყობა „მმართველი პარტიის“ მიმართ მკვეთრად შეიცვალა და გვაჩვენებს იმასაც, რომ საკრებულოებში პოლიტიკური გადანაწილების ახალი მოცემულობის გათვალისწინებით პროცესი ბევრი კონტექსტით იქნება საინტერესო.

მონაცემები საბოლოო არ არის, თუმცა დიდი ალბათობით ციფრები მკვეთრად აღარ შეიცვლება. ამიტომაც განსაკუთრებით საინტერესოა როგორ იმუშავებს ბათუმის 35-წევრიანი საკრებულო, სადაც ოპოზიციას 19 წევრი ეყოლება. ამ მონაცემებში გიორგი გახარიას გუნდის სამი წევრიც შედის. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ექნება ამ პარტიის წევრების პოზიციებს იმის გასარკვევად, თუ ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს ბათუმის შემდეგი მოწვევის საკრებულოში – ისევ „ოცნება“ თუ ოპოზიცია.

საკრებულოების შეკრებამდე წინ ჯერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება და მეორე ტურია. ამ დროისთვის უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ ბათუმში მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი და „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე.

3 ოქტომბრის 7:20 საათის, მონაცემებით გიორგი კირთაძემ ამომრჩეველთა ხმების – 41,97%  ,არჩილ ჩიქოვანმა კი  -41,8% მიიღო.

გიორგი გახარიას ფაქტორი ამ ბრძოლაშიც  მნიშვნელოვანია. ვის დაუჭერენ მხარს გახარიას პარტიის ამომრჩევლები მეორე ტურში, რა მესიჯებს გააჟღერებს პარტია საკუთარი ამომრჩევლისთვის? – ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი დღეს არ გვაქვს.

ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია ბათუმის საკრებულოში

ამ დროისთვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, პროპორციული წესით ბათუმის საკრებულოში ოთხი პარტიის წარმომადგენლები შევლენ: „ქართული ოცნება“, ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო“.

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 39.42 პროცენტი მიიღო [29 789 ხმა], „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 38.34 პროცენტი [28 970 ხმა], შემდეგ მოდის „გახარია საქართველოსთვის“ – 10.4 პროცენტით [7 587 ხმა], 3.2 მიიღო „ლელომ“ [2447 ხმა].

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ 35-წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს პროპორციული სიით, ამას დაემატება მაჟორიტარები. ამ დროს მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ბათუმის საკრებულოში 4 მაჟორიტარის შეყვანას შეძლებს. გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციული სიით 12 წევრი შეჰყავს საკრებულოში. იგივე მონაცემების თანახმად,  ოპოზიციას  3 მაჟორიტარი ეყოლება. შესაბამისად, ოპოზიურ პარტიებს ბათუმის საკრებულოში 19 წევრი ეყოლებათ და 16 წევრი კი „ქართულ ოცნებას“.

მუნიციპალიტეტები

წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ხელვაჩაურში, ზაზა დიასამიძემ, ამომრჩეველთა ხმების 42.9% მიიღო, ხოლო „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ – 41.18 %.  შესაბამისად, საბოლოო შედეგი აქაც მეორე ტურმა უნდა გამოავლინოს.

ქობულეთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი – ლევან ზოიძე ლიდერობს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ლევან ზოიძემ ხმების 52.5 პროცენტი მიიღო.

აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში – ქედაში, შუახევსა და ხულოში „ოცნების“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ. ამავე ოლქებში პროპორციული სიის მიხედვით „ოცნება“ იგებს, თუმცა პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ოპოზიცია საკრებულოებში ფრაქციების შექმნას შეძლებს.

ამ დრომდე აჭარაში ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, მაჟორიტარულ ოლქებს უმეტესწილად „ოცნება“ იგებდა, ეს არჩევნები კი განსხვავებული შედეგით დასრულდა.

ქობულეთში 13 მაჟორიტარული ოლქია, აქედან წინასწარი მონაცემებით, ორ ოლქში ოპოზიცია ლიდერობს. ხელვაჩაურის რვა ოლქიდან სამს იგებს ასევე ოპოზიციის კანდიდატი. ქედაში შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან ოპოზიცია მხოლოდ ერთ ოლქში ლიდერობს. ამდენივე ოლქია შუახევში, აქ შვიდივეში „ოცნება“ იგებს, ხულოში კი ოპოზიცია მხოლოდ ერთ უბანზე ლიდერობს.

არჩევნების დღე, დარღვევები, ზეწოლა და მუქარა

კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზეც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. ამას დაემატა ისიც, რომ წელს ისინი განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიმართ.

          „მოგხედავთ“, „ვიმახსოვრებთ სახელებს“ – ბათუმის საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს დაემუქრნენ. 

თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან დააფიქსირეს მოქალაქეები, რომლებიც დიდხანს იდგნენ საარჩევნო უბნებთან და თან ჰქონდათ სიები.

 

„დაგიმტვრევ თავ-ყბას თუ უფლება არ გაქვს და ისე იღებ” – ამ სიტყვებით ბათუმის N44 უბანზე საიას დამკვირვებელს მიმართავს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი.

„დაგიმტვრევ თავ-ყბას“ – საიას დამკვირვებლისთვის ბათუმში ტელეფონის წართმევა სცადეს

2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას „ბათუმელებმა“ ორჯერ მიმართა პოლიციას ჟურნალისტზე მუქარის და საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის გამო.

„ბათუმელებმა“ დღეს ორჯერ მიმართა პოლიციას – მუქარის და ხელისშეშლის ფაქტები

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა საარჩევნო უბანთან, დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევებზე სისხლის სამართლის მუხლით 16 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება. დაკავებულია 7 ადამიანი.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენი პირი დაჯარიმდა საარჩევნო უბანთან 100  მეტრის რადიუსში თავშეყრის აკრძალვის წესის დარღვევის გამო. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

საჩივრები

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის  ინფორმაციით, კომისიაში 41 საჩივარი შევიდა, მათგან უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. მისივე განმარტებით, „ამ დარღვევებიდან უმეტესობა ადგილზევე აღმოფხვრეს კომისიის წევრებმა, ხოლო რაზეც რეაგირება არ მოახდინეს, ამ საჩივრებს კომისია კანონის შესაბამისად განიხილავს.“

ამას ემატება ის საჩივრებიც, რომლებიც ბათუმის საუბნო კომისიებში დაწერეს დამკვირვებლებმა. ციალა შავაძის ინფორმაციით, საოლქო კომისიაში და უბნებზე შესული საჩივრები ძირითადად იდენტური შინაარსისაა.

დღეს, 3 ოქტომბერს, „ლელომ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიცია ბათუმის მე-7 ოლქში, ცამეტივე საარჩევნო უბანზე ხმების ხელმეორედ გადათვლას მოითხოვს.„ლელოს“ განცხადებით, 13-ივე საარჩევნო უბანზე ბათილად არის ცნობილი 925 ბიულეტენი და ხელოვნურად არის შექმნილი დისბალანსი.

გააბათილეს 925 ბიულეტენი, „ოცნების“ კანდიდატს 5 ხმით გაამარჯვებინეს – ოპოზიცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდა. თუმცა, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედეს.

„დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემის რამდენიმე შემთხვევა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩათ ამომრჩეველთა ხელმოწერები. დაფიქსირდა ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა. ხშირი იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და ჰქონდა განგრძობადი ხასიათი.“

_____

გადაბეჭდვის წესი


ასევე: