მთავარი,სიახლეები

გააბათილეს 925 ბიულეტენი, „ოცნების“ კანდიდატს 5 ხმით გაამარჯვებინეს – ოპოზიცია

03.10.2021
გააბათილეს 925 ბიულეტენი, „ოცნების“ კანდიდატს 5 ხმით გაამარჯვებინეს – ოპოზიცია

დღეს, 3 ოქტომბერს, „ლელომ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიცია ბათუმის მე-7 ოლქში, ცამეტივე საარჩევნო უბანზე, ხმების ხელმეორედ გადათვლას მოითხოვს.„ლელოს“ განცხადებით, 13-ივე საარჩევნო უბანზე ბათილად არის ცნობილი 925 ბიულეტენი და ხელოვნურად არის შექმნილი დისბალანსი.

„როგორც ვხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულაციის გზით მოახერხა, რომ პირველივე ტურში გაეყალბებინა მისი კანდიდატის, მინდია გოგუაძის გამარჯვება, მხოლოდ და მხოლოდ 0,6 პროცენტით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ბიულეტენები არის ჩამალული, უსამართლოდ გაყალბებული და გაბათილებული.

შესაბამისად, კატეგორიულად ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას და 13-ვე საარჩევნო უბნის ხელმეორედ გადათვლას“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე, „ლელოს“ სიის პირველი ნომერი.

ლელოს ინფორმაციით, 5 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომ ბათუმის მე-13 უბანზე მეორე ტური აღარ გაიმართოს. მანამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ 37 % ჰქონდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მეშვიდე საარჩევნო ოლქში და შემდეგ სრულიად შემთხვევით, გაბათილებული ბიულეტენების ხარჯზე აღმოჩნდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 0,6 მეასედი პროცენტით გადაუსწრო 40- პროცენტიან ბარიერს, რაც ნიშნავს, რომ ეს ოლქი არის გაყალბებული,“- ამბობს კუპრაძე.

მისი თქმით, ამ მოთხოვნაში „ლელოს“ უერთდება ყველა ოპოზიციური პარტია, რომლებიც შეთანხმებულნი არიან აჭარაში საერთო კანდიდატსა და მაჟორიტარებზე. ოპოზიცია მოუწოდებს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიას, მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება და გამჭვირვალობის გზით, გადაითვალოს 13-ვე საარჩევნო უბანი.

„ჩვენ ვიბრძოლებთ, მივმართავთ ნებისმიერ ფორმას, როგორც მანიფესტაციებსა და აქციებს, ასევე სამართლებრივ გზებსაც. ვითხოვთ ვიდეოკამერების წინ გადაითვალოს ეს უბნები, სადაც ვნახავთ, რომ გვექნება ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ ეს ხმები არის მიკერძოებული და მითვისებული. ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას ამ უფლებისთვის და არანაირ დათმობას არ ვაპირებთ“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: