მთავარი,სიახლეები

დააკავეს 7 პირი, 16 საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო – შსს

03.10.2021 • 1057
დააკავეს 7 პირი, 16 საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა საარჩევნო უბანთან დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევებზე სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო გამოძიება.

შსს აცხადებს, რომ 16 საქმეზეა დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებულია 7 ადამიანი.

შსს ამ შემთხვევებზე ავრცელებს ინფორმაციას:

სოფელ ფონიჭალაში მდებარე 30-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით; ყვარლის რაიონულ სამმართველოში – მე-10 საარჩევნო უბანთან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე; ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში 22-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებაზე, გამოძიება დაიწყო კენჭისყრის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის შემთხვევებზე.

მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე 52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფატთან დაკავშირებით დაიწყო ასევე გამოძიება, ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით. აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი უკვე დაკავებულია.

ახალქალაქში, სოფელ კოროვაკანში, მდებარე 50-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შორის მომხდარ სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სენაკში, N7 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სენაკის პოლიციაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, N48 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს N83 საარჩევნო უბანში განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება გარდაბანში, გუშინ საღამოს მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით.

ქალაქ ზუგდიდში, N84 საარჩევნო უბანში მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

კიდევ ერთი გამოძიებაა დაწყებული თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე N24 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.

ასევე, 3 ოქტომბერს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კუთვნილ საარჩევნო-საინფორმაციო ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცულში, N19 საარჩევნო უბანში საარჩევნო ურნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით დაიწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N 48 საარჩევნო უბანში არაერთგზის ხმის მიცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე სეკუნდა მუხლით დაიწყო.

სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს ასევე ლანჩხუთში, სოფელ მამათში მომხდარ ძალადობის ფაქტზე და თბილისში, ნაკადულის ქუჩაზე, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარ ქურდობის ფაქტზე.

შსს ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს პოლიციამ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება.

„საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით – 2000 ლარის ოდენობით.

პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში – 3 პირი, ასპინძაში – 2 პირი, ლანჩხუთში – 1 პირი და თბილისში – 1 პირი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: