მთავარი,სიახლეები

„ბათუმელებმა“ დღეს ორჯერ მიმართა პოლიციას – მუქარის და ხელისშეშლის ფაქტები

02.10.2021 • 2116
„ბათუმელებმა“ დღეს ორჯერ მიმართა პოლიციას – მუქარის და ხელისშეშლის ფაქტები

დღეს, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას „ბათუმელებმა“ ორჯერ მიმართა პოლიციას ჟურნალისტზე მუქარის და საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის გამო.

ერთ შემთხვევაში საქმე ეხება „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დიალოგი  #41 საარჩევნო უბანთან. მასალის გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში „ბათუმელებს“ დაუკავშირდა უცნობი პირი, რომელიც გაგვეცნო, როგორც ვიდეოზე ასახული ადამიანის ოჯახის წევრი და კატეგორიულად მოითხოვა მასალის წაშლა. მას შემდეგ, რაც მას ავუხსენით, რომ არჩევნების გაშუქებისას, საჯარო სივრცეში გადაღებული ვიდეო არ წაიშლებოდა, იგი ჟურნალისტს დაემუქრა, რომ სახლში და რედაქციაში „მიუვარდებოდა“ და „ჭკუას ასწავლიდა“.

მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი რამდენჯერმე განმეორდა, რის შემდეგად „ბათუმელებმა“ შსს-ს მიმართა. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა.

პოლიციის გამოძახების მეორე შემთხვევა უკავშირდება #21 საარჩევნო უბანთან კოორდინატორების მობილიზებას.

„ბათუმელების“ ჟურნალისტმა შენიშნა კოორდინატორებით სავსე სამი ავტომობილი უბანთან ახლოს, საარჩევნო კოდექსის თანახმად კი დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

„ბათუმელებს“ ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირები, შესაძლოა, თანხას გადასცემდნენ ამომრჩეველს. ჟურნალისტის კითხვებს მანქანიდან გადმოსული ქალი და იქვე მდგომი კაცი პასუხობდნენ აგრესიულად და არ ასახელებდნენ ვინაობას. მოგვიანებით, კაცმა, რომელიც განსაკუთრებით აგრესიულად მიმართავდა ჟურნალისტს, გაიკეთა ცესკოს მოწმობა, რომელზეც აღნიშნული იყო, რომ იგი იყო ვალერი მელნიკოვი, საუბნო საარჩევნო კომისიაში „ოცნების“ წარმომადგენელი.

კადრი ვიდეომასალიდან

„ბათუმელებმა“ ადგილზე გამოიძახა პოლიცია, რომლის მოსვლის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა სწრაფად დატოვეს ტერიტორია. ფაქტზე დაიწყო მოკვლევა.

ეს არ არის მხოლოდ ორი შემთხვევა, როცა დღეს „ბათუმელებისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში სცადეს ხელშეშლა.

ბათუმის #64 უბანთან გაჩერებულ მიკროავტობუსში მყოფმა კოორდინატორმა ხელი კრა ჟურნალისტის ჩართულ ტელეფონს და მის შეკითხვებს აგრესიით პასუხობდა.

#95 საარჩევნო უბანთან ახლოს მყოფი მოქალაქეები, რომლებიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში არ ტოვებდნენ პერიმეტრს, ჟურნალისტს დაემუქრნენ – „ვიმახსოვრებთ სახელებს“, „მოგხედავთ“ და აგრესიულად პასუხობდნენ მას.

მთელი დღის განმავლობაში მუშაობისას იგივე პრობლემებს აწყდებოდნენ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები: ზუგდიდში „ფორმულას“ ჟურნალისტზე, სალომე ჩადუნელზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო; ბათუმში, TV პირველის ჟურნალისტის თამთა დოლენჯაშვილის თქმით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ტელევიზიის აპარატურა მიკროავტობუსში ჩაკეტეს; პროფესიული საქმიანობის შესრულებისას TV 25-ის ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ჟურნალისტების ხელისშეშლის ფაქტებზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

გადაბეჭდვის წესი