3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3397 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 31 223 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 67 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
2 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.75% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.39%.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდით ინფიცირების 45 799 აქტიური შემთხვევაა საიდანაც 6 550 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან 1 636 მძიმე პაციენტია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა, აჭარაში – 189, იმერეთში – 675, ქვემო ქართლში – 247, შიდა ქართლში – 401 გურიაში – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 302, კახეთში – 252, მცხეთა-მთიანეთში – 102, სამცხე-ჯავახეთში – 134, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 29.
ბოლო მონაცემებით საქართველოში აივ-ით ინფიცირების 9124 შემთხვევაა რეგისტრირებული, თუმცა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 10 500-ს უტოლდება.
მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს, მაგრამ რეალურად ეს მაჩვენებელი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ მაღალია.
aidscenter: საქართველოში რეგისტრირებული აივ-ით ინფიცირების 9124 შემთხვევიდან 6820 კაცია, 2304 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 4441 პაციენტს, 1894 გარდაიცვალა. 2021 წელს გამოვლინდა 492 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 5709 (მათ შორის აფხაზეთში – 624) პაციენტი.
საქართველოში აივ/შიდსზე გამოკვლევას, კონსულტაციებსა და მკურნალობის კომპონენტს გაეროს გლობალური ფონდი აფინანსებს, თუმცა ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება აივ ინფიცირებული პირების დაბალი და დაგვიანებული გამოვლენა.
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის, „თანადგომისა“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებულ კვლევაშიწერია, რომ აივ დადებითი პირების სავარაუდო რაოდენობიდან ერთ მესამედზე მეტმა (35%. 3.150 ინფიცირებული) ჯერ კიდევ არ იცის თავისი აივ-დადებითი სტატუსი.
2020 წლის კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში ახალ შემთხვევათა ნახევარზე მეტი (51%-დან 55%-მდე) იყო გვიან გამოვლენილი და, შესაბამისად, დაგვიანებით ჩართული მკურნალობაში, მათგან 35%-ს უკვე ჰქონდა დაავადების მძიმე ფორმა.
22 წლის ზაზა უკვე სამი წელია რაც აივ დადებითია. საკუთარი სტატუსი შემთხვევით, სისხლის დონაციისთვის მისულმა შეიტყო:
„შიდსის ცენტრში მისულს გვხდება სამი პატარა კაბინეტი, კონსულტაციას გადიხარ ამ კაბინეტში, ერთ კაბინეტში ზის სამი ექიმი. ექიმს ესაუბრები ძალიან პირად რამეებზე, რასაც ისმენენ დანარჩენი ექიმები. პლუს ამას, ეს კარი მუდამ ღიაა, განყოფილებაში კი ექთნები და მედმუშაკები დადიან. ზოგიერთ ექიმს გაჰყავს პაციენტი სხვაგან, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. არ გაქვს განცდა, რომ კონფიდენციალურობა დაცულია.
ეს ბევრისთვის ძალიან სტრესულია, განსაკუთრებით ლგბტქი ადამიანებისთვის, რომელმაც უნდა უპასუხოს, თუ საიდან მოხდა გადადება მისი აზრით. ძნელია ამ დეტალებზე საუბარი, როცა ამდენი ადამიანი გისმენს” – გვიყვება ის.
ზაზა სტიგმზეც საუბრობს და ამბობს, რომ გადადების მეთოდებზე ნაკლები ინფორმაციის გამო, საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ერიდება აივდადებით ადამიანებთან კონტაქტს.
„ბევრ ადამიანს გონია, რომ შენთან ნებისმიერი კონტაქტით შეიძლება დაინფიცირდეს, თემშიც პარტნიორობისგან თავს იკავებენ, ამბობენ რომ ჯანმრთელ ადამიანთან უნდათ ურთიერთობა. კლინიკაშიც ალმაცერად გიყურებენ და ეს ძალიან დამთრგუნველია.
უშუალოდ ჩემს ექიმთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, თუმცა სხვა მედპერსონალისგან, რომელსაც ალბათ გაუგია იქ ჩემი სტატუსის შესახებ, მიგრძნია რაღაცნაირი მზერა და დამოკიდებულება” – ჰყვება ზაზა.
აჭარაში უფასო სკრინინგს აივ/შიდსზე და კონსულტაციებს ამავე საკითხებზე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის გარდა, რამდენიმე არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციაც ატარებს. ერთ-ერთი მათგანია „იდენტობა იუსი“.
ორგანიზაციის თანამშრომელი, ბელა შანავა ამბობს, რომ ისინი რისკ-ჯგუფებთან მუშაობენ, როგორც ადგილზე, ისე „აუთრიჩის“ გზით, რაც მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარების მოძიებას გულისხმობს.
„ჩვენ ძირითადად ვტესტავთ მსმ კატეგორიას (მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან), ტრანსგენდერ ქალებს, სექსმუშაკებსა და მათ პარტნიორებს. როცა ვლინდება აივ დადებითობა, ჩვენ ვთავაზობთ გადამოწმებისა და მკურნალობაში ჩართვის მიზნით შიდსის ცენტრში თანხლებას.
ზოგიერთ შემთხვევაში გვეუბნებიან უარს და ამბობენ, რომ თავად მივლენ. ჩვენ ვუკავშირდებით გადამოწმების მიზნით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ბენეფიციარი არ არის ვალდებული გაგანდოს შიდსის ცენტრში რა შედეგი მიიღო დამადასტურებელი ტესტირებით. არ უნდათ შიდსის ცენტრში მისვლა, უმეტესად კონფიდენციალურობის დაუცველობის გამო იკავებენ თავს“ – ამბობს ბელა შანავა.
ამავეს ადასტურებს აივტესტირების დაბალი მაჩვენებლის ფაქტორების კვლევისანგარიში, სადაც რესპონდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მწვავედ დგას კონფიდენციალურობის დარღვევის შიში და უნდობლობა, ვიდრე დიდი ქალაქების მაცხოვრებლებისთვის. ისინი აცხადებენ, რომ რეგიონში, სადაც „ყველა ერთმანეთს იცნობს“, ადამიანი ვერ ბედავს ტესტირებაზე მისვლას.
„ქალაქი პატარაა, სახეზე გხედავს პერსონალი, ყველა ყველას იცნობს. იქ სანიტარი აღმოჩნდება მამის კლასელი, ექთანი აღმოჩნდება ნათესავი… ან თავიდანვე იციან, რომ იმ კლინიკაში მათი ნაცნობი მუშაობს და ვერ მიდიან.
ჩვენ გვყავდა ბენეფიციარი, რომელიც აივის საპრევენციო, პრეპის პროგრამაშია ჩართული. როცა კლინიკაში მედიკამენტისთვის იყო მისული, იქ დედამისის ნაცნობმა ექთანმა თუ სანიტარმა შეამჩნია, დაურეკა ამ ბიჭის დედას, რომელიც ასევე ყოფილი მედმუშაკია და ჰკითხა – შენი ბიჭი იყო მოსული ჩვენთან კლინიკაში და შიდსი ხომ არ აქვსო?“ – ჰყვება ბელა შანავა.
„ფიქრობდა ჩივილს, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან დედასთან გაცხადებული ჰქონდა ყველაფერი და არ აღმოჩნდა ისეთ მოწყვლად მდგომარეობაში, რომ დამუქრებოდა ვინმე. მაგრამ უფრო მოწყვლადი ბენეფიციარი დადგებოდა ამ პრობლემის წინაშე და ამ ერთ გადარეკვას შეეძლო სრულიად დაენგრია ადამიანის ცხოვრება“ – ამბობს ბელა შანავა.
ბელა ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ბენეფიციარები ერთი ან ორი კვირა იმიტომ ვერ მიდიოდნენ სამკურნალო წამლის ასაღებად, რომ სამსახურიდან ვერ ითავისუფლებდნენ თავს.
არასამთავრობო ორგანიზაციებში აივ/შიდსზე ტესტირებისას ბენეფიციარის პირადი მონაცემები არ ფიქსირდება.
„ჩვენ ვწერთ 16-ნიშნა კოდს, რომელიც შედგება ინიციალებისგან. ასე ვერავინ გაშიფრავს ვინ იყო ჩვენთან ცენტრში მოსული.
ეს სწრაფი საპრევენციო სკრინინგ-ტესტებია, დადებითი პასუხის შემთხვევაში ადამიანს მივყვებით, ან სურვილის შემთხვევაში მხოლოდ მას ვაგზავნით შიდსის ცენტრში, სადაც უტარდება დამადასტურებელი ტესტირება“ – განმარტავს ბელა შანავა.
აივ ინფექციის სარისკო ჯგუფებში არიან ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები (ნიმ), კაცები, რომელთაც სექსი აქვთ კაცებთან (მსმ), სექსმუშაკები, გარკვეული პროფესიის სამედიცინო პერსონალი და პირები, რომელთაც ჩაიტარეს სამედიცინო მანიპულაცია არასაკმარისად გასტერილებული სამედიცინო იარაღებით.
ამავდროულად, ოფიციალური მონაცემებით საქართველოში, აივი ყველაზე ხშირად ჰეტეროსექსუალური (ქალისა და კაცის) გზით გადაეცემა. 2021 წელს რეგისტრირებული ნახევარზე მეტი (50.2%) გადაცემის სწორედ ამ გზას უკავშირდება.
„მიზანი იყო, რომ როგორმე დაეჩაგრათ სააკაშვილი და მისი იმიჯისთვის მიეყენებინათ ზიანი, მაგრამ სააკაშვილი იმიჯურად ამ პროცესს იგებს,“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი. მას ვესაუბრეთ პოლიტიკურ ინტერესზე, როცა ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობდა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა, თუ სასამართლოში გამოჩენაზე.
დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან ისევ მიმართა საზოგადოებას. დავით ზურაბიშვილის აზრით, ამ პროცესით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ქულებს აგროვებს, თუმცა ეს ამ ეტაპზე პოლიტიკურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.
ბატონო დავით, თქვენი აზრით, ვის სჭირდებოდა და რა მიზანი ჰქონდა ხელისუფლების დაჟინებულ და ხანგრძლივ მცდელობას, არ დასწრებოდა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომებს და არ გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში?
მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ როგორმე დაეჩაგრათ და სააკაშვილის იმიჯისთვის მიეყენებინათ ზიანი. არანაირ სხვა ლოგიკაში არ ჯდება, რატომ არ გადაჰყავდათ ის სამოქალაქო კლინიკაში, ან არ ასწრებდნენ სასამართლო პროცესებს, პოლიტიკური ლოგიკა ამაში არ იყო. დამოკიდებულება იყო ასეთი, რომ აი, ვინ არის, ვინ გდია საერთოდ, ეგდოს ციხეში.
ვიდრე მთელი მსოფლიო არ შეწუხდა ამაზე, მოკვდება ადამიანი, თუ არ გადაიყვანთო, არაფერი შეიცვალა. ამ დამოკიდებულებას რამე სერიოზული პოლიტიკური გათვლებით ვერ ვხსნი, რადგან „ქართული ოცნება“ ზოგადად პოლიტიკური გათვლებით არ მოქმედებს. არც იმ შიშს გამოვრიცხავ, რომ გაიტაცებდა, მაგალითად, სააკაშვილს მხარდამჭერების ლაშქარი.
თუ გინდათ ზუსტად გაიგოთ, რა იყო ხელისუფლების მიზანი ამ პროცესში, უნდა წაიკითხოთ ხელისუფლების ხმაურიანი „გამპრავებლების“ ფეისბუქპოსტები, რას წერდნენ ისინი ამ დროს. ხელისუფლების დონე არის ზუსტად ეგ.
ამათი მიზანია მხოლოდ ის, რომ არ შეაწუხო და ფულის კეთებაში არ შეუშალო ხელი. სხვა არაფერი აინტერესებთ.
რამდენად დააზარალა ამ პროცესმა საქართველოს იმიჯი?
რა თქმა უნდა, დააზარალა, მაგრამ ხელისუფლებაში არ ესმით ამდენი. ჰგონიათ, რომ რადგან მოახერხეს სააკაშვილის დაჭერა და დასავლეთი არაფერს ამბობს, მოდი ახლა, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. მერე, როცა ძალიან გაუბერეს, იქედან თითი დაუქნიეს და დაფაცურდნენ. ფეისბუქში ვწერდი კიდეც, მოგიწევთ სააკაშვილის გადაყვანა-მეთქი, რადგან ლოგიკური იყო, ასე მოხდებოდა: ადამიანის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას არავინ არ შეარჩენდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი კი იძახიან, რომ ეს არის კრემლის რეჟიმი, თუმცა რეალურად ბევრი გვაკლია პუტინის რეჟიმამდე, იმას მართლა ფეხებზე ჰკიდია, დასავლეთი რას იტყვის. ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ ჰკიდიათ, მოდით, ასე ვიტყვი.
რატომ უღირდა მაშინ ხელისუფლებას ეს?
არ ფიქრობენ ასე შორს ისინი… მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა და მისი სიტყვებით გამოსვლა პერმანენტული რეპუტაციული ზიანი იქნება ხელისუფლებისთვის. მიუხედავად ჩემი მისდამი უარყოფითი დამოკიდებუყლებისა, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, სააკაშვილის პოლიტიკური კლასის შედარება არც კი შეიძლება „ქართულ ოცნებასთან“ ერთად აღებული.
სააკაშვილი დღეს ბევრ რამეში შესაძლოა აცდენილია რეალობას, მაგრამ პოლიტიკური კლასი მაინც ბევრად მეტი აქვს და ყოველთვის მოუგებს ამათ ასე ჭიდაობაში. „ქართული ოცნების“ ადგილას მე, მაგალითად, სააკაშვილს შევიწყალებდი და მოქალაქეობასაც აღვუდგენდი, რადგან გარეთ მყოფი სააკაშვილი და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართული, ჩემი აზრით, ბევრად უფრო დისკრედიტიებული იქნება, ვიდრე ციხეში, სადაც ის რომანტიკულ საბურველს შეიძენს და ცოტა ხანში შესაძლოა იქედან ნელსონ მანდელაც გამოვიდეს ხალხის თვალში.
ივანიშვილის პირადი ახირება იყოო, წერდით ფეისბუქში, როცა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავდათ. ახლაც იგივეს ფიქრობთ?
რა თქმა უნდა. ასეთი გადაწყვეტილებების საბოლოო ინსტანცია საქართველოში ივანიშვილია. ღარიბაშვილი ამას დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა და რომც გადაეწყვიტა, მინიმუმ ნებართვა მაინც ექნებოდა ივანიშვილის. ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობდა რეალურად და არაფერი მოუვაო. ხომ ვნახეთ ყველამ, რომ სანამ ევროსასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა არ გააკეთა განცხადება, ყურს არ იპარტყუნებდა არავინ. გვახსოვს ირაკლი კობახიძის განცხადებებიც, როცა გვარწმუნებდა, არაა საჭირო კლინიკაში გადაყვანაო და არ გადავიყვანთო. იუსტიციის მინისტრიც ერთ დღეს ერთს იძახდა, მეორე დღეს – მეორეს.
დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც დაესწრო მიხეილ სააკაშვილი და ისევ სიტყვით გამოვიდა. რის მიღწევას ცდილობს ამით მიხეილ სააკაშვილი და რამდენად შეიცვალა, თქვენი დაკვირვებით, პოლიტიკური მოცემულობა მას აქეთ, როცა სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს და სასამართლოშიც?
ცხადია, ხელისუფლება ამ დროს ძალიან ცუდად გრძნობს თავს. ეს ის შემთხვევაა, სადაც მათ არ იციან, რა ილაპარაკონ და თუ ილაპარაკებენ, უარეს იტყვიან. არ ესმით პროცესის ლოგიკა, როგორ უნდა მიჰყვე ოპონირებას.
მორალურად ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ იმდენად დისკრედიტებულია, რომ მას არ აქვს მორალური უპირატესობა. აღარაა 2012, ან 2013 წელია, როცა იქნებოდა განსხვავებული სიტუაცია სააკაშვილის გასამართლების დროს. ახლა 2021 წელია და თავისი ცოდვებიც საკმარისზე მეტი აქვს დაგროვებული ხელისუფლებას.
ეს შეიცვალა ზუსტად, რომ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გამოსვლა არის მთავარი მოვლენა ქვეყანაში, ამაზე ლაპარაკობენ ორი დღე. ჯერ გამოდის და ესაა ახალი ამბავი, მეორე დღეს კი, ყველა ამაზე მსჯელობს. დღეს სააკაშვილია ისევ ქართულ პოლიტიკაში ცენტრალური ფიგურა.
იქნებ ამას არიდებდა თავს ხელისუფლება, როცა სასამართლო პროცესს არ ასწრებდა სააკაშვილს?
მესმის, რომ ამასაც ერიდებოდა „ქართული ოცნება“, რადგან წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა ქნან, რა გააკეთონ. თუ რამეს აკეთებენ კიდევ, აკეთებენ სისულელეებს.
ნამდვილად არ მგონია, რომ სააკაშვილი შეძლებს ხელისუფლების ჩამოგდებას, მაგრამ ამ პროცესით, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ხელისუფლება აშკარად პოლიტიკურ ქულებს ვერ იწერს, ხოლო სააკაშვილი იწერს, თან არცთუ ისე ცოტას.
რას შეიძლება ამ ქულებით მიაღწიოს მიხეილ სააკაშვილმა?
ახლა მიხეილ სააკაშვილის მთავარი მიზანია იყოს მთავარი პოლიტიკური ფიგურა ოპოზიციაში. ეს მიზანი თითქმის მიღწეულია. ამ დრომდე სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილი ასე არ ფიქრობდა, რომ სააკაშვილია მთავარი ფიგურა.
სააკაშვილის მიზანია, ასევე ზეპარტიული, მაკონსოლიდერებელი ლიდერი იყოს და გამოჩნდეს, რომ ეს კრიტიკული ბრძოლა საქართველოში არის ბრძოლა ბოროტ ბიძინას და კეთილ მიშას შორის.
ამასობაში, ხვალ საკრებულოები იკრიბება, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტში დასხდნენ და ქუჩის აქციებს დაანებონ თავიო…
ამ ეტაპზე ვერაფერს მიაღწევს ოპოზიცია. სააკაშვილი იგებს ამ პროცესს იმიჯურად, მაგრამ პოლიტიკურად რა ცვლილებებს უნდა მიაღწიოს ამით? რევოლუცია არ მოხდება და ქვეყანა არ ჩამოინგრევა. მიხეილ სააკაშვილი კი იძახის, დამიხსენით ციხიდანო, მაგრამ ვინ დაიხსნის?
ასე რომ, ამ ეტაპზე არაფერი მოხდება. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი ამაღლდება, ამაღლდება მეტნაკლებად „ნაციონალური მოძრაობის“ რიტინგიც, მაგრამ ხელისუფლება არ შეიცვლება და გაგრძელდება ცხოვრება. რამდენიმე წლის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი, ასე შორს „ქართული ოცნება“ არ იყურება.
ანუ რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა არ ჩანს?
რიგგარეშე არჩევნების წინაპირობაც ამ მოცემულობით არ ჩანს, ხელისუფლებამ მაინც და მაინც თუ არ მოინდომა ეს. არ აქვს ახლა ხელისუფლებას ამის გასაჭირი…
ხელისუფლება დიდი ოსტატია კრიზისების შექმნის და არც ესაა გამორიცხული, თუმცა ჯერჯერობით რაც ჩანს, 2024 წლამდე გადადებულია ეს სიტუაცია. 2024 წლისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ შანსი იქნება ბევრად დიდი, ვიდრე ახლა იყო.
ამ რეალობაში ახალი პოლიტიკური ძალაც არ ჩანს. გახარიას პარტია იყო ერთადერთი, რომელიც გაჩუმებულია. მედიარესურსებსაც ეს ორი ძალა ფლობს, მაგრამ მაინც და მაინც არც მცდელობა ჩანს, რომ ვინმე განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობდეს… ბუნებრივია, ამ მოცემულობაში იზრდება მესამე ძალების კიდევ მეტად დასუსტების შანსი. გაქრობის ზღვარზე იქნებიან ფაქტობრივად.
ბათუმში, ხოფის ბაზრობასთან ახლოს, 12-სართულიანი კორპუსი დგას. ლეონიძის ქუჩა №6ბ – ეს ამ სახლის მისამართია.
12-სართულიან კორპუსს ბოლო სართულზე მცხოვრებმა მეცამეტე სართული დააშენა, კორპუსს პირველსა და მეორე სართულზეც აქვს მიშენებები. სახლის სარდაფში საკანალიზაციო, დიდი მილები ერთმანეთსაა აცდენილი და სარდაფი ფეკალური მასებითაა სავსე. როგორც კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, უკვე 10 წელია ასეა.
თუმცა სარდაფი ამ კორპუსის ერთადერთი პრობლემა არ არის. სახლის სადარბაზოების კედლები დაბზარულია, კიბეებს თითქმის ყველა სართულზე ბზარები აქვს, ერთგან კიბე ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა და სახლის მცხოვრებლებმა თავად გაამაგრეს.
კორპუსის მცხოვრებლებმა ჩამოშლილი კიბის საფეხურები თავად გაამაგრეს.კორპუსის დაზიანებული კიბე
პირველი სართულიდან ამომავალი სუნი ბოლო სართულებამდე აღწევს კორპუსის ბინებში. სადარბაზოში, მიუხედავად იმისა რომ ღია სივრცეა და ნიავდება, მაინც აუტანელი სუნი ტრიალებს.
კორპუსის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ სარდაფი ბათუმის მერიამ გაწმინდოს ფეკალური მასებისგან და დაზიანებული საკანალიზაციო მილები მოაწესრიგოს. ამ თხოვნით მათ მერიისთვის, როგორც ამბობენ, არაერთხელ მიუმართავთ, თუმცა უშედეგოდ.
პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქე გვეუბნება, რომ დღე არ გავა, რომ ზედა სართულებიდან მისი ვერანდის სახურავზე ქვები არ ჩამოცვივდეს – ძირითადად, ეს ჩამოშლილი ცემენტი და ბეტონის ნამსხვრევებია.
კორპუსის ფასადიდან დაშლილი ბეტონის ნამსხვრევები ყოველდღე ცვივა პირველი სართულის ვერანდის სახურავზე
კედლები კორპუსის ბინების ოთახებშიც დაბზარულია თითქმის ყველა სართულზე – პირველიდან მეცამეტემდე.
სახლის ამხანაგობის თავმჯდომარე, მინდია თურმანიძე ამბობს, რომ ბათუმის მერიამ დაახლოებით ორი წლის წინ ტენდერი გამოაცხადა ამ სახლის პრობლემის მოსაგვარებლად და მისივე თქმით გამოგზავნეს არაპროფესიონალები:
„ამისთვის გავხდი ამხანაგობის თავმჯდომარე, რომ ეს პრობლემა მომეგვარებინა და ვერაფერს გავხდი.
სადარბაზოს დაბზარული ჭერიდერეფნის დაბზარული ჭერისადარბაზოს დაბზარული ჭერიდაბზარული კიბებზარი კედელზე
არაპროფესიონალებმა გაიმარჯვეს მერიის ტენდერში. სარდაფში რომ ჩავიდნენ, არც კი ამოუტუმბავთ წლობით დაგროვილი ფეკალური მასები. ცუდად გადააბეს მილები, ჩვეულებრივი მავთულებით, რაც მალევე გაფუჭდა.
ახლა უარესი მდგომარეობაა, კიდევ რომ მივმართო მერიას თავიდან, მრცხვენია. არ გააკეთეს და რა ვქნა?“ – ამბობს კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე.
მზია პაპუნიძეც ამ კორპუსში ცხოვრობს უკვე 15 წელია. როგორც ის გვეუბნება, ზაფხულობით აქ ცხოვრება ცუდი სუნის გამო შეუძლებელია.
ბზარი სახლის კედელზე
„ახლა ხომ ძლივს ამოიარეთ სუნის გამო კიბეები და ზაფხულობით უნდა მოხვიდეთ რა ხდება, ყველაფერი ყარს, წყალი რომ წყდება, აბაზანაში ვერ შეხვალ, ისეთი სუნი ამოდის მილებიდან.
12-სართულიან კორპუსს მეზობელმა მე-13 სართული დაადგა, მე ხელი მომაწერინა საბუთზე და მითხრა, რომ უბრალოდ სახურავს ცვლიდა, თურმე სართულს აშენებდა. კორპუსი დაბზარულია ამ დაშენებების და საძირკველში ფეკალიების გამო, თავზე რომ დამენგრეს კორპუსი, მეზობელი გადამარჩენს?
არჩევნებამდე მოვიდნენ და დაგვპირდნენ მოვალთ და გავასუფთავებთო, მაგრამ არაფერი“ – ამბობს მზია პაპუნიძე.
კორპუსის ბინებში დაბზარულია სამზარეულოს ფილებიც
კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლის ავარიულობა არავის დაუდგენია, თუმცა მდგომარეობა რომ არასახარბიელოა, ეს პირველიდან ბოლო სართულამდე ფეხით ერთხელ ავლის დროსაც ჩანს.
კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები, თემურ ქათამაძე ამბობს, რომ სულ რაღაც 40 წლის წინ აშენებული კორპუსი სარდაფში წლობით ფეკალური მასების დგომამ მოარყია და დაბზარა:
„40 წლის ბინაა დაახლოებით, დიდი ხნის არ არის. გრუნტში ფეკალური მასების წლობით დგომამ დაალპო იქაურობა და მოარყია, თავიდან ამ კორპუსის სარდაფში კიბით ჩადიოდნენ, ოთახივით იყო, მშრალი და ნორმალური სარდაფი, იმართებოდა შიგ ადამიანი, ახლა იქაურობა ამოვსებულია, კიბე ამოქოლილი.
არაპროფესიონალიც მიხვდებოდა, რაღაცას არასწორად რომ აკეთებდნენ, ჩვეულებრივი მავთულებით გადააბეს ერთმანეთს უზარმაზარი, ამხელა კორპუსის საკანალიზაციო მილები. უნიათოდ მოიქცა მერია და უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ.
გასუფთავდეს ეს სარდაფი და გადააბან ეს მილები საიმედოდ, პროფესიონალურად. ესაა ჩვენი მოთხოვნა, ბევრი გვინდა?! წვრილმანებზე ვაწუხებთ მერიას და საერთოდ მთავრობას? მოგვხედონ დროზე, სანამ რამე მომხდარა. კიბეებს უკვე საფეხურები სცვივა. სახლებში კედლები დაგვებზარა.
ამავე კორპუსში ცხოვრობს მეგი ნაგერვაძე მეუღლესთან და 9 თვის შვილთან ერთად. „ბათუმელებს“მეგი დაუკავშირდა და მოგვწერა, რომ ამ კორპუსში ცხოვრების ძალიან ეშინია.
მეგი ნაგერვაძე, კორპუსის მცხოვრები
„26 მაისი ქუჩაზე კორპუსის ნგრევის შემდეგ ძალიან შევშინდით, მარტო მე ხომ არ ვცხოვრობ აქ? სადარბაზოში, საცხოვრებელ ოთახებში ბზარებია, ფეხით ჩახვალ სადარბაზოში და კიბეებს ქვები სცვივა, ბზარებია კიბის უჯრედებში, სახლებში, არ ვიცი რა უნდა ვქნათ“ – ამბობს მეგი.
აპირებს თუ არა ბათუმის მერია ამ კორპუსის მდგომარეობის შესწავლას? – ამის გარკვევას „ბათუმელები“ მერიაში შეეცადა. ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ კორპუსში მცხოვრებლებმა მერიას უნდა მიმართონ და ამის შემდეგ შეისწავლიან საკითხს.
ვინ აირჩევს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მაშინ, როცა უმრავლესობა „ოცნებას“ არ აქვს – ახლა ბათუმში ამომრჩევლის მთავარი ინტერესი სწორედ ამ საკითხისკენ არის მიმართული. ახალარჩეული საკრებულოს სხდომა, ცესკოს განკარგულების შესაბამისად, ბათუმში, ისევე როგორც სხვა თვითმმართველ ქალაქებში ხვალ, 3 დეკემბერს, უნდა გაიმართოს.
სხდომებს შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან, შემდეგ კი, თავმჯდომარის არჩევამდე, პირველი სხდომის წაყვანის უფლებამოსილება საკრებულოს უხუცეს წევრს აქვს.
კოდექსი საკრებულოს თანამდებობების დაკომპლექტების დაზუსტებულ ვადებს არ ადგენს, თუმცა თვითმმართველობის ორგანომ გამართულად რომ დაიწყოს მუშაობა, ამისთვის საჭიროა თავიდანვე დაკომპლექტდეს ის. ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს „ოცნების“ უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა.
საკრებულომ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე მოადგილე ან მოადგილეები, კომისიების თავმჯდომარეები, რომლებიც მომავალში, კანონმდებლობის შესაბამისად, ავტომატურად ხდებიან ბიუროს წევრები.
გარდა ამისა, კონკრეტული პარტიები არეგისტრირებენ განაცხადს ფრაქციების შექმნის თაობაზე, იმავეს გაკეთება საკრებულოს სამ ან მეტ დამოუკიდებელ წევრსაც შეუძლია. ფრაქციების თავმჯდომარეებიც ბიუროს წევრები ხდებიან ავტომატურად, კანონმდებლობის შესაბამისად.
აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ყველაფერი „ოცნების“ დღის წესრიგის შესაბამისად წარიმართება და რადგან უმრავლესობა სწორედ „ოცნებას“ აქვს, ამიტომაც დიდი ალბათობით საკრებულოების ძირითად თანამდებობებს „ოცნების“ წარმომადგენლები დაიკავებენ, მაგრამ რა მოხდება ბათუმში, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს?
რა მოხდება ბათუმში, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს?
ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიითი შემადგენლობიდან 12 წევრის შეყვანა შეძლო. გარდა ამისა, ოპოზიციის კანდიდატებმა ბათუმში სამი მაჟორიტარული ოლქი მოიგეს. ამ მონაცემების შესაბამისად, საკრებულოში ენმ-ს 15 წევრი უნდა შეეყვანა, თუმცა ერთ-ერთი მაჟორიტარი, ნუგზარ ფუტკარაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.
სიითი შემადგენლობიდან ბათუმის საკრებულოში შევიდა „ლელოს“ ერთი წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე, ოპოზიცია მას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც მოიაზრებდა, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმდებოდა.
„ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ეყოლება, 12 სიით გასული და ოთხიც მაჟორიტარი.
ამ კონფიგურაციის მიხედვით, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს ბათუმის საკრებულოში, ოპოზიცია თუ ოცნება, გახარიას პარტიის სიით გასული სამი წევრის პოზიცია იქნებოდა გადამწყვეტი [ერთმა უკვე დატოვა ეს პარტია]. თუმცა ამ პარტიის წარმომადგენლებმა ახლახან, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პირველ სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.
გახარია გუნდის სამი წევრიდან ერთმა, ირაკლი თავდგირიძემ ცოტა ხნის წინ პარტია სწორედ იმ მოტივით დატოვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებს. საჯაროდ არ უთქვამს, რამდენად მისაღებია მისთვის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა. ამის მიუხედავად ოპოზიცია ირაკლი თავდგირიძეს მაინც მმართველ პარტიასთან ერთად განიხილავს.
კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ბათუმის შემთხვევაში 18 წევრი ირჩევს
იმ შემთხვევაში, თუ გახარიას პარტიის ორი წევრი სხდომას დაესწრებოდა, ამ პარტიის ყოფილი წევრი, ირაკლი თავდგირიძე „ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ აწევდა ხელს, ოპოზიცია კი გახარიას პარტიის ორი წევრთან ერთად მის წინააღმდეგ, ხმები ზუსტად 17/17-ზე გაიყოფოდა.
17 ხმით თავმჯდომარის დამტკიცებას ვერც ოპოზიცია შეძლებს, რადგან კოდექსი თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ითხოვს.
ეს ვერსიები ორივე ჯგუფში, როგორც ოპოზიციაში, ასევე „ოცნებაში“ განიხილეს, თუმცა პროგნოზებზე საჯაროდ საუბარი არ ისურვეს.
ბათუმის საკრებულოს სხდომა ხვალ, 3 დეკემბერს, 12 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. [ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35, მესამე სართული].
სპეციალისტები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების ქცევას აკვირდებიან, აცხადებენ, რომ ბათუმის ამ მოწვევის საკრებულოს სრულფასოვნად მუშაობას მხოლოდ 35-ე წევრის არჩევის შემდეგ შეძლებს, როცა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ნაცვლად ახალ წევრს აირჩევენ.
ეს არჩევნები, სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისში ჩატარდება.
რომან კისლიაკი ბელარუსი იურისტი, უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტია ქალაქ ბრესტიდან. იგი წელს, ზაფხულში ჩამოვიდა ბათუმში საცხოვრებლად.
რომანი 2005 წლამდე ადვოკატად მუშაობდა ბელარუსში, შემდეგ კი გაეროს კომიტეტში – ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამავე დროს იყო მოძრაობა „За Свободу“-ს საბჭოს წევრი.
მიზეზი, რის გამოც იურისტმა მშობლიურ ქალაქში ცხოვრებას ბათუმში ჩამოსვლა ამჯობინა, ბელარუსში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება.
რომანი სოციალური აქტივობების გამო რამდენჯერმე დააკავეს სამშობლოში. იგი გვიყვება, რომ სამართალდამცავებს ისე გადაჰყავდათ ქალაქიდან ქალაქში, ოჯახის წევრებს რომ არ სცოდნოდათ მისი ადგილსამყოფლის შესახებ.
2021 წლის აპრილში ბელარუსის პროკურატურამ გააფრთხილაკისლიაკი „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო, რომელშიც ის ბრესტში ბატარეების ქარხნის მშენებლობაზე საუბრობდა. პროკურატურამ მიიჩნია, რომ უფლებადამცველი „ცრუ ინფორმაციას“ ავრცელებდა სამოქალაქო პროტესტის წასახალისებლად.
რომანი ამბობს, რომ ცხადად გამოხატული პოზიციის გამო ხშირად აპატიმრებდნენ, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა 2021 წლის 19 ივლისი.
„19 ივლისს მოვიდნენ ჩემთან და 7 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენჩემს სახლს, დამკითხეს. ჩხრეკა არის დაშინების ფორმა, საშუალება, რომ იპოვონ რაღაც ხელჩასაჭიდი დასაპატიმრებლად.
კისლიაკის სახლი ჩხრეკის შემდეგ
ისინი ეძებდნენ ფულს, ალბათ, რაღაც დაფინანსებას დასავლეთისგან და ვერ იპოვეს. იმ მომენტში არ დამიჭირეს, თუმცა გასაგები იყო, რომ 1 კვირაში, 2 კვირაში, 1 თვეში ეს მოხდებოდა.
ჩხრეკის მერე მივხვდი, რომ უთვალთვალებდნენ იმასაც, თუ რას ვეძებდი ინტერნეტში, არ შემეძლო ინტერნეტით მატარებლებისა და თვითმფრინავების მარშრუტის მოძებნა, ამიტომ რკინიგზის სადგურზე გავდიოდი და ტაბლოზე ვუყურებდი მიმართულებებს“.
რომანი ჰყვება, რომ სამშობლოში დარჩენა მისთვის ციხეში გამოკეტვას, შესაბამისად, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას ნიშნავდა და ეს რამდენიმე დღეში მოხდებოდა:
„ამიტომაც არც დავლოდებივარ, სანამ დოკუმენტებს შეამოწმებდნენ, მინსკიდან ბათუმში ჩამოვფრინდი.
თბილისისკენ ფრენა არ იყო. ასეთი არჩევანი მქონდა: ან „სიზო“ [წინასწარი დაკავების იზოლატორი], ან ბათუმი. მე ავირჩიე ბათუმი.
ფაქტობრივად, გამოვიქეცი.
სამსახურშიც კი არ დამიწერია განცხადება გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ ინფორმაციას არ გაეჟონა და სახელმწიფოს ჩემი გამომგზავრების შესახებ არ სცოდნოდა.
PCR ტესტის ნაცვლადაც ვაქცინა გავიკეთე, რომ არ მიმხვდარიყვნენ, ქვეყნის დატოვება რომ მინდოდა. უკვე მქონდა ფული ნასესხები ქვეყნიდან გამოსამგზავრებლად,“ – ამბობს რომანი.
ახსოვს ის დღეც, როცა ბათუმში ჩამოფრინდა – 26 ივლისი.
„კვირას ჩამოვფრინდი ბათუმში. ვიცოდი, რომ ორშაბათს ან სამშაბათს დასაკავებლად მომაკითხავდნენ და სამშაბათს დაიწყეს ჩემი ტელეგრამის გატეხა ჩემი ადგილმდებარეობის გასარკვევად. მერე ახალ ტელეფონში გადავდე სიმ-ბარათი, მისი გატეხაც დაიწყეს, თუმცა დაიბლოკა და არ გამოუვიდათ.
ისინი 28 ივლისს, ოთხშაბათს, დილის 6 საათზე მივიდნენ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ვეკონტაქტებოდი გაჩხრეკის დღიდან გამომგზავრებამდე შუალედში და ისინიც გაჩხრიკეს.
გამთენიისას ჩამოვფრინდი ბათუმში, დილის 4 საათი იყო. ფეხით მივდიოდი სასტუმრომდე, კაცები ისხდნენ გარეთ და რომ გამოველაპარაკე, ძალიან თბილად შემხვდნენ“, – ჰყვება რომანი.
კითხვაზე, რატომ ირჩევენ ხშირად საქართველოს და ბათუმს ბელარუსის მოქალაქეები საცხოვრებლად, რომანი ამბობს, რომ ამის მიზეზი სავიზო რეჟიმია.
„საქართველოს კარგი სავიზო რეჟიმი აქვს უცხოელებისთვის და ამიტომაც მოვფრინავთ აქეთ. 365 დღე გაქვს უფლება, რომ იცხოვრო აქ ბინადრობის უფლების გარეშე [როგორც ბელარუსის მოქალაქეს]. ამ დროის გასვლის შემდეგ გადაკვეთ საზღვარს და ისევ შეგიძლია დაბრუნება,“ – ამბობს ის.
რომანი ახლა ბათუმში ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და მუშაობს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტი, ონლაინვებინარებს ატარებს, კონსულტაციას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
„დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობ და გამომუშავებულ თანხას ამ ქვეყანაში ვხარჯავ. ზღვა და მთები მიყვარს, ძალიან მომწონს საქართველო. თუმცა თავიდან რთული იყო აქ ადაპტირება, სხვა ქვეყანაა, სხვა მენტალიტეტი, არის ნიუანსები, აქვს თავისი სპეციფიკა. მე სეზონზე ჩამოვფრინდი და იმ ბინების ფასი, რომლებიც ინტერნეტში ვიპოვე, სამჯერ უფრო გაიზარდა. მერე ნელ-ნელა ყველაფერს შევეგუე“, – ამბობს რომანი.
რომანი აჭარაში მცხოვრებ ბელარუსთა დიასპორის კომიტეტის წევრიცაა. იგი ამბობს, რომ კომიტეტის შეფასებით, ბათუმში 5 000-მდე ბელარუსის მოქალაქე ცხოვრობს.
„ვხვდებით ერთმანეთს, აქციებს ვატარებთ, ვერთობით… განვიხილავთ საკითხებს, რაც გვაწუხებს.
ახლა გვინდა წამოვწიოთ თემა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. არის წესი, რომ არ შეიძლება იმ უცხოელთათვის ვაქცინირება, რომლებმაც სამ თვეზე ნაკლები გაატარეს საქართველოში. მეორე მხრივ, კოვიდპასპორტების შემოღებას აპირებენ, ანუ სტიმულს აძლევენ მოქალაქეებს აცრის გასაკეთებლად, მაგრამ იმავდროულად არის შეზღუდვა უცხოელებზე და გვინდა მოვითხოვოთ – ან ვადა შეგვიმცირონ, ან საერთოდ გააუქმონ,“ – ამბობს რომანი.
იგი ახლა ბათუმიდან აკვირდება სამშობლოში მიმდინარე პროცესებს და მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გარდა იქ მცხოვრები ახლობლებისგანაც იგებს ამბებს:
„იქ რეპრესიები გრძელდება. კონსულტაციას ვუწევ იქ მცხოვრებ ბელარუსებს, ვეკონტაქტები. რეპრესიები არ მცირდება.
ახლა სამსახურიდან გათავისუფლების ტალღა დაიწყო. მიმდინარეობს გაწმენდა იმათგან, ვინც რეჟიმის წინააღმდეგია“.
რომანი ამბობს, რომ ახლა კერძო საქმიანობის წარმოება ბელარუსში თითქმის შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო ხშირად უსაფუძვლოდაც აკავებს ბიზნესმენებსაც:
„ბიზნესმენები ყიდიან თავიანთ ბიზნესს, სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან და იქ იწყებენ საქმიანობას. ძალიან ბევრი მოიქცა უკვე ასე. დიდი ბიზნესის, მაგალითად, ფაბრიკა-ქარხნების მფლობელთათვის რთულია ამხელა თანხის გატანა და ისინი უბრალოდ ტოვებენ ქვეყანას, ბიზნესი კი რჩება. სისტემის მიხედვით, იჭერენ მფლობელს ან ტოპ-მენეჯერს, ეძებენ რაღაც დარღვევებს და ართმევენ ბიზნესს. რომც უჩივლო, ვერაფერს გახდები, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო ბელარუსში არ გვაქვს“.
რომან კისლიაკი საქართველოში დარჩენას სამომავლო პერსპექტივად განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია.
წელს, აგვისტოში, ამოქმედდა საქართველოს სუსსა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ. შეთანხმების ამოქმედებას „სამარცხვინო“ და „საშიში“ უწოდეს უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ხოლო ბათუმში მცხოვრებმა ბელარუსებმა აქციაცგამართეს.
რომანი ამბობს, რომ ეს შეთანხმება საქართველოში მცხოვრებ ბელარუსებს რეალური საფრთხის წინაშე აყენებს. იგი შიშობს, რომ მსგავს სიტუაციაში შესაძლოა თვითონაც აღმოჩნდეს და იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბელარუს მიგრანტთა ხმას გაიგონებს:
„არ ვიცი, რა ინფორმაციას მოაგროვებენ ჩემზე, ჩემს ანგარიშებზე, ჩემს გადაადგილებაზე. შეიძლება დაწერონ, რომ ტერორისტი ვარ, რომ საფრთხისშემცველი ვარ… ამ ხელშეკრულებამ ძალიან დაძაბა ბელარუსები.
თქვენი რედაქციის დახმარებით მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას. შეიძლება მოვიდეს დოკუმენტები, სადაც ეწერება, რომ საშიში ხალხი ვართ, თუმცა ეს ტყუილი იქნება.
ჩვენ შესახებ მოგროვდება კომპრომატები ისევ საქართველოს სახელმწიფოს ხელით და არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ვინმე მოიტაცონ კიდეც და ადამიანი აღმოჩნდეს „სიზოში“ – მინსკში ან ბრესტში“.
„არ ვაპირებთ არავის სცენარში მონაწილეობას“ – ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ ხვალ, 3 დეკემბერს, ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე არ მივლენ.
ამის მიზეზად ისინი როგორც ოპოზიციასთან, ასევე „ოცნებასთან“ მოლაპარაკებების არარსებობას ასახელებენ:
„გვაქვს გადამწყვეტი ხმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები. ჩვენ ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც დაგვაკისრა საქართველოს მოსახლეობამ… შევთავაზეთ, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „ოცნებას“ დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და მიგვეღო ერთობლივი გადაწყვეტილებები.
იმისათვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო, მზად ვიყავით უარი გვეთქვა ყველა თანამდებობაზე, რაც არის ბათუმის საკრებულოში.
სამწუხაროდ, უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღმოჩნდა ამისთვის მზად, რადგან მათთვის მიუღებელი იყო ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა, რომ საკრებულოში კომისიები გადანაწილებულიყო თანაბრად.
სამწუხაროდ, ორივე პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა ამაზე, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ ისინი აპირებენ ინდივიდუალურად მუშაობას ოპოზიციონერ დეპუტატებზე. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ როგორ მოახერხეს თუნდაც ჩვენი პარტიის ერთი წევრის გადაბირება“ – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი მიქელაძემ, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ირაკლი მიქელაძის თქმით, პარტია გეგმავდა ასევე საკუთარი კანდიდატების დასახელებას იმ პირობით, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იქნებოდნენ მოადგილეები და დაეხმარებოდნენ, რითაც საკრებულოში ბალანსის დაცვას მიაღწევდნენ.
დღეს, 2 დეკემბერს, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერა სამ პროექტს, რომლებიც გულისხმობს ხელვაჩაურის, ქუთაისისა და ახალგორის (ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებები) მუნიციპალიტეტებისთვის მძიმე ტექნიკის შეძენას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისთვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისთვის.
გრანტის საერთო მოცულობა 221,626 ამერიკული დოლარია.
იაპონიის საელჩოს ცნობით, მძიმე ტექნიკის დახმარებით, გაძლიერდება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფექტურად დაძლევისთვის. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს გაუმჯობესებულ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს, როგორებიცაა, გზების, კანალიზაციის, სასმელი და სანიაღვრე წყლის სისტემები.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ დააფინანსა 200 საგრანტო პროექტი, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რამაც შეადგინა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (გარდა სხვა პროგრამებით დაფინანსებული პროექტებისა).
საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება.
2 დეკემბრის მდგომარეობით „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული, მათ შორის: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონგ კონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.
ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70-მა ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის.
NCDC-ის მონაცემებით საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ ეტაპზე მსოფლიოში გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა კი მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, თუმცა ტიპიური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. ამ დრომდე არ აღრიცხულა აღნიშნული ახალი შტამით გარდაცვალების შემთხვევა.
სიტუაცია ფასდება როგორც მაღალი რისკის მქონე.
SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში, საერთაშორისო ანგარიშგება ჯანმოში მოხდა 24 ნოემბერს, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა ვარიანტს შეშფოთების სტატუსი (VOC) და დაერქვა „ომიკრონი“. ჯანმოს მიერ ყველაზე სწრაფად, 2 კვირის ფარგლებში, მიენიჭა აღნიშნული სტატუსი.
სმარტფონით, პლანშეტით, კომპიუტერით შეძლებთ თვალი ადევნოთ სატელევიზიო ეთერს: სპორტულ გადაცემებს, ფილმებს, საინფორმაციო და შემეცნებით პროგრამას, თუ Silk Go აპლიკაციას ჩამოტვირთავთ და გექნებათ წვდომა ინტერნეტთან.
აპლიკაცია სილქნეტის სატელევიზიო სერვისის SilkTV-ის ანალოგია: მრავალფეროვანი, ჟანრებად დაყოფილი კონტენტით და ინტერაქტიული ფუნქციონალით. პაკეტი “პრემიუმ ჯორჯია”, რომელიც ახალი აქციის ფარგლებში გაუაქტიურდება მომხმარებელს, ყველა ძირითად ქართულ არხს თავაზობს, მათ შორის Silk Sport არხები – სპორტული ექსკლუზივებით: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, სერია A, NBA ; ასევე, სილქ კინო არხებს, Silk Kids, სილქ უნივერსალს, ევრონიუს ჯორჯიას და შემეცნებით, საინფორმაციო და გასართობ უცხოურ კონტენტს.
იმისათვის რომ გახდეთ Silk Go-ს მომხმარებელი, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, გაიარეთ რეგისტრაცია ნებისმიერი ქსელის მობილური ნომრით და აქციის ფარგლებში მიიღეთ:
ყველაზე მრავალფეროვანი პაკეტი „პრემიუმ ჯორჯია“ უფასოდ – 15 იანვრის ჩათვლით (2022 წ) გაგიაქტიურდებათ 40-ზე მეტი ქართული და უცხოური არხი, მათ შორის: Silk სპორტ არხები, კინო, საინფორმაციო, შემეცნებითი კონტენტი.
ვიდეოთეკა და კინო-კატალოგი Amediateka საჩუქრად – აქციის ფარგლებში, ისარგებლებთ ამ დამატებითი სერვისებით: წინანდლის მუსიკალური ფესტივალის კონცერტების არქივით და კინოკატალოგით, სადაც მსოფლიო პრემიერები და რეიტინგული სერიალებია განთავსებული.
Silk Go აპლიკაციას ჩამოტვირთავთ უფასოდ, შემდეგ გაივლით გამარტივებულ რეგისტრაციას ნებისმიერი ქსელის მობილურის ნომრით და ისარგებლებთ სატელევიზიო კონტენტით სააბონენტო გადასახადის გარეშე 15 იანვრის ჩათვლით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
„მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, გაუქმდეს უნდა, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაიკიდოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის ადგილას, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს,“ – აღნიშნა დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა. მას გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ვრცლად შეეხო სახელმწიფო მოწყობის საკითხს. მისი თქმით, მაგალითად, არჩევითი უნდა იყოს პოლიციის ხელმძღვანელი პირები.
„მაგალითად, არჩეული შერიფები უნდა ჰყავდეს წალენჯიხას ან ბათუმს და მერე ასე ვეღარ იქნება, როცა ახლა ვიღაცების დასარბევად ოზურგეთიდან ჩაჰყავთ სპეცრაზმი,“ – თქვა მან.
ექსპრეზიდენტის თქმით, „მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა“ და უვადოდ მოსამართლეები არ უნდა ინიშნებოდნენ. ის ასევე საჭიროდ მიიჩნევს უცხოელი მოსამართლეების მოწვევას.
გამოძიების ვერსიით, სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს შორის დადებული შეთანხმების, ასევე, სააკაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009-2013 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.
„რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე,“ – აღნიშნა დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი. საქმის ერთი ნაწილი ბოტოქსის დაფინანსებას ეხება.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, რეალურად სანდრა რულოვსს დასჭირდა კანთან დაკავშირებით სამედიცინო ჩარევა 2008 წლის ომის შემდეგ და ეს არ იყო კოსმეტიკური პროცედურა.
„მე არ ვიცი სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერა, მაგრამ კლინიკებიდან მიიღეთ ინფორმაცია… სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე… გაიხსენეთ, რომ სანდრამ 100 მილიონ ევროს გრანტები შემოიტანა სამედიცინო სფეროში და 4-ჯერ ნაკლები ქალი კვდება მკერდის კიბოთი,“ – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
„დოკუმენტურად არის ეს ყველაფერი დადასტურებული, უშუალოდ პრეზიდენტის თანხმობით ხდებოდა ამ თანხების გახარჯვა“, – სიტყვა შეაწყვეტინა ექსპრეზიდენტს პროკურორმა, რომელსაც შემდეგ ადვოკატები გამოეპასუხნენ.
გამოძიების ვერსიით, სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს შორის დადებული შეთანხმების, ასევე, სააკაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009-2013 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.
ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის სანაპირო.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა ჯებირები და მოიშალა სანაპირო ინფრასტრუქტურა, საპარკე სკამები, დეკორატიული ფილები და გამწვანებული ადგილები.
ქობულეთის სანდასუფთავების თანამშრომლებმა დილიდან დაიწყეს სანაპიროს დასუფთავება.
„პირველ ეტაპზე საჭიროა სრულად გაიწმინდოს ტერიტორია, რათა ზუსტად ვიცოდეთ არსებული მდგომარეობა. ამის შემდეგ დავიწყებთ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის დათვლას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას”- ამბობს ქობულეთის მერი ლევან ზოიძე.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში ხვალ, 3 დეკემბერს, გამოიდარებს.
ქობულეთის სანაპირო შტორმის შემდეგ. ფოტო ქობულეთის მერიის ფეისბუქგვერდიდანქობულეთის სანაპიროქობულეთის სანაპირო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021-2022 სასწავლო წელს საქართველოში სულ 2 308 სკოლაა აღრიცხული, მათ შორის, 2 086 საჯარო სკოლაა, ხოლო 222 – კერძო.
საქსტატის კვლევის თანახმად, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (საერთო რაოდენობის 17.2%) იმერეთშია.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს, აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, აჭარაში სულ 229 საჯარო და 24 კერძო სკოლაა.
საქსტატის ცნობით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.4 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 9.6 პროცენტი.
მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.0 პროცენტი გოგოა, ხოლო 52.0 პროცენტი – ბიჭი.
რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.1%) თბილისში სწავლობს.
საქართველოში კოვიდ პანდემიისაგან დაზარალებული სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად გერმანიის მთავრობამ დამატებით 3 მილიონი ევრო გრანტი გამოყო.
„ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან. ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იმ ქართული ოჯახებისათვის, რომლებმაც კოვიდ პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გაზრდილი თანხით დაფინანსდება 135 ათასზე მეტი გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ამავე დროს, 2020 წელს გაცემული კრედიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება განხორციელდეს უმუშევართა შემწეობის 280 ათასზე მეტი გადახდა შესაბამისი პირებისათვის. ეს მხარდაჭერა თავის წვლილს შეიტანს არა მხოლოდ მრავალი ოჯახის სოციალური დაცვის საქმეში, არამედ ასევე სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებაში“, – აცხადებს გერმანიის საელჩო თბილისში.
საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა შეთანხმებას – გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ – ხელი 2021 წლის 30 ნოემბერს მოაწერეს.
2 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 3731 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 72 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 491 შემთხვევა, აჭარაში – 172, იმერეთში – 646, ქვემო ქართლში – 196, შიდა ქართლში – 327, გურიაში – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 328, კახეთში – 199, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 146, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 36.
აჭარაში დღეს, 2 დეკემბერს, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა5 პაციენტი.
2 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 172 ადამიანს, გარდაიცვალა 5 პაციენტი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2 დეკემბრის მდგომარეობით აჭარაში კოვიდზე მკურნალობას გადის 1901 ადამიანი, მათ შორის კოვიდკლინიკებშია 535 პაციენტი.
ისტორია, რომელიც ერთი ქალის განქორწინებას და ბავშვების ალიმენტს ეხება, 2018 წელს ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც მამამ უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე. შემდეგ იყო სასამართლო პროცესები, სადაც გადაწყდა, რომ უნდა გაიყიდოს კაცის და ქალის საკუთრებაში არსებული ერთადერთი საერთო ქონება – მიკროავტობუსი, რათა ბავშვების ალიმენტის დავალიანება დაიფაროს.
მიკროავტობუსის 50% სასამართლომ ქალს მიაკუთვნა, 50% კი – კაცს.
ნახეთ, როგორ დასრულდა გულნაზ ა-ს და მისი შვილების ოთხწლიანი დავა ალიმენტზე.
წელს, 4 ნოემბერს, კაცის კუთვნილი მიკროავტობუსის 50% სახელმწიფომ 4550 ლარად გაყიდა. საპატრულო პოლიციამ მიკროავტობუსი ახალ მესაკუთრეს ისე გაატანა, რომ მეორე მესაკუთრეს – გულნაზ ა-ს არაფერი შეატყობინა, არადა, ავტომანქანის 50 % სწორედ მისი საკუთრებაა.
ავტომანქანის გაყიდვის მიუხედავად, ბავშვებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ არც ერთი თეთრი ალიმენტისთვის დადგენილი თანხიდან. ბავშვების დედამ არც ის იცის, ამ თანხიდან საერთოდაც თუ შეხვდებათ რამე მის შვილებს. სამაგიეროდ აღმასრულებელმა იცის ზუსტად, რომ მიკროავტობუსის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის 7%-ს თავად მიიღებს.
ავტომანქანის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი შესაძლოა პარკინგის გადასახადში გაიხარჯოს: გულნაზ ა-ს წარმომადგენელს აღსრულების ეროვნულ ბიუროში უთხრეს, რომ მანქანა საპატრულო პოლიციის ფასიან ავტოსადგომზე იყო გაჩერებული დაახლოებით 810 დღე.
შსს-ს პრესცენტრში არ მოგვაწოდეს ინფორმაცია კითხვაზე: რა თანხის გადახდაა საჭირო დღეში დაყადაღებული ავტომანქანის ფასიან ავტოსადგომზე გაჩერებისთვის.
ფასიან ავტოსადგომზე მანქანის გაჩერების საფასური ზოგადად დღე-ღამეში 6 ლარია.
„გაუგებარია, რატომ გადაიყვანეს საერთოდ ფასიან ავტოსადგომზე, როცა აღსრულებას აქვს უფასო ავტოსადგომი და როცა საქმე ალიმენტს ეხება, ანუ პირი არ იხდის ალიმენტის ფულს,“ – ამბობს გულნზა ა.-ს წარმომადგენელი.
ბათუმში მცხოვრებ გულნაზ ა-ს ორი მცირეწლოვანი შვილის ალიმენტის მისაღებად სამართლებრივი დავა აქვს 2018 წლიდან. სწორედ ამ დავის დროს გამოჩნდა, რომ მიკროავტობუსი იყო ერთადერთი ქონება, რაც განქორწინების შემდეგ ბავშვების მამას, გელა ბ-ს აღმოაჩნდა. შესაბამისად, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ შვილების დედა – გულნაზ ა. მიკროავტობუსის თანამესაკუთრედ მიიჩნია. რადგან კაცი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ალიმენტს არ იხდიდა, იძულებითი აღსრულების წესით, მისი კუთვნილი 50 პროცენტი აუქციონზე გასხვისდა.
„4 ნოემბერს გაიმართა აუქციონი, 7 ნოემბერს თანხა ჩაერიცხა სახელმწიფოს, მაგრამ ამ დრომდე აღსრულებას თანხა არ მიუცია შვილების დედისთვის…“ – ამბობს გულნაზ ა-ს კანონიერი წარმომადგენელი.
საქმის მასალებს ერთვის გულნაზ ა-ს წერილებიც, რომელთა მიხედვითაც ის თანახმაა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე მიკროავტობუსის მისი წილიც გაასხვისოს, მაგრამ მქალს ამაზე უარს ეუბნებიან.
„აღსრულება თავდაპირველად გვეუბნებოდა, რომ მანქანას საერთოდ ვერ გაიტანდა აუქციონზე, რადგან მანქანას ორი მესაკუთრე ჰყავს, ეს უცნაურია და ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში არ გვქონიაო. ოფიციალური წერილიც მაქვს, რომ აუქციონზე მაქვს მიღებული აღსრულებიდან, რომ ამ მიზეზით შეუძლებელი იქნებოდა აღსრულება…
აღსრულებაში გვითხრეს ისიც, რომ ფასიანი ავტოსადგომის თანხას გადაიხდიდა გულნაზიც, როგორც თანამესაკუთრე. მანქანა აუქციონში ვინც იყიდა, მას ისე გაატანეს, რომ ჩვენთვის არაფერი შეუტყობინებია საპატრულო პოლიციას,“ – განმარტავს გულნაზის წარმომადგენელი.
აღმასრულებელს შვილების დედისთვის დღემდე არ უთქვამს, გაყიდული ავტომანქანიდან მას რამდენი ლარი ერგება. გულნაზს მხოლოდ ის აცნობეს, რომ მიკროავტობუსი 4550 ლარად გაიყიდა და ის ვინმე ხვიჩა ბ-მ შეიძინა. აღმასრულებლის წერილის მიხედვით ასევე ირკვევა ის, რომ ბავშვების ალიმენტის თანხიდან 7 %-ს ითხოვს სახელმწიფო აღმასრულებელი.
წერილში არაა ნახსენები, რამდენი ლარი აქვთ გადასახდელი მიკროავტობუსის თანამესაკუთრეებს იმის გამო, რომ ავტომანქანა იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყებიდან ანუ 2019 წლიდან 2021 წლის ნოემბრამდე ფასიან ავტოსადგომზეა გაჩერებული.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე და 38-ე მუხლის შესაბამისად, გეძლევათ წინადადება დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით შეასრულოთ ზემოთ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნა და გადაიხადოთ დაკისრებული თანხა. რომელიც შეადგენს 4681.25 ლარს, საიდანაც 4375 ლარი წარმოადგენს კრედიტორის კუთვნილ თანხას, ხოლო 306.25 ლარი აღსრულების საფასურს (დაკისრებული თანხის 7%) აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ, თანახმად სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნისა, ყოველთვიურად უნდა გადაიხადოთ 374.5 ლარი, საიდანაც 350 ლარი წარმოადგენს კრედიტორის კუთვნილ თანხას, ხოლო 24.5 ლარი აღსრულების საფასურს (დაკისრებული თანხის 7%),“ – ეს ამონაწერია ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების პროცესში მისწერა ბავშვების მამას.
გულნაზის წარმომადგენლებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აშფოთებთ – მაგალითად, ის, რომ თუკი ახალ მესაკუთრეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააჯარიმებენ და ამ თანხას ის არ გადაიხდის, ჯარიმის გადახდის ვალდებულება დაეკისრება ბავშვების დედასაც, რადგან დოკუმენტების თანახმად, ამ მიკროავტობუსის 50 პროცენტი ისევ მისი საკუთრებაა.
რატომ ითხოვს სახელმწიფო პროცენტს ალიმენტიდან? -„ბათუმელები“ აღსრულების ბიუროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ისინი იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ხელმძღვანელობენ, რომლის მიხედვითაც აღსრულების საფასური 7 პროცენტია. იუსტიციის მინისტრის 144-ე ბრძანება არ აწესებს ცალკე რეგულაციას ალიმენტზე.
„კანონი არ ირღვევა, მაგრამ იუსტიციის მინისტრს შეეძლო მიეღო ცალკე რეგულაცია ალიმენტის კუთხით,“ – განმარტავს საია-ს იურისტი ილონა დიასამიძე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლითაც აღსრულების საფასურის განსაზღვრის დროს აღსრულების ეროვნული ბიურო ხელმძღვანელობს, 2010 წელსაა მიღებული და მას შემდეგ იუსტიციის არც ერთი მინისტრი არ დაბრუნებია ბრძანებას, რომელიც ალიმენტიდან პროცენტის ჩამოჭრას ითვალისწინებს.
რატომ მიაჩნია სამართლიანად სახელმწიფოს აღსრულების საფასურის ჩამოჭრა და რატომ არის ეს 7 პროცენტი, როცა საქმე ალიმენტს ეხება, ანუ იმას, რომ ბავშვი მშიერი არ დარჩეს – კითხვებით იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ.
პასუხი ვერ მივიღეთ.
„ჩვეულებრივი პროცედურა გაიარა,“ – მოგვწერეს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესცენტრიდან კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ამდენი დრო აღსრულებას, ან რატომ ვერ ჩაერიცხა ამ დრომდე ბავშვების დედას 4 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის თანხა. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გულნაზ ა-მ 2019 წელს მიმართა, მას შემდეგ, რაც 2018 წელს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება ალიმენტის შესახებ ნებაყოფლობით შეუძლებელი გახდა.
რატომ გაატანეს მიკროავტობუსი საჯარიმო ავტოსადგომიდან ერთ მესაკუთრეს – ხვიჩა ბ-ს , როცა ამ მოძრავ ქონებას მეორე მესაკუთრეც ჰყავს? – ეს შს სამინისტროში ვიკითხეთ. შსს-ში ამ თემაზე კომენტარი ვერ მოგვცეს.
საპატრულო პოლიციას ასევე ვკითხეთ, რა უნდა ქნას გულნაზ ა-მ, თუკი ახალი თანამესაკუთრე დაჯარიმდება, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბების გამო და არ გადაიხდის ჯარიმებს?
„პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ მოსამართლეს უნდა განესაზღვრა თანასაკუთრებაში გადაცემული ქონებით სარგებლობის წესები, მაგრამ ეს არ დაუდგენია სასამართლოს,“ – ამბობს შვილების დედის წარმომადგენელი, ვისაც ოთხწლიანი უშედეგო დავის შემდეგ ახალი დილემა აქვს: რა უყოს მიკროავტობუსის 50% წილს, როცა ახალი თანამესაკუთრე მისი წილის გამოსყიდვაზე უარს ამბობს?
„ვესაუბრე ახალ თანამესაკუთრეს და მითხრა, არც ვიცოდი, თუ თანამესაკუთრე არსებობდაო. ის უარს აცხადებს გამოსყიდვაზე. გამოდის, სახელმწიფო ალიმენტის საქმეზე აიძულებს დედას უარი თქვას საერთოდ ქონებაზე ან ისევ სასამართლოს უნდა მივმართოთ,“ – დასძინა გულნაზ ა-ს წარმომადგენელმა.
კოვიდის ახალი შტამის – „ომიკრონის“ სიმპტომატიკისა და მიმდინარეობის შესახებ ძირითადი ცნობები მსოფლიოს ჯერჯერობით ერთი წყაროდან აქვს – ეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანჟელიკ კოეთზეა, რომელიც ამავე დროს პრაქტიკოსი ექიმია.
სწორედ მან შენიშნა პირველად, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდნენ პაციენტები მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის სიმპტომებით, რომლებიც განსხვავდებოდა კორონავირუსისგან და მან პირველად პაციენტთა ერთ ჯგუფში ჩამოაყალიბა და გაასაჯაროვა ინფორმაცია კოვიდის ამ ვარიანტის სიმპტომატიკისა და მიმდინარეობის შესახებ.
დღეს, პირველ დეკემბერს, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე „ომიკრონის“ მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, რაც სამხრეთ აფრიკელი პაციენტების მცირე ჯგუფზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, ეს არის დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ გადადების უფრო მაღალი შესაძლებლობა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მონაცემები შეიცვალოს.
„რაც დასკვნის სახით შეიძლება ითქვას – ეს არის კოვიდის მარტივი, მსუბუქი მიმდინარეობის ვარიანტი, რომელიც მიმდინარებს თავის ტკივილითა და საერთო სისუსტით, რომელიც გრძელდება ორი დღის განმავლობაში და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აუცილებლობა პაციენტის ჰოსპიტალში გადაყვანის. იმ პაციენტების მიმდინარეობა, რომლებიც ამ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, შეფასდა როგორც მსუბუქი და არ საჭიროებდნენ ჰოსპიტალში გადაყვანას,“ – განმარტავს ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძე: „მონაცემები სამხრეთ აფრიკიდან მიუთითებს უფრო მეტად გადამდებ ვირუსზე, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მისი მიმდინარეობა არის მსუბუქი. შესაძლოა უფრო მეტ მასალაზე დაყრდნობით სიტუაცია შეიცვალოს. უფრო მეტი მოლოდინია, რომ ეს ვირუსი იქნება დელტაზე გაცილებით სახიფათო“.
მისივე თქმით, „დელტაზე სახიფათო“ ვირუსი შეიძლება იყოს თუ: 1. უფრო სწრაფად ვრცელდება; 2. უფრო ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ანუ უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს; 3. ვაქცინები მასზე არ მოქმედებენ ისე ეფექტურად, როგორც მოქმედებენ სხვა ვარიანტზე. სწორედ ეს სამი მახასიათებელი აქვს ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით „შეშფოთების“ ვარიანტის მქონე ვირუსებს.
სამხრეთ აფრიკელი ექიმის თქმით, პაციენტებს, რომელთაც მიმართეს კლინიკას, აღენიშნებოდათ ორი დღის განმავლობაში „უკიდურესი დაღლილობა“ სხეულისა და თავის ტკივილით.
ექიმმა როიტერსთანსაუბრისას ასევე აღნიშნა, რომ „დელტასგან“ განსხვავებით, ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტებში აქამდე არ ყოფილა ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვის და ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევები.
„იმ ეტაპზე სიმპტომები ძალიან ჰგავდა ნორმალურ ვირუსულ ინფექციას. და რადგან ჩვენ არ გვქონია COVID-19-ის შემთხვევები ბოლო 8-10 კვირის განმავლობაში, გადავწყვიტეთ ტესტირება”, – თქვა ანჟელიკ კოეთზემ „როიტერსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ პაციენტი და მისი ოჯახი კოვიდ დადებითი აღმოჩნდა.
იმავე დღეს კლინიკაში უფრო მეტი პაციენტი მივიდა მსგავსი სიმპტომებით, სწორედ ამ დროს მიხვდა ექიმი, რომ „რაღაც სხვა ხდებოდა“.
„ომიკრონის“ შტამი ოცზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის, ბოლო ორი დღის განმავლობაში იმატა შემთხვევებმა აზიასა და ევროპის ქვეყნებში. იმუნოლოგები ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაფიქსირდება.
„შესაძლოა ხვალ და ზეგ არა. ასე მოხდა დელტას შემთხვევაშიც, დელტა საქართველოში საკმაოდ მოგვიანებით შემოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შემოსვლიდან ორ-სამ თვეში გახდა დომინანტური ვარიანტი,“ – თქვა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენე სანდ ანდრესენსა და საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩს შავი ზღვის საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილს უმასპინძლა.
შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოს საზღვაო სფეროში არსებულ ინფრასტრუქტურას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.
– „ნორვეგია არის ერთ-ერთი უმსხვილესი და მოწინავე საზღვაო ქვეყანა მსოფლიოში. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართველი მეზღვაურების დასაქამების პერსპექტივებზე. აღსანიშნია, რომ ნორვეგიის სამეფო ერთ-ერთი მოწინავეა ოკეანის კველვებისა და საზღვაო რესურსების პასუხსიმგებლიანი გამოყენებისა და მართვის კუთხით. საქართველოსთვის, როგორც მზარდი და სწრაფად განვითარებადი საზღვაო ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და ნორვეგიის სამეფოს გამოცდილების გაზიარება“ – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ნორვეგიის სამეფოს ელჩი, ჰელენე სანდ ანდრესენი
ვიზიტის ფარგლებში ელჩები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ფოთის საზღვაო სასწავლებლებსაც ეწვივნენ. სტუმრებმა ახლად გახსნილი საწვრთნელი აუზი, სამანქანო განყოფილების განახლებული ლაბორატორია, მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი და თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი ამწისა და მეთევზე-მეზღვაურის ლაბორატორიები დაათვალიერეს.
თამარ იოსელიანმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, როგორც საზღვაო დარგის ტექნიკური მარეგულირებელი ორგანოს მიერ მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სიტემაში გატარებული რეფორმები გააცნო. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამების და პროფესიული წვრთნის ხარისხი წლიდან წლამდე უმჯობესდება.
– “2012 წლიდან დღემდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის აღჭურვასა და განვითარებაში სახელმწიფომ 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რაც თანამედროვე, საერთაშორისო დონის შესაბამისი საზღვაო საგანმანათლებლო სისტემის შექმნას და ჩვენი მეზღვაურების ღირსეულად დასაქმებას ემსახურება”, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.
სტუმრები ფოთის საზღვაო სასწავლებლის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს ადგილზე გაეცნენ. სასწავლებლის გახსნიდან პირველივე წელს ათმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის 300-მდე სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით ეუფლება მოთხოვნად საზღვაო პროფესიებს.
ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა, ჰელენე სანდ ანდრესენსმა მადლობა გადაუხადა საზღვაო ტრანსპორის სააგნეტოს ხელმძღვანელს ნაყოფიერი ვიზიტისა და საზღვაო სფეროს მიმართულებით თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისათვის.
დღეს ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, მოქალაქეები ორი პირის ჩხრეკის ფაქტს შეესწრნენ. ეჭვმიტანილები ჩხრეკის ფაქტს აპროტესტებდნენ, რის გამოც ერთ-ერთ მათგანს ხელბორკილები გაუკეთეს.
შს სამინისტრო მოქალაქეების დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მობილიზების მიზეზი სავარაუდო ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული გამოძიება გახდა.
“საგამოძიებო ღონისძიება უკავშირდება სავარაუდო ნარკოდანაშაულს”, – გვითხრეს შსს-ში.
საქართველოში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 1 796-ით გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 100 ათას ლარს გადააჭარბა; 2018 წელთან შედარებით კი, ასეთი მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახების რაოდენობა 2 982-ით არის გაზრდილი.
მთლიანობაში, ქვეყანაში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტი იყო, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 9 104-ით არის გაზრდილი.
შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიურმა შემოსავალმა 2019 წელს 40 ათას ლარს გადააჭარბა, იყო 48 960, ხოლო 2020 წელს – 58 064.
ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს, თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს.
2019 წლის შემოსავლების შესახებ ფიზიკური პირების მიერ [ქონების გადასახადის] დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2020 წელს; 2020 წლის შემოსავლების შესახებ კი – 2021 წელს.
ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების რაოდენობა [2019-2021 წწ]:
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციები 2019-2021წწ. / წყარო: შემოსავლების სამსახური /
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ ფიზიკური პირის ან მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი გადააჭარბებს 40 ათას ლარს, ასეთ შემთხვევაში იბეგრება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება [მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი], იახტები [კატარღები], შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ფიზიკური პირი წლიური შემოსავლების შესახებ დეკლარაციას წარადგენს მომდევნო წლის 1-ელ ნოემბრამდე.
საგადასახადო ორგანო ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.
ფიზიკური პირების მიერ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე [გარდა მიწისა] გადახდილია: 2019 წელს – 29 966 084 ლარი, ხოლო 2020 წელს – 31 561 932 ლარი.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის მონაცემებით კი, ფიზიკური პირების მიერ წარდგენილი ქონების დეკლარაციების მიხედვით, დარიცხული თანხის [ქონების გადასახადის] საერთო ოდენობამ 75 178 005 ლარი შეადგენა.
რაც შეეხება ცალკე მიწის გადასახადს – მესაკუთრეების მიერ, 2019-2020 წლებში, ჯამში გადახდილია 50,5 მილიონი ლარი; აქედან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადახდილია 33,4 მილიონი, ხოლო რასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – 17,1 მილიონი ლარი.
კომპანია „ბიონტექის“ ხელმძღვანელი, უღურ შაჰინი ვარაუდობს, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ვაქცინა – „ფაიზერი“ კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის წინააღმდეგაც მოქმედებს. „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სამჯერ აცრილები უფრო მეტად არიან დაცულები“, – უღურ შაჰინის ამ შეფასებას გერმანული მედია ავრცელებს.
ზოგადი ინფორმაციით, კოვიდის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული მონაცემების შეფასების და ინფექციის მონაცემების მიღების შემდეგ. შესაბამისად, უღურ შაჰინი ორ კვირაში უფრო მეტ სიცხადეს ელის.
„ჩვენ ველით, რომ ინფექციებისგან დაცვა შეიძლება გარკვეულწილად შემცირდეს, მაგრამ უნდა ვნახოთ რამდენად ძლიერად”, – განაცხადა მან.
ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ომიკრონის შტამით ინფიცირება უფრო მძიმედ მიმდინარეობს ან უფრო სწრაფად ვრცელდება.
„ჩემი გადმოსახედიდან, განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ერთადერთი, რაც ამ წუთში მაწუხებს, არის ის, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც აცრა ჯერ არ გაუკეთებიათ“, – უღურ შაჰინის ამ შეფასებას ასევე გერმანული მედია ავრცელებს.
ახალი პათოგენი ტესტის ნიმუშები ნიდერლანდებში ხელისუფლებამ დაახლოებით 10 დღის წინ აღმოაჩინა. ჯერჯერობით გაურკვეველია, ამ დროისთვის იყვნენ თუ არა ინფიცირებულები სამხრეთ აფრიკაში. კაცი, რომელსაც დაუდასტურდა ომიკრონი, გერმანიაში 21 ნოემბერს ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან.
სამხრეთ აფრიკის სტატისტიკის თანახმად, ომიკრონის შტამი შეიძლება იყოს ბევრად უფრო გადამდები, ვიდრე წინა ვარიანტები. სამხრეთ აფრიკელი ექიმების შეფასებით, დაავადების მიმდინარეობა შესაძლოა უფრო მსუბუქი იყოს, ვიდრე წინა ვარიანტები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ომიკრონის ვარიანტთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
____
გერმანულ მედიაზე დაყრდნობით სტატია მოამზადა ნია კალანდაძემ
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს აქვს რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო “მწვანე პასპორტის” იდეა და ის იყოს შემცირებული 6 თვემდე.
ამის შესახებ დღეს იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრების ბრიფინგზე მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა:
„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და ის იყოს შემცირებული 6 თვემდე. ჩვენ ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ განიხილება საკითხი – ვირუსის გადატანიდან რამდენი თვის განმავლობაში შეიძლება ჩაითვალოს ვალიდურად „მწვანე პასპორტი“:
„სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოსაზრებაა, უვადო არსად არ არის. არის 9-თვიანი, 1-წლიანი და 6-თვიანი. უმრავლეს ქვეყნებში ეს არის 6-თვიანი. ომიკრონთან მიმართებაში ფიქსირდება ახლა, რომ სასურველია ჩაითვალოს 6-თვიანი ვადა.
ბევრმა ქვეყანამ უკვე ე.წ. 3G და 4G-ს პრინციპი ამოიღო და ჩამოვიდა 2G-ს პრინციპზე, რაც ნიშნავს, რომ ამ პასპორტში და სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლაზე ვალიდურად დატოვა მხოლოდ ორჯერადი აცრა და [კოვიდის] გადატანა 6 თვის განმავლობაში. მოხსნა 72 და 24-საათიანი ანტიგენის ტესტი. ვალიდურად დატოვა მხოლოდ ორი, იმიტომ, რომ ეს არის ზედმეტი გადაზღვევის მექანიზმი ომიკრონის გავრცელების პრევენციისთვის.
ამაზე დღეს ეთხოვა რეკომენდაცია სამეცნიერო ჯგუფს, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე და ხვალისთვის იქნება მათი დასკვნა, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო,” – თქვა გამყრელიძემ.
დღეს, პირველ დეკემბერს, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში წარსდგა. მინისტრმა ისაუბრა ძირითადად მომავალ დროში და ნაკლები – პანდემიით გამოწვეულ სასკოლო დანაკარგებსა და თუ სხვა პრობლემებზე.
განათლების მინისტრი პარლამენტის წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან ამის გამო გააკრიტიკეს და უთხრეს, რომ მისი განცხადებები რეალობას აცდენილია.
„როცა ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე, ვფიქრობ, რომ ძალიან აცდენილი ხართ რეალობას, რადგან თქვენ ხართ განათლების მინისტრი იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდ ნაწილში ტუალეტში არ არის წყალი და ბავშვები სხედან მშივრები.
თქვენ იმ ქვეყნის განათლების მინისტრი ხართ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი ძალადობის, სოციალურად დაუცველობის გამო იძულებულია საერთოდ დატოვოს სკოლის სისტემა და ამ დროს თქვენ გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან დამყარებულ რაღაც თანამშრომლობებზე,“ – უთხრა მას ანა ნაცვლიშვილმა, „ლელოდან“.
დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, რა გააკეთა სამ ყველაზე მძიმე და რეზონანსულ საქმეზე, რომლებიც უკავშირდება სკოლის სისტემას.
„ეს არის ია კერზაიას საქმე, ლუკა სირაძის საქმე და დათუნა სარალიძის საქმე, რომლის მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა. რა გაკვეთილები გამოიტანეთ ამ უმძიმესი საქმეებიდან, რომ მსგავსი ამბები აღარ დასრულდეს ფატალური შედეგებით? იმედია, ამ დარბაზში არ გაიმეორებთ თქვენც იმავეს, რომ სარალიძის საქმე სკოლის კედლებში არ მომხდარა“, – უთხრა მინისტრს ანა ნაცვლიშვილმა.
თეონა აქუბარდიამ [„სტრატეგია აღმაშენებელი“] ყურადღება გაამახვილა მოსწავლეების დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე. მისი თქმით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეების დიდ ნაწილს წაკითხულის გააზრება უჭირს და სიღარიბის მაჩვენებლითაც ქვეყანა ყველაზე ღარიბი ქვეყნების ათეულშია.
„11 მილიონი ლარი დაიხარჯა პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მაინც სავალალო შედეგებით მთავრდება ყველაფერი. მაინც პედაგოგებს ბრალდება რეფორმების ჩავარდნა. ან რა კეთდება სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების უკეთ დანერგვის და სწავლების მხრივ?“ – ჰკითხა მან მინისტრს.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმაც ყურადღება გაამახვილა სკოლებში ბავშვების შიმშილსა და აკადემიურ მოსწრებაზე:
„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ განათლების მინისტრისგან ველოდებით განათლების პოლიტიკაზე საუბარს და არა იმაზე, რომელ ქვეყანაში იყო და ვის ჩამოართვა ხელი.
ბავშვების 70 პროცენტი შიმშილობს და მინისტრი, რომელიც ერთი წლის წინ ამბობდა, რომ ძალიან სწრაფად წარმოადგენდა გეგმას, თუ როგორ აპირებდა ამ პრობლემის დაძლევას სკოლებში, ვეკითხები, სად არის გეგმა და რას აპირებს მთავრობა?“
სამადაშვილმა მინისტრს ასევე მოსთხოვა პასუხი იმაზე, თუ რატომ ვერ პოულობენ სამსახურს საქართველოში განათლებამიღებული ადამიანები და რას აპირებს ამის გამოსასწორებლად სამინისტრო.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, რთულია განათლების მინისტრის ანგარიშის სერიოზულად აღქმა.
„მით უფრო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. ზუსტად ამის მსგავსად მოვისმინეთ დღეს მისი მხრიდან განცხადებები, თუ როგორი მაღალი სტანდარტებით ვითარდება სისტემა და რომ თურმე როგორ იქნება 2 მილიარდი განათლების ბიუჯეტი 2030 წელს.
პანდემიის დროს 22 მილიონი ლარი აკლდება ინტერნეტიზაციის ხარჯებს მაშინ, როცა ბევრ ოჯახს არ აქვს ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე. ჩვენ არ მოგვისმენია, თუ რატომ შემცირდა ბიუჯეტი და რატომ გვაქვს იგივე პრობლემა მომავალი წლის ბიუჯეტშიც,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მან ჩხენკელს დეტალური ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა რეგიონების, სოფლების მიხედვით, თუ რა იგეგმება ინტერნეტიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად.
მინისტრს პარლამენტში გიორგი ვაშაძემ სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით ჰკითხა, თუ რატომ ჰყავს ათასამდე სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამ დრომდე და რატომ არ ინიშნებიან ისინი თანამდებობაზე.
ვაშაძის თქმით, აღნიშნულ მდგომარეობას მმართველი პარტია წინასაარჩევნო პერიოდში დირექტორებზე ზეწოლისთვის იყენებს.
2021 წლის დასაწყისიდან დღემდე თურქული ლირის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებაში 44 პროცენტით შემცირდა, მხოლოდ ნოემბერში კი – 28 პროცენტით – წერს „როიტერსი“.
მედიის ცნობით, ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება უკავშირდება პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ზეწოლით რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უკვე ზედიზედ სამი თვის განმავლობაში შეამცირა განაკვეთი და დეკემბერში მოსალოდნელია კიდევ ერთხელ შემცირება.
თურქული ლირა გაუფასურდა ლართან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარში 1 თურქული ლირა საშუალოდ 44 თეთრი ღირდა, თებერვალში – 47 თეთრი, დღევანდელი მონაცემებით კი, ეროვნული ბანკის კურსით, ერთი ლირის ფასი 23.87 თეთრია.
ბოლო 2 წლის განმავლობაში თურქული ლირა ყველაზე ძვირი 2020 წლის მარტში ღირდა – 53 თეთრი.
„დღესაც 65 გარდაცვალებაა, რაც ორ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე ის ზღურბლოვანი მაჩვენებელი, რაზეც ვიღებთ ჩვენ ორიენტაციას – 8-9 ადამიანი მილიონ მოსახლეზე, ანუ სამ მილიონ-ნახევარზე 28-29 გარდაცვალება.
ეს მძიმე, ყველაზე რთული მაჩვენებელი კვლავ მაღალი და კვლავ ძალიან საყურადღებო რჩება” – განაცხადა დღეს, პირველ დეკემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე.
გამყრელიძის თქმით, სიკვდილიანობის შემთხვევათა 85% 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე მოდის, შემდეგი 10% მოდის 50-დან 60-წლამდე მოსახლეობაზე და 5% – უფრო ნაკლები ასაკის ადამიანებზე.
გამყრელიძის თქმით, 29 ნოემბრიდან დღემდე, ანუ 200-ლარიანი წახალისების დაწესებიდან მოყოლებული, სულ 56 432 ადამიანი აიცრა.
„დღეში იცრება 2465 ადამიანი დაახლოებით, რაც მეტია ნოემბრის, ოქტომბრის და სექტემბრის საშუალო მაჩვენებლებზე. აგვისტოში სამოც წელზე უფროსი მოსახლეობის აცრის საშუალო 4000-ზე მეტი იყო.
ამიტომ, თუ ჩვენ ამ ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ ეს ძალიან ცუდი და ტრაგიკული გამოსავალი კიდევ გვექნება. მივმართავ მოსახლეობას, რომ განსაკუთრებული ყურადღება იყოს 60 წლის 50 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე” – თქვა გამყრელიძემ.
საქართველოში 60 წელს გადაცილებული დაახლოებით 800 000 ადამიანი ცხოვრობს. მათგან პირველი აცრით აცრილია 350 000-მდე ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პირველი დეკემბერი მონაცემებით, საქართველოში სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 165 835 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 41.0 %; სრულად ვაქცინირებულია 1 001 801 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.1%.
დღეს, პირველ დეკემბერს, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე საქართველოს პარლამენტში ისაუბრა. მისი თქმით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მომავალში ახალი ფუნქცია მიენიჭებათ.
„იქმნება რესურსცენტრების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები რეგიონულ დონეზე გახდებიან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც.
საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების გაძლიერება გაზრდის სკოლების მხარდაჭერასა და მათ ავტონომიას, რაც სკოლის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.
მისი თქმით, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა სახელმძღვანელოებსა და საგანმანათლებლო რესურსებზეც, მისი თქმით, სამინისტრო უცხოურ პრაქტიკაზე დაყრდნობით მუშაობს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოების შეფასების განახლებული კრიტერიუმები და დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების კონცეფციაზე“, – ამბობს ის.
ჩხენკელმა დღეს ასევე ისაუბრა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებაზე და თქვა, რომ ექსპერტების ჯგუფი უკვე მუშაობს ალტერნატიული სქემის მოდელებზე.
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, დღეს, პირველ დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იქმნება მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ალტერნატიული მოდელი, რომელზეც სპეციალისტები უკვე მუშაობენ.
„მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
პარლამენტში გამოსვლისას მინისტრს ახალი მოდელის დეტალებზე არ უსაუბრია.
მინისტრმა მოკლედ ისაუბრა სასკოლო პერსონალის ანაზღაურებაზე და თქვა, რომ „გრძელდება ანაზღაურების ზრდის პროცესი“.
„მომავალ წელსაც დაგეგმილია როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე რესურსცენტრების თანამშრომელთა ანაზღაურების მატება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრს ხელფასების მატების შესახებ სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.
ამავე გამოსვლაში მინისტრი შეეხო მოსწავლის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასაც. მისი თქმით, უკვე შემუშავდა და დასამტკიცებლად წარდგენილია საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირების გაძლიერებას დიფერენცირებული სწავლების გზით.
„მოდელის მიხედვით, მოსწავლეს სავალდებულო საგნებთან ერთად შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიოს არჩევითი კურსები, უკეთ მოემზადოს უმაღლესი სასწავლებლისთვის და განივითაროს 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციები.
მნიშვნელოვანია, რომ ახლი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ შეფასებას. ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეფასების ალტერნატიულ მოდელებზე, რომელთა განხილვაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს“-ამბობს ჩხენკელი.
ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზაზე დაწესებული ინტერვალის შემცირებას განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, პირველ დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა:
„რაც გაჩნდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, ბევრმა ქვეყანამ გადახედა ბუსტერ დოზამდე ინტერვალს და შეამცირა ინტერვალი ზოგიერთ შემთხვევაში ექვსი თვიდან ხუთ თვემდე, ზოგან – ექვსიდან ოთხ თვემდე. „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში ეს არის 3 თვე. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რაც ხვალისთვის უკვე მზად იქნება.”
გადაწყვეტილება ხვალ, 2 დეკემბერს, გახდება ცნობილი.
საქართველოში 18 წლის და მეტი ასაკის ყველა პირს შეუძლია ბუსტერ დოზის გაკეთება. დღეისთვის „ფაიზერის”, „ასტრაზენეკას”, „სინოფარმისა” და „სინოვაკის“ ვაქცინების შემთხვევაში 6-თვიანი პერიოდია აღებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში. უახლოეს დღეებში “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინაციის შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან ბუსტერის გაკეთება შესაძლებელი იქნება სამ თვეში, ხოლო „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას” ვაქცინის შემთხვევაში, მეორე დოზის გაკეთებიდან ექვსი თვის ნაცვლად პერიოდი შემცირდება ხუთ თვემდე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ხუთთვიანი ინტერვალის შემცირებაც.
2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ.
კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი პირები.
სემეკი წერს, რომ გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს:
თბილისში – „თელმიკოს“ („თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“);
რეგიონებში – „ეპ ჯორჯია მიწოდებას“.
ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ არის პენსიონერი ან სოციალურად დაუცველი, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
„2022 წლიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებლები თვის დასაწყისში მიიღებენ, სადაც ასახული იქნება წინა თვის ელექტროენერგიის ხარჯი (არაუმეტეს 30 დღისა)“, – აცხადებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია.
რას ფიქრობენ ხულოში ქალები შინ შრომაზე, ერთმანეთის ცხოვრებაზე, აქტიურ ქალებზე, მდუმარების დარღვევაზე, ოჯახში ფუნქციების გადანაწილებასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე?
საიდან იწყება ოჯახში ძალადობა, რას ვიტანთ და რაზე ვჩუმდებით. რა სოციალური მდგომარეობაა ქორწინება ქალისთვის ერთი სოფლის – დიდაჭარის მაგალითზე – ეს არის რეალურად ერთად ცხოვრების სურვილი, თუ ერთგვარი თავშესაფრის ძიება ქალისთვის, რომელსაც არ მიუწვდება ხელი განათლებაზე, ვერ რეალიზდება სოციუმში, არ აქვს ეკონომიკური დამოუკიდებლობის პერსპექტივა და „ხსნას“ ხედავს ქორწინებაში.
მკაცრ პატრიარქალურ გარემოს რბილი და შემპარავი, სტერეოტიპული დამოკიდებულებებით დახუნძლული ურთიერთობები ქმნის. „რბილი“ ინსტრუმენტებით მოქმედი ძალადობა ოჯახსა თუ სოციუმში არანაკლებ თრგუნავს და უკან ხევს ქალებს, ვიდრე ფიზიკური, ხელშესახები ძალადობა, როცა ფემიციდის მზარდი სტატისტიკა გვაქვს ცხვირწინ.
რას ფიქრობენ ხულოს პატარა სოფელ დიდაჭარაში ქალები ერთმანეთის ცხოვრებაზე, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და რას განიხილავენ პრობლემად, რაც ქალებს თვითრეალიზაციაში, სრულფასოვან ცხოვრებაში უშლით ხელს.
ირმა და შორენა შავაძეები ხულოს საკრებულოს დეპუტატები არიან, ნარგულ ბოლქვაძე – ბიბლიოთეკარია. ბევრი სხვა ქალისგან განსხვავებით, ვისაც საშინაო საქმეების მიღმა გარეთ გასასვლელი არსად აქვს, ისინი ამ გარემოში აქტიურად ცხოვრობენ.
ირმა შავაძე, ხულოს საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან”
განათლებული ქალი არ შეიძლება დაქორწინდეს ადრე. მან იცის, ეს ნაბიჯი რა დროს გადადგას. ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფოს, ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრი აქვს. ნაადრევი ქორწინებისგან თავის დაღწევისთვის საზოგადოებაც მზად უნდა იყოს.
სოფელში წასასვლელი არსადაა. არც კინო, არც თეატრი, არც რაიმე ცენტრი, სადაც ქალები შეძლებდნენ გასვლას, შეკრებებს… თუმცა რომელიმე ქალმა რომ დაწეროს პროექტი ასეთი ადგილის შესაქმნელად, ალბათ დააფინანსებს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან ადგილობრივი საკრებულო.
სადღაც ხომ უნდა ჰქონდეს გასასვლელი ქალს, ტყუილად ხომ არ ივლის გარეთ? რამე შედეგი რომ დაიდოს…
ნარგულ ბოლქვაძე, სოფელ დიდაჭარის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი
ფინანსური დამოუკიდებლობა თუ არ აქვს ქალს, არ უნდა დაოჯახდეს, ასე თავისუფლებასაც კარგავს. სოფლებში ხშირად ქმარზე არიან ფინანსურად დამოკიდებული და ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ.
თუ ქალებს ექნებათ ფინანსური დამოუკიდებლობა, შეძლებენ თვითრეალიზაციას. ამისთვის უმაღლესი განათლების მიღება შესაძლოა არ არის აუცილებელი. უბრალოდ, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იპოვოს საკუთარი საქმე.
„აწარმოე საქართველოდან“ რამდენიმე პროექტი იყო, სადაც ითხოვდნენ, რომ ქალს საკუთრებაში რაღაც უნდა ჰქონოდა. ბევრმა ქალმა ვერ დაწერა ეს პროექტი, აზრი არ ჰქონდა, ძალიან კარგი იდეები ჰქონდათ, მაგრამ მათ სახელზე არაფერი იყო დარეგისტრირებული და დარჩა ეს იდეები ჰაერში, ქალებმა ვერაფერი დაწერეს.
იმედი მქონდა, რომ ამ იდეებს ქალები მშვენივრად განახორციელებდნენ, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. კერძო საკუთრება ხომ ძირითადად მამებს, ძმებს, ქმრებს და მამამთილებს ეკუთვნით.
ნარგულ ბოლქვაძე, სოფელ დიდაჭარის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი
ერთხელ ერთმა ქალმა თქვა: 400 მეტრი მიწა მაქვს და გოგოს როგორ გავუყოო? ვერ წარმომიდგენია, გოგო და ბიჭი ერთმანეთისგან როგორ უნდა განვასხვაო, ერთი სხვაგვარად მიყვარდეს და მეორე სხვაგვარად?
ვფიქრობ, მშობლები ვალდებულები არიან, რაც აქვთ, იმით თანაბრად უზრუნველყონ გოგოც და ბიჭიც. სახლიც, კარ-მიდამოც თანაბრად უნდა იყოფოდეს და ეს კონსტიტუციაშიც ასე წერია, თუმცა რეალურად ასე არ ხდება.
ქალის შრომა არაფერში ჩანს, როცა არ გააკეთებს ქალი საქმეს, მაშინ ჩანს უმოქმედობის შედეგი, თორემ გაკეთებული რომ ჩანდეს სადმე, ვალდებულად გრძნობენ ქალები თავს, რომ შინ მხოლოდ მათ იშრომონ. შვილი, ქმარი, ეს, ის, არ უნდა შეაწუხონ და ყველას საქმე საკუთარ თავზე აქვთ აღებული. ჯერ არ მინახავს.
შორენა შავაძე, ხულოს საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“
სანამ ქალს არ ექნება საკუთარი პროფესია და არ შეიქმნის კარიერას, არ ექნება შემოსავლის წყარო, ვურჩევდი მათ თავი შეიკავონ დაოჯახებისგან. ბევრი შემთხვევის შესახებ მსმენია, საკუთარი თვალითაც ვხედავ, რომ ნაადრევი ქორწინება ქალის ცხოვრებას ძალიან ამახინჯებს.
ყველანი ვთანხმდებით, რომ ქალისთვის ფინანსურ დამოუკიდებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით იწყება ქალის ძლიერება. შიშველი ხელებით შენი საკუთარი რაღაც უცებ რომ შექმნა, დაიწყო ცხოვრება და ყველაფერი აიწყო, იშვიათია.
როცა გიმაგრებს ზურგს, მერე შესაძლებელია სტარტის აღება.
შორენა შავაძე, ხულოს საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“
სოფელში ბევრი ძალიან ძლიერი და აქტიური ქალია, მაგრამ კადრს მიღმა არიან. მათი შესაძლებლობები იმდენად დიდია, მართვის მთელ სისტემას ჩაიბარებენ, მაგრამ საკუთარ თავს არ სთხოვენ. ჩვენი მოთხოვნები თუ არ გაიზარდა, ლანგრით არავინ არაფერს მოგვართმევს.
აჭარელი კაცების დამოკიდებულება თუნდაც: „ქალი და პოლიტიკა! დაჯექი სახლში“, „ძროხები მოწველე“, „მეტი საქმე არ გაქვს? სამი შვილის დედა გაგიჟებულხარ“.
იმდენი წამოძახილია… მაგრამ მეორე დღე ჩემთვის იწყება იმაზე ფიქრით, რომ რახან დამაკნინა და რაღაც ცუდი მითხრა, ხვალ მას უნდა ვაჯობო. ამან გამაძლიერა და გამაძლებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე, დღესაც მხვდება სამარცხვინო პრობლემები, რაც გულს მტკენს.
ისეც ძალიან მკაცრი ბუნებრივი პირობებია ხულოში და აქ ქალის შრომა ფასდაუდებელია, ძალიან დიდი ფიზიკური შრომა და ჯაფა უწევთ ქალებს. ერთმანეთთან ჩამოჯდომის დროც არ აქვთ, ვერ იცლიან, რომ დასხდნენ ხანდახან მაინც და აზრები გაცვალონ, თემები განიხილონ. არც მიკვირს აქაური ქალების თავშეკავება, რადგან ის ერთი საათიც გათვლილი აქვთ.
ქალის შრომა მგონი არ დაფასდება, მით უფრო, მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალების.
მასალა მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.