მთავარი,სიახლეები

რა მოხდება ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გახარიას გუნდის გარეშე

02.12.2021 • 2194
რა მოხდება ხვალ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გახარიას გუნდის გარეშე

ვინ აირჩევს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მაშინ, როცა უმრავლესობა „ოცნებას“ არ აქვს  – ახლა ბათუმში ამომრჩევლის მთავარი ინტერესი სწორედ ამ საკითხისკენ არის მიმართული. ახალარჩეული საკრებულოს სხდომა, ცესკოს განკარგულების შესაბამისად, ბათუმში, ისევე როგორც სხვა თვითმმართველ ქალაქებში ხვალ, 3 დეკემბერს, უნდა გაიმართოს.

სხდომებს შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან, შემდეგ კი, თავმჯდომარის არჩევამდე, პირველი სხდომის წაყვანის უფლებამოსილება საკრებულოს უხუცეს წევრს აქვს.

კოდექსი საკრებულოს თანამდებობების დაკომპლექტების დაზუსტებულ ვადებს არ ადგენს, თუმცა თვითმმართველობის ორგანომ გამართულად რომ დაიწყოს მუშაობა, ამისთვის საჭიროა თავიდანვე დაკომპლექტდეს ის. ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს „ოცნების“ უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა.

საკრებულომ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე მოადგილე ან მოადგილეები, კომისიების თავმჯდომარეები, რომლებიც მომავალში, კანონმდებლობის შესაბამისად, ავტომატურად ხდებიან ბიუროს წევრები.

გარდა ამისა, კონკრეტული პარტიები არეგისტრირებენ განაცხადს ფრაქციების შექმნის თაობაზე, იმავეს გაკეთება საკრებულოს სამ ან მეტ დამოუკიდებელ წევრსაც შეუძლია. ფრაქციების თავმჯდომარეებიც ბიუროს წევრები ხდებიან ავტომატურად, კანონმდებლობის შესაბამისად.

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ყველაფერი „ოცნების“ დღის წესრიგის შესაბამისად წარიმართება და რადგან უმრავლესობა სწორედ „ოცნებას“ აქვს, ამიტომაც დიდი ალბათობით საკრებულოების ძირითად თანამდებობებს „ოცნების“ წარმომადგენლები დაიკავებენ, მაგრამ რა მოხდება ბათუმში, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს?

  • რა მოხდება ბათუმში, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს?

ბათუმის 35-წევრიან  საკრებულოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიითი შემადგენლობიდან 12 წევრის შეყვანა შეძლო. გარდა ამისა, ოპოზიციის კანდიდატებმა ბათუმში სამი მაჟორიტარული ოლქი მოიგეს. ამ მონაცემების შესაბამისად, საკრებულოში ენმ-ს 15 წევრი უნდა შეეყვანა, თუმცა ერთ-ერთი მაჟორიტარი, ნუგზარ ფუტკარაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.

სიითი შემადგენლობიდან ბათუმის საკრებულოში შევიდა „ლელოს“ ერთი წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე, ოპოზიცია მას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც მოიაზრებდა, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმდებოდა.

„ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ეყოლება, 12 სიით გასული და ოთხიც მაჟორიტარი.

ამ კონფიგურაციის მიხედვით, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებებს ბათუმის საკრებულოში, ოპოზიცია თუ ოცნება, გახარიას პარტიის სიით გასული სამი წევრის პოზიცია იქნებოდა გადამწყვეტი [ერთმა უკვე დატოვა ეს პარტია]. თუმცა ამ პარტიის წარმომადგენლებმა ახლახან, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პირველ სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.

გახარიას პარტიის წევრები ხვალ ბათუმის ახალი საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ

გახარია გუნდის სამი წევრიდან ერთმა, ირაკლი თავდგირიძემ ცოტა ხნის წინ პარტია სწორედ იმ მოტივით დატოვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებს. საჯაროდ არ უთქვამს, რამდენად  მისაღებია მისთვის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა. ამის მიუხედავად ოპოზიცია ირაკლი თავდგირიძეს მაინც მმართველ პარტიასთან ერთად განიხილავს.

კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს  სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ბათუმის შემთხვევაში 18 წევრი ირჩევს

იმ შემთხვევაში, თუ გახარიას პარტიის ორი წევრი სხდომას დაესწრებოდა, ამ პარტიის ყოფილი წევრი, ირაკლი თავდგირიძე „ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ აწევდა ხელს, ოპოზიცია კი გახარიას პარტიის ორი წევრთან ერთად მის წინააღმდეგ, ხმები ზუსტად 17/17-ზე გაიყოფოდა.

17 ხმით თავმჯდომარის დამტკიცებას ვერც ოპოზიცია შეძლებს, რადგან კოდექსი  თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ითხოვს.

ეს ვერსიები ორივე ჯგუფში,  როგორც ოპოზიციაში, ასევე „ოცნებაში“ განიხილეს, თუმცა პროგნოზებზე საჯაროდ საუბარი არ ისურვეს.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხვალ, 3 დეკემბერს, 12 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. [ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35, მესამე სართული].

სპეციალისტები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების ქცევას აკვირდებიან, აცხადებენ, რომ ბათუმის ამ მოწვევის საკრებულოს სრულფასოვნად მუშაობას მხოლოდ 35-ე წევრის არჩევის შემდეგ შეძლებს, როცა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ნაცვლად ახალ წევრს აირჩევენ.

ეს არჩევნები, სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისში ჩატარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: