მთავარი,სიახლეები

კერძო საკუთრების გარეშე და შრომა, რომელიც არ ჩანს – რას ჰყვებიან ქალები ხულოდან

01.12.2021 • 1344
კერძო საკუთრების გარეშე და შრომა, რომელიც არ ჩანს – რას ჰყვებიან ქალები ხულოდან

რას ფიქრობენ ხულოში ქალები შინ შრომაზე, ერთმანეთის ცხოვრებაზე, აქტიურ ქალებზე, მდუმარების დარღვევაზე, ოჯახში ფუნქციების გადანაწილებასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე?

საიდან იწყება ოჯახში ძალადობა, რას ვიტანთ და რაზე ვჩუმდებით. რა სოციალური მდგომარეობაა ქორწინება ქალისთვის ერთი სოფლის – დიდაჭარის მაგალითზე – ეს არის რეალურად ერთად ცხოვრების სურვილი, თუ ერთგვარი თავშესაფრის ძიება ქალისთვის, რომელსაც არ მიუწვდება ხელი განათლებაზე, ვერ რეალიზდება სოციუმში, არ აქვს ეკონომიკური დამოუკიდებლობის პერსპექტივა და „ხსნას“ ხედავს ქორწინებაში.

მკაცრ პატრიარქალურ გარემოს რბილი და შემპარავი, სტერეოტიპული დამოკიდებულებებით დახუნძლული ურთიერთობები ქმნის. „რბილი“ ინსტრუმენტებით მოქმედი ძალადობა ოჯახსა თუ სოციუმში არანაკლებ თრგუნავს და უკან ხევს ქალებს, ვიდრე ფიზიკური, ხელშესახები ძალადობა, როცა ფემიციდის მზარდი სტატისტიკა გვაქვს ცხვირწინ.

რას ფიქრობენ ხულოს პატარა სოფელ დიდაჭარაში ქალები ერთმანეთის ცხოვრებაზე, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და რას განიხილავენ პრობლემად, რაც ქალებს თვითრეალიზაციაში, სრულფასოვან ცხოვრებაში უშლით ხელს.

ირმა და შორენა შავაძეები ხულოს საკრებულოს დეპუტატები არიან, ნარგულ ბოლქვაძე – ბიბლიოთეკარია. ბევრი სხვა ქალისგან განსხვავებით, ვისაც საშინაო საქმეების მიღმა გარეთ გასასვლელი არსად აქვს, ისინი ამ გარემოში აქტიურად ცხოვრობენ.

  • ირმა შავაძე, ხულოს საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან”

განათლებული ქალი არ შეიძლება დაქორწინდეს ადრე. მან იცის, ეს ნაბიჯი რა დროს გადადგას. ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფოს, ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრი აქვს. ნაადრევი ქორწინებისგან თავის დაღწევისთვის საზოგადოებაც მზად უნდა იყოს.

სოფელში წასასვლელი არსადაა. არც კინო, არც თეატრი, არც რაიმე ცენტრი, სადაც ქალები შეძლებდნენ გასვლას, შეკრებებს… თუმცა რომელიმე ქალმა რომ დაწეროს პროექტი ასეთი ადგილის შესაქმნელად, ალბათ დააფინანსებს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან ადგილობრივი საკრებულო.

სადღაც ხომ უნდა ჰქონდეს გასასვლელი ქალს, ტყუილად ხომ არ ივლის გარეთ? რამე შედეგი რომ დაიდოს…

  • ნარგულ ბოლქვაძე, სოფელ დიდაჭარის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი

ფინანსური დამოუკიდებლობა თუ არ აქვს ქალს, არ უნდა დაოჯახდეს, ასე თავისუფლებასაც კარგავს. სოფლებში ხშირად ქმარზე არიან ფინანსურად დამოკიდებული და ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ.

თუ ქალებს ექნებათ ფინანსური დამოუკიდებლობა, შეძლებენ თვითრეალიზაციას. ამისთვის უმაღლესი განათლების მიღება შესაძლოა არ არის აუცილებელი. უბრალოდ, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იპოვოს საკუთარი საქმე.

„აწარმოე საქართველოდან“ რამდენიმე პროექტი იყო, სადაც ითხოვდნენ, რომ ქალს საკუთრებაში რაღაც უნდა ჰქონოდა. ბევრმა ქალმა ვერ დაწერა ეს პროექტი, აზრი არ ჰქონდა, ძალიან კარგი იდეები ჰქონდათ, მაგრამ მათ სახელზე არაფერი იყო დარეგისტრირებული  და დარჩა ეს იდეები ჰაერში, ქალებმა ვერაფერი დაწერეს.

იმედი მქონდა, რომ ამ იდეებს ქალები მშვენივრად განახორციელებდნენ, მაგრამ  ვერაფერი გააკეთეს. კერძო საკუთრება ხომ ძირითადად მამებს, ძმებს, ქმრებს და მამამთილებს ეკუთვნით.

ნარგულ ბოლქვაძე, სოფელ დიდაჭარის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი

ერთხელ ერთმა ქალმა თქვა: 400 მეტრი მიწა მაქვს და გოგოს როგორ გავუყოო? ვერ წარმომიდგენია, გოგო და ბიჭი ერთმანეთისგან როგორ უნდა განვასხვაო, ერთი სხვაგვარად მიყვარდეს და მეორე სხვაგვარად?

ვფიქრობ, მშობლები ვალდებულები არიან, რაც აქვთ, იმით თანაბრად უზრუნველყონ გოგოც და ბიჭიც. სახლიც, კარ-მიდამოც თანაბრად უნდა იყოფოდეს და ეს კონსტიტუციაშიც ასე წერია, თუმცა რეალურად ასე არ ხდება.

ქალის შრომა არაფერში ჩანს, როცა არ გააკეთებს ქალი საქმეს, მაშინ ჩანს უმოქმედობის შედეგი, თორემ გაკეთებული რომ ჩანდეს სადმე, ვალდებულად გრძნობენ ქალები თავს, რომ შინ მხოლოდ მათ იშრომონ. შვილი, ქმარი, ეს, ის, არ უნდა შეაწუხონ და ყველას საქმე საკუთარ თავზე აქვთ აღებული. ჯერ არ მინახავს.

 

  • შორენა შავაძე, ხულოს საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“

სანამ ქალს არ ექნება საკუთარი პროფესია და არ შეიქმნის კარიერას, არ ექნება შემოსავლის წყარო, ვურჩევდი მათ თავი შეიკავონ დაოჯახებისგან. ბევრი შემთხვევის შესახებ მსმენია, საკუთარი თვალითაც ვხედავ, რომ ნაადრევი ქორწინება ქალის ცხოვრებას ძალიან ამახინჯებს.

ყველანი ვთანხმდებით, რომ ქალისთვის ფინანსურ დამოუკიდებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით იწყება ქალის ძლიერება. შიშველი ხელებით შენი საკუთარი რაღაც უცებ რომ შექმნა, დაიწყო ცხოვრება და ყველაფერი აიწყო, იშვიათია.

როცა გიმაგრებს ზურგს, მერე შესაძლებელია სტარტის აღება.

შორენა შავაძე, ხულოს საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“

სოფელში ბევრი ძალიან ძლიერი და აქტიური ქალია, მაგრამ კადრს მიღმა არიან. მათი შესაძლებლობები იმდენად დიდია, მართვის მთელ სისტემას ჩაიბარებენ, მაგრამ საკუთარ თავს არ სთხოვენ. ჩვენი მოთხოვნები თუ არ გაიზარდა, ლანგრით არავინ არაფერს მოგვართმევს.

აჭარელი კაცების დამოკიდებულება თუნდაც: „ქალი და პოლიტიკა! დაჯექი სახლში“, „ძროხები მოწველე“, „მეტი საქმე არ გაქვს? სამი შვილის დედა გაგიჟებულხარ“.

იმდენი წამოძახილია… მაგრამ მეორე დღე ჩემთვის იწყება იმაზე ფიქრით, რომ რახან დამაკნინა და რაღაც ცუდი მითხრა, ხვალ მას უნდა ვაჯობო. ამან გამაძლიერა და გამაძლებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე, დღესაც მხვდება სამარცხვინო პრობლემები, რაც გულს მტკენს.

ისეც ძალიან მკაცრი ბუნებრივი პირობებია ხულოში და აქ ქალის შრომა ფასდაუდებელია, ძალიან დიდი ფიზიკური შრომა და ჯაფა უწევთ ქალებს. ერთმანეთთან ჩამოჯდომის დროც არ აქვთ, ვერ იცლიან, რომ დასხდნენ ხანდახან მაინც და აზრები გაცვალონ, თემები განიხილონ. არც მიკვირს აქაური ქალების თავშეკავება, რადგან ის ერთი საათიც გათვლილი აქვთ.

ქალის შრომა მგონი არ დაფასდება, მით უფრო, მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალების.


 მასალა მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: