განათლება,სიახლეები

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ალტერნატიულ სქემაზე ვმუშაობთ – ჩხენკელი

01.12.2021
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ალტერნატიულ სქემაზე ვმუშაობთ – ჩხენკელი

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, დღეს, პირველ დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იქმნება მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ალტერნატიული მოდელი, რომელზეც სპეციალისტები უკვე მუშაობენ.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის პროცესი დაიწყო. ამ მიზნით შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

პარლამენტში გამოსვლისას მინისტრს ახალი მოდელის დეტალებზე არ უსაუბრია.

მინისტრმა მოკლედ ისაუბრა სასკოლო პერსონალის ანაზღაურებაზე და თქვა, რომ „გრძელდება ანაზღაურების ზრდის პროცესი“.

„მომავალ წელსაც დაგეგმილია როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე რესურსცენტრების თანამშრომელთა ანაზღაურების მატება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრს ხელფასების მატების შესახებ სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.

ამავე გამოსვლაში მინისტრი შეეხო მოსწავლის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასაც. მისი თქმით, უკვე შემუშავდა და დასამტკიცებლად წარდგენილია საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირების გაძლიერებას დიფერენცირებული სწავლების გზით.

„მოდელის მიხედვით, მოსწავლეს სავალდებულო საგნებთან ერთად შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიოს არჩევითი კურსები, უკეთ მოემზადოს უმაღლესი სასწავლებლისთვის და განივითაროს 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციები.

მნიშვნელოვანია, რომ ახლი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ შეფასებას. ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეფასების ალტერნატიულ მოდელებზე, რომელთა განხილვაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს“-ამბობს ჩხენკელი.

________________________

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/378156/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: