მთავარი,სიახლეები

„სააკაშვილი შესაძლოა ნელსონ მანდელაც გამოვიდეს ხალხის თვალში“ – ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან

02.12.2021 • 2871
„სააკაშვილი შესაძლოა ნელსონ მანდელაც გამოვიდეს ხალხის თვალში“ – ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან

„მიზანი იყო, რომ როგორმე დაეჩაგრათ სააკაშვილი და მისი იმიჯისთვის მიეყენებინათ ზიანი, მაგრამ სააკაშვილი იმიჯურად ამ პროცესს იგებს,“ – მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი. მას ვესაუბრეთ პოლიტიკურ ინტერესზე, როცა ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობდა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა, თუ სასამართლოში გამოჩენაზე.

დღეს, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან ისევ მიმართა საზოგადოებას. დავით ზურაბიშვილის აზრით, ამ პროცესით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ქულებს აგროვებს, თუმცა ეს ამ ეტაპზე პოლიტიკურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.

  • ბატონო დავით, თქვენი აზრით, ვის სჭირდებოდა და რა მიზანი ჰქონდა ხელისუფლების დაჟინებულ და ხანგრძლივ მცდელობას, არ დასწრებოდა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომებს და არ გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში? 

მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ როგორმე დაეჩაგრათ და სააკაშვილის იმიჯისთვის მიეყენებინათ ზიანი. არანაირ სხვა ლოგიკაში არ ჯდება, რატომ არ გადაჰყავდათ ის სამოქალაქო კლინიკაში, ან არ ასწრებდნენ სასამართლო პროცესებს, პოლიტიკური ლოგიკა ამაში არ იყო. დამოკიდებულება იყო ასეთი, რომ აი, ვინ არის, ვინ გდია საერთოდ, ეგდოს ციხეში.

ვიდრე მთელი მსოფლიო არ შეწუხდა ამაზე, მოკვდება ადამიანი, თუ არ გადაიყვანთო, არაფერი შეიცვალა. ამ დამოკიდებულებას რამე სერიოზული პოლიტიკური გათვლებით ვერ ვხსნი, რადგან „ქართული ოცნება“ ზოგადად პოლიტიკური გათვლებით არ მოქმედებს. არც იმ შიშს გამოვრიცხავ, რომ გაიტაცებდა, მაგალითად, სააკაშვილს მხარდამჭერების ლაშქარი.

თუ გინდათ ზუსტად გაიგოთ, რა იყო ხელისუფლების მიზანი ამ პროცესში, უნდა წაიკითხოთ ხელისუფლების ხმაურიანი „გამპრავებლების“ ფეისბუქპოსტები, რას წერდნენ ისინი ამ დროს. ხელისუფლების დონე არის ზუსტად ეგ.

ამათი მიზანია მხოლოდ ის, რომ არ შეაწუხო და ფულის კეთებაში არ შეუშალო ხელი. სხვა არაფერი აინტერესებთ.

  • რამდენად დააზარალა ამ პროცესმა საქართველოს იმიჯი? 

რა თქმა უნდა, დააზარალა, მაგრამ ხელისუფლებაში არ ესმით ამდენი. ჰგონიათ, რომ რადგან მოახერხეს სააკაშვილის დაჭერა და დასავლეთი არაფერს ამბობს, მოდი ახლა, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. მერე, როცა ძალიან გაუბერეს, იქედან თითი დაუქნიეს და დაფაცურდნენ. ფეისბუქში ვწერდი კიდეც, მოგიწევთ სააკაშვილის გადაყვანა-მეთქი, რადგან ლოგიკური იყო, ასე მოხდებოდა: ადამიანის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას არავინ არ შეარჩენდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი კი იძახიან, რომ ეს არის კრემლის რეჟიმი, თუმცა რეალურად ბევრი გვაკლია პუტინის რეჟიმამდე, იმას მართლა ფეხებზე ჰკიდია, დასავლეთი რას იტყვის. ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ ჰკიდიათ, მოდით, ასე ვიტყვი.

  • რატომ უღირდა მაშინ ხელისუფლებას ეს? 

არ ფიქრობენ ასე შორს ისინი… მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა და მისი სიტყვებით გამოსვლა პერმანენტული რეპუტაციული ზიანი იქნება ხელისუფლებისთვის. მიუხედავად ჩემი მისდამი უარყოფითი დამოკიდებუყლებისა, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, სააკაშვილის პოლიტიკური კლასის შედარება არც კი შეიძლება „ქართულ ოცნებასთან“ ერთად აღებული.

სააკაშვილი დღეს ბევრ რამეში შესაძლოა აცდენილია რეალობას, მაგრამ  პოლიტიკური კლასი მაინც ბევრად მეტი აქვს და ყოველთვის მოუგებს ამათ ასე ჭიდაობაში. „ქართული ოცნების“ ადგილას მე, მაგალითად, სააკაშვილს შევიწყალებდი და მოქალაქეობასაც აღვუდგენდი, რადგან გარეთ მყოფი სააკაშვილი და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართული, ჩემი აზრით, ბევრად უფრო დისკრედიტიებული იქნება, ვიდრე ციხეში, სადაც ის რომანტიკულ საბურველს შეიძენს და ცოტა ხანში შესაძლოა იქედან ნელსონ მანდელაც გამოვიდეს ხალხის თვალში.

  • ივანიშვილის პირადი ახირება იყოო, წერდით ფეისბუქში, როცა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაჰყავდათ. ახლაც იგივეს ფიქრობთ? 

რა თქმა უნდა. ასეთი გადაწყვეტილებების საბოლოო ინსტანცია საქართველოში ივანიშვილია. ღარიბაშვილი ამას დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა და რომც გადაეწყვიტა, მინიმუმ ნებართვა მაინც ექნებოდა ივანიშვილის. ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობდა რეალურად და არაფერი მოუვაო. ხომ ვნახეთ ყველამ, რომ სანამ ევროსასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა არ გააკეთა განცხადება, ყურს არ იპარტყუნებდა არავინ. გვახსოვს ირაკლი კობახიძის განცხადებებიც, როცა გვარწმუნებდა, არაა საჭირო კლინიკაში გადაყვანაო და არ გადავიყვანთო. იუსტიციის მინისტრიც ერთ დღეს ერთს იძახდა, მეორე დღეს – მეორეს.

  • დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც დაესწრო მიხეილ სააკაშვილი და ისევ სიტყვით გამოვიდა. რის მიღწევას ცდილობს ამით მიხეილ სააკაშვილი და რამდენად შეიცვალა, თქვენი დაკვირვებით, პოლიტიკური მოცემულობა მას აქეთ, როცა სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს და სასამართლოშიც? 

ცხადია, ხელისუფლება ამ დროს ძალიან ცუდად გრძნობს თავს. ეს ის შემთხვევაა, სადაც მათ არ იციან, რა ილაპარაკონ და თუ ილაპარაკებენ, უარეს იტყვიან. არ ესმით პროცესის ლოგიკა, როგორ უნდა მიჰყვე ოპონირებას.

მორალურად ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ იმდენად დისკრედიტებულია, რომ მას არ აქვს მორალური უპირატესობა. აღარაა 2012, ან 2013 წელია, როცა იქნებოდა განსხვავებული სიტუაცია სააკაშვილის გასამართლების დროს. ახლა 2021 წელია და თავისი ცოდვებიც საკმარისზე მეტი აქვს დაგროვებული ხელისუფლებას.

ეს შეიცვალა ზუსტად, რომ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გამოსვლა არის მთავარი მოვლენა ქვეყანაში, ამაზე ლაპარაკობენ ორი დღე. ჯერ გამოდის და ესაა ახალი ამბავი, მეორე დღეს კი, ყველა ამაზე მსჯელობს. დღეს სააკაშვილია ისევ ქართულ პოლიტიკაში ცენტრალური ფიგურა.

  • იქნებ ამას არიდებდა თავს ხელისუფლება, როცა სასამართლო პროცესს არ ასწრებდა სააკაშვილს? 

მესმის, რომ ამასაც ერიდებოდა „ქართული ოცნება“, რადგან წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა ქნან, რა გააკეთონ. თუ რამეს აკეთებენ კიდევ, აკეთებენ სისულელეებს.

ნამდვილად არ მგონია, რომ სააკაშვილი შეძლებს ხელისუფლების ჩამოგდებას, მაგრამ ამ პროცესით, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ხელისუფლება აშკარად პოლიტიკურ ქულებს ვერ იწერს, ხოლო სააკაშვილი იწერს, თან არცთუ ისე ცოტას.

  • რას შეიძლება ამ ქულებით მიაღწიოს მიხეილ სააკაშვილმა? 

ახლა მიხეილ სააკაშვილის მთავარი მიზანია იყოს მთავარი პოლიტიკური ფიგურა ოპოზიციაში. ეს მიზანი თითქმის მიღწეულია. ამ დრომდე სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილი ასე არ ფიქრობდა, რომ სააკაშვილია მთავარი ფიგურა.

სააკაშვილის მიზანია, ასევე ზეპარტიული, მაკონსოლიდერებელი ლიდერი იყოს და გამოჩნდეს, რომ ეს კრიტიკული ბრძოლა საქართველოში არის ბრძოლა ბოროტ ბიძინას და კეთილ მიშას შორის.

  • ამასობაში, ხვალ საკრებულოები იკრიბება, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტში დასხდნენ და ქუჩის აქციებს დაანებონ თავიო… 

ამ ეტაპზე ვერაფერს მიაღწევს ოპოზიცია. სააკაშვილი იგებს ამ პროცესს იმიჯურად, მაგრამ პოლიტიკურად რა ცვლილებებს უნდა მიაღწიოს ამით? რევოლუცია არ მოხდება და ქვეყანა არ ჩამოინგრევა. მიხეილ სააკაშვილი კი იძახის, დამიხსენით ციხიდანო, მაგრამ ვინ დაიხსნის?

ასე რომ, ამ ეტაპზე არაფერი მოხდება. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი ამაღლდება, ამაღლდება მეტნაკლებად „ნაციონალური მოძრაობის“ რიტინგიც, მაგრამ ხელისუფლება არ შეიცვლება და გაგრძელდება ცხოვრება. რამდენიმე წლის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი, ასე შორს „ქართული ოცნება“ არ იყურება.

  • ანუ რიგგარეშე არჩევნების წინაპირობა არ ჩანს?

რიგგარეშე არჩევნების წინაპირობაც ამ მოცემულობით არ ჩანს, ხელისუფლებამ მაინც და მაინც თუ არ მოინდომა ეს. არ აქვს ახლა ხელისუფლებას ამის გასაჭირი…

ხელისუფლება დიდი ოსტატია კრიზისების შექმნის და არც ესაა გამორიცხული, თუმცა ჯერჯერობით რაც ჩანს, 2024 წლამდე გადადებულია ეს სიტუაცია. 2024 წლისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ შანსი იქნება ბევრად დიდი, ვიდრე ახლა იყო.

ამ რეალობაში ახალი პოლიტიკური ძალაც არ ჩანს. გახარიას პარტია იყო ერთადერთი, რომელიც გაჩუმებულია. მედიარესურსებსაც ეს ორი ძალა ფლობს, მაგრამ მაინც და მაინც არც მცდელობა ჩანს, რომ ვინმე განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობდეს… ბუნებრივია, ამ მოცემულობაში იზრდება მესამე ძალების კიდევ მეტად დასუსტების შანსი. გაქრობის ზღვარზე იქნებიან ფაქტობრივად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: