მთავარი,სიახლეები

„უნდა ამერჩია ბათუმი ან ციხე“ – ცნობილი ბელარუსი უფლებადამცველის ცხოვრება ბათუმში

02.12.2021 • 2264
„უნდა ამერჩია ბათუმი ან ციხე“ – ცნობილი ბელარუსი უფლებადამცველის ცხოვრება ბათუმში

რომან კისლიაკი ბელარუსი იურისტი, უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტია ქალაქ ბრესტიდან. იგი წელს, ზაფხულში ჩამოვიდა ბათუმში საცხოვრებლად. 

რომანი 2005 წლამდე ადვოკატად მუშაობდა ბელარუსში, შემდეგ კი გაეროს კომიტეტში – ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამავე დროს იყო მოძრაობა „За Свободу“-ს საბჭოს წევრი. 

მიზეზი, რის გამოც იურისტმა მშობლიურ ქალაქში ცხოვრებას ბათუმში ჩამოსვლა ამჯობინა, ბელარუსში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება.

რომანი სოციალური აქტივობების გამო რამდენჯერმე დააკავეს სამშობლოში. იგი გვიყვება, რომ სამართალდამცავებს ისე გადაჰყავდათ ქალაქიდან ქალაქში, ოჯახის წევრებს რომ არ სცოდნოდათ მისი ადგილსამყოფლის შესახებ. 

2021 წლის აპრილში ბელარუსის პროკურატურამ გააფრთხილა კისლიაკი „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო, რომელშიც ის ბრესტში ბატარეების ქარხნის მშენებლობაზე საუბრობდა. პროკურატურამ მიიჩნია, რომ უფლებადამცველი „ცრუ ინფორმაციას“ ავრცელებდა სამოქალაქო პროტესტის წასახალისებლად. 

რომანი ამბობს, რომ ცხადად გამოხატული პოზიციის გამო ხშირად აპატიმრებდნენ, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა 2021 წლის 19 ივლისი.

„19 ივლისს მოვიდნენ ჩემთან და 7 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ ჩემს სახლს, დამკითხეს. ჩხრეკა არის დაშინების ფორმა, საშუალება, რომ იპოვონ რაღაც ხელჩასაჭიდი დასაპატიმრებლად.

კისლიაკის სახლი ჩხრეკის შემდეგ

ისინი ეძებდნენ ფულს, ალბათ, რაღაც დაფინანსებას დასავლეთისგან და ვერ იპოვეს. იმ მომენტში არ დამიჭირეს, თუმცა გასაგები იყო, რომ 1 კვირაში, 2 კვირაში, 1 თვეში ეს მოხდებოდა.

ჩხრეკის მერე მივხვდი, რომ უთვალთვალებდნენ იმასაც, თუ რას ვეძებდი ინტერნეტში, არ შემეძლო ინტერნეტით მატარებლებისა და თვითმფრინავების მარშრუტის მოძებნა, ამიტომ რკინიგზის სადგურზე გავდიოდი და ტაბლოზე ვუყურებდი მიმართულებებს“.

რომანი ჰყვება, რომ სამშობლოში დარჩენა მისთვის ციხეში გამოკეტვას, შესაბამისად, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას ნიშნავდა და ეს რამდენიმე დღეში მოხდებოდა: 

„ამიტომაც არც დავლოდებივარ, სანამ დოკუმენტებს შეამოწმებდნენ, მინსკიდან ბათუმში ჩამოვფრინდი. 

 თბილისისკენ ფრენა არ იყო. ასეთი არჩევანი მქონდა: ან „სიზო“ [წინასწარი დაკავების იზოლატორი], ან ბათუმი. მე ავირჩიე ბათუმი.

ფაქტობრივად, გამოვიქეცი. 

სამსახურშიც კი არ დამიწერია განცხადება გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ ინფორმაციას არ გაეჟონა და სახელმწიფოს ჩემი გამომგზავრების შესახებ არ სცოდნოდა.  

PCR ტესტის ნაცვლადაც ვაქცინა გავიკეთე, რომ არ მიმხვდარიყვნენ, ქვეყნის დატოვება რომ მინდოდა. უკვე მქონდა ფული ნასესხები ქვეყნიდან გამოსამგზავრებლად,“ – ამბობს რომანი. 

ახსოვს ის დღეც, როცა ბათუმში ჩამოფრინდა – 26 ივლისი.

კვირას ჩამოვფრინდი ბათუმში. ვიცოდი, რომ ორშაბათს ან სამშაბათს დასაკავებლად მომაკითხავდნენ და სამშაბათს დაიწყეს ჩემი ტელეგრამის გატეხა ჩემი ადგილმდებარეობის გასარკვევად. მერე ახალ ტელეფონში გადავდე სიმ-ბარათი, მისი გატეხაც დაიწყეს, თუმცა დაიბლოკა და არ გამოუვიდათ.

ისინი 28 ივლისს, ოთხშაბათს, დილის 6 საათზე მივიდნენ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ვეკონტაქტებოდი გაჩხრეკის დღიდან გამომგზავრებამდე შუალედში და ისინიც გაჩხრიკეს.

გამთენიისას ჩამოვფრინდი ბათუმში, დილის 4 საათი იყო. ფეხით მივდიოდი სასტუმრომდე, კაცები ისხდნენ გარეთ და რომ გამოველაპარაკე, ძალიან თბილად შემხვდნენ“, – ჰყვება რომანი.

კითხვაზე, რატომ ირჩევენ ხშირად საქართველოს და ბათუმს ბელარუსის მოქალაქეები საცხოვრებლად, რომანი ამბობს, რომ ამის მიზეზი სავიზო რეჟიმია. 

„საქართველოს კარგი სავიზო რეჟიმი აქვს უცხოელებისთვის და ამიტომაც მოვფრინავთ აქეთ. 365 დღე გაქვს უფლება, რომ იცხოვრო აქ ბინადრობის უფლების გარეშე [როგორც ბელარუსის მოქალაქეს]. ამ დროის გასვლის შემდეგ გადაკვეთ საზღვარს და ისევ შეგიძლია დაბრუნება,“ – ამბობს ის. 

რომანი ახლა ბათუმში ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და მუშაობს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტი, ონლაინვებინარებს ატარებს, კონსულტაციას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. 

„დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობ და გამომუშავებულ თანხას ამ ქვეყანაში ვხარჯავ. ზღვა და მთები მიყვარს, ძალიან მომწონს საქართველო. თუმცა თავიდან რთული იყო აქ ადაპტირება, სხვა ქვეყანაა, სხვა მენტალიტეტი, არის ნიუანსები, აქვს თავისი სპეციფიკა. მე სეზონზე ჩამოვფრინდი და იმ ბინების ფასი, რომლებიც ინტერნეტში ვიპოვე, სამჯერ უფრო გაიზარდა. მერე ნელ-ნელა ყველაფერს შევეგუე“, – ამბობს რომანი. 

რომანი აჭარაში მცხოვრებ ბელარუსთა დიასპორის კომიტეტის წევრიცაა. იგი ამბობს, რომ კომიტეტის შეფასებით, ბათუმში 5 000-მდე ბელარუსის მოქალაქე ცხოვრობს.

„ვხვდებით ერთმანეთს, აქციებს ვატარებთ, ვერთობით… განვიხილავთ საკითხებს, რაც გვაწუხებს. 

ახლა გვინდა წამოვწიოთ თემა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. არის წესი, რომ არ შეიძლება იმ უცხოელთათვის ვაქცინირება, რომლებმაც სამ თვეზე ნაკლები გაატარეს საქართველოში. მეორე მხრივ, კოვიდპასპორტების შემოღებას აპირებენ, ანუ სტიმულს აძლევენ მოქალაქეებს აცრის გასაკეთებლად, მაგრამ იმავდროულად არის შეზღუდვა უცხოელებზე და გვინდა მოვითხოვოთ – ან ვადა შეგვიმცირონ, ან საერთოდ გააუქმონ,“ – ამბობს რომანი.

იგი ახლა ბათუმიდან აკვირდება სამშობლოში მიმდინარე პროცესებს და მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გარდა იქ მცხოვრები ახლობლებისგანაც იგებს ამბებს:

„იქ რეპრესიები გრძელდება. კონსულტაციას ვუწევ იქ მცხოვრებ ბელარუსებს, ვეკონტაქტები. რეპრესიები არ მცირდება.

ახლა სამსახურიდან გათავისუფლების ტალღა დაიწყო. მიმდინარეობს გაწმენდა იმათგან, ვინც რეჟიმის წინააღმდეგია“.

რომანი ამბობს, რომ ახლა კერძო საქმიანობის წარმოება ბელარუსში თითქმის შეუძლებელია, რადგან სახელმწიფო ხშირად უსაფუძვლოდაც აკავებს ბიზნესმენებსაც:

„ბიზნესმენები ყიდიან თავიანთ ბიზნესს, სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან და იქ იწყებენ საქმიანობას.  ძალიან ბევრი მოიქცა უკვე ასე. დიდი ბიზნესის, მაგალითად, ფაბრიკა-ქარხნების მფლობელთათვის რთულია ამხელა თანხის გატანა და ისინი უბრალოდ ტოვებენ ქვეყანას, ბიზნესი კი რჩება. სისტემის მიხედვით, იჭერენ მფლობელს ან ტოპ-მენეჯერს, ეძებენ რაღაც დარღვევებს და ართმევენ ბიზნესს. რომც უჩივლო, ვერაფერს გახდები, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო ბელარუსში არ გვაქვს“. 

რომან კისლიაკი საქართველოში დარჩენას სამომავლო პერსპექტივად განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია.

წელს, აგვისტოში, ამოქმედდა საქართველოს სუსსა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ. შეთანხმების ამოქმედებას სამარცხვინო“ და „საშიში“ უწოდეს უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ხოლო ბათუმში მცხოვრებმა ბელარუსებმა აქციაც გამართეს.

რომანი ამბობს, რომ ეს შეთანხმება საქართველოში მცხოვრებ ბელარუსებს რეალური საფრთხის წინაშე აყენებს. იგი შიშობს, რომ მსგავს სიტუაციაში შესაძლოა თვითონაც აღმოჩნდეს და იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბელარუს მიგრანტთა ხმას გაიგონებს: 

„არ ვიცი, რა ინფორმაციას მოაგროვებენ ჩემზე, ჩემს ანგარიშებზე, ჩემს გადაადგილებაზე. შეიძლება დაწერონ, რომ ტერორისტი ვარ, რომ საფრთხისშემცველი ვარ… ამ ხელშეკრულებამ ძალიან დაძაბა ბელარუსები.

თქვენი რედაქციის დახმარებით მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას. შეიძლება მოვიდეს დოკუმენტები, სადაც ეწერება, რომ საშიში ხალხი ვართ, თუმცა ეს ტყუილი იქნება.

ჩვენ შესახებ მოგროვდება კომპრომატები ისევ საქართველოს სახელმწიფოს ხელით და არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ვინმე მოიტაცონ კიდეც და ადამიანი აღმოჩნდეს „სიზოში“ – მინსკში ან ბრესტში“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: