მთავარი,სიახლეები

„ჩვენ ბელარუსში გველის პატიმრობა და წამება“ – რეჟიმსგამოქცეული აქტივისტი ბათუმში

16.08.2021 • 1610
„ჩვენ ბელარუსში გველის პატიმრობა და წამება“ – რეჟიმსგამოქცეული აქტივისტი ბათუმში

„საქართველო, ნუ დაუჭერ მხარს ლუკაშენკოს რეჟიმს“, „დიქტატორი, ტერორისტი“ – ამ სლოგანს სკანდირებდნენ დღეს აჭარის მთავრობასთან შეკრებილი ბელარუსები. აქციაზე გვითხრეს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისგან ბათუმს თავი შეაფარეს ძირითადად ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და უფლებადამცველებმა. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ნუ ითანამშრომლებს ბელარუსის „კაკებესთან“, რომელიც „ადამიანების დევნით და წამებით არის დაკავებული“.

ახალგაზრდა ქალის, ნატალიას თქმით, თუ ბელარუსებისთვის ერთადერთი ქვეყანა, საქართველოც ჩაიკეტება, მაშინ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება.

„საქართველომ, ფაქტობრივად ხელი მოაწერა ბელარუსისთვის პოლიტპატიმრების გადაცემას. ჩვენ გვეშინია, რომ დაგვაბრუნებენ ბელარუსიაში პოლიტიკური მოტივებით. ბელარუსები არ ვართ ტერორისტები, ჩვენთან დღეს ციხეებში სხედან არტისტები, ჟურნალისტები, ბელარუსი საზოგადოების ნიჭიერი ნაწილი. მათ უსჯიან 6-დან 12 წლამდე პატიმრობას.

ისინი ტერორისტული რეჟიმის მსხვერპლები არიან. ეს ძალიან მტკივნეულია.

ნატალია აქციაზე

ჩვენ, ბელარუსებს დღეს ძალიან ცოტა არჩევანი გვაქვს – ყველამ იცის, რომ ჩაკეტილია საჰაერო მიმოსვლა და საქართველო დარჩა ერთადერთ ქვეყნად, სადაც შეიძლება სწრაფად გაფრინდე ვიზებისა და დოკუმენტების გარეშე. ბევრი ალაგებს ბარგს და ასე მოდის. ჩვენ, უბრალოდ,  სხვა ვარიანტი არ გვაქვს.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დარჩეს თავშესაფრად ბელარუსებისთვის. მაგრამ ამ შეთანხმების შედეგად ბელარუსებს აღარ შეგვიძლია საქართველოში ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ. ეს ძალიან სევდიანი ამბავია.

ჩვენ გვეშინია, რომ ადამიანებს, რომლებიც ახლა აქ არიან, სისხლის სამართლის საქმეებით გააბრუნებენ უკან და ჩასვამენ ციხეებში. ჩვენ იქ გველის წამება და პატიმრობა. ადამიანები საკუთარი ნებით კი არ გარბიან, არამედ იძულებულები არიან დატოვონ ქვეყანა. ჩვენთან ადამიანებს, უბრალოდ, ქუჩებიდან იტაცებენ“.

ნატალიამ ითხოვა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მისი გვარი არ დავასახელოთ.

კიდევ ერთი ბელარუსი არტისტი, დიმა [არც მის გვარს ვასახელებთ] ბათუმში 2 კვირის წინ ჩამოვიდა. ამბობს, რომ როცა ბელარუსში იყო, ძალიან უნდოდა ქვეყნიდან გამოღწევა, მაგრამ უკვე ენატრება სამშობლო:

დიმა აქციაზე

„ორი კვირის წინ გამოვიქეცი ბელარუსიდან. სახლში როცა ვიყავი, ძალიან მინდოდა ქვეყნიდან გაღწევა, მაგრამ როგორც კი გამოვაღწიე, იქაურობა მენატრება. სინამდვილეში აქ თავს ვგრძნობ როგორც კურორტზე, როგორი სტუმართმოყვარეც არ უნდა იყოს საქართველო, მაინც გვენატრება ჩვენი სამშობლო.

საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც შეიძლება სწრაფად და კომფორტულად გადაიმალო, ანუ  გამოიქცე ბელარუსიდან. ამიტომ ძალიან უცნაურია, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა. მე არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ მანამ იქნება შეუძლებელი უკან დაბრუნება, სანამ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არ დაწყნარდება.

ჩვენს ქვეყანაში ახლა სამართლიანობა არ არის, კანონი არ მუშაობს. ჩვენ გვეშინია ექსტრადიციის, ჩვენ გვეშინია ყველა შესაძლო მორიგი გიჟური სიუჟეტის განვითარების. მე არ შემიძლია განვსაზღვრო, რა შეიძლება ეს იყოს, მაგრამ როდესაც თანამშრომლობ სპეცსამსახურებთან, განსაკუთრებით „კაკებესთან“, ჩვენ ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გვაღელვებს. ჩვენ ნამდვილად განვიცდით ამას და დაძაბულები ვართ.

მე ვხვდები, რომ ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ფორმალობაც, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობს უფლებები, ამიტომ ეს ფორმალობა, სრულიად შესაძლებელია, რომ არ იყოს ფორმალობა.

მე გამოვხატავდი ჩემს აზრს და ვითხოვდი თავისუფლებას, მე გამოვდიოდი მოედანზე და ამისათვის მე არაერთხელ ვიყავი დაკავებული. მე ვიცი იქ რა ხდება“.

ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს სუსმაც.

უწყების ცნობით, „ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება წარმოადგენს განსაკუთრებული შეშფოთების საგანს, რადგან შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს“.

საქართველოს სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებას საერთაშორისო საზოგადოების არაერთი წარმომადგენელიც კრიტიკულად გამოეხმაურა. საუბარია 2016 წელს ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელიც ბელარუსში ოფიციალურად ახლა შევიდა ძალაში. 

აქცია ბათუმში, სადაც ბელარუსი ბლოგერები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ ნუ ითანამშრომლებს ბელარუსის ,,კაგებესთან“.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/559472/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: