მთავარი,სიახლეები

დაბზარული კედლები – კორპუსი ბათუმში, სადაც ადამიანებს ცხოვრების ეშინიათ

02.12.2021 • 10435
დაბზარული კედლები – კორპუსი ბათუმში, სადაც ადამიანებს ცხოვრების ეშინიათ

ბათუმში, ხოფის ბაზრობასთან ახლოს, 12-სართულიანი კორპუსი დგას. ლეონიძის ქუჩა №6ბ – ეს ამ სახლის მისამართია.

12-სართულიან კორპუსს ბოლო სართულზე მცხოვრებმა მეცამეტე სართული დააშენა, კორპუსს პირველსა და მეორე სართულზეც აქვს მიშენებები. სახლის სარდაფში საკანალიზაციო, დიდი მილები ერთმანეთსაა აცდენილი და სარდაფი ფეკალური მასებითაა სავსე. როგორც კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, უკვე 10 წელია ასეა.

თუმცა სარდაფი ამ კორპუსის ერთადერთი პრობლემა არ არის. სახლის სადარბაზოების კედლები დაბზარულია, კიბეებს თითქმის ყველა სართულზე ბზარები აქვს, ერთგან კიბე ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა და სახლის მცხოვრებლებმა თავად გაამაგრეს.

კორპუსის მცხოვრებლებმა ჩამოშლილი კიბის საფეხურები თავად გაამაგრეს.

კორპუსის დაზიანებული კიბე

პირველი სართულიდან ამომავალი სუნი ბოლო სართულებამდე აღწევს კორპუსის ბინებში. სადარბაზოში, მიუხედავად იმისა რომ ღია სივრცეა და ნიავდება, მაინც აუტანელი სუნი ტრიალებს.

კორპუსის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ სარდაფი ბათუმის მერიამ გაწმინდოს ფეკალური მასებისგან და დაზიანებული საკანალიზაციო მილები მოაწესრიგოს. ამ თხოვნით მათ მერიისთვის, როგორც ამბობენ, არაერთხელ მიუმართავთ, თუმცა უშედეგოდ.

პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქე გვეუბნება, რომ დღე არ გავა, რომ ზედა სართულებიდან მისი ვერანდის სახურავზე ქვები არ ჩამოცვივდეს – ძირითადად, ეს ჩამოშლილი ცემენტი და ბეტონის ნამსხვრევებია.

კორპუსის ფასადიდან დაშლილი ბეტონის ნამსხვრევები ყოველდღე ცვივა პირველი სართულის ვერანდის სახურავზე

კედლები კორპუსის ბინების ოთახებშიც დაბზარულია თითქმის ყველა სართულზე – პირველიდან მეცამეტემდე.

სახლის ამხანაგობის თავმჯდომარე, მინდია თურმანიძე ამბობს, რომ ბათუმის მერიამ დაახლოებით ორი წლის წინ ტენდერი გამოაცხადა ამ სახლის პრობლემის მოსაგვარებლად და მისივე თქმით გამოგზავნეს არაპროფესიონალები:

„ამისთვის გავხდი ამხანაგობის თავმჯდომარე, რომ ეს პრობლემა მომეგვარებინა და ვერაფერს გავხდი.

სადარბაზოს დაბზარული ჭერი

დერეფნის დაბზარული ჭერი

სადარბაზოს დაბზარული ჭერი

დაბზარული კიბე

ბზარი კედელზე

არაპროფესიონალებმა გაიმარჯვეს მერიის ტენდერში. სარდაფში რომ ჩავიდნენ, არც კი ამოუტუმბავთ წლობით დაგროვილი ფეკალური მასები. ცუდად გადააბეს მილები, ჩვეულებრივი მავთულებით, რაც მალევე გაფუჭდა.

ახლა უარესი მდგომარეობაა, კიდევ რომ მივმართო მერიას თავიდან, მრცხვენია. არ გააკეთეს და რა ვქნა?“ – ამბობს კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე.

მზია პაპუნიძეც ამ კორპუსში ცხოვრობს უკვე 15 წელია. როგორც ის გვეუბნება, ზაფხულობით აქ ცხოვრება ცუდი სუნის გამო შეუძლებელია.

ბზარი სახლის კედელზე

„ახლა ხომ ძლივს ამოიარეთ სუნის გამო კიბეები და ზაფხულობით უნდა მოხვიდეთ რა ხდება, ყველაფერი ყარს, წყალი რომ წყდება, აბაზანაში ვერ შეხვალ, ისეთი სუნი ამოდის მილებიდან.

12-სართულიან კორპუსს მეზობელმა მე-13 სართული დაადგა, მე ხელი მომაწერინა საბუთზე და მითხრა, რომ უბრალოდ სახურავს ცვლიდა, თურმე სართულს აშენებდა. კორპუსი დაბზარულია ამ დაშენებების და საძირკველში ფეკალიების გამო, თავზე რომ დამენგრეს კორპუსი, მეზობელი გადამარჩენს?

არჩევნებამდე მოვიდნენ და დაგვპირდნენ მოვალთ და გავასუფთავებთო, მაგრამ არაფერი“ – ამბობს მზია პაპუნიძე.

კორპუსის ბინებში დაბზარულია სამზარეულოს ფილებიც

კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლის ავარიულობა არავის დაუდგენია, თუმცა მდგომარეობა რომ არასახარბიელოა, ეს პირველიდან ბოლო სართულამდე ფეხით ერთხელ ავლის დროსაც ჩანს.

კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები, თემურ ქათამაძე ამბობს, რომ  სულ რაღაც 40 წლის წინ აშენებული კორპუსი სარდაფში წლობით ფეკალური მასების დგომამ მოარყია და დაბზარა:

„40 წლის ბინაა დაახლოებით, დიდი ხნის არ არის. გრუნტში ფეკალური მასების წლობით დგომამ დაალპო იქაურობა და მოარყია, თავიდან ამ კორპუსის სარდაფში კიბით ჩადიოდნენ, ოთახივით იყო, მშრალი და ნორმალური სარდაფი, იმართებოდა შიგ ადამიანი, ახლა იქაურობა ამოვსებულია, კიბე ამოქოლილი.

არაპროფესიონალიც მიხვდებოდა, რაღაცას არასწორად რომ აკეთებდნენ, ჩვეულებრივი მავთულებით გადააბეს ერთმანეთს უზარმაზარი, ამხელა კორპუსის საკანალიზაციო მილები. უნიათოდ მოიქცა მერია და უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ.

გასუფთავდეს ეს სარდაფი და გადააბან ეს მილები საიმედოდ, პროფესიონალურად. ესაა ჩვენი მოთხოვნა, ბევრი გვინდა?! წვრილმანებზე ვაწუხებთ მერიას და საერთოდ მთავრობას? მოგვხედონ დროზე, სანამ რამე მომხდარა. კიბეებს უკვე საფეხურები სცვივა. სახლებში კედლები დაგვებზარა.

ამავე კორპუსში ცხოვრობს მეგი ნაგერვაძე მეუღლესთან და 9 თვის შვილთან ერთად. „ბათუმელებს“მეგი დაუკავშირდა და მოგვწერა, რომ ამ კორპუსში ცხოვრების ძალიან ეშინია.

მეგი ნაგერვაძე, კორპუსის მცხოვრები

26 მაისი ქუჩაზე კორპუსის ნგრევის შემდეგ ძალიან შევშინდით, მარტო მე ხომ არ ვცხოვრობ აქ? სადარბაზოში, საცხოვრებელ ოთახებში ბზარებია, ფეხით ჩახვალ სადარბაზოში და კიბეებს ქვები სცვივა, ბზარებია კიბის უჯრედებში, სახლებში, არ ვიცი რა უნდა ვქნათ“ – ამბობს მეგი.

აპირებს თუ არა ბათუმის მერია ამ კორპუსის მდგომარეობის შესწავლას? – ამის გარკვევას „ბათუმელები“ მერიაში შეეცადა. ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ კორპუსში მცხოვრებლებმა მერიას უნდა მიმართონ და ამის შემდეგ შეისწავლიან საკითხს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: