18-60 წლის უკრაინელ კაცებს ქვეყნის დატოვება შეეზღუდათ – საყოველთაო მობილიზაცია

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით და უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა სამხედრო ფორმირებების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს, ქვეყანაში საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

ბრძანების თანახმად, მობილიზაცია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 90 დღე გაგრძელება.

დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ უკრაინის ტერიტორიის დატოვება ეზღუდებათ  მოქალაქეებს – 18-დან 60 წლამდე კაცებს.

_____

24 თებერვლის დილით რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ომის საწინააღმდეგო აქციების გამო რუსეთში ჯამში 167 ადამიანი დააკავეს

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის 24 ქალაქში გამართულ ანტისაომარ აქციებზე, რუსმა სამართალდამცველებმა ჯამში 167 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ოპოზიციური გამოცემა rain.tv დამოუკიდებელ უფლებადამცველ მედიაპროექტ ovdinfo-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

rain.tv იქვე წერს, რომ ovdinfo, რომელიც რუსეთში პოლიტიკური დევნის შესახებ ინფორმაციებს აგროვებს და მათ უფლებათა დაცვაზე მუშაობს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებების – უცხოური აგენტების რეესტრში შეიტანა.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისა და ომის დაწყების საპასუხოდ, რუსეთის მოქალაქეები, რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან მართავენ საპროტესტო აქციებს. ზოგჯერ ერთკაციან აქციებსაც – ისინი მოითხოვენ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიის შეწყვეტას და სახელმწიფოებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფას.

რუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, ანტისაომარ აქციებზე დაკავებები გრძელდება.

 

ზელენსკი პარტნიორებს მიმართავს: “გათიშეთ რუსეთი SWIFT-იდან”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის  SWIFT-იდან (საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან) გათიშვას ითხოვს.

„ახლოვდება ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციების პაკეტი. მქონდა საუბარი საფრანგეთის პრეზიდენთთან ემანუელ მაკრონთან.

ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-იდან, უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის დაწესებას და სხვა ქმედით ნაბიჯებს აგრესორის შესაჩერებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე.

მსოფლიო ლიდერებს მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

„არ ვიქნები დიპლომატიური ამ შემთხვევაში. ყველას, ვინც ახლა ეჭვობს, გათიშოს თუ არა რუსეთი SWIFT-იდან, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალების და ბავშვების სისხლი მათ ხელებზეც იქნება. გათიშეთ რუსეთი SWIFT-იდან,“ – წერს კულება ტვიტერზე.

 

რა არის SWIFT

SWIFT, ანუ „მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება“, არის ბანკთაშორისი ქსელი, რომელიც ანგარიშსწორების განხორციელებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის გამოიყენება.

„უფსკრულის პირას ვართ, თუ აგრესია გაიმარჯვებს, აღმოვჩნდებით ომის ახალი ერაში“ – ჰარარი

თანამედროვე ისრაელელი ისტორიკოსი იუვალ ნოახ ჰარარი ფეისბუქზე გამოეხმაურა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე.

„ეს ტკივილის დღეა.  ერთი ადამიანის სასტიკი ამბიცია ატერორებს და ტანჯავს ათობით მილიონს და მთელ კაცობრიობას კატასტროფისკენ უბიძგებს.

ჩვენ ზუსტად უფსკრულის პირას ვართ. თუ აგრესია გაიმარჯვებს, მთელი მსოფლიო აღმოჩნდება ომის ახალი ერაში და შესაძლოა ამ ეპოქის დასასრული ჩვენს სიცოცხლეში ვერ ვიხილოთ.

ყველა ჩვენგანის მომავალი ახლა უკრაინელი ხალხის მამაცობაზეა დამოკიდებული. ჩვენი ვალია მათი მხარდაჭერა“ – წერს ჰარარი.

რუსული ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ამის შესახებ ზელენსკი ტვიტერზე წერს.

„რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სიცოცხლეს სწირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს. ამის შესახებ ვაცნობეთ შვედეთის პრემიერ მინისტრს. ეს არის მთელ ევროპისათვის ომის გამოცხადება“ – წერს ზელენსკი.

______________________________________________________________

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

უკრაინა საყოველთაო მობილიზაციისთვის ემზადება.

______________

ფოტო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდი/twitter

კიევის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი მეტროს შეაფარონ

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მოქალაქეებს მოუწოდა, თავშესაფრად მეტრო გამოიყენონ.

მან თავის ტელეგრამარხზე დაწერა, რომ სადგურები: “ბერესტეისკაია”, “ნივკი”, “სვიატოშინი” და “ჟიტომირსკაია” “წითელ” ხაზზე ახლა გამოიყენება მხოლოდ დაბომბვისგან თავშესაფრად, ყველა დანარჩენი მეტროსადგური კი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მეტროში შესვლა უფასოა.

ბოლო ცნობებით, კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

______________________________________________________________

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

უკრაინა საყოველთაო მობილიზაციისთვის ემზადება.

____________________

ფოტოზე: მეტრო სადგური დოროჰოჟიჩი, კიევი.

მხარი დაუჭირე უკრაინულ მედიას – Kyiv Independent-ის მიმართვა

უკრაინის სამთავრობო უწყებები დღეს დილიდან ავრცელებენ ინფორმაცია გაძლიერებული რუსული დეზინფორმაციის შესახებ. უკრაინა განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებასა და ჟურნალისტებს და სთხოვს კარგად გადაამოწმონ წყაროები, რაზე დაყრდნობითაც იღებენ ან/და ავრცელებენ ინფორმაციას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების მისამართებიც.

უკრაინის სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში გრძელდება საომარი მოქმედებები. ამ პირობებში, უკრაინელი ჟურნალისტები რჩებიან ადგილზე და აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს.

უკრაინული მედია-გამოცემა Kyiv Independent მკითხველებს მხარდაჭერას სთხოვს:

„უკრაინა უპრეცედენტო თავდასხმის წინაშე დგას. Kyiv Independent აგრძელებს მუშაობას და მსოფლიოს სანდო, მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის ადგილზე არსებული ფაქტების შესახებ. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა ამ რთულ და არაპროგნოზირებად საქმეში. კიბერშეტევებიდან, დაბომბვებიდან, სახმელეთო შემოსევებიდან – ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რას მოიტანს მომავალი დღეები და რასთან მოგვიწევს გამკლავება“.

Kyiv Independent სამი თვის წინ შეიქმნა, მას შემდეგ რაც 8 ნოემბერს, უკრაინაში 26 წლიანი ისტორიის მქონე ინგლისურენოვანი გამომცემლობა Kyiv Post-ი მფლობელმა დახურა და მთელი სარედაქციო გუნდი დაითხოვა. ჟურნალისტებმა ეს სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის გამო მათზე შურისძიებად მიიჩნიეს და ახალი გამოცემა შექმნეს.

„ეს იყო დამოუკიდებელი Kyiv Post-ის დასასრული,  მაგრამ არ უნდა გახდეს უკრაინიდან ხარისხიანი ადგილობრივი ჟურნალისტიკის დასასრული“ – აცხადებს Kyiv Independent-ის გუნდი.

Kyiv Independent-ის ჟურნალისტები უკრაინაში რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას. მათი თქმით, ახლა როგორც არასდროს, როცა რუსული ძალები აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას, გადამწყვეტია მსოფლიოსთვის უკრაინიდან სანდო სიახლეების მიწოდება. ამაში დახმარებისთვის კი შეგიძლიათ გაიღოთ ერთჯერადი დონაცია ან/და გახდეთ გამომწერი რეგულარული შემოწირულობისთვის.

_________________________

მსურველებს ასევე შეუძლიათ დონაცია კრიპტოვალუტის გამოყენებით.

BTC
bc1q444wayyye4jke3ty87sdvm77dwkysz9hwcyu6u

ETH
0x91cEF11e06B229396b45b2716e548f8c5eF98428

კუნძულ ზმეინს რუსული სამხედრო გემებიდან ცეცხლი გაუხსნეს – უკრაინის შსს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული გემებიდან თავს დაესხნენ ზმეინის კუნძულს [საქართველოს დროით 18:11 საათი].

„ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს სამხედრო გემებიდან. მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვას ახერხებენ“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, კუნძულის ნაპირებთან ამჟამად იმყოფება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი გემი – „მოსკოვი“ და „ვასილი ბიკოვი“.

_____

დღეს, 24 თებერვლის დილით რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

თბილისის დროით 14:30 დადასტურდა 40-მდე უკრაინელი სამხედროსა და 10-მდე სამოქალაქო პირის დაღუპვა. განადგურდა რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა.

ეს საშინელებაა გონიერი რუსებისთვის, რომლებიც მანიაკის მმართველობის ქვეშ არიან – აკუნინი

მწერალი ბორის აკუნინი [ჩხარტიშვილი] უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეხმაურება. აკუნინი საკუთარი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს:

„ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ პუტინი წამოიწყებდა ამ აბსურდულ ომს – შევცდი.

ყოველთვის მჯეროდა, რომ საბოლოოდ გონიერება გაიმარჯვებდა – შევცდი.

სიგიჟემ გაიმარჯვა.

ხალხი იხოცება, სისხლი იღვრება. რუსეთს მართავს ფსიქიკური აშლილობის მქონე დიქტატორი და, რაც ყველაზე საშინელებაა, ის მორჩილად მიჰყვება თავის პარანოიას.

ვიცი, რომ პუტინლანდია და რუსეთი ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ახლა მსოფლიოსთვის მათ შორის არავითარი სხვაობა არ არსებობს.

ვშიშობ უკრაინელების გამო. ეს საშინელებაა გონიერი რუსებისთვის, რომლებიც მანიაკის მმართველობის ქვეშ არიან. ეს საშინელებაა ტვინგამორეცხილი რუსებისთვისაც, რომლებსაც ახლა უხარიათ.

ყველა ჩვენგანისთვის 2022 წლის 24 თებერვალს ახალი ეპოქა დაიწყო. საშიში. რამდენ ხანს გაგრძელდება და მსხვერპლი რამდენი იქნება?

დღესვე ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა მომღერალი ვალერი მელაძე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს

__

ამავე თემაზე:

„მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები“ – ვალერი მელაძე

ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე | ფოტო

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები ომის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები ომის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად ევროპის მოედანზე.
ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

„ეს სოლიდარობა არის გადამწყვეტი, რადგან უკრაინაში საბრძოლო პროცესი პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზე“- ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ – ირაკლი კუპრაძე.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ევროპის მოედანზე უკრაინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებიც გამოხატავენ.

უკრაინის მხარდასაჭერად აქციაზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

ომის დაწყების შემდეგ, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში. უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთეს მსოფლიო ლიდერებმაც.

აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ის პროცესი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ განვითარდა, იდენტურია იმ პროცესების, რომლებიც 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს იყო.

უკრაინის სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

აქციაზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და უნდა დასრულდეს მისი ძალადობა.

ომის წინააღმდეგ – უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საქართველოს მოქალაქეებმა ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„საქართველომ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, რადგან რუსეთი ისეთივე საფრთხეა საქართველოსთვის, როგორც უკრაინისთვის“ – აცხადებენ მოქალაქეები.  ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

______________________

ამავე თემაზე:

კიევის რეგიონში რუსეთის ტექნიკამ საზღვარი გაარღვია

„რუსეთის სამხედრო ინტერვენცია სერიოზულ დარტყმას აყენებს მშვიდობას რეგიონში“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, 24 თებერვალს, განაცხადა. 

„თურქეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთსა და უკრაინას, გადაწყვიტონ ყველა წინააღმდეგობა დიალოგის გზით მინსკის შეთანხმებების ფარგლებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ეს ზელენსკისთან საუბარშიც განვაცხადე.

თურქეთი მზადაა, საჭირო ძალისხმევა გაიღოს თურქეთის მოქალაქეების, ყირიმელი თათრებისა და უკრაინაში მცხოვრები ადამიანების  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და სერიოზულ დარტყმას აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.

თურქეთი უარყოფს და მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 

დღესვე განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება მიუღებელს უწოდებს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს და მიმართავს მოსკოვს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს აღნიშნული პროცესი.

______________________________________________________________

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

უკრაინა საყოველთაო მობილიზაციისთვის ემზადება.

____________________

ფოტო: სააგენტო ანადოლუ

უკრაინელი ჟურნალისტი დონეცკიდან: უმრავლესობა არსად წასვლას არ აპირებს

„უკვე ყველა მიმართულებით არის სამხედრო აგრესია, მე ახლა დონეცკის ოლქში ვარ, ბახმუთში, ეს ბრძოლის ველის უკანა ხაზია,“ – ამბობს სტას კოჟლიუკი, ის უკრაინელი ჟურნალისტია და დღეს დონეცკის ოლქში მუშაობს, როგორც ფრილანსერი. სტასმა „ბათუმელების“ რამდენიმე კითხვაზე მოახერხა პასუხის გაცემა.

„ამ დილის ხუთ საათზე დონეცკში ყველა აფეთქებების ხმამ გამოგვაღვიძა…“ – გვიყვება სტას კოჟლიოუკი, რომლის დაკვირვებითაც ხალხში პანიკა შესამჩნევია. – „ზოგმა ოჯახებთან ერთად არჩია წასვლა, ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები იყო. ჩვენც საათობით ვიდექით რიგში. მე ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს. უმრავლესობა ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

დაიხურა რამდენიმე საზოგადოებრივი ობიექტი, სასტუმრო…“

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ უკვე დღეს, დილიდან, ჟურნალისტების ნაწილმაც დატოვა რეგიონი, მაგრამ „ახლა უკვე ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა,“ – დასძენს სტასი.

სტას კოჟლიუკი

„თავდაპირველად ეს სამხედრო აგრესია მახსენებდა ყირიმს, მაგრამ ახლა იგივე სიტუაციაა ხარკოვთანაც, იქაც ცდილობენ გადმოკვეთონ ხარკოვის ოლქის საზღვრები, იერიშია ჩრდილოეთ უკრაინაში და სხვა მიმართულებითაც, ბელარუსიის საზღვართან.

ჟურნალისტებისთვის მუშაობა ახლა განსაკუთრებით რთულია და საფრთხილო, ხშირად წყდება სიგნალი, გვიწევს უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა,“ – გვითხრა სტას კოჟლიუკმა.

————

დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. არის მსხვერპლიც.

ამ თემაზე:

კიევის რეგიონში რუსეთის ტექნიკამ საზღვარი გაარღვია

კიევის რეგიონში რუსეთის ტექნიკამ საზღვარი გაარღვია

კიევის რეგიონში რუსეთის ჯარებმა სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

მტრის სამხედრო ტექნიკა “ვილჩას” საგუშაგოზე შევიდა. მესაზღვრეებმა უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბრძოლა მიიღეს.

გარდა ამისა, ზალპებით სროლა განხორციელდა ჟიტომირის რაზმის მლაჩივკას სასაზღვრო დაცვის სამსახურის ადგილებზე.

“აღსანიშნავია, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, სასაზღვრო დანაყოფები გადანაწილდებიან სარეზერვო პოზიციებზე. ისინი მოქმედებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით”, – წერს უკრაინის შს სამინისტრო.

ამერიკული CNN -ის ინფორმაციით, დაიღუპა 40-მდე სამხედრო და 10-მდე სამოქალაქო პირი.

უკრაინის შს სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთი თავს დაესხა არა მხოლოდ საზღვარზე მყოფ ნაწილებს, არამედ უკრაინის ქალაქების ობიექტებსაც.

უკრაინის შს სამინისტროს ცნობით, დილით, კიევის რეგიონში უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილის ერთ-ერთი შენობა დაბომბეს. სავარაუდოდ სარაკეტო იარაღიდან. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის დასტურდება.

ამ დროისთვის, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფები ჩართულნი არიან ხანძრის ლიკვიდაციაში კიევის რეგიონში მდებარე ობიექტებზე, რომლებიც საჰაერო დარტყმებისას დაზიანდა.

—————————-

მთტავარ ფოტოზე: დაბა ჰოსტომელი, კიევის რეგიონი. წყარო: УНИАН – новости Украины

ბერლინში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

გერმანიაში, ბერლინის ცენტრში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, უკრაინისადმი სოლიდარობის გამომხატველი სპონტანური აქცია გაიმართა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, უკრაინის დროშებით ხალხი მიდის საზღვართან, რომელიც ოდესღაც დიქტატურასა და თავისუფალ სამყაროს ყოფდა. მსგავსი აქციები მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

გამოცემის ცნობით, გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის შემოწირულობის შეგროვების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ამ ომის ფასს გადაიხდის ხალხი, რომელიც დაკარგავს სახლებს“, – განაცხადა Diakonie Katastrofenhilfe-ის პრეზიდენტმა დაგმარ პრუინმა, „კარიტასის“ ხელმძღვანელმა ოლივერ მიულერმა კი  ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

___________________________________________________________________

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში

_____________

ფოტო: „დოიჩე ველე“

უკრაინა საყოველთაო მობილიზაციას იწყებს – ზელენსკიმ რადას მიმართა

უკრაინის ხელისუფლება მზადაა, იარაღი დაურიგოს ყველას, ვინც ქვეყნის დაცვას გადაწყვეტს.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას მოქალაქეთა საერთო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

„მივცემთ იარაღს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის დაცვა უნდა. მზად იყავით, მხარი დაუჭიროთ უკრაინას ჩვენი ქალაქების მოედნებზე“, – დაწერა დღეს ზელენსკიმ Twitter-ზე.

___________________________________________________________________

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში

უკრაინა: დაიღუპა 15 წლის მოზარდი, დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ჩუგუევში კორპუსის დაბომბვის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა. არიან დაჭრილები.

დღეს, 24 თებერვალს, უკრაინის დროით 08:23 საათზე,  უკრაინის სახანძრო სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ჩუგუევში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. სამინისტროს ცნობით, კორპუსში ცეცხლი დაბომბვის შედეგად გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის 3 ოპერატიული ჯგუფი და 1 სასწრაფო დახმარების მანქანა გაემგზავრა. მაშველების მისვლის მომენტისთვის კორპუსში იწვოდა ბინების აივნები მეორე და მესამე სართულებზე, ასევე, ბინა მეოთხე სართულზე. ხანძრის საერთო ფართობი დაახლოებით 100 კვ.მ იყო.

აფეთქების შედეგად დაიღუპა არასრულწლოვანი, არიან დაჭრილები. სახლიდან მაშველებმა 15 მცხოვრებლის ევაკუაცია მოახდინეს.

ხანძარი ლოკალიზებულია, უკრაინის დროით 11:41 საათის მონაცემებით, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

 

“შეიარაღებული ძალები მძიმე ბრძოლაში არიან, მაგრამ იბრძვიან” – ზელენსკის შტაბი

„შეიარაღებული ძალები მძიმე ბრძოლაში არიან, მაგრამ იბრძვიან. უკვე ბევრი შედეგი გვაქვს. ზოგიერთ რაიონში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს. შეიარაღებული ძალები მზად იყვნენ რუსეთის ყველა სცენარის/გეგმისთვის და ახლა აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ. ეს წინააღმდეგობა გაიზრდება“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის შტაბის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

მიხაილო პოდოლიაკმა ასევე მოუწოდა მედიას, ყურადღებით გადაამოწმონ ის ინფორმაცია, რასაც აქვეყნებენ ან გადასცემენ ეთერში.

„რადგან დღემდე არავის გაუუქმებია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომი. სამწუხაროდ, ზოგიერთი უკრაინული მედია აქვეყნებს რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტულ მასალებს“, – განაცხადა მან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, რუსეთის პირველი დარტყმა ჩაიშალა.

„რაც შეეხება ქალაქებს, გეოგრაფიას – ეს არის ივანო-ფრანკოვსკი, ხმელნიცკი, ჩერნიგოვი, ხარკოვი, კიევი, ოდესა, მიკოლაევი, ხერსონი, კრამატორსკი და უშუალოდ ერთობლივი ძალების ოპერაციის ჩატარების ზონის ხაზის გასწვრივ”, – თქვა მან.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის თქმით, უკრაინული მხარის დანაკარგებმა არ შეამცირა შეიარაღებული ძალების და სხვა ძალოვანი სტრუქტურების საბრძოლო ეფექტურობა.

__

მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი

დუმილი დაგვიჯდება ძვირი – პოზიცია მთავრობას საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს მთავრობას მიმართავს და საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს.

„დღეს ყველაზე მძიმე დღეები უდგას ევროპას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ დუმილს და უმოქმედობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამგვარი დუმილი და უმოქმედობა საქართველოს დაუჯდება ძალიან ძვირი ფასი, ამიტომ ხელისუფლებას კონკრეტულ ინიციტივებს ვთავაზობთ.

ჩვენ ვითხოვთ და მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს პარლამენტის სხდომა განსაზღვრული დღის წესრიგით და ეს დღის წესრიგი უნდა იყოს რუსეთის სამხედრო აგრესია“-აცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია.

მათი განცხადებით, პარლამენტმა სხდომაზე უნდა მიიღოს რეზოლუცია, მაგრამა იმგვარი, სადაც რუსეთიც კი არ იყო ნახსენები.

„ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ისტორიის სხდასხვა მხარეს დგაგან. საქართველოც უნდა იდგეს ისტორიის სწორ მხარეს ამ გადამწყვეტ მომეტში. ღარიბაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს ასევე უსაფრთხოების სხდომა, რომ განვიხიოთ ეს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, არა მხოლოდ უკრაინის, ასევე საქართველოსა და ევროპისთვის“-აცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია.

____________________

ამ თემაზე:

„დაუყოვნებლივ შევაჩეროთ პუტინი“ – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

„უთხარი მსოფლიოს რუსული აგრესიის შესახებ უკრაინაში“ – ტვიტერ-შტორმის კამპანია

ტვიტერ-შტორმი – ამ სახელით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ოფიციალური გვერდი კამპანიას იწყებს და მოუწოდებს ყველას გამოიყენონ ჰეშთეგები #StopRussianAggression (შეაჩერე რუსული აგრესია) და #RussiaInvadedUkraine (რუსეთი შეიჭრა უკრაინაში), რათა უთხრან მსოფლიოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიისა და იმ ფაქტის შესახებ, რომ უკრაინა თავდასხმის ქვეშაა.

კამპანია დაგეგმილია 24 თებერვალს, კიევის დროით 12:00-14:00 საათზე, ქართული დროით 14:00- 16:00 საათებში.

_________________________

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

„მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები“ – ვალერი მელაძე

რუსეთში მცხოვრები მომღერალი, ვალერი მელაძე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს ეხმიანება. მელაძემ ინსტაგრამზე, თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა მიმართვა: 

„დღეს მოხდა ის, რაც არ და ვერ უნდა მომხდარიყო. ისტორია ოდესმე თავის ადგილას დაალაგებს ყველაფერს, მაგრამ დღეს, მინდა გთხოვოთ, გემუდარებით, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეთ.

ხალხს უნდა შეეძლოს მოლაპარაკება, ამისთვის ჩვენ მოგვეცა ენა და ყველა შესაძლებლობა, ხალხი არ უნდა კვდებოდეს, ეს უნდა შეწყვიტოთ“ – ამბობს თავის მიმართვაში ვალერი მელაძე.

_____________________

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

 

„უკრაინელო მწერლებო, გვჯერა, რომ ანტიადამიანური ძალა დამარცხდება“ – პენ-ცენტრი

საქართველოს პენ-ცენტრი განცხადებას ავრცელებს და უკრაინელ მწერლებს სოლიდარობას უცხადებს

„ძვირფასო უკრაინელო მწერლებო, პენ უკრაინის წევრებო, ჩვენ თქვენთან ვართ ამ მძიმე პერიოდში.

უკვე ყველას ესმის, რომ რუსეთი უხეშად არღვევს ქვეყნების ქცევის საერთაშორისო სტანდარტებს, უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და უზღუდავს მეზობელ ქვეყნებს გამოხატვისა და გეოპოლიტიკური არჩევანის თავისუფლებას, ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალს, წირავს უდანაშაულო ხალხის სიცოცხლეს  იმპერიალისტური ამბიციებისთვის. რუსეთის თავდასხმა საქართველომაც გამოსცადა 2008 წელს.

ჩვენ ვიცით, რას გრძნობთ და განიცდით ახლა, ამიტომაც ჩვენც, ქართველი მწერლებიც და ჩვენი მკითხველებიც, დღეს თქვენ გვერდით ვართ. გვჯერა, რომ ანტიადამიანური ძალა დამარცხდება და უკრაინელ ხალხს მალე მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა მიეცემა“ – წერია პენ-ცენტრის განცხადებაში.

დღეს 24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

_________

ფოტო: პენ-ცენტრი

„ვიგერიებთ მტერს“ – უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი

„სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ პანიკა არ შეიმჩნევა,“ – ამბობს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი. ბოლო ინფორმაციით, დაბომბვას უკრაინაში ამ დროისთვის 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაშავდა.

ქართველი მებრძოლის თქმით, რუსეთმა ამ ეტაპზე იერიში საბრძოლო პოზიციებზე მიიტანა, ასევე აეროდრომებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე.

„ძირითადი იერიშია სამხედრო ობიექტები, კომუნიკაციების გაწყვეტა, სტრატეგიული ობიექტები… ჩვენ გუშინ უკვე მობილიზებული ვიყავით სამხედრო პოზიციებზე,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი. მისი თქმით, უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებს შორის ამ დრომდე არავინ დაშავებულა.

„ყველა ვართ სხვადასხვა საბრძოლო პოზიციაზე, ვიგერიებთ მტერს,“ – აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა „ბათუმელებთან“.

————————

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/life/593189/

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა მიუღებელია – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე  უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა მიუღებელია.

სამხედრო შეტევა სუვერენულ სახელმწიფოზე მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გაატარონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევასთან დაკავშირებით და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“ – აცხადებს ღარიბაშვილი.

დღეს რუსულ აგრესიას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი შოკირებულია ამ აგრესიით.

 

უკრაინის შსს: დაღუპულია 3 მესაზღვრე, არიან დაჭრილები

უკრაინის შს სამინისტრო უკრაინის დროით 10:10 საათზე „რუსეთის შემოსევასთან დაკავშირებით“ მოკლე განცხადებას ავრცელებს.

უკარინის შს სამინისტრო რუსეთის არმიასთან პირდაპირი შეტაკებებისა და დაღუპულების შესახებ იუწყება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტებში – კოპანისა და ივანოვოს მიდამოებში უკრაინელი სამხედროები მოწინააღმდეგეს ებრძვიან.

უწყების ინფორმაციით, „ამ დროისთვის ცნობილია 3 დაღუპული მესაზღვრის შესახებ. არიან დაჭრილები“.

___

ფოტო: უკრაინის შს სამინისტრო

ქართველი ერი შოკირებულია, დიდება უკრაინას – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა twitter-ზე რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

„ქართველი ხალხი შოკირებულია რუსეთის აგრესიის გამო უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, 24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში. ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს მთავრობას. ომის დაწყებას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

დღეს უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ორი აქცია გაიმართება

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად  სოლიდარობის ორი აქცია გაიმართება. აქცია 17 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება.

ბათუმში 19 საათზე უკრაინის სოლიდარობის აქცია დაანონსებულია ასევე ევროპის მოედანზე.

დღესვე, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია  გაიმართება თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. ეს აქცია სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და პარტიის ორგანიზებით დაიგეგმა. მათ შორის არიან: „დროა“, „სირცხვილია“, ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა – „შეცვალე“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“.

რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

დადასტურდა კოვიდის 8455 ახალი შემთხვევა | 24 თებერვალი

24 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 8 455 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 პაციენტი.

აჭარაში ბოლო 24 საათში დადასტურდა კოვიდის 624 ახალი შემთხვევა. 

დღეის მდგომარეობით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 5 096 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროებშია 781 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 22,9 პროცენტი.

„დაუყოვნებლივ შევაჩეროთ პუტინი“ – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დღეს, 24 თებერვალს, დილით დაიწყო. რუსეთმა უკრაინის ქალაქები დაბომბა.

ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა: „მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ  შევაჩეროთ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ანტიპუტინური კოალიციის შექმნა! სასწრაფო სანქციები, თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის! დაკეტეთ საჰაერო სივრცე! მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი, მშვიდობას დაუბრუნდეს“

10:06 წუთზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა მეგობარ ქვეყნებს და მოუწოდა, რომ შეაჩერონ პუტინი. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ანტიპუტინური კოალიცია და დაუყოვნებლივ უნდა გაეწიოს უკრაინას როგორც ფინანსური, ასევე თავდაცვის კუთხით მხარდაჭერა.

დღეს უკრაინის საჰაერო სივრცეც ჩაიკეტა.

08:42 საათიდან უკრაინულ ვებსაიტებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა მიმდინარეობს.

08:33 საათზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას გამოეხმაურა და დასძინა, რომ „მხოლოდ მოსკოვია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რომელსაც ეს შეტევა მოიტანს. მისი თქმით, „მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“.

9:06 საათზე კი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმით „სისხლისღვრისა და ნგრევის“ გზა აირჩია.

___

ვრცლად:

https://netgazeti.ge/life/593189/

დემენციიის 12 რისკფაქტორი, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელია – ახალი კვლევა

მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში დემენციით დაავადებული ადამიანების რიცხვი სამჯერ გაიზრდება – დღევანდელი მაჩვენებლიდან, რომელიც 57 მილიონ ადამიანს მოიცავს, 2050 წლისთვის დემენციით დაავადებულთა რიცხვი 152 მილიონამდე გაიზრდება, ნათქვამია ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში.

დემენციის განვითარების მრავალ რისკფაქტორს მეცნიერები აღწერენ, როგორც „მოდიფიცირებადს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ქცევის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დემენციის განვითარების შანსებზე.

ახალი პროგნოზის ფონზე, სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დემენციის ისეთი რისკფაქტორების ცოდნის მნიშვნელობაზე, რომელთა თავიდან არიდებაც პირადი თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებით შესაძლებელია.

„ამ ფაქტორების განხილვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების საშუალებით არის გზა დაავადების გავრცელების შემცირებისკენ” – ვკითხულობთ კვლევაში.

ცნობები დემენციის განვითარების 12 მოდიფიცირებადი რისკფაქტორის შესახებ მოყვანილია სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ დემენციის შესახებ ანგარიშში, რომელიც 2020 წელს განახლდა. დემენციის რისკფაქტორებია:

  • ნაკლები განათლება
  • ჰიპერტენზია
  • სმენის დაქვეითება
  • მოწევა
  • სიმსუქნე
  • დეპრესია
  • ფიზიკური უმოქმედობა
  • დიაბეტი
  • მცირე სოციალური კონტაქტი
  • ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება
  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანება
  • ჰაერის დაბინძურება

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს 12 მოდიფიცირებადი რისკფაქტორი მსოფლიოში დემენციის შემთხვევების დაახლოებით 40%-ს ითვლის.

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე წერს, რომ რეგულარულ ვარჯიშსა და ჯანსაღ დიეტას, რომელშიც შემცირებულია შაქარი და გაჯერებული ცხიმები, მოწევასა და ალკოჰოლის მოხმარებაზე თავის დანებებას შეუძლია შეამციროს დიაბეტის, ჰიპერტენზიის, მაღალი წნევის და დეპრესიის რისკები.

მნიშვნელოვანია ძილის ფაქტორიც. გამოცემის ცნობით, 2021 წელს გამოქვეყნებულმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ 50-60 წლის ადამიანებში, რომლებსაც საკმარისად არ სძინავთ, მეტია ალბათობა, რომ უფრო ხნიერ ასაკში, შესაძლოა, ისინი დაავადდნენ დემენციით.

გარდა ამისა, New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელშიც 75 წელზე მეტი ასაკის 469 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ცეკვა არის ერთადერთი ფიზიკური აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია დემენციის რისკის შემცირებასთან.

მიუხედავად დემენციით დაავადებული ადამიანების პროგნოზირებული რაოდენობის ზრდისა, ასაკობრივი მაჩვენებელი სტაბილური დარჩა 2019-დან 2050 წლამდე. „გლობალურად 2019 წელს დემენციით უფრო მეტი ქალი იყო დაავადებული, ვიდრე კაცი და ჩვენ მოველით, რომ ეს გაგრძელდება 2050 წლამდე.“ – წერენ სპეციალისტები.

ამავე თემაზე:

როგორია ალცჰაიმერის სიმპტომები და რა არის ცნობილი პრევენციაზე

მაზნიაშვილის რაზმი და არა იუნკრები – ვისი საფლავია ბათუმში, გმირთა სკვერში

ბათუმში, გმირთა სკვერში მდებარე საერთო საფლავს ხშირად უწოდებენქართველი იუნკრების საფლავს“, თუმცა აქ არა საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუნკრები, არამედ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმის წევრები არიან დაკრძალული. 

ბათუმში 1921 წლის მარტში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმმა, რომელშიც შედიოდნენ როგორც რეგულარული ჯარის ჯარისკაცები, ასევე, ბათუმელი და ახლო-მახლო სოფლებიდან ჩამოსული მოხალისეები, შეძლო ბათუმის გათავისუფლება ოსმალებისგან. ბრძოლაში 84 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ამ ადგილას დაკრძალეს. 

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი ამბობს, რომ არასწორი წარმოდგენა ბათუმში, გმირთა სკვერში დაკრძალული ჯარისკაცების ვინაობის შესახებ, შესაძლოა, 1921 წელს კოჯორტაბახმელასთან გამართული იუნკერთა ბრძოლების გამო შეიქმნა.

„1921 წელს კოჯორტაბახმელასთან დიდი ბრძოლები იუნკერთა სკოლის მოსწავლეებმა გამართეს. როდესაც გაიცა ბრძანება თბილისის დატოვების შესახებ, იუნკრებმა უკან დაიხიეს. 10 იუნკერი დაიღუპა მაშინ, მათ შორის, მარო მაყაშვილი

და აი, ეს იუნკრები უკან რომ წამოვიდნენ, ხალხს შეექმნა წარმოდგენა, რომ ბათუმში ეს საფლავებიც იუნკრებს ეკუთვნოდა

სინამდვილეში, ბათუმში დასაფლავებულია გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან ერთად მებრძოლი 50 ადამიანი. მათ შორის, 19 წლის მოწყალების დამაყვალა ყანჩაველი

ცნობილია იქ დაკრძალულთა გვარებიც: ნარსია, დავითაია, ფილია, შონია, ურუშაძე, დვალიძე და .. მათი საფლავები 1990 წელს გაითხარა და დაკრძალვაში მეც ვმონაწილეობდი,“ – ამბობს ოთარ გოგოლიშვილი

მისი თქმით, დაღუპულებს შორის ერთერთი, შესაძლოა, მართლაც ყოფილიყო იუნკერი.

არის ვარაუდი, რომ ეზუგბაია, რომელიც აქ არის დასაფლავებული, სწავლობდა იუნკერთა სკოლაში, რომ კოჯორტაბახმელასთან ბრძოლისას მან უკან დაიხია, გამოჰყვა გენერალ კვინიტაძეს, ბათუმში დარჩა და შეუერთდა მაზნიაშვილის ჯარს“.

მაზნიაშვილის რაზმის საფლავი ბათუმში 1990-იან წლებში გათხარეს. მაშინ, ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის დროს, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული ამ ამბით. მათ შორის იყო არქეოლოგიირაკლი ჩავლეიშვილი.

„1990 წელს საკვლევაძიებო არქეოლოგიურ გათხრებს მე ვხელმძღვანელობდი და მეხმარებოდა ასევე არქიტექტორი გიორგი რამიშვილი.

მაშინ აღმოვაჩინეთ მაზნიაშვილის ჯარის წევრების ნეშტები, ასფალტის ქვეშ იყო მოქცეული. 84 გარდაცვლილიდან ზოგი გადაასვენეს ჭირისუფლებმა, დანარჩენი 50 დავკრძალეთ“ – იხსენებს ირაკლი ჩავლეიშვილი.

გათხრები ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გათხრებს ესწრებოდა რეჟისორი და ძველი ბათუმის ისტორიის მკვლევარი შოთა გუჯაბიძეც. იგი ამბობს, რომ ეს სრულიად სახალხო მოვლენა იყო.

მან გვიამბო ისიც, თუ როგორ ყალბდებოდა წლების განმავლობაში ამბავი იმის შესახებ, თუ ვინ იყო დაკრძალული ამ ადგილას.

„1921 წელს ბათუმში, ამ მოედნის ტერიტორიაზე, იდგა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და დაღუპულები ტაძრის წინ დაკრძალეს.

შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ ისინი გამოაცხადა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისთვის დაღუპულებად და ობელისკიც დაუდგეს საბჭოთა ხელისუფლების სიმბოლოთი

მერე უკვე ეს საფლავები დაიკარგა, შეგნებულად დაკარგეს, გადაატარეს ასფალტი. ობელისკი გადაიტანეს სადღაც, მაქსიმალურად ეცადნენ, რომ ყველანაირი კვალი წაეშალათ“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მას ვკითხეთ ისიც, თუ როგორ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გმირთა სკვერში ქართველი იუნკრები არიან დაკრძალული. შოთა ამბობს, რომ ეს მედიის ბრალია, რომელიც ხშირად მოიხსენიებს ამ ადგილს, როგორც ქართველი იუნკრების საფლავს.

ჩვენ თვალწინ ძალიან მარტივად ყალბდება ისტორია“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.  

წაიკითხეთ ვრცლად, რა მოხდა ბათუმში 1921 წლის მარტში. 

23 მარტი და წინასწარ გამოცხადებული დახვრეტის ქრონიკა

„ომი დასრულდება, თუ პუტინმა დაიჯერა დასავლეთის ერთიანობა“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„არანაირი ბზარი დასავლეთის ერთობაში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ეს ბზარი გამოჩნდება, რუსეთი მაშინვე გადავა სამხედრო აგრესიაზე,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ვესაუბრეთ სანქციებზე, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვკითხეთ იმაზეც, თუ რას შეიძლება ელოდეს საქართველო ამ პროცესში და რა საფრთხეებს აჩენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება საგარეო ურთიერთობებში? რამდენად იზრდება ან მცირდება ახლა იმის შანსი, რომ უკრაინასთან ერთად ნატოში მიგვიღონ?

  • ქალბატონო თინა, თქვენი დაკვირვებით, როგორ აღიქვეს რუსეთში სანქციები და თქვენი მოლოდინი როგორია – რომელმა სანქციამ შეიძლება შეცვალოს რუსეთის მიდგომა? 

იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტ სანქციას ვნახავთ, მაგრამ ყველაზე ფუნდამენტური და სურათის შემცვლელი შესაძლოა აღმოჩნდეს სუვერენულ ვალთან დაკავშირებული სანქცია. მოგეხსენებათ, რუსეთს 500 მილიარდამდე საგარეო ვალი აქვს და რუსეთის ეკონომიკური სტაბილურობა სწორედაც დამოკიდებულია დასავლეთის ფულზე. სრულფასოვანი მიდგომა თუ განხორციელდა ამ მიმართულებით, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრემლს და პუტინის რეჟიმს.

ასევე, პუტინის პირადი გარემოცვის დასანქცირება, რომლებიც უშუალოდ არიან პუტინთან დაკავშირებულები, გამოიწვევს შიდა პრობლემებს კრემლში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს აღმოაჩნდეთ გეგმა B, რომლის მიხედვითაც პუტინის გარეშე მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, რომ უარეს პანიკაში არ ჩავარდნენ.

  • რაზეა დამოკიდებული ამ სანქციების ეფექტურობა? 

აქ საუბარია, რამდენად ერთმნიშვნელოვნად შეფასდება ეს სანქციები რუსეთში. საუბარია ასევე რუსეთის გათიშვაზე საერთაშორისო საფინანსო ქსელებიდან, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა, მაგრამ თუ მოსკოვში დაიჯერებენ, რომ ნამდვილად აღარაფერზე უკან აღარ დაიხევს დასავლეთი, მაშინ ჩვენც უნდა მოველოდეთ იმას, რომ გარკვეული ცვლილებები დაიწყება.

მაგალითად, „ნორდ სტრიმ 2-ის“ შეჩერება არის კარგი მაგალითი, რომ ის კი არ გაუქმდა, არამედ შეჩერდა. გააჩნია, როგორ იფიქრებენ ახლა რუსეთში, ეს შეჩერება შესაძლოა შეწყვეტით დასრულდეს, თუ რაღაც პერიოდს გადააგორებენ და შემდეგ განახლდეს.

ახლა მთავარია, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება დასავლეთის ერთიანობა და ამ პროცესის უწყვეტობა კრემლისთვის. თუ ეს ორი ფაქტორი სახეზეა და კრემლმა დაიჯერა დასავლეთის ერთიანობის მუდმივობა, რომ, მაგალითად, სანქცირების რეჟიმი უწყვეტია და ეს გაგრძელდება საბოლოო შედეგების დადგომამდე, ანუ აღიარების უკან წაღებაზე, ჯარის გაყვანაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, სრულიად სხვანაირად დაიწყებს კრემლი მოქმედებას და ამასობაში, პუტინს ძალაუფლებაც შემოეცლება.

  • ფეისბუქში წერდით, რომ „პუტინი წააგებს ამ ომს, ის მწარედ დაისჯება, მაგრამ სად გადის ზღვარი?“. საინტერესოა, სად არის ზღვარი ამ პროცესში? 

რა თქმა უნდა, საფიქრალია, რა იქნება მსხვერპლი, რასაც კრემლი მოითხოვს. მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ შეჩერდეს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგი ფაზა, რაც ჯერჯერობით სახეზეა. მაგრამ სანქციების სიმკაცრესა და დასავლეთის ერთობაზე იქნება ეს დამოკიდებული. არანაირი ბზარი ამ ერთობაში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ეს ბზარი გამოჩნდება, რუსეთი მაშინვე გადავა სამხედრო აგრესიაზე.

  • რამდენად გართულდება პუტინის უკან დახევა ახლა – დონეცკის და ლუგანსკის აღიარების შემდეგ? 

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები აქვს პუტინს მისაღები. 2008 წელსაც ამას განვიხილავდით, რომ ყველაზე მძიმე იყო ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება არა თავად ამ ფაქტის გამო, რომ აღიარება მოხდა, არამედ იმის გამო, რომ ასეთი ფაქტის უკან წაღებაა ყველაზე რთული, განსაკუთრებით იმ ტიპის მმართველისთვის, როგორიც პუტინია. ძალიან სერიოზული მიზეზები სჭირდება ახლა პუტინს იმისთვის, რომ ეს აღიარებები უკან წაიღოს. ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სამხედრო შენაერთების გაყვანა იქიდან, აღიარების უკან წაღება იქნება ბევრად უფრო მძიმე პუტინისთვის პოლიტიკურად, ვიდრე ჯარის გაყვანა. მას ყველა საბაბი უნდა მისცეს დასავლეთმა ამისთვის, რომ უფრო მეტი საფრთხე დაინახოს, ვიდრე ეს არის რეპუტაციის შელახვა.

  • რამდენად შეიძლება შეიცვალოს ევროკავშირის და ნატოს მიდგომა – ზელენსკიმ მიუნხენის სამიტზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ღია კარზე უფრო მნიშვნელოვანი კონკრეტული გადაწყვეტილებებია. 

მე არ ველოდები მადრიდის სამიტზე, ნატოს შესასვლელში, წითელი ხალიჩის დაგებას, თუმცა ახლა ვითარება სწორედ იმ დინამიკაშია, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ზუსტად ისე, როგორც 2001 წელს, როცა არავინ ელოდა ნატოს ფართომასშტაბიან გაფართოებას, მაგრამ შემდეგ იყო 11 სექტემბერი და უცებ ამდენი სახელმწიფო მიიღეს ნატოში.

ასე, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ საქმეში ყველაზე დიდი მოკავშირე ჩვენთვის არის პუტინი, მის  მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ექსტრემალურ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს ნატოს შემდგომი გაფართოება. მე არ გამოვრიცხავ ამას მადრიდის სამიტზე, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ეს ერთობა, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

  • რა შეიძლება მოხდეს, მათ შორის, საქართველოში, თუ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინაში ვერ შეაჩერებს დასავლეთის სანქციები?

უკრაინა თუ დამარცხდა ამ ომში, აი, გამოთქმა არსებობს: „ქათამმა თქვა, ძროხა დაკლეს და მეც დამაკლესო“, ჩვენც ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, მაგრამ ეს არ არის ის სცენარი, რომელიც დღეს ლეგიტიმურია განსახილველად.

მთავარი სხვაობა, რაც ახლა 2008 წელთან არის – დასავლეთმა დაიჯერა და საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინის მარცხი მათი მარცხია. მათ დაიჯერეს და საუბრობენ ამაზეც, რომ მოსკოვი კიევში სინამდვილეში ომობს ვაშინგტონთან, ბრიუსელთან, ლონდონთან და არა კიევთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მაღალია რისკები მათთვის და ეს რისკები გაცნობიერებულია. ეს რისკები კი, კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის მარცხის ალბათობას.

  • იზიარებთ მოსაზრებას, რომ საქართველო არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც რუსეთმა წააგო საინფორმაციო ომი? თუ ეს ასეა, რას აჩვენებს საქართველოს პოზიციები დღეს – ვგულისხმობ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პოზიციონირებას. 

რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან 2008 წლის გაკვეთილი, სამწუხაროდ, დიდი ხნის დაგვიანებით, მაგრამ ახლა ისწავლა დასავლეთმა.

ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების ქცევა არის აბსოლუტურად არაადეკვატური და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშიც კია. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ ფუნდამენტური სიგიჟე, ძალიან დიდი შეცდომა არ ჩაიდინოს კობახიძის იდეოლოგიით ქვეყნის პრემიერმა. ამასობაში, იმედია, არჩევნებიც მოგვისწრებს და იმედია, გვეშველება.

  • რა შეიძლება იყოს ეს „ძალიან დიდი შეცდომა“? 

უკიდურეს სიტუაციაში ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის ნეიტრალიტეტზე პოზიციონირებით, ნატოზე უარის თქმა და სხვა ტიპის პოზიციონირება. ეს არის მაქსიმალური პრობლემა, რაც შეიძლება ჩვენ უახლოეს მომავალში დაგვიდგეს. ამაზე დღეს საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, თუმცა კარგად ვიცით, ვინ დგას მათ უკან.

საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მლნ-ის, ხოლო შემოტანილია 85 მლნ-ის პროდუქცია 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თურქეთის შემდეგ რუსეთი მეორე ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა საქართველოში.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია 85 მილიონ 929 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მილიონ 684 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია.

წინა, 2021 წლის იანვართან შედარებით კი, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან იმპორტი 30,2 მილიონი დოლარითაა გაზრდილი, მაშინ, როცა ექსპორტი რუსეთში გაზრდილია მხოლოდ 19,9 მილიონი დოლარით.

მთლიანობაში კი რუსეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში 43 მილიონი დოლარით მეტი პროდუქციაა შემოტანილი, ვიდრე გატანილია [ეს მაჩვენებელი გასული წლის იანვარში 33 მილიონი დოლარი იყო].

2022 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია:

  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – 12,5 მილიონი დოლარის
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 8,5 მილიონი დოლარის
  • სატელეფონო აპარატები – 3,7 მილიონზე მეტი დოლარის
  • ხორბალი და მესლინი – 3,5 მილონი დოლარის
  • მარგარინი – 3,3 მილიონი დოლარის
  • დანარჩენი საქონელი – 54,1 მილიონი დოლარის

2022 წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში გატანილია:

  • ფეროშენადნობები – 13,2 მილიონი დოლარის
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 8,7 მილიონი დოლარის
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 4,7 მილიონი დოლარის
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები, თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან – 2,9 მილიონი დოლარის
  • ციტრუსის ნაყოფი- ახალი და გამხმარი – 2 მილიონი დოლარის.
  • დანარჩენი საქონელი – 11 მილიონი დოლარის.

ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის [2022 წლის იანვრის მონაცემებით], თურქეთისა და რუსეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდიან: ჩინეთი, უკრაინა, ბულგარეთი, აშშ, იაპონია, გერმანია და სომხეთი.

რაც შეეხება პირველ ადგილზე მყოფ თურქეთს. თურქეთიდან საქართველოში გასულ წელს 93,3 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, საქართველოდან კი – 21,4 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა.

ტყეებში ხანძარი გახშირდება, მთავრობები მზად არ არიან – გაეროს ექსპერტები

ტყეებში ხანძრის შემთხვევები 21-ე საუკუნის ბოლოს 50%-ით უფრო ხშირი მოვლენა იქნება – ნათქვამია გაეროს უახლეს ანგარიშში. 

გაერო გვაფრთხილებს ტყეების უკონტროლო ხანძრის შესახებ, რომელიც ემუქრება პლანეტის იმ ადგილებს, რომელთაც აქამდე ხანძარი საერთოდ არ შეხებია. ნაირობიში გამართული გარემოსდაცვითი ასამბლეის წინ გაეროს ექსპერტებმა თქვეს, რომ არქტიკაც კი, რომელიც მანამდე ამ მხრივ იმუნური იყო, ახლა დგას ტყეებში ხანძრის მზარდი რისკის წინაშე.

„ისეთ ადგილას, როგორიცაა არქტიკა, დიდი ალბათობით, საუკუნის ბოლოსთვის ხანძრის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი. სავარაუდოდ, იმატებს ხანძარი ინდონეზიისა და სამხრეთ ამაზონის ტროპიკული ტყეების ტერიტორიებზე, თუ სათბურის გაზების გამონაბოლქვი არსებული ტემპით გაგრძელდება“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

კლიმატის მზარდი კრიზისი და მიწის გამოყენების ცვლილებები იწვევს ტყეებში ხანძრის გლობალურ ზრდას. 2030 წლისთვის [2010-2020 წლებში დაფიქსირებული ხანძრის შემთხვევების რაოდენობასთან შედარებით] მოსალოდნელია – 14%-იანი, 2050 წლისთვის კი 30%-იანი ზრდა – ნათქვამია გაეროს ანგარიშში, რომლის მომზადებაში 50-ზე მეტი საერთაშორისო მკვლევარი მონაწილეობდა.

მკვლევრები მოუწოდებენ მთავრობებს, რომ ტყეებში ხანძართან საბრძოლველად შეიტანონ რადიკალური ცვლილებები სახელმწიფო ხარჯებში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მთავრობები ფულს არასწორ ადგილას დებენ საგანგებო სამსახურების მუშაობაზე ფოკუსირებით, როცა ხანძრის თავიდან აცილება უფრო ეფექტური მიდგომა იქნებოდა.

ტყეებში ხანძარზე პირდაპირი რეაგირება ახლა  იღებს დაფინანსების 50%-ზე მეტს, ხოლო დაგეგმვა და პრევენცია – 1%-ზე ნაკლებს. ანგარიშის ავტორები ითხოვენ „ცეცხლისთვის მზა ფორმულას“ ინვესტიციების ისეთი დაბალანსებით, სადაც ნახევარი დაიხარჯება დაგეგმვაზე, პრევენციასა და მომზადებაზე, დაახლოებით მესამედი – რეაგირებაზე და 20% – აღდგენაზე.

„გარდიანი“ ანგარიშის ავტორებზე დაყრდნობით წერს, რომ არსებობს მრავალი ბუნებრივი გამოსავალი, მათ შორის, ლანდშაფტების მართვა მათი საძოვრებად გამოყენებით, რათა შემცირდეს აალებადი მასალების რაოდენობა ლანდშაფტში, ასევე, ადამიანების სახლებთან ძალიან ახლოს მდგომი ხეები და ა.შ.

„ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ თუ მსოფლიო გასცემს ფულს ხანძრის პროაქტიული მართვისთვის, ექსტრემალური ხანძრის შემთხვევები აღარ იქნება, რადგან ეს გამოწვეულია გლობალური კლიმატის ცვლილებით, თუმცა ეს ნამდვილად დაგვეხმარება ზემოქმედებისა და ზიანის მინიმუმამდე დაყვანაში“ – ამბობს „გარდიანთან“ საუბრისას პროფესორი სალი არჩიბალდი, იოჰანესბურგის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის ეკოლოგი, რომელიც ჩართული იყო ანგარიშის მომზადებაში.

როცა შეშა არ მაქვს და ცივა, საწოლიდან ვერ ვდგები – შშმ ქალი, რომელიც ხულოში მარტო ცხოვრობს

65 წლის ეთერ ცეცხლაძე დაბა ხულოში მარტო ცხოვრობს, პატარა ბინაში, რომელიც ძმამ დაუთმო. ეთერი ბავშვობიდან შშმ პირია. 10 წლის წინ ხელჯოხების დახმარებით გადაადგილდებოდა, მაგრამ ახლა ეთერი ეტლით მოსარგებლეა.

ეთერის თქმით, მისი ბინა ისეთი ვიწროა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ორი ადამიანის ერთად ცხოვრება.

„ეს ბინა ჩემმა ძმამ დამითმო, შევეცოდე, თვითონ კი ქირით გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად. ადრე ყავარჯნების დახმარებით შემეძლო სიარული, ახლა აღარ შემიძლია.

როცა ჩემი ძმა აქეთ იყო, ყურადღებას მაქცევდა, მაგრამ მას და მის ცოლსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და წასული არიან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. უკვე 4 თვეა, რაც სრულიად მარტო ვარ“, – ამბობს ეთერი.

ეთერის შემოსავალი პენსიაა. მან გვითხრა, რომ პენსია წამლებისთვისაც კი არ არის საკმარისი და ხანდახან თავად ექიმები ეხმარებიან წამლების შეძენაში.

„პენსიაზე ვარ დამოკიდებული, ისეთი შემთხვევებიც მქონია, ექიმი რომ წამლებს გამომიწერს, შევეცოდები და ფულსაც მაძლევს მათ შესაძენად, 15-20 ლარს.

წამლებზე 200-ლარიანი ვაუჩერი გვაქვს წელიწადში, 200 ლარი ერთ თვეში გაიხარჯება და შემდეგ რა უნდა ვქნათ?! შეიძლება უჭმელობა მოითმინო, მაგრამ წამლის, გამაყუჩებლების გარეშე ვერ გაძლებ“.

ქალი სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მან გვითხრა, რომ მალე შეშაც გაუთავდება და ხულოს ცივ ზამთარში გათბობის გარეშე დარჩება.

„ამ თვის ბოლომდეც არ მეყოფა ალბათ შეშა, რაც მორჩენილი მაქვს და შემდეგ რას ვიზამ, არ ვიცი.

მქონია დღეები, როცა შეშის უქონლობის გამო გათბობა საერთოდ არ მქონდა. ასეთ დღეებში ვცდილობ, რომ საწოლიდან საერთოდ არ ავდგე, მაგრამ გშივდება ადამიანს, ხომ უნდა ჭამო, ილოცო, რამდენ ხანს შეიძლება იწვე“, – ამბობს ეთერი.

მისი თქმით, ადრე კერვა და ქარგვა შეეძლო, მაგრამ ახლა აღარ შეუძლია, რადგან მუდმივად აწუხებს ხელების ტკივილი და უღონობა.

„მეზობლები მიდგანან გვერდში. ამ სახლში ჩემმა ძმამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ როგორმე ჩემით საჭმელი მოვიმზადო. ადრე შემეძლო ხელსაქმე, ახლა აღარ შემიძლია, ხელებიც მტკივა და ამიტომ მიჭირს“, – გვითხრა მან.

ეთერის თქმით, გარეთ შემოდგომის შემდეგ არ ყოფილა, რადგან ხულოში წელს დიდთოვლიანი ზამთარია, ეთერი კი დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. ამასთან, ხულოს ინფრასტრუქტურა მოხერხებული არ არის ეტლით მოსარგებლეებისთვის.

„მხოლოდ ერთი მეზობელი მყავს, ვისთანაც შემიძლია მივიდე, პანდუსი აქვს, სხვაგან ვერსად მივდივარ. ეტლის გარეშე მე ვერ წავალ, ეტლი არ მიდის ადამიანებთან.

შემოდგომის შემდეგ არ ვყოფილვარ გარეთ. ელექტროეტლი რამდენიმე წელია რაც მაქვს, თუ მეზობლები არიან ახლოს, ისინი მეხმარებიან, თუ არავინაა, ჩემით გადავჯდები ხოლმე, მიჭირს, მაგრამ როგორღაც ვახერხებ“, – ამბობს ეთერი.

ეთერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეტლით მოსარგებლეებისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ხულოში და მით უმეტეს მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებით მდებარე სოფლებში, ცხოვრება ხანგრძლივ და ცივ ზამთარში რთულია – მათ ხშირად სჭირდებათ ექიმების დახმარება, ეტლით მოსარგებლეებისთვის კი გადაადგილება არამხოლოდ ზამთარში, ზაფხულშიც ძალიან რთულია.

ქალის თქმით, გასულ წელს 4-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში, გადაიტანა კოვიდიც.

„ხშირად ვხვდები ავად და ექიმები ხანდახან თვითონ მოდიან ჩემთან. მე თაგოდან ვარ, ხულოში ბინა მქონდა, რომელიც დამეწვა. გამგეობაში მეუბნებოდნენ, წადი და სოფელში დაჯექიო, მაგრამ ყოველთვის, მაგალითად, ზამთარში, როცა მაღალია თოვლის საფარი, ექიმი მოვა და დახმარებას გამიწევს? ექიმებთან ახლოს უნდა ვიყო, რადგან სულ მჭირდება მათი დახმარება.

ჩვენი საჭიროებების მქონე ადამიანების ცხოვრება სოფლებში ძალიან რთულია. ჩვენ არ შეგვიძლია შორს წასვლა, ამიტომ აუცილებელია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი  იყოს ხულოში. ხელში უნდა ამიყვანონ, რომ მანქანაში გადამიყვანონ და სადმე წავიდე.

ადრე, როცა ექიმთან ვიყავი წასასვლელი, ჩემს ძმას ავყავდი ხელში, მსვამდა მანქანაში და ასე მივყავდი საავადმყოფოში, ახლა მარტო ვარ დარჩენილი“, – ამბობს ეთერი.

ეთერი ამბობს, რომ ხულოში ბინა მამისგან დარჩა, რომელიც გაიფორმა კიდეც, მაგრამ შენობა დაიწვა და მის ნასახლარზე იუსტიციის სახლი ააშენეს, თვითონ წინააღმდეგი იყო და ბინით დაკმაყოფილებას შეჰპირდნენ.

„ჩემს ნასახლარზე უკვე ააშენეს სხვა შენობა. ანზორ ბოლქვაძე [პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი აჭარიდან] შემპირდა, ამ შენობას მე ვაშენებ და ბინით დაგაკმაყოფილებო. ახლა მეუბნებიან, შენ ბინა გქონდა გაფორმებული და არა მიწაო“, – ამბობს ეთერი.

შავი ჯიპი ბათუმის მერიის წინ ტროტუარზე – პარკირების წესების 156 დარღვევა 1 დღეში | ფოტო

დღეს, 23 თებერვალს, პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 156 მძღოლი დააჯარიმა, მათგან 27 ტროტუარზე დგომის გამო.

პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დააჯარიმეს 111 ადამიანი, 5 – ნიშანში დგომისთვის, 9 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, მათგან 2 იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, 1 – შშმ პირის ტრანსპორტისათვის განსაზღვრულ ადგილზე, 1 კი – ველობილიკზე.

ეს ფოტოები ბოლო ორი დღის განმავლობაში, 22-23 თებერვალსაა გადაღებული.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“ 
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

იუნკრების ხსოვნის დღე ბათუმში ბელარუსების მონაწილეობით

დღეს, 23 თებერვალს, ოკუპაციიდან 101-ე წელს, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან შეიკრიბნენ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები, მოქალაქეები უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს, რომლის ტერიტორიებს რუსეთი კვლავაც იტაცებს მცოცავი ოკუპაციით, ასევე უკრაინასა და ბელარუსს, სადაც მიმდინარე პროცესები რუსეთის აგრესიის გაგრძელებაა.

მემორიალთან შეკრებილებმა დღეს საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ იუნკრების მემორიალი მისთვის სიმბოლური ადგილია, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ ჩვენი თანამემამულეები.

„ეს ბრძოლა არ დასრულებულა და დღესაც ვიბრძვით ჩვენთანაც, უკრაინაშიც და ბელარუსშიც. თავისუფლებისთვის ბრძოლას არ აქვს საზღვრები. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ბელარუსს და პატივს მივაგებთ ჩვენს გარდაცვლილ იუნკრებს, რომლებიც შეეწირნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისუფლების ანტონიმად იქცა თანამედროვე მსოფლიოში”, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ბელარუსიის მოქალაქე აქციაზე ბათუმში

ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან იმყოფებოდა დღეს ბელარუსიდან გამოქცეული სერგეი კრუჩკოვიც ბელარუსის სხვა მოქალაქეებთან ერთად.

„ჩემს ქვეყანაში ახლა ათი ათასამდე რუსი ჯარისკაცი დგას. მინდა წავიდნენ ჩემი ქვეყნიდან. პუტინს მიაჩნია, რომ ქვეყნები „ცუდად” გრძნობენ თავს რუსეთის გარეშე. პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს. მადლობა, მაგრამ არ სჭირდებათ ჩვენს ქვეყნებს რუსეთის მოტანილი „სიკეთეები“, მიხედონ საკუთარ ქვეყანას. ჩემი აქ დგომით მინდა პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას და მხარი დავუჭირო უკრაინას ამ მისთვის რთულ დროს.

მინდა ასევე ვისურვო, რომ ჩემი სამშობლო, ბელარუსი, სადაც აღარ ჩამესვლება, მალე იქცეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყნად. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ჩემს ბელარუს ხალხს, ვისაც პუტინის მიერ მხარდაჭერილ, დიქტატორ ლუკაშენკოს რეჟიმში უწევს ცხოვრება“, – ამბობს ბელარუსის მოქალაქე სერგეი კრუჩკოვი.

სერგეი კრუჩკოვი

საქართველოში დღეს 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში, თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში რუსეთის წინააღმდეგ, დაიღუპნენ 20-25 წლის იუნკრები თბილისის სამხედრო სკოლიდან.

იუნკრების ხსოვნის დღე, 23 თებერვალი, 2010 წლიდან აღინიშნება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

Exit mobile version