რუსეთს ლუდის კომპანია „კარლსბერგიც“ ტოვებს

ჰოლანდიური Heineken-ის შემდეგ დანიური ლუდის მწარმოებელი კომპანია Carlsberg-იც აცხადებს, რომ სრულად ტოვებს რუსეთის ბაზარს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთლიანად დავტოვოთ რუსეთი, რაც მიგვაჩნია, რომ სწორია დღევანდელ ვითარებაში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„კარლსბერგი“ მთლიანად ტოვებს რუსეთის ბაზარს, „ჰეინეკენის“ მსგავსად, რომელმაც დღეს განაცხადა რუსეთიდან გასვლის შესახებ.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/WEDA

კითხვა ლავროვს „პუტინის შესაძლო გადაყენებაზე“ და მისი პასუხი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დღეს სერბმა ჟურნალისტებმა „ოლიგარქების უკმაყოფილებაზე“ და ამის გამო პუტინის „შესაძლო გადაყენებაზე“ ჰკითხეს. ლავროვმა ინფორმაციას უწოდა „უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული სისულელე“, რის გავრცელებაშიც უცხოეთში მყოფი ნეოლიბერალი რუსებიც მონაწილეობენ.

„არ მინდა სისულელეზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს ზუსტადაც რომ სისულელეა, რომელსაც უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამას ავრცელებენ ასევე ჩვენი რუსი ნეოლიბერალები, რომლებიც ახლა უცხოეთში იმყოფებიან.

როგორც ჩანს, იქ მათ დილით ურიგებენ მასალებს, რაც აუცილებლად უნდა გაახმოვანონ და ისინიც ახმოვანებენ.

ეს ყველაფერი აშკარა ტყუილია. ყველა ცოცხალია, ჯანმრთელია და ყველა მუშაობს. ამის ნახვა რეგულარულად შეგიძლიათ ტელეეკრანებზე, სოციალურ ქსელებში. მთავრობა მუშაობს, მთლიანი ადმინისტრაცია მუშაობს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

____

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, ამის გამო დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესეს. მათ შორის პუტინის გარემოცვასთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს გაუყინეს კაპიტალი და ჩამოართვეს ქონება.

რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 12 და დაიჭრა 10 ჟურნალისტი – უკრაინის გენპროკურორი

რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ 12 ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა, 10 რეპორტიორი კი დაიჭრა – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს.

უფლებადამცველების მიერ რეგისტრირებულია სულ მცირე 7 შემთხვევა, როცა დაცხრილეს და გაანადგურეს ტელეანძები და ტელერადიოკომპანიები.

გენპროკურორის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ მედიის სულ მცირე 56 წარმომადგენლის წინააღმდეგ არის ჩადენილი დანაშაული.

გენპროკურორის განცხადებით, 25 მარტს დაბომბილი ჩერნიგოვიდან ევაკუაციის გადაღებისას დაცხრილეს ტელეარხ „1+1“-ისა და თურქული არხის „TRT World“-ის გადამღები ჯგუფების ავტომანქანები.

ენმ: ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში 1053-ით მეტი ახალი ამომრჩეველია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, ამომრჩეველთა სია 1053 ახალი ამომრჩევლით არის გაზრდილი.

„საარჩევნო ყაჩაღობაზე გადავიდა პირდაპირ „ოცნება“, მოსყიდვა, დაშინება, ის, რომ მთელი საქართველოს უშიშროება აქ ჩამოიყვანეს – ყველა ძალოვანი და ყველას აშინებენ, ეს არ კმარა და წინა არჩევნებთან შედარებით 1053 ადამიანით მეტი აღმოჩნდა სიაში მეოთხე საარჩევნო ოლქში. მოვუწოდებთ ცესკოს, რომ დააბრუნოს 2 ოქტომბრის სია. ეს ხომ რიგგარეშე არჩევნებია იმის გამო, რომ ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, სია მაინც დააბრუნონ.“

ენმ-ში აცხადებენ, რომ 1053 ახალი ამომრჩეველი #4 მაჟორიტარულ ოლქში 16 მარტს დარეგისტრირდა, მათ შორის, 400-ზე მეტი ამომრჩეველი „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის 188-ში ჩაეწერა და ხმას 89-ე საარჩევნო უბანზე მისცემს.

გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ენმ-მ ცესკოდან გამოთხოვილი 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების სია შეადარა #4 მაჟორიტარული ოლქის ახალ სიას და აღმოაჩინა ამომრჩევლები, რომლებიც 2021 წლის არჩევნებზე ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, წალკაში იყვნენ რეგისტრირებულები, ახლა კი #4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებად დარეგისტრირდნენ.

„ეს ადამიანები 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა ოლქის ამომრჩევლებად ფიქსირდებოდნენ. წინა არჩევნებზე ხმას აძლევდნენ ხულოში, ქედაში, შუახევში, ხელვაჩაურში, ლანჩხუთში, წალკაში. ახლა რატომღაც, 16 მარტს, ერთი კვირის წინ, აღმოჩნდნენ ბათუმის ამომრჩევლები. ნუგზარ ფუტკარაძემ ეს ოლქი მოიგო სამასამდე ხმით, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის გადაწერა გააკეთა „ოცნებამ“.

2 ოქტომბერს ამ ხალხმა ჯერ ხულოს მერი აირჩია, ხულოს საკრებულოს წევრები, ლანჩხუთის მერია, საკრებულოს წევრი და ახლა გადაწყვიტეს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრიც უნდა აირჩიონ.“

გიორგი კირთაძის შეფასებით, ეს გზა „ოცნებას“ იმის გამო დასჭირდა, რომ შუალედური არჩევნები ბათუმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, რაც ე.წ. კარუსელის დატრიალების საშუალებას არ იძლევა.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, #4 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 497 ამომრჩევლით გაიზარდა. 2021 წლის 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის #4 სამაჟორიტარო ოლქში 20 138 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ამ ოლქში 20 635 ამომრჩეველია.

„ამიტომაც ვამბობ, რომ 1053 ახალი ამომრჩეველია, მათ შორის 88-ს შეუსრულდა 18 წელი, მაგრამ ხომ გამოაკლდა გარდაცვლილები, ასევე, ზოგი გადავიდა სხვაგან, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა. მე ვამბობ, რომ სია გადავამოწმეთ და არის 1053 ახალი ამომრჩეველი“, – განმარტა გიორგი კირთაძემ.

2 აპრილს ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები იმართება ამ ოლქის მაჟორიტარის ასარჩევად ბათუმის საკრებულოში. ოლქის მაჟორიტარი ნუგზარ ფუტკარაძე  გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

ენმ-მ გასული წლის 24 ნოემბერს აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრს სთხოვდნენ „ნეიტრალური“ ყოფილიყო. ენმ-ს თქმით, მას ამის სანაცვლოდ 100 ათასი დოლარს სთავაზობდნენ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.

ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატია #4 მაჟორიტარულ ოლქში თვითმმართველობის არჩევნებზე. სწორედ ამ ოლქს წარმოადგენდა ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოში, თუმცა მის გარდაცვალებამდე საკრებულო არ შეკრებილა.

მათე ფუტკარაძის კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძეა. მმართველი პარტიის კანდიდატი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სწორედ ის კურირებდა სიის დამუშავებას, რომელშიც შეჰყავთ ის ოჯახები, ვისაც „ოცნების ქალაქში“ ბინა შეხვდება.

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე – მთავრობა დეველოპერებს 150 მილიონის თავდებობას სთავაზობს

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სამთავრობო მიზნობრივი პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების პარალელურად პროცესში ინვესტორები, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

„დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე.“ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი სრულად ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე საცხოვრისით და 3000-ზე მეტი ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. ამ მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყველა დეველოპერს, მშენებელ კომპანიას შესთავაზებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენ ეს პროგრამა გასულ წელს დავიწყეთ. 80 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისთვის. ეს არის ამ პროგრამის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებშიც ჩაერთვებიან როგორც საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებები, ასევე, დეველოპერები“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება ბათუმში ათწლეულების განმავლობაში არსებული ავარიული სტატუსის მქონე სახლების მასშტაბურობით არის განპირობებული. ბათუმში 3000-ზე მეტ ოჯახს სჭირდება  უსაფრთხო საცხოვრისი. პროგრამის თანახმად, არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. პროგრამა უზრუნველყოფს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნას, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აჭარის მთავრობამ, ბათუმის მერიასთან ერთად, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ 4-წლიანი პროგრამის I ეტაპის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მხოლოდ 2022 წლისთვის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე  სამთავრობო მიზნობრივ პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, ითვალისწინებს პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში. პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ნივთის შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულნი იქნებიან: აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, საბანკო სექტორი და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები.

მარიუპოლში 160 ათასი ადამიანია, საჭიროა მთელი ქალაქის ევაკუაცია – მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, მარიუპოლში დაახლოებით 160 ათასი ადამიანი რჩება და საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია.

„ჩვენი შეფასებით  მარიუპოლში ახლა დაახლოებით 160 ათასი ადამიანია. ცხოვრება შეუძლებელია, რადგან საერთოდ არაფერია: არც წყალი, არც დენი, არც გათბობა, არანაირი კომუნიკაცია არ არის“- განაცხადა ბოიჩენკომ.

ქალაქის მერის თქმით, მარიუპოლში ათასობით ადამიანია დაღუპული რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად.

უკვე ერთი თვეა უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია და ინტენსიურად იბომბება. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გათბობა და წყალი.

მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 2 300-ს აღემატება. მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.

ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.

მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ.

_____________

ფოტოზე: დაბომბილი მარიუპოლი. ფოტო: აზოვის პოლკი

 

სააკაშვილი ბათუმელ ამომრჩეველს მიმართავს – „არ გაყიდოთ თქვენი ხმები“

„არ გაყიდოთ თქვენი ხმები“ – მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ფეისბუქის საშუალებით მიმართავს ბათუმელ ამომრჩეველს, რომელმაც 2 აპრილს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში არჩევანი უნდა გააკეთოს. ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა.

მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს ოპოზოციური ერთობის კანდიდატის – მათე ფუტკარაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

2 აპრილს ბათუმში შუალედური არჩევნებია.

„…ამ არჩევნებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოში უახლოეს პერიოდში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ჩვენ და მეც ძალიან ვისურვებდით, ეს პროცესი დაიწყოს ჩემთვის ძალიან საყვარელი ქალაქიდან. მანდ ძალიან ბევრს ვიცნობ, ბევრ ოჯახში ვარ ნამყოფი და ვიცი, რა კარგი ხალხი ხართ, თქვენი იმედი მაქვს,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
———-

ბათუმის საკრებულოს წევრს ამჯერად მხოლოდ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ, რადგან გასული წლის ოქტომბერში ამ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რაც, პარტიის მტკიცებით, ადასტურებს იმას, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. თანხმობის შემთხვევაში ოპოზიცია უმრავლესობას საკრებულოში დაკარგავდა.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდა, ამ დრომდე ბათუმში საკრებულო არ მუშაობს – საკრებულო ვერ ირჩევს თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს. საკრებულოში ძალთა ბალანსი ახლა ასეა: 17 – 17 და ასეა მას შემდეგ, როცა გახარიას პარტიიდან საკრებულოში შესულმა წევრმა ირაკლი თავდგირიძემ კი თქვა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ არჩევნებზე ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე. მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძეა.

„20 ათასზე მეტი შემოვიდა“ – ეკონომიკის მინისტრი უკრაინიდან ლტოლვილებზე

„დაახლოებით 20 ათასზე მეტი შემოვიდა, თუმცა გასულებიც არიან,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს, 28 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ეკონომიკის მინისტრს ჰკითხეს, რამდენი ლტოლვილის მიღება შეუძლია საქართველოს, რა ფინანსური რესურსი დაიხარჯება და როგორ?

ლევან დავითაშვილმა არ დააკონკრეტა, რამდენი ლტოლვილის მიღება შეუძლია საქართველოს. მას გაუჭირდა ამ დრომდე უკრაინელი დევნილებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის რაოდენობის დასახელებაც.

„ძირითადად ორი ტიპის დაფინანსება გვაქვს, ესაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან გადახდილი თანხები და კერძო სექტორის დონაცია. არის დონორების დახმარებები, რთულია კონკრეტული რიცხვი გითხრათ… ვინ რა კონტრიბუციას ახდენს… გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ბათუმში უკრაინის დიასპორის ხელმძღვანელის, ნატალია მიროშნიჩენკოს თქმით, „უკრაინის ომიდან გამოქცეულ ლტოლვილებს საქართველოში სჭირდებათ თავშესაფრები, ღამის გასათევი, ეს დიდი პრობლემაა. გააკეთოს განცხადება საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე და ვებგვერდებზეც დაწერონ, ასევე ორგანიზაციებმა გაავრცელონ ინფორმაცია, რომ საქართველოში არ არის თავშესაფრები და საცხოვრებლები უკრაინელი ლტოლვილებისთვის. სად წავიყვანო ეს ხალხი? რა ვქნა? ყველაფერს, რასაც საქართველოში ვთავაზობთ უკრაინელ ლტოლვილებს, პირადი ინიციატივაა. სახელმწიფო დონეზე მათ არავინ ეხმარება“, – ამბობს ნატალია მიროშნიჩენკო.

დაზარალებული დაიღუპა – ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში ბრალდებული გაამართლეს 

ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა პირველად მიიღეს გადაწყვეტილება – ბრალდებული, რომელსაც პროკურატურა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას უპირებდა, მსაჯულებმა გაამართლეს.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტი არ საჩივრდება.

შემთხვევა, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს, გასული წლის ივნისში მოხდა – ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, პოლიციელებს დაახლოებით 30 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ის უზბეკეთის მოქალაქე იყო და ბოლო წელიწად-ნახევარი ბათუმში ცხოვრობდა მაქსიმე ქობულაძესთან, რომლის ნაქირავებ ბინაშიც იპოვეს გარდაცვლილი.

მაქსიმე ქობულაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117 – ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ბრალდებული და დაზარალებულიც იმ დროისთვის ალკოჰოლდამოკიდებული იყვნენ. ბრალდებულს არ უთქვამს, რა მოხდა, რამ გამოიწვია მისი მეგობრის სიკვდილი… მან თქვა, რომ ამ შემთხვევამდე რამდენჯერმე დაზარალებული ქუჩაში სცემეს“, – ამბობს ადვოკატი მალხაზ ზოიძე.

მსაჯულებმა ნახეს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილს თავის არეში ჰქონდა დაზიანებები და სისხლჩაქცევები. ის ნაცემი იყო.

მსაჯულებმა მოისმინეს გარდაცვლილის დედის ჩვენებაც, რომელმაც თქვა, რომ ბრალდებული ცუდ გავლენას ახდენდა მის შვილზე და ხშირად უწევდა შვილისთვის ფულის გამოგზავნა უზბეკეთიდან.

„მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაპირისპირო იყო, საქმეში ირიბი მტკიცებულებები იყო მხოლოდ,“ – აღნიშნა მალხაზ ზოიძემ.

გარდაცვლილი კაცი ცოლთან განქორწინებული იყო და უზბეკეთში მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ჩვენებების მოსმენის შემდეგ ნაფიც მსაჯულებს ზუსტად 4 საათი და 30 წუთი უმსჯელიათ დახურულ კარს მიღმა. გამამართლებელ ვერდიქტს 9 მსაჯულმა დაუჭირა მხარი, 3 – წინააღმდეგი წავიდა. გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.

ბათუმში ნაფიცი მსაჯულები საქმეს 2016 წლიდან განიხილავენ. თუმცა ამ დრომდე არც ერთ ბრალდებულს არ აურჩევია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ან ირჩევდა და შემდეგ უკვე, მსაჯულების შერჩევის ეტაპზე, ბრალდებული პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებდა. ამ შემთხვევაში კი, მსაჯულებს განსახილველი არაფერი რჩებოდათ.

ხვალიდან ბათუმში გამოიდარებს და დათბება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს და 3 აპრილამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

დღეს, 28 მარტს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და ბათუმში მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო.

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, მარტის ბოლო დღეებში ბათუმში ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება.

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 29 მარტიდან დაიწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაცია 29 მარტს 10:00 საათზე დაიწყება და 14 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge

ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ:

  • საგნის გამოცდა
  • სპეციალური უფროსი მასწავლებლის გამოცდა
  • პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად

ცენტრის ინფორმაციით, „პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე“.

143 ბავშვი დაიღუპა ომის შედეგად – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ცნობით, 28 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად 143 ბავშვი დაიღუპა და 216 დაშავდა.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი – 67 ბავშვი დაშავდა კიევში, ხარკოვში – 49, დონეცკში – 53, ჩერნიგოვში – 38, მიკოლაევში – 30, ლუგანსკში – 27 და ა.შ.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზიანდა 733 სასწავლო დაწესებულება. მათგან 74 მთლიანად განადგურდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან საომარი მოქმედებების დროს ინფორმაციის დაზუსტება რთულია.

_____________

ფოტოზე: კიევი, ქალი დანგრეულ სახლთან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES

შავი ზღვის სანაპიროზე კიდევ ერთი ნაღმი აღმოაჩინეს – თურქეთის თავდაცვა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაში, კიდევ ნაღმის აღმოჩენის შესახებ განაცხადა.

„ბულგარეთის საზღვართან ახლოს, იგნეადას დასახლების სანაპიროსთან, საზღვაო ნაღმი იპოვეს“, – აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს განცხადებით, ნაღმის გასანეიტრალებლად შემთხვევის ზონაში გაგზავნეს საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფი.

პირველი ნაღმი თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე შაბათს, 26 მარტს, აღმოაჩინეს, სტამბოლთან ახლოს.

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ძველი სტილის ნაღმი. ამ საკითხზე რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუს აკარმა.

იმავე დღეს თურქეთმა შავ ზღვაში თევზაობა შეაჩერა უსაფრთხოების მიზნით.

მედიის ცნობით, რუსეთმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს რამდენიმე ნაღმი დინებამ წაიღო უკრაინის პორტებიდან.

__________________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

 

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, 28 მარტს დილიდან გრძელდება ინტენსიური ბრძოლები და თავდაცვის ოპერაციები აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებებზე:

„ქალაქ კიევის თავდაცვის ძალების ჯგუფი ზღუდავს მოწინააღმდეგეს, რომელიც ცდილობს ჩრდილო-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან თავდაცვის გარღვევას, რათა კონტროლი აიღოს საკვანძო მაგისტრალებსა და დასახლებებზე.

დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებებზე ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა და საჰაერო ძალებმა გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 2 ტანკი, საბრძოლო მანქანები; 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 ფრთოსანი რაკეტა.“

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 17 000 ადამიანი
  • ტანკი – 586 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 694 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 302 ერთეული
  • MLRS – 95 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54 ერთეული
  • თვითმფრინავი – 123 ერთეული
  • ვერტმფრენი – 127 ერთეული
  • სატრანსპორტო საშუალება – 1 150 ერთეული
  • გემი / ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 73 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 66
  • სპეციალური აღჭურვილობა – 21
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 28 მარტამდე სულ განადგურებულია უკრაინის

  • 308 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1713 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 170 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური
  • 715 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1557 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს „რეზერვში მყოფი მოქალაქეების სამხედრო კომისარიატებში გამოძახებას“.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, კუნძულ ზმეინიზე მყოფი ზოგიერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ზოგიერთი ტყვედ ჩავარდა და შემდეგ გაცვალეს.

ზელენსკიმ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტებთან ინტერვიუში უპასუხა კითხვას, თუ რატომ წამოიწყო პუტინმა ომი უკრაინაში:

ამავე თემაზე:

უკრაინის მცირე შეტევები ხელს უწყობს დიდი კონტრშეტევის მზადებას – ინტერვიუ

ბათუმში ავარიული სახლების ადგილზე ახალი კომპლექსები აშენდება – ღარიბაშვილი

დღეს, 28 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმზეც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის მთავრობამ უკვე წარადგინა მიზნობრივი პროგრამა ბათუმში ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის თქმით, პროგრამა დღეს დამტკიცდება.

„ბათუმში მწვავედ დგას ავარიული სახლების პრობლემა. ავარიული სტატუსის მქონე სახლები საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ავარიული სახლები მალე თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება და ამ პროგრამას დავამტკიცებთ დღესვე“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა გაამზადა პაკეტი, რომელსაც მთავრობა შესთავაზებს მშენებელ კომპანიებს და რომელიც გრძელვადიანი განვადებით მშენებლობების დაწყებას ითვალისწინებს. „ამას პირდაპირ უკავშირდება დასაქმების პროგრამა, რომელსაც ინტენსიურად დავიწყებთ აპრილში და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით“, – ამბობს ის.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მიზნობრივი პროგრამა, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 80 მილიონზე მეტი ლარი  დაიხარჯება.

„ჰაინეკენი“ რუსეთის ბაზარს ტოვებს

ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს.

ნიდერლანდური კომპანია აცხადებს, რომ რუსეთში მათი ბიზნესის წარმოება აღარ არის უსაფრთხო არსებულ სიტუაციაში, ამიტომაც ტოვებენ ქვეყანას.

მანამდე, 9 მარტს, კომპანიამ განაცხადა, რომ აჩერებდა პროდუქციის მიწოდებას და რეკლამას რუსეთში.

24 თებერვლის, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ასობით კომპანიამ დატოვა რუსეთის ბაზარი.

_____________

 ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/LEX VAN LIESHOUT

საწვავის ფასებთან დაკავშირებული აქცია „ნაციონალების“ ორგანიზებულია – ღარიბაშვილი

დღეს, 27 მარტს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასებზე ისაუბრა. მან საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ საწვავის ფასებთან დაკავშირებით აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს მინდა განუმარტო, რომ ზოგადად ინფლაციას როცა ვახსენებთ, კოვიდ 19-ით გამოწვეული ინფლაციის ფონზე, არაერთ ქვეყანაში გადააჭარბა კი არა, ბოლო ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.

მაგალითად, აშშ-ში 40 წლის რეკორდული აჩვენებელი დაფიქსირდა. გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე, იგივეა ევროზონაში, თურქეთშიც 19 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ფასების ზრდა და ინფლაცია და ისევე როგორც მთელ მსოფლიოში და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს და რაც ხდება ამერიკაში, ევროპაში, რა თქმა უნდა ჩვენზეც აისახება.

ახლა დაემატა წელს უკვე ეს ტრაგედია და ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთი ომი ევროპაში და ამას რა თქმა უნდა ექნება ფასებზე და ინფლაცია გავლენა“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, თებერვალში ინფლაციამ 13.7% შეადგინა, რაც მაღალია. „მაგრამ შედარებისთვის, წინა ხელისუფლებასთან არ მინდა პარალელური გავავლო, მაგრამ მათ პერიოდში, 2011 წლის მაისში იყო 14,3 მეათედი პროცენტი საშუალო წლიური ინფლაცია. წინა ხელისუფლების დროს იყო 6.2 მეათედი, როცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 4.1 მეათედია საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია“, – თქვა ღარიბაშვილმა.

___

გუშინ თბილისში საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს. 23 მარტის მონაცემებით, საწვავის ფასი 4 ლარზე მეტია – ეს ისტორიული მაქსიმუმია.

დღეიდან მოპედისა და კვადროციკლის რეგისტრაცია და მართვის უფლება სავალდებულოა

დღეიდან, 28 მარტიდან, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.

AM კატეგორიის მართვის უფლების მოპოვება შესაძლებელია 16 წლიდან.

მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან.

AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.

თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.

28 მარტიდან AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში დაინტერესებული პირის მიერ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

რეგისტრაციის წესების დარღვევა და მართვის უფლების გარეშე მოპედითა და მსუბუქი კვადროციკლით გადაადგილება გამოიწვევს დაჯარიმებას.

_____________

 

კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 28 მარტი

28 მარტის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში გარდაიცვალა 12 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 5 460, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 749, PCR ტესტით – 1 711.

დღეის მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 638 ადამიანი.

1,8 მილიონი ლარი გონიოში სკოლის რეაბილიტაციისთვის

ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 863 599 ლარია გამოყოფილი. სკოლის შენობა გონიოში, სვიმონ კანანელის ქუჩის N1-ში მდებარეობს.

პროექტი, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, ითვალისწინებს არსებული სკოლის შენობის [მათ შორის, ელექტრო, წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემების] სრულ რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ღობის რეაბილიტაციას და სკოლის იმ ტერიტორიის შეღობვას, რომელსაც ღობე არ აქვს. ასევე, გათვალისწინებულია სკოლის ტერიტორიაზე ღია სპორტული მოედნის მოწყობა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 13 აპრილს დაიწყება და ხუთ დღეში, 18 აპრილს, დასრულდება.

პირობის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15  თვეში უნდა დასრულდეს. დროის ათვლა კი, ხელშეკრულების დადების შემდეგ სამინისტროს წერილობით შეტყობინებაში დაფიქსირებული თარიღიდან დაიწყება; თუმცა სამუშაოების დაწყების თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს 2022 წლის 1-ელი ივლისისა.

ტენდერში აღნიშნულია, რომ „ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე, ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები“.

ბათუმის N30 საჯარო სკოლა [გონიო] / ფოტო ტენდერიდან
მთავარი ფოტო: ბათუმის N30 საჯარო სკოლა [გონიოს დასახლებაში] / ფოტო ტენდერიდან

ბათუმ-ქობულეთის დაბლობები პირველ კატეგორიაში – ქარსაფარი ზოლის აღდგენის ახალი წესი

2022 წლის პიველი აპრილიდან ამოქმედდება დადგენილება, რომლითაც მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი“ დაამტკიცა.

ქარსაფარი ზოლის აღსადგენად, გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტები დაყოფილია სამ კატეგორიად:

  • პირველი კატეგორია – მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი (გრიგალისებრი) ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 9,9 მ/წმ-ზე მეტია);
  • მეორე  კატეგორია – მუნიციპალიტეტი,  რომლისთვისაც  დამახასიათებელია ზომიერად ძლიერი ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 5 მ/წმ-დან 9,9 მ/წმ-მდეა);
  • მესამე კატეგორია – მუნიციპალიტეტი,  რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით სუსტი ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 2 მ/წმ-დან 5 მ/წმ-მდეა).

ამ კატეგორიების გათვალისწინებით, აჭარაში:

  • პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ქობულეთი [დაბლობები] და ბათუმი [კახაბრის ველი],
  • მეორე კატეგორიის: ბათუმი [კახაბრის ველის გამოკლებით] და ქობულეთი [დაბლობების გამოკლებით],
  • მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: შუახევი, ხულო და ქედა.

[toggle title=”სხვა მუნიციპალიტეტების კატეგორიების სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

დასავლეთ საქართველოს:

ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ქობულეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის (დაბლობი ნაწილი), ბათუმის (კახაბრის ველის ჩათვლით), ქუთაისის, ფოთის, ხონის, სამტრედიის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, ზუგდიდის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები;

ბ) მეორე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ბათუმის (კახაბრის ველის გამოკლებით), ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის (დაბლობების გამოკლებით), ოზურგეთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, გალის, ოჩამჩირის, ზესტაფონის, ბაღდათის, ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები;

გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: შუახევის, ხულოს, ქედის, საჩხერის, ონის, ორჯონიკიძის, ამბროლაურის, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები.

აღმოსავლეთ საქართველოს:

ა) პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები;

ბ) მეორე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, დუშეთის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;

გ) მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, ახალგორის, თეთრიწყაროს, თიანეთის, ჯავის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები.

[/toggle]

 

ახალი წესის მიზანია „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესების დადგენით ხელი შეუწყოს ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვასა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფასა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვას, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.“

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის დაცვაზე ზედამხედველობას გაახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი [საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.]; ქარსაფარი ზოლების მერქნიანი მცენარის (ხის) დაზიანებასა და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვაზე კი – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ახალი წესის მიხედვით:

  • „ქარის სიძლიერის ჯგუფის მიხედვით მთავარ ზოლებში რიგების რაოდენობა განისაზღვროს 2-დან 8 რიგამდე, ხოლო დამატებითი (დამხმარე) ზოლების რიგების რაოდენობა ყველა კატეგორიის მუნიციპალიტეტში განისაზღვრება 2 რიგით.
  • ქარსაფარი ზოლის სტრუქტურის შენარჩუნების, სახეობრივი შემადგენლობის ოპტიმიზაციისა და მათი დაცვითი ფუნქციის სრულყოფა-გაუმჯობესების მიზნით, მოვლითი ჭრა ხორციელდება ქარსაფარი ზოლის გაშენების მე-15 წლიდან საბურველის სრულ შეკრულობამდე და გულისხმობს იმ მერქნიანი მცენარეების მოჭრას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქარსაფარი ზოლის სტრუქტურისა და კონსტრუქციის ფორმირებას.
  • ხანძრის პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ქარსაფარი ზოლის გასწვრივ 1 ან 1,5 მ-ის სიგანის ზოლის მოხვნა და შემდეგ დაფარცხვა.
  • ქარსაფარ ზოლებში უნდა განთავსდეს ძოვების ამკრძალავი შესაბამისი საინფორმაციო ბანერი ყოველ 500 მეტრში.
  • ქარსაფარ ზოლში შესაძლებელია ძოვების აკრძალვის მოხსნა (ძოვების დაშვება) ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით.“

ამავე თემაზე:

კომპანიამ ტენდერი მოიგო და კონსულტანტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დაიქირავა

ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, დააკავეს 6 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და 6 პირი დააკავეს.

[toggle title=”დეტალურად სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ბ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „TT“-ს ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი – ე.წ. “აბრეზი” და 9 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული თ.ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა სოფელ ბაკურციხეში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ზუგდიდში დააკავეს 1964 წელს დაბადებული რ.პ. სამართალდამცველებმა, მისი ავტომობილის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აბაშის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული დ.მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო – ხელყუმბარა და ტროტილის 3 ცალი კოჭა.
[/toggle]

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბათუმში ორშაბათს წვიმა, სამშაბათიდან კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ორშაბათს, 28 მარტს, ბათუმში წვიმა და დროგამოშვებით ძლიერი ქარია მოსალოდნელი; სამშაბათს და ოთხშაბათს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ობსერვატორიის მონაცემებით, 27 მარტის 21 საათიდან 28 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა, მთაში – თოვა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში, რომელიც პერიოდულად 17-22 მ/წამამდე გაძლიერდება;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; დროგამოშვებით 17-22 მ/წმ-ში. წვიმა. ხილვადობა 4-10 კმ. ტალღის სიმაღლე 15-20 დმ [4 ბალი].
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო ორ დღეს, 29 და 30 მარტს, აჭარის სანაპირო და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ბოლო 24 საათში კოვიდის 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

27 მარტის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარაში – 16, იმერეთში – 42, ქვემო ქართლში – 6, შიდა ქართლში – 14, გურიაში – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 21, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში -3, სამცხე-ჯავახეთში -5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 27 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 646 316 , ბოლო 24 საათში – 357
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 618 403 , ბოლო 24 საათში – 3 237
  • მათ შორის, გარდაცვლილი – 16 708 , ბოლო 24 საათში – 4
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 8 358, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 203, PCR ტესტით – 2 155
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,27%, ბოლო 14 დღის – 4,49%, ბოლო 7 დღის – 3,53%
  • სულ აცრილია – 2 853 040, დღიურად აცრილია – 763
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 636

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 მარტის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 16 600 ადამიანი
  • ტანკი – 582
  • საბრძოლო ჯავშანტექნიკა / APV – 1664
  • საარტილერიო სისტემა – 294
  • MLRS – 93
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 52
  • თვითმფრინავი – 121
  • ვერტმფრენი – 127
  • სატრანსპორტო საშუალება – 1144
  • გემი / ნავი – 7
  • საწვავის ავზი – 73
  • UAV ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 56
  • სპეციალური აღჭურვილობა – 21
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რუსეთის ავიაციის მიერ განადგურდა 91 უკრაინული სამხედრო ობიექტი, ერთი ვერტმფრენი, 4 უპილოტო საფრენი აპარატი.

„26 მარტს ქალაქ ლვოვის მახლობლად საწვავის დიდი ბაზა, რომელიც უკრაინის ჯარებს საწვავით ამარაგებდა უკრაინის დასავლეთ რეგიონებში, ისევე როგორც კიევის მახლობლად, განადგურდა. გარდა ამისა, მაღალი სიზუსტის ფრთოსანმა რაკეტებმა ქალაქ ლვოვში გაანადგურეს ლვოვის რადიო სარემონტო ქარხნის სახელოსნოები. ამ საწარმომ ჩაატარა „ტორ“ და S-125 საზენიტო სარაკეტო სისტემების, უკრაინის საჰაერო ძალების სარადარო სადგურებისა და ტანკების სამიზნეების ძირითადი რემონტი და მოდერნიზაცია.“ – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის ცნობით, 24 თებერვლიდან 27 მარტამდე პერიოდში, მთლიანობაში, განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების:

  • 289 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1656 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა
  • 169 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური
  • 684 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნი
  • 1503 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის მცირე შეტევები ხელს უწყობს დიდი კონტრშეტევის მზადებას – ინტერვიუ

თურქეთმა შავი ზღვის წყლებში თევზაობა შეაჩერა – მედია

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთმა შავ ზღვაში თევზაობა შეაჩერა უსაფრთხოების მიზნით.

„უსაფრთხოების მიზნით, 26 მარტიდან ბულგარეთსა და კეფკენს შორის არსებულ ტერიტორიაზე, შავი ზღვის წყლებში, ყველა სახის თევზაობა შეჩერებულია ღამით,“ – წერს „ანადოლუ“ თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.

„სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების მიზნით, დღეიდან შემდგომ გაფრთხილებამდე შეჩერებულია ყველა სახის თევზაობა, მათ შორის, მცირე გემებით თევზაობა შებინდებიდან გათენებამდე“, – ნათქვამია თურქეთის სამინისტროს განცხადებაში.

დღეს, 26 მარტს, სტამბოლის ჩრდილოეთით, შავი ზღვის მახლობლად, ნაღმი აღმოაჩინეს. ბოსფორზე რამდენიმე საათით შეჩერდა გემების გადაადგილება.  ადგილზე კვლავ მუშაობენ სპეციალისტები.

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ძველი სტილის ნაღმი. ამ საკითხზე რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა.

____________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

დღეში რამდენჯერმე ირთვება საჰაერო განგაშის სიგნალი – ჟურნალისტი ნიკოლაევიდან

„ჩვენ გვჭირდება… არ ვიცი რა გვჭირდება… გვჭირდება დაცვა,“- ამბობს ოლეგ ოგანოვი, ჟურნალისტი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევიდან, რომელიც ინტენსიური თავდასხმის ქვეშაა.

ოლეგი საგამოძიებო გაშუქების ცენტრის ჟურნალისტია. ახლა მშობლიურ ქალაქშია და უცხოელ ჟურნალისტებს ეხმარება ნიკოლაევის ამბების გაშუქებასა და თარგმნაში. დეტალურად ლაპარაკი უჭირს, ყველაფერზე მოკლე პასუხები აქვს. ამბობს, რომ საზოგადოებისთვის არაფერი აქვს სათქმელი, გარდა იმისა რაც ხდება. ხოლო რაც ხდება, მისი თქმით არის გამუდმებული საჰაერო თავდასხმები, დაბომბილი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და წამლების დეფიციტი:

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თითქმის ყოველ დღე და ღამე მიმდინარეობს დაბომბვა. დღეში რამდენჯერმე ირთვება საჰაერო განგაშის სიგნალი, ამ დროს ყველა სარდაფებში და ბუკერებში ჩავდივართ.

საჭმელი და წყალი ხელმისაწვდომია. წამლებზე არის დეფიციტი – როგორც იცით, ზოგ ადამიანს სჭირდება სპეციფიკური წამლები, მკურნალობა, მსგავსი წამლები ძალიან რთულად იშოვება.

ახლა ვმუშაობ როგორც ადგილობრივი პროდიუსერი. ვეხმარები უცხოელ ჟურნალისტებს ისტორიების ჩაწერაში, მივყვები მათ ბრძოლის წინა ხაზზე და ადგილებზე, რომლებიც დაიბომბა ან იბომბება, ვთარგმნი.

არ დამითვლია, მაგრამ საკმაოდ ბევრი უცხოელი ჟურნალისტია. გარკვეული რაოდენობის ჟურნალისტები ყოველდღე მოდიან.

დაბომბვის შემდეგ არის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.

თავდაცვის აღჭურვილობის – ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების დეფიციტია. ვიცნობ ჟურნალისტებს, რომლებსაც აღჭურვილობა არ აქვთ.

ვფიქრობ არა ჟურნალისტებს, არამედ ჩვენს არმიას სჭირდება დახმარება. გვჭირდება საჰაერო თავდაცვა“.

_________________________

„ჟურნალისტები ომში“ – სტატიების ამ სერიაში „ბათუმელები“ მათზე, ვინც ძირითადად თავად არიან ამბის მთხრობელები – უკრაინაში დარჩენილ ჟურნალისტებზე.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, საერთაშორისო მედია და მოწმეები ჰყვებიან, უკრაინაში მყოფი რუსი სამხედროები ჟურნალისტებს ეძებენ, იტაცებენ, აწამებენ, ემუქრებიან, უმიზნებენ და ესვრიან.

ყველა უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც თავის ქალაქში დარჩა, სულაც არ არის რეპორტიორი, მით უმეტეს არ არის ომის ჟურნალისტი. ზოგი მათგანი ონლაინგამოცემის რედაქტორია, ზოგის სპეციალობა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ციფრული მონაცემების ანალიზია, მაგრამ ისინი ბრძოლის ველზე რჩებიან, იქ, სადაც „მათი სახლია“ და ამბობენ, რომ „მსოფლიომ უნდა იცოდეს“.

უკრაინაში დაიღუპა ქართველი მოხალისე, რომელიც აფხაზეთიდან იყო

დღეს, 26 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ირპენთან ახლოს, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი დაიღუპა. როგორც უკრაინაშ მყოფი ერთ-ერთი ქართველი მოხალისე „ბათუმელებს“ ეუბნება, დავით გობეჯიშვილი უკრაინაში დაახლოებით 3-4 დღეა რაც იბრძოდა, ის დაბომბვის დროს დაიღუპა.

დაღუპულის მეუღლე „მთავართან“ საუბარში ამბობს, რომ დავით გობეჯიშვილი აფხაზეთიდან იყო, იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც.

დავით გობეჯიშვილი დაახლოებით 50 წლის იყო.

ეს უკვე მეოთხე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა. მანამდე ირპენში დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა კი – მარიუპოლთან ბრძოლების დროს.

რატიანი და ბერიაშვილი საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს, ჩიქობავას გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან ქალაქი მარიუპოლი ალყაშია და ინტენსიურად იბომბება.

დავით რატიანის და გია ბეროშვილის ჩამოსვენების დროს, აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მივიდა, მთავრობის სხვა წარმომადგენლები სამგლოვიარო პროცესიას არ დასწრებიან.

დახურეთ ცა! – ბათუმში მყოფი უკრაინელების პერფორმანსი

დღეს, 26 მარტს, ბათუმში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა ბულვარში პერფორმანსი გამართეს. ისინი უკრაინაში ცის დახურვას მოითხოვენ, რადგან ამ დრომდე, რუსეთი უკრაინის ქალაქებს შეუჩერებლად ბომბავს. ყველაზე კრიტიკული ვითარება მარიუპოლშია.

უკრაინელები ცის დახურვას ითხოვენ ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბულვარში უკრაინელებმა სანთლებით დაწერეს – „დახურეთ ცა“, „გადაარჩინეთ ბავშვები“.

უკრაინელი ბავშვების გადასარჩენად ბათუმში მყოფი უკრაინელები ცის დახურვას ითხოვენ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„გადაარჩინეთ უკრაინელი ბავშვები!“- აქცია-პერფორმანსი ბათუმში. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბათუმში, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ადამიანებს პატივი მიაგეს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

 

 

ბოსფორის სრუტეში ნაპოვნი ობიექტი ნაღმი იყო – თურქეთის თავდაცვა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ დღეს, სტამბოლთან ახლოს, ბოსფორის სრუტეში აღმოჩენილი ობიექტი ნაღმი იყო.

სამინისტროს ცნობით, ძველი მოდელის ნაღმი სპეციალისტებმა გააუვნებელყვეს.

„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ძველი სტილის ნაღმი. ამ საკითხზე რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა.

ბოლო ცნობებით, ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა უკვე განახლდა.

______________

ფოტო: სააგენტო ანადოლუ

 

ხულომდე მგზავრობის ფასი 10 ლარი გახდა – ტარიფები იზრდება

პირველი აპრილიდან მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გადაჰყავთ, მგზავრობის ტარიფების ზრდას ელოდებიან. მათი თქმით, თუ საწვავზე ფასებმა არ დაიკლო, ისინი ან გაჩერდებიან, ან მგზავრობის საფასურს გააძვირებენ.

როგორც ბათუმელებმა“ გაარკვია, დღეს 26 მარტის მდგომარეობით, მგზავრობის ფასი მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით გაძვირებულია, სხვა მიმართულებებზე კი ჯერ-ჯერობით ძველი ტარიფია შენარჩუნებული.

როგორც ბათუმის ავტოსადგურის სალაროში გვეუბნებიან, დღეს, 26 მარტის მონაცემებით, ბათუმი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ფასი 15 ლარია, ბათუმი-თბილისის  მიმართულებით კი – 22 ლარი.

მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების მიმართულებით მგზავრობის ფასები დღეის მდგომარეობით ასეთია:

  • შუახევი – 7 ლარი
  • ხულო – 10 ლარი
  • ქედა – 3 ლარი

ქედის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ბათუმი-ქედას [ცენტრი] მიმართულებით მგზავრობის ფასი ორშაბათიდან, 28 მარტიდან, სავარაუდოდ 3.50 ლარი იქნება.

ბათუმის ავტოსადგური, მგზავრობის ტარიფები იზრდება. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ბათუმელები“ სოფელ უჩამბისკენ [შუახევის მუნიციპალიტეტი] მიმავალი სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრებს ესაუბრა. მგზავრების თქმით, დღეს უჩამბამდე მგზავრობაში 10 ლარის გადახდა უწევთ.

„უჩამბამდე მიდის, თოვლია და ძალიან ცუდი გზებია, მძღოლებიც გაწვალებული არიან, ამიტომ ვიხდით 10 ლარს. თოვლი რომ გაშრება, არ ვიცი, იგივეს გადახდა მოგვიწევს თუ არა. აქამდე 7 ლარს ვიხდიდით. ამ მარშრუტკას ხუთი სოფლის ხალხი დაჰყვება, რადგან ბევრი მგზავრი არ არის“- გვეუბნება ფატი ზოიძე.

მგზავრები ლაითურის მიმართულებით

ლაითურისკენ [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი] მგზავრობა დღეს 5 ლარი ღირდა. მგზავრები ამბობენ, რომ ეს ძველი ფასია და იმედოვნებენ, რომ ფასი არ გაიზრდება.

დაახლოებით იგივე ტარიფებია გურიის მიმართულებით, სხვა მარშრუტებზეც. თუმცა როგორც მძღოლები გვეუბნებიან, პირველი აპრილიდან მგზავრობის საფასურის გაძვირებაა მოსალოდნელი.

„ადმინისტრაცია აძვირებს მგზავრობას. საწვავის ფასი გაიზრდება, გაიზრდება მგზავრობის ტარიფიც. ველოდებით“- ამბობს მძღოლი რაფიელ სიხარულიძე.

„თუ საწვავის ფასი არ დაიკლებს, საერთოდ გავჩერდები. ზარალზე ხომ ვერ ვივლი. მეზობელია, ახლობელია, გაძვირებული ფასი როგორ გადავახდევინო“- გვეუბნება მძღოლი გურამ ბაკურიძე.

„თუ საწვავის ფასები არ დაიკლებს, შესაძლოა გავჩერდეთ“- მძღოლები. 
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ჩვენ ის გვაინტერესებს ეს „სალიარკა“ რატომ გარბის ყოველდღე ზევით, 4 ლარს გადასცდა საწვავის ფასი“- ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

სტამბოლთან, სანაპიროზე ნაღმის მსგავსი ობიექტი აღმოაჩინეს – ბოსფორზე მოძრაობა შეჩერდა

თურქეთში, ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერებულია. თურქული მედიის ცნობით, ამის მიზეზი ნაღმის მსგავსი ობიექტის აღმოჩენა გახდა სტამბოლის ჩრდილოეთით, შავი ზღვის მახლობლად.

ნაღმის მსგავსი ობიექტი მეთევზეებმა შენიშნეს და სანაპირო დაცვას შეატყობინეს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ობიექტის გასანეიტრალებლად სპეციალისტები მუშაობენ.

______________

ფოტო: ანადოლუ

რუსები ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ და ჰოსპიტალი აიღეს – მედია

რუსეთის ჯარები უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ და ჰოსპიტალი აიღეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სლავუტიჩში, სადაც 25 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობა ოკუპანტების წინააღმდეგ აქციას მართავს. ტვიტერზე აქციიდან არაერთი ვიდეო ვრცელდება.

„წაეთრიეთ სახლში“, „ფაშისტებო“, „დიდება უკრაინას“, „სლავუტიჩი უკრაინაა“ – სკანდირებენ აქციაზე.

ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალაქის მერის, იური ფომიჩევის ტყვედ აყვანის შესახებ, თუმცა მედიაში მალევე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მერი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს.

___________

ფოტოზე: აქცია ოკუპანტების წინააღმდეგ ქალაქ სლავუტიჩში. ფოტო: hromadske.radio

თბილისში უკრაინელი ბავშვებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას ექნებათ.

ამ დროისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა ასაკის 190 უკრაინელი ლტოლვილი ბავშვია ჩარიცხული.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინელი ხალხისა და მოსწავლეების მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ უკრაინულენოვანი სექტორის დაარსების პროცესში საელჩო აქტიურად ჩაერთვება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებენ მოწინააღმდეგის სამხედრო დანაკარგების შესახებ ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 26 მარტის ჩათვლით.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 16 400 ადამიანი
  • ტანკი – 575 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 640 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 293 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 51 ერთეული
  • თვითმფრინავი – 117 ერთეული
  • ვერტმფრენი – 127 ერთეული
  • სატრანსპორტო საშუალება – 1 131 ერთეული
  • გემი / ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 73
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 56
  • სპეციალური აღჭურვილობა – 19

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში, 25 მარტს, რუსეთის სამხედრო ავიაციამ უკრაინის 117 სამხედრო ობიექტზე განახორციელა შეტევა, ხოლო რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 3 უკრაინული თვითმფრინავი და 6 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის ცნობით, 24 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში, მთლიანობაში, განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების:

  • 267 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 207 საზენიტო-სარაკეტო სისტემა
  • 1618 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 166 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
  • 662 საველე საარტილერიო იარაღი და ნაღმტყორცნი
  • 1453  ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა, ომის პირობებში, შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

_________________

ფოტოზე: რუსეთ-უკრაინის ომი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

ილია II უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე სამძიმარს ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული მებრძოლების გამო ქვეყანას უსამძიმრებს.

„სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს.

სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია!

აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და  ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

უკრაინაში დაღუპული სამი ქართველი მებრძოლიდან ორი 24 მარტს ჩამოასვენეს.

Exit mobile version