მთავარი,სიახლეები

დღეში რამდენჯერმე ირთვება საჰაერო განგაშის სიგნალი – ჟურნალისტი ნიკოლაევიდან

26.03.2022 • 1293
დღეში რამდენჯერმე ირთვება საჰაერო განგაშის სიგნალი – ჟურნალისტი ნიკოლაევიდან

„ჩვენ გვჭირდება… არ ვიცი რა გვჭირდება… გვჭირდება დაცვა,“- ამბობს ოლეგ ოგანოვი, ჟურნალისტი უკრაინის ქალაქ ნიკოლაევიდან, რომელიც ინტენსიური თავდასხმის ქვეშაა.

ოლეგი საგამოძიებო გაშუქების ცენტრის ჟურნალისტია. ახლა მშობლიურ ქალაქშია და უცხოელ ჟურნალისტებს ეხმარება ნიკოლაევის ამბების გაშუქებასა და თარგმნაში. დეტალურად ლაპარაკი უჭირს, ყველაფერზე მოკლე პასუხები აქვს. ამბობს, რომ საზოგადოებისთვის არაფერი აქვს სათქმელი, გარდა იმისა რაც ხდება. ხოლო რაც ხდება, მისი თქმით არის გამუდმებული საჰაერო თავდასხმები, დაბომბილი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და წამლების დეფიციტი:

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თითქმის ყოველ დღე და ღამე მიმდინარეობს დაბომბვა. დღეში რამდენჯერმე ირთვება საჰაერო განგაშის სიგნალი, ამ დროს ყველა სარდაფებში და ბუკერებში ჩავდივართ.

საჭმელი და წყალი ხელმისაწვდომია. წამლებზე არის დეფიციტი – როგორც იცით, ზოგ ადამიანს სჭირდება სპეციფიკური წამლები, მკურნალობა, მსგავსი წამლები ძალიან რთულად იშოვება.

ახლა ვმუშაობ როგორც ადგილობრივი პროდიუსერი. ვეხმარები უცხოელ ჟურნალისტებს ისტორიების ჩაწერაში, მივყვები მათ ბრძოლის წინა ხაზზე და ადგილებზე, რომლებიც დაიბომბა ან იბომბება, ვთარგმნი.

არ დამითვლია, მაგრამ საკმაოდ ბევრი უცხოელი ჟურნალისტია. გარკვეული რაოდენობის ჟურნალისტები ყოველდღე მოდიან.

დაბომბვის შემდეგ არის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.

თავდაცვის აღჭურვილობის – ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების დეფიციტია. ვიცნობ ჟურნალისტებს, რომლებსაც აღჭურვილობა არ აქვთ.

ვფიქრობ არა ჟურნალისტებს, არამედ ჩვენს არმიას სჭირდება დახმარება. გვჭირდება საჰაერო თავდაცვა“.

_________________________

„ჟურნალისტები ომში“ – სტატიების ამ სერიაში „ბათუმელები“ მათზე, ვინც ძირითადად თავად არიან ამბის მთხრობელები – უკრაინაში დარჩენილ ჟურნალისტებზე.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, საერთაშორისო მედია და მოწმეები ჰყვებიან, უკრაინაში მყოფი რუსი სამხედროები ჟურნალისტებს ეძებენ, იტაცებენ, აწამებენ, ემუქრებიან, უმიზნებენ და ესვრიან.

ყველა უკრაინელი ჟურნალისტი, რომელიც თავის ქალაქში დარჩა, სულაც არ არის რეპორტიორი, მით უმეტეს არ არის ომის ჟურნალისტი. ზოგი მათგანი ონლაინგამოცემის რედაქტორია, ზოგის სპეციალობა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ციფრული მონაცემების ანალიზია, მაგრამ ისინი ბრძოლის ველზე რჩებიან, იქ, სადაც „მათი სახლია“ და ამბობენ, რომ „მსოფლიომ უნდა იცოდეს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: