ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 863 599 ლარია გამოყოფილი. სკოლის შენობა გონიოში, სვიმონ კანანელის ქუჩის N1-ში მდებარეობს.
პროექტი, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, ითვალისწინებს არსებული სკოლის შენობის [მათ შორის, ელექტრო, წყალგაყვანილობისა და გათბობის სისტემების] სრულ რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ღობის რეაბილიტაციას და სკოლის იმ ტერიტორიის შეღობვას, რომელსაც ღობე არ აქვს. ასევე, გათვალისწინებულია სკოლის ტერიტორიაზე ღია სპორტული მოედნის მოწყობა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 13 აპრილს დაიწყება და ხუთ დღეში, 18 აპრილს, დასრულდება.
პირობის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 თვეში უნდა დასრულდეს. დროის ათვლა კი, ხელშეკრულების დადების შემდეგ სამინისტროს წერილობით შეტყობინებაში დაფიქსირებული თარიღიდან დაიწყება; თუმცა სამუშაოების დაწყების თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს 2022 წლის 1-ელი ივლისისა.
ტენდერში აღნიშნულია, რომ „ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე, ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები“.