მთავარი,სიახლეები

მარიუპოლში 160 ათასი ადამიანია, საჭიროა მთელი ქალაქის ევაკუაცია – მარიუპოლის მერი

28.03.2022
მარიუპოლში 160 ათასი ადამიანია, საჭიროა მთელი ქალაქის ევაკუაცია – მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, მარიუპოლში დაახლოებით 160 ათასი ადამიანი რჩება და საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია.

„ჩვენი შეფასებით  მარიუპოლში ახლა დაახლოებით 160 ათასი ადამიანია. ცხოვრება შეუძლებელია, რადგან საერთოდ არაფერია: არც წყალი, არც დენი, არც გათბობა, არანაირი კომუნიკაცია არ არის“- განაცხადა ბოიჩენკომ.

ქალაქის მერის თქმით, მარიუპოლში ათასობით ადამიანია დაღუპული რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად.

უკვე ერთი თვეა უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია და ინტენსიურად იბომბება. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გათბობა და წყალი.

მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 2 300-ს აღემატება. მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.

ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.

მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ.

_____________

ფოტოზე: დაბომბილი მარიუპოლი. ფოტო: აზოვის პოლკი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: