მთავარი,სიახლეები

დაზარალებული დაიღუპა – ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში ბრალდებული გაამართლეს 

28.03.2022 • 1435
დაზარალებული დაიღუპა – ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში ბრალდებული გაამართლეს 

ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა პირველად მიიღეს გადაწყვეტილება – ბრალდებული, რომელსაც პროკურატურა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას უპირებდა, მსაჯულებმა გაამართლეს.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტი არ საჩივრდება.

შემთხვევა, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს, გასული წლის ივნისში მოხდა – ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, პოლიციელებს დაახლოებით 30 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ის უზბეკეთის მოქალაქე იყო და ბოლო წელიწად-ნახევარი ბათუმში ცხოვრობდა მაქსიმე ქობულაძესთან, რომლის ნაქირავებ ბინაშიც იპოვეს გარდაცვლილი.

მაქსიმე ქობულაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117 – ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ბრალდებული და დაზარალებულიც იმ დროისთვის ალკოჰოლდამოკიდებული იყვნენ. ბრალდებულს არ უთქვამს, რა მოხდა, რამ გამოიწვია მისი მეგობრის სიკვდილი… მან თქვა, რომ ამ შემთხვევამდე რამდენჯერმე დაზარალებული ქუჩაში სცემეს“, – ამბობს ადვოკატი მალხაზ ზოიძე.

მსაჯულებმა ნახეს ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილს თავის არეში ჰქონდა დაზიანებები და სისხლჩაქცევები. ის ნაცემი იყო.

მსაჯულებმა მოისმინეს გარდაცვლილის დედის ჩვენებაც, რომელმაც თქვა, რომ ბრალდებული ცუდ გავლენას ახდენდა მის შვილზე და ხშირად უწევდა შვილისთვის ფულის გამოგზავნა უზბეკეთიდან.

„მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაპირისპირო იყო, საქმეში ირიბი მტკიცებულებები იყო მხოლოდ,“ – აღნიშნა მალხაზ ზოიძემ.

გარდაცვლილი კაცი ცოლთან განქორწინებული იყო და უზბეკეთში მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ჩვენებების მოსმენის შემდეგ ნაფიც მსაჯულებს ზუსტად 4 საათი და 30 წუთი უმსჯელიათ დახურულ კარს მიღმა. გამამართლებელ ვერდიქტს 9 მსაჯულმა დაუჭირა მხარი, 3 – წინააღმდეგი წავიდა. გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა.

ბათუმში ნაფიცი მსაჯულები საქმეს 2016 წლიდან განიხილავენ. თუმცა ამ დრომდე არც ერთ ბრალდებულს არ აურჩევია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ან ირჩევდა და შემდეგ უკვე, მსაჯულების შერჩევის ეტაპზე, ბრალდებული პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებდა. ამ შემთხვევაში კი, მსაჯულებს განსახილველი არაფერი რჩებოდათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: