მთავარი,სიახლეები

სააკაშვილი ბათუმელ ამომრჩეველს მიმართავს – „არ გაყიდოთ თქვენი ხმები“

28.03.2022
სააკაშვილი ბათუმელ ამომრჩეველს მიმართავს – „არ გაყიდოთ თქვენი ხმები“

„არ გაყიდოთ თქვენი ხმები“ – მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ფეისბუქის საშუალებით მიმართავს ბათუმელ ამომრჩეველს, რომელმაც 2 აპრილს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში არჩევანი უნდა გააკეთოს. ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა.

მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს ოპოზოციური ერთობის კანდიდატის – მათე ფუტკარაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

2 აპრილს ბათუმში შუალედური არჩევნებია.

„…ამ არჩევნებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოში უახლოეს პერიოდში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ჩვენ და მეც ძალიან ვისურვებდით, ეს პროცესი დაიწყოს ჩემთვის ძალიან საყვარელი ქალაქიდან. მანდ ძალიან ბევრს ვიცნობ, ბევრ ოჯახში ვარ ნამყოფი და ვიცი, რა კარგი ხალხი ხართ, თქვენი იმედი მაქვს,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
———-

ბათუმის საკრებულოს წევრს ამჯერად მხოლოდ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ, რადგან გასული წლის ოქტომბერში ამ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რაც, პარტიის მტკიცებით, ადასტურებს იმას, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. თანხმობის შემთხვევაში ოპოზიცია უმრავლესობას საკრებულოში დაკარგავდა.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდა, ამ დრომდე ბათუმში საკრებულო არ მუშაობს – საკრებულო ვერ ირჩევს თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს. საკრებულოში ძალთა ბალანსი ახლა ასეა: 17 – 17 და ასეა მას შემდეგ, როცა გახარიას პარტიიდან საკრებულოში შესულმა წევრმა ირაკლი თავდგირიძემ კი თქვა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ არჩევნებზე ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე. მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძეა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: