მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულომდე მგზავრობის ფასი 10 ლარი გახდა – ტარიფები იზრდება

26.03.2022
ხულომდე მგზავრობის ფასი 10 ლარი გახდა – ტარიფები იზრდება

პირველი აპრილიდან მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებსაც მგზავრები ბათუმიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გადაჰყავთ, მგზავრობის ტარიფების ზრდას ელოდებიან. მათი თქმით, თუ საწვავზე ფასებმა არ დაიკლო, ისინი ან გაჩერდებიან, ან მგზავრობის საფასურს გააძვირებენ.

როგორც ბათუმელებმა“ გაარკვია, დღეს 26 მარტის მდგომარეობით, მგზავრობის ფასი მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით გაძვირებულია, სხვა მიმართულებებზე კი ჯერ-ჯერობით ძველი ტარიფია შენარჩუნებული.

როგორც ბათუმის ავტოსადგურის სალაროში გვეუბნებიან, დღეს, 26 მარტის მონაცემებით, ბათუმი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ფასი 15 ლარია, ბათუმი-თბილისის  მიმართულებით კი – 22 ლარი.

მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების მიმართულებით მგზავრობის ფასები დღეის მდგომარეობით ასეთია:

  • შუახევი – 7 ლარი
  • ხულო – 10 ლარი
  • ქედა – 3 ლარი

ქედის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ბათუმი-ქედას [ცენტრი] მიმართულებით მგზავრობის ფასი ორშაბათიდან, 28 მარტიდან, სავარაუდოდ 3.50 ლარი იქნება.

ბათუმის ავტოსადგური, მგზავრობის ტარიფები იზრდება. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ბათუმელები“ სოფელ უჩამბისკენ [შუახევის მუნიციპალიტეტი] მიმავალი სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრებს ესაუბრა. მგზავრების თქმით, დღეს უჩამბამდე მგზავრობაში 10 ლარის გადახდა უწევთ.

„უჩამბამდე მიდის, თოვლია და ძალიან ცუდი გზებია, მძღოლებიც გაწვალებული არიან, ამიტომ ვიხდით 10 ლარს. თოვლი რომ გაშრება, არ ვიცი, იგივეს გადახდა მოგვიწევს თუ არა. აქამდე 7 ლარს ვიხდიდით. ამ მარშრუტკას ხუთი სოფლის ხალხი დაჰყვება, რადგან ბევრი მგზავრი არ არის“- გვეუბნება ფატი ზოიძე.

მგზავრები ლაითურის მიმართულებით

ლაითურისკენ [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი] მგზავრობა დღეს 5 ლარი ღირდა. მგზავრები ამბობენ, რომ ეს ძველი ფასია და იმედოვნებენ, რომ ფასი არ გაიზრდება.

დაახლოებით იგივე ტარიფებია გურიის მიმართულებით, სხვა მარშრუტებზეც. თუმცა როგორც მძღოლები გვეუბნებიან, პირველი აპრილიდან მგზავრობის საფასურის გაძვირებაა მოსალოდნელი.

„ადმინისტრაცია აძვირებს მგზავრობას. საწვავის ფასი გაიზრდება, გაიზრდება მგზავრობის ტარიფიც. ველოდებით“- ამბობს მძღოლი რაფიელ სიხარულიძე.

„თუ საწვავის ფასი არ დაიკლებს, საერთოდ გავჩერდები. ზარალზე ხომ ვერ ვივლი. მეზობელია, ახლობელია, გაძვირებული ფასი როგორ გადავახდევინო“- გვეუბნება მძღოლი გურამ ბაკურიძე.

„თუ საწვავის ფასები არ დაიკლებს, შესაძლოა გავჩერდეთ“- მძღოლები. 
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ჩვენ ის გვაინტერესებს ეს „სალიარკა“ რატომ გარბის ყოველდღე ზევით, 4 ლარს გადასცდა საწვავის ფასი“- ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: