ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმ-ქობულეთის დაბლობები პირველ კატეგორიაში – ქარსაფარი ზოლის აღდგენის ახალი წესი

27.03.2022 • 2112
ბათუმ-ქობულეთის დაბლობები პირველ კატეგორიაში – ქარსაფარი ზოლის აღდგენის ახალი წესი

2022 წლის პიველი აპრილიდან ამოქმედდება დადგენილება, რომლითაც მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი“ დაამტკიცა.

ქარსაფარი ზოლის აღსადგენად, გაბატონებული ქარების სიძლიერის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტები დაყოფილია სამ კატეგორიად:

  • პირველი კატეგორია – მუნიციპალიტეტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი (გრიგალისებრი) ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 9,9 მ/წმ-ზე მეტია);
  • მეორე  კატეგორია – მუნიციპალიტეტი,  რომლისთვისაც  დამახასიათებელია ზომიერად ძლიერი ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 5 მ/წმ-დან 9,9 მ/წმ-მდეა);
  • მესამე კატეგორია – მუნიციპალიტეტი,  რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით სუსტი ქარი (საშუალო წლიური სიჩქარე 2 მ/წმ-დან 5 მ/წმ-მდეა).

ამ კატეგორიების გათვალისწინებით, აჭარაში:

  • პირველი კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: ქობულეთი [დაბლობები] და ბათუმი [კახაბრის ველი],
  • მეორე კატეგორიის: ბათუმი [კახაბრის ველის გამოკლებით] და ქობულეთი [დაბლობების გამოკლებით],
  • მესამე კატეგორიის მუნიციპალიტეტებია: შუახევი, ხულო და ქედა.

 

ახალი წესის მიზანია „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესების დადგენით ხელი შეუწყოს ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვასა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფასა და ამ კულტურების გაბატონებული ქარებისგან დაცვას, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.“

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის დაცვაზე ზედამხედველობას გაახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი [საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.]; ქარსაფარი ზოლების მერქნიანი მცენარის (ხის) დაზიანებასა და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვაზე კი – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ახალი წესის მიხედვით:

  • „ქარის სიძლიერის ჯგუფის მიხედვით მთავარ ზოლებში რიგების რაოდენობა განისაზღვროს 2-დან 8 რიგამდე, ხოლო დამატებითი (დამხმარე) ზოლების რიგების რაოდენობა ყველა კატეგორიის მუნიციპალიტეტში განისაზღვრება 2 რიგით.
  • ქარსაფარი ზოლის სტრუქტურის შენარჩუნების, სახეობრივი შემადგენლობის ოპტიმიზაციისა და მათი დაცვითი ფუნქციის სრულყოფა-გაუმჯობესების მიზნით, მოვლითი ჭრა ხორციელდება ქარსაფარი ზოლის გაშენების მე-15 წლიდან საბურველის სრულ შეკრულობამდე და გულისხმობს იმ მერქნიანი მცენარეების მოჭრას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქარსაფარი ზოლის სტრუქტურისა და კონსტრუქციის ფორმირებას.
  • ხანძრის პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ქარსაფარი ზოლის გასწვრივ 1 ან 1,5 მ-ის სიგანის ზოლის მოხვნა და შემდეგ დაფარცხვა.
  • ქარსაფარ ზოლებში უნდა განთავსდეს ძოვების ამკრძალავი შესაბამისი საინფორმაციო ბანერი ყოველ 500 მეტრში.
  • ქარსაფარ ზოლში შესაძლებელია ძოვების აკრძალვის მოხსნა (ძოვების დაშვება) ქარსაფარი ზოლის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით.“

ამავე თემაზე:

კომპანიამ ტენდერი მოიგო და კონსულტანტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დაიქირავა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: