მთავარი,სიახლეები

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – რიჟვაძე წინასაარჩევნოდ ახალ პროგრამას აანონსებს

22.10.2021 • 2040
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – რიჟვაძე წინასაარჩევნოდ ახალ პროგრამას აანონსებს

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – ამ სახელწოდებით ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროგრამა დღეს, 22 ოქტომბერს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე, თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა. მისი თქმით, 2022 წლიდან 4 წლის განმავლობაში ამ პროექტისთვის 80 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

„დღეის მდგომარეობით, ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინებით, ბათუმში გვაქვს ავარიული სტატუსის მქონე 140-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი. დაახლოებით 1400-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ავარიულ პირობებში. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობა მომავალ წელს 20 მილიონი ლარის ფარგლებში მოახდენს კონკრეტული მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაწევას და დაიწყება ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების ეტაპობრივი დაკმაყოფილება… 4 წლის განმავლობაში დაიხარჯება 80 მილიონ ლარზე მეტი,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, 2025 წლის ჩათვლით სულ 3 ათასზე მეტი ოჯახის პრობლემა მოგვარდება, ვინც ავარიულ სახლში ცხოვრობს. თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა იმაზეც, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში 10 მილიონზე  მეტი ლარი დაიხარჯება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლებში ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში საუბარია სახლების რეაბილიტაციაზე.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ავარიულ სახლებში მცხოვრებ 630 ოჯახს დღეიდან დააკმაყოფილებენ მერიისა და აჭარის მთავრობის საბინაო ფონდიდან. თუმცა ამავე ბრიფინგზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განმარტა, რომ პროგრამა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს და ის მომავალი წლიდან დაიწყება.

დღევანდელ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს არ უხსენებიათ კონკრეტული სქემა, როგორ მოხდება ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება, ან რაში დაიხარჯება 80 მილიონი ლარი, რაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა ისიც, რომ ბიზნესის დასაინტერესებლად კონკრეტული პაკეტი უნდა მომზადდეს.

„კერძო სექტორს შევთავაზებთ კონკრეტულ პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით ბიზნესის და სამშენებელო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პრობლემის გადაჭრაში, ეს მოიცავს რეგულაციების კუთხით  სტიმულებს, ასევე ფინანსურ თავდებობას, რაც გულისხმობს კონკრეტული პროექტების სიცოცხლისუნარიანობას, ფინანსურ მდგრადობას და კერძო სექტორი ჩაერთვება ავარიული სახლების პროგრამის განხორციელების ნაწილში,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

რას აპირებს მერია უნებართვო და უკანონო მშენებლობების კუთხით, რომლის მსხვერპლი თავად მერის მოვალეობის შემსრულებელიც გახდა? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ლელა სურმანიძეს.

„გეთანხმებით, რომ სანქციების გამკაცრება შეიძლება იყოს გამოსავალი და უფრო აქტიური მონიტორინგი,“ – აღნიშნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელიც დღევანდელ ბრიფინგს დაესწრო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: