ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 17 700 ადამიანი
  • ტანკი – 625 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 751 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 316 ერთეული
  • MLRS – 96 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54 ერთეული
  • თვითმფრინავი – 143 ერთეული
  • ვერტმფრენი – 131 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 220 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 85
  • სპეციალური აღჭურვილობა – 24
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 124 თვითმფრინავი
  • 81 შვეულმფრენი
  • 353 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1 839 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 202 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 773 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1 711 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მდებარე ნავთობბაზაზე, სადაც ნავთობის 8 საცავი იწვის, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა კი დროებით გაიყვანეს საცხოვრებელი სახლებიდან. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ ნავთობბაზა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა დაბომბა. 


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით ადამიანი უკრაინაში, მათგან, სულ მცირე, 150 ბავშვია. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა, რომელთაგან 4 მილიონი ევროკავშირის ქვეყნებში გადავიდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „როგორც ჩანს“, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაშია და შესაძლოა, გაათავისუფლა ან შინაპატიმრობა მიუსაჯა თავის მრჩევლებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი კი აცხადებს, რომ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები შეთანხმდნენ, უკრაინას გაუგზავნონ უფრო მეტი ლეტალური იარაღი – საარტირელიო საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა.

ამავე თემაზე:

მტერია, მაგრამ მაინც რთულია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები – ჟერარ დეპარდიე რუსეთის ომზე უკრაინაში

პუტინთან დაახლოებული 73 წლის ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, ითხოვს შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები.

„რუსეთი და უკრაინა ყოველთვის მოძმე ქვეყნები იყვნენ. წინააღმდეგი ვარ ამ ძმათამკვლელი ომის. შეწყვიტეთ ომი და დაიწყეთ მოლაპარაკებები!“ – ამბობს „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟერარ დეპარდიე.

ჟერარ დეპარდიეს 2013 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეობასთან ერთად რუსეთის მოქალაქის პასპორტიც აქვს. მან საფრანგეთი მდიდრებისთვის დაწესებული მაღალი გადასახადების გამო დატოვა 9 წლის წინ და რუსეთში გადასახლდა.

აღსანიშნავია, რომ დეპარდიეს ინტერვიუს წინ უძღოდა მსახიობ მაშა მერილის განცხადება.

„იცით, რომ დეპარდიე საფრანგეთშია?! აქ მუშაობს, მოსწონს რუსეთი, მაგრამ მაინც აქაა, მიირთმევს ყველს და წითელ ღვინოს, ასე, რომ ნუ გვასულელებს!“ – განაცხადა მიშელ ლეგრანის ქვრივმა, მსახიობმა მაშა მერილმა ფრანგულ პრესასთან. მერილი რუსული წარმოშობისაა, ის ღიად გმობს პუტინის მიერ წამოწყებულ ომს უკრაინაში.

„მას შემდეგ, რაც დეპარდიე რუსეთში გადასახლდა, ის მუდმივად აქებდა ახალ სამშობლოს, რუსეთს, მის „დიდ დემოკრატიას“ და პუტინს რომის პაპ იოანე პავლე მეორესაც ადარებდა.“ – წერს გამოცემა Figaro.

________________

ფოტოზე: დეპარდიე და პუტინი, 2013 წელი. ფოტო: EPA/MIKHAIL KLIMENTYEV

83 წლის კაცი მარტო, დანგრეულ სოფელში – ფოტოამბავი უკრაინიდან

83 წლის ვალენტინ ვასილენკო კიევთან ახლოს, სოფელ ტეტევირში მარტო დარჩა. მისი სახლი რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაინგრა.

იგი უკრაინელმა სამხედროებმა გამოიყვანეს სოფლიდან.

ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტაჟი ასახავს ერთი ადამიანის ბედს უკრაინაში, რომელიც 83 წლის ასაკში სახლის გარეშე დარჩა.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE
83 წლის ვალენტინ ვასილენკო დგას თავისი ნახევრად დანგრეული სახლის წინ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE
ძროხა დანგრეულ და დაცარიელებულ სოფელში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE
უკრაინელ სამხედროს გამოჰყავს მოხუცი. მოხალისეებმა მას ახალი სახლი უნდა მოუძებნონ. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE

 

მაშველებმა ქობულეთში დელფინი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში მაშველებმა დელფინი სიკვდილს გადაარჩინეს. დელფინი ბადეში იყო გახლართული.

„მაშველებმა დელფინი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებიდან და ბადიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს და ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს“, – ამბობს საგანგებო სამსახური.

აირჩიე სილქნეტის მობილური ნომერი ონლაინ და მიიღე SIM ბარათი სახლიდან გაუსვლელად

სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართვა გამარტივდა. მსურველს შეუძლია ონლაინ შეარჩიოს სტანდარტული და „ოქროს“ ნომერი და თბილისის მასშტაბით მიიღოს SIM ბარათი უფასოდ.  

აქცია ვრცელდება დედაქალაქის სტუმრებზეც. 

სილქნეტის ქსელში ჩართულ ტურისტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ექსკლუზიური პაკეტებით და კოდით*013# გაიაქტიურონ:

SIM ბარათის შეძენა ტურისტებს ასევე შეუძლიათ:

სილქნეტის მიერ დანერგილი გიგაბიტ LTE ტექნოლოგია, ბაზარზე არსებულ სხვა ქსელის სტანდარტზე 7 ჯერ სწრაფი და საიმედოა, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას უქმნის: ისაუბროს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ლოკაციიდან,  დაესწროს ტრენინგებს, მიჰყვეს სასწავლო პროცესს, ჩაერთოს ონლაინ საქმიან შეხვედრებს, გააგზავნოს დიდი ზომის ფაილები, ჩამოტვირთოს აპლიკაცია Silk Go და უყუროს სატელევიზიო გადაცემებს, კინოპროგრამას, თვალი ადევნოს სპორტულ მოვლენებს, ეკონტაქტოს მეგობრებს ვიდეო ზარებით, გაერთოს, ისწავლოს, იმუშაოს. 

ცხელი ხაზი 032 2100100 / silk.ge.

შუახევი ჰესის პირველ ქართველ ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე Tata Power-ის წარმომადგენელი, ყოფილი დირექტორი ანანდ სოლანკი შეცვალა. ინვესტორების მიზანია, კომპანიაში წამყვანი პოზიციები დაიკავონ ქართველმა პროფესიონალებმა. დღეს, კომპანიის თანამშრომელთა 98% საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ.

მამუკა სხილაძეს აქვს ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის გამოცდილება საქართველოს ენერგო სექტორში. ის იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის (GSE) ფინანსური დირექტორი და მმართველი საბჭოს წევრი.

მისი წარმატებული კარიერა ისეთ წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს უკავშირდება, როგორიც არის Deloitte & Touch Tomatsu, PricewaterhouseCoopes, ჯეოსელი, საქართველოს ბანკი, თეგეტა მოტორსი.

,,შუახევი ჰესი წარმოადგენს ქართული ენერგო სისტემის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსდა, როგორიც არის: ევროპის რეკონსტრუქციისა და გავითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB), და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). შუახევი ჰესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტროენერგიის შიდა გამომუშავების ზრდის და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში. ჩემთვის დიდი პატივია კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ გუნდთან და საერთშორისო ინვესტორებთან ერთად მუშაობა.“ – განაცხადა კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსურმა დირექტორმა, მამუკა სხილაძემ.

ცხოვრება უკრაინის ქალაქში, რომელიც არ იბომბება – სკოლა, ბაღი, გავსებულია ხალხით

„2014 წელს, ოკუპაციის პირველივე დღიდან, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. იქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. ჩვენს ბინას ყუმბარა მოხვდა. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ. მაშინ შედარებით პატარები იყვნენ. არ მინდოდა, ეს ყველაფერი ახლა თავიდან ენახათ, ეგრძნოთ, ამიტომაც ომის დაწყებიდან მალევე დავტოვეთ სევეროდონეცკი ოჯახმა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 52 წლის თემურ ბერიძე, რომელიც უკვე 24 წელია უკრაინაში მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს.

თემური ამბობს, რომ უკრაინაში პირველად უფროსი შვილი წაიყვანა სამკურნალოდ  და იმდენ ხანს გაგრძელდა მკურნალობა, რომ საცხოვრებლად გადაწყვიტეს დარჩენა. თემური საქართველოდან წასვლამდე ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში, უკრაინაში კი, წარმოადგენს “ქართველ მუსლიმთა კავშირს”, სევეროდონეცკში მის მიერ დაფუძნებულ ისლამის კულტურულ ცენტრს ხელმძღვანელობს, სამხედრო კაპელანია და ასევე,  ხელმძღვანელობს ქართულ სათვისტომოს  ლუგანსკის ოლქში.

თემურ ბერიძე, მისი მეუღლე და შვილები უკრაინის მოქალაქეები არიან.

  • ბატონო თემურ, სად ხართ ახლა, როგორ მოახერხეთ საბრძოლო მოქმედებების არეალიდან გასვლა?

ადგილობრივი ხელისუფლებიდან დილის ექვს საათზე დამირეკეს და მთხოვეს, ვისი ევაკუაციის საშუალებაც მქონდა, მათი გაყვანა დამეწყო ქალაქიდან.

ომის დაწყების პირველი დღეები ძალიან პანიკური იყო, რადგან საზოგადოება არ ელოდა, არც მზად იყო. ომის პირველივე დღეს გაჩნდა საწვავის პრობლემა და გზები თითქმის სრულად ჩაიხერგა, ძალიან ძნელი იყო გადაადგილება. 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტრანსპორტით გვიწევდა მე და ჩემს ოჯახს გადაადგილება, ღამეს გზაში ვათევდით. ახლა უკრაინის ქალაქ ჩერნოვცში ვარ, რუმინეთის საზღვართან ახლოს.

8 წლის განმავლობაში საომარი მოქმედებების ზონაში ვცხოვრობდით და ჩვენ გარშემო ამ ხნის მანძილზე 1400 ადამიანი დაიღუპა. მე თვითონ დავდიოდი ფრონტის წინა ხაზზე. ვმუშაობდი უკრაინის ჯარში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ნებართვით. 2014 წლიდან ვიდექი სევეროდონეცკში, რუსეთის საზღვართან.

  • როგორ ცხოვრობს ქალაქი უკრაინაში, რომელიც არ იბომბება და არ არის რუსეთის შეჭრის საფრთხის ქვეშ?

იმით სჯობს აქ ყოფნა, რომ ზემოდან არ მოდის ბომბები. დანარჩენი, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა მრავალშვილიანი ოჯახისთვის აქ საცხოვრებლად. პირველადი მოხმარების პროდუქტები – ვთქვათ, ბრინჯი, მაკარონი ჭირს, სხვა ყველაფერიც პრობლემაა.

ფაქტობრივად, დღეს ორი უკრაინა გვაქვს – ერთი, რომელიც იბომბება და ნადგურდება ყველა სახის ინფრასტრუქტურა, მეორე კი – დასავლეთ უკრაინა, რომლის ქალაქებში სანტიმეტრს ვერ ნახავთ, რომ არ იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები. ისინი ძალიან მძიმე ვითარებაში არიან. ბევრ მათგანს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა.

ყველა საზოგადოებრივი შენობა – სკოლა, ბაღი, სპორტული დარბაზი გავსებულია იძულებით გადაადგილებული პირებით, კერძო ბინებიც, რომელთა გაქირავებაც შეიძლებოდა. ხალხის ნაკადი სამჯერ უფრო გაზრდილია ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვზე. ამან, ბუნებრივია, ბევრი სირთულე გამოიწვია. მშვიდობის ფასად ადამიანები ყველა გასაჭირს უძლებენ, რასაც ახლა აწყდებიან. კომფორტი არ გვაქვს, მაგრამ ცხოვრება შეიძლება.

ორი კვირა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი ჩერნოვცში, მათ არ უნდოდათ ჩემი დატოვება, რადგან 60 წლამდე კაცების უკრაინიდან გასვლა აკრძალულია. ამ ყველაფრისთვის ისინი არ იყვნენ ფსიქოლოგიურად მზად, თუმცა მოვახერხე მათი დაყოლიება და გერმანიაში გავუშვი რუმინეთის გავლით. აქ, ფაქტობრივად, არ იშოვება ადგილი, სადაც შეიძლება ქირით შეხვიდე. ამასთან, ქირის ფასიც უსაშველოდ გაიზარდა.

დიდება უკრაინას – თემურის 10 წლის შვილი ხატავს ომს
  • სად ცხოვრობთ ახლა, როგორი პირობები გაქვთ, თუ მოახერხეთ მუშაობა?

ახლა ისლამის კულტურულ ცენტრში ვცხოვრობ. აქ ვართ დაახლოებით 40 ადამიანი. სამლოცველოს იატაკზე 2 მეტრი ადგილი – ერთი ლეიბი და პლედი მაქვს.

მე ახლა სამოქალაქო აქტივიზმით ვარ დაკავებული. ვეხმარები ადამიანებს ცხელი წერტილებიდან გამოსვლაში, ტრანსპორტის ორგანიზებაში, ბევრს საბუთების პრობლემა აქვს, მიცვალებულების დაკრძალვაში და ძალიან დატვირთული ვარ.

ისლამის კულტურული ცენტრი ჩერნოვცში
  •  სამედიცინო და სხვა სერვისებზე თუ გაქვთ წვდომა? 

საავადმყოფოები და აფთიაქები მუშაობს, მაგრამ ის მედიკამენტები, რომლებიც ფართო მოხმარებისაა, რთულად მოსაპოვებელია. აფთიაქები თითქმის ცარიელია და რაც იშოვება, იგზავნება ისეთ ქალაქებში, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

ნაწილობრივ მუშაობს საწარმოები. მაინცადამაინც არ მაქვს ინფორმაცია ამ ქალაქში რა ობიექტებია, მაგრამ, როცა ქალაქში გავდივარ, ვერ ვიტყვი, რომ აქ რაიმე ისეთი შეიმჩნევა, რაც ძალიან დიდად აფერხებს ქალაქის ცხოვრებას. ქალაქი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ გადატვირთულია. მუშაობს სკოლებიც.

ყველა წერტილში მუშაობენ სამოქალაქო აქტივისტები. გროვდება ჰუმანიტარული ტვირთი. რუმინეთიდან შემოდის დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ამ ქალაქში ნაწილდება და შემდეგ იგზავნება იქ, სადაც საჭიროა.

დაახლოებით 2 კვირის პროდუქტი მოგვიტანეს ახლა.

  • თქვენს ქალაქში საკმაოდ ბევრი ეთნიკური რუსი ცხოვრობს, ისინი ალბათ ორმაგი სტრესის ქვეშ არიან მათი ისტორიული სამშობლოს თავდასხმის გამო, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

სადაც მე ვცხოვრობდი, იქ უმრავლესობა რუსულენოვანია – ძირითადად გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ჩასახლებული მიგრანტები არიან. 2014 წელს მათი განწყობა რუსეთის მხარეს იყო, რადგან ბევრი ელოდა „რუსული სამყაროსგან“ სიკეთეს, მით უმეტეს, ვისაც მოუწია საბჭოთა კავშირში ცხოვრება. მაგრამ რვაწლიანმა ომმა ძლიერი გარდატეხა მოახდინა ამ ადამიანების განწყობასა და წარმოდგენაზე. დღეს ალბათ 20% შემორჩა მხოლოდ, ვისაც ძველი განწყობა აქვს. შესაძლოა, ისინი თავს ამ მდგომარეობაში კომფორტულადაც გრძნობენ, მაგრამ დანარჩენისთვის ეს ომი არის კატასტროფა და მიუღებელი.

რასაც რუსებისგან ვისმენთ, ერთ-ერთი მიზეზი ომის დაწყების რუსული ენის დაცვა იყო, თუმცა მე ამ ხნის განმავლობაში არასდროს მინახავს ენის ნიშნით კონფლიქტი ან რაიმე მსგავსი.

  • ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის წილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის თვალსაზრისით მაღალია ევროპაში და ეს ომი პრობლემებს ამ მხრივაც შექმნის. დაიწყეს ფერმერებმა მიწების დამუშავება?

უკრაინაში მარტი იყო ძალიან ცივი და თოვლიანი – ესაა ძირითადი შემაფერხებელი მიზეზი სოფლის მეურნეობის სამუშაოების. პრეზიდენტმა და ფერმერებმა გააკეთეს განცხადებები, რომ აუცილებლად ჩაატარებენ საგაზაფხულო სამუშაოებს. საგაზაფხულო სამუშაოების ძირითადი დატვირთვა აქ აპრილის თვეზე მოდის. სავარაუდოდ, ამინდიც გამოკეთდება და აუცილებლად ჩატარდება საგაზაფხულო სამუშაოები.

ბოლო დღეებში რუსეთმა იმ ინფრასტრუქტურების დაბომბვა დაიწყო, სადაც საწვავის მარაგი ინახება. აი, მაგალითად, ლვოვში უდიდესი საწვავის საცავი გაანადგურეს… მაგრამ ორი დღის წინ შედგა სატელეფონო საუბარი უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის და აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაგვპირდა საწვავით მომარაგებას.

  • თუ იცით, თქვენი სახლი სევეროდონეცკში დაიბომბა?

დაიბომბა. მე იქ ვცხოვრობდი ისლამის კულტურულ ცენტრთან ახლოს და დაახლოებით 10 დღის წინ მოხვდა ამ ცენტრს ნაღმი. დააზიანა შენობის წინა მხარე, ფანჯრები, ცენტრალური კარი. მე მაქვს კომპანია, რომელიც საქართველოდან სეზონზე ეზიდება ციტრუსს, ვმუშაობდი მაღაზიებთან, რომლებსაც ვამარაგებდი ხილ-ბოსტნეულით. სევეროდონეცკში დაზიანდა ჩემი ინვენტარი, დაახლოებით 20 000 ამერიკული დოლარის ღირებულების საქონელი დამრჩა იქ, რომელიც გაფუჭდა.

  • როგორია თქვენი მოლოდინი, შეძლებთ დაბრუნებას სევეროდონეცკში, სადაც 24 წელი ცხოვრობდით ოჯახთან ერთად?

ეს არ იქნება ხანმოკლე ომი. შესაძლოა, უკრაინის რომელიმე რეგიონში ტემპმა მოიკლოს, მაგრამ აღმოსვლეთი უკრაინა, სადაც მე ვცხოვრებდი, ეს არის რუსეთის პირველი სამიზნე… რუსეთს სურს ყირიმის ნახევარკუნძულისა და სახმელეთო გზის ოკუპირება. ეს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა დაბრუნება ჩვენს სახლებში უახლოეს პერიოდში. თუმცა, იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ინფრასტრუქტურის აღდგენა თავიდან მოგვიწევს, რადგან ბრძოლის ის ტემპი, რაც აღმოსავლეთ უკრაინაშია, რაიმეს გადარჩენას გამორიცხავს.

გიორგი ვაშაძე, საქართველოდან ჩასული ქართველი მოხალისეები და უკრაინელები თემურ ბერიძესთან ერთად

„წყალი უწყვეტად კირილეს მერე აღარ გვაქვს“ – რას ჰყვებიან გონიოელები არჩევნების წინ

„ხმა უნდათ, რომ ახლა მივცეთ, ხომ?“ – ხუმრობით ცდილობს ახსნას გონიოს ციხესთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების გადათხრა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სულხან კახაძემ. ის აქვე ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს „ქართული ოცნება“. ცნობილია, რომ გონიოში სასმელი წყლის პრობლემა წლებია აქვთ, წყლის ახალი მილებისთვის კი, ეზოები „გადამწყვეტ“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გადათხარეს.

2 აპრილს ანუ ხვალ ბათუმის მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებია. არჩევნებია გონიოშიც, სადაც გუშინ, 31 მარტს, „ბათუმელებმა“ სცადა გაეგო, რა მოსთხოვეს კანდიდატებს ამომრჩევლებმა.

რას აჩვენებს ეზოს გადათხრა სასმელი წყლისთვის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე? – ეს როცა  ვიკითხეთ, გონიოელებს გაუკვირდათ,  ისინი მიიჩნევენ, რომ სისტემის მოწყობა თავისთავად კარგი ამბავია. მერე რა, რომ არ იციან, აქამდე რატომ არ აქვთ გონიოს ციხესთან ორი ფეხის ნაბიჯში, ტურისტულ ზონაში და ზღვისპირას სასმელი წყალი.

გადათხრილი ეზო გონიოს ციხესთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში

„წყალი კი არა, ცეცხლი ეკიდება საჭმელს, რა ვჭამოთ?“ – გვეკითხება მედიკო მალაყმაძე, რომელიც მეზობლის ქალებთან ერთად ფანჩატურში დაგვხვდა.

„წყალი უწყვეტად, აბა, კირილეს მერე აღარ არის,“ – ქუდს ისწორებს ის და მძიმე ტექნიკას აყოლებს თვალს, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოჩნდა გონიოელების დასახლებაში. მერე გვიყვება, რომ კირილე ბერიძე საბჭოთა პერიოდში გონიოს მეურნეობის დირექტორი იყო, მაშინ წყალიც გვქონდა, საჭმელიც და სასმელიცო.

„მეცხოველეობა იყო, მწველავად ვმუშაობდი, გაზეთშიც გამწერეს, ტელევიზიაშიც გამოვჩნდი… ახლა წყალი მრიცხველზე იქნებაო, რით გადავიხადოთ?“ – მეზობლებს შეჰყურებს მედიკო. მეზობლებსაც ისეთი მზერა აქვთ, მარტივად საგრძნობია, ეს საკითხი არაერთხელ რომ განიხილეს.

„წყალი ახლა გვაქვს, მაგრამ როგორც კი ჩამოცხება ანუ ზაფხულობით პრობლემაა, დღისით გვითიშავდნენ, ღამე – მოდიოდა. ახლა ვნახავთ, როგორ იქნება,“ – საუბარში ნანული მამულაძე ერთვება. ის სამუშაო ადგილებს ითხოვს, რომ ხალხი დასაქმდეს და სიღარიბე აღარ იყოს.

„ადრე ვმუშაობდი კირილე ბერიძესთან, ახლა სად ვიმუშაოთ? გამომაქვს აგერ ტანსაცმელი და ვყიდი, მაგრამ ვინ იყიდის? არაა ხალხში ფული, გამოვიტან, დავალაგებ, საღამოს შევალაგებ უკან,“ – გვიხსნის მედიკო მალაყმაძე და თან ფანჩატურის სახელურებზე გადაწყობილ ტანსაცმელს უსვამს ხელს.

გონიოს დასახლება

„სადაა სამუშაო, ხალხი პოლონეთში მირბის, ზოგი გერმანიაში, იტალიაში, რა ვიცი მე,“ – ამბობს ელენა ფუტკარაძე. დიალოგში სხვა მეზობლებიც ერთვებიან, რომლებსაც, მაგალითად, არ სურთ მოსაზრება გამოთქვან „ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“. გვეუბნებიან, რომ არ იციან, დასრულდა თუ არა ამ საქმის გამოძიება.

ნუგზარ ფუტკარაძე მე-4 მაჟორიტარული ოლქიდან აირჩიეს ბათუმის საკრებულოში წინა არჩევნებზე, თუმცა ის საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა. ენმ-ს ვერსიით, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ცდილობდა „ქართული ოცნება“ და მასზე ზეწოლა მოახდინეს. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ ახლა ღირსების არჩევნებია და ამიტომაც კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი – მათე ფუტკარაძე დაასახელეს. „ქართული ოცნების“ კანდიდატი კი, რამაზ ჯინჭარაძეა. 

„ვინ იცის, რა მოხდა, მაგრამ პოლიტიკაში როცა მიდიხარ, ნერვიულობაც გიწევს…“ – ამბობს მედიკო მალაყმაძე.

„ყველას თავისი პრობლემა აქვს, ოპერაცია გაიკეთა ჩემმა მეუღლემ, დამიფინანსეს, მაგრამ სრულად არა, ნაწილი ჩვენი გადასახდელია, ვერ ვიხდით,“ – გვიყვება ნანული მამულაძე.

„მე, პირადად, ფული არ მაქვს, მირჩევნია ისე მოვკვდე,“ – მოკლედ აწყვეტინებს მეზობელს სიტყვას მედიკო მალაყმაძე.

„ის დაწერეთ, რომ პრობლემაა საბავშვო ბაღი… სააკაშვილის დროს გათხარეს მიწა და მერე არაფერი, დარჩა გათხრილი,“ – პრობლემას ასახელებს მედიკო მალაყმაძე და ამატებს, თვეში 20 ლარს ვიხდი, ტრანსპორტმა შვილიშვილი სოფელ გონიოს საბავშვო ბაღამდე რომ მიიყვანოსო.

„პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე, არ ვეხები,“ – კატეგორიულია ნარგულ მამულაძე, მას გონიოს დასახლებაში სურსათის პატარა მაღაზია აქვს და გარეთ დაგვხვდა, მწვანილს არჩევდა.

ნარგულ მამულაძე

„მერე რა, რომ გადათხარეს, მრიცხველები უნდა დაყენდესო, საქმე კეთდება. ყველაფერი გვარდება, ყველა პრობლემა გვარდება…“ – გვეუბნება ნარგულ მამულაძე და მარკეტში დაბრუნებას არჩევს.

კიდევ ერთი ეზო გონიოში, სადაც სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება წინასაარჩევნოდ დაიწყეს

გონიოელების დიდი ნაწილი ძირითადად უკმაყოფილო იმითაა, რომ მიწის ნაკვეთები, რომელიც მრავალწლიანი დავის შემდეგ დაირეგისტრირეს, სათანადოდ ვერ იყენებენ. მესაკუთრეებს ახალი შენობების აგება სურთ ისტორიული ციხის მეზობლად, რაც კანონით დაუშვებელია.

„მე ვითხოვდი და ვითხოვ, მაგალითად, ღობეები გაგვიკეთონ კორპუსების ეზოებში და მწვანე ადგილები შევინარჩუნოთ… ქალაქი დაგვარქვეს, მაგრამ არაფერი შეიცვალა, ისევ საქონელი ჰყავს უმრავლესობას და ყველაფერი ნადგურდება.

პრობლემაა ბავშვების ატრაქციონებიც, მოძველებულია, გამოსაცვლელია,“ – ეს ნაზიბროლა კოჩალიძემ გვითხრა.

ნაზიბროლა კოჩალიძე
დაზიანებული ტრენაჟორები გონიოში

„ჩვენ პოლიტიკა არ გვაინტერესებს“, – მპასუხობენ ბიჭები, კორპუსების უკან, ზღვის გადასასვლელთან რომ შეკრებილან. კითხვაზე „რატომ?“ ერთ-ერთი მათგანი ხმამაღლა ამბობს:

„პოლიტიკოსებს არ ვაინტერესებთ ახალგაზრდები, უფრო სწორედ, ეგ არის,“ – ამბობს ლაშა ფუტკარაძე და გვთხოვს, ფოტოები არ გადავუღოთ.

ახალგაზრდები რამდენიმე პრობლემას ასახელებენ, რაც, მათი აზრით, მოსაგვარებელია: კალათბურთის მოედანი, მოუწესრიგებელი გზები, ინფრასტრუქტურა, ჭოროხის ხიდი, რომლითაც გონიოს ბულვარი, მათ შორის, ველობილიკი ახალ ბულვარს დაუკავშირდება.

„ჩვენ რომ არ ვართ აქტიურები, მაგის ბრალია, უნდა მოგვეთხოვა,“ – ამბობს ერთი ბიჭი.

სწორად მიგაჩნიათ, როცა წლების განმავლობაში არსებობს წყლის პრობლემა და მის მოგვარებას წინასაარჩევნოდ იწყებენ? – ვეკითხები ახალგაზრდებსაც.

„აქამდე უნდა მოგვარებულიყო ეს ყველაფერი,“ – ამბობს ერთი, თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს გავლენას ამომრჩეველზე ვერ მოახდენს.

„რატომ არ მოახდენს? ამის კეთება ხომ დასრულებული არ არის, დასამთავრებელია,“ – ამბობს სულხან კახაძე.

„რომელ საუკუნეში ვართ, საერთოდ? ახლა უნდა გვარდებოდეს სასმელი წყლის პრობლემა?“ – ირონიით გამოხატავს ბრაზს ლაშა ფუტკარაძე და ყველა ჩუმდება.

„დარდი ყველას აქვს, ასე ხომ არ მოვკდებით ყველა?“ – გაღიმებას და უხერხული პაუზის დასრულებას ცდილობს ერთი ბიჭი და ახალ პრობლემას ასახელებს:

„გარეგანათება არაა, არც პლაჟზეა, არც აქ, პლაჟზე რაც საჭიროა, ისიც არაა მოწყობილი, სკამებიც ამ ზაფხულს დადგეს…“ – გვიყვება ის.

გონიო, ზღვაზე გადასასვლელი

„ასე არ შეიძლება, მზე უნდა ჩანდეს, არ შეიძლება ამდენი მაღალი კორპუსი,“ – ეს ჯამბულ ხალვაშმა გვითხრა და გაშლილი ხელით მიგვითითა მზეზე, ახალი კორპუსები რომ ფარავდა. ჯამბულ ხალვაშს იმ დასახლებაში შევხდით, რომელიც მაღალმა, უსწორმასწორო მშენებლობებმა უკვე დაჩრდილეს. ამ დასახლებაში ალაგ-ალაგაა უკვე შემორჩენილი კერძო, ორსართულიანი სახლები მწვანე ბაღებით, ხეხილით, სიმწვანეში კი, ქაოსურად იჭრება ბეტონის კედლები.

გონიოელებს მეზობლებზე პირდაპირ საუბარი უჭირთ, რომლებმაც მაღალი კორპუსები ააშენეს, მაგრამ უკვე აცნობიერებენ, რომ გონიო უფასურდება, ძალას კარგავს უნიკალურობა, რაც გონიოს და კვარიათის მდებარეობას აქვს.

მზის ჩასვლა გონიოში
ანდრია პირველწოდებულის ქუჩა, გონიო
გონიოს პლაჟზე მშენებლობები ახლაც გრძელდება
ორსართულიანი სახლი კორპუსებს შორის, გონიო, ბათუმი

„შეცდომა დაშვებული იყო თავიდან, წინა ხელისუფლების დროს, მაშინ აშენდა მაღალი რამდენიმე შენობა, მერე გაგრძელდა… საშინელებაა. აქედან რაც ჩანს, ძალიან ცუდი რამეა. ზღვის ქარს ხომ თავისი მნიშვნელობა აქვს? ამ ნესტიან ბათუმში ნესტმა კიდევ იმატა,“ – გვითხრა კიდევ ერთმა კაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ღია სანიაღვრე არხის პრობლემაზე გვესაუბრნენ ნუგზარ და ლაშა ფერაძეები. მათი თქმით, წვიმის დროს არხიდან წყალი გადმოდის და მათი საცხოვრებელი სახლებიც იტბორება.

„პრობლემაა მწერებიც, გველები გადმოდიან ხშირად, ვირთხაც ბევრია… წლებია ვითხოვთ ამ არხის დახურვას, მაგრამ არავინაა მომხედავი. ვიფიქრეთ, რომ ჩვენით გავაკეთებდით, მაგრამ მარტო ჩემი სახლის მიმდებარედ რომ მომეწყო, 30 ათასი ლარი მითხრეს… მე კიდევ საოჯახო სასტუმრო გავაკეთე, ბანკის სესხი მაქვს, ვერ ვიხდი…“ – გვითხრა ნუგზარ ფერაძემ.

„ააშენონ შენობები 4 სართული, 5 სართული, მაგრამ 9 და 10 სართული რატომ უნდა შენდებოდეს? ხედები იფარება, მზე აღარ ჩანს, ქაოსურია ეს ყველაფერი…“ – ქაოსური მშენებლობები აღიზიანებს ლაშა ფერაძესაც.

ნუგზარ და ლაშა ფერაძეები
სანიაღვრე არხი გონიოს პლაჟზე

გონიოელების თქმით, გონიოში უკვე ისეთი პრეცედენტები დაუშვეს, რომ ქაოსური მშენებლობების შეჩერების მოლოდინი აღარ აქვთ. აქ ადამიანები გაგრძნობინებენ, რომ კარგად იციან, რას ნიშნავს ცხოვრობდე სამშენებლო პოლიგონზე, როცა თვითმმართველობაც ფიქციაა, ან მარტივად სახელისუფლებო პოზიციას იზიარებენ, ან მარტივად თუ რთულად – ირჩევენ დუმილს.

კვარიათის შესასვლელი
გონიო, 2022 წელი

დადასტურდა კოვიდის 407 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 პაციენტი – პირველი აპრილი

პირველი აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარაში – 15, იმერეთი – 49, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 32, კახეთში – 28, მცხეთა-მთიანეთში -9, სამცხე-ჯავახეთში -7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 1-ლი აპრილის დილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 648 653 , ბოლო 24 საათში – 407
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 626 296 , ბოლო 24 საათში – 1 303
  • მათ შორის, გარდაცვლილი – 16 748 , ბოლო 24 საათში – 3
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 22 788, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 485, PCR ტესტით – 2 303
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,79%, ბოლო 14 დღის – 3,2%, ბოლო 7 დღის – 2,57%
  • სულ აცრილია – 2 861 255, დღიურად აცრილია – 1 625
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 524

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 583, მათგან 524 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 277, აჭარაში – 36, იმერეთში – 100.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 124 პირი, მათ შორის, თბილისში – 75, აჭარაში – 17, იმერეთში – 16.

5 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სტატუსის მორიგი გადამოწმების და/ან მოქმედების დასრულების ვადად [შესაბამისი დოკუმენტებით] განსაზღვრული იყო 2020 წლის პირველი დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, ეს სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2022 წლის პირველ მაისამდე.

ვრცლად:

საქართველოში საარსებო შემწეობას 174 ათასი ოჯახი იღებს

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. უნალექოდ. ხილვადობა: კარგი. ტალღის სიმაღლე: 5-10დმ(2-3 ბალი),ზღვის წყლის ტემპერატურა: 11.0 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში 3 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 4 – აპრილს დროგამოშვებით წვიმა.

 

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

დღეს, 2022 წლის 31 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თქვა ის, რაც ადრე არასდროს უთქვამს. არც მაშინ, როცა ამას ბათუმელი ამომრჩეველი დაჟინებით ითხოვდა, არც მაშინ, როცა სასამართლოში იჩივლეს კონკრეტული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ, არც მაშინ, როცა საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, ღია მიმართვებს ავრცელებდნენ და სთხოვდნენ, „რამე ეღონა“, „არ დაეშვა…“

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ –  ასეთი იყო ზოგჯერ მისი პასუხი. თქვა ისიც, რომ თვითმმართველობის ფუნქციებში ვერ ჩაერეოდა, ერთხელაც ჟურნალისტებს დაუბრუნა კითხვა, თუ რატომ ითხოვდნენ მისგან ამას, ანუ მერიის საქმეში ჩარევას, რაც კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა.

თორნიკე რიჟვაძე ძეგლების დამცველებზე: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“

ამჯერად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეების თხოვნა პირდაპირ „გულთან მიიტანა“ და ზუსტად ასე თქვა:

„ეს უნდათ აქ? – და ამდენ ხალხს უნდა მიაშენონ წინ. არ გვაინტერესებს ვინ არის, დავასრულებთ ამათზე წარმოებას და არ აშენდება!“ – ამის შემდეგ კი, თორნიკე რიჟვაძემ კმაყოფილი მოქალაქისგან მადლობა მიიღო და განკარგულებები გასცა:

„სამინისტრომ და მერიამაც უზრუნველყავით, თუ რამე ნებართვებია გაცემული, რომ გაუქმდეს. ეს არ შეიძლება. ეს თავის დროზეც არასწორადაა გაცემული, არასწორი იყო თავიდანვე. გადაწყვეტილია! “

დაგეგმილი სამშენებლო პროექტის შეჩერება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, თორნიკე რიჟვაძეს მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას სთხოვეს. აქ ბათუმის მერიამ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, სწორედ ამ სამუშაოების მოსანახულებლად იმყოფებოდა ის დღეს ამ ადგილზე, ბათუმის მერთან ერთად.

დრეს მოქალაქეებმა მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოახერხეს, პრობლემის შესახებ აცნობეს და  სასურველი პასუხიც მიიღეს.

3845 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობა 2015 წელს ამ მისამართზე მშენებლობის პირობით გაყიდა. შემძენი ბათუმში „იალჩინ მაკრკეტების“ მფლობელია. კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან მალევე ტერიტორია შემოღობა და მშენებლობის დაწყებაც ბევრჯერ სცადა. მას ამის საშუალება მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მრავალბინიანი კორპუსების მესაკუთრეებმა არ მისცეს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ისინი კარგავდნენ ზღვის ხედს და სამანქანო შესასვლელს მათი კორპუსის ეზოში.

ასეთ პროექტებზე ბათუმში, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, არაერთი ნებართვა გაიცა და აშენდა კიდეც.

კომპანიამ აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულება ბევრჯერ დაარღვია. თუმცა აჭარის მთავრობა ამ ქონებას საკუთრებაში მაინც ვერ იბრუნებს, რადგან ის იპოთეკით არის დატვირთული და სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღაც ადევს.

რაც შეეხება სამშენებლო ნებართვის გაუქმებას, მსგავსი გადაწყვეტილება მთავრობას და არც მერიას, მაშინაც კი არ მიუღია, რაც ძველ ბათუმში დაწესებული 12-მეტრიანი შეზღუდვის შემდეგ „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანიამ – შპს „პროგრეს სიტიმ“ მანამდე შეთანხმებული პარამეტრების მიხედვით მოითხოვა მშენებლობა. სხვათა შორის, მაშინ კომპანიამ ამ მოთხოვნით სასამართლოს მიმართა და მოიგო კიდეც. შემდეგ კი, იდენტურ შემთხვევებში, მერია ნებართვების გაცემისას ამ მაგალითს იშველიებდა, როგორც პრეცედენტს და აცხადებდა, რომ უარს ვერ ეტყოდა კომპანიებს მოთხოვნებზე.

ვიდრე ბათუმის მერი დაპირებას შეასრულებს, ძველ ბათუმში კიდევ 2 სახლს ანგრევენ

ახალი სამშენებლო პროექტები ძველ ბათუმში [ფოტო]

ისეთი პრინციპული, როგორც დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ ყოფილა კანონდამრღვევ „ამბასადორ ბათუმთან“ მიმართებაში, როდესაც კომპანიამ შეთანხმებული ოთხი სართულის ნაცვლად ჯერ 15 სართული ააშენა  ბათუმის ძველ ბულვარში, შემდეგ კი, დამტკიცებული ცვლილების თანახმად,  პროექტს უკანონო სართულები დაამატა.

თორნიკე რიჟვაძეს არცერთხელ არ უთქვამს – არა.

მით უფრო, რომ ბათუმის ბულვარში, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, მშენებლობის ნებართვას არ გასცემს ბათუმის მერია და გადაწყვეტილებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტო იღებს. ეს სააგენტო კი, პირდაპირ აჭარის მთავრობას ექვემდებარება.

ბევრ სამშენებლო პროექტზე, რომელიც ქალაქში არ მოსწონთ, მერია განმარტავს, რომ არა თუ გაცემული ნებართვა, არამედ მხოლოდ შეთანხმებული პირველი ეტაპიც კი საკმარისია იმისათვის, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდეს, რადგან მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მერიამ ბევრი ვადაგასული ნებართვაც აღადგინა.

დღეს კი აღმოჩნდა, რომ ნებართვის გაუქმება შესაძლებელია.

რაც შეეხება კომპანიის მიერ ვალდებულების ვერ შესრულებას, ეს არც პირველი შემთხვევაა და დიდი ალბათობით არც ბოლო იქნება: ბოლო 5 წლის განმავლობაში გაფორმებულ ხელშეკრულებებს რომ გადავხედოთ, ნათელია, რა უნდა იყოს აშენებული თუნდაც მხოლოდ ქობულეთში.

აქ ალბათ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2 დღეში ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებია. მსგავს ფრაზებს კი პოლიტიკოსები არჩევნების წინ ამბობენ ხოლმე, როგორც, მაგალითად, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა – „მორჩა ფულის კეთების დრო, ბათუმს უნდა ჰქონდეს გენგეგმა.“

ბათუმს გენგეგმა დღემდე არ აქვს.

„პოლიტიკაში არ ვერევით“ – რას პასუხობენ ტელეფონში რუს ტყვეებს ოჯახები

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსული ჯარი ბომბავს და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. თუმცა რუსეთი დღემდე არ აღიარებს ამ დანაშაულს და ომს „სპეციალურ ოპერაციად“ მოიხსენიებს, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო მისიით ტარდება. ამავდროულად რუსეთში აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც ომს აპროტესტებენ, დაიხურა ყველა არაპროპაგანდისტული მედია და კრემლიც იშვიათად აფიქსირებს საკუთარ ადამიანურ თუ ტექნიკურ დანაკარგებს, ციფრებს რუსი ტყვეების შესახებ.

უკრაინელი ჟურნალისტი და ვლოგერი ვოლოდიმირ ზოლკინი ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში თავისი ყოველდღიური YouTube გადაცემით ჩაერთოს, სადაც ის ნებართვით ვიდეოინტერვიუებს წერს ტყვედ ჩავარდნილ ან ჩაბარებულ რუს სამხედროებთან და რეკავს ტყვეების ნათესავებთან. ჟურნალისტის იუთუბარხზე 50-მდე ინტერვიუა განთავსებული, რომელთაგან ზოგს საჰაერო განგაშის სირენებისა და ბომბის ჩამოვარდნის ხმები სდევს ფონად.

ბრაზნარევ სატელეფონო დიალოგებში ჟურნალისტი ეკითხება ტყვე სამხედროების ნათესავებს, როგორ აფასებენ ისინი რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. პასუხები თითქმის ყველგან ორაზროვანია – „ახალ ამბებს არ ვუყურებთ“, „პოლიტიკით არ ვინტერესდები“, „მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად არიან, როგორც ვიცი“.

ტყვეების ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა სამხედროების უმრავლესობამ იცოდა, რომ ორ-სამდღიან სწავლებებზე მიდიოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ სამხედრო ფორმა და აღჭურვილობა გადასცეს და უკრაინაში წაიყვანეს. ტყვეების ნაწილი ამბობს, რომ მათ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის ბრძანება უკვე 23 თებერვალს ჰქონდათ მიღებული.

35 წლის ნიკოლაი მატვეევი რუსი სამხედროა. მან უკრაინაში ომის დაწყების დღეს ფეხი დაკარგა. ცოლთან სატელეფონო საუბრისას იხსენებს, რომ დაჭრილმა დახმარება სთხოვა თავის ოფიცერს, რომელიც „კამაზში“ ჩაჯდა და წავიდა. იგი მეორე დღეს პოლიციაში მოქალაქეებმა მიიყვანეს. „მიმატოვეს, გამაყუჩებელიც არ მომცეს, ჭრილობა 24-ში მივიღე, ტყვედ 25-ში ამიყვანეს. ერთი დღე დაჭრილი ფეხით ვხოხავდი, სანამ არ მიპოვეს და ჰოსპიტალში 1.5 ლიტრა სისხლი არ გადამისხეს“.

„ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა, გვინდა დედები არ იტანჯებოდნენ, არც ერთ მხარეს“, – თქვა ნიკოლაის ცოლმა, მაგრამ კითხვაზე ვინ დაიწყო ომი, ქალი ტელეფონში პასუხობს: „ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. უბრალოდ, მშვიდობა გვინდა“.

32 წლის მაქსიმ ანცუპოვი ტყვეობიდან თავის უფროს ძმასთან რეკავს, რომელიც თითქოს აღიარებს რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, ამბობს, რომ სიმართლეს ტელევიზიით ვერ მოისმენ. თუმცა უმცროსი ძმის კითხვაზე – ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება უკრაინაში, პასუხობს: „ოო, მე პოლიტიკოსი არ ვარ, ვერ ვიტყვი ვინ არის დამნაშავე…

ვლადისლავ სედიკოვი 20 წლისაა. მასთან ინტერვიუს დროს საჰაერო განგაშის სირენა ისმის, ცოტა ხანში კი ბომბის ჩამოვარდნის ხმაც. ვლადისლავ სედიკოვი ტყვედ თავისით ჩაბარდა, უკრაინიდან მამასთან რეკავს, მოკითხვის შემდეგ კი კითხულობს, „აღიარებენ უკრაინაში რაც ხდება? მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, მაგალითად“. ჯარისკაცის კვლავ ორაზროვანი პასუხი ისმის: „არ ვიცი, არავინ არაფერს ამბობს დაბომბვებზე…

– თანხმობა მიეცი ჩაწერის შესახებ?

 – დიახ

–  და რატომ?…“

34 წლის მაქსიმ გრიშაენკოვი ტყვეობიდან ცოლთან რეკავს და ეკითხება, რა ისმის ახალ ამბებში იმის შესახებ, რომ რუსები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. „ასეთს არაფერს ამბობენ, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. ვერ გეტყვი ვერაფერს, რადგან სიახლეებს არ ვუყურებ, რადგან ვსევდიანდები ამის გამო, ხომ იცი და ვერაფერს ვიტყვი. და საინტერესოა, თქვენ რუსულ ახალ ამბებს გაყურებინებენ?” – პასუხობს ცოლი.

ცოტა ხანში ქალს ჟურნალისტი ვოლოდიმერ ზოლკინი ეკითხება, „რახან სხვა ქვეყნის არმია შეიჭრა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს ნიშნავს, რომ ალბათ ისინი აგრესიას ახორციელებენ ამ სახელმწიფოს მიმართ ხომ?“ – პასუხად ისმის: „ეს ფაქტი არ არის“.

„- ისინი აქ სხვა რა მიზეზით შეიძლება იყვნენ?

– მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სამხედრო ობიექტების განადგურებისთვის… “

მიხაილ კნიაზევი და ჟურნალისტი ვოლოდიმერ ზოლკინი

22 წლის მიხაილ კნიაზევის დედა ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც სატელეფონო ზარში აღიარებს რუსეთის აგრესიას და ამბობს, რომ ყველაფერი მშვენივრად იცის: „აფიშას ავიღებდი დიდი სიამოვნებით და ქუჩაში გავიდოდი [გასაპროტესტებლად], მაგრამ ეგრევე მორგში შემფუთავენ. აქ პირის გაღება საერთოდ არ შეიძლება“.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიამ 17 500 ადამიანი დაკარგა. რუსული მხარე ამ რიცხვს არ ადასტურებს.

ამავე თემაზე:

უკრაინაში შეიქმნა ვებგვერდი დაღუპული და დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ამოსაცნობად

 

როგორ მივცეთ ხმა ელექტრონული აპარატის მეშვეობით – სიახლე 2 აპრილის არჩევნებზე

2 აპრილს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება.

გამოიყენება ორი ძირითადი მოწყობილობა – საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისა (VIU Desktop) და ხმის ელექტრონული მთვლელი (PCOS) აპარატები. იცვლება ბიულეტენი და მისი ყუთში მოთავსების წესი.

„კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მთვლელი აპარატის მიერ დამუშავებულ შედეგებს „წინასწარი შედეგების“ სტატუსი ექნება და მხოლოდ კომისიის მიერ გადათვლისა და განხილვის შედეგად მიღებულ მონაცემებს მიენიჭება იურიდიული ძალა“, – ამბობს ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე.

გთავაზობთ ახალი წესით ჩასატარებელი კენჭისყრის პროცედურებს, ამომრჩევლებისთვის.

რიგის მომწესრიგებელი ამომრჩეველს გადაამისამართებს რეგისტრაციის მაგიდასთან, სადაც განთავსებულია ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციის აპარატი. აპარატს გააჩნია ID ბარათის წამკითხველი, რაც შესაძლებელს ხდის, პირადობის დამადასტურებელი მსგავსი დოკუმენტით, ამომრჩევლის სიაში ავტომატურ გადამოწმებას.

ამომრჩევლის ელექტრონული რეგისტრაცია / ვერიფიკაცია ID ბარათის გამოყენებით. ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან ძველებური ტიპის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგისტრატორი, აპარატში ხელით შეიყვანს ამომრჩევლის პირად ნომერს. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ელექტრონულ სიაში მოიძებნება, თუ კი იგი ნამდვილად ეკუთვნის აღნიშნულ უბანს, მონაცემების ველი გამწვანდება. ამომრჩეველი გაივლის მარკირებას, რეგისტრატორი კი აპარატის მონიტორზე მონიშნავს „დიახ“ ბრძანებას, რის შემდეგაც ამოიბეჭდება ქვითარ ამომრჩევლის პირადი მონაცემებით. ამომრჩეველი ხელს მოაწერს აღნიშნულ ქვითარს, ხოლო რეგისტრატორი მას დალუქულ, გაუმჭვირვალე ყუთში მოათავსებს.

ელექტრონული რეგისტრაციის /ვერიფიკაციის ქვითარი.
ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

რეგისტრატორი, ამომრჩეველს აწვდის ბიულეტენს, რომელზეც მითითებულია ხმის დაფიქსირების შევსებული და საცდელი ნიმუშები. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ნიმუშს შესაბამისად გააფერადებს და რეგისტრატორი დარწმუნდება, რომ მან ინსტრუქცია გაიგო, გადასცემს ბიულეტენსა და სპეციალურ კონვერტს, რომელიც ძველისგან განსხვავდება და მხოლოდ დროებით – ბიულეტენის ყუთში მოთავსებამდე გამოიყენება. თითოეულ ბიულეტენზე დატანილია უნიკალური კოდი, რომელსაც ხმის მთვლელი აპარატი კითხულობს და ამოწმებს.

ბიულეტენში ხმის დაფიქსირების ინსტრუქცია და საცდელი ნიმუშის გაკეთება რეგისტრატორთან. ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

ამის შემდეგ, ამომრჩეველი ინაცვლებს კენჭისყრის კაბინაში. სპეციალური მარკერით, აფერადებს სასურველი კანდიდატის გასწვრივ დახაზულ წრეს და ბიულეტენს დაუკეცავად ათავსებს კონვერტში, ისე რომ არ დაირღვეს არჩევანის ფარულობა. ბიულეტენის ნახევარი სპეციალური კონვერტის გარეთ რჩება. ამომრჩეველი, სწორედ ამ ღია მხრიდან მიაწვდის ბიულეტენს ხმის დამთვლელ აპარატს. ავტომატური ფუნქციით ბიულეტენი აპარატში შედის (როგორც ფულის კუპიურების ჩასარიცხი აპარატის მექანიზმში) და ასევე ასრულებს ბიულეტენის ყუთის ფუნქციას.

ბიულეტენის მოთავსება ყუთში. ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

თუ ბიულეტენს აქვს რაიმე პრობლემა – მაგალითად, დასველდა, დაკუჭულია, ან ამ კოდის მქონე ბიულეტენი უკვე მოთავსებულია ყუთში ან/და გაფუჭებულად გამოცხადებულია ერთხელ უკვე, მას აპარატი არ მიიღებს. ბიულეტენი გაფუჭებულად გამოცხადდება, მოეხევა ყუა, ხელი მოეწერება და დაილუქება – როგორც აქამდე ხდებოდა. წარმატებული ხმის მიცემის შემთხვევაში, აპარატის მონიტორზე შესაბამისი შეტყობინება გამოვა, რაც უნდა დადასტურდეს პროცედურის დასასრულებლად. ასეთ შემთხვევაში, აპარატი მზად იქნება შემდეგი ბიულეტენის მისაღებად. ამომრჩეველი ტოვებს გადასატან კონვერტს და ტოვებს უბანს.

ხმის მიცემა წარმატებით განხორციელდა. ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ, დღის სხვადასხვა პერიოდში, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციის (რაოდენობა და გენდერი) შემცველ ქვითარს ამობეჭდავს. კოდი მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს აქვთ.

ხმის მთვლელი აპარატი გვაწვდის შუალედურ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლები, ხმას კვლავაც ძველებური წესით მისცემენ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ხმის მთვლელი აპარატი დაითვლის წინასწარ მონაცემებს და დაახარისხებს ბიულეტენებს არჩევანისა და ბათილობის მიხედვით. კომისიის წევრები გადაითვლიან ბიულეტენებს და შეამოწმებენ ბათილად მიჩნეულებს.

კომპიუტერული შეცდომის გამოსარიცხად, კომისია განიხილავს ბათილობას და კვლავ ძველებური – კენჭისყრის წესით მიიღებს ბათილად გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას. როგორც ციალა შავაძემ უთხრა „ბათუმელებს“, შესაძლოა გადათვლამ მინიმალური სხვაობა გამოიწვიოს აპარატის მიერ დათვლილ და საბოლოო შედეგებს შორის:

„შესაძლოა მელანი ოდნავ მოუხვდა მეორე წრეში ამომრჩეველს, ან ერთი კანდიდატი მონიშნა მეორე კი გადახაზა და ელექტრონულმა მთვლელმა ბათილად მიიჩნია. ამის გამოსარიცხად გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს. ამან შეიძლება შედეგებში მცირე განსხვავება მოგვცეს“.

როგორ მიიღებენ შშმ პირები დახმარებას მაისიდან – სტატუსი კიდევ 1 თვე შეუნარჩუნდებათ

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სტატუსის მორიგი გადამოწმების და/ან მოქმედების დასრულების ვადად [შესაბამისი დოკუმენტებით] განსაზღვრული იყო 2020 წლის პირველი დეკემბერი და შემდგომი პერიოდი, ეს სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2022 წლის პირველ მაისამდე.

შშმ პირები, რომელთა სტატუსიც გადამოწმებას ექვემდებარება, აპრილის თვეშიც მიიღებენ სახელმწიფოსგან შესაბამისად დახმარებას. იმისათვის, რომ დახმარება მაისში და შემდეგაც მიიღონ, მათ პირველ მაისამდე სოციალური მომსახურების სააგენტოში სტატუსის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ.

პანდემიის პერიოდში გადამოწმების გარეშე შშმ პირის სტატუსის შენარჩუნებისა და დახმარების გაცემის ბოლო ვადა 1-ელ აპრილამდე იყო განსაზღვრული.

2022 წლის პირველ მაისის შემდეგ კი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც პირველ მაისამდე ვერ წარადგენენ შშმ სტატუსის დამადასტურებელ ახალ დოკუმენტს, დახმარებას ვერ მიიღებენ, თუმცა, მთავრობის ახალი დადგენილებით:

  • „სახელმწიფო გასაცემლის მიმღებ პირებს, რომლებიც 2022 წლის 1-ელ მაისამდე ვერ წარადგენენ შშმ სტატუსის დამადასტურებელ ახალ დოკუმენტს [სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერს], მაგრამ 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ხელახლა მიენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და ამავე ვადაში სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მოთხოვნით განცხადებითა და საჭირო დოკუმენტით [სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი] მიმართავენ სააგენტოს, სახელმწიფო გასაცემელი დაენიშნებათ მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და აუნაზღაურდებათ 2022 წლის 1-ელი მაისიდან მიუღებელი თანხა, შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის ოდენობით“.

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შესული ახალი ცვლილებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა „2022 წლის 1-ელ მაისამდე არ განახორციელოს სახელმწიფო გასაცემლების [პენსია, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.] შეჩერება, მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი შეჩერების საფუძვლ(ებ)ის წარმოშობისა, გარდა პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა [ამ შემთხვევაში, გასაცემლის ადმინისტრირება განხორციელდება შესაბამისი გასაცემლის ადმინისტრირებისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით]“.


2022 წლის პირველი აპრილის შემდეგ განახლდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების პროცესიც, რომელიც პანდემიის გამო იყო შეჩერებული.

ამავე თემაზე:

საქართველოში საარსებო შემწეობას 174 ათასი ოჯახი იღებს

 

 

ხელისუფლება ყველაზე დაუცველ ჯგუფს იყენებს – მალხაზ ჭკადუა ბათუმის შუალედურ არჩევნებზე

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ასობით პირმა შუალედური არჩევნების წინ მოახერხა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ჩაეწერა. შესაბამისად, ისინი ამ უბნის ამომრჩევლები გახდნენ. ამ დრომდე მათ რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ. ისინი მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ ჩაეწერნენ და „ოცნების ქალაქში“, მთავრობის მშენებარე კორპუსში, ბინის მიღების უფრო მყარი მოლოდინიც გაუჩნდათ.

ვის ეკუთვნის ბინა აქ, ამის დასადგენად სამთავრობო კომისიამ ადგილზე ბოლო 2 წელი იმუშავა. კომისიას სწორედ ამ უბნის მაჟორიტარობის სახელისუფლებო კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობდა. ამიტომაც მიიჩნევენ წინასაარჩევნო პროცესის დამკვირვებლები, რომ ეს მოწყვლადი ჯგუფის გამოყენებაა სასურველის მისაღებად და საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასება მალხაზ ჭკადუას ვთხოვეთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აჭარა-გურიის კოორდინატორს.

  • მალხაზ, ზოგადად რომ შეგვიფასოთ წინასაარჩევნო გარემო ბათუმში, წარიმართა თუ არა პროცესი კანონის შესაბამისად?

მეოთხე მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით რა ამბებიც განვითარდა, რა ბრალდებებიც გაისმა, რა ფარული ჩანაწერებიც გამოქვეყნდა, ყველა ეს ფაქტი ითხოვდა სახელმწიფოს მყისიერ, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას, ჩარევას. ვგულისხმობ ბატონი [ნუგზარ] ფუტკარაძის სიკვდილის გამოძიებას [ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრი].

ბატონი ფუტკარაძის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით საუბრის ჩანაწერების, მონაწილე ადამიანების გამოკითხვას და სულ მცირე სიმართლის დადგენის მცდელობას მაინც ხელისუფლების მხრიდან. ცხადია, ამას ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანად ითხოვდა, რადგან გარემოებები ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ის კითხვითი ნიშნები, რომლებიც დაისვა თავის დროზე, ბრალდებები, რომლებიც გაისმა, დღემდე უპასუხოდ რჩება. საზოგადოებამ არც არაფერი იცის ამ დრომდე – გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით მხოლოდ ის ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ შემდგომი შედეგი ჩვენ არ ვიცით. პრაქტიკულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წინ არ წასულა გამოძიება ამ მიმართულებით.

მეორე, რაც თვალში გვხვდებოდა, ეს არის გარდაცვლილის ოჯახთან კომუნიკაციის სიმწირე ხელისუფლების მხრიდან. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს არ იყო მასთან დაკავშირებული პირების ნამოქმედარი და ბრალდებები უსაფუძვლოა, მაშინ ამ ადამიანებს უნდა შეხვედროდნენ და საზოგადოებისთვისაც უნდა ეჩვენებინათ, რომ დიალოგის თუ გასაჭირის გაზიარების სურვილი გააჩნიათ. ჩვენ ესეც ვერ დავინახეთ.

  • არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე ასეული ადამიანი დარეგისტრირდა „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე და არჩევანის გაკეთების უფლებაც მიიღო.

დიახ, ეს არის მედიის, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული და გადამოწმებული მონაცემები. ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ტოტალურად გადმოეწერნენ და ადასტურებენ, რომ სხვა საარჩევნო ოლქში აძლევდნენ ხმას, სხვა მუნიციპალიტეტებშიც კი. ახლა გადაწყვიტეს, რომ გადმოწერილიყვნენ ბათუმში. ბუნებრივია, როცა საქმე ეხება არა ერთ ან ორ შემთხვევას და მასობრივი ხასიათი აქვს, ჩნდება კითხვის ნიშნები, ხომ არ ჰქონდა ამას ორგანიზებული, მართული ხასიათი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ამ ადამიანების ხმების სახით მიიღოს დამატებითი სარგებელი ამ არჩევნებში – მისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმარისზე მეტი საფუძველი ჰქონდა იმისთვის, ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაეწყო გამოძიება. ხომ არ იყო ამ ადამიანებზე ზეწოლა, ხომ არ იყო ერთგვარად მოსყიდვის მცდელობა, რომ თუ თქვენ გადმოეწერებით და მისცემთ ბატონ ჯინჭარაძეს ხმას, შეიძლება ბინა მიიღოთ. ასეთი გარემოებებს ხელისუფლება რეაგირების გარეშე არ უნდა ტოვებდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.

რა თქმა უნდა,  ყოველთვის შეგვეძლება იმის გადამოწმება, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც 25 დღით ადრე მასობრივად გადაწყვიტეს გადმოწერა ბათუმში გაურკვეველ მისამართზე [კონკრეტული მისამართიც კი არ აქვთ, რაღაც დასახლებაა], ელოდებიან ბინების მიღებას – მათგან ვინ მიიღებს საკუთრებაში ფართობებს იმ მშენებარე კორპუსებში, რომლებსაც აჭარის მთავრობა აშენებს. შეიძლება აქ რამდენიმე დაემთხვეს, მაგრამ უკვე არსებული ვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევდა გამოძიების დაწყების საშუალებას.

ეს არ მომხდარა, რაც ძალიან სამწუხაროა და მიუთითებს იმაზე, რომ სახელისუფლებო კანდიდატისა და სხვა კანდიდატისთვის სასტარტო მდგომარეობა და არსებული მდგომარეობა განსხვავებულია.

  • მთავრობამ რამდენიმე ახალი პროგრამის დაწყების შესახებაც გაავრცელა ინფომაცია, ესეც არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა.

დიახ, არის ადმინისტრაციული რესურსის პირდაპირი თუ ირიბი გამოყენების ნიშნები. ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიკრიბნენ „ოცნების ქალაქში“ რეგიონული და ცენტრალური ფრთების წარმომადგენლები და საუბრობდნენ იმაზე, რომ ძალიან მალე დასრულდება კორპუსების მშენებლობა – ადამიანები მიიღებენ ფართობებს, დაკმაყოფილდებიან. ამავდროულად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იქვე, გვერდზე მდგომ რამაზ ჯინჭარაძეზე საუბრობდა, როგორც ადამიანზე, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ  აჭარის მთავრობას გადაეწყვიტა ამ სახლების მშენებლობა.

ცხადია, ვინც რეგიონში ვმუშაობთ, ვიცით, რომ რამაზ ჯინჭარაძე მართლაც წლებია მუშაობს ეკომიგრანტებისა და, ზოგადად, განსახლების საკითხებზე, მაგრამ ის არის კანდიდატი. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მიერ, რეგიონის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტზე საუბრის დროს ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებენ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერისკენ, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. შესაბამისმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და შემდგომ უკვე, მისი გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლომ კონკრეტული პირების დაჯარიმების საკითხი უნდა დასვას.

ჩვენ პრაქტიკულად წაშლილი გვაქვს პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარი.

და მესამე საკითხი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა – ეს არის წინასაარჩევნოდ რამდენიმე სოციალური პროგრამის ამოქმედება. ავარიული საცხოვრებელი სახლების ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლება არ იყო ახალი და ვიცით, რომ ამაზე მთავრობა მუშაობდა, მაგრამ პროგრამა დამტკიცდა წინასაარჩევნოდ. ეს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, შემდეგ კი ბრიფინგზე ისაუბრა [თორნიკე] რიჟვაძემ.

და მეორე პროგრამა, რომელიც ეხება უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამას. თავისთავად ცხადია, რომ ორივე პროგრამა არის სერიოზული სოციალური მიმართულების მნიშვნელობის მქონე, მაგრამ ორივეს მიღება და დამტკიცება ეხება წინასაარჩევნო პერიოდს. ეს, რა თქმა უნდა, უქმნის კეთილგანწყობის გარკვეულ ფონს ხელისუფლების მიერ წარდგენილ კანდიდატს. აი, ასეთ ვითარებაში ტარდება ბათუმში არჩევნები 2 აპრილს.

  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ბოლო წლებში სულ საუბრობენ, ამჯერად ხელისუფლებას უფრო მეტი დასჭირდა გასამარჯვებლად. ადამიანების მასობრივი ჩაწერა ამაზეც ხომ არ მიანიშნებს?

ახალი ტაქტიკის გამოყენებაზე ნამდვილად არის საუბარი. ყველამ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნების შედეგებს ბათუმის საკრებულოს საბოლოო პოლიტიკური კონფიგურაციისთვის. ამიტომ ხელისუფლება ისევ და ისევ იყენებს ძალიან გამოცდილ მეთოდს – ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე დაუცველი, სოციალურად ყველაზე შეჭირვებული მოქალაქეების მდგომარეობით სარგებლობს: პრაქტიკულად ამ ადამიანებს იყენებს საარჩევნო ხმების მოსაგროვებლად.

ელექტრობოძები შუა ტროტუარზე – დაბა ხულოში ამბობენ, რომ წაქცევაზეა ხის ძველი ბოძებიც 

დაბა ხულოში არაერთი ელექტროგადამცემი ბოძი, მოსახლეობის თქმით, ამორტიზებული და სახიფათოა და მათ შეცვლას ითხოვენ. მოძველებულია ტრანსფორმატორებიც, რის გამოც დენი ხშირად ითიშება. მოსახლეობის თქმითვე, საავტომობილო გზის გასწვრივ მერიამ ტროტუარები ისე მოაწყო, ელექტროგადამცემი ბოძები შუაში მოექცა და მათი ადგილმონაცვლეობაცაა საჭირო.

ვერც „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ და ვერც მერიიდან, როგორც მოქალაქეები ამბობენ, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ, თუ როდის მოგვარდება ეს პრობლემები.

„დაბა ხულოში ელექტროგადამცემი ბოძების ძირითადი ნაწილი საბჭოთა დროინდელია. რკინის ძველ ბოძებს არაფერი მოსდით, მაგრამ ხის ბოძები წაქცევის პირასაა, ერთ-ერთი ასეთი ბოძი ჩემს საცხოვრებელ სახლთან დგას ახლოს, ზემოდან გადატეხილია, ძირიც მორყეული აქვს და მავთულითაა დამაგრებული. სიძველის გამო ხშირად ფუჭდება ტრანსფორმატორებიც და შუქი ითიშება“, – ამბობს დაბა ხულოში მცხოვრები ლაშა ბოლქვაძე.

მისივე თქმით, ამ ავარიულ ბოძებზე სხვადასხვა კაბელებიცაა დამაგრებული: „დაბა მთლიანად დაქსელილია უწესრიგოდ, ვის როგორც უნდა ისე აბამს ბოძებზე ინტერნეტის თუ სხვა სადენებს. ზოგი სადენი ძალიან დაბალზეა და სახიფათოა“.

„წლებია უკვე არაფერი იცვლება. ამბობენ მოთხოვნილი გვაქვს ბოძები, აი, დღე-დღეზე ველოდებით უნდა გამოვცვალოთო, მაგრამ არაფერი. ამასთან, დაბაში ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკი გააკეთეს ისე, რომ რკინის ელექტროგადამცემი ბოძები დგას შუაში, ვერ გაივლი ადამიანი“, – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

რკინის ბოძი ტროტუარზე, სადაც შშმ პირებიც გადაადგილდებიან – დაბა ხულო

ექიმი ირაკლი სურმანიძე, რომელიც ასევე ხულოში ცხოვრობს, ამბობს, რომ აუცილებელია ამ ბოძების ტროტუარებიდან გადატანა: „არის ადგილები გზის გასწვრივ, სადაც მოწყობილია ბილიკები ქვეითებისთვის და ზედ დგას ელექტროგადამცემი ბოძები. ეს ცოტა უხერხულიცაა, რადგან სხვა მოქალაქეებთან ერთად ამ ბილიკით სარგებლობენ შშმ პირებიც“.

ლევან მახარაძის თქმით კი, როცა კითხულობენ რა იგეგმება ამ ბოძებთან დაკავშირებით, ეუბნებიან, რომ ქსელი სრულად უნდა შეიცვალოს. როდის? – ამაზე პასუხს მათ არავინ სცემს.

„ბოძებზე იმდენი სადენებია დახლართული,  ექსპერტი დაგჭირდება გაარკვიო, რომელში გადის დენი და რომელში – არა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე ბოძი და სადენები გამოიცვალა, მაგრამ დაზუსტებით არავინ გვეუბნება, როდის განახლდება ბოძების გამოცვლა. ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა გამოიცვალოს ყველა ამორტიზირებული ბოძი, გაიმართოს სადენების გაყვანილობა. ძველი ტრანსფორმატორებიც პრობლემაა, რადგან ამის გამოც ხშირად ითიშება დენი დაბაში“, – ამბობს ლევან მახარაძე.

ნახევრადწაქცეული ელექტროგადამცემი ბოძი დაბა ხულოში

დაბა ხულოში მცხოვრებთა კითხვებზე პასუხების მისაღებად „ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“.

„ხულოს მუნიციპალიტეტში „ენერგო-პრო ჯორჯია“ ყოველწლიურად ახორციელებს გამანაწილებელი ქსელის (ელ.გადამცემი ხაზების, სატრანსფორმატორო პუნქტების, ქვესადგურების და სხვადასხვა ელ.მოწყობილობა-დანადგარების) რეაბილიტაციას, რაც მოიცავს მათი ახლით ჩანაცვლებას, პროფილაქტიკას, რეკონსტრუქციას და სხვა ტიპის სამუშაოების წარმოებას. შესაბამისად, ყოველწლიურად უმჯობესდება ელექტრული ქსელის მდგომარეობა. განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია, მინიმუმამდე დაყვანილი ავარიული გათიშვების რაოდენობა და შესაბამისად, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლების სტაბილურ და უსაფრთხო ელ.მომარაგებას“, – მოგვწერეს კომპანიიდან.

რამდენი ბოძია ხის და რამდენია ასეთი ბოძების ექსპლუატაციის ვადა? ბოლოს როდის გამოცვალეს ბოძები ხულოში? – ეს და „ბათუმელების“ სხვა კითხვები „ენერგო-პრომ“ უპასუხოდ დატოვა.

რაც შეეხება ელექტროგადამცემ ბოძებზე სხვა სადენების დამაგრებას და მათ კონტროლს, კომპანიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მიერ ჩვენი ბოძების გამოყენების საკითხი მხარეთა შეთანხმებით რეგულირდება“.

რაც შეეხება შუა ტროტუარზე განთავსებულ ბოძებს, „ბათუმელებს”  ხულოს მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ, ნადიმ ვასაძემ უთხრა, რომ მათ ადგილმონაცვლეობაზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უკვე მიმართეს წერილობით.

იგეგმება თუ არა ამ ბოძების გადატანა და როდის? – ამ კითხვის პასუხად ენერგოკომპანიიდან მოგვწერეს, რომ ქვეითთა სავალი ბილიკები მუნიციპალიტეტმა მოაწყო და „ბოძების ადგილმონაცვლეობაზე ჩვენ შეგვიძლია გავცეთ ტექნიკური პირობა, რომლის შესრულებაც უნდა უზრუნველყოს დაინტერესებულმა მხარემ“.

გაცემულია თუ არა ტექნიკური პირობა – ენერგოკომპანიაში არ გვიპასუხეს. ხულოს მერიაში კი გვითხრეს, რომ მათ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ პასუხი არ მიუღიათ.

___

მთავარი ფოტო: დაბა ხულო – რკინის ელექტრობოძები ტროტუარის შუაგულში და ნახევრად წაქცეული ხის ბოძები

თორნიკე რიჟვაძე: ,,იალჩინის“ მრავალსართულიანი კორპუსი იუსტიციის სახლთან არ აშენდება

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან ერთად სკვერების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერები მოწყობა მიმდინარეობს. 2021 წელს ბათუმში 10 ახალი სკვერი მოეწყობა. გასულ წელს, ბათუმის მერიამ ქალაქში 14 ახალი სკვერის მშენებლობა განახორციელა.

მთავრობის თავმჯდომარე ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ დაავალა შესაბამის უწყებებს იალჩინის მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია ,,იალჩინს“ (ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთი-ს წარმომადგენლობა საქართველოში) ბათუმის მერიის მიერ უარი ეთქვა მშენებლობის ნებართვაზე და ასევე, კომპანიას დარღვეული აქვს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებები.

,,მისასალმებელია, რომ ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ პრაქტიკულად ყველა უბანში მერია აკეთებს ახალ სკვერებს, ახალ პარკებს, ახალ სარეკრეაციო სივრცეებს.

„მაკდონალდსი“-ის გვერდით ძალიან ბევრი ახალი მშენებლობაა და ამ მშენებლობებს სჭირდება დამხმარე ინფრასტრუქტურა, ახალი სკვერები, ახალი საპარკინგე სივრცეები. ასევე, მოსახლეობის თხოვნა იყო, გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც სამწუხაროდ გაიყიდა წინა წლებში, არ აშენებულიყო მრავალსართულიანი კორპუსი. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იქაც მოიშლება შესაბამისი ხელშეკრულება და გაუქმდება ყველა ის სანებართვო პირობა, რაც არის დადგენილი. არ აშენდება, რადგან არ შეიძლება ამდენ ადამიანს დისკომფორტი შევუქმნათ” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

მტერია, მაგრამ მაინც რთულია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

„მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძვი. მათი ტყვია ჯერ არ მომხვედრია, მაგრამ გავრილოვის გამო ზურგში ქართველის მიერ ნასროლი ტყვია მომხვდა. განა ჭრილობა მეტკინა, გული მეტკინა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ უკრაინაში, ქალაქ ირპენში მებრძოლი ქართველი, ვაჟა ცეცაძე. ის ომიდან დაბრუნების შემდეგ თავის სოფელში ტურიზმის განვითარებაზე აპირებს მუშაობას.

  • ბატონო ვაჟა, როგორ აღმოჩნდით უკრაინაში, რატომ მიიღეთ ომში წასვლის გადაწყვეტილება?

2002 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიმსახურე. ვიბრძოდი ავღანეთშიც. ვარ აგვისტოს ომის მონაწილე. სამხედრო კათედრაზე ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში და სადაზვერვო ქვედანაყოფის მეთაური და ოცეულის მეთაური ვიყავი. ქართული არმიის განვითარებაში მეც მიმიძღვის წვლილი, ამიტომ ასეთი გამოცდილების ადამიანი თბილისში, თბილ სავარძელში ვერ ვიჯდებოდი და იქიდან ვერ ვუყურებდი უკრაინაში ომს.

ამის უფლებას სინდისი არ მომცემდა. რუსებთან ომში ბევრი მეგობარი მყავს დაკარგული, ბევრჯერ მქონია მათთან დაპირისპირება, რუსული ჭურვების ნამსხვრევებიც ბევრჯერ ამომიღია სხეულიდან, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლა საქართველოზეც გადის და უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა, რადგან ჩვენ საერთო მტერი გვყავს – რუსეთი.

ყველანაირად შეგვიშალეს ხელი, რომ აქ ვერ ჩამოვსულიყავით, როგორც „ჯარისკაცის მამა“ ამბობს, „პატომ ს ლოშადიუ იეხალ-იეხალ, პატომ ს მაშინოი იეხალ…“ 5-ჯერ ვიფრინეთ და ასე ჩამოვედით უკრაინამდე.

  • ქართველების რამდენი დაჯგუფებაა ამჟამად უკრაინაში?

ძირითადი ბირთვი არის ვანო ნადირაძე, „ქართული ლეგიონი“ და ჩვენ – დათო, ნადიმი და მეც საერთაშორისო ლეგიონში ვართ. [ალეკო] ელისაშვილი და [ირაკლი] ოქრუაშვილიც ინტერნაციონალურ ლეგიონში არიან, მაგრამ სხვადასხვა დანაყოფში.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე რთული დღე რომელი იყო ამ ბრძოლაში, ან ყველაზე წარმატებული?

ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, ის დღე იყო, როცა ჩვენი მებრძოლები – დათო რატიანი და გია ბერიაშვილი დაგვეღუპა. მაგ დღეს, როცა ჩვენი „ბერო“ გამოგვყავდა, კამიკაძე დრონი ამიფეთქდა თავზე, დავშავდი, მაგრამ გადავრჩი.

მაგასაც „ბეროს“ ვუმადლი – არ მიყვარს ხოლმე ჩაფხუტის და ჯავშანჟილეტის ჩაცმა. იმ დღეს დამაფიცა, ოპერაციის დასრულებამდე არ მოიხდიო. მართლა გადამარჩინა. მძიმე კონტუზია მქონდა, სამი დღე საავადმყოფოში ვიყავი, მეტი ვერ გამაჩერეს, რადგან ჩემს ძმებს მარტო ვერ დავტოვებდი. ექიმს მოვატყუე კარგად ვარ-მეთქი, ქართველი ხარ და აბა რას იტყვიო, – მითხრა ექიმმა და გამომწერა.

აქ მყოფ მებრძოლებს მოხალისეებს გვეძახიან და ეს „მოხალისე“ ქართულად არც ისე კარგად ჟღერს, რადგან ბრძოლა ნამდვილად არავის არ ეხალისება. ეს არის საქმე, საქმე საქართველოსთვის და საქმე ცივილიზებული სამყაროს გადარჩენისთვის.

ამ დღეებში მიმდინარეობს პოზიციური ბრძოლები, ირპენი სრულად გავათავისუფლეთ რუსებისგან და ახლა ჩვენი დანაყოფები გადასულია ბუჩას მიმართულებით, საიდანაც ძალიან მძიმე საარტილერიო დარტყმებს ვიღებდით. იმედია, ხვალ თუ არა ზეგ, ბუჩასაც გავათავისუფლებთ.

  •  ახლა რა ვითარებაა ბუჩაში?

აქ ავიაცია არ მუშაობს, მუშაობს არტილერია. ავიაცია მხოლოდ თავდაცვაზეა. მუშაობს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი არტილერია და ქვეითი ჯარი შედის წმენდაზე. არის დიდი დანაკარგიც რუსების მხრიდან, ტყვეებად აგვყავს და ასე შემდეგ.

  • როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ტყვეების დიდი ნაწილი ახალწვეულია. რას ამბობენ ტყვეები?

სტანდარტული პასუხები აქვთ – „ჩვენ ვიყავით სწავლებაზე, არ ვიცოდით, სად მოვდიოდით“… თურმე კიევი და მისი შემოგარენი ყოფილა საწვრთნელი ადგილი. შემდეგ ამატებენ, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ, რომ დაისჯებიან და სამხედრო ტრიბუნალზე გაასამართლებენ.

სამწუხაროდ, ბევრ გვამთან მქონდა შეხება: 18-20 წლის ბიჭების ცხედრებიც შემხვედრია. რაც არ უნდა მტერი იყოს, ძალიან რთულია და ძნელია ჩემთვის ახალგაზრდების ცხედრების ხილვა. მაგრამ რას ვიზამთ, ომი ასეთია, თუ არ დაასწარი, ის გესვრის და მოგკლავს.

აქ კარგად იყენებენ დრონებს, 2008-ში არ გამოიყენებოდა, არ იყო ასეთი პოპულარული. იმ დღეს, როცა ჩვენი დაჭრილი ბიჭები გამოგვყავდა, უპილოტო დრონმა დაგვაფიქსირა. საკაცეზე ხელიც კი არ მქონდა მოკიდებული, რომ საარტილერიო წვიმა დაგვიშვეს.

ჩვენ არ ვაპირებდით იმ დღეს ოპერაციაზე გასვლას, მაგრამ როცა გავიგეთ, რომ ბიჭები დაჭრილი იყვნენ, მსუბუქად შეიარაღებული გავედით გვიან ღამით, ჯავშანჟილეტებიც არ გვეცვა, მაგრამ გამოცდილებამ გადაგვარჩინა. ას მეტრში ალბათ 70-ჯერ დავწექით, ჭურვების ხმას ვაკონტროლებდით და მადლობა ღმერთს, ასე გამოვედით სამშვიდობოს.

ზოგადად, რუსები ჩვეულებრივი საბჭოთა ტაქტიკით იბრძვიან, ჩამორჩენილები არიან და შეტევაზე ვერ გადმოდიან. ერთადერთი, რაც გამოსდით, საჰაერო დარტყმები და დრონებია.

ბოლო ოპერაციიდან იმდენი ნადავლი წამოვიღეთ, ძლივს გამოგვქონდა. ტანზე გვქონდა ყველაფერი ასხმული და მერე რომ ვნახეთ, ყველაფერი ძალიან საჭირო იყო. უკრაინელები გაოცდნენ, ამდენი ნადავლი რომ დავახვავეთ.  

იმ ნადავლიდან ჩვენმა ძმამ – დათომ ერთი ურო წამოიღო და ამოიჩემა, ყველგან თან დააქვს, არ ვიცი, რატომ. ჩვენი დაღუპული ბიჭების – გიას და დავითის სახელები დააწერა ზედ. ალბათ რომელიმე რუსი არტილერისტის თითების დასამტვრევად გამოიყენებს.

  • ირპენში როგორი ვითარებაა, დაცლილია თუ არიან ადამიანები?

დაცლილი არ არის, გადაადგილდებიან ავტომანქანებიც, მაღაზიებიც მუშაობს და არ შეინიშნება პანიკა.

  • ბავშვები არიან ქალაქში, თუ ყველა გამოიყვანეს?

სხვათა შორის, დღეს ვნახე ერთი ბავშვი. ჩახუტებაც კი მინდოდა, მაგრამ დედამ ისე ჩაიკრა გულში, მოვუბოდიშე და წამოვედი. არის კატეგორია ხალხის, რომელიც არსად წასვლას არ აპირებს და აგრძელებენ ცხოვრებას. თითქოს ბომბების ხმასაც მიეჩვიენ.

  • ოჯახიდან ხშირად გეხმიანებიან?

ჩემი მეუღლე შეჩვეულია, რადგან ბევრ ომში ვარ ნამყოფი. თუმცა ბოლოს რომ ვესაუბრე, მაინც მოტეხილი მომეჩვენა. ძალიან განიცდის.

„მესინჯერი“ სულ გახსნილი აქვს, თუ მწვანედ ვანთივარ, წყნარად არის, თუ არ ვჩანვარ, იცის, რომ დავალებაზე ვარ გასული.

ჩემი ბიჭები მოცეკვავეები არიან. უფროსი, ლუკა, თავიდანვე იძახდა, რომ ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო. ჩემს „ბატინკებს“ და ფორმას იცვამდა და ასე დადიოდა. აზრი არც ახლა შეუცვლია. იმ დღეს, როცა ჩვენი ბიჭები ჩაასვენეს, დროშებით დახვდნენ და მაშინ პატარამაც მომწერა, რომ აუცილებლად წავა ჯარში.

  • გაქვთ რაიმე ჩვევა, რუტინა, რისი დათმობაც გიწევთ ომში?

ის, რაც ყველაზე მეტად მაკლია ომში, ჩემი ოჯახია. დილა, როდესაც ერთად ვსაუზმობთ, კიბეებზე ავირბენთ-ჩამოვირბენთ, ვხუმრობთ ერთმანეთთან…

ომში ვერ იაზრებ იმ საშინელებებს, რაც შენ ირგვლივ ხდება. როცა მთავრდება ყველაფერი და სიმშვიდეში ხარ, მაშინ უფრო გიჭირს. ყველაფერი გახსენდება, ყველაფერს იაზრებ და უფრო მეტად გიჭირს ფსიქოლოგიურად. ომში კი ამ სტრესს თითქოს ვერ გრძნობ. შეიძლება ისეთ უმნიშვნელო რამეზე აგივარდეს სიცილი, ვერ ხვდები, რაზე გეცინება.

  • რას გააკეთებ პირველად, როცა უკრაინაში ომი დასრულდება და დაბრუნდებით?

ახლა ყველაზე მეტად ჩემი ონი მენატრება. ჩემი ტბა, სადაც თევზები მყავს მოშენებული. არაფერი მინდა ჩემი სამშობლოს გარდა, რადგან სამშობლოს სხვა სურნელი აქვს. გაზაფხულის ყვავილები და შემოდგომით ხის ქვეშ დაყრილი ფოთლები. პირველად ავღანეთში ყოფნის დროს გავიაზრე, რომ ამ სურნელის გარეშე არსად ცხოვრება არ მინდა.

ჩემს სოფელში ტურიზმის განვითარებაზე ვფიქრობ. იმედია, ყველაფერი გამომივა.

  • როგორც სამხედრო, რას ფიქრობთ, რა განასხვავებს უკრაინას და საქართველოს ან რაში ხედავთ მსგავსებას?

ვფიქრობ, რომ ქართველებს არანაკლებად შეგვიძლია ბრძოლა, უბრალოდ ცოტანი ვართ. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში რუსული პროპაგანდა არ მუშაობს. არავინ ამბობს, რომ „ზელენსკიმ დაიწყო ომი“. მანამდე არასდროს ვყოფილვარ უკრაინაში და ძალიან მენანება, როცა ასეთ ლამაზ ქვეყანას ამ მდგომარეობაში ვხედავ. თუმცა დარწმუნებული ვარ, უკრაინა ომის შემდეგ იმაზე უკეთესი გახდება, ვიდრე ომამდე იყო.

ქართველებს რაც შეგვეხება, ვფიქრობ, რომ შუღლი და დაპირისპირება უნდა დასრულდეს. სამოქალაქო დაპირისპირება აღარასდროს უნდა განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში.

იცით, რაზე მწყდება გული? მთელი ცხოვრება რუსებს ვებრძვი და გავრილოვის ღამეს ზურგში ქართველის მიერ ნასროლი დათვის ტყვია მომხვდა.

განა ჭრილობა მეტკინა? გული მეტკინა, რომ რუსის ტყვია არ მომხვედრია, მაგრამ რუსის გამო ქართველმა მომარტყა ტყვია. ეს მეტკინა ძალიან. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირცხვილი, თუ რა დავარქვა, არ ვიცი. ვფიქრობ, ეს დაპირისპირება საქართველოში უნდა დასრულდეს.

_______________________

მთავარი ფოტო: ვაჟა ცეცაძე/ქართველი სამხედრო უკრაინაში

მიწის რეგისტრაცია და სხვა საკითხები – როგორ ეხმარება „აჭარის რეგიონული ჰაბი” ხალხს სოფლად

აჭარის რეგიონული ჰაბის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა მოეწყო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

ამჯერად შეხვედრები გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მერისსა და ხარაულაში.

საინიციატივო ჯგუფებთან, სოფლის რწმუნებულებთან, თემის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საფუძველზე წინასწარ გაირკვა: რა აინტერესებთ, რა პრობლემები აქვთ, რა საკითხებზე მოისმენდნენ რჩევებს და კონსულტაციებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები.

შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში. სოფელ ხარაულას მოსახლეობას ესაუბრა შშმ პირთა თემაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, დეა ერემაშვილი

ამ მოკვლევის შემდეგ „აჭარის რეგიონული ჰაბის“ წარმომადგენელმა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ მოიწვია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობის მიერ დასახელებულ საკითხებზე მუშაობენ.

მოსახლეობის ნაწილს, მაგალითად, აინტერესებდა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული თემები: ინფორმაცია მიწის აღიარების შესახებ, ამ სერვისის საფასური, პროცედურის დრო და ა.შ.

თემაზე სასაუბროდ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ სოფელ მერისში შეხვედრაზე მიიწვია საიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები.

შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში. მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის საკითხებზე ესაუბრებიან საიას აჭარის ოფისის წარმომადგენლები ირმა აბაშიძე და სალომე ღოღობერიძე

აჭარის მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ამ შეხვედრების ორგანიზატორი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი ნანა დიასამიძე საუბრობს:

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სოფელ ხარაულაში. მოსახლეობას ესაუბრა შშმ პირთა თემაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი დეა ერემაშვილი. ბევრი რამ შეიტყვეს და სპიკერები დაეხმარნენ კიდეც რეალურად, სოფელ მერისის მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის საკითხებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა აჭარის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს სხვადასხვა პროგრამა, რაზეც მოსახლეობას აქვს მწირი ინფორმაცია. შეხვედრებზე სვამდნენ კითხვებს და უკუკავშირი მყარდებოდა. მოსახლეობას ძირითადად აინტერესებდა ჯანდაცვის მიმართულებისა და სოციალური პროგრამები. შეხვედრების მიზანი არამხოლოდ ინფორმაციის მიწოდება იყო, არამედ თანამშრომლობის მომავალში გაგრძელება პრობლემების პრაქტიკულად მოგვარების მიზნით,“ – ამბობს ნანა დიასამიძე.

ასოციაცია „ეკოვიტას“ წარმომადგენელი, მამუკა თურმანიძე სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობას უწევდა შეხვედრებზე რეკომენდაციას სხვადასხვა საკითხში. ეს ახალდაფუძნებული ასოციაცია და მისი წევრები მოსახლეობას დაეხმარებიან დოკუმენტების მომზადებაში „აჭარის რეგიონული ჰაბის“ პროგრამებსა და სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად:

„ძალიან კარგ პროექტს შეასხა ხორცი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“. მათი ორგანიზებით ჩვენი ასოციაცია მუდმივ კონტაქტში იქნება სოფლის მოსახლეობასთან, საოჯახო მეურნეობებთან, ვისაც ნაკლები წვდომა აქვს სხვადასხვა პროგრამასა თუ ფინანსურ რესურსებზე.

საკმაოდ რთულია ელექტრონული თუ ჩვეულებრივი განაცხადების შევსება, პროექტების წერა, ფერმერთა უმრავლესობას ამ ოფიციალური დოკუმენტების მომზადებისას დახმარება სჭირდება.

შეხვედრებისა და საუბრების შემდეგაც გაგრძელდა ჩვენი კავშირი სოფლის მოსახლეობასთან. გვირეკავენ, გვწერენ და გაიზარდა მომართვიანობა. ცხადია, ჩვენი ადამიანური რესურსით დავეხმარებით ყველას შესაძლებლობების ფარგლებში,“ – ამბობს ასოციაცია „ეკოვიტას“ წარმომადგენელი.

ეს ასოციაცია გარემოსდაცვით კვლევებსა და ანალიზზე, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის შესწავლაზე მუშაობს. გარდა ამისა, ახალდაფუძნებული ასოციაციის მიზანი ბიომეურნეობების პოტენციალის შესწავლა და ფერმერების ცნობიერების დონის ამაღლებაცაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა გვითხრა, ხშირად ფერმერები ყოველგვარი ანალიზისა და დაგეგმვის გარეშე აწყობენ სასათბურე მეურნეობას იქ, სადაც კლიმატური და სხვა გარემოპირობების გათვალისწინებით სრულიად არაეფექტურია სათბური.

შეხვედრა ზედა ჩხუტუნეთის მოსახლეობასთან

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტი სამი წელია პერმანენტულად უზრუნველყოფს შეხვედრებს მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

„აჭარის რეგიონული ჰაბის” პროექტის დაწყებიდან დღემდე 8 სოფელში გაიმართა შეხვედრა. საინფორმაციო და საკონსულტაციო ხასიათის მსგავსი შეხვედრები პროექტის დასრულებამდე 5 მუნიციპალიტეტის 30 სოფელში გაიმართება.

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ მიზანი არამხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული აქტორის, გაძლიერებაა.

აჭარის რეგიონული ჰაბი არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას.

ჰაბი უზრუნველყოფს პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას აჭარის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით.

ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას, მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


 

ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

 

მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა – ენმ „ოცნების“ კანდიდატის მოხსნას ითხოვს

განახლება: მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაზე ენმ-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, 2 აპრილის არჩევნებზე მე-4 მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევი კანდიდატები არიან „ქართული ოცნება“ – რამაზ ჯინჭარაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – მათე ფუტკარაძე.

___

„გაითვალისწინეთ, რომ რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატად 3 თებერვალს დასახელდა. 18 თებერვლამდე კი, ის მთავრობის განკარგულებით იმ კომისიის წევრი იყო, რომელსაც უნდა შეემუშავებინა კრიტერიუმები, ვის ეკუთვნის ბინა „ოცნების ქალაქის“ სოციალურ სახლში,“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, უშანგი მიქელაძემ, იმის საილუსტრაციოდ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი სხვადასხვა უკანონო მეთოდით ცდილობს არჩევნების მოგებას – 2 აპრილს, ანუ ზეგ, ბათუმში „გადამწყვეტი არჩევნებია“, როცა უნდა გადაწყდეს:  ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა.

დღეს, 31 მარტს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ საარჩევნო დავის ფარგლებში განიხილა „რამაზ ჯინჭარაძის საქმე“…

2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ უბანში, სადაც ბათუმში არჩევნები ტარდება, მარტო ერთ მისამართზე – „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“ 338 ამომრჩეველი დარეგისტრირდა.

საარჩევნო დავის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა, „ქართული ოცნების“ კანდიდატის – რამაზ ჯინჭარაძის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რადგან მან ამომრჩევლის მოსყიდვა სცადა.

თავად რამაზ ჯინჭარაძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრო. ის ჩართული იყო ამ საქმეში, როგორც „მესამე პირი“ .

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება ამომრჩეველს შესაძლო მოსყიდვის ან იძულების შემთხვევაზე. საიას შეფასებით კი, საჯარო რეესტრი პირდაპირ კანონს არღვევს და ჩნდება ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვაზე, რაზეც გამოძიება უნდა დაწყებულიყო.

„თუკი „ოცნების“ მიზანი მოსახლეობის დახმარებაა, დარეგისტრირებულიყვნენ ეს ადამიანები იქ 3 აპრილს, ან მანამდე, რა უშლიდა ამას ხელს?“ – იკითხა ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ და მოსამართლეს წინა არჩევნების შედეგი შეახსენა მე-4 მაჟორიტარულ ოლქში.

„295 ხმით მოიგო არჩევნები ნუგზარ ფუტკარაძემ… ახლა ამომრჩევლების რაოდენობა ამ გზით გაზარდეს… ოცნების ქალაქში მისული თორნიკე რიჟვაძე პირდაპირ ეუბნება ადამიანებს, რამაზ ჯინჭარაძე გადმოგცემთ ბინებსო. ეს არის უკვე არა საარჩევნო დაპირება, არამედ მოსყიდვა, რადგან ამ ადამიანებს კონკრეტული ქმედება დაავალეს იმისთვის, რომ ბინა მიიღონ,“ – დასძინა მირდატ ქამადაძემ.

ენმ-ს იურისტმა, უშანგი მიქელაძემ ყურადღება გაამახვილა აქვე იმაზე, რომ ბინის საკუთრებაში გადაცემას, მაგალითად, სოციალურად დაუცველისთვის, რომელიც დღეს „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, არ სჭირდება საცხოვრებელი რეგისტრაციის შეცვლა.

„მაგრამ მათ მოსთხოვეს რეგისტრაცია და ხმის მიცემა „ოცნების“ სასარგებლოდ, ისე ვერ მიიღებდნენ ბინებს,“ – აღნიშნა უშანგი მიქელაძემ.

„ეს იყო იმიტირებული სიუჟეტი, რომ მოხდეს რამაზ ჯინჭარაძის დისკრედიტაცია,“ – მიმართა მოსარჩელეს და მოსამართლეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნათია ბოკუჩავამ, რომელიც სასამართლო სხდომას დისტანციურად დაესწრო. მოსყიდვაზე გაჩენილი კითხვების გასაქარწყლებლად მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელმა არჩია „ტვ პირველის“ სიუჟეტზე ესაუბრა, სადაც კონკრეტულმა ადამიანებმა თქვეს, ბინას დაგვპირდნენ და ამიტომ გადმოვეწერეთ ბათუმშიო.

„არ იდენტიფიცირდება ვინ საუბრობს, არც სახე ჩანს, არ არის მყარი მტკიცებულება, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა…” – უთხრა ოპოზიციის წარმომადგენლებს ბათუმის საოლქო კომისიის იურისტმა, ზვიად სურმანიძემ. მანაც აქცენტი სატელევიზიო სიუჟეტზე გააკეთა.

საოლქო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც კანონი ავალდებულებს ნეიტრალობის პრინციპის დაცვას, არ  მოერიდა გამოკვლევის გარეშე გაეჟღერებინა საკუთარი ვერსიაც, რაც ხელსაყრელი პოზიციაა „ქართული ოცნებისთვის“:

„შესაძლოა იმიტომ გადმოეწერნენ, რომ უფრო დიდი ბინა მიიღონ. რაც უფრო დიდი ოჯახი იქნება…” – თქვა ზვიად სურმანიძემ.

„ეს თქვენი მოსაზრებაა,“ – საოლქოს იურისტი მოსამართლემ შეაჩერა.

„არაა გარკვეული, ასევე, ვისი ამომრჩეველია,“ – ესეც თქვა საოლქო კომისიის იურისტმა იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დადგენა, ასეულობით ახალი ამომრჩეველი ვისი მხარდამჭერია, თუმცა ამით „ოცნების“ პოზიციების გამყარება ისევ სცადა.

საოლქოს იურისტმა დააკონკრეტა, რომ ამომრჩევლის რაოდენობა მე-4 მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 497-ით გაიზარდა.

„საიდან გაიზარდა მერე? კითხვა არ გვექნებოდა, რომ გაზრდილიყო, მაგალითად, 100 ამომრჩევლით, რადგან 88-ს 18 წელი შეუსრულდა 2 ოქტომბრიდან 2 აპრილამდე, მაგრამ როცა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ერთ დღეს, ერთსა და იმავე მისამართზე რეგისტრირდება 500 ახალი ამომრჩეველი, ეს არის პირდაპირ მოსყიდვა, ეს აღარ არის საარჩევნო დაპირება,“ – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ, ენმ-ს წევრმა.

„იდენტიფიცირება ვერ ხდებაო, იმ სიუჟეტშიო,“ – მირდატ ქამადაძეს გადახედა მოსამართლემ.

„ეს იყო ავთანდილ ფუტკარაძე, რომელზეც შემდეგ სიუჟეტი სამთავრობო „პოსტ ტვ“-მ გააკეთა, სადაც ოჯახის სხვა წევრიც ეჭვქვეშ არ აყენებს ავთანდილ ფუტკარაძის გადაწერის ფაქტს, ანუ რეგისტრაციის შეცვლას, მაგრამ შეურაცხადიაო, ეს მოიგონეს. მეტი მტკიცებულება რა უნდა წარმომედგინა, ბატონო მოსამართლევ, დედას გაფიცებთ?“ – გაცხარდა ენმ-ს წევრი, მირდატ ქამადაძე.

„რომც იყოს იდენტიფიცირებული, საიდან ვადგენთ, რომ ის ჭეშმარიტებას ამბობს?“ – იკითხა საოლქო კომისიის იურისტმა, ზვიად სურმანიძემ. მან აღნიშნა ისიც, რომ ჟურნალისტი ამომრჩეველს ეუბნება, რომ „ოცნებიდან“ ურეკავს.

„ეს არის მოტყუებით მიღებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულება უნდა იყოს,“ – დასძინა საოლქოს იურისტმა.

„ფაქტის დადასტურება იყო ძალიან მარტივი. მინიმუმ ორი ადამიანი მოსულიყო ფიზიკურად სასამართლოში და ეთქვა, ვისგან რა დაპირება მიიღო…“ – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნათია ბოკუჩავამ.

„მტკიცებულება წარმოგედგინათ თქვენ თავად, თუ საწინააღმდეგოს ამტკიცებთ… ჩვენ სარჩელში აპელირება მოვახდინეთ კონკრეტულ ავთანდილ ფუტკარაძეზე. ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ დიახ, შევიცვალე მისამართი იმიტომ, რომ ბინას დამპირდნენ… ის, რომ ავთანდილ ფუტკარაძე ამ უბნის ამომრჩეველია, დასტურდება სიით, რომელიც ასევე ოფიციალური დოკუმენტია,“ – უთხრა „ოცნების“ წარმომადგენელს, მირდატ ქამადაძემ.

გირაოს შემდეგ გათავისუფლდებიან – „ალტ-ინფოს” ქობულეთის ოფისთან ჯგუფური ცემის საქმე

ჯგუფურ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ხუთივე პირს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 5-5 ათასი ლარი გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით.

საუბარია პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ქობულეთის ოფისთან 22 მარტს მომხდარ  დაპირისპირებაზე, სადაც აქციის 3 მონაწილეს სცემეს.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 31 მარტს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ბრალდებულები „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პირები არიან, მათ სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდათ.

ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლებენ, როცა ისინი გირაოს გადაიხდიან.

ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აჭარასა და იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან „5 ნარკორეალიზატორია“.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

„ჰეროინის“, „სუბოქსინის“, „მეტადონისა” და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვა შსს-მ ფარულად ჩაწერა.

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ზ.ბ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

ასევე, სამართალდამცველების მიერ სპეციალური სამალავიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, გ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 9 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი“.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს ტ.კ., რომელსაც 250 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ უკანონოდ, სხეულით შემოჰქონდა.

იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ჩ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში დააკავა. სამართალდამცველებმა მისი პირადი ავტომობილის და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული მ. გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: 60 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება. „ექსტაზი“, 1 კილოგრამი და 500 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ და 160 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის “ შემცველი ნივთიერება.

შსს-ს ინფორმაციით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის დაკავებული არიან: 1988 წელს დაბადებული ს. ნ., 1974 წელს დაბადებული კ. კ., 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ბ., 1970 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი დ.ტ. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ.

ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და სავარაუდოდ რეალიზაციისგან აღებული ფული, ასევე, მარიხუანის კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა.

1988 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, 1979 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1960 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი“.

დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კოვიდის 450 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 6 პაციენტი – 31 მარტი

31 მარტის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარაში – 18, იმერეთში – 58, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 21, გურიაში – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 34, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში -2, სამცხე-ჯავახეთში -5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 31 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 648 264 , ბოლო 24 საათში – 450
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 624 993 , ბოლო 24 საათში – 1 540
  • მათ შორის, გარდაცვლილი – 16 745 , ბოლო 24 საათში – 6
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 23 626, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 537, PCR ტესტით – 2 089
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,9%, ბოლო 14 დღის – 3,44%, ბოლო 7 დღის – 2,75%
  • სულ აცრილია – 2 859 230, დღიურად აცრილია – 1 804

31 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 482 საიდანაც:

  • 535 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 293, აჭარაში – 41, იმერეთში – 93.
  • ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 137 პირი, მათ შორის, თბილისში – 76, აჭარაში – 23, იმერეთში – 17.
  • 5 947 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 17 500 ადამიანი
  • ტანკი – 614 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 735 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 311 ერთეული
  • MLRS – 96 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54 ერთეული
  • თვითმფრინავი – 135 ერთეული
  • ვერტმფრენი – 131 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 201 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 75 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 83
  • სპეციალური აღჭურვილობა – 22
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 მარტამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 124 თვითმფრინავი
  • 77 შვეულმფრენი
  • 323 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1767 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 186 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 741 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1 657 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, უკრაინაში შეჭრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „სრულად არ იყო ინფორმირებული“ მისი თავდაცვის სამინისტროს  მიერ  გადადგმულ „ყველა ფეხის ნაბიჯზე“.

ამავე თემაზე:

რუსი გენერლის ტყუილი „აზოვის“ ბატალიონის 2 წევრის დაკავებაზე – ვიდეო

 

 

 

აჭარის მთავრობასთან კაცმა შიმშილობა დაიწყო: „ვითხოვ კვლევებისთვის დაფინანსებას“

„შიმშილობა დავიწყე, რადგან საჭირო კვლევებისთვის დაფინანსება არ მომცეს,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. ის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აპირებს ღამის გათევას.

შადიმან ხოზრევანიძის თქმით, მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა წლებია აწუხებს, ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მოქალაქეს არ წარუდგენია ანგარიშფაქტურა, რომლითაც დადგინდება, კონკრეტულად რა კვლევისთვის ან რა მკურნალობისთვის არის საჭირო დამატებით დაფინანსების გამოყოფა.

შადიმან ხოზრევანიძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კვლევებისთვის 2 ათასი ლარით დააფინანსა. მას სარეზერვო ფონდიდან ასევე გამოუყვეს 500 ლარი.

მოქალაქე ადასტურებს, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან ეს დაფინანსება მიიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„კვლევები ჩავიტარე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, მაგრამ საბოლოოდ დიაგნოზი ხომ ექიმმა უნდა დასვას?… ექიმი, ვისაც ვენდობი, ვერ შემხვდა. სხვა ექიმებს ბათუმში არ ვენდობი, რადგან სადაც ორი ფეხით შევედი, ოთხით გამოვედი, ყველა კლინიკა მოვლილი მაქვს, უარესად გამხადეს,“ – გვიყვება შადიმან ხოზრევანიძე, რომელიც 44 წლისაა და ხულოში, სოფელ კვატიაში ცხოვრობს. შადიმანის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

შადიმან ხოზრევანიძე ამბობს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ თბილისში ექიმთან მისი ვიზიტი ერთობლივად დაგეგმეს.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან დამაკავშირეს ექიმს თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში, შევხდი ექიმ გოგი სარიშვილს და მითხრა, რომ დამატებით კვლევების ჩატარება მჭირდება ზუსტი დიაგნოზისთვის… აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი, ამ დამატებით კვლევებზე უარი მითხრეს,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ იმას, რომ მოქალაქეს თბილისში ექიმთან კომუნიკაციაში დაეხმარნენ, რომელმაც პაციენტს მკურნალობაც დაუნიშნა. „მაგრამ ის გარანტიას ითხოვს და გარანტიის გარეშე მკურნალობის დაწყებაზე უარს ამბობს,“ – გვიპასუხეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში. აქ ასევე განმარტეს, რომ ექიმისგან მიწოდებული ინფორმაციით, პაციენტს სტაციონარში მოთავსება არ სჭირდება და არც სხვა დოკუმენტი მიუღიათ, რაც დაადასტურებდა დამატებით დაფინანსების გამოყოფის საჭიროებას.

„ექიმმა მითხრა, რა კვლევებიც მჭირდება, მაგრამ რადგან დაფინანსება არ იყო, ეს ვერ ჩავიტარე… გარანტიას ვითხოვ კი, რადგან არაერთხელ დავზარალდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის საბოლოო დიაგნოზი არ დაუსვამთ, მკურნალობას როგორ დავიწყებდი,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. მან ვერ გვითხრა, რატომ ვერ მიიღო კლინიკიდან „ფორმა 100“, ასევე ანგარიშფაქტურა „დამატებით კვლევებზე“.

„ვუთხარი ექიმს, კალკულაცია გამიკეთეთ, თუ შეგიძლია-მეთქი და უარი მითხრა… იქვე ადგილზე რამდენიმე კვლევაში 94 ლარი გადავიხადე,“ – გვითხრა შადიმან ხოზრევანიძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდება ექიმს, ვისთანაც პრეტენზია აქვს შადიმან ხოზრევანიძეს.

„არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტას, ვიდრე არ მივიღებ დაფინანსებას და არ აიღებენ პასუხისმგებლობას ჩემს ჯანმრთელობაზე, მთავრობა იმისთვის არის, რომ ეს ყველაფერი გამირკვიოს და მოაგვაროს, ამ ღამეს აჭარის მთავრობის სახლის წინ გავათენებ,“ – ამბობს მოქალაქე.

___

მთავარი ფოტო: შადიმან ხოზრევანიძე აჭარის მტავრობის სახლის წინ ათევს ღამეს

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

„სინამდვილეში რუსიზმი ფაშიზმზე, რასიზმზე, ნაციმზსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა იდეოლოგიაზე უარესია… “ – ეს ჯოხარ დუდაევმა, ჩეჩნეთის პირველმა პრეზიდენტმა, 27 წლის წინ, 1995 წელს თქვა, როცა რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთში წარმოებულ ომზე საუბრობდა.

„თუ მსოფლიო ამ ჭირს არ შეაჩერებს…, მსოფლიოს დიდი უბედურება ელის,“ – ამბობდა მაშინ ჯოხარ დუდაევი.

ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ნათლად აღწერდა, რით განსხვავდება რუსიზმი ფაშიზმისგან და 27 წლის წინ ისე საუბრობს რუსეთზე, ფიქრობ, რომ ის დღეს დაბომბილ უკრაინას აღწერს… დუდაევს ჰქონდა ერთგვარი წინასწარმეტყველებაც – რა ელის რუსეთს.

ამ ინტერვიუდან ერთი წლის შემდეგ ჯოხარ დუდაევი მოკლეს. ის სამხედრო ავიაციის გენერალი იყო.

ჯოხარ დუდაევთან ინტერვიუ 1995 წელს ესტონეთიდან „ესკი ჯგუფმა“ ჩაწერა. ვიდეოინტერვიუს ქართული თარგმანი რამდენიმე დღის წინ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. „ბათუმელები“ ამ ინტერვიუს ბეჭდური ვერსიის ნაწილს გთავაზობთ, სადაც დუდაევი რუსეთსა და რუსიზმზე საუბრობს, ასევე უკრაინაზე, სადაც „რუსიფიკაციას არასდროს შეეგუებიან“.

  • ჩეჩნეთის, იჩქერიის რესპუბლიკის პრეზიდენტო, ღირდა თუ არა ამდენი ადამიანის სიცოცხლე და ნგრევა იმად, რომ ჩეჩნებს დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრება სურთ? 

დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. შესაძლებელი იყო, ჩვენს ერს სხვა ერთან ერთად ეცხოვრა, ან მეზობელი სახელმწიფოები ვყოფილიყავით და ჩვენი უფლებებიც დაცული ყოფილიყო. ასევე, ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულებულიყო, თუმცა რუსეთი ერის და სახელმწიფოს წინაშე არანაირ ვალდებულებას არ ასრულებს. პირიქით, გვთავაზობენ გალიაში შევიდეთ და ვემეგობრეთ იმ მოუთვინიერებელ დათვს, რომელიც ტყეში დაიჭირეს. გვეუბნებიან, რომ ამ დათვს ხელი ჩამოვართვათ და მასთან ერთად ვიცხოვროთ. ეს არის რუსეთის ნამდვილი სახე.

  • რას წარმოადგენს ჩეჩნეთის ოპოზიცია?

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ჩეჩნეთში არანაირი ოპოზიცია არ ყოფილა და არც არის. ოპოზიციას თავისი რადიკალური პროგრამა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურა აუცილებლად უნდა ჰქონდეს. დარეგისტრირებული უნდა იყოს და გათვლილი ჰქონდეს თავისი საქმიანობის სფერო, რომელიც კანონით არის დასაშვები და მასთან შესაბამისობაში მოდის. მსგავსი ვერაფერი დავინახეთ. რუსეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებს დამნაშავეებსა და კრიმინალებს, რომელთაც თავის მხრივ ოპოზიციას უწოდებს, ასევე აძლევენ დიდძალ შეიარაღებას და ბევრ ფულს.

ამ ადამიანებზე წარმოუდგენელ რესურსებს ხარჯავს – ტანკებს, ბეტეერებს, რადებს, თვითმფრინავებს და ურაგანებს აძლევს. ეს ადამიანები კრიმინალები არიან და მომზადება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ კი რუსეთში, სპეციალურ ბაზაზე აქვთ გავლილი. მათ რამდენიმე ჩეჩენთან ერთად მობილიზებული ჰყავთ რუსეთის სამხედრო და სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მათ ოპოზიციას უწოდებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ოპოზიციაა.

სინამდვილეში კი, ეს რუსიზმია. სინამდვილეში რუსიზმი ფაშიზმზე, რასიზმზე, ნაციზმსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა იდეოლოგიაზე უარესია. ეს არის რუსეთის მთავრობის იდეოლოგია. რუსიზმი ფაშიზმზე უარესია. როდესაც ფაშისტები ევროპის და მშვიდობის წინააღმდეგ წავიდნენ, მსოფლიო მის წინააღმდეგ გამოვიდა, თუმცა იცით, პირველი ვინ განუდგა ფაშისტებს? – თავად გერმანელები. თვითონ გერმანელები იყვნენ პირველები.

ამასთან, რუსეთი ყველაზე დაუცველ ქვეყნებს ირჩევს. მთელი ისტორიის მანძილზე რუსეთი ყველაზე უმწეო ერს ირჩევს გასანადგურებლად. რუსეთი მიმართულია ფიზიკურ განადგურებაზე და მსოფლიოს ეუბნება, თუ როგორი ძლიერია. ისინი მთიან ყარაბაღში შევიდნენ და ბოლომდე გაანადგურეს. შემდეგ მიზანში აფხაზეთი ამოიღეს, საქართველოს მოგლიჯეს, სრულიად გაანადგურეს მისი პოტენციალი. საქართველოსთან ომი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი, რუსული არმიისა და სპეცსამსახურების მოწყობილია. ასევე საქართველოს სამაჩაბლო მოგლიჯეს და გაანადგურეს, სამხრეთ ოსეთი და ინგუშეთი მოგლიჯეს, ერები რეალურად გაანადგურეს.

ისტორიას კარგად ახსოვს, რომ რუსეთის ხელისუფლებას როდესაც გაუჭირდებოდა, მაშინვე შეთანხმებებს აფორმებდა, რომელსაც შემდეგ არასოდეს იცავდა. რუსეთი შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ იცავს და არც არასოდეს დაიცავს. როგორც კი გაძლიერდება, მიზანში სუსტს ამოიღებს და დასცინის. ეს არის რუსეთის ნამდვილი სახე. ასე იყო და არის, იქნება ბოროტების იმპერია. მიმტაცებლობა, დაუნდობლობა, უგულობა და უსულობა –  ეს ყველაფერი მათ ჩეჩნეთში გამოავლინეს.

რუსეთმა 250 ათასი სამხედრო და 5600 სამხედრო ტექნიკა შეიყვანა ჩეჩნეთში, მთიელი ხალხის წინააღმდეგ, მან წარმოუდგენელი რაოდენობის სამხედრო ძალა გამოიყენა. წარმოიდგინეთ, ეს გაკეთდა ისეთი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც რუკაზე მიკროსკოპით ეძებენ. ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა გასცა და  აცხადებდა, რომ ეს მშვიდობიანი ოპერაცია იყო, თუმცა ახალი წლის ღამეს მიწა, სისხლი, ადამიანის ცხედარი ერთმანეთში იყო არეული. მათ სისხლიანი მისია შექმნეს. რუსეთი ამ პოლიტიკაზე უარის თქმას არ აპირებს. ეს არის რუსეთი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ მსოფლიო ამ ჭირს არ შეაჩერებს, ან რუსეთს არ შესძენს დემოკრატიულ პრინციპებს და ღირებულებებს, რომელიც მას არასდროს არ ჰქონია, ასევე არ ასწავლის საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას, მსოფლიოს დიდი უბედურება ელოდება.

  • თქვენი მკვლელობა რამდენჯერ სცადეს? 

უკვე სათვალავი ამერია. რუსეთის ხელისუფლება ღია ტერორს აწარმოებს. მე ამას თავდასხმას ვერ დავარქმევ. წარმოიდგინეთ, მოფრინდება ავიაგამანადგურებელი და დასახლებულ პუნქტებს მიწასთან ასწორებს. იერიშების შედეგად ბავშვები და ქალები იღუპებიან. რუსულად ამას თავდასხმა ჰქვია.

  • მმართველობის რომელი ფორმა სჭირდება ჩეჩნეთის რესპუბლიკას: საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო სისტემა? 

პირველ რიგში, ეს უნდა იყოს დემოკრატია. დემოკრატიის არქონის შემთხვევაში ხელისუფლებას ვერც ერთი მთავრობა ვერ შეინარჩუნებს… აქედან გამომდინარე, მმართველობის ფორმა საპრეზიდენტო იქნება, თუ საპარლამენტო, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩვენ ხომ ზამთრის ჯოჯოხეთი გამოვიარეთ – ნგრევა, ნგრევა და ნგრევა.

ტირანმა ჩვენ წინააღმდეგ წარმოუდგენელი ძალა გამოიყენა. მხოლოდ ერთი ხელმოწერით ელცინმა დუდაევის ხელისუფლების დასამხობად ჩვენი მოწინააღმდეგეები 150 მილიარდი რუბლითა და 500 მილიონი დოლარით დააფინანსა. წარმოიდგინეთ, ერთი დოკუმენტით. ეს ძალა ჩვენთან დასაპირისპირებლად მთელი 4 წელი ემზადებოდა. 4 წელი გენერალურ შტაბთან და სპეცსამსახურებთან ერთად გაატარეს, შეამოწმეთ დოკუმენტები და ნახავთ, ერის ბოლომდე გასანადგურებლად და დეპორტაციისთვის რა მზადება გაიარეს.

მზადების ეს პროცესი რუსეთში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური შეფერხებების ფონზე მიმდინარეობდა. ჩეჩენი ერის ჩასასახლებლად პატარა ქალაქებს მთელი 4 წელი აშენებდნენ. ეს ხდებოდა სარატოვში, ვოლგოგრადსა და ორენბურგში. წელიწად-ნახევრის, ორი წლის წინ, გადასახლება რუსეთში არსებული ჩეჩნური დიასპორის წევრებს უკვე შესთავაზეს.

ჩვენი უბედურება ის არის, რომ ამ გეგმის შესახებ თავიდანვე ვიცოდით. ეს სახელმწიფოს პროგრამაა. დაფრინავენ თვითმფრინავები, გვესვრიან რაკეტებს და ბომბებს, ჩეჩნები იძულებული არიან სამშობლო დატოვონ, ბომბების ფონზე ასახლებენ და გაჰყავთ, ამ ყველაფერს კი დუდაევს აბრალებენ. ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ, რუსეთს გამოღვიძება არ უნდა.

  • რა ხდება, როდესაც რუსეთში ჩეჩნებს ატერორებენ? 

სახელმწიფოსთვის ტერორი ყველაზე ბოლო ნაბიჯია, იგივეა ადამიანებისთვისაც, მაგრამ როდესაც ამას სახელმწიფო ბრძოლის იარაღად აქცევს, ეს პარანოიაა. ღირს თუ არა, რომ მე, ჩვენი მთავრობა და ჩვენი ახალგაზრდა ქვეყანა რუსეთის დონეზე დავეცეთ? ანუ ტერორზე ტერორით გავცეთ პასუხი? – არა, თუმცა ახლა სხვა რეალობაში ვართ.

იმ პირობებში, როდესაც რუსეთის უზარმაზარი სახელმწიფო ჩეჩნეთის მიმართ ტერორს, ძალადობას, პროვოკაციას, დივერსიას და სიცრუეს იყენებს, მაშინ საპასუხო ნაბიჯებს არც კი ვიცი, რა დავარქვა. ეს არის ბრძოლა მითურ ბანდიტებთან. თუ ეს ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზე მოხდება, ეგრევე დაიწყებენ პროპაგანდისტული განცხადებების გავრცელებას, რომ ჩეჩნები და დუდაევის ბიჭები რუსებს ატერორებენ.

იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთი გონს მოეგოს, იწურება, ვითარება კონტროლიდან გადის. ატომური ბომბი, რომლითაც რუსეთი იმუქრება, შეუძლია გამოიყენოს მას შემდეგ, როცა ვითარებაზე კონტროლს დავკარგავ, შევხედოთ, როგორ დაიცავენ რუსი სამხედროები თავიანთ ქალაქებს, ასევე დასახლებულ პუნქტებს. რუსეთის და მსოფლიოს საბედნიეროდ დღეს ვითარება ჯერ კიდევ კონტროლირებადია, პროცესი მართვადია, თუმცა არც ერთი წამით არ მეწყინება, თუ კონტროლს დავკარგავ.

  • ეს ომი რამდენ ხანს გაგრძელდება?

თუ ვერ ვიპოვით ვითარებიდან გამოსავალს დროულად, ეს ომი 50 წელს გაგრძელდება, მისი მასშტაბები და ხანგრძლივობა უფრო გაიზრდება, უფრო დიდ ტერიტორიებზე გავრცელდება, ალბათ მანამდე, ვიდრე რუსეთი, როგორც სახელმწიფო, არსებობას არ შეწყვეტს.

ინტერვიუს დასარულს ჟურნალისტები და ჯოხარ დუდაევი გაშლილ სუფრასთან სხდებიან. „არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ თუ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, ჩეჩნეთის საკვები რესურსი ამოიწურება,“ – მიმართავს ჟურნალისტი დუდაევს.

„საკვები რესურსის ამოწურვა ბუნებაში არ არსებობს, სულიერების დეფიციტს უფრო განვიცდით. თუ შემართება გაქვს, შეგიძლია 100 წელიც კი იომო. თუ ეს არ გაქვს, ერთ დღესაც ვერ გაძლებ. შეგიძლია მაგიდა საკვებით აავსო, მუცელი ამოივსო და მერე მოკვდე,“ – ასეთი იყო ჯოხარ დუდაევის პასუხი.

———-

ინტერნეტსივრცეში ჯოხარ დუდაევის კიდევ ერთი ინტერვიუ იძებნება, რომელიც ასევე 1995 წელს არის ჩაწერილი. აქ ჯოხარ დუდაევი უკრაინაზეც საუბრობს:

„დედამიწაზე ერთადერთი ურწმუნო, უსულო და უსამართლო ერი რუსეთია, რომელიც კაცობრიობის განვითარების დონეს უიმედოდ და დიდი ხნით ჩამორჩა, არაფრის სწამთ და არც ერთ რელიგიას არ ემორჩილებიან. არც ვალდებულებას გრძნობენ და არც სულიერება გააჩნიათ, უსამართლოები არიან, საიდანაც მორალიც გამომდინარეობს. მორალი, სამწუხაროდ, რუს ერში ფართოდ არის გავრცელებული, ის, რაც ჩეჩნეთში ხდება, მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი, ეს რუსი ხალხის მისწრაფებაა, ავადმყოფური რუსიზმის, რომელსაც კაცთმოძულეობის იდეოლოგია აქვს. ამისთვის კი, ერი საფასურს იხდის.

რუს ერს დიდი განსაცდელი ელის და პროგნოზი დამაიმედებელი არ არის. არ აქვთ იდეა [რუსეთს] არც კომუნიზმის, არც სოციალიზმის, არც თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნის, ყველაფერი იმის ბრალია, რომ იდეოლოგია რუსიზმზეა დაფუძნებული.

თუ არ არის იდეა, არ არსებობს რუსეთის დემოკრატიული სახელმწიფო. არ არსებობს სახელმწიფოს ლეგიტიმურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მისი მთავრობის ლეგიტიმურობა არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს იდეა და არც სახელმწიფოს ლეგიტიმურობა. ესე იგი, იქ პოლიტიკის ადგილიც არ არის. და თუ არ არსებობს მესამე კომპონენტიც, ესე იგი, იქ არც იდეოლოგიის ადგილია. ეს ნიშნავს, რომ არ არის მოტივაცია და სტიმული, რაც პერსპექტივის დასასრულია. ეს ერთ-ერთი გზაა.

ცივილიზაციის განვითარების მეორე გზა სულიერებაა, რუსები ურწმუნო ერია. მათ არც ქრისტესი, არც მუჰამედის, არც ბუდასი და საერთოდ, არაფრის სწამთ. თუ გინდა, რომ ერი მთლიანი და სულიერი გახდეს, ამ საკითხზე უნდა იზრუნო, ამასთან 3 თაობა უნდა შეიცვალოს, რუსებისთვის ეს გზაც დაკეტილია.

ახლა რუსი პოლიტიკოსები და იდეოლოგები ცდილობენ, მესამე გზა – სლოვენიზაცია აირჩიონ. ეს სლავური ერების გაერთიანებას ნიშნავს. აქაც არაფერი გამოვა იმიტომ, რომ სლოვენიზაციის მთავარი შემადგენელი კომპონენტი უკრაინელები არიან, ისინი რუსიფიკაციასა და რუსიზმს არასოდეს შეეგუებიან, რუსი ერისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის, ერთი გზაა დარჩენილი, რომელსაც არ გეტყვით,“ – ამბობდა ჯოხარ დუდაევი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუს სამხედროებთან ერთად, გროზნო, 2000 წელი
რუსული არმიის შესვლა ჩეჩნეთში
მასირებული შეტევები – ჩეჩნეთის ომი

ჩეჩნეთის ომი
ჩეჩნეთის ომი, საერთო სასაფლაო
დანგრეული გროზნო
აჰმატ კადიროვი თავის შვილთან, რამზან კადიროვთან ერთად ფოტო: TASS

სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება იწყება – ვინ მიიღებს საარსებო შემწეობას

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის პირველი აპრილის შემდეგ განახლდება.

მთავრობის ახალი დადგენილებით კი, ის ოჯახები, რომლებსაც პირველ აპრილამდე წარმოეშვათ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტის და/ან „საარსებო შემწეობის“ შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლები, საარსებო შემწეობას პირველი აპრილის შემდეგაც უწყვეტად მიიღებენ მანამ, ვიდრე მათ ხელახლა არ გადაამოწმებენ.

გადამოწმებამდე ამ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ არსებული სარეიტინგო ქულებიც.

რაც შეეხება ოჯახების გადამოწმების გრაფიკს, ის ჯანდაცვის მინისტრმა უნდა დაამტკიცოს.

შემწეობის გაცემის გაგრძელების შესახებ შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 29 მარტს მიიღო.

„2022 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ მონაცემთა ბაზისა და „საარსებო შემწეობის“ ადმინისტრირება გრძელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად“, თუმცა ზემოთ აღნიშნული პირობების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება 2020 წლიდან, მთელი პანდემიის პერიოდში, შეჩერებული იყო.

ამავე თემაზე:

საქართველოში საარსებო შემწეობას 174 ათასი ოჯახი იღებს

 

გერმანია და ავსტრია მომავალში გაზის მოხმარების შეზღუდვას განიხილავენ

მას შემდეგ, რაც კრემლმა „არამეგობრული ქვეყნების” სიაში შეყვანილ სახელმწიფოებს გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა, გერმანიამ და ავსტრიამ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გათბობის დეფიციტის შემთხვევაში.

ევროპის ქვეყნებს შორის უმძლავრესი ეკონომიკის ქვეყანამ, გერმანიამ, რომელიც საჭირო გაზის მარაგების ნახევარს იღებდა რუსეთისგან, დღეს, 30 მარტს, საგანგებო გეგმის პირველი ფაზა გამოაცხადა და საკუთარ მოსახლეობას მომავალში გაზის მიწოდების შეზღუდვის შესახებ აცნობა.

გერმანიის საგანგებო გეგმა სამეტაპიანია.

ხელისუფლებამ ამ განცხადებით პირველი ანუ წინასწარი გაფრთხილების ეტაპი გაააქტიურა, პარალელურად კი გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტრო საწვავი რეზერვებისა და მარაგების მონიტორინგს დაიწყებს.

ხელისუფლება მხოლოდ გეგმის მესამე ეტაპზე ჩაერევა ენერგიის განაწილებასა და გაზის მოხმარების ნორმირებაში. პირველ რიგში, ენერგიის მოხმარების შემცირება მრეწველობიდან დაიწყება.

გერმანიის მთავრობის ამ შინაარსის განცხადების შემდეგ, რამდენიმე საათში, იდენტური განცხადება გააკეთა ავსტრიის ხელისუფლებამაც.

რუსი გენერლის ტყუილი „აზოვის“ ბატალიონის 2 წევრის დაკავებაზე – ვიდეო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ვლადიმერ შამანოვი ოფიციალური პატაკით წარსდგა საზოგადოების წინაშე და გამოაცხადა, რომ დააკავეს „აზოვის“ დაჯგუფების სპეცრაზმის 2 წევრი. მისი თქმით, ორივე მათგანს რუსი სამხედროების წამებისთვის ეძებდა რუსეთი. გენერალს, ვიდეომიმართვით მალევე, გამოეხმაურნენ თავად „დაკავებული“. მებრძოლების თქმით, მათ დაკავებაზე ინფორმაცია არის ტყუილი.

„თავდაპირველად, როგორც სამხედრო პირმა, მინდა გიპატაკოთ… ჩვენმა სპეცრაზმმა ეს ნაძირლები [„აზოველები“] 3 დღეში შეიპყრო. დღეს ისინი ფეხებთან ყრიან, იხვეწებიან და პატიებას ითხოვენ“, – ამ „პატაკით წარსდგა რუსეთის დუმას დეპუტატი და გენერალი აუდიტორიის წინაშე. მეტი დამაჯერებლობისთვის გენერალმა ისიც თქვა, რომ დაკავებულებმა პირველივე დაკითხვაზე ყველაფერი აღიარეს.

„მე დაგისახელებთ მათ გვარებს, ერთ ნაძირალას ჰქვია სერგეი ველიჩკა ზედმეტი სახელით – ჩილი, ხოლო მეორეს – კონსტანტინ ნემიჩევი. ორივე ეს ნაძირალა აღზარდეს ნაცისტებად ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის – „მეტალისტის“ ფანკლუბში. ამის შესახებ თვითონ თქვეს პირველივე დაკითხვაზე“.

გენერალმა პატაკის დასასრულს დასძინა, რომ „ასე მოუვა ყველას, ვინც უღირსად, ჟენევის კონვენციის დარღვევით მოექცევა ჩვენს სამხედრო ტყვეებსო“.

ამ განცხადებიდან მალევე, რუს გენერალს თავად „დაკავებულები“ გამოეხმაურნენ ვიდეო-მიმართვით.

„მე მქვია კონსტანტინ ნემიჩევი, ეს კი სერგეი ველიჩკოა – „ჩილი“. ჩვენ ვართ სამხედრო შენაერთის – „აზოვის“ სპეცრაზმის მეთაურები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კარგად ვართ, ვიმყოფებით ხარკოვში და მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი მიწა. ჩვენ გვინდა ვუპასუხოთ რუს პროპაგანდისტებს – თქვენ აცხადებთ, რომ ტყვედ ჩაგვიგდეთ, მაგრამ ეს ასე არ არის. თქვენ ხართ ბინძური, ფაშისტური, რუსული პროპაგანდა“.

კონსტანტინ ნემიჩევმა იქვე მიმართა რუს სამხედროებს და შესთავაზა, რომ თუ სურთ გადარჩენა, ტყვედ ჩაბარდნენ:

„მოვუწოდებ ყველა რუსს, ვინც საკუთარი ნების წინააღმდეგ იმყოფება უკრაინაში. ჩაბარდით ტყვედ, ჩვენ სამართალდამცავებს გადაგცემთ“.

რუს გენერალს უფრო ცინიკურად გამოეხმაურა სერგეი ველიჩკა, იგივე „ჩილი“:

მეგობრებო, მე ვიმყოფები „ტყვეობაში“… მეზობელი ქვეყნის ავადმყოფი ადამიანების ფანტაზიების ტყვეობაში, რომლებმაც უკრაინა 3 დღეში დაიპყრეს; რომლებმაც კოსტიასთან ერთად დამატყვევეს; რომლებმაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდა „აზოვის“ პოლკის მეთაური.

წარმატებები, ჩამოდით, თქვენი აქ ჩამოსვლით ჩვენ არ ვართ გახარებულები“.

რა წერია ავარიული სახლების პროგრამაში – მთავრობა 1 კვ.მეტრს მაქსიმუმ 1700 ლარით დააზღვევს

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, რომ თუ მშენებელი კომპანიები ან დეველოპერები საფინანსო ორგანიზაციებთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, აშენებულ სახლებში 1 კვ.მეტრ ფართობს არაუმეტეს 1700 ლარად შეიძენს. ამით მთავრობა პროექტის დამფინანსებელი ბანკების რისკებს აზღვევს. პროგრამა, რომელსაც ხელს პრემიერი აწერს, დღეს, 30 მარტს, გამოქვეყნდა.

პროგრამა თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2014 წლიდან დღემდე 15 პროექტის განხორციელება მოხერხდა, იმ პროგრამასაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერდა ხელს.

მთავარი განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში საცხოვრებელი პროგრამაში მოხვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ავარიულობა ექსპერტიზით არის დადასტურებული.

ახალი პროგრამის მიზანი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ჩანაცვლების ხელშეწყობა და ამ სახლებში მცხოვრებთათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. პროგრამის მიზნების ჩამონათვალშია ასევე ქალაქის იერ-სახის გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.

ბათუმის მერიას პროგრამის ეფექტურად განხორციელება დაევალა. პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მერიამ უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა. ასევე, პროგრამაში მონაწილე პირთათვის მშენებლობის ნებართვის გაცემა შემჭიდროებულ ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პროგრამის მიხედვით, საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც შესაბამის პროექტებს დააფინანსებენ, ვალდებულება შესრულებულად  ქონების ექსპლუატაციაში მიღებიდან ჩაეთვლებათ.

პროგრამის ბიუჯეტი 150 მილიონი ლარია.

აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის გადასახადი დაუფინანსდება

სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის დროს ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგნენ, სწავლის საფასურს აჭარის მთავრობა დაუფინანსებს.

მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფინანსება დააანონსა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში არაერთი სტუდენტი დადგა ფინანსური პრობლემის წინაშე, რაც სწავლის საფასურის გადახდას უკავშირდებოდა.

სტუდენტებს, ვისაც მოცემული მომენტისთვის აქვთ დავალიანება უნივერსიტეტებთან და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, დაუფინანსდებათ გადასახადი. ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფა.

„სტუდენტების მომართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლის საფასური და ამ მიმართულებით გამოიყოფა 800 000 ლარი ბიუჯეტის კორექტირების დროს. ამ სტუდენტებს ვუსურვებ წარმატებებს,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

ქართველი მუსლიმები უკრაინელებს ანტიბიოტიკებსა და ჰიგიენურ საშუალებებს უგზავნიან

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით, ქართველმა მუსლიმებმა უკრაინელების დასახმარებლად 14 000 ლარი შეაგროვეს.

„ომის დაწყებიდან მალევე დავიწყეთ უკრაინელების მხარდასაჭერი კამპანია. უკრაინელების მხარდასაჭერ კამპანიაში ჩართული იყო საქართველოს შვიდივე სამუფთო. ჩვენ არ გვაქვს დიდი ბიუჯეტი, ჩვენს მრევლს მეჩეთებში პარასკევის ლოცვაზე ვუთხარით უკრაინელების მხარდასაჭერ ჰუმანიტარულ კამპანიაზე და ასე შევაგროვეთ შემოწირულება.

შეგროვებული თანხით მედიკამენტები, ძირითადად, ჭრილობის დამუშავებისთვის საჭირო სამედიცინო მოხმარების საშუალებები და ანტიბიოტიკები შევიძინეთ, ასევე, ჰიგიენური საშუალებები, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები და ბავშვის საკვები“, – გვითხრა სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილემ რეზო მიქელაძემ.

შეძენილი ჰუმანიტარული ტვირთი სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გუშინ, 29 მარტს, ბათუმში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში მიიტანა.

სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებები
უკრაინელებისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი
შეგროვებული ტვირთი ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში გადააქვთ

რატომ გამყარდა ლარი

ლარის გაცვლითი კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მარტის თვის განმავლობაში. 30 მარტს ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 3,135 ლარი ღირს. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი, 1 დოლარის შეძენა 3,12 ლარადაც არის შესაძლებელი.

ეკონომისტი გიორგი პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას მომდევნო დღეებში არ უნდა ველოდოთ.

წელს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალი 9 თებერვალს იყო [2.92], ხოლო მაქსიმუმს 8 მარტს მიაღწია [3.99].

1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ლარში / იანვარი-მარტი-2022 / წყარო: ეროვნული ბანკი

ლარის გაუფასურება 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინაში შეჭრის დღეს დაიწყო. კურსის შედარებით გამყარება კი – 10 მარტიდან.

ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ ზოგადად,  კურსის მოკლევადიანი რყევების დროს [დაახლოებით ერთკვირიანი მონაკვეთები], საკმაოდ რთულია დასკვნისა თუ პროგნოზის გაკეთება. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან ერთად „ლარი, ასე ვთქვათ, ზედმეტად გაუფასურდა“ და ეს ტენდენცია ვერ გაგრძელდებოდა.

„მეორე ფაქტორი შესაძლოა იყოს ის, რომ საქართველოში ცოტა გაზრდილია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა, რომლებსაც გარკვეული თანხა აქვთ შემოტანილი. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რაც დღეს მოხდა, ამის მოლოდინი [გამკაცრების] გაჩნდა და შესაძლოა ამანაც იქონია ერთგვარი დადებითი გავლენა კურსის გამყარებაზე“, – ამბობს გიორგი პაპავა.

ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი დღეს, 30 მარტს, 10,5-დან 11 პროცენტამდე გაზარდა. ბანკის თანახმად, განაკვეთის ზრდა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ინფლაციის მოლოდინებს უკავშირდება:

გიორგი პაპავას თქმით, ზოგადად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებით გავლენას ახდენს ლარის კურსის გამყარებაზე. თუმცა, „თუ გავითვალისწინებთ ამ მომენტისთვის არსებულ კურსს, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამყარება, წესით, არ უნდა იყოს მოსალოდნელი, იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო მეტი რისკია ეკონომიკაში [ექსპორტი, ფულის გადმორიცხვები], მით უფრო უარყოფითად აისახება ის კურსზე“.

„სამომავლოდ, თუ მნიშვნელოვნად დაიძაბა და დროში გაიწელა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ის უარყოფითი გავლენა, რაც ამას აქვს ქართულ ეკონომიკაზე, შესაბამისად ხანგრძლივი დროით გაგრძელდება და ეს ლარის კურსისთვისაც რისკს წარმოადგენს“, – აცხადებს პაპავა.

9 მარტს, როცა ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. აქედან სავალუტო აუქციონზე 39 მილიონ 570 ათასი დოლარი გაიყიდა. მომდევნო დღიდან ლარი შედარებით გამყარდა.

„ზოგადად, დოლარის გაყიდვა, კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს კურსზე. უბრალოდ, ამ კონკრეტული ტრანზაქციის მნიშვნელობა ის იყო, რომ მაგ დროს იყო შედარებით პანიკა, რომ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუფასურდეს ლარი, წნეხი შეიქმნა. საგულისხმოა ის, რომ უფრო დიდი თანხა გამოიტანა ბანკმა, ვიდრე გაიყიდა. ამით ბაზარი გარკვეულწილად დამშვიდდა [ნახა, რომ იმხელა მოთხოვნაც არ ყოფილა თურმე დოლარზე, ვინაიდან სრულად არც კი გაიყიდა, რაც იყო გამოტანილი]. ამას დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა უფრო, ვიდრე კურსის გამყარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა“, – მიიჩნევს გიორგი პაპავა.

მისივე თქმით, „გუშინ იყო, ახალი ამბების კონტექსტში, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგად თითქოს კონფლიქტის ბოლო გამოჩნდა. ეს მანამდე განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, პოზიტიური ჩანდა. დღეს უკვე საუბარია, რომ რუსეთის ნდობა ამ კონტექსტში არ შეიძლება… რაც უფრო სასიკეთოდ შეიცვლება სიტუაცია უკრაინაში, ჩვენთვისაც სასიკეთო იქნება ყველა კონტექსტში, მათ შორის, ეკონომიკის მოლოდინებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ლარის კურსთან დაკავშირებითაც“.

ვალუტის კურსი / 30.03.2022

ხვალ, 31 მარტს, ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება, დღევანდელთან შედარებით ნაკლები, 3.1013 ლარი იქნება.

ნურიგელის ტბაზე ვეიკპარკის მოწყობა სურთ – 2 მილიონი ევროს ინვესტიცია

ბათუმში, ნურიგელის ტბაზე, ასევე არდაგანის ტბის მიმდებარედ არსებულ პლაჟზე,  ვეიკპარკის მოწყობა სურთ, განაცხადი შესაბამისი ესკიზებით მერიაში შპს „გეო ლიტ ენთერთაინმენთმა“ შეიტანა. კომპანია ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს სწერს, რომ თანხმობის შემთხვევაში 2 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიის განმარტებით, ვეიკპარკი არის სპორტული კომპლექსი, რომელიც გათვლილია აქტიურ დასვენებაზე. პროექტი ითვალისწინებს ასევე კაფესა და ტერასის მოწყობას ვეიკპარკის მომხმარებლებისთვის.

კომპანიის ინფორმაციით, ბათუმის პლაჟის სანაპიროზე მოაწყობენ გასაბერი ნაგებობების პარკს 6 წლამდე ბავშვებისთვის

შპს „გეო ელიტ ენთერთაინმენთი“ საქართველოში 2022 წლის პირველ თებერვალს ლიეტუვას მოქალაქეებმა დააფუძნეს.

რუსული ბიზნესი ცდილობს დაეპატრონოს ქვეყნიდან გასული ბრენდების სახელებს 

მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალური სამსახურის (როსპატენტის) რეესტრში ცნობილი საერთაშორისო ბრენდების სახელების რეგისტრაციის მცდელობით რუსული ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეებისგან 50-ზე მეტი განაცხადი შევიდა, Dior-დან Visa-მდე – წერს რუსული სახელისუფლებო მედია РБК-ი.

რუსი მეწარმეების მიერ პრეტენდენტულ ბრენდებს შორის არიან გადახდის სისტემების ბრენდები: Mastercard-ი და American Express-ი, ავტომანქანების: Audi და Mercedes-Benz-ი, ასევე, მოდისა და სილამაზის ბრენდები, როგორიცაა: Levi’s-ი, Christian Dior-ი და სხვები.

უკრაინაზე თავდასხმისა და დღემდე მიმდინარე სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო, რუსეთის ბაზარი ნაწილობრივ ან სრულად დატოვეს უცხოურმა ბრენდებმა.

განაცხადების უმეტესობა შეესაბამება ორიგინალური ბრენდების სახელებს, მაგრამ არის სავაჭრო ნიშნის რედიზაინის ან კორპორატიული სტილის კოპირების შემთხვევები.

მაგალითად, განაცხადი შეტანილია Nezpresso-ს ბრენდის რეგისტრაციისთვის საქონლის საერთაშორისო კლასიფიკაციის სისტემის (МКТУ) რამდენიმე კლასში, მათ შორის, 07 და 11, რომლებიც მოიცავს ყავის საფქვავს, ყავის მწარმოებელს და ყავის კაფსულებს. Nespresso-ს ბრენდისგან განსხვავებით (რომელიც Nestle-ს საკუთრებაა), სავაჭრო ნიშანში S შეიცვალა Z-თი და იგი Nespresso-ს ლოგოს ვიზუალური ელემენტის ანალოგია.

რუსი მეწარმეები ასევე ცდილობენ დაარეგისტრირონ ბრენდები “Idea” და “Idea Furniture Factory”, შვედური ავეჯის ბრენდის IKEA-ს ლოგოს ვიზუალურად მსგავსი სტილისა და ფერების გამოყენებით.

რბკ-სთან საუბრისას, საპატენტო სამართლის სპეციალიზებული იურისტები დარწმუნებულნი არიან, რომ დიდი ალბათობით, რუსულ ბიზნესს არ აქვს ამ ბრენდების დარეგისტრირების შანსი. როგორც Zuykov & Partners-ის მმართველი პარტნიორი სერგეი ამბობს, „[რეგისტრაციის] შანსები შეიძლება იყოს ერთადერთ შემთხვევაში: თუ მთავრობა გადაწყვეტს გააუქმოს არამეგობრული ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრება“.

ფოტომანიპულაცია

ამნისტია შესაძლოა შეეხოს ლევან მამალაძეს, მაგრამ არა გიორგაძეს – სარჯველაძე

შეეხება თუ არა ამნისტიის კანონი ასლან აბაშიძეს, იგორ გიორგაძეს ან ლევან მამალაძეს, ასევე, იმ ოდიოზურ ფიგურებს, რომლებსაც სხვადასხვა სიმძიმის ბრალი აქვთ წაყენებული, თუმცა ისინი თავს აფარებენ რუსეთს ან სხვა ქვეყანას და სასჯელი არ აქვთ საქართველოში მოხდილი? – ეს კითხვები ისმოდა ოპოზიციის მხრიდან დღეს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამნისტია სავარაუდოდ შეეხება ლევან მამალაძეს და ნაკლებად – ასლან აბაშიძეს ან იგორ გიორგაძეს.

„იქ არის მუხლები, რომლის მიხედვით, ამნისტია გავრცელდება მამალაძეზე, მაგალითად, მაგრამ ამის გამო უკან დავიხიო და ვთქვა, რომ 300-მდე ადამიანს, რომელსაც 2004 წლამდე ჩადენილი აქვს ეკონომიკური დანაშაული, მათ შორის, შესაძლოა იყოს მძიმე დანაშაულიც, მაგრამ უკან დავხიო კანონპროექტის შემოთავაზებული ვერსია, არ ივარგებს.

დაე, გავრცელდეს (მამალაძეზე), ჯანდაბას, მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი. ოღონდ იმ 300 კაცზე ნუ მათქმევინებთ უარს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში.

კანონპროექტით ამნისტია შეეხება იმ ბრალდებულებსა თუ მსჯავრდებულებს, რომლებიც პანდემიის პერიოდში ანუ 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე იმყოფებოდნენ პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით და მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეეზღუდათ პატიმრობის კოდექსით გარანტირებული უფლებები, ამნისტიის გარკვეული მუხლებით, პატიმრობის ვადის შემცირება ან გათავისუფლება.

ამნისტიის აქტი ასევე ვრცელდება 2004 წლის პირველ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე. სწორედ ამ ნაწილმა გამოიწვია დისკუსია. ასევე გაჩნდა კითხვები, რომ შესაძლოა ამნისტიით ხელისუფლება ცდილობდეს სასჯელისგან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული პირები.

„ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა კითხვა დასვა იმაზე, თუ რით გაიზომა საზოგადოებრივი საშიშროება და ხომ არ იქნებიან ამნისტირებული ადამიანები ისევ საშიში საზოგადოებისთვის?

„როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ახერხებს, რომ დაემალოს მართლმსაჯულებას, არ ფიქრობთ, რომ ისევ საშიში შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის?

სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ედავებოდა სამოხელეო, ეკონომიკურ დანაშაულებს და ეს ადამიანები მიემალნენ მართლმსაჯულებას, ამდენი წლის შემდეგ აღარ არიან საშიშებიო. რა გზავნილია ეს? საშიში გზავნილია ეს, რადგან შეგიძლია თურმე ბიუჯეტის ფული მოიპარო, შემდეგ მართლმსაჯულებას მიემალო და შემდეგ პარლამენტი მოგცემს ამნისტიას. კარგი, გასაგებია 2004 წლამდე სასამართლო მართლმსაჯულება რასაც ჰგავდა, მაგრამ შემდეგ, თქვენ მიერ რეფორმირებული სასამართლოს მიმართ რწმენა რატომ არ დაუბრუნდათ ამ ბრალდებულებს და რატომ არ წარდგნენ სასამართლოს წინაშე? ესე იგი, თქვენს სასამართლოსაც არ ენდობიან ეს ადამიანები და რატომ უკეთებთ მაშინ ამ ტიპის შეღავათს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი და არასწორია.

ასევე, მაინტერესებს, გქონდათ თუ არა კომუნიკაცია შს სამინისტროსთან ამ საკითხზე, რადგან შს მინისტრმა ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ წლობით ძებნილი პირები დაეკავებინათ და ახლა რა გამოდის, პარლამენტი წყალში უყრის სამინისტროს ამ შრომას?“ – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ამნისტიის კოვიდნაწილს, მაგრამ 2004 წლამდე ნაწილში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა იმის თაობაზე, შეეხება თუ არა ამნისტია მძიმე დამნაშავეებს.

პარლამენტარ თეონა აქუბარდიას თქმით, პანდემიის ვადებთან დაკავშირებული საკითხები მისთვის მისაღებია, თუმცა 2004 წლის დანაშაულების ამნისტია ამ კანონპროექტში არ უნდა შეეტანათ.

„ოდიოზურ ფიგურებზე იყო აქ საუბარი. ამბობთ, რომ ასლან აბაშიძეს ან გიორგაძეს… მაგრამ მამალაძეს ეხება? გვაქვს სია რა კატეგორიის ადამიანებზეა საუბარია? ვფიქრობ, შესაძლებელია პანდემიის პერიოდის და 2004 წლის დანაშაულებების გამიჯვნა“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

დეპუტატ შალვა შავგულიძის თქმით, პრეამბულა არ ასახავს ამნისტიის ნაწილს და კანონპროექტში საზოგადოების უსაფრთხოების საკითხიც ნაკლებად არის დანახული.

„ვფიქრობ, პრეამბულამ სწორად უნდა ასახოს ამნისტიის შინაარსი და არ იყოს დამალული გარკვეული საკითხები“, – თქვა მან.

შავგულიძის თქმით, შინაარსის გარეშე, მხოლოდ კონკრეტული თარიღებიდან ამოსვლამ, შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას, რადგან „ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა უვადო პატიმრობიდან გათავისუფლდეს ის ადამიანი, ვისაც დანაშაული ჩადენილი აქვს 2004 წლის პირველ იანვრამდე, მაგრამ სხვა ადამიანს, ვინც იგივე დანაშაული ერთი დღით გვიან ჩაიდინა, ამნისტია არ შეეხება. ხედავთ, მარტო თარიღიდან ამოსვლა, შინაარსის გარეშე, როგორი უსამართლობის წინაშე დაგვაყენებს?“ – ამბობს გიორგი შავგულიძე.

დავით კირკიტაძის თქმით, ამნისტია არ უნდა შეეხოს ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს ღალატისთვის გასამართლდნენ, „რიგი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი და ოკუპანტ ქვეყანას აფარებენ თავს. რა ვუყოთ იმ წლებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაართვეს და არ დაუტოვეს განვითარების შანსი. იპარავდნენ, რადგან კორუმპირებულები იყვნენ“.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, 2004 წლის შემდეგ თითქმის 18 წელია გასული და „თუ ამ ხნის განმავლობაში ამ ადამიანებს სხვა დანაშაული არ ჩაუდენიათ, ვფიქრობ, უნდა შეეხოს ამნისტია.“

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, 2004 წლის პირველ იანვრამდე ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს აღუდგეს უფლებები, რომლებიც ჩამორთმეული ჰქონდა სასჯელის გამო.

Exit mobile version