მთავარი,სიახლეები

მიწის რეგისტრაცია და სხვა საკითხები – როგორ ეხმარება „აჭარის რეგიონული ჰაბი” ხალხს სოფლად

31.03.2022 • 1312
მიწის რეგისტრაცია და სხვა საკითხები – როგორ ეხმარება „აჭარის რეგიონული ჰაბი” ხალხს სოფლად

აჭარის რეგიონული ჰაბის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა მოეწყო აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

ამჯერად შეხვედრები გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მერისსა და ხარაულაში.

საინიციატივო ჯგუფებთან, სოფლის რწმუნებულებთან, თემის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საფუძველზე წინასწარ გაირკვა: რა აინტერესებთ, რა პრობლემები აქვთ, რა საკითხებზე მოისმენდნენ რჩევებს და კონსულტაციებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები.

შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტში. სოფელ ხარაულას მოსახლეობას ესაუბრა შშმ პირთა თემაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი, დეა ერემაშვილი

ამ მოკვლევის შემდეგ „აჭარის რეგიონული ჰაბის“ წარმომადგენელმა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ მოიწვია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობის მიერ დასახელებულ საკითხებზე მუშაობენ.

მოსახლეობის ნაწილს, მაგალითად, აინტერესებდა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული თემები: ინფორმაცია მიწის აღიარების შესახებ, ამ სერვისის საფასური, პროცედურის დრო და ა.შ.

თემაზე სასაუბროდ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ სოფელ მერისში შეხვედრაზე მიიწვია საიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები.

შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში. მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის საკითხებზე ესაუბრებიან საიას აჭარის ოფისის წარმომადგენლები ირმა აბაშიძე და სალომე ღოღობერიძე

აჭარის მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე ამ შეხვედრების ორგანიზატორი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი ნანა დიასამიძე საუბრობს:

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სოფელ ხარაულაში. მოსახლეობას ესაუბრა შშმ პირთა თემაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი დეა ერემაშვილი. ბევრი რამ შეიტყვეს და სპიკერები დაეხმარნენ კიდეც რეალურად, სოფელ მერისის მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის საკითხებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა აჭარის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს სხვადასხვა პროგრამა, რაზეც მოსახლეობას აქვს მწირი ინფორმაცია. შეხვედრებზე სვამდნენ კითხვებს და უკუკავშირი მყარდებოდა. მოსახლეობას ძირითადად აინტერესებდა ჯანდაცვის მიმართულებისა და სოციალური პროგრამები. შეხვედრების მიზანი არამხოლოდ ინფორმაციის მიწოდება იყო, არამედ თანამშრომლობის მომავალში გაგრძელება პრობლემების პრაქტიკულად მოგვარების მიზნით,“ – ამბობს ნანა დიასამიძე.

ასოციაცია „ეკოვიტას“ წარმომადგენელი, მამუკა თურმანიძე სოფელ ვაშლოვანის მოსახლეობას უწევდა შეხვედრებზე რეკომენდაციას სხვადასხვა საკითხში. ეს ახალდაფუძნებული ასოციაცია და მისი წევრები მოსახლეობას დაეხმარებიან დოკუმენტების მომზადებაში „აჭარის რეგიონული ჰაბის“ პროგრამებსა და სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად:

„ძალიან კარგ პროექტს შეასხა ხორცი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“. მათი ორგანიზებით ჩვენი ასოციაცია მუდმივ კონტაქტში იქნება სოფლის მოსახლეობასთან, საოჯახო მეურნეობებთან, ვისაც ნაკლები წვდომა აქვს სხვადასხვა პროგრამასა თუ ფინანსურ რესურსებზე.

საკმაოდ რთულია ელექტრონული თუ ჩვეულებრივი განაცხადების შევსება, პროექტების წერა, ფერმერთა უმრავლესობას ამ ოფიციალური დოკუმენტების მომზადებისას დახმარება სჭირდება.

შეხვედრებისა და საუბრების შემდეგაც გაგრძელდა ჩვენი კავშირი სოფლის მოსახლეობასთან. გვირეკავენ, გვწერენ და გაიზარდა მომართვიანობა. ცხადია, ჩვენი ადამიანური რესურსით დავეხმარებით ყველას შესაძლებლობების ფარგლებში,“ – ამბობს ასოციაცია „ეკოვიტას“ წარმომადგენელი.

ეს ასოციაცია გარემოსდაცვით კვლევებსა და ანალიზზე, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის შესწავლაზე მუშაობს. გარდა ამისა, ახალდაფუძნებული ასოციაციის მიზანი ბიომეურნეობების პოტენციალის შესწავლა და ფერმერების ცნობიერების დონის ამაღლებაცაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა გვითხრა, ხშირად ფერმერები ყოველგვარი ანალიზისა და დაგეგმვის გარეშე აწყობენ სასათბურე მეურნეობას იქ, სადაც კლიმატური და სხვა გარემოპირობების გათვალისწინებით სრულიად არაეფექტურია სათბური.

შეხვედრა ზედა ჩხუტუნეთის მოსახლეობასთან

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტი სამი წელია პერმანენტულად უზრუნველყოფს შეხვედრებს მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

„აჭარის რეგიონული ჰაბის” პროექტის დაწყებიდან დღემდე 8 სოფელში გაიმართა შეხვედრა. საინფორმაციო და საკონსულტაციო ხასიათის მსგავსი შეხვედრები პროექტის დასრულებამდე 5 მუნიციპალიტეტის 30 სოფელში გაიმართება.

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ მიზანი არამხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული აქტორის, გაძლიერებაა.

აჭარის რეგიონული ჰაბი არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას.

ჰაბი უზრუნველყოფს პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას აჭარის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით.

ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას, მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


 

ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: