მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობასთან კაცმა შიმშილობა დაიწყო: „ვითხოვ კვლევებისთვის დაფინანსებას“

30.03.2022
აჭარის მთავრობასთან კაცმა შიმშილობა დაიწყო: „ვითხოვ კვლევებისთვის დაფინანსებას“

„შიმშილობა დავიწყე, რადგან საჭირო კვლევებისთვის დაფინანსება არ მომცეს,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. ის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აპირებს ღამის გათევას.

შადიმან ხოზრევანიძის თქმით, მას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა წლებია აწუხებს, ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მოქალაქეს არ წარუდგენია ანგარიშფაქტურა, რომლითაც დადგინდება, კონკრეტულად რა კვლევისთვის ან რა მკურნალობისთვის არის საჭირო დამატებით დაფინანსების გამოყოფა.

შადიმან ხოზრევანიძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კვლევებისთვის 2 ათასი ლარით დააფინანსა. მას სარეზერვო ფონდიდან ასევე გამოუყვეს 500 ლარი.

მოქალაქე ადასტურებს, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან ეს დაფინანსება მიიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„კვლევები ჩავიტარე ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, მაგრამ საბოლოოდ დიაგნოზი ხომ ექიმმა უნდა დასვას?… ექიმი, ვისაც ვენდობი, ვერ შემხვდა. სხვა ექიმებს ბათუმში არ ვენდობი, რადგან სადაც ორი ფეხით შევედი, ოთხით გამოვედი, ყველა კლინიკა მოვლილი მაქვს, უარესად გამხადეს,“ – გვიყვება შადიმან ხოზრევანიძე, რომელიც 44 წლისაა და ხულოში, სოფელ კვატიაში ცხოვრობს. შადიმანის ოჯახი სოციალურად დაუცველია.

შადიმან ხოზრევანიძე ამბობს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ თბილისში ექიმთან მისი ვიზიტი ერთობლივად დაგეგმეს.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან დამაკავშირეს ექიმს თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში, შევხდი ექიმ გოგი სარიშვილს და მითხრა, რომ დამატებით კვლევების ჩატარება მჭირდება ზუსტი დიაგნოზისთვის… აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი, ამ დამატებით კვლევებზე უარი მითხრეს,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში ადასტურებენ იმას, რომ მოქალაქეს თბილისში ექიმთან კომუნიკაციაში დაეხმარნენ, რომელმაც პაციენტს მკურნალობაც დაუნიშნა. „მაგრამ ის გარანტიას ითხოვს და გარანტიის გარეშე მკურნალობის დაწყებაზე უარს ამბობს,“ – გვიპასუხეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში. აქ ასევე განმარტეს, რომ ექიმისგან მიწოდებული ინფორმაციით, პაციენტს სტაციონარში მოთავსება არ სჭირდება და არც სხვა დოკუმენტი მიუღიათ, რაც დაადასტურებდა დამატებით დაფინანსების გამოყოფის საჭიროებას.

„ექიმმა მითხრა, რა კვლევებიც მჭირდება, მაგრამ რადგან დაფინანსება არ იყო, ეს ვერ ჩავიტარე… გარანტიას ვითხოვ კი, რადგან არაერთხელ დავზარალდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის საბოლოო დიაგნოზი არ დაუსვამთ, მკურნალობას როგორ დავიწყებდი,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. მან ვერ გვითხრა, რატომ ვერ მიიღო კლინიკიდან „ფორმა 100“, ასევე ანგარიშფაქტურა „დამატებით კვლევებზე“.

„ვუთხარი ექიმს, კალკულაცია გამიკეთეთ, თუ შეგიძლია-მეთქი და უარი მითხრა… იქვე ადგილზე რამდენიმე კვლევაში 94 ლარი გადავიხადე,“ – გვითხრა შადიმან ხოზრევანიძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდება ექიმს, ვისთანაც პრეტენზია აქვს შადიმან ხოზრევანიძეს.

„არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტას, ვიდრე არ მივიღებ დაფინანსებას და არ აიღებენ პასუხისმგებლობას ჩემს ჯანმრთელობაზე, მთავრობა იმისთვის არის, რომ ეს ყველაფერი გამირკვიოს და მოაგვაროს, ამ ღამეს აჭარის მთავრობის სახლის წინ გავათენებ,“ – ამბობს მოქალაქე.

___

მთავარი ფოტო: შადიმან ხოზრევანიძე აჭარის მტავრობის სახლის წინ ათევს ღამეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: