მთავარი,სიახლეები

რატომ გამყარდა ლარი

30.03.2022 •
რატომ გამყარდა ლარი

ლარის გაცვლითი კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მარტის თვის განმავლობაში. 30 მარტს ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 3,135 ლარი ღირს. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი, 1 დოლარის შეძენა 3,12 ლარადაც არის შესაძლებელი.

ეკონომისტი გიორგი პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ლარის კურსის მნიშვნელოვან გამყარებას მომდევნო დღეებში არ უნდა ველოდოთ.

წელს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალი 9 თებერვალს იყო [2.92], ხოლო მაქსიმუმს 8 მარტს მიაღწია [3.99].

1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ლარში / იანვარი-მარტი-2022 / წყარო: ეროვნული ბანკი

ლარის გაუფასურება 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინაში შეჭრის დღეს დაიწყო. კურსის შედარებით გამყარება კი – 10 მარტიდან.

ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ ზოგადად,  კურსის მოკლევადიანი რყევების დროს [დაახლოებით ერთკვირიანი მონაკვეთები], საკმაოდ რთულია დასკვნისა თუ პროგნოზის გაკეთება. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან ერთად „ლარი, ასე ვთქვათ, ზედმეტად გაუფასურდა“ და ეს ტენდენცია ვერ გაგრძელდებოდა.

„მეორე ფაქტორი შესაძლოა იყოს ის, რომ საქართველოში ცოტა გაზრდილია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა, რომლებსაც გარკვეული თანხა აქვთ შემოტანილი. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რაც დღეს მოხდა, ამის მოლოდინი [გამკაცრების] გაჩნდა და შესაძლოა ამანაც იქონია ერთგვარი დადებითი გავლენა კურსის გამყარებაზე“, – ამბობს გიორგი პაპავა.

ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი დღეს, 30 მარტს, 10,5-დან 11 პროცენტამდე გაზარდა. ბანკის თანახმად, განაკვეთის ზრდა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ინფლაციის მოლოდინებს უკავშირდება:

გიორგი პაპავას თქმით, ზოგადად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებით გავლენას ახდენს ლარის კურსის გამყარებაზე. თუმცა, „თუ გავითვალისწინებთ ამ მომენტისთვის არსებულ კურსს, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამყარება, წესით, არ უნდა იყოს მოსალოდნელი, იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო მეტი რისკია ეკონომიკაში [ექსპორტი, ფულის გადმორიცხვები], მით უფრო უარყოფითად აისახება ის კურსზე“.

„სამომავლოდ, თუ მნიშვნელოვნად დაიძაბა და დროში გაიწელა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ის უარყოფითი გავლენა, რაც ამას აქვს ქართულ ეკონომიკაზე, შესაბამისად ხანგრძლივი დროით გაგრძელდება და ეს ლარის კურსისთვისაც რისკს წარმოადგენს“, – აცხადებს პაპავა.

9 მარტს, როცა ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. აქედან სავალუტო აუქციონზე 39 მილიონ 570 ათასი დოლარი გაიყიდა. მომდევნო დღიდან ლარი შედარებით გამყარდა.

„ზოგადად, დოლარის გაყიდვა, კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს კურსზე. უბრალოდ, ამ კონკრეტული ტრანზაქციის მნიშვნელობა ის იყო, რომ მაგ დროს იყო შედარებით პანიკა, რომ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუფასურდეს ლარი, წნეხი შეიქმნა. საგულისხმოა ის, რომ უფრო დიდი თანხა გამოიტანა ბანკმა, ვიდრე გაიყიდა. ამით ბაზარი გარკვეულწილად დამშვიდდა [ნახა, რომ იმხელა მოთხოვნაც არ ყოფილა თურმე დოლარზე, ვინაიდან სრულად არც კი გაიყიდა, რაც იყო გამოტანილი]. ამას დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა უფრო, ვიდრე კურსის გამყარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა“, – მიიჩნევს გიორგი პაპავა.

მისივე თქმით, „გუშინ იყო, ახალი ამბების კონტექსტში, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგად თითქოს კონფლიქტის ბოლო გამოჩნდა. ეს მანამდე განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, პოზიტიური ჩანდა. დღეს უკვე საუბარია, რომ რუსეთის ნდობა ამ კონტექსტში არ შეიძლება… რაც უფრო სასიკეთოდ შეიცვლება სიტუაცია უკრაინაში, ჩვენთვისაც სასიკეთო იქნება ყველა კონტექსტში, მათ შორის, ეკონომიკის მოლოდინებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ლარის კურსთან დაკავშირებითაც“.

ვალუტის კურსი / 30.03.2022

ხვალ, 31 მარტს, ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება, დღევანდელთან შედარებით ნაკლები, 3.1013 ლარი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: