მთავარი,სიახლეები

როგორ მივცეთ ხმა ელექტრონული აპარატის მეშვეობით – სიახლე 2 აპრილის არჩევნებზე

31.03.2022 • 2006
როგორ მივცეთ ხმა ელექტრონული აპარატის მეშვეობით – სიახლე 2 აპრილის არჩევნებზე

2 აპრილს, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება.

გამოიყენება ორი ძირითადი მოწყობილობა – საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისა (VIU Desktop) და ხმის ელექტრონული მთვლელი (PCOS) აპარატები. იცვლება ბიულეტენი და მისი ყუთში მოთავსების წესი.

„კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მთვლელი აპარატის მიერ დამუშავებულ შედეგებს „წინასწარი შედეგების“ სტატუსი ექნება და მხოლოდ კომისიის მიერ გადათვლისა და განხილვის შედეგად მიღებულ მონაცემებს მიენიჭება იურიდიული ძალა“, – ამბობს ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე.

გთავაზობთ ახალი წესით ჩასატარებელი კენჭისყრის პროცედურებს, ამომრჩევლებისთვის.

რიგის მომწესრიგებელი ამომრჩეველს გადაამისამართებს რეგისტრაციის მაგიდასთან, სადაც განთავსებულია ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციის აპარატი. აპარატს გააჩნია ID ბარათის წამკითხველი, რაც შესაძლებელს ხდის, პირადობის დამადასტურებელი მსგავსი დოკუმენტით, ამომრჩევლის სიაში ავტომატურ გადამოწმებას.

ამომრჩევლის ელექტრონული რეგისტრაცია / ვერიფიკაცია ID ბარათის გამოყენებით. ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან ძველებური ტიპის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეგისტრატორი, აპარატში ხელით შეიყვანს ამომრჩევლის პირად ნომერს. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ელექტრონულ სიაში მოიძებნება, თუ კი იგი ნამდვილად ეკუთვნის აღნიშნულ უბანს, მონაცემების ველი გამწვანდება. ამომრჩეველი გაივლის მარკირებას, რეგისტრატორი კი აპარატის მონიტორზე მონიშნავს „დიახ“ ბრძანებას, რის შემდეგაც ამოიბეჭდება ქვითარ ამომრჩევლის პირადი მონაცემებით. ამომრჩეველი ხელს მოაწერს აღნიშნულ ქვითარს, ხოლო რეგისტრატორი მას დალუქულ, გაუმჭვირვალე ყუთში მოათავსებს.

ელექტრონული რეგისტრაციის /ვერიფიკაციის ქვითარი.
ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

რეგისტრატორი, ამომრჩეველს აწვდის ბიულეტენს, რომელზეც მითითებულია ხმის დაფიქსირების შევსებული და საცდელი ნიმუშები. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ნიმუშს შესაბამისად გააფერადებს და რეგისტრატორი დარწმუნდება, რომ მან ინსტრუქცია გაიგო, გადასცემს ბიულეტენსა და სპეციალურ კონვერტს, რომელიც ძველისგან განსხვავდება და მხოლოდ დროებით – ბიულეტენის ყუთში მოთავსებამდე გამოიყენება. თითოეულ ბიულეტენზე დატანილია უნიკალური კოდი, რომელსაც ხმის მთვლელი აპარატი კითხულობს და ამოწმებს.

ბიულეტენში ხმის დაფიქსირების ინსტრუქცია და საცდელი ნიმუშის გაკეთება რეგისტრატორთან. ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

ამის შემდეგ, ამომრჩეველი ინაცვლებს კენჭისყრის კაბინაში. სპეციალური მარკერით, აფერადებს სასურველი კანდიდატის გასწვრივ დახაზულ წრეს და ბიულეტენს დაუკეცავად ათავსებს კონვერტში, ისე რომ არ დაირღვეს არჩევანის ფარულობა. ბიულეტენის ნახევარი სპეციალური კონვერტის გარეთ რჩება. ამომრჩეველი, სწორედ ამ ღია მხრიდან მიაწვდის ბიულეტენს ხმის დამთვლელ აპარატს. ავტომატური ფუნქციით ბიულეტენი აპარატში შედის (როგორც ფულის კუპიურების ჩასარიცხი აპარატის მექანიზმში) და ასევე ასრულებს ბიულეტენის ყუთის ფუნქციას.

ბიულეტენის მოთავსება ყუთში. ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

თუ ბიულეტენს აქვს რაიმე პრობლემა – მაგალითად, დასველდა, დაკუჭულია, ან ამ კოდის მქონე ბიულეტენი უკვე მოთავსებულია ყუთში ან/და გაფუჭებულად გამოცხადებულია ერთხელ უკვე, მას აპარატი არ მიიღებს. ბიულეტენი გაფუჭებულად გამოცხადდება, მოეხევა ყუა, ხელი მოეწერება და დაილუქება – როგორც აქამდე ხდებოდა. წარმატებული ხმის მიცემის შემთხვევაში, აპარატის მონიტორზე შესაბამისი შეტყობინება გამოვა, რაც უნდა დადასტურდეს პროცედურის დასასრულებლად. ასეთ შემთხვევაში, აპარატი მზად იქნება შემდეგი ბიულეტენის მისაღებად. ამომრჩეველი ტოვებს გადასატან კონვერტს და ტოვებს უბანს.

ხმის მიცემა წარმატებით განხორციელდა. ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ, დღის სხვადასხვა პერიოდში, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციის (რაოდენობა და გენდერი) შემცველ ქვითარს ამობეჭდავს. კოდი მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს აქვთ.

ხმის მთვლელი აპარატი გვაწვდის შუალედურ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ფოტო: ცესკო | ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ბათუმში.

გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლები, ხმას კვლავაც ძველებური წესით მისცემენ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ხმის მთვლელი აპარატი დაითვლის წინასწარ მონაცემებს და დაახარისხებს ბიულეტენებს არჩევანისა და ბათილობის მიხედვით. კომისიის წევრები გადაითვლიან ბიულეტენებს და შეამოწმებენ ბათილად მიჩნეულებს.

კომპიუტერული შეცდომის გამოსარიცხად, კომისია განიხილავს ბათილობას და კვლავ ძველებური – კენჭისყრის წესით მიიღებს ბათილად გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას. როგორც ციალა შავაძემ უთხრა „ბათუმელებს“, შესაძლოა გადათვლამ მინიმალური სხვაობა გამოიწვიოს აპარატის მიერ დათვლილ და საბოლოო შედეგებს შორის:

„შესაძლოა მელანი ოდნავ მოუხვდა მეორე წრეში ამომრჩეველს, ან ერთი კანდიდატი მონიშნა მეორე კი გადახაზა და ელექტრონულმა მთვლელმა ბათილად მიიჩნია. ამის გამოსარიცხად გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს. ამან შეიძლება შედეგებში მცირე განსხვავება მოგვცეს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: